მთავარი,სიახლეები

3 381 დაღუპული, 20 426 დაშავებული – მიწისძვრა თურქეთში, მეორე დღე

07.02.2023 • 1852
3 381 დაღუპული, 20 426 დაშავებული – მიწისძვრა თურქეთში, მეორე დღე

თურქული მედიის უკანასკნელი ცნობებით, 3 381 ადამიანი დაიღუპა თურქეთის სამხრეთ რეგიონში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად. დაშავებულია 20 426 ადამიანი, ხოლო ათასობით მოქალაქე საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი.

მიწისძვრის გამო თურქეთში 7 დღიანი გლოვა გამოცხადდა. „ანადოლუს“ ცნობით, რეგიონში, სადაც მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია, 13.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.

მიწისძვრამ  შენობები დაანგრია თურქეთის 10-ზე მეტ დიდ ქალაქში. ვარაუდობენ, რომ ასობით ადამიანი ისევ ნანგრევებშია მოყოლილი და მათი ამოყვანა ჯერ ვერ ხერხდება.

მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია კაჰრამანმარაშში და ადანას პროვინციებში. საცხოვრებელი კორპუსები დაინგრა ქალაქ ჰათაიში, გაზიანთეპში, კილისში, ოსმანიეში, მალათიაში, ადიიამანში, დიარბაქირში, შანლიურფაში.

თურქეთის ოფიციალური პირების განცხადებებით, მიწისძვრის მსხვერპლთა ოდენობა გაიზრდება.

მიწისძვრამ თურქეთის საზღვაო ინფრასტრუქტურასაც დიდი ზიანი მიაყენა. ხმელთაშუა ზღვის მთავარ პორტში, ისკენდერუნში, მიწისძვრისას კონტეინერებს ცეცხლი გაუჩნდა, შედეგად ათეულობით კონტეინერი და მასში განთავსებული ტვირთი დაიწვა.

დიარბაქირში მიწისძვრით დაზარალებულთა ნაწილმა ღამე ადმინისტრაციულ შენობებში გაათია
ფოტო: EPA-EFE/REFIK TEKIN

მიწისძვრამ დააზიანა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადამცემი ხაზები. დაშავებულთა დიდი ოდენობის გამო მიწისძვრის ეპიცენტრ ქალაქებში მოწყობილია საველე ჰოსპიტლები.

მიწისძვრით დაშავებულები ქალაქ ჰატაიში მოწყობილ საველე ჰოსპიტალში
ფოტო: EPA-EFE/ERDEM SAHIN

7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 6 თებერვალს, გამთენიისას თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონსა და სირიაში მოხდა.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, პირველი მიწისძვრა დილის 4:17 საათზე 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა კაჰრამანმარაშში, ფაზარჯიკის რაიონში.

მას მოჰყვა მეორე, 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი სამხრეთ-აღმოსავლეთ გაზიანთეპის პროვინციაში იყო. მესამე მიწისძვრა, რომელიც 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო, გაზიანთეფში მოხდა.

კიდევ ერთი მიწისძვრა 6 თებერვალს, თურქეთის დროით 13:25  წუთზე მოხდა სამხრეთის რამდენიმე რაიონში.

თურქეთმა მომხდარის გამო საერთაშორისო დახმარება ითხოვა. სამაშველო ოპერაციები მიწისძვრით დაზარალებულ რაიონში ამ დრომდე მიმდინარეობს. მასში სხვადასხვა ქვეყნის მაშველები არიან ჩართული, მათ შორის თურქეთს დახმარება გაუგზავნა საქართველომ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: