მთავარი,სიახლეები

გაზიანთეფთში, კორპუსის ნანგრევებში ქართველი ქალია მოყოლილი – ოჯახი საელჩოს მიმართავს

07.02.2023 • 10733
გაზიანთეფთში, კორპუსის ნანგრევებში ქართველი ქალია მოყოლილი – ოჯახი საელჩოს მიმართავს

გაზიანთეფთში, ერთ-ერთი კორპუსის ნანგრევებში, საქართველოს მოქალაქე, ციცო პაკელიანია მოყოლილი. ქალი გაზიანთეფში ოჯახში დამხმარედ მუშაობდა. ციცო პაკელიანის ოჯახი თურქეთში საქართველოს საელჩოს დახმარების თხოვნით მიმართავს.

„დეიდაჩემი მოხუც ბებიასთან მუშაობდა. ამ ქალთან ერთად ცხოვრობდა გაზიანთეფში, ერთ-ერთ უბანში.

ორი დღეა ჩამონგრეულია 7 სართულიანი ბინა. მეორე სართულზე იყო დეიდაჩემი. წუხელ ბოლოს გავიგე, რომ მესამე სართულამდე ჩავიდნენ მაშველები, მესამე სართულზე გადარჩენილები იპოვეს, მაგრამ მეორეზე შესვლა ვეღარ შეძლეს – კორპუსის მდგომარეობა ძალიან რთულიაო. იმ ქალის შვილიშვილისგან ვიღებ ინფორმაციას, ვისთანაც დეიდაჩემი მუშაობდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ციცო პაკელიანის დისშვილმა, ნინა გულედანმა.

ნინა გულედანის თქმით, გაზიანთეფში საკმარისი ოდენობის მაშველები არ არიან, რაც აფერხებს სამაშველო სამუშაოებს.

„ბევრი დამხმარე არ ჰყავთ. წუხელ თურმე ხმები ისმოდა იმ კორპუსის მეორე სართულიდან, საიდანაც გამოიყვანეს ხალხი. გაუგონიათ, რომ შველას ითხოვდნენ, მაგრამ ვერაფერი გააკეთეს. მთელი ღამე ასე ყოფილა ეს კორპუსი. დღეს რა გააკეთეს სიახლეები არ ვიცი. ველოდები ახალ ინფორმაციას,“ – გვითხრა ნინამ და გვთხოვა დეიდის მოძებნაში დახმარება.

საქართველოს მოქალაქის ნანგრევებში ყოფნის შესახებ ნინამ და მისმა ახლობლებმა თურქეთში საქართველოს საელჩოსაც აცნობეს.

„არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ – ქართველები ყველა ნაპოვნიაო. ეს ტყუილია. ზუსტად ათმა ადამიანმა დაურეკა საელჩოს და მივაწოდეთ ინფორმაცია. რომ ვურეკავთ თითქოს რაღაცას ვითხოვთ. კი, ვითხოვთ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი. კარგ პასუხებს არ გვცემენ – ერთი ადამიანის გამო ათმა კაცმა დაგვირეკაო.

რა ვქნათ ჩვენ, რა შეგვიძლია, რისი გაკეთება? დარეკვის მეტი არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია,“ – ამბობს ნინა გულედანი.

დღეს, 7 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა თურქეთში, სტიქიის ზონაში მყოფი საქართველოს 6 მოქალაქის ადგილსამყოფელის დასადგენად.

„ბათუმელებმა“ ციცო პაკელიანის საკითხთან დაკავშირებით კომენტარისთვის მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

“თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ რომ სტიქიის ზონაში, ქალაქ გაზიანთეფში, ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში შესაძლოა მოყოლილი იყოს საქართველოს მოქალაქე.

საელჩომ აღნიშნული ინფორმაცია და მოქალაქის მონაცემები დაუყონებლივ მიაწოდა თურქეთის შესაბამის უწყებებს.

თურქეთის მხარის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რასაც ართულებს დანგრეული შენობის დიდი მოცულობა.

საელჩო მუდმივ რეჟიმში ხაზზეა თურქეთის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან, საქართველოს მოქალაქის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით,”- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ “ბათუმელებისთვის” მოწოდებულ განცხადებაში.

__

მთავარი ფოტო: ციცო პაკელიანი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: