მთავარი,სიახლეები

ყველამ შემაქო, როცა მოძალადე ქმარს გავშორდი – 33 წლის ქალი ხულოდან

07.02.2023 • 11153
ყველამ შემაქო, როცა მოძალადე ქმარს გავშორდი – 33 წლის ქალი ხულოდან

33 წლის მარტოხელა დედაზე, ასმათ ტუნაძეზე გიყვებით, ხულოს სოფელ ქედლებიდან.

ასმათს 6 და 9 წლის შვილები ჰყავს. მან გვიამბო, რომ 9 წელი, რომელსაც ახლა დაკარგულ დროს უწოდებს, ქმრისგან ძალადობის მსხვერპლი იყო, ახლა კი დამოუკიდებელი ქალია, მუშაობს და შვილებს ზრდის.

ასმათის თქმით, 2021 წლის შემდეგ, რაც ოფიციალურად განქორწინდა, მის ყოფილ ქმარს შვილებისთვის ალიმენტის გადახდის ვალდებულება დაეკისრა, თუმცა აქამდე არც ერთხელ არ გადაუხდია.

„ყველანაირი სახის ძალადობაში ვიყავი – ფიზიკური, ფსიქოლოგიური. ყველანაირი, რაც არსებობს“, – გვითხრა ასმათმა. მისი თქმით, ყოფილ ქმართან ცხოვრების დროს ძალადობისგან მის დაცვას ცდილობდნენ ქმრის ოჯახის წევრები, მეზობლები და ყველა, ვინც ამას ამჩნევდა და ყველას რეაქცია გაკვირვება იყო – როგორ ძლებდა ასმათი ამ პირობებში.

ასმათი ნანობს, რომ ძალადობას 9 წელი ითმენდა და ქმარს ადრე არ დაშორდა.

„მესმის ძალადობის მსხვერპლი ქალების. პირველ რიგში, ადვილი არ არის თუნდაც არ გყავდეს შვილი და მით უმეტეს, როცა გყავს შვილები – დამოუკიდებლად დაიწყო ცხოვრება და კიდევ ბევრი რამ.

მიუხედავად ყველაფრისა, ქალებმა არ უნდა აიტანონ ძალადობა.

ჩემი მშობლების გარდა ყველა ამჩნევდა ყოფილი ქმრის ძალადობას.

სოფელში, ჩემს მშობლებთან ვიყავი დასასვენებლად. მათთან ვმალავდი ამ ყველაფერს, ამ ნაბიჯს ვერ ვდგამდი და ყოფილ მეუღლესაც ვთხოვდი, რომ ჩემს მშობლებთან მაინც არ მოქცეულიყო ცუდად. წამოსასვლელად ვემზადებოდით და როგორც ყოველთვის, რაღაცაზე უმიზეზოდ გაბრაზდა. დაიწყო ყვირილი ოთახში.

ჩემი მშობლები შემოვიდნენ – რა ხდებაო. ვთქვი, რომ მორჩა, მე სახლში ვრჩებოდი.

ალბათ, იმან გამაბედვინა, რომ ჩემი მშობლების სახლში ვიყავი და როგორც მაშანტაჟებდა – „თუ წახვალ, ასე გავაკეთებ, ისე გავაკეთებ, ვერ გამასწრებ სახლიდან“… უკვე ჩემი მშობლების სახლში ვიყავი, დაცულად ვიგრძენი თავი და უფრო ადვილად გადავწყვიტე, რომ უნდა დავშორებოდი.

როცა ჩემმა მშობლებმა გაიგეს, მიმიღეს.

ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა მშობლები უარყოფენ ქალებს. „შენ აუცილებლად ქმრის ოჯახში უნდა დარჩე“ – მსგავსი რამ ჩემ შემთხვევაში არ ყოფილა. პირიქით, იცოდნენ ჩემი შესაძლებლობები, რომ შემეძლო თავის გატანა, ოჯახის რჩენაც და რა თქმა უნდა, ჩემს მხარეს დადგნენ, ისე, როგორც ყველა ნორმალური მშობელი მოიქცეოდა.

მხარში დამიდგნენ ოჯახის სხვა წევრები, ნათესავები.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ძალადობის მსხვერპლ ქალებს მხარში ამოუდგნენ მშობლები. ეს შესაძლოა სასიცოცხლო მნიშვნელობისაც იყოს, რადგან ყველა ქალს არ შეუძლია იმუშაოს, განათლება ან შეიძლება ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, ან მცირეწლოვანი შვილების ყოლა… ამ შემთხვევებში, ვფიქრობ, მშობლებს, ოჯახს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

მაქებდნენ, რომ მოძალადე ქმარს დავშორდი. ყველა იმას მეკითხებოდა, ეს აქამდე რატომ არ გავაკეთე, რატომ ვითმენდი.

მიფიქრია – რატომ ვითმენდი?

მარტივი არ არის გაბედო. ყველაფრის მიუხედავად, მეგონა, რომ გამოსწორდებოდა. დაჩემებული მქონდა, საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ მიყვარდა და ყველაფრის მიუხედავად ყველაფერი უნდა ამეტანა. აი, ალბათ ეს იყო მიზეზი.

ყველა, ვინც შემსწრე იყო ამ ძალადობის, მეუბნებოდა-  „ბავშვები არიან ცოდვა, ამ ყველაფერს რომ უყურებენ“. მეტწილად ამიტომ დავშორდი. საკმაოდ ხშირად ხედავდნენ ჩვენს კონფლიქტს ბავშვები.

დღეს ვფიქრობ, რომ მოძალადე ქმრები არ იცვლებიან. კიდევ დიდხანს მქონდა იმედი, რომ შეიცვლებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა.

შესაძლოა, ქალებს ჰქონდეთ მოძალადე ქმრების გამოსწორების იმედი, მაგრამ არ უნდა აგრძელებდნენ ცხოვრებას ძალადობაში, ქმრის გამოსწორების იმედით.

ქალები უნდა ეცადონ, დამოუკიდებლად იცხოვრონ, თუნდაც თავშესაფრებში, მაგრამ არა ძალადობაში“, – ამბობს ასმათი.

იგი პროფესიით ბუღალტერია და ახლა ამ პოზიციაზე მუშაობს ხულოს საბავშვო ბაღების გაერთიანებაში. გვითხრა, რომ 9 წლით გაჩერდა მისი პროფესიული ზრდაც.

„ყოფილი ქმარი, რა თქმა უნდა, არ მამუშავებდა, იმდენად ეჭვიანი იყო. თავადაც არ მქონდა სურვილი, სახლიდან გავსულიყავი და მიმეცა მისთვის „მიზეზები“. ერთხელ, მისი ნებით, ვცადე მემუშავა, შეგიძლია წახვიდე სამსახურშიო. 1-2 დღის შემდეგ უკვე დაიწყო ეჭვიანობა და აღარ ვიმუშავე, რადგან ეჭვიანობის გამო ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობასაც.

სახლიდან გასვლას ვარიდებდი თავს. სანამ ის მეტყოდა უარს, მე თვითონ არ მინდოდა არსად გასვლა“, – გვითხრა ასმათმა.

ქალს ვკითხეთ, როგორ გრძნობს ახლა თავს.

„ჩემთვის ყველაზე მთავარი სიმშვიდე იყო. სიმშვიდე გვაქვს, რაც მთავარია და საკუთარი, თუნდაც მცირე რესურსი, რაც გვაბედნიერებს მე და ჩემს შვილებს.

ბედნიერად ვგრძნობ თავს, რადგან ჩემი შვილები აღარ ხედავენ ძალადობის ფაქტებს, თბილ გარემოში იზრდებიან. ჩემთვის, პირველ რიგში, მთავარი ბავშვების ბედნიერება იყო. ახლა იციან, რა არის ოჯახური სითბო. დედის ბედნიერ სახეს რომ ხედავენ, ესეც მნიშვნელოვანია.

საკუთარი შემოსავლით ვარჩენ ჩემს შვილებს და არ აქვთ დაყვედრებული ლუკმა. აი, ეს არის მთავარი. არც მე ვმუშაობდი, არც ჩემი ყოფილი მეუღლე… შემოსავლის წყარო, ასე ვთქვათ, მოწყალება იყო. ბაბუა არ არის ვალდებული, არჩინოს შვილიშვილები. დიდი მადლობა ბაბუას, რასაც აკეთებდა და ლუკმა პური შესაძლოა ჰქონდათ ჩემს შვილებს, მაგრამ მეტი არაფერი არ გვქონია.

მაქსიმალურად ვეცდები, ჩემი შვილები ბედნიერები იყვნენ. არ აქვთ ისეთი მოთხოვნები, რასაც ვერ ავუსრულებ. ჩვენ გვესმის ერთმანეთის, ვმეგობრობთ“, – ამბობს ასმათი.

ასმათი ყოველთვის ფიქრობდა დამატებითი შემოსავლის წყაროების გაჩენაზეც. ერთვებოდა სხვადასხვა პროექტში, ისმენდა ლექციებს და მცირე ბიზნესგეგმებზე ფიქრობდა.

„ევროკავშირი საქართველოსთვის“ ერთ-ერთ პროექტში გამარჯვების შედეგად ასმათს ტყლაპისა და ჩირის საშრობი დანადგარი აქვს. უნდა, რომ ხულოს ტყლაპი გასტროტურისტულ პროდუქტად აქციოს.

„ვაპირებ, ყველა სახის ტყლაპისა და ჩირის წარმოებას. ამ საქმეს აქტიურად შევუდგები გაზაფხულიდან, რადგან ჩვენთან დიდი ზამთარი იცის, ახლა გაჩერებული მაქვს ეს საქმე და ყავას ვაწარმოებ, რისი გაკეთებაც ყველა სეზონზე შეიძლება“, – გვიხსნის ასმათი.

მან კიდევ ერთ, „ენპარდისა“ და ბათუმის ბიზნესინკუბატორის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა, სადაც პროექტი ჰქონდა დაწერილი ყავის მცირე საწარმოზე და ყავის საფქვავი აპარატი შეუძინეს შესაფუთ დანადგართან ერთად.

„უკვე ხულოში, ერთ-ერთ მაღაზიაშიც კი მოითხოვეს ჩემი ყავა, ისე მოეწონათ.

ყავის დამზადების კონკრეტული საიდუმლო ხერხი არ მაქვს. შეიძლება ყოფილიყო ცოტა ძვირი, მაგრამ რადგან დანადგარში არ გადამიხდია ფული, უმაღლესი ხარისხის ყავის მარცვალი შევიძინე, არანაირი მინარევი არ აქვს ჩემს ყავას და ყურადღებაც დაიმსახურა.

უკვე იმდენი გამოცდილება დავაგროვე, რომ ყავის სუნზე, შეხედულებასა და გემოზეც ვხვდები, აქვს თუ არა მინარევები. მოლოდინი მაქვს, რომ ჩემს ყავაზე მოთხოვნა აუცილებლად გაიზრდება და მომავალში ყავის ბიზნესის გაფართოებას ვაპირებ“, – ამბობს ასმათი. მის ყავას – „ექსტრა ლაითი“ ჰქვია.

საუბრის ბოლოს, ასმათი ახალგაზრდა გოგონებს მიმართავს, უფრო მეტად ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების და არავის მისცენ მათზე ძალადობის უფლება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: