მარეგულირებელმა სააგენტომ ბელგიური წარმოების საინექციო სუსპენზია დიპროსპანი გაყიდვიდან ამოიღო

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ფარმაცევტული კომპანია Schering-Plough Labo N.V-ის მიერ წარმოებული პრეპარატი „დიპროსპანი“ (5მგ + 2მგ)/მლ 1 მლ საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან გამოითხოვა.

სააგენტოს ცნობით, მათ აღნიშნული გადაწყვეტილება ბელგიის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების ფედერალური სააგენტოს გადაწყვეტილების გამო მიიღეს.

მარეგულირებლის მიხედვით, ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხის პრობლემა ოთხ სერიაზე (W002247,W005812, W028823, W030207) დაფიქსირდა – კერძოდ, წარმოების პროცესში პრეპარატი სუჟანგავი ფოლადის პოტენციური ნაწილაკებით დაბინძურება. „მწარმოებლის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არ ყოფილა შეტყობინებები, რეალიზებული პროდუქტის პარტიებში, მყარ ნაწილაკებთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების შესახებ,“ – წერს რეგულირების სააგენტო.

დიპროსპანი სუსპენზიაა ინექციისთვის, რომელსაც იყენებენ იმ მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომელთა თერაპია შესაძლებელია კორტიკოსტეროიდული პრეპარატებით. ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების დროს: რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, ბურსიტი, ალერგიული ბრონქიტი, სეზონური და ქრონიკული (მუდმივი) ალერგიული რინიტი, ჭინჭრის ციება, გამოიყენება ლეიკემიის და ლიმფომების პალიატიური მკურნალობისთვის მოზრდილებში, მწვავე ლეიკემიის დროს ბავშვებში; ასევე თვალის ლორწოვანის დაზიანებისას, ნეფრიტის და სხვა  დაავადებების დროს.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილებით, შეჩერების მიზეზის აღმოფხვრამდე, ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორებსა და რეალიზატორებს დაევალათ, შეაჩერონ წამლის რეალიზაცია, გამოითხოვონ ბაზრიდან და გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წარუდგინონ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს.

რუსეთმა ათასობით შეიარაღება მოამზადა მომავალი შეტევისთვის – Foreign Policy

რუსეთის საოკუპაციო ჯარები უკრაინაზე ხელახალი თავდასხმისთვის ემზადებიან. რუსეთის ფედერაციამ მომავალი თავდასხმისთვის უკვე მოამზადა 1800 ტანკი, 3950 ჯავშანმანქანა, 2700 საარტილერიო სისტემა, 810 საბჭოთა პერიოდის ზალპური სარაკეტო სისტემა, როგორიცაა: „გრადები“ და „სმერჩები“, 400 გამანადგურებელი და 300 ვერტმფრენი – წერს Foreign Policy.

უკრაინის ოფიციალური პირების შეფასებით, უკრაინაში რუსული საოკუპაციო ჯარების რაოდენობამ 300 000 ადამიანს გადააჭარბა.

„მიუხედავად რეკრუტირების ქაოსური ხასიათისა და ახალწვეულების არასაკმარისი მომზადებისა, მობილიზაციის მცდელობა, როგორც ჩანს, წარმატებული იყო, რადგან საკმარისი ჯარი იქნა განლაგებული უკრაინის წინსვლის შესაჩერებლად – თუმცა რუსულმა ჯარმა დამანგრეველი დანაკარგები განიცადა… ახალწვეულები მნიშვნელოვნად ცუდად არიან აღჭურვილები და გაწვრთნილები, ვიდრე მოსკოვის ის ძალები, რომლებიც გასული წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრნენ“, – წერია ანგარიშში.

ზოგიერთი ევროპელი ჩინოვნიკი მიიჩნევს, რომ რუსეთს მობილიზაცია კრემლის სექტემბრის განცხადებების შემდეგ არც შეუწყვეტია. ომის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსი, კეროლაინ ჰირდი აღნიშნავს, რომ სტაბილურად იღებენ ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს, რომ მობილიზაცია მშვიდად გრძელდება.

„ჩვენ მუდმივად გვაწვდიან შეტყობინებებს იმის შესახებ, რომ ადამიანები იღებენ მობილიზაციის უწყებებს, ან, მაგალითად, დამსაქმებლები თანამშრომლების სიებს, რომლებიც უნდა გამოცხადდნენ სამხედრო კომისარიატებში“, – განმარტა მან.

სტატიის ავტორების თქმით, პენტაგონი მიიჩნევს, რომ კრემლმა დაიწყო ათიათასობით ჯარისკაცის გაგზავნა დონბასის ქალაქ ბახმუტისა და სოლედარის ბრძოლებში მიღებული ზარალის კომპენსირებისთვის. ამავდროულად, უკრაინული მხარე ვარაუდობს, რომ პუტინი შეიძლება კიდევ უფრო შორს წავიდეს, შეკრიბოს დაახლოებით იმ რაოდენობის ჯარი, რამდენიც 24 თებერვალს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს იყო.

„ეს ბევრად მეტია, ვიდრე პირველი ტალღის დროს იყო“, – აცხადებენ უკრაინელი სამხედროები.

უკრაინის ოფიციალური პირები ელიან, რომ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში საბრძოლო მოქმედებების აქტივიზაციის ფონზე, მომავალი შეტევა ფოკუსირებული იქნება აღმოსავლეთ უკრაინაზე.

„ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ დასავლეთის სამხედრო აღჭურვილობის ახალი ჩამონათვალის მიღებამდე რუსი სამხედროები ისწრაფვიან, რაც შეიძლება წინ წავიდნენ და ეს იმ დროს, როცა მოსკოვი დონბასში თავის ძალისხმევის გაძლიერების დემონსტრირებას ახდენს“, – აღნიშნავს გამოცემა.

რუსებმა ლუგანსკის რეგიონში შეტევა დაიწყეს – ISW

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის რეგიონში შეტევა დაიწყეს. უკრაინული გამოცემა „უნიანი“ ამის შესახებ ომის კვლევის ამერიკულ ინსტიტუტზე [ISW] დაყრდნობით წერს. „მაქსიმალური გამწვავება“ შეინიშნება კრემენნაიას მიმართულებით, სადაც ოკუპანტები ცდილობენ გაარღვიონ უკრაინის თავდაცვა.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სვატოვოს ჩრდილო-დასავლეთით რუსების მოძრაობა შეინიშნება. მათივე ცნობით, ამ სექტორში რუსეთის ფედერაციის სამხედრო სარდლობამ შეტევისთვის რამდენიმე დივიზიის ნაწილი მოიზიდა.

„144-ე და მე-3 მოტომსროლელი დივიზიის რამდენიმე პოლკის ქვედანაყოფი (მე-20 გაერთიანებული არმია, დასავლეთის სამხედრო ოლქი) და 90-ე სატანკო დივიზიის პოლკი, რომელსაც მხარს უჭერს 76-ე საჰაერო სადესანტო დივიზია და სამხრეთ სამხედრო ოლქის დაუდგენელი ქვედანაყოფები, ახორციელებენ შეტევის ოპერაციებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამ მონაცემების საფუძველზე ინსტიტუტის ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს ვითარება არის ახალი რუსული შეტევის დასაწყისი.

ამავდროულად, უკრაინის დამცველები მტერს არ აძლევენ საშუალებას, მიაღწიოს მნიშვნელოვან წარმატებებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ კონტრშეტევაზე გადასვლა.

კერძოდ, უკრაინელები ოკუპანტებს არ ანებებენ ლუგანსკის რეგიონში ინიციატივის მიტაცებას. ამან შეიძლება საბოლოო კულმინაციამდე მიიყვანოს საქმე სვატოვო-კრემენნაიას მიმართულებაზე, რუსეთის ჯარების მიერ ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების სრულ აღებამდე.

„ეს კულმინაცია უკრაინულ ძალებს მისცემს ახალ შესაძლებლობას, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს საკუთარი კონტრშეტევისთვის“, – ასკვნიან ანალიტიკოსები.

„უკრაინის დაზვერვის თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ რუსი დამპყრობლები შეტევაზე გადავლენ დონეცკის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში.

თავის მხრივ, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა აღნიშნა, რომ რუსული ჯარების ახალი შეტევა შეიძლება დაიწყოს ხარკოვის ან ზაპოროჟიეს რეგიონებში“, – იუწყება უკრაინული გამოცემა „უნიანი“.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ანალიტიკოსების აზრით, მოსკოვს არ გააჩნია საკმარისი საბრძოლო ძალა უკრაინის წინააღმდეგ წარმატებული ფართომასშტაბიანი შეტევისთვის.

რა ელის ბათუმის ქორწინების სახლს, რომელიც „არ ჯდება ბულვარის ლანდშაფტურ არქიტექტურაში“

ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში ქორწინების სახლი და შადრევნებზე აგებული საფეხმავლო ხიდები უნდა დაიშალოს – ასეთია სპეციალისტების რეკომენდაცია ბულვარის განაშენიანების გეგმაში, რომელიც ქალაქის საკრებულომ 2022 წელს დაამტკიცა.

ბულვარის ადმინისტრაციამ წელს 420 ათასი ლარით გამოაცხადა ტენდერი შადრევნებთან ფილების შეცვლაზე. „ბათუმელებმა“ ადმინისტრაციას ჰკითხა, ხომ არ იგეგმება უახლოეს პერიოდში ქორწინების სახლისა და ხიდების დემონტაჟიც.

„განაშენიანების გეგმა არის მთავარი სახელმძღვანელო იმ სამუშაოების, რაც ბულვარში ჩატარდება. რა თქმა უნდა, ეს გეგმა ქორწინების სახლის აღებასაც ითვალისწინებს, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე სამუშაოები ამ კუთხით არ მიმდინარეობს. ამჯერად ზღვისპირა ზოლი [პლაჟის მიმდებარე ტერიტორიაა] პრიორიტეტული, რომელიც განაშენიანების გეგმის მიხედვით უნდა განვითარდეს და ამ კუთხით ვმუშაობთ,“ – გვითხრეს ბულვარის ადმინისტრაციაში.

ქორწინების სახლი ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში / განაშენიანების გეგმაში აღნიშნულია, რომ უნდა მოხდეს მისი დემონტაჟი / 4.02.2023
ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმიდან:

„ბათუმის ბულვარის ისტორიის მანძილზე ცენტრალური შესასვლელი სხვადასხვაგვარად იყო გადაწყვეტილი დროთა განმავლობაში და პოლიტიკური გარდაქმნების ფონზე იგი განიცდიდა სახეცვლილებებს.

სხვადასხვა პერიოდში, ცენტრალურ შესასვლელში განთავსებული იყო ყვავილების თარგი, შადრევანი, ძეგლი და ა.შ. უკანასკნელ ასეთ ჩარევას წარმოადგენს ქორწინების სახლის შენობა…

შემოთავაზებულია გადაწყვეტა თანამედროვე ლანდშაფტური და საპარკო არქიტექტურის მიდგომებით, რათა მოხდეს შესასვლელის, როგორც მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სივრცის უკეთესი გადაწყვეტა და გააქტიურება.

ამ შემოთავაზების მიხედვით უნდა მოხდეს ქორწინების სახლის შენობის დემონტაჟი. იგი არ ჯდება ბათუმის ბულვარის ისტორიული ნაწილის ლანდშაფტურ არქიტექტურაში და თავისი მოცულობით ხელს უშლის მის სრულყოფილ აღქმას.

ბათუმის ბულვარის საპარკო არქიტექტურის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია მის გეგმარებაში ქალაქის ქუჩების გაგრძელება, ფეხით სასიარული ბილიკების და გრძივი მოედნების სახით ზღვის მიმართულებით.

ამგვარ სივრცით და ვიზუალურ ღერძებზე არ უნდა განთავსდეს არანაირი ობიექტი, რომელიც კეტავს ხედს ბულვარის სიღრმეში, ზღვაზე და ახდენს ამ სივრცითი და ვიზუალური კორიდორების ბლოკირებას.“

ბათუმი / ქორწინების სახლი / 4.02.2023

„ცენტრალური შესასვლელის აქცენტირებისთვის და იმ მიზნით, რომ იგი გახდეს საინტერესო ადგილი ბულვარის ვიზიტორებისთვის, დაგეგმილია იმ პირველი წყლის აუზის რეკონსტრუქცია, რომელზეც ამჟამად განთავსებულია ქორწინების სახლი.

შემოთავაზებულია აუზის მაგივრად ამ სივრცის გახსნა ქვედა დონეზე, სადაც მოეწყობა ღია შიდა სივრცე და რომელში მოხვედრაც ვიზიტორებისთვის შესაძლებელი იქნება სხვადასხვა მხრიდან კიბეებისა და პანდუსების მეშვეობით.

ქვედა დონეზე წარმოიქმნება ერთგვარი შიდა მოედანი, რომელიც შეიძენს ღია საექსპოზიციო და საგამოფენო სივრცის ფუნქციას.

ვფიქრობთ, საინტერესო იქნება აქ ბულვარის ისტორიის ფოტომუზეუმის მოწყობა და ეს სივრცე მიწისქვეშა პანდუსური გვირაბით, რომელიც ასევე საგამოფენო ფართობს წარმოადგენს, დაუკავშირდება ბულვარში ათწლეულების განმავლობაში არსებულ ფოტოჯიხურს…

ამ ადგილის ასეთი გარდაქმნა თავისი არსით არის დემოკრატიული და ხსნის უფრო მეტ საჯარო სივრცეს. იგი აღარ ტოვებს მომავალში ამ ადგილის პოლიტიკური ამინდის მიხედვით მუდმივი ცვლილების შესაძლებლობას“, – აღნიშნულია ბულვარის განაშენიანების გეგმაში.

ბულვარის ცენტრალური შესასვლელი / 4.02.2023

ამავე გეგმის მიხედვით, „უნდა მოიხსნას შუა, გრძელი შადრევნის აუზზე მოწყობილი ლითონის ხიდები, რომლებიც აგრეთვე არ ჯდება ისტორიული ბულვარის იერსახეში და ამახინჯებს მთავარ შესასვლელ ღერძს.“

განაშენიანების გეგმის მიხედვით, ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში ეს ხიდებიც უნდა დაიშალოს / ფოტო: 4.02.2023  /ფოტოზე მოჩანს „ამბასადორის“ შენობა, რომელიც განაშენიანების გეგმის [მის დამტკიცებამდე] მიხედვით „ბულვარისთვის შეუსაბამოა“, თუმცა ეს ჩანაწერი განაშენიანების გეგმის დამტკიცებისას საკრებულომ ამოიღო.
„იმისათვის, რომ მთავარ შესასვლელში არაფერი ხერგავდეს სივრცეს და ხედს ზღვის მიმართულებით, შემოთავაზებულია ორი მხარის დასაკავშირებლად ხიდების მაგივრად წყლის ზედაპირიდან ოდნავ ამოშვერილი ქვს საფეხურების მოწყობა.“ – აღნიშნულია განაშენიანების გეგმაში.

ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში მდებარე ქორწინების სახლის შენობა ბათუმის მერიის საკუთრებაა და ის ჯერ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოზე იყო გადაცემული უზუფრუქტით, 2022 წლის აგვისტოდან კი იმავე უფლებით იუსტიციის სახლს გადასცეს.

„იუსტიციის სახლში“ გვითხრეს, რომ ქორწინების სახლი ბათუმში ფუნქციონირებს და შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.

დაშლიან თუ არა? როდის? ან რა ბედი ელის აღნიშნულ შენობას? – ამ კითხვებზე პასუხები „ბათუმელებმა“ ქონების მესაკუთრისგან ანუ ბათუმის მერიისგანაც ვერ მიიღო.

ბათუმში ქორწინების სახლი 2009 წელს გაიხსნა, შენობა 2015 წელს განაახლეს.

ამ ეტაპზე ბულვარის ადმინისტრაცია ცენტრალურ შესასვლელში დაზიანებული ფილების ახლით შეცვლას გეგმავს. ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 2023 წლის 8 თებერვალს დაიწყო და 13 თებერვალს დასრულდება.

ვრცლად:

ბულვარის შესასვლელში დაზიანებული ფილების შესაცვლელად 420 ათასი ლარია გამოყოფილი

თურქეთში დაღუპულთა რაოდენობა 13 ათასამდე გაიზარდა – 9 თებერვალი

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 9 თებერვლის მდგომარეობით, კაჰრამანმარაში მიწისძვრის შედეგად 12 873 ადამიანი დაიღუპა და 62 937 ადამიანი დაშავდა.

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა. სამაშველო სამუშაოები გრძელდება და გაცილებით ბევრ ადამიანს სჭირდება დახმარება.

მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში 13 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.

თურქული „ანადოლუს“ ცნობით, კაჰრამანმარაშის, გაზიანთეპის, შანლიურფას, დიარბაკირის, ადანას, ადიამანის, ოსმანიეს, ჰატაიას, კილისას, მალათიასა და ელაზიღის პროვინციებში მუშაობს სახელმწიფო სამაშველო-სახანძრო ბრიგადების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ჯგუფების 24 727 სამძებრო-სამაშველო პერსონალი.

სხვა სახელმწიფოებიდან თურქეთის დასახმარებლად სამძებრო-სამაშველო მიზნებით ქვეყანაში ჩავიდა 5 709 პერსონალი.

სასწრაფო დახმარების ჯგუფების, მოხალისეების, ადგილობრივი უსაფრთხოებისა და სხვა პერსონალის რაოდენობა კი 113 201-ს აღწევს.

მიწისძვრით დაზარალებულ 10 ქალაქში 137 929 კარავი და 1 მილიონ 255 500 საბანი გაიგზავნა, დასრულდა 92 738 საოჯახო კარვის მონტაჟი.

9 თებერვლის მონაცემებით, მიწისძვრამ იმსხვერპლა საქართველოს სამი მოქალაქეც.

თურქეთის საკონსულო ბათუმში აქვეყნებს იმ ნივთების ჩამონათვალს, რომლებიც ქვეყანას დღეს სჭირდება.

ბათუმში თურქეთის საკონსულოს ცნობით, ნივთები გროვდება ბათუმის სტადიონზე [გუდიაშვილის ქუჩა].

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 9 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 135 010 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910]
  • ტანკი – 3 255 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 6 468 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 2 244 ერთეული [+8]
  • MLRS – 463 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 232 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 295 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 285 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 967 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 796 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 121 ერთეული [+9]
  • სპეცტექნიკა – 211 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 9 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 384 თვითმფრინავი
  • 206 ვერტმფრენი
  • 3 057 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 403 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 798 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 012 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 034 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 302 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]რუსეთმა ათასობით შეიარაღება მოამზადა მომავალი შეტევისთვის – Foreign Policy[/yellow_box]

ამავე თემაზე:

რუსებმა ლუგანსკის რეგიონში შეტევა დაიწყეს – ISW

ბავშვის წამლის ფული არ გვაქვს – 3 წლის ბიჭის დედა, რომლის ქმარიც აგვისტოს ომის ვეტერანია

30 წლის მადლენა გოგიტიძე ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს მეუღლესთან და 3 წლის შვილთან ერთად. მან ყოველი თვის ბოლოს 350 ლარი უნდა გადაუხადოს ბინის მეპატრონეს. ოჯახი სოციალურად დაუცველთა სიაშია. ამ ნიშნით მათ ყოველთვიური ფულადი დახმარება – 240 ლარი ერიცხებათ სოციალური სამსახურისგან.

ბინის ქირა რომ გადაიხადოს, მადლენა ყოველი თვის ბოლოს დამატებით 100 ლარს იღებს სესხად მეზობლების, ნაცნობების, ხანდახან უცნობებისგანაც და სოციალურ დახმარებას – 250 ლარს ნასესხებ 100 ლარს ამატებს. ასე აგროვებს ყოველი თვის ბოლოს ბინის ქირის ფულს.

თუ ეს მოხერხდა, ოჯახი მერე ყოველდღიური სარჩოსთვის საჭირო ფულს აგროვებს: მადლენას ქმარს არასტაბილური სამსახური აქვს. მუშაობს მშენებლობებზე – ხან სად და ხან სად. ეზიდება მძიმე ტვირთს და არასდროს იცის, ზუსტად რამდენის გამომუშავებას შეძლებს თვის ბოლოს.

მადლენას ქმარი 2008 წლის ომის ვეტერანია. ომმა მას ფსიქიკური პრობლემები შეუქმნა. პენსიასაც იღებს – თვეში 100 ლარს, თუმცა ფსიქოლოგის მომსახურების სერვისით მას არასდროს უსარგებლია. ოჯახს ამის საშუალება არ აქვს. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო მადლენას ქმარს ხანდახან მუშაობის შესაძლებლობაც არ აქვს.

მადლენა ვერ მუშაობს. მისი სამი წლის ბიჭს აუტიზმის დიაგნოზი აქვს. ბავშვი ჰიპერაქტიურია და პერიოდულად გონს კარგავს, რისი მიზეზიც ექიმებმა ვერ დაადგინეს. მადლენა ბავშვს მარტო ვერ ტოვებს. ვერც ბაღში მიჰყავს – სპეცმასწავლებლები ბავშვისთვის შესაფერის უსაფრთხო გარემოს ვერ სთავაზობენ 3 წლის ბიჭს.

„ბავშვი ბაღში ღიზიანდებოდა და ითიშებოდა, სხვა ბავშვებს ვერ ეკონტაქტებოდა და ურტყამდა. სპეცმასწავლებელი ვერ აკონტროლებდა. გამოწერილ დამამშვიდებლებსაც ვერ  ვყიდულობდი მისთვის ამ დროს“, – ამბობს მადლენა გოგიტიძე.

ოჯახის მთავარი პრობლემა უსახლკარობა და 3 წლის ბავშვისთვის აუცილებელი მედიკამენტების არახელმისაწვდომობაა.

„არ მრჩება ფული, ბავშვს წამლები რომ ვუყუდო. გვჭირდება ნევროპათოლოგის მიერ დანიშნული სპეციალური წამლები, დამამშვიდებლები და ტვინის მკვებავები: პანტოგამი, გლისაიტი და მემოსტაბილი. თვეში თითქმის 200 ლარის წამლები სჭირდება მხოლოდ ბავშვს. ამ მედიკამენტებს ჯანდაცვის პროგრამები ვერ გვიფინანსებს. ყიდვის შესაძლებლობა ჩვენ არ გვაქვს.

ფსიქოლოგთან, ლოგოპედთან და ექიმთან ვიზიტები გვიფინანსდება, მაგრამ ეს წამლები არა.

ერთჯერადად გამომიყო გასულ წელს ქალბატონმა ნინო ნიჟარაძემ, ჯანდაცვის მინისტრმა, დახმარება – 500 ლარი, ერთხელ დაგვეხმარა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაც, მაგრამ ეს ჩვენს ძირითად მდგომარეობას ვერ ცვლის.

არ გვაქვს საცხოვრებელი. ქირას ვერ ვიხდით. ქობულეთში ვართ რეგისტრირებულები და ბათუმში ჩვენთვის თუნდაც ერთი ოთახის გადმოცემა არც განიხილება – არ ხართ აქ რეგისტრირებულებიო, გვეუბნებიან“, – ამბობს 30 წლის ქალი.

მადლენა გოგიტიძის ოჯახმა ბინა ქობულეთში სამი წლის წინ დაკარგა – იპოთეკური სესხით ჰქონდათ დატვირთული და ვეღარ გადაიხადეს. მას მერე ოჯახი ბათუმში ქირით ცხოვრობს.

„კლინიკა ევექსში მუშაობენ ექიმები, რომლებიც ჩემს შვილს მკურნალობენ. ამიტომ ვერ ვტოვებთ ბათუმს“, – ამბობს მადლენა გოგიტიძე.

„თბილისი თქვენ გვერდითაა!“- თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა

„თბილისი თქვენ გვერდითაა!“ – თურქი ხალხისადმი მხარდაჭერისა და თანადგომის ნიშნად, თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა.

თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ქართველი მაშველებიც მონაწილეობენ, კვლავ გრძელდება“, – ეს ტექსტი ფოტოსთან ერთად თბილისის მერიის ვებგვერდზე გამოაქვეყნეს.

დღეს საქართველოდან თურქეთში დამატებით 40 მეხანძრე-მაშველი გააგზავნეს. ქვეყნის მასშტაბით დაიწყო ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებაც.

თურქეთისა და სირიის საზღვართან ორშაბათს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, 8 თებერვლის მონაცემებით, 9 500-სს გადააჭარბა. თურქეთში 7 108 დაღუპული აღრიცხეს, სირიის სახელმწიფო მედია კი 2 547 დაღუპულზე საუბრობს.

რეალურია ღარიბაშვილის დაპირება ფასების დაწევაზე? – ინტერვიუ ეკონომისტთან

„ფასების დაწესებამ  შესაძლოა ხარისხი დააგდოს კონკრეტულ იმპორტირებულ პროდუქციაზე და უფრო მეტად მიგვაბას რუსულ ბაზარს…“ – ამ კუთხით ხედავს ყველაზე დიდ რისკს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი, თუ ხელისუფლება კონკრეტულ იმპორტირებულ პროდუქტზე ფასების ზღვარს დააწესებს.

ეკონომიკის ანალიტიკოსი პოპულიზმად აფასებს პრემიერ ღარიბაშვილს განაცხადს: „არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება“. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ფასნამატი ზოგიერთ შემთხვევაში 100 პროცენტს აღწევს. პრემიერ-მინისტრმა გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით ეკონომიკის, სოფლისა და ფინანსთა მინისტრებს დაავალა, შექმნან სამუშაო ჯგუფი და დაიბარონ იმპორტიორები.

„ეს გვინახავს საბჭოთა კავშირის დროს, როცა ფასებს არეგულირებდნენ. გვინახავს, რომ დეფიციტი იყო კონკრეტული პროდუქტი, ან არ იყიდებოდა იმ ფასად, რაც იყო მითითებული. ფასის ჭერის დაწესება, როგორც წესი, არ ამართლებს. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კონკურენტული გარემო, მეტი არაფერი,“ – მიიჩნევს ეკონომიკის ანალიტიკოსი სოსო ბერიკაშვილი.

რატომ გვაქვს რეალურად 100 პროცენტამდე ფასნამატი იმპორტირებულ პროდუქტებზე და ხელისუფლებისგან რა ფორმით ჩარევა იქნება მისაღები? – „ბათუმელებმა“ სოსო ბერიკაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, ის კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანია.

  • ბატონო სოსო, ის, რაც თქვა ღარიბაშვილმა, „ხალხის ხარჯზე არ შეიძლება ასეთი გამდიდრებაო“, თქვენი აზრით, მხოლოდ პოლიტიკური განაცხადია, თუ ობიექტურად შეიძლება გაიაფდეს იმპორტირებული პროდუქტი? 

ირაკლი ღარიბაშვილის ეს განაცხადი ცალსახად პოლიტიკური გზავნილია, მე ვიტყოდი – პოპულისტურიც. ზოგადად არაფერი უცნაური არაა იმაში, რომ პრემიერ-მინისტრი, რომელიც არის პოლიტიკოსი, აჟღერებდეს პოლიტიკურ გზავნილებს, მაგრამ, გარდა იმისა, რომ ის პოლიტიკოსია, ის ქვეყნის მმართველია და უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს თავის განცხადებებს.

ყველასთვის ცნობილია ფაქტი, რომ საქართველოს მოსახლეობის მთავარი პრობლემა არის ინფლაცია, ანუ ფასების ზრდა. ეს დასტურდება ბოლო კვლევებითაც. მანამდეც ყველა კვლევა ამას ამბობდა, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის მთავარი პრობლემა არის ეკონომიკური ხასიათის.

მიუხედავად იმისა, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ინფლაცია ძალიან მაღალია და ეს ძალიან აწუხებს ხალხს – ვეღარ ყიდულობენ საკვებს. საკვებ პროდუქტებზე კიდევ უფრო მაღალია ფასების ზრდა, ვიდრე ინფლაციის საშუალო მაჩვენებელია. ამ მოცემულობას ეხმაურება პრემიერი განცხადებით.

მისი განცხადება, ერთი შეხედვით შეიძლება იყოს ტკბილად მოსასმენი, მაგრამ ეკონომიკა ასე არ მუშაობს. სახელმწიფო რასაც უნდა აკეთებდეს, ეს ერთადერთი რამეა: ბაზარი უნდა იყოს დივერსიფიცირებული და ალტერნატივა არსებობდეს. კონკურენციის სააგენტოს შესწავლილი აქვს ეს ბაზრები ცალ-ცალკე და ამბობს, რომ კონკურენტულია ბაზრები. თუ კონკურენცია არსებობს, მაშინ რანაირად ხდება ის, რასაც პრემიერი ამბობს?

  • კონკურენციის სააგენტომ განმარტა, რომ შესაძლოა კონკრეტულ კომპანიებს დომინანტური მდგომარეობა ჰქონდეთ. 

მაგალითად, ნავთობიმპორტიორთა ბაზარზე არიან მსხვილი მოთამაშეები. ლოგიკურია, არსებობდეს ეჭვი ოლიგოპოლიაზე, როცა რამდენიმე მოთამაშე ადგენს ფასებს. კონკურენციის სააგენტოს აქვს მსგავსი მინიშნებები, მაგრამ საერთო ჯამში ამბობს, რომ კონკურენტულია ბაზარი. პრემიერის განაცხადში თავად ფორმაა ძალიან ცუდი, აი, დავიბაროთ იმპორტიორები, დავუცაცხანოთ და ვუთხრათ, რომ ფასები დაწიონ. ეს არის არასწორი კომუნიკაცია ბიზნესთან, არასწორ მოლოდინებს აჩენს მომავალში.

შეიძლება მართლაც აიძულონ ესენი და ზოგიერთ პროდუქციაზე ფასები დააწევინონ, მაგრამ რის ხარჯზე მოხდება ეგ?

სოსო ბერიკაშვილი, ეკონომისტი
  • ანუ შეიძლება გაიაფდეს კონკრეტული პროდუქტი, მაგრამ ისევ ხალხის ხარჯზე? 

დიახ, რადგან შემოსავლების შემცირებას დაბალანსება სჭირდება. გასაგებია, რომ პრემიერი რეაგირებს ამომრჩევლების საჭიროებაზე, მაგრამ რის ფასად მოხდება, მთავარი ესაა.

ასე ფარმაციის ბაზარზეც ჩვენ ვხედავთ დეფიციტს გარკვეულ წამლებზე. ფარმაცევტული ბაზრის შემთხვევაში გაუგებარია: ღარიბაშვილის პირველი პრემიერობის დროს რატომ არ შეიძლებოდა წამლები, რომლებსაც ევროპის წამლების სააგენტოს, ან თუნდაც თურქეთის ვალიდაცია აქვთ, ავტომატურად შემოსულიყო? მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ხელოვნურად ფასების კორექტირება არ გამოდის.

  • სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში კონკურენციის სააგენტოს რა როლის შესრულება შეუძლია, როცა ფასნამატი იმპორტის თვითღირებულებიდან დახლამდე ზოგჯერ 100 პროცენტს აღწევს?  

შეიძლება, არსებობდეს ობიექტური მიზეზები, შეიძლება – არ არსებობდეს, ოღონდ ეგ იმ შემთხვევაში, თუ ბაზარი არის ოლიგოპოლიური, ან მონოპოლიური, რადგან, მაგალითად, ბრინჯის ფასს ხელოვნურად ვერ აწევ, თუ არსებობს სხვა იმპორტიორიც.

  • დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ივა ჭყონიას ჰქონდა არგუმენტი, რომ, მაგალითად, ბოლო პერიოდში ზეთი გაიაფდა. 

გარკვეული პროდუქცია გაიაფდა მართლაც და ამის მიზეზი არის საერთაშორისო ბაზარი. უფრო სწორად, ფასები გაძვირებული იყო იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ეს უნდა ყოფილიყო რეალურად. ეს უკავშირდებოდა ომისგან გამოწვეულ რისკებს, მიწოდებს ჯაჭვს და ასე შემდეგ. შემდეგ ეს დარეგულირდა და ფასმაც გარკვეულ პროდუქტებზე იკლო.

  • მაგრამ ობიექტურად ხომ 100-პროცენტიანი ფასნამატი ძალიან მაღალია? ფაქტია, რომ ჩვენ იმპორტირებულ, პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებში ბევრად მეტს ვიხდით, ვიდრე, მაგალითად, გერმანიაში, ან საფრანგეთში იხდიან.

ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებულია, შესაძლოა, მაგალითად, ბრინჯის იმპორტიორისთვის ჩვენ უფრო შორს ვართ და არსებობს ტრანსპორტირების მეტი ხარჯი, ვიდრე ევროპის რომელიმე ქვეყანა…

შემოტანას აქვს თავისი ხარჯი და იმაზე იაფად ვერ გაყიდის კომპანია, ვიდრე უჯდება. მაგალითად, ხორბალი, რომელიც რუსეთიდან შემოდის, ხომ ღირს ჩვენთან უფრო იაფი, ვიდრე საფრანგეთში?

თუმცა მე არ გამოვრიცხავ, გარკვეულ პერიოდში ფასების ხელოვნურად აწევას. თუ კონკურენცია არსებობს, ის ამას აუცილებლად დააბალანსებს.

  • არის კონკურენცია ჩვენს ბაზარზე? 

ვფიქრობ, რომ ძირითადად არის. არის ცალკეული სფეროები, სადაც მსხვილი მოთამაშეებია და ეჭვები ჩნდება, მაგალითად ფარმაციის სფერო, ან ნავთობპროდუქტები. კონკურენციის სააგენტოს კი ამ დროს ჯარიმების დაწესება შეუძლია, მაგრამ ძირითადად რეკომენდაციებს გასცემს.

შეიძლება, ცოტა მეტი უფლებებიც მივცეთ კონკურენციის სააგენტოს, რომ კონკურენტული გარემოს შექმნას შეუწყოს ხელი.

მაგალითად, არაკონკურენტული გარემოა ხორბლის იმპორტის სფეროშიც, რადგან რუსეთზე ვართ დამოკიდებული ამ კუთხით. არსებობს ობიექტური გარემოება, რომ ეს ყველაზე იაფია, როდესაც ფქვილი რუსეთიდან შემოგაქვს, თუმცა აქაც საჭიროა დივერსიფიკაცია, რამაც შეიძლება ფასი გააძვიროს, მაგრამ სამაგიეროდ რუსეთზე აღარ ვიქნებით დამოკიდებული.

ფასების დაწესებამ  შესაძლოა ხარისხი დააგდოს კონკრეტულ იმპორტირებულ პროდუქციაზე და შესაძლოა, უფრო მეტად მიგვაბას რუსულ ბაზარზე. ეს, ცხადია, პრობლემაა. ასევე არსებობს სერიოზული რისკი კონკრეტულ დეფიციტის გაჩენისა კონკრეტულ პროდუქტებზე.

  • არსებობს ობიექტური საფუძველი, რომ მაგალითად, 2-ლარიან ბრინჯს ყიდულობ 4 ლარად? იმპორტირებული პროდუქციის დახლზე მოხვედრამდე გვაქვს კონკურენცია? 

ბაზარი შეიძლება იყოს ობიექტური მიზეზი, რადგან თუ მყიდველი გამოუჩნდა 4-ლარიან ბრინჯს, ის გაიყიდება 4 ლარად. გამოსავალი არის ის, რომ ის არ იყოს ერთადერთი იმპორტიორი. შეიძლება არსებობდეს კონკრეტული პრობლემები, რასაც სჭირდება მოკვლევა. თუ ექსკლუზივი ექნება მხოლოდ ერთ მიმწოდებელს, ის დაადებს იმ ფასს, რაც მას უნდა.

  • რატომ გამორიცხავთ, რომ შესაძლოა ხელისუფლებას ჰქონდეს რეალური სურვილი, მართლაც დაადგინოს მიზეზი, რამდენად ობიექტურია იმპორტირებულ საკვებ პროდუქტებს 100-პროცენტიანი ფასნამატი ჰქონდეს და შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს, რის საჭიროებას თქვენც არ გამორიცხავთ? 

არ შეიძლება ფასების ზღვრის დაწესება, ან ვიღაცისთვის იმის მითითება, კონკრეტული პროდუქტი რაზე მაღალ ფასად არ უნდა გაყიდონ. ეგ არის მთავარი პრობლემა და არა ის, რომ კონკრეტული გადაცდომები, თუ დანაშაული აღკვეთონ.

საბოლოო ჯამში, ამ მიდგომით გარკვეულ პერიოდში შეიძლება გაიაფდეს კონკრეტული პროდუქცია, მათ შორის, ასეთი ძალდატანებითაც, მაგრამ საინტერესოა, რის ხარჯზე მოხდება ეგ. სახელმწიფოს შეუძლია დაასუბსიდიროს კონკრეტული პროდუქცია და მსგავსი რამ გაუკეთებია კიდეც, თუმცა შემდეგ ეს თანხა საიდანღაც ხომ უნდა ამოიღონ? – ისევ ხალხიდან.

მთავარი რისკი ამ პროცესში არის დეფიციტი. იმპორტიორებმა და რეალიზატორებმა მოგება თუ ვერ მიიღეს, დეფიციტი გაჩნდება. ეს გვინახავს საბჭოთა კავშირის დროს, როცა ხდებოდა ფასების რეგულირება. გვინახავს, რომ დეფიციტი იყო კონკრეტული პროდუქტი, ან არ იყიდებოდა იმ ფასად, რაც იყო მითითებული.

ფასის ჭერის დაწესება, როგორც წესი, არ ამართლებს. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კონკურენტული გარემო, მეტი არაფერი.

ბათუმის საკრებულოს წევრი მექსიკის გავლით აშშ-ში, ემიგრაციაში წავიდა

ბათუმის საკრებულოს წევრი ლაშა კილაბერია ამერიკის შეერთებულ შტატებში მექსიკის გავლით წავიდა. მისი თქმით, ეს იყო იძულებითი გადაწყვეტილება, რადგან სუს-ი, მის მეგობრებზე ზეწოლას ახდენდა და ლაშა კილაბერიას პოლიტიკურად „განეიტრალებას“ სთხოვდა.

კილაბერიამ საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის პოზიცია დატოვა. პოლიტიკურად აქტიური კილაბერია ახლა ამერიკაში კურიერად მუშაობს და ირწმუნება, რომ უკან აუცილებლად დაბრუნდება.

„სულ ოთხი წამოვედით, მათ შორის პაატა აციმბა, ლაშა ჩხარტიშვილი და ვანო გაბუნია. პაატა ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსია, ლაშაც ასევე სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობდა.

ჩვენ საკრებულოშიც არაერთხელ გავაკეთეთ ამაზე განცხადება, რომ სუს-ი ზეწოლას ახდენდა ჩვენზე, თუმცა მაშინ კონკრეტულ ადამიანებს არ ვასახელებდით.

მე ალბათ ვერც ვერაფერს დამაკლებდნენ, მაგრამ ჩემს მეგობრებზე, მათ ოჯახებზე ზეწოლა დაიწყეს, რომ მე გავნეიტრალებულიყავი და თქვენ იცით ეს რას ნიშნავს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ლაშა კილაბერია.

მას მოჰყავს ენმ-ის გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მაგალითი, რომელსაც გარკვეული პირები ე.წ „ნეიტრალობას“ სთხოვდნენ საკრებულოში. ეს იმას ნიშნავდა, რომ მას საკრებულოში მუშაობისას „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მხარე არ უნდა დაეჭირა. ნუგზარ ფუტკარაძე თვითმმართველობის არჩევნებიდან მალევე გარდაიცვალა.

ლაშა კილაბერიას თქმით, მის შემთხვევაშიც ფიგურირებდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის სახელი.

„სუს-ის წარმომადგენლები არიან და, რა თქმა უნდა, რიჟვაძის მამის დავალებებს ასრულებენ, როგორც ეს იყო ფუტკარაძეზე ზეწოლის შემთხვევაში“, – გვეუბნება კილაბერია.

რა იყო მუქარა? – ვკითხეთ მას, რაზეც ლაშა კილაბერია გვპასუხობს, რომ მის მეგობრებს სამსახურის დაკარგვით ემუქრებოდნენ. „ვიცი, რომ ეს მუქარა იყო რეალური“, – ამბობს ის.

კილაბერია მეგობრებთან ერთად ჯერ პოლონეთში წავიდა, სადაც ორი თვე დაყო, იქიდან კი აშშ-ში.

„ვიცდიდით, ვფიქრობდით, რომ ჩაწყნარდებოდა სიტუაცია, მაგრამ როცა არაფერი შეიცვალა, გადავწყვიტეთ ამერიკაში წამოსვლა. არც ვიზა გვქონდა, არც „მწვანე ბარათი“, წამოვედით ისე, როგორც ბევრი ქართველი მოდის – მექსიკის სახიფათო გზა ვარჩიეთ.

მე აქ არ წამოვსულვარ ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, ადამიანების უმრავლესობა ამ მოტივით მოდის აქ, მე მომიწია იძულებით წამოსვლა“, – ამბობს ლაშა.

ის ამერიკაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. „ახლა ველოდებით სასამართლოს და ვნახოთ რა იქნება“, – გვეუბნება ის.

ერთი მხრივ ლაშა კილაბერია ირწმუნება, რომ „შესაფერის მომენტს“ დაელოდება და დაბრუნდება სამშობლოში, მეორე მხრივ კი ამერიკაში თავშესაფრის მიღების შემდეგ არც ოჯახის წაყვანას გამორიცხავს.

კილაბერია თავის ემიგრანტობას მხოლოდ და მხოლოდ სუს-ის ზეწოლას უკავშირებს და არა ენმ-ში მომხდარ განხეთქილებას. ნაწილობრივ უარყოფს იმასაც, რომ ლევან ვარშალომიძეს ფრაქციის თავმჯდომარედ არ სურდა მისი კანდიდატურა.

„იყო რაღაც, მაგრამ ამ თემამ გაიარა უკვე, აღარ ვეხები ამ თემას. მე საკრებულოს 14-ვე წევრმა მომცა ხმა, მაგრამ შემდეგ, ვინ როგორ გააგრძელებს ცხოვრებას, კონკრეტული ადამიანის გადასაწყვეტია.

ემიგრაციის მიზეზი იყო სუს-ი, ყველა ფეხის ნაბიჯზე დაგვდევდნენ, გვითვალთვალებდნენ, გვისმენდნენ, ყველა აქციაზე, მშვიდობიანი იყო თუ რაიმე პერფორმანსს ვაკეთებდით, ყველგან ყოველთვის ჩვენ გვიჭერდნენ.

არც ნუგზარ ფუტკარაძის საქმის გამოძიებაა დასრულებული და ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს იმ ჩანაწერებში.

პარტიის შიგნით არსებული უთანხმოებების გამო ნიჰილიზმი ნამდვილად არ გამჩენია და პირიქით, ჩვენი ვალდებულებაა, რომ სხვა ადამიანები გამოვიყვანოთ ნიჰილიზმიდან“, – გვეუბნება ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი.

შორიდან ბრძოლა რამდენად საკმარისია ნიჰილიზმის დასაძლევად, როგორ დაეხმარებით სხვას, როცა თავად წახვედით ამერიკაში? – ვკითხეთ მას. მისი აზრით, ის არც ამერიკაში აპირებს პოლიტიკური აქტიურობის შეწყვეტას და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისებთან აქციებს ახლაც მართავენ.

„ბათუმში ფიზიკურად ვერ ჩავერთვები აქტიურ ცხოვრებაში, მაგრამ აქ, გაეროს ოფისთან, თეთრ სახლთან ვაშინგტონში უკვე გვქონდა აქციები, კვირას გვაქვს დაგეგმილი სააკაშვილთან დაკავშირებით აქცია. რასაც შევძლებთ, აქედან ვიქნებით აქტიური.

ყველა მხრიდან უნდა ვიბრძოლოთ, თბილისშიც დაიწყო აქციები და არ დასრულდება მანამ, სანამ არ იქნება ის შედეგი, რაც ქვეყნის დეოლიგარქიზაციას ნიშნავს და სანამ არ წავა „ოცნება“.

ლაშა კილაბერია აშშ-ში.

მე საჯაროდ ვამბობ, რომ იმ დღეს, როცა მე შემეძლება ჩემ ქვეყანაში დაბრუნება, აუცილებლად დავბრუნდები. შეიძლება ვიღაცისთვის აქ ყოფნა კარგია, ფულის საშოვნად, სამუშაოდ მოდის, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემს ქალაქში, ჩემს ქვეყანაში ყოფნა. ოჯახთან და მეგობრებთან. აქ როცა მოვდიოდი, ვიცოდი რისთვის მოვდიოდი და რა იყო ჩემი მიზანი. ვიცი, რომ უნდა დავბრუნდე უკან. აქ იძულებით ვარ ჩამოსული“, – ამბობს ლაშა კილაბერია.

მას ვკითხეთ, ვინ დააყენებს „იმ დღეს“, თუკი ქვეყნიდან მიგრაცია გაიზრდება და სამოქალაქო აქტივიზმი დასუსტდება?

კილაბერია ფიქრობს, რომ კრიტიკულ სიტუაციებში ქართველები გაერთიანებას შეძლებენ. „ალბათ ეს პერიოდი მწიფდება და გავერთიანდებით. ემიგრანტებიც წამოვლენ. ჩვენ ახლა ჩამოკიდებული ვართ უკრაინის მომავალზე, მაგრამ ვფიქრობ, იმ საჭირო მომენტში შევძლებთ გაერთიანებას, 2024-ში უნდა წავიდეს „ოცნება“ ხელისუფლებიდან. თუ ეს არ მოხდა, მაშინ ყველაფერი ცუდად იქნება“, – გვეუბნება ლაშა კილაბერია.

მისი თქმით, მისი მიზანი არ ყოფილა ამერიკაში კურიერად ან ტრაილერის მძღოლად მუშაობა.

„როგორც კი საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, მე წამოვალ“, – გვეუბნება ის. მანამდე კი, როგორც თვითონ ამბობს, ცდილობს ალღო აუღოს ამერიკულ ცხოვრებას.

„რა თქმა უნდა, მექსიკის გზა არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. გვქონდა შიშის განცდაც და ის მომენტიც, როცა ალბათ ოთხივემ გავიფიქრეთ – „ნეტა არ წამოვსულიყავი“. მაგრამ ახლა ნიუ იორკში ვართ, ვიცით, რომ დაცულები ვართ და არც არავის აინტერესებს ჩვენი პოლიტიკური შეხედულება.

რა თქმა უნდა, ენის ბარიერი გვაქვს და ნელ-ნელა ვსწავლობთ, ვმეცადინეობთ, რადგან ენის გარეშე ვერაფერს იზამ აქ, მართვის მოწმობა უკვე ავიღე და შევძლებ მოძრაობასაც. ამ ეტაპზე მიტანის სერვისში ვმუშაობ კურიერად და ასე გამაქვს თავი.

ბინის შოვნა ძალიან რთულია უსაბუთო ადამიანისთვის, ამიტომ სანამ რამეს ვიშოვიდი, მეგობრებთან ვიყავით გაჩერებული. ახლა ოთხივე ერთ ბინაში ვართ.

ქალაქში ნავიგაცია არ მიჭირს, ბათუმის ქუჩებზე უკეთ ვაგნებ ქუჩებს, რადგან გუგლის რუკა კარგად მუშაობს. ის ამბავი გამახსენდა, ბათუმში მესხის ორი ქუჩა რომ გვაქვს და ერთმა კომპანიამ შეცდომით ივანე მესხის ქუჩის ნაცვლად, სერგი მესხის ქუჩა რომ დააგო“, – ამბობს კილაბერია.

მისი თქმით, ამერიკაში ჩამოსული „აქ არავინ ხარ“, ახალდაბადებულივით ხარ ადამიანი და ცდილობ ცხოვრება თავიდან ისწავლო.

„არც პატრონი გყავს, არც ახლობელი, ჩვენ ოთხი ადამიანი ვართ ერთმანეთისთვის ყველაფერი.

„არა უშავს, ყველაფერი კარგად იქნება“, – ეს გავრცელებული ფრაზაა ემიგრანტებისთვის და ჩვენც ეს გზა უნდა გავიაროთ“, – გვეუბნება ლაშა კილაბერია.

თურქეთის პრეზიდენტი მიწისძვრისგან დანგრეულ რეგიონში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამანადგურებელი მიწისძვრისგან დაზარალებულ კაჰრამანმარაშში ჩავიდა. პრეზიდენტმა მოინახულა სტადიონზე გაშლილი კარვების ქალაქი, სადაც სტიქიით დაზარალებულები დროებით აფარებენ თავს.

ერდოღანმა იქვე, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური AFAD ადგილობრივ კომპანიებთან და მთავრობის ყველა შესაბამის უწყებასთან კოორდინირებულად მუშაობს.

პრეზიდენტის თქმით, „იყო გარკვეული პრობლემები პირველ დღეს, მაგრამ არცერთი დაზარალებული მოქალაქე არ დარჩება ყურადღების გარეშე“. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არსებობს „მცირე პრობლემები“ სტიქიით დაზარალებულ რაიონებში საწვავის მიწოდების კუთხით.

„მაგრამ ჩვენ ახლა უკეთეს სიტუაციაში ვართ (სტიქიის შედეგებზე რეაგირების მხრივ) და კიდევ უფრო უკეთესად ვიქნებით ხვალ და შემდეგ დღეებში,“ – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანის განცხადებით იმ მოქალაქეებს, ვისაც კარვებში დარჩენა არ სურთ, სასტუმროებში გადაიყვანენ, სადაც მათი განთავსება და კვება სახელმწიფოს მიერ იქნება უზრუნველყოფილი.

თურქეთის პრეზიდენტი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ „მასობრივი საბინაო ოპერაცია“ დაიწყება ათივე დაზარალებულ რაიონში და მოქალაქეებს ახალ ბინებს აუშენებენ.

ასევე თითოეულ დაზარალებულ ოჯახზე გამოიყო ერთჯერადი დახმარება 10 ათასი ლირის [1407 ლარი] ოდენობით.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

თურქეთში, ქალაქ ადიამანში, მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა.

ქალის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

„სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში, ადიამანში, მიწისძვრის შედეგად ქართველი ქალბატონის ი.ჭ. გარდაცვალების შესახებ. თურქეთში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახის წევრს, რომელმაც დაადასტურა გარდაცვალების ფაქტი.

მათივე ინფორმაციით გარდაცვლილი გახლავთ  ორმაგი მოქალაქეობის მქონე და ოჯახის წევრების მხრიდან  ხორციელდება შესაბამისი პროცედურები,“ – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 6 თებერვალს, გამთენიისას თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონსა და სირიაში მოხდა.

3 381 დაღუპული, 20 426 დაშავებული – მიწისძვრა თურქეთში, მეორე დღე

ბათუმში არის უფრო დაბალი სეისმური საფრთხე, ვიდრე თბილისში – სეისმოლოგი

„მიწისძვრა არის სტიქია, რომელსაც შეუძლია ქვეყნის სახელმწიფოებრიობა დაასრულოს, ანუ შესაძლოა დადგეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხიც კი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ლაშა სუხიშვილი. მისი თქმით, დღეს მშენებლობების ხარისხი, ფაქტობრივად, მშენებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, რადგან ნორმები მოძველებულია, კონტროლი კი – ნაკლები.

  • ბატონო ლაშა, როგორი სეისმური მდგომარეობა გვაქვს საქართველოში და რამდენად მოსალოდნელია ისეთი კატასტროფები ჩვენთან, რაც ვიხილეთ თურქეთში?

საბედნიეროდ, თურქეთისგან განსხვავებით, ჩვენთან არ არის სეისმურად ისეთი მძიმედ აქტიური კერები, როგორიც არის სამხრეთში. თურქეთში ეს აქტიურობა დიდწილად განპირობებულია არაბეთის, აფრიკისა და ანატოლიის ფილების მეზობლობით და ერთმანეთთან შეჯახებით.

ჩვენ ამ ზონისგან რამდენიმე ასეული კილომეტრით ვართ დაშორებული. ეს იმას ნიშნავს, რომ საფრთხე შედარებით ნაკლებია, მაგრამ ჩვენ ის საფრთხეებიც „გვეყოფა“, რაც ჩვენთან არსებობს.

ჩვენ შემთხვევაში, ამ პროცესს ის ლამაზი ბუნება განაპირობებს, რაც გვაქვს, რადგან ამ ლამაზი ლანდშაფტის მიღმა იმალება საფრთხეები, რაც კარგ პერსპექტივას არ გვისახავს.

ცხადია, აქ იგულისხმება სეისმური საფრთხეებიც. მინდა აღვნიშნო, რომ წყალმა შეიძლება ადამიანი მოკლას, მეწყერმაც, მაგრამ მიწისძვრა ადამიანს არ კლავს. ვერც თურქეთის 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოკლავდა ადამიანს, ვერც კი წააქცევს, ადამიანს კლავს მისივე შექმნილი ნაგებობა.

მიწისძვრა ანგრევს ნაგებობას, რაც იწვევს ადამიანურ მსხვერპლს. აი, ამ მიმართულებით გვაქვს პრობლემა საქართველოშიც.

  • მშენებლობების პროცესში ითვალისწინებენ თუ არა სეისმოლოგების მოსაზრებებს, დასკვნებს დეველოპერები, როგორია ჩვენთან პრაქტიკა?

როგორც წესი, სამშენებლო სფერო რეგულირებადია, რომელიც, თავის მხრივ, ეყრდნობა სამეცნიერო სფეროს. სამეცნიერო სფერო იკვლევს, ადგენს პარამეტრებს და შემდეგ ეს პარამეტრები, რეგულაციების მხრივ აისახება სამშენებლო მიმართულებაზე.

საქართველოში სეისმომედეგობის მხრივ არის ასეთი სიტუაცია – მოქმედებს დადგენილება, რომელიც გააქტიურდა 2010 წელს და სეისმური თვალსაზრისით აქ არის ისეთი პარამეტრები, რომლებიც 2010 წელსვე იყო თითქმის ვადაგასული.

დღეს, 2023 წელს, ისევ იმავე პარამეტრებით ოპერირებს სამშენებლო სექტორი. იმიტომ კი არა, რომ ცუდი კომპანიები არიან, ასეთია რეგულაცია.

თუმცა მაინც შეუძლიათ კომპანიებს და დეველოპერებს ევროკოდების, სხვა ქვეყნის სტანდარტების გამოყენება, რაც ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე ჩვენთან.

  • ამ შესუსტებული რეგულაციების ფონზე, როგორ ფიქრობთ, უნდა გვეშინოდეს იმ სახლებში ცხოვრება, რომლებსაც დღეს აშენებენ? 

რთული კითხვაა, რადგან ერთი პასუხი შეიძლება არ მქონდეს.

შეიძლება სახლი იყოს ახალაშენებული, რომელიც ეყრდნობა მოძველებულ რეგულაციას და ამავე დროს, იყოს საბჭოთა პერიოდის, საკმაოდ მყარად აშენებული კორპუსი, რომელსაც გაუვიდა ექსპლოატაციის ვადა. ამ მხრივ, ყველა კორპუსი და ნაგებობა ინდივიდუალურად შესასწავლია.

ზოგადი სურათით სახარბიელო მდგომარეობაში არ ვართ. თუნდაც იმიტომ, რომ ბათუმიც, თბილისიც და სხვა დიდი ქალაქებიც არ არის გუშინ დაარსებული ქალაქები და უამრავი შენობაა წინა საუკუნის. იმ პერიოდის, როცა საერთოდ არ არსებობდა სეისმომედეგობის ცნებაც კი. შესაბამისად, მსგავსი რეგულაციები გათვალისწინებული არ არის.

  • ახალი კორპუსების შემთხვევაში?

აქაც ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო, რადგან არიან მშენებლები, რომლებიც საკუთარი კეთილი ნების საფუძველზე, მოქმედ რეგულაციებზე უკეთ აშენებენ, მაგრამ არიან მშენებლები, რომლებიც იყენებენ მოქმედ რეგულაციას და ამასთან, ცდილობენ, რომ მაინცადამაინც არ შეასრულონ.

  • თქვენ თქვით, რომ 2010 წლის რეგულაციები მოძველებულია. რა პრობლემა აქვს ამ ნორმებს დღეს?

მონაცემები, რომლებსაც ეყრდნობა სეისმომედეგობის დებულება, შექმნილია 2009 წლამდე, ჯერ ერთი, რომ დიდი დროა გასული აქედან და მეორეც, სამეცნიერო სფერომ დააგროვა საკმარისად ბევრი ინფორმაცია იმისთვის, რომ ახალი შეფასებები გაკეთებულიყო. დღეს უფრო მეტი ვიცით ჩვენი ქვეყნის გეოლოგიის და სეისმური პოტენციალის შესახებ, ვიდრე ვიცოდით 20 წლის წინ.

შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ ის შეფასებები, რაც 20 წლის წინ გვქონდა, ძალიან ლმობიერია, რადგან უფრო მეტი საფრთხეა ამ ქვეყანაში, ვიდრე მაშინ ჩანდა და ვიცოდით.

ეს ყველგან ასეა, სამეცნიერო სფეროს განვითარებასთან ერთად იცვლება რეგულაციები.

  • ყველაზე დიდი საფრთხე რა გვაქვს?

თუ ძლიერი მიწისძვრა მოხდა, ყველაფერი გადაიფარება, რადგან მიწისძვრა არის სტიქია, რომელსაც შეუძლია ქვეყნის სახელმწიფოებრიობა დაასრულოს.

ანუ ეროვნული უსაფრთხოების საკითხიც შეიძლება დადგეს მიწისძვრის გამო. თუმცა ასეთი მიწისძვრა ხშირად არ ხდება. სამაგიეროდ, ხშირად ხდება წყალდიდობა, წყალმოვარდნები და მეწყრები, რომლებიც შეიძლება ისეთი დამანგრეველი არ არის, როგორც მიწისძვრა, მაგრამ ხშირია.

საქართველოში ყველანაირი ბუნებრივი საფრთხეა წარმოდგენილი, ცუნამის გარდა, რადგან გვაქვს მყინვარები და მასთან დაკავშირებული ბუნებრივი კატასტროფებიც. გვაქვს ნახევრად უდაბნოები და მასთან დაკავშირებული გაუდაბნოების პროცესები, მიწის დეგრადაცია, შუალედური ზონები თავისი მეწყრული პროცესებით, განსაკუთრებით აჭარის რეგიონში და სხვა.

ეს გეოლოგიური საფრთხეები, რაც ახლა ჩამოვთვალე, რაც უფრო დრო გავა, კლიმატის ცვლილების გამო უფრო და უფრო ხშირი იქნება და უფრო და უფრო მასშტაბური. თუმცა მიწისძვრა უპირობოდ უფრო დიდი საფრთხეა, თუ მაღალი მაგნიტუდა იქნება.

  • ინტენსიური მშენებლობები ძირითადად ბათუმსა და თბილისშია. როგორი მოცემულობა გაქვს ამ ქალაქებში სეისმურად?

ძალიან რთული საკითხია, რადგან გააჩნია ინჟინერ-კონსტრუქტორი როგორ გათვლის კონკრეტული შენობის მედეგობას, მათ შორის, სეისმომედეგობას. მეორეა, მშენებელი როგორ შეასრულებს სამუშაოს და მესამე, მაკონტროლებელი ორგანო რამდენად მკაცრად შეამოწმებს.

იმიტომ, რომ შეიძლება ინჟინერ-კონსტრუქტორმა საერთოდ ევროკოდები გამოიყენოს, ძალიან პესიმისტური სცენარი გაითვალისწინოს და ძალიან ფრთხილად დააპროექტოს შენობა, მაგრამ ვინც ფიზიკურად უნდა ჩაასხას ეს ბეტონი, იმან არ შეასრულოს სამუშაო ჯეროვნად.

ლაშა სუხიშვილი

ამიტომ, ცალსახად ვერ ვამბობთ, შენობა ცუდად არის შესრულებული, თუ კარგად.

საკმაოდ რთული სფეროა მშენებლობა და ის მიდგომა, რომ ყველაფერს ბაზარი დაარეგულირებს, აქ არ მუშაობს. ვერ დაარეგულირებს ამას ბაზარი, ამას სჭირდება მკაცრი რეგულაციები და ამ რეგულაციების აღსრულება.

რაც შეეხება სეისმურ სურათს, ბათუმში არის უფრო დაბალი სეისმური საფრთხე, ვიდრე თბილისში.

  • სეისმური პოტენციალი ოფიციალურად არის დადგენილი?

ახლა მოქმედი რეგულაცია ეფუძნება იმ მონაცემებს, რომლებიც დადგინდა 2009 წლამდე. გვაქვს 2019 წლის მონაცემები, თუმცა ჯერჯერობით რეგულაციაში არ ასახულა.

ვვარაუდობთ, რომ რამდენიმე თვეში ან ერთ წელში მაინც იქცევა რეგულაციად.

5 ან 10 წელიწადში ეს ხელახლა იქნება გასაკეთებელი, რადგან ამასობაში უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება ჩვენც.

  • რა არის სახელმწიფოზე დამოკიდებული, მხოლოდ რეგულაციების გამკაცრება?

სახელმწიფოზე დამოკიდებულია, პირველ რიგში, თემატური კვლევების დაფინანსება, თუმცა არც სპეციალისტები გვყავს საკმარისი, ადამიანური რესურსის პრობლემაც გვაქვს ამ მიმართულებით.

სახელმწიფომ ტექნიკური განათლების სფეროში უნდა ჩადოს ფული, რომ მოამზადონ კადრები, რომლებმაც უნდა შეიმუშაონ ახალი მონაცემები, შემდეგ კი ეს მონაცემები აისახოს დროულად დადგენილებებში.

სამწუხაროდ, დღეს გვაქვს სურათი, როცა როგორც მშენებელი, ისე სახელმწიფო, ძალიან ოპტიმისტურად უდგებიან საფრთხეებს – ფიქრობენ, რომ ცუდი არაფერი მოხდება. ამიტომ თანხის ჩადება „რაღაც უსაფრთხოებაზე“, უადგილოდ მიაჩნიათ.

რომ წარმოიდგინოთ, ასეთი დიალოგი მიმდინარეობს მშენებელსა და სეისმოლოგს შორის: თქვენ მეუბნებით, რომ შეიძლება მოხდეს 6 ან ექვს-ნახევარი მაგნიტუდა, როდის მოხდება? – გეკითხება მშენებელი. აი, ამას ხომ ვერ ვამბობთ ჩვენ, რადგან ამინდის პროგნოზივით არ ხდება ამის განსაზღვრა. ეუბნები, რომ ამის ალბათობა არის 50 წელიწადში ორი პროცენტი. ეს 50 წელი და 2 პროცენტი ნიშნავს, რომ ან ხვალ მოხდება, ან 50 წელში, მშენებლისთვის ეს არის სასაცილო.

ის ამბობს, რომ ჩემი შენობის ექსპლოატაციის ვადა შეიძლება იყოს 40 წელი და მე რაში მაინტერესებს ის, რაც 50 წელში მოხდება? დეტალებში აღარ ჩადის, რომ შეიძლება ეს იყოს ხვალ.

თბილისში 2015 წელს მოხდა ვერეს კატასტროფა, ყველამ ჩვენი თვალით ვნახეთ, მაგრამ მაინც გაიცა იქ მშენებლობის ნებართვები დატბორვის არეალში.

  • რა შეიძლება ვუწოდოთ ამ ფაქტს, უგუნურება?

განა, არ არსებობს საკანონმდებლო საფუძველი, რომ არ მიეცათ ნებართვა, მაგრამ როდესაც მონდომებულია გადაწყვეტილების მიმღები, ყოველთვის პოულობს კანონმდებლობაში, ბრძანებებში რაიმე ხვრელს, რომელიც შეუძლია გამოიყენოს.

თურქეთი ბევრად წინ არის ჩვენთან შედარებით რეგულაციების მხრივ, აღსრულების მხრივაც, მაგრამ მაინც არასაკმარისია. ჩვენთან კი რეგულაციებიც მოძველებულია და კონტროლიც სუსტია.

  • გრძელვადიან პერსპექტივაში ხომ ეს ყველაფერი ადამიანების სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. ზარალდება სახელმწიფოც, რადგან ათასობით ადამიანი შეიძლება დარჩეს უსახლკაროდ, განადგურდეს ინფრასტრუქტურა, ეს ყველაფერი ხომ მთლიანობაში აზიანებს ქვეყანას, რის გამო შეიძლება უღირდეს ამაზე თვალის დახუჭვა სახელმწიფოს?

დასავლეთში ასე გვასწავლიდნენ, რომ პრევენციაში ჩადებული 1 დოლარი მომავალში ზოგავს 7 დოლარს, რომელიც კატასტროფის ლიკვიდაციას სჭირდება. პრევენციაში იგულისხმება როგორც კლასიკური გაგება, ასევე ის, რომ არ გაიცეს, ვთქვათ, ვერეს  ხეობაში მშენებლობების ნებართვა.

თბილისში შენდება გზა მეწყერზე, დასავლეთის ქვეყნებში არ არსებობს ასეთი მიდგომა, თუ გარდაუვალი რამ არ არის, მიიჩნევენ, რომ საკმარისად მდიდრები არ არიან იმისთვის, რომ პრობლემურ ადგილებში გზები გაიყვანონ, საწყისი ხარჯიც დიდია და შენახვისაც. სამწუხაროდ, ჩვენნაირ ქვეყნებში ასე არ მიაჩნიათ და უფრო მეტი ზიანია.

ომის შემდეგ ზელენსკი დღეს პირველად ეწვია ლონდონს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოთხშაბათს, 8 თებერვალს, პირველად ეწვია ლონდონს ომის დაწყების შემდეგ. ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს შეხვდება.

დაგეგმილია ასევე უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა უკრაინელ სამხედროებთან, რომლებიც დიდ ბრიტანეთში გადიან სამხედრო მომზადებას. ზელენსკი ბრიტანეთის პარლამენტის წინაშეც წარსდგება.

„პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში დადასტურებაა მისი ქვეყნის სიმამაცის, ბრძოლისუნარიანობისა და გამბედაობის. ეს არის ასევე ჩვენი ქვეყნების ურყევი მეგობრობის დადასტურებაც“, – აცხადებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.

ზელენსკის ევროკავშირის ქვეყნების მეთაურებთან შესახვედრად ხუთშაბათს ბრიუსელში ელოდებიან.

სარფის საზღვარზე ნარკოტიკული მედიკამენტის შემოტანისთვის ერთი პირი დააკავეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სარფში“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მ.ჯ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის (SUBOXONE)  31 აბი აღმოაჩინეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.

რუსეთი ჩქარობს დიდი შეტევის დაწყებას დონეცკის ოლქში – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი – ISW-ი 7 თებერვლის ანგარიშში წერს, რომ რუსეთი ჩქარობს დიდი შეტევის დაწყებას დონეცკის ოლქში.

ISW-ი წერს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 7 თებერვალს გამართა პრესკონფერენცია მიმდინარე ომის შესახებ, სავარაუდოდ იმისთვის, რომ წარმოედგინა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც ეფექტური ორგანო რუსული არმიის შეტევის სამზადისის ფონზე.

ანალიტიკოსები წერენ, რომ რუსეთის სამხედრო სარდლობა შესაძლოა, ჩქარობს შეტევის დაწყებას დონეცკის ოლქში არარეალურ ვადებში და, სავარაუდოდ, არასაკმარისი საბრძოლო ძალის გარეშე. ISW-ის მოჰყავს გაერთიანებული სამეფოს ანგარიშის შეფასება, რომლის მიხედვითაც, რუსეთი, დიდი ალბათობით, 2023 წლის იანვრიდან ცდილობდა დაეწყო შეტევა დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებთან მისასვლელად, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრის დაკავება შეძლო.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ასეთი ნელი ტემპი მიაწერა რუსული საბრძოლო მასალის დეფიციტს და მანევრირების სიმწირეს, რაც აუცილებელია წარმატებული და სწრაფი შეტევისთვის.

ISW-ი ასევე სკეპტიკურად აფასებს რუსეთის სწრაფი და ფართომასშტაბიანი წინსვლის შესაძლებლობას, რადგან უკრაინაში მალე დაიწყება ტალახიანი გაზაფხულის სეზონი, რომელიც გამოუსადეგარია სამხედრო მანევრებისთვის.

ანგარიშში ღია წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „გაზპრომი“ შესაძლოა ცდილობდეს საკუთარი  უსაფრთხოების სამხედრო ძალების შექმნას.

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსული ძალები აგრძელებენ შეზღუდულ სახმელეთო შეტევებს ბახმუტთან, სვატოვოსა და კრემინასთან.

„რუსულმა ძალებმა ვერ მიაღწიეს დადასტურებულ ტერიტორიულ გამარჯვებებს სამხრეთის მიმართულებაზე“ – წერს ISW-ი.

რუსებმა მცირე ზომის ნავებით სცადეს დნიპროს კუნძულების დაკავება – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 8 თებერვლის ანგარიში დნიპროზე პოზიციონირებას განიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მას შემდეგ, რაც 2022 წლის ნოემბერში რუსეთმა დნიპროს დასავლეთ სანაპიროდან თავისი ძალები გაიყვანა, გრძელდება ურთიერთსროლები და ტაქტიკური დაზვერვები კუნძულებისა და სანაოსნო გზების კომპლექსურ ქსელზე, რომელიც დნიპროს დელტას ქმნის.

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსულმა ძალებმა მცირე ზომის ნავების გამოყენებით სცადეს მთავარ კუნძულებზე მდგომარეობის მოპოვება. თუმცა, უწყება ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინამ, არაერთხელ და წარმატებით გამოიყენა შორსმსროლელი არტილერია რუსეთის საგუშაგოების გასანეიტრალებლად.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახური მიიჩნევს, რომ დნიპროს ყურეს გაკონტროლების მიზნით ორივე მხარემ სავარაუდოდ განათავსა მცირე ჯგუფები კინბურნის ნახევარკუნძულზე [უკრაინულად: Кінбурнська коса].

როგორც ბრიტანული დაზვერვის სპეციალისტები აფასებენ, სავარაუდოდ, ორივე მხარის მიზანია შეინარჩუნოს კონტროლი ამ ტერიტორიაზე, რათა შეძლოს სანაოსნო წვდომა სტრატეგიული მნიშვნელობის მდინარეზე და მოწინააღმდეგის მხრიდან მდინარის გასწვრივ მნიშვნელოვანი შეტევის ნებისმიერი მცდელობის შესახებ გაფრთხილება.

„ძალიან ნაკლებსავარაუდოა, რომ რუსეთი ეცდება შეტევას დნიპროს გადალახვით: ეს ყოვლად სახიფათოა და ძვირი დაუჯდებოდა“, – ვკითხულობთ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 8 თებერვლის ანგარიშში.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, პუტინის გარეშე მსოფლიო უკეთესი იქნებოდა

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ეს კომენტარი რუსეთის მიერ ბირთვული იარაღით მუქარაზე გააკეთა. ბორის პისტორიუსის თქმით, მას არ აშინებს ბირთვულ საფრთხეებზე რუსი პროპაგანდისტების მუქარა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განაცხადებით, სამყარო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გარეშე უკეთესი ადგილი იქნებოდა.

მინისტრმა ამის შესახებ გერმანულ გამოცემა Bild-თან ისაუბრა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა სამყაროზე პუტინის გარეშე. „ყოყმანის და კომპრომისის გარეშე, მსოფლიო პუტინის გარეშე უკეთესი იქნებოდა“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა.

პისტორიუსმა თქვა, რომ მას არ ეშინია გერმანულ სამიზნეებზე ბირთვული დარტყმის შესახებ რუსი პროპაგანდისტების მუქარის. „ერთია – რაც ხდება შიგნით და სხვაა – რაც ხდება პროპაგანდაში. ბოლოს და ბოლოს, არცერთმა ჩვენგანმა არ იცის, რას აკეთებს პუტინი, მაგრამ ამან არ უნდა შეგვიშალოს ხელი, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად გონივრული მხარდაჭერის“, – განაცხადა მან.

პისტორიუსის თქმით, ყირიმის და ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიების დაბრუნებაზე თავდაჯერებულად საუბარი ახლა ბროლის ბურთის ყურებას ჰგავს.

„უკრაინა წარმოუდგენლად გაბედულად იბრძვის. მას ჰყავს შესანიშნავი ჯარისკაცები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში“, – დასძინა მინისტრმა.

ბორის პისტორიუსმა გერმანიის თავდაცვის მინისტრად 2023 წლის იანვარში დანიშნეს. ის კანცლერ ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრია.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 თებერვლის 21 საათიდან 9 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. ღამით, სანაპირო რაიონებში – თოვლჭყაპი, მთაში კი – თოვა; დღისით – უმეტესად უნალექო ამინდი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 10-11 თებერვალს აჭარის სანაპირო რაიონებში ღამით მოსალოდნელია ნალექი, მთაში კი – ზოგან თოვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად, ბათუმში  შაბათ-კვირას თოვლჭყაპია მოსალოდნელი.

___________

ბათუმში აფთიაქი დააყაჩაღეს

ბათუმში, რურუას ქუჩაზე, აფთიაქი დააყაჩაღეს. შემთხვევა 7 თებერვალს, ღამით მოხდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აფთიაქი ერთმა პირმა დააყაჩაღა. უცნობია, ეს პირი იყო თუ არა შეიარაღებული, ან რის წაღება მოახერხა აფთიაქიდან. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს ყაჩაღობის შემთხვევას ადასტურებს. გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არის.

ყაჩაღობა, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, გულისხმობს თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. ამ მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 5-დან 7 წლამდე.

განახლება: 9 თებერვალს შსს-ს პრესცენტრიდან  მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ყაჩაღობის ამ შემთხვევაზე შუახნის კაცი დააკავეს.

თურქეთის მიწისძვრით დაზარალებულთათვის ბათუმში დახმარებას აგროვებენ – მისამართები

თურქეთში, კაჰრამანმარაშში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულთათვის ბათუმში დახმარება რამდენიმე ადგილას გროვდება.

ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებას ბათუმში ორგანიზებას უწევს „ლელოს“ ბათუმის ოფისი. დახმარება გროვდება ასევე „ევროპული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციაში და ბათუმის ახალ მეჩეთში.

გუშინ, 7 თებერვალს, თურქეთის საელჩომ გამოაქვეყნა იმ ნივთების ჩამონათვალი, რომლებიც დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრებლებს სჭირდებათ.

სასურველია, თუ შეწირული ნივთები იქნება ახალი, ზამთრის პირობებისთვის შესაფერისი და ღია პაკეტში მოთავსებული.

საჭირო ნივთები:

  • ქურთუკი-პალტო
  • საწვიმარი
  • ჯემპრი
  • ხელთათმანი
  • შარფი – კაშნე
  • ბერეტი
  • წინდა
  • საბანი
  • საძილე ტომარა
  • საკვები ამანათი (მშრალი და დაკონსერვებული საკვები)
  • ბავშვთა კვება
  • ბავშვის საფენები
  • დასუფთავებისა და ჰიგიენის საშუალებები
  • ქალის ჰიგიენური პაკეტები

დახმარების მსურველებმა ნივთები უნდა მიიტანონ ბათუმში, შემდეგ მისამართებზე:

  • პარტია „ლელოს“ ოფისი

მისამართი: ფარნავაზ მეფის #46

მობ: 577 48 43 78; 577 30 20 04

  • ბათუმის ახალი მეჩეთი

მისამართი: გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა #49

  • „ევროპული საქართველოს“  ბათუმის ოფისი

მისამართი: ჯავახიშვილის No:46 ან გიორგი ბრწყინვალის No:146

მობ: 574 222 044

ბათუმში თურქეთის გენერალურმა საკონსულომ გამოაქვეყნა ის მისამართები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხა გადარიცხოს და ამ გზით დაეხმაროს სტიქიის ზონაში უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს.

საკონსულოს ინფორმაციით, დონაციის გაკეთება შესაძლებელია თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის AFAD-ის და რელიგიურ საქმეთა სამმართველოს ოფიციალური ვებგვერდიდან, რომელთა მისამართები მოცემულია ქვემოთ.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 8 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 134 100 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910]
  • ტანკი – 3 253 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 6 458 ერთეული [+15]
  • საარტილერიო სისტემა – 2 236 ერთეული [+4]
  • MLRS – 461 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 228 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 295 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 285 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 961 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 796 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 112 ერთეული [+5]
  • სპეცტექნიკა – 211 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 8 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 382 თვითმფრინავი
  • 206 ვერტმფრენი
  • 3 046 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 403 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 789 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 011 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 022 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 291 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]ომის შემდეგ ზელენსკი დღეს პირველად ეწვია ლონდონს[/yellow_box]

ამავე თემაზე:

გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, პუტინის გარეშე მსოფლიო უკეთესი იქნებოდა

სააკაშვილის საქმე სტრასბურგმა შეიძლება 1-2 დღეში განიხილოს – ევროსასამართლოს ექსმოსამართლე

„მსგავს საქმეებზე კონკრეტული ვადები არ არის, მაგრამ 1-2 დღის საკითხია,“ – ამბობს ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია, რომელსაც ვკითხეთ, რა დრო შეიძლება დასჭირდეს სტრასბურგის სასამართლოს „სააკაშვილის საქმის“ განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ.

ევროსასამართლოს ყოფილ მოსამართლეს რუსი ოპოზიციონერი, [ალექსეი] ნავალნი ახსენდება მიხეილ სააკაშვილზე საუბრის დროს და მიიჩნევს, რომ ევროსასამართლოც დაინახავს ამ პარალელს. ნონა წოწორია განმარტავს, რატომ აქვს საქმის მოგების დიდი შანსი მიხეილ სააკაშვილს ევროსასამართლოში.

„ბათუმელებმა“ ევროსასამართლოს ყოფილ მოსამართლესთან, ნონა წოწორიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ქალბატონო ნონა, რამდენად შესაძლებელია ევროსასამართლომ შეცვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ კონკრეტულ კლინიკაში სამკურნალოდ? 

ყველაზე ეფექტური და სწრაფი მექანიზმი ამ შემთხვევაში არის სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიება, რომელსაც არ სჭირდება სავალდებულო წესით სარჩელის შეტანა. დროებითი ღონისძიების განხილვა შესაძლოა მოხდეს სარჩელის შეტანამდე და სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს შემჭიდროებულ ვადებში. როგორც წესი, მსგავს შემთხვევაში, ყველაზე გავრცელებულია სასამართლოსთვის მიმართვა კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების საფუძველზე, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეიძლება მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი.

ამიტომაც, არსებობს ასეთი მოქნილი და სწრაფი მექანიზმი გადაწყვეტილების  მისაღებად. ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლო იტყვის, აქვს თუ არა დარღვევას ადგილი. სასამართლო იღებს დროებით ღონისძიებას, რომ  მოგვარდეს საკითხი, რომელსაც სასწარფოდ გადაწყვეტა სჭირდება. ხოლო ჰქონდა თუ არა ადგილი ადმიანის უფლებათა კონვენციის დარღვევას, გადაწყდება მომავალში, სარჩელის განხილვის შემდეგ.

  • ამ შემთხვევაში რეკომენდაციის სახით იღებს გადაწყვეტილებას ევროსასამართლო? 

ევროსასამართლოს მიმართავს მხარე და მთავარია, გასაგები იყოს, რას ითხოვს მხარე, ასევე დაურთოს სათანადო მასალები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორი იქნება, სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით. ვადამდე პირობით გათავისუფლება, თუ სასჯელის გადავადება [რაც განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლომ] იყო მექანიზმი, მიეღწიათ მიზნისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში ევროსასამართლოს უნდა სთხოვონ შუამდგომლობით, მიხეილ სააკაშვილს მიეცეს უცხოეთში მკურნალობის შესაძლებლობა. სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების თაობაზე სავალდებულოა აღსასრულებლად.

ამის პრეცედენტული შემთხვევაა „ნავალნის საქმე“. მაშინაც, როცა ნავალნი იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში, სასამართლომ მიიღო დროებითი ღონისძიება და მხარეს გარკვეული კითხვები დაუსვა. ეს შეკითხვები სასამართლოს მხრიდან შეეხებოდა ნავალნის ტრანსპორტირების შესაძლებლობის საკითხს, მკურნალობის სქემას, ასევე იყო ნიუანსები, მაგალითად, ოჯახის წევრების დაშვებაზე, რაც არ არის პრობლემა სააკაშვილის შემთხვევაში.

არ ვიცით, როგორ განვითარდა ეს პროცესი, მაგრამ ფაქტია, რომ ნავალნი გაუშვა პუტინის რეჟიმმა გერმანიაში სამკურნალოდ.

  • სააკაშვილის შემთხვევაშიც ხედავთ ანალოგიური გადაწყვეტილების მიღების შანსს? 

ვფიქრობ, სასამართლოს აქვს წინაპირობები, ეს გააკეთოს, თუმცა ეს არ ნიშნავს 100-პროცენტიანი სიზუსტით, რომ ასე მოხდება. მე, როგორც ევროსასამართლოს ყოფილ მოსამართლეს და მოქალაქეს, რომელიც გულშემატკივრობს საქართველოს ევროპულ მომავალს, ვფიქრობ, რომ ევროსასამართლოსგან ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება ძალიან სამწუხარო.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთი საქმე უკვე არის ევროსასამართლოს წარმოებაში, რასთან დაკავშირებითაც იხდის მიხეილ სააკაშვილი სასჯელს. ასე, რომ ევროსასამართლოს დამატებით არგუმენტი აქვს, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადაარჩინოს უკვე მიმდინარე საქმის ინტერესიდან გამომდინარე. იმედს ვიტოვებ, ევროსასამართლო არ დატოვებს მიხეილ სააკაშვილს დაცვის გარეშე. ის, რაც მიხეილ სააკაშვილის თავს ხდებოდა მიმდინარე სასამართლო პროცესების განმავლობაში,  ნამდვილად არ იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ის სარგებლობდა სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

  • რით ხელმძღვანელობს მსგავსი შუამდგომლობის განხილვის დროს ევროსასამართლო?

საფუძველი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელი სტატუსი: რამდენად კრიტიკულია მისი მდგომარეობა. ამ თვალსაზრისით ადვოკატებს მოუწევთ, ძალიან დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ სასამართლოს. მთავარია გამოიკვეთოს, როგორია სამედიცინო გარემო და იძლევა თუ არა იგი სააკაშვილის გამოჯანმრთელების შესაძლებლობას.

სასამართლოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო ექსპერტების, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ პროცესში, მეცნიერული განმარტებები. ეს ინფორმაცია უნდა იქნას ზუსტად წარდგენილი და იმ ფორმით, რომ მოკლე დროში მოახერხოს მისი გაცნობა სასამართლომ.

მე, როგორც მოსამართლეს, მიმიღია მონაწილეობა დროებითი ღონისძიების განხილვაში. სასამართლო აუცილებლად შეხედავს მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზებს, ასევე მკურნალობის გეგმას.

პოზიცია, რაც აქვს მეორე მხარეს, რომ სააკაშვილს არ უნდა ჭამა, ამას ევროსასამართლო აუცილებლად შეამოწმებს: ამ დიაგნოზის პირობებში რამდენად საფუძვლიანია მსგავსი შეფასება. ეს განცხადებები, რაც კეთდება შიდა აუდიტორიისთვის, საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის, ნამდვილად არ გამოადგება მხარეს ევროსასამართლოში, რადგან იქ შეხედავენ კონკრეტულ დიაგნოზს და სამედიცინო დასკვნებს იმისთვის, რომ გაიგონ, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე.

როდესაც ჩვენ დროებით ღონისძიებას ვიხილავდით, მე, მაგალითად, ამ დიაგნოზებს ვსწავლობდი. ადამიანთა ჯგუფი ვაანალიზებდით, რა იყო დიაგნოზი და მკურნალობის გეგმა რამდენად იყო ადეკვატური. მართალია, ჩვენ ექიმები არ ვიყავით და ამას თავისი უხერხულობა აქვს, მაგრამ მსგავსი ტიპის საკითხების გადაწყვეტა, მცირეოდენი სამედიცინო სფეროს მოკვლევის გარეშე, არის პრაქტიკულად შეუძლებელი. შესაბამისად, ამ კუთხით მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ევროსასამართლოს. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული დიაგნოზები და დასკვნები, ასევე ანგარიშგასაწევია სახალხო დამცველის  მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის  დასკვნები – ისინი მუდმივად საუბრობდნენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შესახებ, რაც ამყარებს მიხეილ სააკაშვილის მხარის პოზიციებს.

  • როცა ორივე მხარეს არსებობს სამედიცინო შეფასების დასკვნები და არგუმენტები, რას ანიჭებს ამ დროს სტრასბურგის სასამართლო უპირატესობას? 

ერთი მხრივ, არიან ექსპერტები, რომელთაც აქვთ მსოფლიო დონის ცნობადობა და აქ ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რაც გაქრა ჩვენს რეალობაში: პროფესიული სინდისი, ეთიკა და პატიოსნება. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო დონეზე აღიარებული ექიმები თავიანთი ოჯახის წევრებისთვისაც კი ტყუილს არ იტყვიან. ამ ექსპერტების დასკვნები ეფუძნება მხოლოდ მეცნიერულ ცოდნას.

მეორე მხრივ კი, ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ სასამართლო პროცესზე: არ ვიცი, როგორ მკურნალობენ მიხეილ სააკაშვილს, ან ექიმები, რომლებსაც არასდროს უნახავთ უშუალოდ მიხეილ სააკაშვილი.

ევროსასმაართლო ორივე მხარის არგუმენტებს შეისწავლის. ის ასვე აუცილებლად გაეცნობა მოსამართლის დასაბუთებას, როცა მან საყოველთათაოდ ცნობილი ექსპერტების პოზიციები არ გაიზიარა. სასამართლო დაინტერესდება: ეს როგორ დასაბუთდა? არის თუ არა ეს დასაბუთება სათანადო, თუ ეს არის თვითნებობა, რომლის საფუძველზეც მოსამართლემ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა?

  • რა მნიშვნელობა ენიჭება ამ დროს სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნას? 

ევროსასამართლოსთვის სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნას პრიორიტეტული ძალა არ აქვს, მას ეს გაუკეთებია სხვა შემთხვევებშიც და, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ საქმეებშიც, როდესაც სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად, მიუთითებია მთავრობისთვის, რომ მკურნალობის გეგმა შეეცვალა, ან პატიმარი გადაეყვანათ სხვა დაწესებულებაში.

არ ვფიქრობ, რომ სასამართლო პირველ დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას და იტყვის, მოიყვანეთ თვითმფრინავი და ეს კაცი გადაიყვანეთ, მაგრამ სასამართლომ, როგორც მინიმუმ, კითხვები უნდა დასვას ამ საკითხთან დაკავშირებით.

მსგავს საქმეებზე, კონკრეტული ვადები არ არის, მაგრამ 1-2 დღის საკითხია. ასევე, გააჩნია, რა მოცულობის მტკიცებულებებს დაურთავენ საქმეს. საქმე დიდია და სიფრთხილის გამოჩენა მოუწევთ ადვოკატებს, რომ არ დატვირთონ სასამართლო ისე, რომ შეუძლებელი გახდეს საქმის დროულად განხილვა.

  • ანუ შეიძლება სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება 1-2 დღეში მიიღოს? 

1-2 დღე დროებითი გადაწყვეტილების მისაღებად მოიცავს მასალების გაცნობის ვადასაც. ამ დროში რაღაც რეაქცია უნდა იყოს სასამართლოს მხრიდან, რადგან ეს დროებითი ღონისძიებაა, რომელსაც სასწრაფოდ გადაწყვეტა სჭირდება.

არის შემთხვევები, როცა სასამართლო 15 წუთშიც იღებს გადაწყვეტილებას, როცა, მაგალითად, საქმე ეხება ექსტრადაციას. მხარეს მიუმართავს სასამართლოსთვის, რომ აი, ახლა გამომიყვანეს საკნიდან და აეროპორტში გადავყავარ, შეაჩერეთ ჩემი ექსტრადაცია. ასეთ შემთხვევებში უთქვამს სასამართლოს კონკრეტული მთავრობისთვის, რომ გააჩერეთ ექსტრადაცია და ეს გადაწყვეტილებები მიუღიათ მყისიერად.

  • მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რა დროით და რა პირობებით შეიძლება გადაუვადონ სასჯელის მოხდა მიხეილ სააკაშვილს? 

ამის კონკრეტული მექანიზმი არ არის, ეს დამოკიდებულია საქმის კონკრეტულ გარემოებებზე. „ნავალნის საქმეზეც“ ეს ნიუანსები საჯაროდ ცნობილი არ არის, თუმცა ის, რომ მე არ ვიცი ეს დეტალები, არაფერს ცვლის. სასამართლოს, ცხადია, განსაზღვრული აქვს ეს დეტალები.

სხვადასხვა სახის გარანტია შეიძლება არსებობდეს სასჯელის მოხდის კუთხით. სასამართლო არის ძალიან რაციონალური და ეს პირობები შეიძლება იყოს გაწერილი გადაწყვეტილებაში.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს დროებითი ღონისძიება შეიძლება გადაწყვიტოს როგორც პალატის თავმჯდომარემ, ასევე, სპეციალურად ამ მიზნისთვის დანიშნულმა მორიგე მოსამართლეებმა, ან პალატამ. საქმის შინაარსიდან და სირთულიდან გამომდინარე, შესაძლოა, ასეც მოხდეს. ეს საქმე გახმაურებულია და რთული იმიტომ, რომ მიღებულია შიდა სასამართლოს გადაწყვეტილება. ევროსასამართლო პატივს სცემს შიდა სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ამ სირთულიდან გამომდინარე, შესაძლოა, მიზანშეწონილად ჩაითვალოს გადაწყვეტილების მიღება პალატის მხრიდან, თუმცა ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს ვერ აისახება შინაარსზე, ან დროებითი ღონისძიების სავალდებულო ძალაზე.

  • როგორია პრაქტიკა: უარს როდის ამბობს ევროსასამართლო მსგავს სიტუაციაში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე?

რასაკვირველია, უარყოფითი გადაწყვეტილებებიც არსებობს, მათ შორის, მეც მიმიღია მონაწილეობა უარყოფით გადაწყვეტილებებში. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, შუამდგომლობა იყოს ძალიან კონკრეტული, დასაბუთებული და ზუსტად აჩვენებდეს სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობას, ასევე გამოუსწორებელი ზიანის მიღების დიდ რისკს, თუ დადებითი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

  • შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სამართლებრივად რა საშუალება რჩება საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის არ შეასრულოს? 

საქართველოს მთავრობას მოუწევს ამ გადაწყვეტილების აღსრულება იმ შემთხვევის გარდა, თუ რუსეთს დაემსგავსება და იტყვის, რომ მე არ აღვასრულებ ამ გადაწყვეტილებას. რუსეთს გაუკეთებია მსგავსი რამ.

  • თუმცა ნავალნის შემთხვევაში დაეთანხმა რუსეთი ევროსასამართლოს.

დიახ, ნავალნის შემთხვევაში დაეთანხმა… არ მინდა ვიფიქრო, რომ თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროსასამართლო, საქართველოს მთავრობა მას არ აღასრულებს. მიუხედავად ჩემი უნდობლობისა მოქმედი ხელისუფლების მიმართ და მიუხედავად მათი ანტიდასავლური კურსისა, ვფიქრობ, სასამართლოს დროებითი ღონისძიების გაუთვალისწინებლობა მათაც კი გაუჭირდებათ.

ვფიქრობ, არის მომენტები, როცა საერთაშორისო ინსტრუმენტები და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ევროსასამართლო, უნდა ამოქმედდნენ მესამე პერეზიდენტის სიცოცოხლის გადასარჩენად. მათ არ უნდა დაუშვან 30 წელიწადში მეორე პრეზიდენტის სიკვდილი საქართველოში. მეორე მხრივ კი, მათ უნდა შეაჩერონ ის ვარდნა, რაც საქართველოს აქვს დემოკრატიაში. ევროსასამართლოს მთავარი დანიშნულება მისი შექმნის დღიდან იყო დემოკრატიის განმტკიცება და ავტორიტარიზმის დაუშვებლობა. ვფიქრობ, რომ ახლა ზუსტად ის მოცემულობაა საქართველოში, როცა ევროსასამართლომ თავისი ისტორიული როლი უნდა შეასრულოს.

ყველამ შემაქო, როცა მოძალადე ქმარს გავშორდი – 33 წლის ქალი ხულოდან

33 წლის მარტოხელა დედაზე, ასმათ ტუნაძეზე გიყვებით, ხულოს სოფელ ქედლებიდან.

ასმათს 6 და 9 წლის შვილები ჰყავს. მან გვიამბო, რომ 9 წელი, რომელსაც ახლა დაკარგულ დროს უწოდებს, ქმრისგან ძალადობის მსხვერპლი იყო, ახლა კი დამოუკიდებელი ქალია, მუშაობს და შვილებს ზრდის.

ასმათის თქმით, 2021 წლის შემდეგ, რაც ოფიციალურად განქორწინდა, მის ყოფილ ქმარს შვილებისთვის ალიმენტის გადახდის ვალდებულება დაეკისრა, თუმცა აქამდე არც ერთხელ არ გადაუხდია.

„ყველანაირი სახის ძალადობაში ვიყავი – ფიზიკური, ფსიქოლოგიური. ყველანაირი, რაც არსებობს“, – გვითხრა ასმათმა. მისი თქმით, ყოფილ ქმართან ცხოვრების დროს ძალადობისგან მის დაცვას ცდილობდნენ ქმრის ოჯახის წევრები, მეზობლები და ყველა, ვინც ამას ამჩნევდა და ყველას რეაქცია გაკვირვება იყო – როგორ ძლებდა ასმათი ამ პირობებში.

ასმათი ნანობს, რომ ძალადობას 9 წელი ითმენდა და ქმარს ადრე არ დაშორდა.

„მესმის ძალადობის მსხვერპლი ქალების. პირველ რიგში, ადვილი არ არის თუნდაც არ გყავდეს შვილი და მით უმეტეს, როცა გყავს შვილები – დამოუკიდებლად დაიწყო ცხოვრება და კიდევ ბევრი რამ.

მიუხედავად ყველაფრისა, ქალებმა არ უნდა აიტანონ ძალადობა.

ჩემი მშობლების გარდა ყველა ამჩნევდა ყოფილი ქმრის ძალადობას.

სოფელში, ჩემს მშობლებთან ვიყავი დასასვენებლად. მათთან ვმალავდი ამ ყველაფერს, ამ ნაბიჯს ვერ ვდგამდი და ყოფილ მეუღლესაც ვთხოვდი, რომ ჩემს მშობლებთან მაინც არ მოქცეულიყო ცუდად. წამოსასვლელად ვემზადებოდით და როგორც ყოველთვის, რაღაცაზე უმიზეზოდ გაბრაზდა. დაიწყო ყვირილი ოთახში.

ჩემი მშობლები შემოვიდნენ – რა ხდებაო. ვთქვი, რომ მორჩა, მე სახლში ვრჩებოდი.

ალბათ, იმან გამაბედვინა, რომ ჩემი მშობლების სახლში ვიყავი და როგორც მაშანტაჟებდა – „თუ წახვალ, ასე გავაკეთებ, ისე გავაკეთებ, ვერ გამასწრებ სახლიდან“… უკვე ჩემი მშობლების სახლში ვიყავი, დაცულად ვიგრძენი თავი და უფრო ადვილად გადავწყვიტე, რომ უნდა დავშორებოდი.

როცა ჩემმა მშობლებმა გაიგეს, მიმიღეს.

ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა მშობლები უარყოფენ ქალებს. „შენ აუცილებლად ქმრის ოჯახში უნდა დარჩე“ – მსგავსი რამ ჩემ შემთხვევაში არ ყოფილა. პირიქით, იცოდნენ ჩემი შესაძლებლობები, რომ შემეძლო თავის გატანა, ოჯახის რჩენაც და რა თქმა უნდა, ჩემს მხარეს დადგნენ, ისე, როგორც ყველა ნორმალური მშობელი მოიქცეოდა.

მხარში დამიდგნენ ოჯახის სხვა წევრები, ნათესავები.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ძალადობის მსხვერპლ ქალებს მხარში ამოუდგნენ მშობლები. ეს შესაძლოა სასიცოცხლო მნიშვნელობისაც იყოს, რადგან ყველა ქალს არ შეუძლია იმუშაოს, განათლება ან შეიძლება ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, ან მცირეწლოვანი შვილების ყოლა… ამ შემთხვევებში, ვფიქრობ, მშობლებს, ოჯახს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

მაქებდნენ, რომ მოძალადე ქმარს დავშორდი. ყველა იმას მეკითხებოდა, ეს აქამდე რატომ არ გავაკეთე, რატომ ვითმენდი.

მიფიქრია – რატომ ვითმენდი?

მარტივი არ არის გაბედო. ყველაფრის მიუხედავად, მეგონა, რომ გამოსწორდებოდა. დაჩემებული მქონდა, საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ მიყვარდა და ყველაფრის მიუხედავად ყველაფერი უნდა ამეტანა. აი, ალბათ ეს იყო მიზეზი.

ყველა, ვინც შემსწრე იყო ამ ძალადობის, მეუბნებოდა-  „ბავშვები არიან ცოდვა, ამ ყველაფერს რომ უყურებენ“. მეტწილად ამიტომ დავშორდი. საკმაოდ ხშირად ხედავდნენ ჩვენს კონფლიქტს ბავშვები.

დღეს ვფიქრობ, რომ მოძალადე ქმრები არ იცვლებიან. კიდევ დიდხანს მქონდა იმედი, რომ შეიცვლებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა.

შესაძლოა, ქალებს ჰქონდეთ მოძალადე ქმრების გამოსწორების იმედი, მაგრამ არ უნდა აგრძელებდნენ ცხოვრებას ძალადობაში, ქმრის გამოსწორების იმედით.

ქალები უნდა ეცადონ, დამოუკიდებლად იცხოვრონ, თუნდაც თავშესაფრებში, მაგრამ არა ძალადობაში“, – ამბობს ასმათი.

იგი პროფესიით ბუღალტერია და ახლა ამ პოზიციაზე მუშაობს ხულოს საბავშვო ბაღების გაერთიანებაში. გვითხრა, რომ 9 წლით გაჩერდა მისი პროფესიული ზრდაც.

„ყოფილი ქმარი, რა თქმა უნდა, არ მამუშავებდა, იმდენად ეჭვიანი იყო. თავადაც არ მქონდა სურვილი, სახლიდან გავსულიყავი და მიმეცა მისთვის „მიზეზები“. ერთხელ, მისი ნებით, ვცადე მემუშავა, შეგიძლია წახვიდე სამსახურშიო. 1-2 დღის შემდეგ უკვე დაიწყო ეჭვიანობა და აღარ ვიმუშავე, რადგან ეჭვიანობის გამო ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობასაც.

სახლიდან გასვლას ვარიდებდი თავს. სანამ ის მეტყოდა უარს, მე თვითონ არ მინდოდა არსად გასვლა“, – გვითხრა ასმათმა.

ქალს ვკითხეთ, როგორ გრძნობს ახლა თავს.

„ჩემთვის ყველაზე მთავარი სიმშვიდე იყო. სიმშვიდე გვაქვს, რაც მთავარია და საკუთარი, თუნდაც მცირე რესურსი, რაც გვაბედნიერებს მე და ჩემს შვილებს.

ბედნიერად ვგრძნობ თავს, რადგან ჩემი შვილები აღარ ხედავენ ძალადობის ფაქტებს, თბილ გარემოში იზრდებიან. ჩემთვის, პირველ რიგში, მთავარი ბავშვების ბედნიერება იყო. ახლა იციან, რა არის ოჯახური სითბო. დედის ბედნიერ სახეს რომ ხედავენ, ესეც მნიშვნელოვანია.

საკუთარი შემოსავლით ვარჩენ ჩემს შვილებს და არ აქვთ დაყვედრებული ლუკმა. აი, ეს არის მთავარი. არც მე ვმუშაობდი, არც ჩემი ყოფილი მეუღლე… შემოსავლის წყარო, ასე ვთქვათ, მოწყალება იყო. ბაბუა არ არის ვალდებული, არჩინოს შვილიშვილები. დიდი მადლობა ბაბუას, რასაც აკეთებდა და ლუკმა პური შესაძლოა ჰქონდათ ჩემს შვილებს, მაგრამ მეტი არაფერი არ გვქონია.

მაქსიმალურად ვეცდები, ჩემი შვილები ბედნიერები იყვნენ. არ აქვთ ისეთი მოთხოვნები, რასაც ვერ ავუსრულებ. ჩვენ გვესმის ერთმანეთის, ვმეგობრობთ“, – ამბობს ასმათი.

ასმათი ყოველთვის ფიქრობდა დამატებითი შემოსავლის წყაროების გაჩენაზეც. ერთვებოდა სხვადასხვა პროექტში, ისმენდა ლექციებს და მცირე ბიზნესგეგმებზე ფიქრობდა.

„ევროკავშირი საქართველოსთვის“ ერთ-ერთ პროექტში გამარჯვების შედეგად ასმათს ტყლაპისა და ჩირის საშრობი დანადგარი აქვს. უნდა, რომ ხულოს ტყლაპი გასტროტურისტულ პროდუქტად აქციოს.

„ვაპირებ, ყველა სახის ტყლაპისა და ჩირის წარმოებას. ამ საქმეს აქტიურად შევუდგები გაზაფხულიდან, რადგან ჩვენთან დიდი ზამთარი იცის, ახლა გაჩერებული მაქვს ეს საქმე და ყავას ვაწარმოებ, რისი გაკეთებაც ყველა სეზონზე შეიძლება“, – გვიხსნის ასმათი.

მან კიდევ ერთ, „ენპარდისა“ და ბათუმის ბიზნესინკუბატორის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა, სადაც პროექტი ჰქონდა დაწერილი ყავის მცირე საწარმოზე და ყავის საფქვავი აპარატი შეუძინეს შესაფუთ დანადგართან ერთად.

„უკვე ხულოში, ერთ-ერთ მაღაზიაშიც კი მოითხოვეს ჩემი ყავა, ისე მოეწონათ.

ყავის დამზადების კონკრეტული საიდუმლო ხერხი არ მაქვს. შეიძლება ყოფილიყო ცოტა ძვირი, მაგრამ რადგან დანადგარში არ გადამიხდია ფული, უმაღლესი ხარისხის ყავის მარცვალი შევიძინე, არანაირი მინარევი არ აქვს ჩემს ყავას და ყურადღებაც დაიმსახურა.

უკვე იმდენი გამოცდილება დავაგროვე, რომ ყავის სუნზე, შეხედულებასა და გემოზეც ვხვდები, აქვს თუ არა მინარევები. მოლოდინი მაქვს, რომ ჩემს ყავაზე მოთხოვნა აუცილებლად გაიზრდება და მომავალში ყავის ბიზნესის გაფართოებას ვაპირებ“, – ამბობს ასმათი. მის ყავას – „ექსტრა ლაითი“ ჰქვია.

საუბრის ბოლოს, ასმათი ახალგაზრდა გოგონებს მიმართავს, უფრო მეტად ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების და არავის მისცენ მათზე ძალადობის უფლება.

გაზიანთეფთში, კორპუსის ნანგრევებში ქართველი ქალია მოყოლილი – ოჯახი საელჩოს მიმართავს

გაზიანთეფთში, ერთ-ერთი კორპუსის ნანგრევებში, საქართველოს მოქალაქე, ციცო პაკელიანია მოყოლილი. ქალი გაზიანთეფში ოჯახში დამხმარედ მუშაობდა. ციცო პაკელიანის ოჯახი თურქეთში საქართველოს საელჩოს დახმარების თხოვნით მიმართავს.

„დეიდაჩემი მოხუც ბებიასთან მუშაობდა. ამ ქალთან ერთად ცხოვრობდა გაზიანთეფში, ერთ-ერთ უბანში.

ორი დღეა ჩამონგრეულია 7 სართულიანი ბინა. მეორე სართულზე იყო დეიდაჩემი. წუხელ ბოლოს გავიგე, რომ მესამე სართულამდე ჩავიდნენ მაშველები, მესამე სართულზე გადარჩენილები იპოვეს, მაგრამ მეორეზე შესვლა ვეღარ შეძლეს – კორპუსის მდგომარეობა ძალიან რთულიაო. იმ ქალის შვილიშვილისგან ვიღებ ინფორმაციას, ვისთანაც დეიდაჩემი მუშაობდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ციცო პაკელიანის დისშვილმა, ნინა გულედანმა.

ნინა გულედანის თქმით, გაზიანთეფში საკმარისი ოდენობის მაშველები არ არიან, რაც აფერხებს სამაშველო სამუშაოებს.

„ბევრი დამხმარე არ ჰყავთ. წუხელ თურმე ხმები ისმოდა იმ კორპუსის მეორე სართულიდან, საიდანაც გამოიყვანეს ხალხი. გაუგონიათ, რომ შველას ითხოვდნენ, მაგრამ ვერაფერი გააკეთეს. მთელი ღამე ასე ყოფილა ეს კორპუსი. დღეს რა გააკეთეს სიახლეები არ ვიცი. ველოდები ახალ ინფორმაციას,“ – გვითხრა ნინამ და გვთხოვა დეიდის მოძებნაში დახმარება.

საქართველოს მოქალაქის ნანგრევებში ყოფნის შესახებ ნინამ და მისმა ახლობლებმა თურქეთში საქართველოს საელჩოსაც აცნობეს.

„არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ – ქართველები ყველა ნაპოვნიაო. ეს ტყუილია. ზუსტად ათმა ადამიანმა დაურეკა საელჩოს და მივაწოდეთ ინფორმაცია. რომ ვურეკავთ თითქოს რაღაცას ვითხოვთ. კი, ვითხოვთ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი. კარგ პასუხებს არ გვცემენ – ერთი ადამიანის გამო ათმა კაცმა დაგვირეკაო.

რა ვქნათ ჩვენ, რა შეგვიძლია, რისი გაკეთება? დარეკვის მეტი არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია,“ – ამბობს ნინა გულედანი.

დღეს, 7 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა თურქეთში, სტიქიის ზონაში მყოფი საქართველოს 6 მოქალაქის ადგილსამყოფელის დასადგენად.

„ბათუმელებმა“ ციცო პაკელიანის საკითხთან დაკავშირებით კომენტარისთვის მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

“თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ რომ სტიქიის ზონაში, ქალაქ გაზიანთეფში, ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში შესაძლოა მოყოლილი იყოს საქართველოს მოქალაქე.

საელჩომ აღნიშნული ინფორმაცია და მოქალაქის მონაცემები დაუყონებლივ მიაწოდა თურქეთის შესაბამის უწყებებს.

თურქეთის მხარის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რასაც ართულებს დანგრეული შენობის დიდი მოცულობა.

საელჩო მუდმივ რეჟიმში ხაზზეა თურქეთის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან, საქართველოს მოქალაქის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით,”- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ “ბათუმელებისთვის” მოწოდებულ განცხადებაში.

__

მთავარი ფოტო: ციცო პაკელიანი

ვინ არ ურთავს გაზს და წყალს ქობულეთის სოფლებს – რა ჩანს დოკუმენტებში

ორი სხვადასხვა საჯარო უწყებიდან „ბათუმელებმა“ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიიღო ქობულეთის 9 სოფელზე, სადაც 2021 წელს, წინასაარჩევნო გაზის სისტემა მოაწყვეს, თუმცა გაზი ამ დრომდე არ არის. განმარტების ნაცვლად, რეალურად რა აფერხებს პროცესს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია და სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტო ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს.

თუმცა გაზი არაა ერთადერთი კომუნალური სისტემა და არც ქობულეთის სოფლები, როცა ხელისუფლება ბიუჯეტის ხარჯზე შესაბამის სისტემას აწყობს, მაგრამ მის ამუშავებაზე ფაქტობრივად უარს ამბობს. „ბათუმელები“ რამდენიმე ისეთი დასახლების შესახებ მოგიყვებათ, სადაც წყლის სისტემაც მოაწყვეს წინასაარჩევნოდ, მაგრამ წყალი არ არის.

„შემდეგ არჩევნებს უცდიან ალბათ“ – ეს, მაგალითად, ქობულეთელების შეფასებაა გაზსადენის სისტემაზე, რომელიც არჩევნებამდე მოეწყო, მაგრამ ვერ ამუშავდა. ბოლოს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა 2021 წლის 2 ოქტომბერს.

რა ირკვევა ორი საჯარო უწყების ოფიციალური წერილებიდან ქობულეთის სოფლების გაზსადენზე?

იმისთვის, რომ გაზი კონკრეტულ დასახლებულ პუნქტში ჩაირთოს, კანონმდებლობით შემდეგი მოდელი უნდა ამუშავდეს: გაზის ტრანსპორტირების კომპანია [სახელმწიფო კომპანია] აწყობს გაზსადენის სისტემას, ხოლო შემდეგ ამ სისტემას გადასცემს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. ეს სააგენტო სახელმწიფო ქონებად არეგისტრირებს გაზსადენს და ისე გადასცემს კონკრეტულ ოპერატორს, ამ შემთხვევაში კი, „სოკარ გაზს“.

ალამბრის, მუხაესტატეს, აჭყვისთავის, ზენითის, ლეღვას, ზედა კონდიდის, კოხის, ოხტომისა და ყოფილი ჩოლოქის მეურნეობაში ხულოს ქუჩის მოსახლეობა გეტყვით, რომ მათ ჭიშკრებამდე გაზის მილები 2021 წელს გაატარეს. გაზსადენის სისტემის სამუშაოების შემსრულებელ კომპანია „კავკასიონში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სამუშაოები წარმატებით დაასრულეს და შესრულებული სამუშაოების ხარისხს ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს.

დღემდე რომელიმე უწყება არ ამბობს, რომ სისტემას ხარვეზი აქვს.

2023 წლის 17 იანვარს, როცა „ბათუმელები“ ამ სოფლებში გაზიფიცირების პრობლემის შესახებ წერდა, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განმარტეს, რომ „გაზის ტრანსპორტირების არის მილები, ჩვენ არ გადმოგვცემია ჯერ, ვერ გეტყვით, რა ეტაპზეა“. მაშინ გაზის ტრანსპორტირების კომპანიისგან გამოვითხოვეთ ინფორმაცია: რატომ არ გადასცა გაზსადენის სისტემა ქონების სააგენტოს, როცა სამუშაოები უკვე დასრულებულია?

31 იანვარს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან საჯარო ინფორმაციის სახით მოგვწერეს, რომ ზემოთ დასახელებულ სოფლებში გაზსადენი მილები საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის განკარგულების საფუძველზე მოაწყვეს, ხოლო 2021 წელს ორჯერ გაუგზავნეს თანხმობის წერილი ქონების სააგენტოს გაზსადენი სისტემის გადაცემაზე.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზემოხსენებული სააგენტოს მხრიდან ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის მქონე კომპანიაზე გაზსადენების გადაცემის პროცედურები, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება აღნიშნული სოფლების მომარაგება ბუნებრივი გაზით,“ – მოგვწერეს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან.

ამ წერილობითი პასუხის მიღების შემდეგ ისევ დავუკავშირდით ქონების მართვის სააგენტოს და განმარტება ვთხოვეთ: რატომ მალავს სააგენტო გაზსადენის ლიცენზიის მქონე კომპანიისთვის გადაცემის პროცესს?

„…გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნულ სოფლებში არსებული ხაზოვანი ნაგებობები წარმოადგენს შპს „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“
საკუთრებას, შესაბამისად, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას, განიხილოს მათი განკარგვის საკითხი,“ – მოგვწერეს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან.

ქონების მართვის სააგენტოდან პასუხის მიღების შემდეგ, გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში ამჯერად ეს გვითხრეს: „სააგენტოსთვის წერილი მიწერილი გვაქვს გაზსადენების წაღებაზე“, – აღნიშნულია გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ოფიციალური ფეისბუქგვერდის ჩათში. შეგახსენებთ, რომ მანამდე იგივე კომპანია ამას გვწერდა: „ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზემოხსენებული სააგენტოს მხრიდან ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის მქონე კომპანიაზე გაზსადენების გადაცემის პროცედურები…“

გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში ასევე ვითხოვეთ ეჩვენებინათ 2021 წელს მომზადებული ორი წერილი, რომლითაც ეროვნული ქონების სააგენტოს სთხოვეს გაზსადენის სისტემის გადაცემა, თუმცა ეს წერილები აღარ გვაჩვენეს.

წინასაარჩევნოდ გაგვიკეთეს წყალი, მრიცხველებიც დაგვიყენეს, მაგრამ წყალი არ ჩაგვირთეს

ეს ბათუმში, მუსხელიშვილის ქუჩაზე გვითხრეს. ფოტოც ამ ქუჩაზეა გადაღებული – ხანდაზმული ქალი ჭიდან ეზიდება სასმელ წყალს.

ეს საცხოვრებელი კორპუსები ავარიულია, თუმცა აქ მცხოვრები ადამიანები ბათუმის მერიას ჯერ არსად გადაჰყავს. აქ მიყვანილი წყლის ახალი მილებიც ცარიელია. 

წელიწადზე მეტი დრო გავიდა, რაც წყლის ახალი სისტემის მოწყობა ამ დასახლებაში დასრულდა, თუმცა მოსახლეობას არავინ პასუხობს, რატომ არ რთავენ წყალს. 

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ამ ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის მოწყობა ჯერ დასრულებული არ არის. მოსახლეობის თქმით კი, ამ ქუჩაზე არჩევნების შემდეგ არავინ გამოჩენილა, ვინც წყლის საკითხით დაინტერესდებოდა.

„მუსხელიშვილის ქუჩაზე მიმდინარე წელს დაგეგმილია წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობა. „ბათუმის წყალში“ ვერ გვითხრეს, კონკრეტულად როდის ჩაირთვება წყალი ამ დასახლებაში, ან რამ შეუშალა ხელი წყლის ჩართვას ამ დრომდე, როცა სამუშაოები 2021 წელს დაიწყო?

ანალოგიური პრობლემაა გონიოში, წმინდა მატათა მოციქულის ქუჩაზე. აქაც წყლის სისტემა 2021 წელს მოეწყო, თუმცა წყალი ამ სისტემაშიც ჯერ არ გაუშვიათ.

როგორ ჩართეს წყალი ბათუმის ერთ დასახლებაში, სადაც 2020 წლიდან წყალს არ რთავდნენ?

დაახლოებით ერთი თვის წინ გაუშვეს წყალი სისტემაში, რომელიც ბათუმში, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე ჯერ კიდევ 2020 წელს, წინასაარჩევნოდ მოაწყვეს.

ეს ქუჩა ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან ახლოსაა, თუმცა ბათუმს ეკუთვნის. ქუჩა უგზოდ და უწყლოდ – აქ მცხოვრები ადამიანების შესახებ „ბათუმელები“ 2023 წლის 8 იანვარს წერდა. ამ სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში ჩართეს ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე წყალი.

მანანამდე კი, იყო ფეისბუქრეაქცია, როცა ცნობილი გახდა, რომ ხელვაჩაურის ნაძვის ხესთან „ღამის შოუს ბენდი“ წინასაახალწლოდ კონცერტს გამართავდა და ამისთვის ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარი დაიხარჯებოდა. „გზაზე ჩემი სიმაღლე ორმოებია“ – დაწერა მაშინ ფეისბუქკომენტარში ლუიზა ვარშანიძემ, რომელიც ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე ცხოვრობს, ქუჩაზე, სადაც 2020 წელს მოაწყვეს წყლის სისტემა და წყალს ცენტრალურ ქსელს არ აერთებდნენ.

ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა ბათუმში

„ოცნების“ შემწირველებმა ქობულეთში, პლაჟთან 12 506 კვ.მეტრი მიწა იყიდეს და მშენებლობას გეგმავენ

„ქართული ოცნების“ შემწირველების კომპანიამ, ქობულეთის სანაპიროს პირველივე ზოლში, პირდაპირ პლაჟთან, 1 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა პირობიანი აუქციონით იყიდა. პირობა ამ შემთხვევაში მხოლოდ საპრივატიზებო საფასურის გადახდის გრაფიკს განსაზღვრავს.

კომპანიას არ აქვს სხვა რაიმე განსაკუთრებული ვალდებულება, მათ შორის არც კონკრეტული ოდენობის ინვესტიციის განხორციელება ევალება  არც რაიმე ვადები აქვს წინასწარ განსაზღვრული. მსგავს პირობებს ბათუმის მერია, ასევე აჭარის მთავრობა განსაკუთრებით ზღვისპირა ზოლში ქონების გასხვისებისას ხშირად იყენებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ნაკვეთი ქობულეთში, კერძოდ მეგობრობის ქუჩაზე, #40-ში მდებარეობს, ქონება ბათუმის მერიამ გაყიდა, რადგან ოფიციალური მფლობელი სწორედ ეს უწყება იყო.

შპს „იქსორი ქობულეთმა“ მიწის ნაკვეთი განმეორებით აუქციონზე ფასდაკლებით, თავდაპირველ ღირებულებაზე მილიონით ნაკლებად იყიდა. 2022 წლის მაისში ამ ნაკვეთს შენობასთან ერთად ბათუმის მერია 5 მილიონ 400 000 ლარად ყიდდა, თუმცა აუქციონი არ შედგა.

2022 წლის ნოემბერში ის განმეორებით აუქციონზე 4 მილიონ 320 000 ლარად გაიტანეს. შესაბამისი ბრძანება ბათუმის მერმა გამოსცა.

მარცხნივ გაყიდული მიწის ნაკვეთი. მარჯვნივ შენობა, რომელიც ამ ნაკვეთზე მდებარეობს. შენობასთან დაკავშირებით მერია წერს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შენობის კონსტრუქციული ელემენტების ტექნიკური მდგომარეობა პირველი ცხრა სართულის ფარგლებში ძირითადად დამაკმაყოფილებელია. გამოკვლევას საჭიროებს ბოლო (X, XI, XII) სართულები, სადაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კონსტრუქციების არმატურის კოროზიასაც.
მერია ქონების შემსყიდველს სთხოვს შესყიდული შენობა სეისმურ ნორმებთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

12 506 კვ.მეტრი ნაკვეთი და 12 სართულიანი კორპუსის კარკასი ამჯერად ერთი ბიჯით გაიყიდა [ბიჯი 130 000 ლარი]. აუქციონის პირობების მიხედვით, საპრივატიზებო საფასური კომპანიამ სამ ეტაპად, 12 თვის ვადაში უნდა დაფაროს. სხვა რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა აუქციონის პირობებში არ არის.

შპს „იქსორი ქობულეთი“ 2022 წლის 6 ოქტომბერს დაუფუძნებიათ, დაფუძნებიდან 2 კვირაში, 19 ოქტომბერს, კომპანიამ ბათუმის მერიისგან 4 მილიონიანი ქონება იყიდა. აუქციონის პირობა ითვალისწინებდა ასვე 1 300 000 ლარის საბანკო გარანტიის წარდგენას.

კომპანიის ასივე პროცენტს შპს „იქსორი“ ფლობს, რომლის წილებსაც „ოცნების“ შემწირველები – ვალერიან კირკიტაძე [40%], ლევან ტურძელაძე [50%] და ალექსანდრე წულუკიძე [10%] ფლობენ. კომპანიას ვალერიან კირკიტაძე ხელმძღვანელობს.

რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „იქსორის“ წილები 2016 წელს დაუყადაღებიათ. ყადაღის დადების ერთ-ერთ მიზეზად შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა ფიქსირდება. რეესტრში მითითებულია ასევე, რომ ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო.

რეესტრის ამონაწერითვე დგინდება, რომ 2018 წლიდან კომპანიის წილების ნაწილი და ქონება დააგირავეს, კრედიტორად როგორც საქართველოს ბანკი, ასვე „თიბისი“ ბანკი ფიქსირდება [რეესტრის ამონაწერი ბოლოს 2022 წლის იანვარშია განახლებული].

კომპანიის დირექტორის, ვალერიან კირკიტაძის განმარტებით, ამ დროისთვის კომპანიას სახელმწიფოსთან დავალიანება არ აქვს.

„მცდარი ინფორმაცია გაქვთ, სახელმწიფოსთან დავალიანება იყო. საგადასახადო იყო შემოსული. დავა მიმდინარეობდა იმის გამო, რომ დარიცხვა იყო არასწორად. შეგიძლიათ ამონაწერი განაახლოთ, შპს „იქსორს“ არანაირი დავალიანება არ გააჩნია სახელმწიფოს წინაშე. ასევე, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ჩვენი მიმდინარე და დასრულებული მშენებლობები. კომპანიას უკვე 150 ათას კვ.მეტრზე აქვს დასრულებული მშენებლობები. გარდა ამისა, ბაკურიანში გვაქვს მშენებლობა. ყველა პროექტი დაფინანსებულია თიბისი ბანკის მიერ.“

ვალერიან კირკიტაძის ინფორმაციით, კომპანია „იქსორი“ ინვესტიციას ახორციელებს ასევე კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე: „იქ უკვე დავასრულეთ კარკასი და შიდა შევსების სამუშაოებისთვის მასალების მიწოდება შეფერხდა გზის პრობლემების გამო. გარწმუნებთ, კომპანიას ნამდვილად აქვს ფინანსური რესურსი. გონიოში სასტუმროსა და აპარტოტელების მშენებლობას ვგეგმავთ.“

დოკუმენტებით ასევე ირკვევა, რომ შპს „იქსორის“ სამივე მესაკუთრე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და შემწირველია. კომპანიის მფლობელმა და 40 პროცენტის მფლობელმა 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებზე „ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 24 000 ლარი შესწირა.

კომპანიის 50 პროცენტის მფლობელმა ლევან ტურძელაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „ქართულ ოცნებას“ 30 000 ლარი შესწირა.

10 პროცენტის მფლობელმა ალექსანდრე წულუკიძემ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების დროს „ოცნების“ ანგარიშზე 50 000 ლარი ჩარიცხა, 2018 წელს კი მან „ოცნების“ მხარდაჭერილ  კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 22 000 ლარი ჩაურიცხა.

საქართველოში წამოსვლა მინდა – რას ჰყვება თურქეთში, მიწისძვრის რეგიონში მყოფი ქალი

„პირველი მიწისძვრა ვერ გავიგე, მეძინა, მაგრამ მეორე გავიგე. შოკში ვიყავი, ახლაც ძალიან ვნერვიულობ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თურქეთში, მერსინთან ახლოს, ერდემლიში მცხოვრებმა მარინა ზუმბაძემ, 6 თებერვლის დილაზე საუბრისას.

6 თებერვალს, გამთენიისას თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარმა მიწისძვრამ ქვეყნის ათზე მეტი ქალაქი დაანგრია. 7 თებერვლის დილის მონაცემებით დაღუპულია 3 430 ადამიანი, 21 ათასზე მეტი დაშავებული, ათასობით ადამიანი კი დაკარგულია და ჯერ ვერ პოულობენ.

სტიქიის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილს აღარ აქვს საცხოვრებელი სახლი.

მერსინი ახლოსაა ისკენდერუნთან და ადანასთან, მიწისძვრით დაზარალებულ ქალაქებთან. უშუალოდ მერსინში მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია, თუმცა იმდენად ძლიერი იყო ბიძგები, რომ მოსახლეობა პანიკამ მოიცვა.

„ამ ქალაქში მე სადაც ვარ, არ ყოფილა ნგრევა. დამსაქმებელმა, ვისთანაც ვმუშაობ, დამამშვიდა – აქ არ არის ნგრევის ზონა და არც არასდროს ყოფილაო. მაგრამ გაზიანთეფში იყო. დიდი მსხვერპლია. ერთი ჩემი ნაცნობი ქართველი ქალი გარდაიცვალა გაზიანთეფში, გუშინ გამოიყვანეს ნანგრევებიდან. ამბობენ, რომ სხვა ქართველებიც დაკარგულები არიან, ეძებენ და ჯერ ვერ იპოვესო.

გაზიანთეფში ახლობელი ქალები მუშაობენ. ისინი გადარჩნენ, მაგრამ მათი ბინის წინ მდგარი ბინა ჩამოინგრა. ძალიან რთული სიტუაციაა.

ძალიან მეშინია. დღეს დილით გავიქეცი ოფისში, მაინტერესებდა გზა თუ იყო, საქართველოში მინდა წამოსვლა. მითხრეს არის გზაო. მაგრამ მაინც არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული შევძლებთ თუ არა წამოსვლას. მიწისძვრამ გზები დახეთქა და რამდენად უსაფრთხოა მგზავრობა არ ვიცი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მარინა ზუმბაძემ.

მარინას თქმით, ემოციურად განიცდის იმ ყველაფერს, რაც ახლა თურქეთში ხდება.

„ისე მეშინია, ტელევიზორის ჩართვა არ მინდაო,“ – ამბობს. მერსინთან ახლოს მდებარე ქალაქ ერდემლიში მარინასთან ერთად კიდევ 6 ქართველი ქალია. ისინიც მარინას მსგავსად ოჯახებში მუშაობენ. მარინას თქმით, მის გარდა წასვლა ჯერ არავის უნდა.

„ამ ქალაქში 6 ქართველი ქალი ვართ. მე წამოსვლა მინდა. ზოგი დარჩება ალბათ. თავად გადაწყვეტენ.

სანამ წამოვალ, ჯერ აქ ჩემი შემცვლელი უნდა ვიპოვო. ვინმე თუ არ მოვიდა, დამსაქმებელი ისე ვერ გამიშვებს. ამ ქალს, ვისაც ვუვლი ვერ დატოვებენ მარტო. ამიტომ უნდა მოვნახო ვინმე, მოვიყვანო ჩემს ადგილას და მე წავიდე. დამსაქმებელს ნათქვამი აქვს 15 დღით ადრე გამაფრთხილეო. თუ დღეს გავაფრთხილებ, 15 დღე კიდევ უნდა ვიმუშაო და ამასობაში ვინმე მოვნახო, ვინც დარჩება.

ამასთან ვიზა გადაცილებული მაქვს, ჯარიმის ფული უნდა გადამიხადოს ამ ოჯახმა. იცით აქ ყველაფერი როგორი გაძვირებულია, იმ ჯარიმის ფულსაც მოგროვება ხომ უნდა. მეც შევდივარ ამათ მდგომარეობაში. ძალიან კარგი ოჯახია, სადაც ვმუშაობ და მინდა ნორმალურად დავცილდე,“ – ამბობს მარინა ზუმბაძე.

მარინას თქმით, ის დაუკავშირდა საქართველოს საელჩოსაც, სადაც საჭიროების შემთხვევაში დახმარება აღუთქვეს.

რატომ ხდება მიწისძვრა თურქეთში ხშირად

7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში ორშაბათს, 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა, რის შედეგადაც მხოლოდ თურქეთში, 7 თებერვლის მონაცემებით, 3 432 ადამიანი დაიღუპა და 21 103 დაშავდა, სირიაში კი გარდაცვლილთა რიცხვი 1 509 – მდე გაიზარდა. მიწისძვრა თურქეთის 11 პროვინციაში იგრძნობოდა. თურქეთში ყოველწლიურად სხვადასხვა სიმძლავრის ათობით ათასი მიწისძვრა ხდება.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა (AFAD) მხოლოდ 2021 წელს 23 753 სხვადასხვა სიმძლავრის მიწისძვრა დააფიქსირა, 2020 წელს კი  – 33 000-ზე მეტი მიწისძვრა, მათ შორის, 322 მაგნიტუდის 4.0 და მეტი სიმძლავრის.

რატომ არის თურქეთი მიწისძვრის ასეთი ცხელი წერტილი? ცხადია, ამის მიზეზი მისი გეოგრაფიული მდებარეობაა, უფრო ზუსტად, ტექტონიკური ფილების მოძრაობა.

დედამიწის ზედაპირი დაყოფილია ქვის უზარმაზარ – ტექტონიკურ ფილებად, რომლებიც აგებულია დედამიწის კლდოვანი ქერქისა და მანტიის ზედა ნაწილებისგან. ტექტონიკური ფილები ფაზლის მსგავსად ჯდებიან ერთმანეთში და დედამიწის მანტიის ზედაპირზე მოძრაობენ. მიწისძვრის უმეტესობა ხდება ფილების საზღვრებზე, ზონებში, სადაც ორი ან მეტი ფილა ხვდება ერთმანეთს.

ბრიტანეთის გეოლოგთა ასოციაციის განმარტებით, „ტექტონიკური ფილების კიდეები დაკბილული და უსწორმასწოროა. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ისინი ერთმანეთს ეხებიან და აწვებიან, წარმოქმნიან ძლიერ ხახუნს და ქანების ბლოკები ზოგჯერ შეიძლება ერთმანეთში ჩაიკეტოს. როდესაც ეს ხდება, გროვდება ენერგია, რომელიც ჩვეულებრივ იწვევს ბლოკების ერთმანეთის გასწვრივ გადაადგილებას. საბოლოოდ წნევა იმდენად ძლიერდება, რომ ფილები მკვეთრი მოძრაობით იცვლიან პოზიციას. ეს მოძრაობა ათავისუფლებს ენერგიას, რომელიც მოგზაურობს დედამიწაზე სეისმური ტალღების სახით, არყევს ზედაპირს, მასზე განლაგებული ყველა ობიექტის ჩათვლით. ეს მიწისძვრაა“.

„ამ შემთხვევაში ეს იყო არაბეთის ფილა, რომელიც ჩრდილოეთისკენ მოძრაობდა და ანატოლიის ფილას ეწინააღმდეგებოდა“, – წერს BBC-ი.

როგორც თურქული გამოცემა „დეილი საბაჰი“ წერს, თურქეთის უმეტესი ნაწილი მდებარეობს ანატოლიის ტექტონიკურ ფილაზე, რომელიც მდებარეობს ორ მთავარ ფილას – ევრაზიისა და აფრიკის ფილებს და ასევე არაბეთის ფილას შორის.

„აფრიკულისა და არაბეთის ფილების ცვლის დროს თურქეთი, ფაქტობრივად, შუაში ჰყვება, ხოლო ევრაზიის ფილა აფერხებს ნებისმიერ მოძრაობას ჩრდილოეთისკენ, ასეთ დროს თურქეთი, ფაქტობრივად, შუაში ყვება.  ამრიგად, თურქეთი დგას რამდენიმე რღვევის ხაზზე“, – წერს გამოცემა.

წყარო: BBC

„ჩვენ ვცხოვრობთ გეოგრაფიაში, რომელიც მიდრეკილია ბუნებრივი კატასტროფებისადმი და მაღალი რისკის შემცველია. ეს არის ფაქტი, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ, როგორც მოცემულობა, მაგრამ არასოდეს უნდა დავნებდეთ ან დავთმოთ ამის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა და უნდა მივიღოთ პრევენციული ზომები.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ის პროცესები, რომლებიც სტიქიური უბედურების სახით ვლინდება, ჩვენ გვაქვს საშუალება, შევამციროთ მათ მიერ გამოწვეული ზიანი“, – წერია თურქეთის 2012-2013 წლის მიწისძვრის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმაში.

მიწისძვრის სიმძლავრის გასაზომად და შესადარებლად გეოლოგები იყენებენ მაგნიტუდის სკალებს. ბრიტანეთის გეოლოგთა ასოციაცია წერს, რომ 5 ბალზე ნაკლები სიმძლავრის მიწისძვრა იშვიათად აზიანებს შენობებს. თუმცა 6 ან მეტი მაგნიტუდის მიწისძვრა შეიძლება იყოს კატასტროფული.

ყველაზე ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა ჩილეში 1960 წელს და იყო 9,5 მაგნიტუდის სიმძლავრის.


მთავარ ფოტოზე მიწისძვრა თურქეთში | წყარო arabianbusiness

რამდენ მაგნიტუდაზეა გათვლილი სახლები, რომლებსაც ბათუმში აშენებენ

6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრას, 7 თებერვლის მონაცემებით, 5 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. პირველ ჯერზე ნგრევა 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ გამოიწვია. რამდენად სეისმომედეგია ის საცხოვრებელი კორპუსები, რომლებსაც ბოლო პერიოდში აშენებენ საქართველოში და როგორ მოწმდება მშენებლობის სტანდარტები? ამ თემაზე „ბათუმელები“  ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, დამსახურებულ მშენებელს რეზო კახიძეს ესაუბრა.

  • ბატონო რეზო, თურქეთში მომხდარმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვები იმაზე, თუ რამდენად სეისმომდგრადია ის საცხოვრებელი სახლები, რომლებიც დღეს ასე მასობრივად შენდება. თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენ მაგნიტუდაზეა გათვლილი ეს შენობები?

1960 წლამდე რა სახლებიცაა აშენებული, მათ შემთხვევაში სეისმური ღონისძიებები გატარებული არ არის, რადგან სეისმოლოგიური გაანგარიშებები და ნორმები 80-იანი წლებიდან შემოვიდა.

დღეს როგორც ბათუმში, ასევე სხვა ქალაქებშიც, ნებისმიერი მშენებლობა მიმდინარეობს იმ სეისმოლოგიური ზემოქმედების მიხედვით, რომელიც მინიჭებული აქვს ამა თუ იმ რეგიონს და ყველაფერი არის ნორმის ფარგლებში.

ბათუმში მშენებლობები გათვლილია 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაზე, ქობულეთის ზოგიერთ ნაწილში და თბილისში, 8 მაგნიტუდაზეა გათვლილი.

სპიტაკისა და საქართველოს მიწისძვრა რომ იყო, რომელსაც მოჰყვა ნგრევა, 7 მაგნიტუდა იყო. მას შემდეგ, ბოგდანოვკის გარდა თითქმის ყველგან 8 მაგნიტუდაზე გადაიყვანეს ბევრი ქალაქი. თუმცა დღეს ქალაქების უმრავლესობა 7 მაგნიტუდაზეა გათვლილი.

  • თუ გქონიათ პრაქტიკაში შემთხვევა, როცა პროექტი წარმოდგენილი იყო სეისმური სტანდარტების გათვალისწინებით, თუმცა მშენებლობის პერიოდში დაირღვა ეს სტანდარტი?

მსგავსი შემთხვევები ზედამხედველობის სამსახურმა უნდა შეამოწმოს. მშენებელი და არქიტექტორი ამას არ ამოწმებს. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა არ მოხდეს სეისმური ნორმების დაცვა, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მაღლივი შენობები დიდი ყურადღებით შენდება და არა მგონია რაიმე ნორმა დაარღვიონ.

  • მერიის ზედამხედველობის სამსახურში გვითხრეს, რომ მათ არ ჰყავთ ინსტრუქტორები. მაშინ რის მიხედვით მოწმდება, სეისმური ნორმების დაცვით შენდება თუ არა შენობა?

ჰყავთ, როცა სჭირდებათ… პროექტთან ერთად გაიცემა ნებართვა, რომელიც მოითხოვს მშენებლობის ცალკეული ეტაპების წარმოებისას, სხვადასხვა სახის – იქნება ეს ფარული სამუშაოები თუ ღია, აქტების შედგენას.

აი, ეს ეტაპები უნდა შემოწმდეს, ეს არის ერთადერთი იარაღი. პროექტში რაც არის მოყვანილი, ის უნდა შესრულდეს. თუ სპეციალისტები არ ჰყავთ, უნდა მოიწვიონ.

პროექტი გადის ექსპერტიზას, ცალკე მოწმდება არქიტექტურა, ცალკე გეოლოგია და კონსტრუქცია კიდევ ცალკე. შემდეგ, მშენებელმა უნდა მოიწვიოს კონსტრუქტორი, ის ამოწმებს ამ ყველაფერს და ადგენენ ოქმს.

  • რატომ აქვთ ადამიანებს განცდა, რომ უხარისხოდ შენდება ქალაქში საცხოვრებელი სახლები?

განცდა შეიძლება ყველას ჰქონდეს, მაგრამ თუ გვექნება ამ ყველაფერზე ინფორმაცია, ეს განცდები მოგვეხსნება.

დღეს, თუკი რამე შენდება, ყველაფერი დაცულია. თუ პროექტის მიხედვით არ გაკეთდა, ეს სხვა საკითხია.

პროექტი იმიტომ არსებობს, რომ ამის მიხედვით აშენდეს. იმიტომ უტარდება ექსპერტიზა და შემოწმება, რომ ის იყოს დანამდვილებით შესაბამისი იმ გარემოსი, რა მოთხოვნებიც არსებობს კონკრეტულ რაიონში სეისმურობასთან დაკავშირებით.

სეისმურობას ითვალისწინებს შენობის შემადგენელი ელემენტების ერთმანეთთან შეკავშირებაც.

  • რამდენად გამართლებულია მთაგორიან ქალაქებში მაღალი კორპუსების მშენებლობა. მაგალითად, თბილისში ბევრი ასეთი კორპუსი შენდება, მაშინ, როცა დასავლურ ქვეყნებში მსგავს შენობებს დაბლობში უფრო აგებენ.

ამაზე არც მე და ალბათ არც სხვა მშენებელი არ ნერვიულობს, რადგან, როგორც ვიცი, ყველა ნორმა დაცულია. არც ერთი მაღლივი შენობა ხიმინჯების გარეშე არ არის აშენებული და საძირკვლებიც ამ მხრივ უზრუნველყოფილია.

მთავარი, რა თქმა უნდა, საძირკველია, მაგრამ მიწის ზედა კონსტრუქციებს შორის კავშირი არის მნიშვნელოვანი – კედელი, გადახურვის ფილა, სვეტი, მილები – აი, ამათ შორის უნდა იყოს ისეთი კავშირი, რომელიც დააკმაყოფილებს სეისმურობის მოთხოვნებს.

რეზო კახიძე

მე პირადად რამდენიმე ობიექტზე ახლაც დავდივარ და ვაკვირდები.

7 მაგნიტუდის შემთხვევაში ეს ქალაქი დაზღვეულია ნგრევისგან, მაგრამ 8 მაგნიტუდის თუ იქნება მიწისძვრა, ეს სხვა საკითხია.

თურქეთში 7 მაგნიტუდას გადაშორდა ხომ? უფრო ნაკლები რომ ყოფილიყო, დაინგრეოდა ძველი შენობები, ახლები ნაკლებად, რადგან თურქეთმაც სეისმური ნორმების გამკაცრება ბოლო პერიოდში დაიწყო, მანამდე არც ისინი აქცევდნენ ყურადღებას.

ადრე, როცა ჩავდიოდი თურქეთში და ვუყურებდი, მიკვირდა, როგორ შეიძლება ასე აშენო-მეთქი. საერთოდ არ იყო სეისმური ღონისძიებები გათვალისწინებული.

ახლა კი რასაც აკეთებენ, ძალიან დიდ მარაგს დებენ ამა თუ იმ კონსტრუქციაში, ჩვენზე ბევრად მეტს.

  • როგორც არაერთი სპეციალისტისგან გვსმენია, არ არის საკმარისი ის რეგულაციები, რაც დღეს არსებობს, თქვენ რას მიიჩნევთ ყველაზე დიდ პრობლემად? 

მესმის, რომ ადრე უფრო მკაცრად კონტროლდებოდა ყველაფერი, პატარა ნიუანსებსაც კი შეთანხმება სჭირდებოდა რამდენიმე უწყებაში, თუმცა, თუ ყველა ნორმა იქნება დაცული, შენობები 7 მაგნიტუდას გაუძლებს.

ქართველი მეზღვაური ესპანეთის ციხიდან მთავრობას დახმარებას სთხოვს

ესპანეთში დაკავებული 26 წლის ქართველი მეზღვაური ნუკრი გოგიტიძე სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს.

მისი თქმით, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი ტვირთმზიდავი გემი 2020 წლის 5 დეკემბერს სტამბულიდან გავიდა, რომელიც დაახლოებით სამ თვეში, ესპანეთის საზღვართან დააკავეს. გემზე 3 ათასი კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს. ამის გამო ესპანეთის პოლიციამ მთელი ეკიპაჟი დააკავა. მათ შორისაა ნუკრი გოგიტიძე და საქართველოს კიდევ ოთხი მოქალაქე.

ნუკრი გოგიტიძე ესპანეთიდან ვიდეოს ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ არც მან და არც სხვა ქართველმა მეზღვაურებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ნუკრი გოგიტიძის თქმით, მისი ყველა უფლება დარღვეულია, ის ვერ ახერხებს ადვოკატის აყვანას, რადგან ამის თანხა არ აქვს.

„სახაზინო ადვოკატი მყავს, რომელიც ჩემ უფლებებს სათანადოდ არ იცავს. მხოლოდ ერთხელ მნახა ამ დროის განმავლობაში და არაფერს აკეთებს.

კომპანიამ მეზღვაურებს შემოგვთავაზა ადვოკატი და დიდი ოდენობით ფული, თუ საკუთარ თავზე ავიღებდით დანაშაულს, მაგრამ მე უარი განვაცხადე. სხვა მეზღვაურებმა უარი თქვეს ამაზე. ან დავამტკიცებ, რომ  მართალი ვარ, ან აქედან ცოცხალი არ გამოვალ“, – ამბობს ნუკრი გოგიტიძე ვიდეოში.

„ბათუმელები“ ნუკრის მამას, ნუგზარ გოგიტიძეს ესაუბრა, რომელიც ქედაში ცხოვრობს.

მისი თქმით, მისი შვილი თურქულმა კომპანია Mavi denizcilik – მა დაასაქმა. თურქეთის დროშის ქვეშ მცურავ გემზე NEHIR-ი.

„ესენი ფაქტობრივად გაიტყუეს სტამბულიდან. სამი თვე, არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა ჩემ შვილზე. გვეუბნებოდნენ, პანდემიაა და ალბათ სადმე გაჩერდნენო.

სამი თვის შემდეგ კი გემიდან დაგვიკავშირდა ჩემი შვილი და მითხრა, რომ ასეთ მდგომარეობაში იყო. წაართვეს ყველა დოკუმენტაცია, ტანსაცმელი, ტელეფონები და სამანქანეში ჰყავდათ ეს მეზღვაურები გამოკეტილი.

როცა ესპანეთის საზღვარზე პოლიციამ შენიშნა, გემის ჩაძირვა დაიწყეს. ფაქტობრივად, ეს ბიჭები ესპანურმა პოლიციამ გადაარჩინა, რადგან კაპიტანი და ტვირთის მფლობელი უკვე გაქცეულები იყვნენ გემიდან“, – გვეუბნება ნუგზარ გოგიტიძე.

მამა-შვილის ინფორმაციით, გამოძიება ჩატარდა, თუმცა სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ ჩაინიშნა. მათ არაერთხელ მიმართეს დასახმარებლად საქართველოს მთავრობას, თუმცა არავინ გამოეხმაურა.

„2022 წლის 14 მარტს დასრულდა გამოძიება. როცა ვეკითხებოდი ადვოკატს, რატომ არ ტარდებოდა სასამართლო, მეუბნებოდნენ დრო არ გვაქვსო. კონსტიტუციურად, შეუძლიათ ოთხი წელი არ ჩაატარონ სასამართლო.

ამბობენ, რომ ნამდვილ დამნაშავეებთან კვალზე ვერ გავიდნენ. მე რატომ უნდა ვიყო ოთხი წელი ტყუილად ციხეში? შემდეგ კი მაიძულონ, რომ ხელი მოვუწერო აღიარებაზე. ჩვენ, ბიჭებმა სამართალი ფულში არ გავყიდეთ, რადგან სამუშაოდ ვიყავი წამოსული აქ და სხვა არანაირ საქმეში არ ვყოფილვართ.

დასაქმებაში ფული გვაქვს გადახდილი და კონტაქტებიც გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს დანაშაული ჩადენილი“, – ამბობს ნუკრი გოგიტიძე ვიდეოში.

მისი მამის, ნუგზარ გოგიტიძის თქმით, ბოლო გასაუბრება გამომძიებელთან და მოსამართლესთან 2023 წლის 26 იანვარს იყო.

„თანამონაწილეობაზეა საუბარი, მაგრამ ჩემმა შვილმა აუხსნა, რომ ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ბიჭები ფაქტობრივად განწირული ჰყავდათ, მათ მოკვლას აპირებდნენ.

ორი წელია ვის არ ვთხოვ დახმარებას და ყურადღებას არავინ გვაქცევს. არც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, არც საელჩოს და არც მთავრობას, არავის მოუკითხია. ყველა გვატყუებს.

ზალკალიანმა, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, შვილები დაიფიცა, რომ დაგვეხმარებოდა და ერთხელაც კი არ მოიკითხა ეს ამბავი. გვითხრა, პრემიერამდე მივიტან ამბავსო, მაგრამ პრემიერი როცა ესპანეთში იყო, ერთხელაც არ უხსენებია ჩვენი შვილები.

პარლამენტში ნიკოლოზ სამხარაძეს შევხვდით, ისიც დაგვპირდა, რომ ესპანეთში გაგვიშვებდა და შვილის ნახვას შევძლებდით, არ დაგვეხმარა.

ანზორ ბოლქვაძემაც მოგვატყუა, მითხრა დავაყენებ ამ საკითხსო და არ დაგვეხმარა. მატყუარა ეგ.

არც ჩვენი ელჩი ესპანეთში აკეთებს რაიმეს. გზავნილიც არ შეუტანეს ჩვენ შვილს ციხეში, რომელიც გავუგზავნეთ. ყველას სათითაოდ კარზე უნდა მივუკაკუნო? რისი მაქნისები არიან, ეს არის ხელისუფლება?“ – ამბობს ნუგზარ გოგიტიძე.

მისი თქმით, დაკავებულ თურქეთის მოქალაქეებს, ადვოკატი სახელმწიფომ დაუქირავა, საქართველოს მთავრობა კი ქართველ მეზღვაურებს ყურადღებას არ აქცევს. „ჩვენი ბიჭები მიტოვებული არიან“, – ამბობს გოგიტიძე.

ის ამბობს, რომ თუ საქართველოს მთავრობა კიდევ არ მიაქცევს დაკავებულ მეზღვაურებს ყურადღებას და არ დაიცავს მათ უფლებებს, საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

„ბათუმელები“ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დაუკავშირდა და ჰკითხა, ორი წლის განმავლობაში რა მოიმოქმედა სახელმწიფომ ესპანეთში დაკავებული ქართველი მეზღვაურების დასახმარებლად.

სააგენტოში გვითხრეს, რომ უწყება არ არის ვალდებული გასაჭირში მყოფ მეზღვაურებზე პასუხისმგებლობა აიღოს.

„მსგავს სიტუაციებში, ჩვენ ვართ ადეკვატურად ჩართული, მაგრამ თუ თავს ზემოთ ძალა არ არის, ვერ ვეხმარებით. ისე კი, გასაჭირში ჩავარდნილი მეზღვაურის დახმარება არის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმე და ჩვენს კომპეტენციაში არ შედის, მიუხედავად იმისა, რომ მეზღვაურია.

ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვერთვებით ხოლმე“, – განმარტეს სააგენტოში.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რა გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში დაკავებული მეზღვაურების დასახმარებლად, უწყებამ პასუხი წერილობით გაგვცა.

„ესპანეთში საქართველოს საელჩო  მუდმივ კონტაქტზეა დაკავებული ქართველი მეზღვაურების უფლებადამცველებთან. გარდა ამისა, საელჩოს წარმომადგენლებმა არაერთხელ მოინახულეს ქართველი მეზღვაურები.

საქართველოს დიპლომატიური მისია, ისევე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი აქტიურ კომუნიკაციაში არიან მეზღვაურების ოჯახის წევრებთან, მათთან სატელეფონო კავშირი აქვთ თავად დაკავებულებსაც“-გვწერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მათივე ინფორმაციით, 2021 წლის 26 ივლისს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა დაკავებული ქართველი მეზღვაურების მშობლებსა და მათ ახლობლებთან, სადაც საუბარი შეეხო მეზღვაურების საკითხს.

„საუბრის დროს ხაზგასმით აღინიშნა სამინისტროს და ესპანეთში საქართველოს საელჩოს მხრიდან, კომპეტენციის ფარგლებში საკითხში მაქსიმალური ჩართულობისა და მოქმედების შესახებ.

დაკავებული მეზღვაურების მშობლებმა, მადლიერება გამოხატეს სამინისტროს და საელჩოს მიმართ, გაწეული დახმარებისათვის“, – გვწერს სამინისტრო.

ნუგზარ გოგიტიძე კი ამბობს, რომ მისი შვილი მხოლოდ ერთხელ მოინახულეს ციხეში და მას შემდეგ არავის მოუკითხია.

„ბათუმელები“ პარლამენტარ ანზორ ბოლქვაძესაც დაუკავშირდა. დეპუტატის თქმით, მან ერთხელ სთხოვა საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარება, თუმცა მას შემდეგ როგორ განვითარდა პროცესები, ამაზე ინფორმაცია არ აქვს.

„ადრე შევხვდით ამ მეზღვაურის მშობლებს და საგარეოსთან დავაკავშირეთ, შემდეგ აღარ ყოფილა კავშირი. ასეთი პატიმრები გვყავს ამ წუთში პოლონეთში, ბელარუსში, სხვა ქალაქებშიც და ჩვენ საკონსულოების და საელჩოების მეშვეობით ვეხმარებით.

დამიკავშირდნენ კიდევ და ჩავერთვები პროცესებში“, – აცხადებს ანზორ ბოლქვაძე.

ნუგზარ გოგიტიძე კი გვეუბნება, რომ ოჯახს ფინანსური რესურსები ამოეწურა და შვილთან ტელეფონით დაკავშირებასაც კი ვერ ახერხებს.

„ორი წლის განმავლობაში ყველაფერი გავყიდე, არანაირი შემოსავალი აღარ მაქვს, დაუძლურებული ვარ და აღარ ვიცი რა გზას დავადგე. ეგ თანამდებობის პირები არარაობები არიან, რადგან არაფერს აკეთებენ ჩვენი შვილების დასახმარებლად.

ერთ-ერთი მეზღვაურის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ფსიქიკური პრობლემები  გაუჩნდა ციხეში და მომკითხავი არავინ არის. მე დავამტკიცებ, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა“, – ამბობს ნუგზარ გოგიტიძე.

რუსეთი თავისი შეტევითი ოპერაციების თავიდან დაწყებას ცდილობს – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 7 თებერვლის ანგარიშში უკრაინაში რუსეთის სამხედრო გეგმებს მიმოიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, სავარაუდოდ, 2023 წლის იანვრის პირველი რიცხვებიდან მოყოლებული, რუსეთი თავისი ძირითადი შეტევითი ოპერაციების თავიდან დაწყებას ცდილობს.

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მისი ოპერატიული მიზანია, დაიპყროს დონეცკის ოლქის ის ნაწილი, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს.

როგორც უწყება წერს, რუსულმა ძალებმა კვირაში მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრის დაკავება მოახერხეს, რაც, დიდი ალბათობით, იმითაა გამოწვეული, რომ რუსეთს წარმატებული შეტევებისთვის აუცილებელი შეიარაღებისა და მანევრირებდი ქვედანაყოფების ნაკლებობა აქვს.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის ექსპერტების შეფასებით, პოლიტიკური და პროფესიული წნეხის გამო უფროსი მეთაურები, სავარაუდოდ, ამუშავებენ გეგმებს, რომლებიც არასაკმარისი რაოდენობის პერსონალისგან შემდგარი, გამოუცდელი ქვედანაყოფებისგან არარეალისტური მიზნების მიღწევას მოითხოვს.

„რუსი მეთაურები, სავარაუდოდ, გააგრძელებენ სწრაფი წინსვლის მოთხოვნას. კვლავ ნაკლებსავარაუდოა, რომ მომავალი კვირების განმავლობაში რუსეთი შეძლებს საჭირო ძალების მობილიზებას, ომის შედეგებზე არსებითი გავლენა რომ მოახდინოს“, – ვკითხულობთ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 7 თებერვლის ანგარიშში.

„საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის

წელს „საბამ“ ლიტერატურული კონკურსი ოცდამეერთედ გამოაცხადა. ავტორებსა და გამომცემლებს უკვე შეუძლიათ წიგნები წარადგინონ კონკურსზე. ამისათვის მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი ვებგვერდზე saba.com.ge

განაცხადების მიღება 25 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას“ ჟიურის წევრები წიგნების განხილვას შეუდგებიან და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებენ.

2023 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს:

  1. საუკეთესო რომანი
  2. საუკეთესო პოეტური კრებული
  3. საუკეთესო პროზაული კრებული
  4. საუკეთესო პიესა
  5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
  6. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
  7. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
  8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
  9. ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

მარტში საკონკურსო წიგნების გრძელი სია გამოქვეყნდება. ასევე, კონკურსის მსვლელობის პარალელურად, ამ წიგნების ელექტრონული ვერსიებიც განთავსდება SABA Reader-ში და მკითხველებს საშუალება ექნებათ გაეცნონ მათ.

ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან „საბამ“ არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა, კერძოდ 4500-ზე მეტი წიგნი განიხილა, 196 პრემია გასცა და 150-ზე მეტი ავტორი დააჯილდოვა (მათგან არაერთი ავტორი დაჯილდოვდა მინიმუმ 2-ჯერ და მეტჯერ). ჟიურიში კი 90-მდე მწერალმა და ლიტერატორმა იმუშავა.

წელს, კონკურსის ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი, ხოლო შემოდგომაზე დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება.

რამ შეამცირა ფოკაში ნაადრევი ქორწინების რიცხვი – არფიკი სომხური თემიდან

„რამდენიმე დღეში ბავშვი უნდა გავაჩინო. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სადაც ვცხოვრობ, ვერ იმშობიარებ. ბევრი ცუდი რამ გესმის და არ გაქვს გარანტია, რომ ბავშვს ან დედას რამე არ დაემართება“ – ამბობს 25 წლის არფიკ აგაიანი სოფელ ფოკიდან.

არფიკმა გადაწყვიტა თბილისში გაეჩინა შვილი. ფოკაში მცხოვრებ ყველა ოჯახს არფიკის მსგავსად ამის საშუალება ხშირად არ აქვს.

„სტომატოლოგის კაბინეტიც არ იყო ფოკაში არასდროს. კაბინეტი სოფელში 4 წლის წინ გამოჩნდა. მეც სტომატოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და აქ დავბრუნდი“ – ამბობს არფიკი.

მისი თქმით, სახელმწიფო ენის პროგრამამ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ნელ-ნელა, მაგრამ უნდა შეცვალოს ადამიანების ცხოვრება.

სანამ სტომატოლოგის საქმიანობას შეუდგება, არფიკი ბილინგვურ სწავლებაშია ჩართული და ფოკის საჯარო სკოლის მასწავლებლებს ორენოვანი სწავლების მეთოდის დანერგვაში ეხმარება.

მიუხედავად იმისა, რომ ფოკაში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობასთან არფიკს ქართულად საუბარი არ უწევს, ის ქართულად ძალიან კარგად საუბრობს.

არფიკს გაუმართლა. რამდენიმე წლის წინ ფოკაში პროგრამით ჩასული ქართულის მასწავლებელი არფიკის მშობლების სახლში დასახლდა და მას ენა ასწავლა.

არფიკი ფიქრობს, რომ რაც მეტი ქართულენოვანი მასწავლებელი ჩავა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში, მით უფრო მარტივად ისწავლიან ბავშვები ენას, ეს კი ნიშნავს, რომ მეტი აბიტურიენტი ჩააბარებს ქართულენოვან სასწავლებლებში, ბევრი მათგანი დაბრუნდება და განავითარებს გარემოს, სადაც დაიბადა და გაიზარდა:

„სახელმწიფო ენის ცოდნა ნიშნავს, შეგეძლოს სოფლის გარეთაც რაღაცის კეთება. როცა ენა არ იცი, მაღაზიით დაწყებული, საავადმყოფოთი დამთავრებული, ყველგან წინააღმდეგობები გხვდება, ვერაფერს იგებ სხვების დახმარების გარეშე.

როცა შეტყობინება მოდის მობილური ოპერატორისგან, ან რეკავ და ავტომოპასუხე გპასუხობს ქართულად, ვერ იგებ, ან მიდიხარ დასასვენებლად ბათუმში და სულ სხვას სთხოვ გადაგითარგმნოს, რას გეუბნებიან.

ორსულობისას მომავალი ბავშვისთვის უამრავი რამ სჭირდება ქალს. ბევრი მედიკამენტი, ვიტამინი, კონსულტაცია ექიმებთან და ა.შ. უამრავი ფასდაკლების შესახებ მოგდის ინფორმაცია – ეს ყველაფერი ქართულ ენაზე. ხომ ყოფითი წვრილმანებია რასაც ვყვები, მაგრამ ეს წვრილმანებიც გაგრძნობინებს სახელმწიფო ენის ცოდნის სიკეთეებს“ – ამბობს არფიკი.

25 წლის სტომატოლოგი გვიყვება, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სომხურ სოფლებში ქალაქებიდან ადრე დიდი სატვირთო მანქანებით ჩაჰქონდათ სხვადასხვა პროდუქტი და მოსახლეობას კარტოფილში უცვლიდნენ. ფოკაში ეს პრაქტიკა უკვე შეიცვალა. სოფელში რამდენიმე მაღაზიაა.

სოფლის მცხოვრებლებმა, რომლებმაც ელემენტარული საკომუნიკაციო ენა მაინც ისწავლეს, შეძლეს კარტოფილის წაღება სხვადასხვა ქალაქში და თავად ყიდიან, მერე კი ქალაქებიდან სოფელში მოაქვთ პროდუქტი და მაღაზიებს ხსნიან. ფოკაში ახლა რამდენიმე ასეთი მაღაზიაა.

არფიკის თქმით, სოფლის მცხოვრებლებს ახლა აღარ უწევთ კვირაობით ელოდონ ქალაქიდან მოსულ სატვირთოებს პროდუქტებით.

არფიკ აგაიანი

სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტურის დამთავრების შემდეგ არფიკი სოფელში დაბრუნდა. სანამ სტომატოლოგის კაბინეტს გახსნის, გადაწყვიტა ქართული ენის სწავლაში დახმარებოდა ბავშვებს. ასე გახდა შარშან ბილინგვური მეთოდით სწავლების კოორდინატორი და ბუნებისმეტყველების დამხმარე მასწავლებელი სკოლაში.

დაწყებით კლასებში ბილინგვური მეთოდით სწავლება რამდენიმე წლის წინ დაიწყო, ახლა ეს მეთოდი მაღალ კლასებში ინერგება.

„ვაკვირდები ბავშვებს, ვიყენებ საკუთარ გამოცდილებასაც და ვცდილობ, რაც მე მიჭირდა სკოლის პერიოდში, ის მათ მაინც აღარ გაუჭირდეთ.

გვყავს ასევე დამხმარეები, რომლებიც ბავშვების ინდივიდუალური შესაძლებლობების შემთხვევაში გვეხმარებიან, სპეციალური ბილინგვური ბარათები არსებობს, რისი საშუალებითაც შეგვიძლია გავამარტივოთ ან გავართულოთ დავალებები.

ამ მეთოდით სწავლების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ერთსა და იმავე საგანს ბავშვები ერთდროულად სომხურადაც სწავლობენ და ქართულადაც. დავალებებიც ორენოვანია,“ – გვიყვება არფიკი.

მისი დაკვირვებით, სოფელში სახელმწიფო ენის პროგრამებმა შეცვალა არამხოლოდ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველთა ცხოვრება, არამედ ზოგადად, ახალგაზრდების. არფიკი ამბობს, რომ ფოკაში სკოლის დამთავრების შემდეგ გოგოები მაშინვე აღარ ფიქრობენ დაქორწინებას, რაც 10 წლის წინ  ჩვეულებრივი ამბავი იყო:

„განათლებამ ნაადრევი ქორწინების რიცხვი ძალიან შეამცირა, თითქმის ყველა გოგოსთვის მნიშვნელოვანია სკოლის დამთავრების შემდეგ მიიღოს განათლება ან ისწავლოს რამე და დასაქმდეს: მაკიაჟის კეთება, თმის კრეჭა, კულინარია, კერვა და ა.შ.

ყველა ცდილობს საკუთარი შესაძლებლობები განავითაროს სამომავლოდ დამოუკიდებლობისთვის, ამ პროცესში კი ყველას სჭირდება სახელმწიფო ენა,“ – ამბობს არფიკი.

იხსენებს იმასაც, თუ როგორ გაუჭირდა  ქართულენოვან გარემოში ცხოვრება თავიდან და სამედიცინო ტერმინოლოგიაში გარკვევა.

ენა იცოდა, მაგრამ გარემოში, სადაც სწრაფად საუბრობდნენ, ვერაფერს იგებდა. სპეციფიკური სამედიცინო ლიტერატურის კითხვა და გაგება ძალიან უჭირდა პირველ სემესტრში. დილიდან საღამომდე კითხულობდა.

„ეს საშინელებაა. როცა პასუხი იცი, მაგრამ ვერ ამბობ, მუნჯდები. თავიდან ყველა ისე მიყურებდა, როგორც „საცოდავ გოგოს“, რომელიც ვერ საუბრობს ქართულად კარგად. მეორე სემესტრიდან შევიცვალე. ტერმინოლოგია ავითვისე, სამედიცინო ლიტერატურას ალღო ავუღე. მივხვდი, რომ ყოველი ახალი ორგანოს და დაავადების შესწავლისას ჯერ მათთან დაკავშირებული ტერმინები უნდა მესწავლა კარგად – მერე ადვილდებოდა. მეორე სემესტრიდან საუბარიც თავისუფლად დავიწყე და სტიპენდიაც მივიღე.

მერე ჩემ მიმართ პრეტენზიები გაჩნდა: ქართულად ვერც კი მეტყველებს კარგად და მაღალ ქულებს რატომ უწერთო – ბრაზობდა ზოგიერთი სტუდენტი. მე კი ვფიქრობ, რომ სამედიცინო ფაკულტეტზე მთავარია ზუსტად გაიგო რას სწავლობ, მაგრამ შეიძლება საუბრისას არასწორად წარმოთქვა ზოგიერთი სიტყვა, ეს არაფერს ვნებს, მე ხომ ქართული დაბადებიდანვე არ მისწავლია. გული მტკიოდა, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევდი“ – იხსენებს არფიკი.

შსს მალავს, რუსეთის რამდენი მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში – 10 თვეში შემოსულია 1,4 მილიონი 

რუსეთის რამდენმა მოქალაქემ დატოვა საქართველო ბოლო 10 თვეში, ამ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მალავს. არადა, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 2023 წლის იანვრამდე პერიოდში, ანუ 10 თვეში, საქართველოში რუსეთის 1,4 მილიონი მოქალაქე შემოვიდა [რაც საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 38,1 პროცენტია, ანუ, მესამედზე მეტი].

რუსეთის რამდენმა მოქალაქემ დატოვა საქართველო და, შესაბამისად, რამდენი დარჩა ქვეყანაში, ამ სტატისტიკის მისაღებად „ბათუმელებმა“ შსს-ს ოფიციალური წერილით იანვარში ორჯერ მიმართა. სამინისტრომ ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

რუსეთის ფედერაციის რამდენი მოქალაქე გავიდა საქართველოდან 2022 წლის 1-ელი მარტიდან 2023 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში? – ამ ინფორმაციის მისაღებად სამინისტროს 2023 წლის 11 იანვარს მივმართეთ.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) აღრიცხვიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში გაცნობებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული პირების სტატისტიკური მონაცემები განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც პერიოდულად ქვეყნდება შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები“, – მოგვწერეს სამინისტროდან 24 იანვრით დათარიღებული წერილით.

ვინაიდან ოფიციალურ ვებგვერდზე, რაზეც სამინისტრომ თავის წერილში მიგვითითა, არ იძებნება ჩვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია [ასეთ სტატისტიკას სამინისტრო ვებგვერდზე უბრალოდ არ აქვეყნებს], 2023 წლის 30 იანვარს განმეორებით მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოეწოდებინა ჩვენ მიერ 11 იანვარს მოთხოვნილი კონკრეტული ინფორმაცია – რუსეთის ფედერაციის რამდენმა მოქალაქემ დატოვა საქართველო 2022 წლის 1-ელი მარტიდან 2023 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული წერილის თანახმად, რომელიც 2023 წლის 2 თებერვლით არის დათარიღებული, მოთხოვნილი ინფორმაცია უკვე მოგვეწოდა სამინისტროს 2023 წლის 24 იანვრით დათარიღებული წერილით.

შესაბამისად, საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას სამინისტრომ ისევ მალავს.

ამავე თემაზე:

რუსეთის მოქალაქეებმა 2 963 ბინა და 37.9 ჰა მიწა შეიძინეს საქართველოში – ომი უკრაინაში

3 381 დაღუპული, 20 426 დაშავებული – მიწისძვრა თურქეთში, მეორე დღე

თურქული მედიის უკანასკნელი ცნობებით, 3 381 ადამიანი დაიღუპა თურქეთის სამხრეთ რეგიონში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად. დაშავებულია 20 426 ადამიანი, ხოლო ათასობით მოქალაქე საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი.

მიწისძვრის გამო თურქეთში 7 დღიანი გლოვა გამოცხადდა. „ანადოლუს“ ცნობით, რეგიონში, სადაც მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია, 13.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.

მიწისძვრამ  შენობები დაანგრია თურქეთის 10-ზე მეტ დიდ ქალაქში. ვარაუდობენ, რომ ასობით ადამიანი ისევ ნანგრევებშია მოყოლილი და მათი ამოყვანა ჯერ ვერ ხერხდება.

მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია კაჰრამანმარაშში და ადანას პროვინციებში. საცხოვრებელი კორპუსები დაინგრა ქალაქ ჰათაიში, გაზიანთეპში, კილისში, ოსმანიეში, მალათიაში, ადიიამანში, დიარბაქირში, შანლიურფაში.

თურქეთის ოფიციალური პირების განცხადებებით, მიწისძვრის მსხვერპლთა ოდენობა გაიზრდება.

მიწისძვრამ თურქეთის საზღვაო ინფრასტრუქტურასაც დიდი ზიანი მიაყენა. ხმელთაშუა ზღვის მთავარ პორტში, ისკენდერუნში, მიწისძვრისას კონტეინერებს ცეცხლი გაუჩნდა, შედეგად ათეულობით კონტეინერი და მასში განთავსებული ტვირთი დაიწვა.

დიარბაქირში მიწისძვრით დაზარალებულთა ნაწილმა ღამე ადმინისტრაციულ შენობებში გაათია
ფოტო: EPA-EFE/REFIK TEKIN

მიწისძვრამ დააზიანა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადამცემი ხაზები. დაშავებულთა დიდი ოდენობის გამო მიწისძვრის ეპიცენტრ ქალაქებში მოწყობილია საველე ჰოსპიტლები.

მიწისძვრით დაშავებულები ქალაქ ჰატაიში მოწყობილ საველე ჰოსპიტალში
ფოტო: EPA-EFE/ERDEM SAHIN

7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 6 თებერვალს, გამთენიისას თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონსა და სირიაში მოხდა.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, პირველი მიწისძვრა დილის 4:17 საათზე 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა კაჰრამანმარაშში, ფაზარჯიკის რაიონში.

მას მოჰყვა მეორე, 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი სამხრეთ-აღმოსავლეთ გაზიანთეპის პროვინციაში იყო. მესამე მიწისძვრა, რომელიც 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო, გაზიანთეფში მოხდა.

კიდევ ერთი მიწისძვრა 6 თებერვალს, თურქეთის დროით 13:25  წუთზე მოხდა სამხრეთის რამდენიმე რაიონში.

თურქეთმა მომხდარის გამო საერთაშორისო დახმარება ითხოვა. სამაშველო ოპერაციები მიწისძვრით დაზარალებულ რაიონში ამ დრომდე მიმდინარეობს. მასში სხვადასხვა ქვეყნის მაშველები არიან ჩართული, მათ შორის თურქეთს დახმარება გაუგზავნა საქართველომ.

Exit mobile version