მთავარი,სიახლეები

შსს მალავს, რუსეთის რამდენი მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში – 10 თვეში შემოსულია 1,4 მილიონი 

07.02.2023
შსს მალავს, რუსეთის რამდენი მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში – 10 თვეში შემოსულია 1,4 მილიონი 

რუსეთის რამდენმა მოქალაქემ დატოვა საქართველო ბოლო 10 თვეში, ამ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მალავს. არადა, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 2023 წლის იანვრამდე პერიოდში, ანუ 10 თვეში, საქართველოში რუსეთის 1,4 მილიონი მოქალაქე შემოვიდა [რაც საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 38,1 პროცენტია, ანუ, მესამედზე მეტი].

რუსეთის რამდენმა მოქალაქემ დატოვა საქართველო და, შესაბამისად, რამდენი დარჩა ქვეყანაში, ამ სტატისტიკის მისაღებად „ბათუმელებმა“ შსს-ს ოფიციალური წერილით იანვარში ორჯერ მიმართა. სამინისტრომ ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

რუსეთის ფედერაციის რამდენი მოქალაქე გავიდა საქართველოდან 2022 წლის 1-ელი მარტიდან 2023 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში? – ამ ინფორმაციის მისაღებად სამინისტროს 2023 წლის 11 იანვარს მივმართეთ.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) აღრიცხვიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში გაცნობებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული პირების სტატისტიკური მონაცემები განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც პერიოდულად ქვეყნდება შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები“, – მოგვწერეს სამინისტროდან 24 იანვრით დათარიღებული წერილით.

ვინაიდან ოფიციალურ ვებგვერდზე, რაზეც სამინისტრომ თავის წერილში მიგვითითა, არ იძებნება ჩვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია [ასეთ სტატისტიკას სამინისტრო ვებგვერდზე უბრალოდ არ აქვეყნებს], 2023 წლის 30 იანვარს განმეორებით მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოეწოდებინა ჩვენ მიერ 11 იანვარს მოთხოვნილი კონკრეტული ინფორმაცია – რუსეთის ფედერაციის რამდენმა მოქალაქემ დატოვა საქართველო 2022 წლის 1-ელი მარტიდან 2023 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული წერილის თანახმად, რომელიც 2023 წლის 2 თებერვლით არის დათარიღებული, მოთხოვნილი ინფორმაცია უკვე მოგვეწოდა სამინისტროს 2023 წლის 24 იანვრით დათარიღებული წერილით.

შესაბამისად, საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას სამინისტრომ ისევ მალავს.

ამავე თემაზე:

რუსეთის მოქალაქეებმა 2 963 ბინა და 37.9 ჰა მიწა შეიძინეს საქართველოში – ომი უკრაინაში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: