„ორი დღეა წყალი ისევ არ გვაქვს,“ – ამბობს ბათუმში, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე მცხოვრები ლუიზა ვარშანიძე.
ეს ქუჩა ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციული შენობიდან დაახლოებით ერთი კილომეტრითაა დაშორებული, სასმელ წყალსაც ამ ქუჩაზე მცხოვრები 17 ოჯახი ხელვაჩაურიდან იღებს, თუმცა, როცა წყალი წყდება, ან გზაზე გავლა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, მოსახლეობას ბათუმის მერიისკენ მიუთითებენ – თქვენ ბათუმს ეკუთვნითო.
ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებშია მას შემდეგ, რაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილი ბათუმს შეუერთეს. უგზოობის და უწყლობის გარდა, ბათუმის ამ ქუჩაზე არც კანალიზაციის სისტემაა მოწყობილი და არც გარეგანათება შეგხვდებათ სადმე.
„ხელვაჩაური სამადლოდ გვაწვდის წყალს, ვერც მოსთხოვ პასუხს, როცა არ არის. ვერც გავიგეთ ახლა, რა დაზიანდა,“ – გვიყვება ლუიზა ვარშანიძე, – „წლების წინ გამოიყვანა ჩემთან „ბათუმის წყალმა“ მილები, მაგრამ დაერთებული არ არის, არც მრიცხველებია. დაახლოებით სამი წლის წინ დაასრულეს სამუშაოები და ამ დრომდე არ გვაწვდიან წყალს. გვეუბნებიან მალე იქნებაო, მაგრამ როდის იქნება ეს მალე, არავინ იცის.
სამუშაოები ხომ წინასწარ გაწერილია ბიუჯეტში, ჩვენი პრობლემა კი, ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. ვერ გვპასუხობს „ბათუმის წყალი“, როდის გვექნება სასმელი წყალი. ვერც ბათუმის მერია გვეუბნება, როდის მიხედავენ ქუჩას, კანალიზაციას, ან გარეგანათებას.
აქ უკვე ფეხით კი არა, მანქანით გავლაც შეუძლებელია. ვინმე როცა მოდის სტუმარი, წინასწარ გვირეკავს და მანქანით უნდა გავაკითხოთ,“ – ამბობს ლუიზა ვარშანიძე.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ბათუმის წყლის“ პრესცენტრს, სადაც გვიპასუხეს, რომ სამუშაო დღეებში მოახერხებენ შესაბამისი ინფორმაციის მოწოდებას.
მოქალაქემ ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩის ამსახველი ფოტოებიც გამოგვიგზავნა. ამ ქუჩის სიგრძე [ფრიდონ ხალვაშის გამზირიდან ჭოროხის ქუჩამდე მონაკვეთში] სულ 450 მეტრია. მოსახლეობის თქმით, ამ ქუჩით ხშირად გადაადგილდება სატვირთო მანქანებიც.
„წლების წინ იყო პასუხი, რომ რუსული ჯარის ტანკები აფუჭებდნენ გზას. 2007 წელს გავიდა რუსული ჯარი, 16 წელი გავიდა და მოასფალტება კი არა, ხრეშსაც არ ყრიან ორმოები რომ ამოავსონ“ – დასძინა „ბათუმელებთან“ ლუიზა ვარშანიძემ.
ბათუმში მდებარე ამ ქუჩაზე გადაადგილება წვიმაში განსაკუთრებით რთულია, მითუმეტეს ღამით, როცა ქუჩაზე გარეგანათებაც არ არის.
განახლება: “ბათუმის წყლის” ინფორმაციით, “მოსახლეობასთან კომუნიკაცია უკვე შედგა და უახლოეს პერიოდში მოხდება ფანასკერტელის ქუჩის ახალ ქსელზე დაერთება.”
ამავე თემაზე:
კორპუსები კანალიზაციის გარეშე ბათუმში, ახალ ბულვართან – აქ 2 აპრილს ისევ არჩევნებია