მთავარი,სიახლეები

რატომ ხდება მიწისძვრა თურქეთში ხშირად

07.02.2023
რატომ ხდება მიწისძვრა თურქეთში ხშირად

7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში ორშაბათს, 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა, რის შედეგადაც მხოლოდ თურქეთში, 7 თებერვლის მონაცემებით, 3 432 ადამიანი დაიღუპა და 21 103 დაშავდა, სირიაში კი გარდაცვლილთა რიცხვი 1 509 – მდე გაიზარდა. მიწისძვრა თურქეთის 11 პროვინციაში იგრძნობოდა. თურქეთში ყოველწლიურად სხვადასხვა სიმძლავრის ათობით ათასი მიწისძვრა ხდება.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა (AFAD) მხოლოდ 2021 წელს 23 753 სხვადასხვა სიმძლავრის მიწისძვრა დააფიქსირა, 2020 წელს კი  – 33 000-ზე მეტი მიწისძვრა, მათ შორის, 322 მაგნიტუდის 4.0 და მეტი სიმძლავრის.

რატომ არის თურქეთი მიწისძვრის ასეთი ცხელი წერტილი? ცხადია, ამის მიზეზი მისი გეოგრაფიული მდებარეობაა, უფრო ზუსტად, ტექტონიკური ფილების მოძრაობა.

დედამიწის ზედაპირი დაყოფილია ქვის უზარმაზარ – ტექტონიკურ ფილებად, რომლებიც აგებულია დედამიწის კლდოვანი ქერქისა და მანტიის ზედა ნაწილებისგან. ტექტონიკური ფილები ფაზლის მსგავსად ჯდებიან ერთმანეთში და დედამიწის მანტიის ზედაპირზე მოძრაობენ. მიწისძვრის უმეტესობა ხდება ფილების საზღვრებზე, ზონებში, სადაც ორი ან მეტი ფილა ხვდება ერთმანეთს.

ბრიტანეთის გეოლოგთა ასოციაციის განმარტებით, „ტექტონიკური ფილების კიდეები დაკბილული და უსწორმასწოროა. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ისინი ერთმანეთს ეხებიან და აწვებიან, წარმოქმნიან ძლიერ ხახუნს და ქანების ბლოკები ზოგჯერ შეიძლება ერთმანეთში ჩაიკეტოს. როდესაც ეს ხდება, გროვდება ენერგია, რომელიც ჩვეულებრივ იწვევს ბლოკების ერთმანეთის გასწვრივ გადაადგილებას. საბოლოოდ წნევა იმდენად ძლიერდება, რომ ფილები მკვეთრი მოძრაობით იცვლიან პოზიციას. ეს მოძრაობა ათავისუფლებს ენერგიას, რომელიც მოგზაურობს დედამიწაზე სეისმური ტალღების სახით, არყევს ზედაპირს, მასზე განლაგებული ყველა ობიექტის ჩათვლით. ეს მიწისძვრაა“.

„ამ შემთხვევაში ეს იყო არაბეთის ფილა, რომელიც ჩრდილოეთისკენ მოძრაობდა და ანატოლიის ფილას ეწინააღმდეგებოდა“, – წერს BBC-ი.

როგორც თურქული გამოცემა „დეილი საბაჰი“ წერს, თურქეთის უმეტესი ნაწილი მდებარეობს ანატოლიის ტექტონიკურ ფილაზე, რომელიც მდებარეობს ორ მთავარ ფილას – ევრაზიისა და აფრიკის ფილებს და ასევე არაბეთის ფილას შორის.

„აფრიკულისა და არაბეთის ფილების ცვლის დროს თურქეთი, ფაქტობრივად, შუაში ჰყვება, ხოლო ევრაზიის ფილა აფერხებს ნებისმიერ მოძრაობას ჩრდილოეთისკენ, ასეთ დროს თურქეთი, ფაქტობრივად, შუაში ყვება.  ამრიგად, თურქეთი დგას რამდენიმე რღვევის ხაზზე“, – წერს გამოცემა.

წყარო: BBC

„ჩვენ ვცხოვრობთ გეოგრაფიაში, რომელიც მიდრეკილია ბუნებრივი კატასტროფებისადმი და მაღალი რისკის შემცველია. ეს არის ფაქტი, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ, როგორც მოცემულობა, მაგრამ არასოდეს უნდა დავნებდეთ ან დავთმოთ ამის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა და უნდა მივიღოთ პრევენციული ზომები.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ის პროცესები, რომლებიც სტიქიური უბედურების სახით ვლინდება, ჩვენ გვაქვს საშუალება, შევამციროთ მათ მიერ გამოწვეული ზიანი“, – წერია თურქეთის 2012-2013 წლის მიწისძვრის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმაში.

მიწისძვრის სიმძლავრის გასაზომად და შესადარებლად გეოლოგები იყენებენ მაგნიტუდის სკალებს. ბრიტანეთის გეოლოგთა ასოციაცია წერს, რომ 5 ბალზე ნაკლები სიმძლავრის მიწისძვრა იშვიათად აზიანებს შენობებს. თუმცა 6 ან მეტი მაგნიტუდის მიწისძვრა შეიძლება იყოს კატასტროფული.

ყველაზე ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა ჩილეში 1960 წელს და იყო 9,5 მაგნიტუდის სიმძლავრის.


მთავარ ფოტოზე მიწისძვრა თურქეთში | წყარო arabianbusiness

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: