მთავარი,სიახლეები

ქართველი მეზღვაური ესპანეთის ციხიდან მთავრობას დახმარებას სთხოვს

07.02.2023 • 16601
ქართველი მეზღვაური ესპანეთის ციხიდან მთავრობას დახმარებას სთხოვს

ესპანეთში დაკავებული 26 წლის ქართველი მეზღვაური ნუკრი გოგიტიძე სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს.

მისი თქმით, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი ტვირთმზიდავი გემი 2020 წლის 5 დეკემბერს სტამბულიდან გავიდა, რომელიც დაახლოებით სამ თვეში, ესპანეთის საზღვართან დააკავეს. გემზე 3 ათასი კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს. ამის გამო ესპანეთის პოლიციამ მთელი ეკიპაჟი დააკავა. მათ შორისაა ნუკრი გოგიტიძე და საქართველოს კიდევ ოთხი მოქალაქე.

ნუკრი გოგიტიძე ესპანეთიდან ვიდეოს ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ არც მან და არც სხვა ქართველმა მეზღვაურებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ნუკრი გოგიტიძის თქმით, მისი ყველა უფლება დარღვეულია, ის ვერ ახერხებს ადვოკატის აყვანას, რადგან ამის თანხა არ აქვს.

„სახაზინო ადვოკატი მყავს, რომელიც ჩემ უფლებებს სათანადოდ არ იცავს. მხოლოდ ერთხელ მნახა ამ დროის განმავლობაში და არაფერს აკეთებს.

კომპანიამ მეზღვაურებს შემოგვთავაზა ადვოკატი და დიდი ოდენობით ფული, თუ საკუთარ თავზე ავიღებდით დანაშაულს, მაგრამ მე უარი განვაცხადე. სხვა მეზღვაურებმა უარი თქვეს ამაზე. ან დავამტკიცებ, რომ  მართალი ვარ, ან აქედან ცოცხალი არ გამოვალ“, – ამბობს ნუკრი გოგიტიძე ვიდეოში.

„ბათუმელები“ ნუკრის მამას, ნუგზარ გოგიტიძეს ესაუბრა, რომელიც ქედაში ცხოვრობს.

მისი თქმით, მისი შვილი თურქულმა კომპანია Mavi denizcilik – მა დაასაქმა. თურქეთის დროშის ქვეშ მცურავ გემზე NEHIR-ი.

„ესენი ფაქტობრივად გაიტყუეს სტამბულიდან. სამი თვე, არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა ჩემ შვილზე. გვეუბნებოდნენ, პანდემიაა და ალბათ სადმე გაჩერდნენო.

სამი თვის შემდეგ კი გემიდან დაგვიკავშირდა ჩემი შვილი და მითხრა, რომ ასეთ მდგომარეობაში იყო. წაართვეს ყველა დოკუმენტაცია, ტანსაცმელი, ტელეფონები და სამანქანეში ჰყავდათ ეს მეზღვაურები გამოკეტილი.

როცა ესპანეთის საზღვარზე პოლიციამ შენიშნა, გემის ჩაძირვა დაიწყეს. ფაქტობრივად, ეს ბიჭები ესპანურმა პოლიციამ გადაარჩინა, რადგან კაპიტანი და ტვირთის მფლობელი უკვე გაქცეულები იყვნენ გემიდან“, – გვეუბნება ნუგზარ გოგიტიძე.

მამა-შვილის ინფორმაციით, გამოძიება ჩატარდა, თუმცა სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ ჩაინიშნა. მათ არაერთხელ მიმართეს დასახმარებლად საქართველოს მთავრობას, თუმცა არავინ გამოეხმაურა.

„2022 წლის 14 მარტს დასრულდა გამოძიება. როცა ვეკითხებოდი ადვოკატს, რატომ არ ტარდებოდა სასამართლო, მეუბნებოდნენ დრო არ გვაქვსო. კონსტიტუციურად, შეუძლიათ ოთხი წელი არ ჩაატარონ სასამართლო.

ამბობენ, რომ ნამდვილ დამნაშავეებთან კვალზე ვერ გავიდნენ. მე რატომ უნდა ვიყო ოთხი წელი ტყუილად ციხეში? შემდეგ კი მაიძულონ, რომ ხელი მოვუწერო აღიარებაზე. ჩვენ, ბიჭებმა სამართალი ფულში არ გავყიდეთ, რადგან სამუშაოდ ვიყავი წამოსული აქ და სხვა არანაირ საქმეში არ ვყოფილვართ.

დასაქმებაში ფული გვაქვს გადახდილი და კონტაქტებიც გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს დანაშაული ჩადენილი“, – ამბობს ნუკრი გოგიტიძე ვიდეოში.

მისი მამის, ნუგზარ გოგიტიძის თქმით, ბოლო გასაუბრება გამომძიებელთან და მოსამართლესთან 2023 წლის 26 იანვარს იყო.

„თანამონაწილეობაზეა საუბარი, მაგრამ ჩემმა შვილმა აუხსნა, რომ ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ბიჭები ფაქტობრივად განწირული ჰყავდათ, მათ მოკვლას აპირებდნენ.

ორი წელია ვის არ ვთხოვ დახმარებას და ყურადღებას არავინ გვაქცევს. არც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, არც საელჩოს და არც მთავრობას, არავის მოუკითხია. ყველა გვატყუებს.

ზალკალიანმა, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, შვილები დაიფიცა, რომ დაგვეხმარებოდა და ერთხელაც კი არ მოიკითხა ეს ამბავი. გვითხრა, პრემიერამდე მივიტან ამბავსო, მაგრამ პრემიერი როცა ესპანეთში იყო, ერთხელაც არ უხსენებია ჩვენი შვილები.

პარლამენტში ნიკოლოზ სამხარაძეს შევხვდით, ისიც დაგვპირდა, რომ ესპანეთში გაგვიშვებდა და შვილის ნახვას შევძლებდით, არ დაგვეხმარა.

ანზორ ბოლქვაძემაც მოგვატყუა, მითხრა დავაყენებ ამ საკითხსო და არ დაგვეხმარა. მატყუარა ეგ.

არც ჩვენი ელჩი ესპანეთში აკეთებს რაიმეს. გზავნილიც არ შეუტანეს ჩვენ შვილს ციხეში, რომელიც გავუგზავნეთ. ყველას სათითაოდ კარზე უნდა მივუკაკუნო? რისი მაქნისები არიან, ეს არის ხელისუფლება?“ – ამბობს ნუგზარ გოგიტიძე.

მისი თქმით, დაკავებულ თურქეთის მოქალაქეებს, ადვოკატი სახელმწიფომ დაუქირავა, საქართველოს მთავრობა კი ქართველ მეზღვაურებს ყურადღებას არ აქცევს. „ჩვენი ბიჭები მიტოვებული არიან“, – ამბობს გოგიტიძე.

ის ამბობს, რომ თუ საქართველოს მთავრობა კიდევ არ მიაქცევს დაკავებულ მეზღვაურებს ყურადღებას და არ დაიცავს მათ უფლებებს, საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

„ბათუმელები“ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დაუკავშირდა და ჰკითხა, ორი წლის განმავლობაში რა მოიმოქმედა სახელმწიფომ ესპანეთში დაკავებული ქართველი მეზღვაურების დასახმარებლად.

სააგენტოში გვითხრეს, რომ უწყება არ არის ვალდებული გასაჭირში მყოფ მეზღვაურებზე პასუხისმგებლობა აიღოს.

„მსგავს სიტუაციებში, ჩვენ ვართ ადეკვატურად ჩართული, მაგრამ თუ თავს ზემოთ ძალა არ არის, ვერ ვეხმარებით. ისე კი, გასაჭირში ჩავარდნილი მეზღვაურის დახმარება არის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმე და ჩვენს კომპეტენციაში არ შედის, მიუხედავად იმისა, რომ მეზღვაურია.

ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვერთვებით ხოლმე“, – განმარტეს სააგენტოში.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რა გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში დაკავებული მეზღვაურების დასახმარებლად, უწყებამ პასუხი წერილობით გაგვცა.

„ესპანეთში საქართველოს საელჩო  მუდმივ კონტაქტზეა დაკავებული ქართველი მეზღვაურების უფლებადამცველებთან. გარდა ამისა, საელჩოს წარმომადგენლებმა არაერთხელ მოინახულეს ქართველი მეზღვაურები.

საქართველოს დიპლომატიური მისია, ისევე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი აქტიურ კომუნიკაციაში არიან მეზღვაურების ოჯახის წევრებთან, მათთან სატელეფონო კავშირი აქვთ თავად დაკავებულებსაც“-გვწერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მათივე ინფორმაციით, 2021 წლის 26 ივლისს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა დაკავებული ქართველი მეზღვაურების მშობლებსა და მათ ახლობლებთან, სადაც საუბარი შეეხო მეზღვაურების საკითხს.

„საუბრის დროს ხაზგასმით აღინიშნა სამინისტროს და ესპანეთში საქართველოს საელჩოს მხრიდან, კომპეტენციის ფარგლებში საკითხში მაქსიმალური ჩართულობისა და მოქმედების შესახებ.

დაკავებული მეზღვაურების მშობლებმა, მადლიერება გამოხატეს სამინისტროს და საელჩოს მიმართ, გაწეული დახმარებისათვის“, – გვწერს სამინისტრო.

ნუგზარ გოგიტიძე კი ამბობს, რომ მისი შვილი მხოლოდ ერთხელ მოინახულეს ციხეში და მას შემდეგ არავის მოუკითხია.

„ბათუმელები“ პარლამენტარ ანზორ ბოლქვაძესაც დაუკავშირდა. დეპუტატის თქმით, მან ერთხელ სთხოვა საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარება, თუმცა მას შემდეგ როგორ განვითარდა პროცესები, ამაზე ინფორმაცია არ აქვს.

„ადრე შევხვდით ამ მეზღვაურის მშობლებს და საგარეოსთან დავაკავშირეთ, შემდეგ აღარ ყოფილა კავშირი. ასეთი პატიმრები გვყავს ამ წუთში პოლონეთში, ბელარუსში, სხვა ქალაქებშიც და ჩვენ საკონსულოების და საელჩოების მეშვეობით ვეხმარებით.

დამიკავშირდნენ კიდევ და ჩავერთვები პროცესებში“, – აცხადებს ანზორ ბოლქვაძე.

ნუგზარ გოგიტიძე კი გვეუბნება, რომ ოჯახს ფინანსური რესურსები ამოეწურა და შვილთან ტელეფონით დაკავშირებასაც კი ვერ ახერხებს.

„ორი წლის განმავლობაში ყველაფერი გავყიდე, არანაირი შემოსავალი აღარ მაქვს, დაუძლურებული ვარ და აღარ ვიცი რა გზას დავადგე. ეგ თანამდებობის პირები არარაობები არიან, რადგან არაფერს აკეთებენ ჩვენი შვილების დასახმარებლად.

ერთ-ერთი მეზღვაურის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ფსიქიკური პრობლემები  გაუჩნდა ციხეში და მომკითხავი არავინ არის. მე დავამტკიცებ, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა“, – ამბობს ნუგზარ გოგიტიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: