მთავარი,სიახლეები

ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტობას კვლავ აპირებს 20-წლიანი მმართველობის შემდეგ

01.02.2023 • 1532
ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტობას კვლავ აპირებს 20-წლიანი მმართველობის შემდეგ

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ემზადება ოპოზიციის პროტესტის ფონზე.

თურქეთის ოპოზიციური „ნაციონალური ალიანსი“ აცხადებს, რომ 2023 წლის მაისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანს არ შეუძლია საკუთარი კანდიდატურის წამოყენება, რადგანაც ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, ერთსა და იმავე ადამიანს მხოლოდ ორჯერ აქვს პრეზიდენტობის უფლება. ერდოღანი კი პრეზიდენტად ორჯერ – 2014 და 2018 წლებში იქნა არჩეული.

თავად რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პასუხად განაცხადა, რომ რამდენადაც თურქეთი მართვის ახალ – საპრეზიდენტო სისტემაზე გადავიდა 2017 წლის რეფერენდუმის შედეგად, ეს სისტემის გადატვირთვას ნიშნავს და შესაბამისად „პრეზიდენტი, რომელიც 2018 წელს იქნა არჩეული, არის პირველი პრეზიდენტი ამ ახალ სისტემაში“.

ერდოღანი ამბობს, რომ ოპოზიცია საკუთარ კანდიდატს ვერ პოულობს არჩევნებზე და ამიტომ მის კანდიდატურას ესხმის თავს.

საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში 2023 წლის 18 ივნისსაა ჩანიშნული, თუმცა თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არჩევნები 14 მაისს გაიმართება და ამის შესახებ ოფიციალურად მარტის დასაწყისში გახდება ცნობილი.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, თარიღი სიმბოლურია – 1950 წლის 14 მაისის არჩევნების შედეგებმა თანამედროვე თურქეთში ერთპარტიული მმართველობა დაასრულა. 2023 წელს კი, ოტომანთა იმპერიის დაშლის შემდეგ, თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილე აღინიშნება.

თურქეთის არჩევნებს ამერიკულმა გამოცემა „ვაშინგტონ პოსტმა“ უკვე უწოდა „2023 წელს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები“.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამ არჩევნებზე თავისი 20-წლიანი მმართველობის გახანგრძლივებას შეეცდება.

საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელზეც თურქეთის პრეზიდენტმა ოპოზიციას მიუთითა, 2017 წელს გატარდა. მანამდე თურქეთში საპარლამენტო მმართველობის მოდელი მოქმედებდა და პრემიერ-მინისტრის უფლება-მოვალეობები პრეზიდენტისაზე მაღლა იდგა. ცვლილებების შემდეგ კი თურქეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელზე გადავიდა და ძალაუფლება პრეზიდენტის მხარეს გადაიხარა.

თურქეთის მმართველი – „სამართლიანობისა და აღმავლობის პარტია“ (AKP) რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 2001 წელს დააარსა. პარტიამ 2002 წლის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და  გაიმარჯვა.

ერდოღანი 2003 წელს. ფოტო: EPA/STR

მაშინ ერდოღანს 1999 წელს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის სასამართლოს მიერ საჯარო თანამდებობის დაკავება აკრძალული ჰქონდა, რის გამოც არ შეეძლო პრემიერ-მინისტრი გამხდარიყო, შესაბამისად, მაშინ თურქეთის პრემიერი AKP-ის თანადამფუძნებელი, აბდულა გიული გახდა. საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც 2003 წელს ახალმა მთავრობამ ერდოღანის „პოლიტიკური ბლოკი“ მოხსნა და არჩევნები დანიშნა, ერდოღანი პრემიერ-მინისტრი გახდა, 2003 წლის მარტში.

იგი 2003-2014 წლებში იკავებდა თურქეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, პრეზიდენტად კი 2014 და 2018 წლების არჩევნებზე იქნა არჩეული. სწორედ ამაზე მიუთითებს ოპოზიცია, თუმცა როგორც ერდოღანი ამტკიცებს, საკონსტიტუციო ცვლილებებში ნათლადაა ხაზგასმული, რომ მას კიდევ ერთხელ აქვს უფლება, არჩეული იქნას პრეზიდენტად, რადგან ეს არა მესამე, არამედ მეორე ვადად ჩაეთვლება.

ერდოღანი ახლა „ხალხის ალიანსის“ კანდიდატია, რომელშიც AKP-ი და „ნაციონალისტური მოძრაობის პარტია“ [MHP] არიან გაერთიანებული. ხოლო ოპოზიციურ „ერის ალიანსს“ საერთო კანდიდატი ჯერ არ ჰყავს დასახელებული.

ოპოზიციურ ალიანსში, რომელსაც „ექვსი მაგიდის“ სახელითაც იცნობენ, გაერთიანებულია თურქეთის 6, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია: თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტია [CHP], კარგი პარტია, ბედნიერების პარტია, დემოკრატიული პარტია, დემოკრატიისა და პროგრესის პარტია, მომავლის პარტია.

30 იანვარს ოპოზიციურმა ალიანსმა ერდოღანის დასამარცხებელი ვრცელი, 2300-პუნქტიანი საარჩევნო გეგმა წარმოადგინა. ოპოზიციური პარტიების გეგმის მთავარ ნაწილს, გამარჯვების შემთხვევაში, თურქეთში საპარლამენტო მმართველობის აღდგენა წარმოადგენს.

„ჩვენ გადავალთ გაძლიერებულ საპარლამენტო სისტემაზე უფრო ძლიერი, ლიბერალური, დემოკრატიული და სამართლიანი სისტემისთვის, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება ძალაუფლების [ხელისუფლების] გადანაწილება“, – განაცხადა მთავარი ოპოზიციური პარტია CHP-ის თავმჯდომარის მოადგილემ ფაიქ ოზთრაქმა და აღნიშნა, რომ გეგმა მიზნად ისახავს პარლამენტისა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის როლის გაზრდას.

ოპოზიციის 2300-პუნქტიანი პროგრამა მიზნად ისახავს ერდოღანის მიერ პარლამენტისა და სამინისტროებისთვის ჩამორთმეული უფლებამოსილების უკან დაბრუნებას.

ერდოღანის პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე დიდი გამოწვევა 2016 წელი იყო.

2016 წლის 15 ივნისს, გვიან ღამით, თურქეთში შეიარაღებული სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყო. ერდოღანმა გადატრიალების აღკვეთა შეძლო და ქვეყანაში დაიწყო ყოვლისმომცველი წმენდა – განათლების სისტემიდან დაითხოვეს 15 ათასზე მეტი ადამიანი, გაათავისუფლეს და გაასამართლეს ათასობით სამხედრო, 3 ათასამდე მოსამართლე და პროკურორი, 337 ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, 80 ათასამდე ადამიანი დააპატიმრეს, 200-მდე მედიასაშუალება დახურეს, 319 ჟურნალისტი დააპატიმრეს და ა.შ.

საერთაშორისო და თურქული მედიის ცნობით, ოპოზიციას, სავარაუდოდ, პრეზიდენტობის ორ კანდიდატს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება, რომლებიც CHP-ის წარმოადგენენ. ესენი არიან: სტამბოლის მერი, ექრემ იმამოღლუ და პარტიის დიდი ხნის ლიდერი – ქემალ კილიჩდაროღლუ.

ექრემ იმამოღლუ 2022 წლის დეკემბერში საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების შეურაცხყოფის ბრალდებით გაასამართლეს და 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, ერდოღანისთვის უფრო სახიფათო კონკურენტად სწორედ ექრემ იმამოღლუ აღიქმებოდა. თუმცა ზოგიერთი ექსპერტის თქმით, ამ დაპატიმრებამ შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდა იმამოღლუს შანსები, რამდენადაც თურქული საკანონმდებლო სისტემა, შესაძლებლობას აძლევს მას, კენჭი იყაროს, სანამ მისი ადვოკატები განაჩენს ასაჩივრებენ.

ექრემ იმამოღლუ

აქცია სტამბოლში ექრემ იმამოღლუს მხარდასაჭერად, სადაც 10-ათასობით ადამიანი შეიკრიბა. 15.12.22 ფოტო: Facebook/Ekrem İmamoğlu

„ვაშინგტონ პოსტი“ შეფასებით, ოპოზიციის მეორე სავარაუდო კანდიდატი, ქემალ კილიჩდაროღლუ, „ქარიზმატულ“ იმამოღლუსთან შედარებით „უფერულია“ და შესაბამისად უფრო სასურველი ოპონენტი ერდოღანისთვის, რომელიც უკვე იყენებს ყველა რესურსს არჩევნების მოსაგებად.

თურქეთში ფინანსური კრიზისი ფონზე, რომლის პროვოცირების მიზეზიც, როგორც საერთაშორისო მედია და ექსპერტები წერენ, ერდოღანის „მაგიური ეკონომიკური ხედვაა“. ერდოღანი ბოლო თვის განმავლობაში ცდილობს ისეთი ცვლილებების გატარებას, როგორიცაა: საჯარო სამსახურებში ხელფასების ზრდა, ლირის კურსის ხელოვნური გამყარება და ა.შ.

თურქეთი, რომელიც მსოფლიოს ოც უდიდეს ეკონომიკაში შედის და ნატოს წევრი ქვეყანაა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ერდოღანი თითქოს ცდილობს ამ ომში შუამავლის როლის შესრულებას, თუმცა არც რუსეთისგან სარგებლის მიღებას ერიდება და პარალელურად ცდილობს რეგიონში თავისი გავლენების გაფართოებას.

როგორც პოლიტიკური ანალიტიკოსი სელიმ კორუ „ვაშინგტონ პოსტთან“ აცხადებს, ერდოღანის მსოფლმხედველობა „ბევრად უფრო რადიკალურია, ვიდრე დასავლეთის ქვეყნების უმეტესობა ფიქრობს“.

„მისი ამბიცია თურქეთის უშუალო სამეზობლოსთან დაკავშირებით, სადაც ანკარა სულ უფრო გავლენიანია, არ არის ამერიკული და ევროპული გავლენის შევსება, არამედ ეს არის მათი ჩანაცვლება და მათთან შეწინააღმდეგება”, – ამბობს კორუ.

მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანი უკვე ორი ათწლეულია რაც ძალაუფლების სათავეშია, მის მიმართ მხარდაჭერა თურქეთში არც ისე დაბალია.

2022 წლის ოქტომბერში Metropoll-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ ერდოღანის მხარდაჭერა 47.6%-ია, რაც გასული წლის 39%-იან მაჩვენებელთან შედარებით 8.6%-თაა გაზრდილი.

ერდოღანი ხშირად სპეკულირებს ნაციონალისტური და რელიგიური საკითხებითაც, როგორიცაა ქალთა და ქვიარ უფლებები. მაგალითად, თურქეთმა დატოვა საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთასა და მასთან ბრძოლას ისახავს მიზნად. შესაბამის განკარგულებას თავად რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოაწერა ხელი. აღნიშნულს წინ უძღოდა დოკუმენტის კრიტიკა თურქეთის მმართველი პარტიის წევრთა მხრიდან, რომელთა თანახმადაც ის არ შეესაბამება კონსერვატიულ, ისლამურ ნორმებს.

საერთაშორისო მედიისა და ექსპერტებისთვის რთულია ამ არჩევნების შედეგების პროგნოზი, მთავარ პრობლემას კი ძლიერი ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის არარსებობა წარმოადგენს. რამდენადაც, როგორც მედია წერს, „ისინი, ვინც ერდოღანით უკმაყოფილოა, ვერ ხედავენ, თუ ვინ შეიძლება იყოს ალტერნატიული ძალა“.

______________

მთავარი ფოტო: EPA-EFE/ERDEM SAHIN

გადაბეჭდვის წესი


ასევე: