მთავარი,სიახლეები

ბავშვის წამლის ფული არ გვაქვს – 3 წლის ბიჭის დედა, რომლის ქმარიც აგვისტოს ომის ვეტერანია

08.02.2023
ბავშვის წამლის ფული არ გვაქვს – 3 წლის ბიჭის დედა, რომლის ქმარიც აგვისტოს ომის ვეტერანია

30 წლის მადლენა გოგიტიძე ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს მეუღლესთან და 3 წლის შვილთან ერთად. მან ყოველი თვის ბოლოს 350 ლარი უნდა გადაუხადოს ბინის მეპატრონეს. ოჯახი სოციალურად დაუცველთა სიაშია. ამ ნიშნით მათ ყოველთვიური ფულადი დახმარება – 240 ლარი ერიცხებათ სოციალური სამსახურისგან.

ბინის ქირა რომ გადაიხადოს, მადლენა ყოველი თვის ბოლოს დამატებით 100 ლარს იღებს სესხად მეზობლების, ნაცნობების, ხანდახან უცნობებისგანაც და სოციალურ დახმარებას – 250 ლარს ნასესხებ 100 ლარს ამატებს. ასე აგროვებს ყოველი თვის ბოლოს ბინის ქირის ფულს.

თუ ეს მოხერხდა, ოჯახი მერე ყოველდღიური სარჩოსთვის საჭირო ფულს აგროვებს: მადლენას ქმარს არასტაბილური სამსახური აქვს. მუშაობს მშენებლობებზე – ხან სად და ხან სად. ეზიდება მძიმე ტვირთს და არასდროს იცის, ზუსტად რამდენის გამომუშავებას შეძლებს თვის ბოლოს.

მადლენას ქმარი 2008 წლის ომის ვეტერანია. ომმა მას ფსიქიკური პრობლემები შეუქმნა. პენსიასაც იღებს – თვეში 100 ლარს, თუმცა ფსიქოლოგის მომსახურების სერვისით მას არასდროს უსარგებლია. ოჯახს ამის საშუალება არ აქვს. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო მადლენას ქმარს ხანდახან მუშაობის შესაძლებლობაც არ აქვს.

მადლენა ვერ მუშაობს. მისი სამი წლის ბიჭს აუტიზმის დიაგნოზი აქვს. ბავშვი ჰიპერაქტიურია და პერიოდულად გონს კარგავს, რისი მიზეზიც ექიმებმა ვერ დაადგინეს. მადლენა ბავშვს მარტო ვერ ტოვებს. ვერც ბაღში მიჰყავს – სპეცმასწავლებლები ბავშვისთვის შესაფერის უსაფრთხო გარემოს ვერ სთავაზობენ 3 წლის ბიჭს.

„ბავშვი ბაღში ღიზიანდებოდა და ითიშებოდა, სხვა ბავშვებს ვერ ეკონტაქტებოდა და ურტყამდა. სპეცმასწავლებელი ვერ აკონტროლებდა. გამოწერილ დამამშვიდებლებსაც ვერ  ვყიდულობდი მისთვის ამ დროს“, – ამბობს მადლენა გოგიტიძე.

ოჯახის მთავარი პრობლემა უსახლკარობა და 3 წლის ბავშვისთვის აუცილებელი მედიკამენტების არახელმისაწვდომობაა.

„არ მრჩება ფული, ბავშვს წამლები რომ ვუყუდო. გვჭირდება ნევროპათოლოგის მიერ დანიშნული სპეციალური წამლები, დამამშვიდებლები და ტვინის მკვებავები: პანტოგამი, გლისაიტი და მემოსტაბილი. თვეში თითქმის 200 ლარის წამლები სჭირდება მხოლოდ ბავშვს. ამ მედიკამენტებს ჯანდაცვის პროგრამები ვერ გვიფინანსებს. ყიდვის შესაძლებლობა ჩვენ არ გვაქვს.

ფსიქოლოგთან, ლოგოპედთან და ექიმთან ვიზიტები გვიფინანსდება, მაგრამ ეს წამლები არა.

ერთჯერადად გამომიყო გასულ წელს ქალბატონმა ნინო ნიჟარაძემ, ჯანდაცვის მინისტრმა, დახმარება – 500 ლარი, ერთხელ დაგვეხმარა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაც, მაგრამ ეს ჩვენს ძირითად მდგომარეობას ვერ ცვლის.

არ გვაქვს საცხოვრებელი. ქირას ვერ ვიხდით. ქობულეთში ვართ რეგისტრირებულები და ბათუმში ჩვენთვის თუნდაც ერთი ოთახის გადმოცემა არც განიხილება – არ ხართ აქ რეგისტრირებულებიო, გვეუბნებიან“, – ამბობს 30 წლის ქალი.

მადლენა გოგიტიძის ოჯახმა ბინა ქობულეთში სამი წლის წინ დაკარგა – იპოთეკური სესხით ჰქონდათ დატვირთული და ვეღარ გადაიხადეს. მას მერე ოჯახი ბათუმში ქირით ცხოვრობს.

„კლინიკა ევექსში მუშაობენ ექიმები, რომლებიც ჩემს შვილს მკურნალობენ. ამიტომ ვერ ვტოვებთ ბათუმს“, – ამბობს მადლენა გოგიტიძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე:

Rewriting 2008 07.08.2026
Rewriting 2008