მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რა ელის ბათუმის ქორწინების სახლს, რომელიც „არ ჯდება ბულვარის ლანდშაფტურ არქიტექტურაში“

09.02.2023 • 3721
რა ელის ბათუმის ქორწინების სახლს, რომელიც „არ ჯდება ბულვარის ლანდშაფტურ არქიტექტურაში“

ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში ქორწინების სახლი და შადრევნებზე აგებული საფეხმავლო ხიდები უნდა დაიშალოს – ასეთია სპეციალისტების რეკომენდაცია ბულვარის განაშენიანების გეგმაში, რომელიც ქალაქის საკრებულომ 2022 წელს დაამტკიცა.

ბულვარის ადმინისტრაციამ წელს 420 ათასი ლარით გამოაცხადა ტენდერი შადრევნებთან ფილების შეცვლაზე. „ბათუმელებმა“ ადმინისტრაციას ჰკითხა, ხომ არ იგეგმება უახლოეს პერიოდში ქორწინების სახლისა და ხიდების დემონტაჟიც.

„განაშენიანების გეგმა არის მთავარი სახელმძღვანელო იმ სამუშაოების, რაც ბულვარში ჩატარდება. რა თქმა უნდა, ეს გეგმა ქორწინების სახლის აღებასაც ითვალისწინებს, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე სამუშაოები ამ კუთხით არ მიმდინარეობს. ამჯერად ზღვისპირა ზოლი [პლაჟის მიმდებარე ტერიტორიაა] პრიორიტეტული, რომელიც განაშენიანების გეგმის მიხედვით უნდა განვითარდეს და ამ კუთხით ვმუშაობთ,“ – გვითხრეს ბულვარის ადმინისტრაციაში.

ქორწინების სახლი ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში / განაშენიანების გეგმაში აღნიშნულია, რომ უნდა მოხდეს მისი დემონტაჟი / 4.02.2023

ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმიდან:

„ბათუმის ბულვარის ისტორიის მანძილზე ცენტრალური შესასვლელი სხვადასხვაგვარად იყო გადაწყვეტილი დროთა განმავლობაში და პოლიტიკური გარდაქმნების ფონზე იგი განიცდიდა სახეცვლილებებს.

სხვადასხვა პერიოდში, ცენტრალურ შესასვლელში განთავსებული იყო ყვავილების თარგი, შადრევანი, ძეგლი და ა.შ. უკანასკნელ ასეთ ჩარევას წარმოადგენს ქორწინების სახლის შენობა…

შემოთავაზებულია გადაწყვეტა თანამედროვე ლანდშაფტური და საპარკო არქიტექტურის მიდგომებით, რათა მოხდეს შესასვლელის, როგორც მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სივრცის უკეთესი გადაწყვეტა და გააქტიურება.

ამ შემოთავაზების მიხედვით უნდა მოხდეს ქორწინების სახლის შენობის დემონტაჟი. იგი არ ჯდება ბათუმის ბულვარის ისტორიული ნაწილის ლანდშაფტურ არქიტექტურაში და თავისი მოცულობით ხელს უშლის მის სრულყოფილ აღქმას.

ბათუმის ბულვარის საპარკო არქიტექტურის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია მის გეგმარებაში ქალაქის ქუჩების გაგრძელება, ფეხით სასიარული ბილიკების და გრძივი მოედნების სახით ზღვის მიმართულებით.

ამგვარ სივრცით და ვიზუალურ ღერძებზე არ უნდა განთავსდეს არანაირი ობიექტი, რომელიც კეტავს ხედს ბულვარის სიღრმეში, ზღვაზე და ახდენს ამ სივრცითი და ვიზუალური კორიდორების ბლოკირებას.“

ბათუმი / ქორწინების სახლი / 4.02.2023

„ცენტრალური შესასვლელის აქცენტირებისთვის და იმ მიზნით, რომ იგი გახდეს საინტერესო ადგილი ბულვარის ვიზიტორებისთვის, დაგეგმილია იმ პირველი წყლის აუზის რეკონსტრუქცია, რომელზეც ამჟამად განთავსებულია ქორწინების სახლი.

შემოთავაზებულია აუზის მაგივრად ამ სივრცის გახსნა ქვედა დონეზე, სადაც მოეწყობა ღია შიდა სივრცე და რომელში მოხვედრაც ვიზიტორებისთვის შესაძლებელი იქნება სხვადასხვა მხრიდან კიბეებისა და პანდუსების მეშვეობით.

ქვედა დონეზე წარმოიქმნება ერთგვარი შიდა მოედანი, რომელიც შეიძენს ღია საექსპოზიციო და საგამოფენო სივრცის ფუნქციას.

ვფიქრობთ, საინტერესო იქნება აქ ბულვარის ისტორიის ფოტომუზეუმის მოწყობა და ეს სივრცე მიწისქვეშა პანდუსური გვირაბით, რომელიც ასევე საგამოფენო ფართობს წარმოადგენს, დაუკავშირდება ბულვარში ათწლეულების განმავლობაში არსებულ ფოტოჯიხურს…

ამ ადგილის ასეთი გარდაქმნა თავისი არსით არის დემოკრატიული და ხსნის უფრო მეტ საჯარო სივრცეს. იგი აღარ ტოვებს მომავალში ამ ადგილის პოლიტიკური ამინდის მიხედვით მუდმივი ცვლილების შესაძლებლობას“, – აღნიშნულია ბულვარის განაშენიანების გეგმაში.

ბულვარის ცენტრალური შესასვლელი / 4.02.2023

ამავე გეგმის მიხედვით, „უნდა მოიხსნას შუა, გრძელი შადრევნის აუზზე მოწყობილი ლითონის ხიდები, რომლებიც აგრეთვე არ ჯდება ისტორიული ბულვარის იერსახეში და ამახინჯებს მთავარ შესასვლელ ღერძს.“

განაშენიანების გეგმის მიხედვით, ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში ეს ხიდებიც უნდა დაიშალოს / ფოტო: 4.02.2023  /ფოტოზე მოჩანს „ამბასადორის“ შენობა, რომელიც განაშენიანების გეგმის [მის დამტკიცებამდე] მიხედვით „ბულვარისთვის შეუსაბამოა“, თუმცა ეს ჩანაწერი განაშენიანების გეგმის დამტკიცებისას საკრებულომ ამოიღო.

„იმისათვის, რომ მთავარ შესასვლელში არაფერი ხერგავდეს სივრცეს და ხედს ზღვის მიმართულებით, შემოთავაზებულია ორი მხარის დასაკავშირებლად ხიდების მაგივრად წყლის ზედაპირიდან ოდნავ ამოშვერილი ქვს საფეხურების მოწყობა.“ – აღნიშნულია განაშენიანების გეგმაში.

ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში მდებარე ქორწინების სახლის შენობა ბათუმის მერიის საკუთრებაა და ის ჯერ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოზე იყო გადაცემული უზუფრუქტით, 2022 წლის აგვისტოდან კი იმავე უფლებით იუსტიციის სახლს გადასცეს.

„იუსტიციის სახლში“ გვითხრეს, რომ ქორწინების სახლი ბათუმში ფუნქციონირებს და შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.

დაშლიან თუ არა? როდის? ან რა ბედი ელის აღნიშნულ შენობას? – ამ კითხვებზე პასუხები „ბათუმელებმა“ ქონების მესაკუთრისგან ანუ ბათუმის მერიისგანაც ვერ მიიღო.

ბათუმში ქორწინების სახლი 2009 წელს გაიხსნა, შენობა 2015 წელს განაახლეს.

ამ ეტაპზე ბულვარის ადმინისტრაცია ცენტრალურ შესასვლელში დაზიანებული ფილების ახლით შეცვლას გეგმავს. ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 2023 წლის 8 თებერვალს დაიწყო და 13 თებერვალს დასრულდება.

ვრცლად:

ბულვარის შესასვლელში დაზიანებული ფილების შესაცვლელად 420 ათასი ლარია გამოყოფილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: