განათლება,მთავარი,სიახლეები

მასწავლებელი საქართველოდან გლობალური ჯილდოს მფლობელი გახდა

07.09.2021 • 12717
მასწავლებელი საქართველოდან გლობალური ჯილდოს მფლობელი გახდა

დღეს, 7 სექტემბერს, მასწავლებელი მარი ხარიტონაშვილი  მასწავლებლის გლობალური ჯილდოს (Global Teacher Award) გამარჯვებული გახდა. ის მესამე მასწავლებელია საქართველოდან, ვინც აღნიშნული ჯილდო მიიღო.

მარი ხარიტონაშვილი წელს „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზეც“ იყო წარდგენილი და საუკეთესო ათეულშიც მოხვდა.  იგი თბილისის სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესსის“ გეოგრაფიის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელია.

კონკურსი Global Teacher Award-ი ინდოეთში იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან რამდენიმე ათეული გამარჯვებული ჰყავს.

„სანამ საქართველოში ეროვნულ ჯილდოზე წარმადგენდნენ, მანამდე შევიტანე ამ კონკურსზე განაცხადი. სკოლაში გეოგრაფიას ვასწავლი, თუმცა ინგლისური ენა კარგად ვიცი და ეს მეხმარება საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობაში.

ბოლო ორი წელია ბავშვებიც მყავს ჩართული. ვთანამშრომლობთ იაპონიასთან, მაროკოსთან,  ჩეხეთთან, ბულგარეთთან. სხვადასხვა თემას ვარჩევთ ხოლმე დისკუსიისთვის და კვირაში ან თვეში ერთხელ გვაქვს პირდაპირი ჩართვები.

მაგალითად, იაპონიასთან მდგრადი განვითარების მიზნებზე გვქონდა დისკუსია, ძალიან აქტუალური საკითხია ეს დღეს მსოფლიოში. ვსაუბრობდით ასევე სიღარიბის თემაზე.

მაროკოსთან კულტურაზე, ეროვნულ ტრადიციებზე გვქონდა ჩართვები და ერთ-ერთ კონკურსში გაიმარჯვა ჩემმა მოსწავლემ. თვე-ნახევრის წინ საჩუქრად გამოუგზავნეს ტრადიციული სამოსი.

რუმინეთთან და ბულგარეთთანაც საინტერესო პროექტები გვაქვს კულტურაზე და თვეში ერთხელ გვაქვს ჩართვები, სადაც კონკრეტულ თემაზე მიდის დისკუსია,“- გვეუბნება მარი ხარიტონაშვილი.

მარი 24 წელია რაც სკოლაში ასწავლის, ხუთი წლის წინ გახდა კონკურსის – „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებული, რის შემდეგადაც ესტონეთში გაემგზავრა, სამი წლის წინ კი საქართველოსა და ევროსაბჭოს ერთობლივ პროექტში – „პესტალოცი“ გაიმარჯვა და ავსტრიაში იმყოფებოდა.

„ამ პროექტში მიგრაციის თემა ავირჩიე, რადგან საქართველოსთვის ნაცნობი პრობლემაა და გავიმარჯვე,“ – გვითხრა მან.

რა გამოგარჩევთ სხვა პედაგოგებისგან? – ვკითხეთ მას. პედაგოგი ამბობს, რომ მისთვის სწავლებაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფორმალური, არამედ არაფორმალური განათლებაც.

„ამაში მარტო განათლებას არ ვგულისხმობ, არამედ არაფორმალურ, თავისუფალ ურთიერთობას მოსწავლეებთან. ძალიან ხშირად თინეიჯერ მასწავლებელს მეძახიან, რადგან თავისუფალი მიდგომა მაქვს ბავშვებთან. არასდროს ვაგრძნობინებ მოსწავლეს, რომ მკაცრი ვარ და ჩემს წესებს უნდა დაექვემდებაროს.

ნებისმიერ შემთხვევაში ვითვალისწინებ ბავშვების აზრს, ზოგჯერ შევმცდარვარ კიდეც და ბოდიშიც მომიხდია ბავშვისთვის. მათ სოციალურ ქსელებშიც ვუთმობ დროს და ვსაუბრობთ მოსწავლისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

ვფიქრობ, რომ ბავშვების მეგობარი ვარ და ხშირად ისეთ საკითხებზეც კი მესაუბრებიან, რაც შესაძლოა მშობლებსაც არ გაუზიარონ. თბილი ურთიერთობები მეხმარება იმაში, რომ სკოლაში, გაკვეთილებზე უფრო მაღალ შედეგზე გავიდე,“ – ამბობს მარი.

მისი თქმით, მასთან ბავშვებს არ აქვთ დახურული კითხვები, თემები და მოსწავლეებს შეუძლიათ ყველა საკითხზე მიმართონ.

„ეკოტურისტული კლუბი შევქმენი სკოლაში და ამაშიც ბევრმა მოსწავლემ ამიბა მხარი,“-ამბობს მარი ხარიტონაშვილი.

მას ასევე ვკითხეთ, მოსწავლეებთან უფრო გლობალურად ხომ არ განუხილავთ ის გამოწვევები, რის წინაშეც დადგნენ ქვეყნები პანდემიის დროს. მარი ხარიტონაშვილის თქმით, ამ საკითხზე ჩართვები ჰქონდათ ბანგლადეშიდან და ტაილანდიდან, სადაც ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ პანდემიის დროს 10-20 პროცენტით გაიზარდა სიღარიბე მათ ქვეყნებში.

„გვიზიარებდნენ ქალაქის დანაგვიანებული ქუჩების ფოტოებს, უმუშევრად დარჩენილ ადამიანებზე გვიყვებოდნენ. წარმოიდგინეთ, ჩვენ როგორ გაგვიჭირდა, თუმცა არის ქვეყნები, სადაც ბევრად დიდია პანდემიისგან გამოწვეული კრიზისი როგორც განათლების მხრივ, ასევე ეკონომიკაში,“ – ამბობს მარი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: