მთავარი,სიახლეები

რამდენ მაგნიტუდაზეა გათვლილი სახლები, რომლებსაც ბათუმში აშენებენ

07.02.2023 • 16148
რამდენ მაგნიტუდაზეა გათვლილი სახლები, რომლებსაც ბათუმში აშენებენ

6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრას, 7 თებერვლის მონაცემებით, 5 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. პირველ ჯერზე ნგრევა 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ გამოიწვია. რამდენად სეისმომედეგია ის საცხოვრებელი კორპუსები, რომლებსაც ბოლო პერიოდში აშენებენ საქართველოში და როგორ მოწმდება მშენებლობის სტანდარტები? ამ თემაზე „ბათუმელები“  ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, დამსახურებულ მშენებელს რეზო კახიძეს ესაუბრა.

  • ბატონო რეზო, თურქეთში მომხდარმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვები იმაზე, თუ რამდენად სეისმომდგრადია ის საცხოვრებელი სახლები, რომლებიც დღეს ასე მასობრივად შენდება. თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენ მაგნიტუდაზეა გათვლილი ეს შენობები?

1960 წლამდე რა სახლებიცაა აშენებული, მათ შემთხვევაში სეისმური ღონისძიებები გატარებული არ არის, რადგან სეისმოლოგიური გაანგარიშებები და ნორმები 80-იანი წლებიდან შემოვიდა.

დღეს როგორც ბათუმში, ასევე სხვა ქალაქებშიც, ნებისმიერი მშენებლობა მიმდინარეობს იმ სეისმოლოგიური ზემოქმედების მიხედვით, რომელიც მინიჭებული აქვს ამა თუ იმ რეგიონს და ყველაფერი არის ნორმის ფარგლებში.

ბათუმში მშენებლობები გათვლილია 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაზე, ქობულეთის ზოგიერთ ნაწილში და თბილისში, 8 მაგნიტუდაზეა გათვლილი.

სპიტაკისა და საქართველოს მიწისძვრა რომ იყო, რომელსაც მოჰყვა ნგრევა, 7 მაგნიტუდა იყო. მას შემდეგ, ბოგდანოვკის გარდა თითქმის ყველგან 8 მაგნიტუდაზე გადაიყვანეს ბევრი ქალაქი. თუმცა დღეს ქალაქების უმრავლესობა 7 მაგნიტუდაზეა გათვლილი.

  • თუ გქონიათ პრაქტიკაში შემთხვევა, როცა პროექტი წარმოდგენილი იყო სეისმური სტანდარტების გათვალისწინებით, თუმცა მშენებლობის პერიოდში დაირღვა ეს სტანდარტი?

მსგავსი შემთხვევები ზედამხედველობის სამსახურმა უნდა შეამოწმოს. მშენებელი და არქიტექტორი ამას არ ამოწმებს. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა არ მოხდეს სეისმური ნორმების დაცვა, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მაღლივი შენობები დიდი ყურადღებით შენდება და არა მგონია რაიმე ნორმა დაარღვიონ.

  • მერიის ზედამხედველობის სამსახურში გვითხრეს, რომ მათ არ ჰყავთ ინსტრუქტორები. მაშინ რის მიხედვით მოწმდება, სეისმური ნორმების დაცვით შენდება თუ არა შენობა?

ჰყავთ, როცა სჭირდებათ… პროექტთან ერთად გაიცემა ნებართვა, რომელიც მოითხოვს მშენებლობის ცალკეული ეტაპების წარმოებისას, სხვადასხვა სახის – იქნება ეს ფარული სამუშაოები თუ ღია, აქტების შედგენას.

აი, ეს ეტაპები უნდა შემოწმდეს, ეს არის ერთადერთი იარაღი. პროექტში რაც არის მოყვანილი, ის უნდა შესრულდეს. თუ სპეციალისტები არ ჰყავთ, უნდა მოიწვიონ.

პროექტი გადის ექსპერტიზას, ცალკე მოწმდება არქიტექტურა, ცალკე გეოლოგია და კონსტრუქცია კიდევ ცალკე. შემდეგ, მშენებელმა უნდა მოიწვიოს კონსტრუქტორი, ის ამოწმებს ამ ყველაფერს და ადგენენ ოქმს.

  • რატომ აქვთ ადამიანებს განცდა, რომ უხარისხოდ შენდება ქალაქში საცხოვრებელი სახლები?

განცდა შეიძლება ყველას ჰქონდეს, მაგრამ თუ გვექნება ამ ყველაფერზე ინფორმაცია, ეს განცდები მოგვეხსნება.

დღეს, თუკი რამე შენდება, ყველაფერი დაცულია. თუ პროექტის მიხედვით არ გაკეთდა, ეს სხვა საკითხია.

პროექტი იმიტომ არსებობს, რომ ამის მიხედვით აშენდეს. იმიტომ უტარდება ექსპერტიზა და შემოწმება, რომ ის იყოს დანამდვილებით შესაბამისი იმ გარემოსი, რა მოთხოვნებიც არსებობს კონკრეტულ რაიონში სეისმურობასთან დაკავშირებით.

სეისმურობას ითვალისწინებს შენობის შემადგენელი ელემენტების ერთმანეთთან შეკავშირებაც.

  • რამდენად გამართლებულია მთაგორიან ქალაქებში მაღალი კორპუსების მშენებლობა. მაგალითად, თბილისში ბევრი ასეთი კორპუსი შენდება, მაშინ, როცა დასავლურ ქვეყნებში მსგავს შენობებს დაბლობში უფრო აგებენ.

ამაზე არც მე და ალბათ არც სხვა მშენებელი არ ნერვიულობს, რადგან, როგორც ვიცი, ყველა ნორმა დაცულია. არც ერთი მაღლივი შენობა ხიმინჯების გარეშე არ არის აშენებული და საძირკვლებიც ამ მხრივ უზრუნველყოფილია.

მთავარი, რა თქმა უნდა, საძირკველია, მაგრამ მიწის ზედა კონსტრუქციებს შორის კავშირი არის მნიშვნელოვანი – კედელი, გადახურვის ფილა, სვეტი, მილები – აი, ამათ შორის უნდა იყოს ისეთი კავშირი, რომელიც დააკმაყოფილებს სეისმურობის მოთხოვნებს.

რეზო კახიძე

მე პირადად რამდენიმე ობიექტზე ახლაც დავდივარ და ვაკვირდები.

7 მაგნიტუდის შემთხვევაში ეს ქალაქი დაზღვეულია ნგრევისგან, მაგრამ 8 მაგნიტუდის თუ იქნება მიწისძვრა, ეს სხვა საკითხია.

თურქეთში 7 მაგნიტუდას გადაშორდა ხომ? უფრო ნაკლები რომ ყოფილიყო, დაინგრეოდა ძველი შენობები, ახლები ნაკლებად, რადგან თურქეთმაც სეისმური ნორმების გამკაცრება ბოლო პერიოდში დაიწყო, მანამდე არც ისინი აქცევდნენ ყურადღებას.

ადრე, როცა ჩავდიოდი თურქეთში და ვუყურებდი, მიკვირდა, როგორ შეიძლება ასე აშენო-მეთქი. საერთოდ არ იყო სეისმური ღონისძიებები გათვალისწინებული.

ახლა კი რასაც აკეთებენ, ძალიან დიდ მარაგს დებენ ამა თუ იმ კონსტრუქციაში, ჩვენზე ბევრად მეტს.

  • როგორც არაერთი სპეციალისტისგან გვსმენია, არ არის საკმარისი ის რეგულაციები, რაც დღეს არსებობს, თქვენ რას მიიჩნევთ ყველაზე დიდ პრობლემად? 

მესმის, რომ ადრე უფრო მკაცრად კონტროლდებოდა ყველაფერი, პატარა ნიუანსებსაც კი შეთანხმება სჭირდებოდა რამდენიმე უწყებაში, თუმცა, თუ ყველა ნორმა იქნება დაცული, შენობები 7 მაგნიტუდას გაუძლებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: