მთავარი,სიახლეები

ბათუმში არის უფრო დაბალი სეისმური საფრთხე, ვიდრე თბილისში – სეისმოლოგი

08.02.2023 • 4850
ბათუმში არის უფრო დაბალი სეისმური საფრთხე, ვიდრე თბილისში – სეისმოლოგი

„მიწისძვრა არის სტიქია, რომელსაც შეუძლია ქვეყნის სახელმწიფოებრიობა დაასრულოს, ანუ შესაძლოა დადგეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხიც კი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ლაშა სუხიშვილი. მისი თქმით, დღეს მშენებლობების ხარისხი, ფაქტობრივად, მშენებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, რადგან ნორმები მოძველებულია, კონტროლი კი – ნაკლები.

  • ბატონო ლაშა, როგორი სეისმური მდგომარეობა გვაქვს საქართველოში და რამდენად მოსალოდნელია ისეთი კატასტროფები ჩვენთან, რაც ვიხილეთ თურქეთში?

საბედნიეროდ, თურქეთისგან განსხვავებით, ჩვენთან არ არის სეისმურად ისეთი მძიმედ აქტიური კერები, როგორიც არის სამხრეთში. თურქეთში ეს აქტიურობა დიდწილად განპირობებულია არაბეთის, აფრიკისა და ანატოლიის ფილების მეზობლობით და ერთმანეთთან შეჯახებით.

ჩვენ ამ ზონისგან რამდენიმე ასეული კილომეტრით ვართ დაშორებული. ეს იმას ნიშნავს, რომ საფრთხე შედარებით ნაკლებია, მაგრამ ჩვენ ის საფრთხეებიც „გვეყოფა“, რაც ჩვენთან არსებობს.

ჩვენ შემთხვევაში, ამ პროცესს ის ლამაზი ბუნება განაპირობებს, რაც გვაქვს, რადგან ამ ლამაზი ლანდშაფტის მიღმა იმალება საფრთხეები, რაც კარგ პერსპექტივას არ გვისახავს.

ცხადია, აქ იგულისხმება სეისმური საფრთხეებიც. მინდა აღვნიშნო, რომ წყალმა შეიძლება ადამიანი მოკლას, მეწყერმაც, მაგრამ მიწისძვრა ადამიანს არ კლავს. ვერც თურქეთის 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოკლავდა ადამიანს, ვერც კი წააქცევს, ადამიანს კლავს მისივე შექმნილი ნაგებობა.

მიწისძვრა ანგრევს ნაგებობას, რაც იწვევს ადამიანურ მსხვერპლს. აი, ამ მიმართულებით გვაქვს პრობლემა საქართველოშიც.

  • მშენებლობების პროცესში ითვალისწინებენ თუ არა სეისმოლოგების მოსაზრებებს, დასკვნებს დეველოპერები, როგორია ჩვენთან პრაქტიკა?

როგორც წესი, სამშენებლო სფერო რეგულირებადია, რომელიც, თავის მხრივ, ეყრდნობა სამეცნიერო სფეროს. სამეცნიერო სფერო იკვლევს, ადგენს პარამეტრებს და შემდეგ ეს პარამეტრები, რეგულაციების მხრივ აისახება სამშენებლო მიმართულებაზე.

საქართველოში სეისმომედეგობის მხრივ არის ასეთი სიტუაცია – მოქმედებს დადგენილება, რომელიც გააქტიურდა 2010 წელს და სეისმური თვალსაზრისით აქ არის ისეთი პარამეტრები, რომლებიც 2010 წელსვე იყო თითქმის ვადაგასული.

დღეს, 2023 წელს, ისევ იმავე პარამეტრებით ოპერირებს სამშენებლო სექტორი. იმიტომ კი არა, რომ ცუდი კომპანიები არიან, ასეთია რეგულაცია.

თუმცა მაინც შეუძლიათ კომპანიებს და დეველოპერებს ევროკოდების, სხვა ქვეყნის სტანდარტების გამოყენება, რაც ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე ჩვენთან.

  • ამ შესუსტებული რეგულაციების ფონზე, როგორ ფიქრობთ, უნდა გვეშინოდეს იმ სახლებში ცხოვრება, რომლებსაც დღეს აშენებენ? 

რთული კითხვაა, რადგან ერთი პასუხი შეიძლება არ მქონდეს.

შეიძლება სახლი იყოს ახალაშენებული, რომელიც ეყრდნობა მოძველებულ რეგულაციას და ამავე დროს, იყოს საბჭოთა პერიოდის, საკმაოდ მყარად აშენებული კორპუსი, რომელსაც გაუვიდა ექსპლოატაციის ვადა. ამ მხრივ, ყველა კორპუსი და ნაგებობა ინდივიდუალურად შესასწავლია.

ზოგადი სურათით სახარბიელო მდგომარეობაში არ ვართ. თუნდაც იმიტომ, რომ ბათუმიც, თბილისიც და სხვა დიდი ქალაქებიც არ არის გუშინ დაარსებული ქალაქები და უამრავი შენობაა წინა საუკუნის. იმ პერიოდის, როცა საერთოდ არ არსებობდა სეისმომედეგობის ცნებაც კი. შესაბამისად, მსგავსი რეგულაციები გათვალისწინებული არ არის.

  • ახალი კორპუსების შემთხვევაში?

აქაც ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო, რადგან არიან მშენებლები, რომლებიც საკუთარი კეთილი ნების საფუძველზე, მოქმედ რეგულაციებზე უკეთ აშენებენ, მაგრამ არიან მშენებლები, რომლებიც იყენებენ მოქმედ რეგულაციას და ამასთან, ცდილობენ, რომ მაინცადამაინც არ შეასრულონ.

  • თქვენ თქვით, რომ 2010 წლის რეგულაციები მოძველებულია. რა პრობლემა აქვს ამ ნორმებს დღეს?

მონაცემები, რომლებსაც ეყრდნობა სეისმომედეგობის დებულება, შექმნილია 2009 წლამდე, ჯერ ერთი, რომ დიდი დროა გასული აქედან და მეორეც, სამეცნიერო სფერომ დააგროვა საკმარისად ბევრი ინფორმაცია იმისთვის, რომ ახალი შეფასებები გაკეთებულიყო. დღეს უფრო მეტი ვიცით ჩვენი ქვეყნის გეოლოგიის და სეისმური პოტენციალის შესახებ, ვიდრე ვიცოდით 20 წლის წინ.

შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ ის შეფასებები, რაც 20 წლის წინ გვქონდა, ძალიან ლმობიერია, რადგან უფრო მეტი საფრთხეა ამ ქვეყანაში, ვიდრე მაშინ ჩანდა და ვიცოდით.

ეს ყველგან ასეა, სამეცნიერო სფეროს განვითარებასთან ერთად იცვლება რეგულაციები.

  • ყველაზე დიდი საფრთხე რა გვაქვს?

თუ ძლიერი მიწისძვრა მოხდა, ყველაფერი გადაიფარება, რადგან მიწისძვრა არის სტიქია, რომელსაც შეუძლია ქვეყნის სახელმწიფოებრიობა დაასრულოს.

ანუ ეროვნული უსაფრთხოების საკითხიც შეიძლება დადგეს მიწისძვრის გამო. თუმცა ასეთი მიწისძვრა ხშირად არ ხდება. სამაგიეროდ, ხშირად ხდება წყალდიდობა, წყალმოვარდნები და მეწყრები, რომლებიც შეიძლება ისეთი დამანგრეველი არ არის, როგორც მიწისძვრა, მაგრამ ხშირია.

საქართველოში ყველანაირი ბუნებრივი საფრთხეა წარმოდგენილი, ცუნამის გარდა, რადგან გვაქვს მყინვარები და მასთან დაკავშირებული ბუნებრივი კატასტროფებიც. გვაქვს ნახევრად უდაბნოები და მასთან დაკავშირებული გაუდაბნოების პროცესები, მიწის დეგრადაცია, შუალედური ზონები თავისი მეწყრული პროცესებით, განსაკუთრებით აჭარის რეგიონში და სხვა.

ეს გეოლოგიური საფრთხეები, რაც ახლა ჩამოვთვალე, რაც უფრო დრო გავა, კლიმატის ცვლილების გამო უფრო და უფრო ხშირი იქნება და უფრო და უფრო მასშტაბური. თუმცა მიწისძვრა უპირობოდ უფრო დიდი საფრთხეა, თუ მაღალი მაგნიტუდა იქნება.

  • ინტენსიური მშენებლობები ძირითადად ბათუმსა და თბილისშია. როგორი მოცემულობა გაქვს ამ ქალაქებში სეისმურად?

ძალიან რთული საკითხია, რადგან გააჩნია ინჟინერ-კონსტრუქტორი როგორ გათვლის კონკრეტული შენობის მედეგობას, მათ შორის, სეისმომედეგობას. მეორეა, მშენებელი როგორ შეასრულებს სამუშაოს და მესამე, მაკონტროლებელი ორგანო რამდენად მკაცრად შეამოწმებს.

იმიტომ, რომ შეიძლება ინჟინერ-კონსტრუქტორმა საერთოდ ევროკოდები გამოიყენოს, ძალიან პესიმისტური სცენარი გაითვალისწინოს და ძალიან ფრთხილად დააპროექტოს შენობა, მაგრამ ვინც ფიზიკურად უნდა ჩაასხას ეს ბეტონი, იმან არ შეასრულოს სამუშაო ჯეროვნად.

ლაშა სუხიშვილი

ამიტომ, ცალსახად ვერ ვამბობთ, შენობა ცუდად არის შესრულებული, თუ კარგად.

საკმაოდ რთული სფეროა მშენებლობა და ის მიდგომა, რომ ყველაფერს ბაზარი დაარეგულირებს, აქ არ მუშაობს. ვერ დაარეგულირებს ამას ბაზარი, ამას სჭირდება მკაცრი რეგულაციები და ამ რეგულაციების აღსრულება.

რაც შეეხება სეისმურ სურათს, ბათუმში არის უფრო დაბალი სეისმური საფრთხე, ვიდრე თბილისში.

  • სეისმური პოტენციალი ოფიციალურად არის დადგენილი?

ახლა მოქმედი რეგულაცია ეფუძნება იმ მონაცემებს, რომლებიც დადგინდა 2009 წლამდე. გვაქვს 2019 წლის მონაცემები, თუმცა ჯერჯერობით რეგულაციაში არ ასახულა.

ვვარაუდობთ, რომ რამდენიმე თვეში ან ერთ წელში მაინც იქცევა რეგულაციად.

5 ან 10 წელიწადში ეს ხელახლა იქნება გასაკეთებელი, რადგან ამასობაში უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება ჩვენც.

  • რა არის სახელმწიფოზე დამოკიდებული, მხოლოდ რეგულაციების გამკაცრება?

სახელმწიფოზე დამოკიდებულია, პირველ რიგში, თემატური კვლევების დაფინანსება, თუმცა არც სპეციალისტები გვყავს საკმარისი, ადამიანური რესურსის პრობლემაც გვაქვს ამ მიმართულებით.

სახელმწიფომ ტექნიკური განათლების სფეროში უნდა ჩადოს ფული, რომ მოამზადონ კადრები, რომლებმაც უნდა შეიმუშაონ ახალი მონაცემები, შემდეგ კი ეს მონაცემები აისახოს დროულად დადგენილებებში.

სამწუხაროდ, დღეს გვაქვს სურათი, როცა როგორც მშენებელი, ისე სახელმწიფო, ძალიან ოპტიმისტურად უდგებიან საფრთხეებს – ფიქრობენ, რომ ცუდი არაფერი მოხდება. ამიტომ თანხის ჩადება „რაღაც უსაფრთხოებაზე“, უადგილოდ მიაჩნიათ.

რომ წარმოიდგინოთ, ასეთი დიალოგი მიმდინარეობს მშენებელსა და სეისმოლოგს შორის: თქვენ მეუბნებით, რომ შეიძლება მოხდეს 6 ან ექვს-ნახევარი მაგნიტუდა, როდის მოხდება? – გეკითხება მშენებელი. აი, ამას ხომ ვერ ვამბობთ ჩვენ, რადგან ამინდის პროგნოზივით არ ხდება ამის განსაზღვრა. ეუბნები, რომ ამის ალბათობა არის 50 წელიწადში ორი პროცენტი. ეს 50 წელი და 2 პროცენტი ნიშნავს, რომ ან ხვალ მოხდება, ან 50 წელში, მშენებლისთვის ეს არის სასაცილო.

ის ამბობს, რომ ჩემი შენობის ექსპლოატაციის ვადა შეიძლება იყოს 40 წელი და მე რაში მაინტერესებს ის, რაც 50 წელში მოხდება? დეტალებში აღარ ჩადის, რომ შეიძლება ეს იყოს ხვალ.

თბილისში 2015 წელს მოხდა ვერეს კატასტროფა, ყველამ ჩვენი თვალით ვნახეთ, მაგრამ მაინც გაიცა იქ მშენებლობის ნებართვები დატბორვის არეალში.

  • რა შეიძლება ვუწოდოთ ამ ფაქტს, უგუნურება?

განა, არ არსებობს საკანონმდებლო საფუძველი, რომ არ მიეცათ ნებართვა, მაგრამ როდესაც მონდომებულია გადაწყვეტილების მიმღები, ყოველთვის პოულობს კანონმდებლობაში, ბრძანებებში რაიმე ხვრელს, რომელიც შეუძლია გამოიყენოს.

თურქეთი ბევრად წინ არის ჩვენთან შედარებით რეგულაციების მხრივ, აღსრულების მხრივაც, მაგრამ მაინც არასაკმარისია. ჩვენთან კი რეგულაციებიც მოძველებულია და კონტროლიც სუსტია.

  • გრძელვადიან პერსპექტივაში ხომ ეს ყველაფერი ადამიანების სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. ზარალდება სახელმწიფოც, რადგან ათასობით ადამიანი შეიძლება დარჩეს უსახლკაროდ, განადგურდეს ინფრასტრუქტურა, ეს ყველაფერი ხომ მთლიანობაში აზიანებს ქვეყანას, რის გამო შეიძლება უღირდეს ამაზე თვალის დახუჭვა სახელმწიფოს?

დასავლეთში ასე გვასწავლიდნენ, რომ პრევენციაში ჩადებული 1 დოლარი მომავალში ზოგავს 7 დოლარს, რომელიც კატასტროფის ლიკვიდაციას სჭირდება. პრევენციაში იგულისხმება როგორც კლასიკური გაგება, ასევე ის, რომ არ გაიცეს, ვთქვათ, ვერეს  ხეობაში მშენებლობების ნებართვა.

თბილისში შენდება გზა მეწყერზე, დასავლეთის ქვეყნებში არ არსებობს ასეთი მიდგომა, თუ გარდაუვალი რამ არ არის, მიიჩნევენ, რომ საკმარისად მდიდრები არ არიან იმისთვის, რომ პრობლემურ ადგილებში გზები გაიყვანონ, საწყისი ხარჯიც დიდია და შენახვისაც. სამწუხაროდ, ჩვენნაირ ქვეყნებში ასე არ მიაჩნიათ და უფრო მეტი ზიანია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: