მთავარი,სიახლეები

საქართველოში წამოსვლა მინდა – რას ჰყვება თურქეთში, მიწისძვრის რეგიონში მყოფი ქალი

07.02.2023 • 4865
საქართველოში წამოსვლა მინდა – რას ჰყვება თურქეთში, მიწისძვრის რეგიონში მყოფი ქალი

„პირველი მიწისძვრა ვერ გავიგე, მეძინა, მაგრამ მეორე გავიგე. შოკში ვიყავი, ახლაც ძალიან ვნერვიულობ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თურქეთში, მერსინთან ახლოს, ერდემლიში მცხოვრებმა მარინა ზუმბაძემ, 6 თებერვლის დილაზე საუბრისას.

6 თებერვალს, გამთენიისას თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარმა მიწისძვრამ ქვეყნის ათზე მეტი ქალაქი დაანგრია. 7 თებერვლის დილის მონაცემებით დაღუპულია 3 430 ადამიანი, 21 ათასზე მეტი დაშავებული, ათასობით ადამიანი კი დაკარგულია და ჯერ ვერ პოულობენ.

სტიქიის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილს აღარ აქვს საცხოვრებელი სახლი.

მერსინი ახლოსაა ისკენდერუნთან და ადანასთან, მიწისძვრით დაზარალებულ ქალაქებთან. უშუალოდ მერსინში მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია, თუმცა იმდენად ძლიერი იყო ბიძგები, რომ მოსახლეობა პანიკამ მოიცვა.

„ამ ქალაქში მე სადაც ვარ, არ ყოფილა ნგრევა. დამსაქმებელმა, ვისთანაც ვმუშაობ, დამამშვიდა – აქ არ არის ნგრევის ზონა და არც არასდროს ყოფილაო. მაგრამ გაზიანთეფში იყო. დიდი მსხვერპლია. ერთი ჩემი ნაცნობი ქართველი ქალი გარდაიცვალა გაზიანთეფში, გუშინ გამოიყვანეს ნანგრევებიდან. ამბობენ, რომ სხვა ქართველებიც დაკარგულები არიან, ეძებენ და ჯერ ვერ იპოვესო.

გაზიანთეფში ახლობელი ქალები მუშაობენ. ისინი გადარჩნენ, მაგრამ მათი ბინის წინ მდგარი ბინა ჩამოინგრა. ძალიან რთული სიტუაციაა.

ძალიან მეშინია. დღეს დილით გავიქეცი ოფისში, მაინტერესებდა გზა თუ იყო, საქართველოში მინდა წამოსვლა. მითხრეს არის გზაო. მაგრამ მაინც არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული შევძლებთ თუ არა წამოსვლას. მიწისძვრამ გზები დახეთქა და რამდენად უსაფრთხოა მგზავრობა არ ვიცი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მარინა ზუმბაძემ.

მარინას თქმით, ემოციურად განიცდის იმ ყველაფერს, რაც ახლა თურქეთში ხდება.

„ისე მეშინია, ტელევიზორის ჩართვა არ მინდაო,“ – ამბობს. მერსინთან ახლოს მდებარე ქალაქ ერდემლიში მარინასთან ერთად კიდევ 6 ქართველი ქალია. ისინიც მარინას მსგავსად ოჯახებში მუშაობენ. მარინას თქმით, მის გარდა წასვლა ჯერ არავის უნდა.

„ამ ქალაქში 6 ქართველი ქალი ვართ. მე წამოსვლა მინდა. ზოგი დარჩება ალბათ. თავად გადაწყვეტენ.

სანამ წამოვალ, ჯერ აქ ჩემი შემცვლელი უნდა ვიპოვო. ვინმე თუ არ მოვიდა, დამსაქმებელი ისე ვერ გამიშვებს. ამ ქალს, ვისაც ვუვლი ვერ დატოვებენ მარტო. ამიტომ უნდა მოვნახო ვინმე, მოვიყვანო ჩემს ადგილას და მე წავიდე. დამსაქმებელს ნათქვამი აქვს 15 დღით ადრე გამაფრთხილეო. თუ დღეს გავაფრთხილებ, 15 დღე კიდევ უნდა ვიმუშაო და ამასობაში ვინმე მოვნახო, ვინც დარჩება.

ამასთან ვიზა გადაცილებული მაქვს, ჯარიმის ფული უნდა გადამიხადოს ამ ოჯახმა. იცით აქ ყველაფერი როგორი გაძვირებულია, იმ ჯარიმის ფულსაც მოგროვება ხომ უნდა. მეც შევდივარ ამათ მდგომარეობაში. ძალიან კარგი ოჯახია, სადაც ვმუშაობ და მინდა ნორმალურად დავცილდე,“ – ამბობს მარინა ზუმბაძე.

მარინას თქმით, ის დაუკავშირდა საქართველოს საელჩოსაც, სადაც საჭიროების შემთხვევაში დახმარება აღუთქვეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: