აჭარაში მთავრობა ბიუჯეტის ფულით მიწის ნაკვეთებს წელსაც დახნავს, რისთვისაც ჯამში 1,2 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
მიწის დამუშავებაზე [დახვნა, დადისკვა, დაფარცხვა, დაფრეზვა] ტენდერი „აგროსერვის ცენტრმა“ წელს 1 284 000 ლარით გამოაცხადა.
სამუშაოები 2023 წლის 31 მარტიდან უნდა დაიწყოს და 15 ივნისის ჩათვლით დასრულდეს.
ტენდერის პირობის მიხედვით, მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სამუშაოა დაგეგმილი. კერძოდ:
- ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში – ჯამში 1 414 ჰექტარის დახვნა; 1 290 ჰექტარის დადისკვა; 1 290 ჰექტარის დაფარცხვა.
- ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში – ჯამში 750 ჰექტარის დახვნა; 400 ჰექტარის დაფარცხვა; 350 ჰექტარის დაფრეზვა.
ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 1-ელ მარტს დაიწყება და 3 მარტს დასრულდება.
„ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2020 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 01 იანვრის ჩათვლით შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 1 400 000 (მილიონ ოთხასი ათასი) ლარის ღირებულების ანალოგიური სამუშაოები“ – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.
ხვნის პროგრამას „აგროსერვის ცენტრი“ ბოლო რამდენიმე წელია ახორციელებს. წინა წლებში გამოცხადებულ ტენდერებში „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“ იმარჯვებდა, რომელიც სახელმწიფო კომპანიაა [ყოფილი შპს „მექანიზატორი“].
ამ კომპანიას აჭარაში მიწის დამუშავებაში, მაგალითად, 2021 წელს 570 975 ლარი გადაუხადეს, 2022 წელს კი – 687 552 ლარი.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პროგრამა მიმდინარე წელსაც იმ პრინციპით განხორციელდება, როგორც აქამდე. ფერმერები მიმართავენ აგროსერვისცენტრს, შედგება სიები და დაიწყება შესაბამისი სამუშაოები. მიწის დამუშავება ფერმერებისთვის უფასოა.
„ვინაიდან მიწის სამუშაოები აგროვადებში ჩატარდება, ფერმერებმაც ამ ვადების გათვალისწინებით უნდა მიმართონ აგროსერვისცენტრს,“ – გვითხრეს სამინისტროში.
აჭარა, ფაქტობრივად, ერთადერთი რეგიონია ქვეყანაში, სადაც მიწის რეფორმა არ გატარებულა.
სახელმწიფომ ქვეყანაში მიწის უფასო/სისტემური რეგისტრაცია 2022 წელს დაიწყო და მთელი ქვეყნის მასშტაბით 2024 წელს უნდა დასრულდეს.
სისტემური რეგისტრაცია ეხება აჭარის მუნიციპალიტეტებსაც, ბათუმის გარდა.
ამ თემაზე ვრცლად:
რა შემთხვევაში გადაიხდის გლეხი 600 ლარს დაკავებული მიწის რეგისტრაციაში?