პროკურატურა აკონკრეტებს, რა მუხლებით წარუდგინეს ბრალი მილიონერ ბიზნესმენს – გალიფ ოზთურქს. მას ახალი ბრალი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გუშინ, 10 თებერვალს წარუდგინა.
ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება-გამოყენება [სსკ-ის 210 მუხლი] და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია [სსკ-ის 194-ე მუხლი] – ამ მუხლებით წარუდგინეს ახალი ბრალი გალიფ ოზთურქს, რომელიც 2022 წლის 31 მაისს სპეცოპერაციის დროს დააკავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით. სისხლის სამართლის ამ საქმეში არაერთი დეტალი აჩენს კითხვას გამოძიების მიმართ.
პროკურატურა ასახელებს ბიზნესკომპანიებსაც, რასაც კუკავშირდება გალიფ ოზთურქის მიერ წარდგენილი ახალი ბრალი.
პროკურატურის ინფორმაციით, „ბრალდებულმა გაზრდილი ფასების შემცველი ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებებით, მისივე კუთვნილი კომპანია – სს „მეტრო ავრასიაინვესთმენთ ჯორჯია“-დან თანხების უკანონოდ მიღება და კომპანიის აქციების საემისიო ღირებულების სხვაობის ანაზღაურება განიზრახა.
აღნიშნული მიზნით, ბრალდებულმა დაამზადა ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულება – 9 472 343 ლარის ღირებულების შპს „ჟასმინის“ 100% წილის თითქოსდა 42 000 000 ლარად შეძენის თაობაზე. მოგვიანებით, 9 416 552 ლარად ღირებული, ხსენებული კომპანიის 100% აქცია, 82 217 700 ლარად მიჰყიდა მის კუთვნილ კომპანიას, საიდანაც 2022 წლის აპრილსა და მაისში 33 030 612 ლარი უკანონოდ მიიღო.
ბრალდებულმა აღნიშნული თანხა სს „მეტრო ავრასიაინვესთმენთ ჯორჯიას“ აქციების საემისიო ღირებულების სხვაობის და მისგან წარმოშობილი საპროცენტო სარგებლის დავალიანების დაფარვის მიზნით, იმავე პერიოდში კომპანიის საბანკო ანგარიშზე დააბრუნა, რითაც შენიღბა და კანონიერი სახე მისცა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალს,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროკურატურა განცხადებაში ხაზს უსვამს იმასაც, რომ „გამოძიება გრძელდება“.
პროკურატურა გალიფ ოზთურქს სსკ-ის 194-ე მუხლის [ფულის გათეთრება] მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტით ედავება, რაც გულისხმობს დანაშაულის ჩადენით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას და სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
რაც შეეხება 210-ე მუხლს [ყალბი დოკუმენტის დამზადება], ამ მუხლის პირველი ნაწილით ედავება პროკურატურა ოზთურქს. ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
ნარკოდანაშაულზე გალიფ ოზთურქის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულების ეტაპზეა. მოსამართლე ლევან ყოლბაიამ განაჩენი თებერვლის ბოლომდე უნდა მიიღოს.
ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა ის ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს. ამ შემთხვევაში ოზთურქს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
დაცული ტერიტორიების სააგენტო სათაფლიაში დინოზავრების მონტაჟს გეგმავს და ფასების დადგენის მიზნით, ბაზარს იკვლევს. ბაზრის შესწავლის შემდეგ კი, სააგენტო 6 დინოზავრის შეძენა-მონტაჟზე ტენდერს გამოაცხადებს. დინოზავრები მიახლოებისას უნდა რეაგირებდნენ ინფრაწითელი სენსორის მეშვეობით.
სააგენტოს ინფორმაციით, დინოზავრების მიწოდების პარალელურად, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მისი დამონტაჟება სათაფლიის აღკვეთილის ტერიტორიაზე [წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ბანოჯა], შემსყიდველის მიერ შერჩეულ ლოკაციაზე.
ხედი სათაფლიის აღკვეთილზე / ფოტო: სააგენტო
ტექნიკური დავალების მიხედვით:
„თითოეული დინოზავრის ძირითადი ნაწილი [შიდა ჩონჩხი] აგებული უნდა იყოს გალვანიზებული ლითონისაგან, ხოლო გარე გარსი დაფარული უნდა იყოს ქაფ-სილიკონით.
ფუნქციების შესასრულებლად თითოეულს უნდა ჰქონდეს ჩამონტაჟებული საჭირო მოწყობილობები (როგორიცაა ტრანსფორმატორი, დედაპლატა, დენის კონტროლის დაფა, CPU, დენის გამაძლიერებელი და სხვა) .
თითოეული სახეობის დინოზავრი უნდა რეაგირებდეს მიახლოებისას ინფრაწითელი სენსორის მეშვეობით, მოძრაობები უნდა იყოს დისტანციური და ავტომატიზებული.
მოხმარებული დენის სიმძლავრე თითოეულ დინოზავრზე არ უნდა აღემატებოდეს 800 ვატს.
მოწოდებული საქონელი დამუშავებული უნდა იყოს იმგვარად, რომ დაცული იყოს მღრღნელების, მწერებისა და ფრინველებისაგან ან შესაძლებელია დამონტაჟებული იქნას ხსენებულისაგან დამცავი მოწყობილობა.“
დასამონტაჟებელი დინოზავრები და მათი მახასიათებლები / წყარო: სააგენტო
„ვინადაინ, დინოზავრების მონტაჟი ხორციელდება აღკვეთილის ტერიტორიაზე, ღია სივრცეში, ელექტრო-სამონტაჟო და ბეტონის სამუშაოებისათვის საჭირო ყველა დანადგარის [მაგ: გენერატორი, ბეტონმრევი და სხვა] და მასალის ხარჯი, ასევე გათვალისწინებული უნდა იქნას წარმოდგენილი ფასით.“ – აღნიშნავს სააგენტო.
ამასთან, ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს საქონლის მიწოდება და მონტაჟთან დაკავშირებული ყველა ხარჯი. მიმწოდებელმა ღირებულებაში ასევე უნდა გაითვალისწინოს დინოზავრების შესაბამისი ზომის ბეტონის სადგამი ფილის მოწყობის სამუშაოები.
საბოლოოდ, დინოზავრები, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 120 დღეში უნდა დაამონტაჟონ. საგარანტიო ვადა კი, მიღება-ჩაბარების აქტის [მონტაჟის ჩათვლით] გაფორმებიდან არანაკლებ 2 წელი იქნება.
დინოზავრის ნაკვალევი სათაფლიაში / ფოტო: სააგენტო
ამ დრომდე აღკვეთილში, რამდენიმე ადგილზე დინოზავრების მაკეტები იყო განთავსებული.
მთავარი ფოტო: იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფეისბუქ გვერდიდან
განახლება: სააგენტომ დინოზავრების მაკეტებსა და მათ მონტაჟზე ტენდერი 2023 წლის მარტში გამოაცხადა. ხელშეკრულება კი შპს „მაი მობაილ +“-თან გააფორმა 197 000 ლარზე. მიღება-ჩაბარების აქტი [6 მაკეტსა და მათ მონტაჟზე] კი 2023 წლის აგვისტოშია გაფორმებული.
„ყველაზე მეტად თბილი პლედები გვჭირდება, საბნები, გათბობის საშუალებები,“ – ამბობს ოსმან მჟავანაძე, თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ხელმძღვანელი, რომელიც ამჯერად თურქეთის მიწისძვრით დაზარალებულთა ერთ-ერთ შტაბს კურირებს ბათუმში.
თურქეთში, კაჰრამანმარაშში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულთათვის ბათუმში ჰუმანიტარული დახმარება რამდენიმე ადგილას გროვდება: ჰუმანიტარული ტვირთი გროვდება ბათუმის სტადიონთან, ასევე „ლელოს“ და „ევროპული საქართველოს“ ოფისებსა და ბათუმის ახალ მეჩეთში.
შტაბი ჰუმანიტარული ტვირთის შესაგროვებლად ბათუმის სტადიონის შენობაშიც გახსნეს / 11.02.2023
ოსმან მჟავანაძე
„ყველაზე მეტად ის გამიხარდა, როცა უკრაინელებიც მოვიდნენ და ჰუმანიტარული ტვირთი დაგვიტოვეს,“ – გვიყვება ოსმან მჟავანაძე, – „მოვიდნენ, ჯერ გვკითხეს, რა გვჭირდებოდა ყველაზე მეტად და შემდეგ დაგვიტოვეს ბავშვის საკვები.
ბავშვის საკვები მართლაც ყველაზე მეტად გვჭირდება. უფროსების საკვებიც შეიძლება, მაგრამ ამ კუთხით დღეს დიდი საჭიროება არ არის.
ყოველდღე აქ ვართ, დილის 10 საათიდან საღამოს 6-მდე,“ – ამბობს ოსმან მჟავანძე. მისივე თქმით, ორი სატვირთო მანქანით ჰუმანიტარული ტვირთი ბათუმიდან თურქეთში უკვე გაიგზავნა.
შტაბში დღეს თურქი მოხალისეები დაგვხდნენ, რომლებიც ბათუმში ცხოვრობენ და სწავლობენ. ოსმან მჟავანაძე ამბობს, რომ მოხალისეებიც სჭირდებათ: „კარგი იქნებოდა, ბევრი ნივთი არის დასახარისხებელი, შემდეგ ყუთებში უნდა ჩავაწყოთ, ახალგაზრდები თუ დაგვეხმარებიან, კარგი იქნება.“
„ასეთ ვითარებაში ჩანს ჩვენი მეგობრობა და ადამიანობა, რაც შემეძლო, ის დავტოვე, ჰიგიენური ნივთები მოვიტანე,“ – გვითხრა დავით ბასილაძემ, რომელმაც თავისი ნივთები დატოვა შტაბში.
მოქალაქეები ჰუმნანიტარულ ტვირთს შტაბში ტოვებენ
„ზოგს 5 ლარიც აქვს ჩარიცხული, ჩარცხვები გრძელდება 20 თებერვლის ჩათვლით. ამ ეტაპზე 11 993 ლარი მოგროვდა, მათ შორის, გუშინ, მარტო პარასკევის ლოცვაზე ყულაბაში მოგროვდა 5 718 ლარი. ეს თანხა ახალი მეჩეთის მლოცველების სახელით ჩავრიცხეთ,“ – ამბობს თამაზ მგელაძე, ბათუმის ახალი მეჩეთის იმამი.
ბათუმის ახალი მეჩეთი
ახალ მეჩეთში ჰუმანიტარულ ტვირთსაც აგროვებენ. აქაც ყოველდღე შეგიძლიათ ჰუმანიტარული ნივთების დატოვება.
„უცხოელებიც მოდიან, მოაქვთ თბილი ტანსაცმელები, პლედები, მოაქვთ დაკონსერევბული საჭმელი. როცა შეგროვდება კონკრეტული რაოდენობა, საკონსულოს დავუკავშირდებით და ერთიანად წაიღებენ,“ – აღნიშნა თამაზ მგელაძემ „ბათუმელებთან“.
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 11 თებერვლის ანგარიში „ვაგნერის“ დაჯგუფებასა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაპირისპირების შესახებ განახლებულ ფაქტებს მიმოიხილავს.
უწყება მიუთითებს დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის 9 თებერვლის განცხადებაზე, რომლითაც „ვაგნერმა“ მსჯავრდებულების რეკრუტირების სქემა შეაჩერა.
ბრიტანეთის დაზვრევა გასულ ანგარიშებში უკვე აღნიშნავდა, რომ რუსეთის სასჯელაღსრულების სამინისტროს მონაცემების მიხედვით, დეკემბრიდან დაიკლო რეკრუტირებულ პატიმართა რაოდენობამ.
როგორც უწყება დღევანდელ ანგარიშში აღნიშნავს, ამის მიზეზი შესაძლოა უკრაინაში მყოფი „ვაგნერის“ წევრების მძიმე რეალობის შესახებ გავრცელებული ცნობები იყოს, რომლებმაც, პატიმრებამდე მაინც შეაღწია და შეამცირა მოხალისეთა რაოდენობა.
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის შეფასებით, პატიმართა რეკრუტირების სქემის შეწყვეტის მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და „ვაგნერს“ შორის მზარდი პირდაპირი მეტოქეობაა. რუსეთის რეგულარულმა არმიამ კი, მოსალოდნელია, რომ უკვე განათავსა „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ფარგლებში აყვანილი რეზერვისეტების ძირითადი ნაწილი.
რუსი მეთაურები რთული არჩევანის წინაშე დგანან, მათ ან უნდა გააგრძელონ თავიანთი ძალების ამოწურვა და შეამცირონ მიზნები, ან განახორციელონ მობილიზაციის დამატებითი ეტაპი – აღნიშნავს ბრიტანეთის დაზვერვა.
ბათუმის ბულვარს ესკიზები და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტები ზღვისპირა ზოლში ახალი კაფეების ასაშენებლად მზად აქვს. კაფეებს თავად ბულვარის ადმინისტრაცია მოაწყობს და შემდგომ იჯარით გასცემს.
ახალი დიზაინის მიხედვით, პლაჟის გასწვრივ დღეს არსებული კაფეები უნდა ჩაანაცვლონ. როდის დაიწყება ეს პროცესი და გააფრთხილეს თუ არა ახლანდელი მოიჯარეები, ბულვარის ადმინისტრაციაში ვერ გვითხრეს.
ახალი დიზაინის კაფეები ბულვარის განაშენიანების გეგმითაა გათვალისწინებული. ეს გეგმა ბათუმის საკრებულომ 2022 წლის აგვისტოში დაამტკიცა.
ბათუმის ბულვარს პლაჟზე განსათავსებელი საზაფხულო კაფეების დიზაინისა და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე კონკურსი 117 ათას 694 ლარით [დღგ-ს გარეშე] ჰქონდა გამოცხადებული:
შესყიდვების პორტალის მიხედვით, კონკურსში მხოლოდ ერთი კომპანია, შპს „თ-არქიტექტსი“ მონაწილეობდა. მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, კომპანიამ ესკიზები და ხარჯთაღრიცხვა ბულვარის ადმინისტრაციას 2023 წლის იანვარში ჩააბარა.
ბულვარმა „თ-არქიტექტსს“ 135 ათას 700 ლარი უნდა გადაუხადოს [თანხის გადარიცხვის დოკუმენტი დღეს, 11 თებერვალს, პორტალზე ატვირთული არ არის].
რა ღირს თითო ასეთი კაფეს მოწყობა იმ ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, რომელიც ბულვარმა უკვე შეიძინა? – პასუხი ვერც ამ კითხვაზე მივიღეთ. ბულვარის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ ჩვენი შეკითხვები ბევრ დეტალს შეიცავს და უმჯობესია, ისინი ოფიციალურ მეილზე მივწეროთ. „დღეს არ მგონია მოხერხდეს პასუხების გაცემა“, – მოგვწერეს ბულვარიდან 10 თებერვალს.
კაფეების ესკიზები
კაფე N1
პირველი ესკიზი საკონკურსო დოკუმენტაციიდან
პირველი ესკიზის განმარტებითი ბარათი:
კაფე N2
მეორე ესკიზი საკონკურსო დოკუმენტაციიდან
მეორე ესკიზის განმარტებითი ბარათი:
კაფე N3
მესამე ესკიზი საკონკურსო დოკუმენტაციიდან
მესამე ესკიზის განმარტებითი ბარათი:
აღნიშნული დიზაინის კაფეები ბულვარის გასწვრივ სანაპიროზე მონაცვლეობით უნდა განათავსონ.
ამავე თემაზე:
ბულვარის განაშენიანების გეგმა ცენტრალურ შესასვლელში „ქორწინების სახლისა“ და შადრევანზე გადასასვლელი ლითონის ხიდების დემონტაჟსაც ითვალისწინებს:
საქართველოს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფში“, კანონდარღვევის ფაქტები აღიკვეთა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს.
„კერძოდ: 200 000 შვეიცარიული ფრანკი, 3400 ევრო (საერთო ჯამში 581483,76 ლარი) და 22761,25 ლარის ღირებულების ოქროს საიუველირო ნაკეთობები (243,41გრამი).
საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ უცხო ქვეყნის მოქალაქეს პ.ბ.-ს სანქციის სახით, საქონლის ჩამორთმევა შეეფარდა, ხოლო მოქალაქე ფ.ბ.-ს საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 11 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 136 880 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140]
ტანკი – 3 267 ერთეული [+9]
ჯავშანტექნიკა – 6 474 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 2 270 ერთეული [+19]
MLRS – 463 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 234 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 295 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 286 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 997 ერთეული [+27]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 857 ერთეული [+61]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 5 134 ერთეული [+8]
სპეცტექნიკა – 214 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 11 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
384 თვითმფრინავი
207 ვერტმფრენი
3 088 უპილოტო საფრენი აპარატი
403 საზენიტო სარაკეტო სისტემა
7 826 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 015 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
4 061 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
8 326 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
„თუ უკრაინამ ის იარაღი მიიღო, რასაც მას ჰპირდებიან, ეჭვი მეპარება, რომ რუსებს ბახმუტის შემდეგ საერთოდ რამე წარმატება ექნებათ,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, რუსები ცდილობენ უპირატესობის მოპოვებას, ვიდრე უკრაინას დასავლეთი ახალი აღჭურვილობით მოამარაგებს.
გადამდგარი გენერალი თითქმის ერთი წელია ისევ აქტიურად ადევნებს თვალს ფრონტის ხაზს და გვიყვება, რომ რუსებმა უკრაინელების თავდაცვის ხაზის გარღვევა ვერსად შეძლეს.
„შეტევა რუსებს დაწყებული აქვთ, მაგრამ როდესაც შეტევას ახორციელებ, იქ მეორე ეშელონი შეგყავს, რეზერვი, სადაც გააკეთებ გარღვევას. ჯერჯერობით კი, რუსებს ასეთი გარღვევა ვერ აქვთ გაკეთებული, რომ დაჯგუფება ამ ღრიჭოში შეიყვანონ,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე და დასძენს: „ახერხებენ გარკვეული სიმაღლეების დაკავებას, ოცეულის თავდაცვის პუნქტის აღებას… დაახლოებით ასეთი დონისაა რუსეთის წარმატებები.“
რუსების სამიზნე ისევ დონბასის საზღვრებზე გასვლაა, თუმცა გადამდგარ გენერალს ეეჭვება, რუსებმა ეს შეძლონ. ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმისთვის ახალი დაჯგუფება ჯერ არც უკრაინელებს შეუქმნიათ. ვახტანგ კაპანაძე განმარტავს, რა როლი ექნება ამ დაჯგუფების შექმნისთვის თანამედროვე, დასავლურ სამხედრო ტექნიკას.
„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
ბატონო ვახტანგ, რუსებმა განაახლეს თავდასხმა უკრაინაში. რუსი ოკუპანტები ამჯერად ცდილობენ, რომ გაზაფხულამდე დონბასი აიღონ სრულად, თუ იკვეთება სხვა მიზნები? რა მასშტაბისაა ეს თავდასხმა?
დიდი მასშტაბით არ არის ეს შეტევა. რა თქმა უნდა, მასშტაბი გაზრდილია იმ ტაქტიკურ და ყოველდღიურ ბრძოლებთან შედარებით, რაც აქამდე იყო ბახმუტი-სოლედარის მიმართულებით, თუმცა რუსებს არ აქვთ ჩამოყალიბებული და ზუსტად განსაზღვრული უკრაინელების სუსტი წერტილები, სადაც შეიძლება დაარტყან. რაც მთავარია, რუსეთს არ აქვს რესურსი, რომ მოახდინოს ძალების კონცენტრაცია კონკრეტულ მონაკვეთზე.
ეს შეტევები არის იმ სერიიდან, როცა რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს, მიაღწიოს გარკვეულ წარმატებას, ვიდრე უკრაინა დასავლეთიდან მიიღებს დაპირებულ შეიარაღებას.
მიზანიც იგივე – დონბასის აღება. მე ეჭვი მეპარება, რომ მიაღწიონ ამ მიზანს, განსაკუთრებით კი, გაზაფხულზე. 1-2 თვეში ისევ მძიმე გრუნტი იქნება ამ ადგილებში. ამ ტემპებით კი, რომლითაც რუსები დღეს იბრძვიან, არა მგონია, დონბასის საზღვრებზე გავიდნენ. ისინი ცდილობენ მაქსიმალური უპირატესობა მოიპოვონ, ვიდრე იარაღს მიიღებს უკრაინა, შემდეგ კი მოუწევთ დაკავებული ტერიტორიების თავდაცვაზე ფიქრი, ასევე ვაჭრობა, თუ ამას მოახერხებენ.
ვიდრე შეიარაღებას მიიღებს უკრაინა, რის მიღწევას შეძლებს რუსეთი?
რა სამწუხაროც არ უნდა იყოს, ჩემი აზრით, რასაც მოახერხებენ რუსები, ეს არის ბახმუტის აღება. ისეთი ლოგიკით მიდის დაპირისპირება, რომ ბახმუტს ალყაში მოაქცევენ, შემდეგ კი, მათი ამოცანა იქნება გავიდნენ ოპერატიულ სივრცეზე, მაგრამ ამას ისინი ვერ ახერხებენ. ბახმუტი და სოლედარი კი, თავდაცვის პირველი ხაზია.
უკრაინელებს გათვლილი აქვთ შესაძლო სცენარები, მათ ექნებათ თავდაცვა მოწყობილი ყველა პრინციპის დაცვით, ეს იქნება ღრმა თავდაცვა მეორე ეშელონთ, რეზერვებით, მომკვეთი პოზიციებით, ტანკსაწინააღმდეგო ზოლით, სრული ფორტიფიკაციით. უკრაინელებს ამისთვის დიდი დრო ჰქონდათ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაკეთებული აქვთ.
ნუ დაგვავიწყდება, რომ ბახმუტი ხელიდან ხელში გადადიოდა: იგი ჯერ დონეცკელებმა აიღეს, ანუ როცა 2014 წელს იყო დაპირისპირება, შემდეგ დაიბრუნეს უკრაინელებმა. ასე რომ, ეს მიდამოები გათვლილია ბრძოლის წარმოებისთვის და ბრძოლის გარკვეული გამოცდილება არსებობს. ამიტომაც ვიძახდი, რომ ბახმუტზე არ უნდა დახარჯოს უკრაინამ თავისი რესურსები, რადგან იქ არის მობილური თავდაცვის წარმოების შესაძლებლობა.
Foreign Policy-ის მონაცემებით, რუსეთმა მოამზადა 1800 ტანკი, 3950 ჯავშანმანქანა, 2700 საარტილერიო სისტემა, 810 საბჭოთა პერიოდის ზალპური სარაკეტო სისტემა, როგორიცაა: „გრადები“ და „სმერჩები“, 400 გამანადგურებელი და 300 ვერტმფრენი. ასევე, უკრაინაში რუსული საოკუპაციო ჯარების რაოდენობამ 300 000 ადამიანს გადააჭარბა. რა სახის სამხედრო ძალაა ეს?
300 ათასი კაცი რუსეთს შეყვანილი ჰყავს უკვე უკრაინის ტერიტორიაზე, თუმცა ფრონტის ხაზის გადაჭიმულობა 800-დან 1000 კილომეტრამდეა. რუსეთს მსგავსი კონცენტრაცია რომ გაეკეთებინა კონკრეტულ მიმართულებაზე, დაზვერვა ამას დაადგენდა. რუსეთი სხვა მიმართულებებზეც ცდილობს უკრაინელების მიჯაჭვულობა გამოიწვიოს, რომ კონცენტრაცია ვერ მოახდინონ.
სარაკეტო თავდასხმების გააქტიურებასაც ეს მიზანი აქვს?
სარაკეტო თავდასხმებს პერიოდულად ახორციელებს რუსეთი.
შეტევა რუსებს დაწყებული აქვთ. როდესაც უტევ, იქ მეორე ეშელონი შეგყავს, რეზერვი, სადაც გააკეთებ გარღვევას. ჯერჯერობით კი, რუსებს ასეთი გარღვევა ვერ აქვთ გაკეთებული, დაჯგუფება ამ ღრიჭოში რომ შეიყვანონ.
ანუ რუსებმა უკრაინელების თავდაცვის ხაზის გარღვევა ვერ მოახერხეს?
დიახ, გარღვევას ვერ ახერხებენ, მხოლოდ ავიწროებენ. რუსებს აქვთ მხოლოდ ტაქტიკური წარმატებები კონკრეტულ მიმართულებებზე. რუსები ახერხებენ გარკვეული სიმაღლეების დაკავებას, ოცეულის თავდაცვის პუნქტის აღებას… დაახლოებით ასეთი დონისაა რუსეთის წარმატებები.
თუ რეალურად მოუყარეს თავი იმ სამხედრო აღჭურვილობას რუსებმა, რასაც Foreign Policy აღწერს, რას მიაღწევენ რუსები?
ეს რესურსი, რასაც Foreign Policy ავრცელებს, ეხება დაახლოებით 1000-კილომეტრიან ბრძოლის ხაზს. ჯერჯერობით არ ჩანს, რომ რუსებს აქვთ რაღაც დარტყმითი დაჯგუფება შექმნილი. ეს არის ის ძალა, რომელიც, ჩემი აზრით, საშუალებას მისცემს რუსებს, ოკუპირებული ტერიტორია დაიცვას. ამ დინამიკით, თუკი რამე განსაკუთრებული არ განახორციელეს, ოპერატიული სიახლე, ან მოულოდნელობა რომელიმე მიმართულებაზე, ან უკრაინის თავდაცვა თუ არ ჩამოიშალა რომელიმე მიმართულებით, ამ დინამიკით ვერ ვხედავ მნიშვნელოვანი გარღვევა შეძლონ რუსებმა.
უკრაინის გენშტაბის ბოლო მონაცემებით, რუსეთმა დაკარგეს უკვე 3258 ტანკი, ასევე 6471 ჯავშანტექნიკა და 2251 საარტილერიო სისტემა. შესაძლოა, ეს მონაცემი არ იყოს ზუსტი, თუმცა აჩვენებს, რომ რა ტექნიკასაც ახლა მოუყარა თავი რუსეთმა, დაახლოებით ამდენივე დაკარგა. ეს აჩვენებს თუ არა იმას, რომ რეალურად რუსეთი მიდის გამოფიტვისკენ?
ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის სტრატეგიული ამოცანა შემცირდა და ეს ამოცანა დაყვანილია დონბასის საზღვრებზე გასვლაზე, შეტევები შემცირდა, მიმართულებები შემცირდა. რუსებმა მოახერხეს მობილიზება და კიდევ ერთ 300 ათასს თავს მოუყრის თავისუფლად. ტექნიკაც აქვთ, ომის დაწყების დროისთვის დაახლოებით 18 ათასი ტანკი ჰქონდა, გამოვაკლოთ 3 ათასი დანაკარგის სახით, 15 ათასი დარჩა. ყველა ტანკი დაწყებული T 64-ით, დამთავრებული T-72, T-80, T-90-ით, მას აძლევს საშუალებას, დანაკარგები შეავსოს.
მთავარი ისაა, რომ რუსეთის ეს სამხედრო ძალა არაა საკმარისი იმ მიზნის მისაღწევად, რაც მას ამ ომის დასაწყისში ჰქონდა. მე ეჭვი მეპარება იმაშიც, რომ უკრაინელების მიერ იარაღის მიღებამდე, რუსეთი შეძლებს დონბასის საზღვარზე გასვლას. თუ უკრაინამ ის იარაღი მიიღო, რასაც მას ჰპირდებიან, ეჭვი მეპარება, რომ რუსებს ბახმუტის შემდეგ საერთოდ რამე წარმატება ექნებათ.
„თუ უკრაინას თვითმფრინავებს არ მივცემთ, თუ მაქსიმალურად არ დავეხმარებით, რისკი იმისა, რომ უკრაინა დამარცხდება, მაღალი დარჩება,“ – ამბობს „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი მეთაური, სამხედრო პილოტი გრეგ ბეგველი. მისი თქმით, უკრაინას უნდა მიაწოდონ F 16-ები, რაზეც ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. რამდენად ეთანხმებით ამ პოზიციას?
უკრაინა რომ აღარ დამარცხდება, ეს ფაქტია. დღევანდელი ვითარებითაც რომ ავიღოთ, რუსეთი კიევს აიღებს, თუ ლვოვს? ბახმუტისთვის იბრძვის 7 თვეა. თუმცა თვითმფრინავების და შესაბამისი დახმარების გარეშე იქნება გაჭიანურება, დაუმთავრებელი დაპირისპირება.
უკრაინა ვერ მიაღწევს თვითმფრინავების გარეშე იმ წარმატებას, რაც მას სურს. უკრაინას კი, სურს თავისი ტერიტორიის სრულად გათავისუფლება.
საითკენ მიდის პროცესი, თქვენი აზრით, მოახერხებს უკრაინა დარტყმითი დაჯგუფების შექმნას?
დარტყმითი დაჯგუფებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯავშანტექნიკა, ამას მიიღებს უკრაინა, მაგრამ იგი მოწყვლადია ჰაერიდან. ჯავშანტექნიკას სჭირდება ქვეითები, საბრძოლო ქვეითები, რომლებსაც სჭირდებათ ქვეითთა საბრძოლო მანქანები, რათა ტანკებთან ერთად იმოქმედონ. ამ ყველაფერს კი, სჭირდება ახლო მანძილის მხარდაჭერა, რომელიც მიყვება ტანკებს და შეუძლია საჰაერო მიზნების დაზიანება. ამ სატანკო დაჯგუფებას, თუ ოპერატიულ დარტყმით დაჯგუფებას, აუცილებლად დასჭირდება ჰაერიდან მხარდაჭერა, რისთვისაც საჭიროა თვითმფრინავები.
F-14 არის ყველაზე მისაღები, ვინაიდან ეს არის, როგორც ეძახიან, „ოთხი ერთში“ – უნივერსალური თვითმფრინავია და შეუძლია, როგორც ჰაერიდან მხარდაჭერა, ასევე გამანადგურებლად მოქმედება, ბომბდამშენად და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების წინააღმდეგ მოქმედებაც.
რაც შეხება „ტაიფუნს“, რაზეც არის საუბარი ბრიტანელებთან, ესეც მულტიფუნქციური გამანადგურებელია, ეს იყო ევროპული გამანადგურებელი გასული საუკუნის 90-იანი წლებისთვის. ეს იყო ძირითადად გათვალისწინებული ცივი ომის პერიოდში და შემდგომი განვითარება არ ყოფილა, მაგრამ საკმაოდ ეფექტური თვითმფრინავია. ძალიან კარგია, თუ ამას მიიღებს უკრაინა.
მე მაინც ვთვლი, რომ F-14 იქნება უფრო ეფექტური, რადგან მისი უზრუნველყოფაც უფრო გაადვილდება. რაოდენობრივადაც ბევრია F-14. „ტაიფუნები“ კი, ძირითადად აქვს ბრიტანეთს, გერმანიას, იტალიას, ესპანეთს.
თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის ამ თვითმფრინავების მიწოდებაზე. რა ჩანს თქვენთვის დასავლეთის გზავნილებიდან, სადაც ამ დრომდე აქვს შეხვედრები ზელენსკის?
ამაზე საუბარი დაწყებულია. როცა იწყებენ საუბარს, ეს ნიშნავს დიდი ალბათობით, რომ გადაწყვეტილება მიღებულია. ასე დაიწყო ლაპარაკი ტანკებსა და „პატრიოტებზე“. ახლა საუბარია უშუალოდ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, მაგალითად, მფრინავების მომზადება, რასაც გარკვეული დრო სჭირდება.
თვითმფრინავების გადაცემა თუ გადაწყდება, მის გამოყენებას უკრაინა საუკეთესო შემთხვევაში გვიან შემოდგომაზე შეძლებს. უკრაინელ მფრინავებს ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ, მაგრამ მაინც დასჭირდება მინიმუმ 3-4 თვე. თითო მფრინავზე მოდის ასევე 20-მდე სახმელეთო უზრუნველყოფა – ტექნიკური მომსახურება. მათი მომზადება კიდევ უფრო დიდ დროს მოითხოვს.
შემოდგომამდე უკრაინას ომში გარდატეხის შეტანის შესაძლებლობა არ ექნება?
უკრაინამ განაცხადა, რომ ყალიბდება 8 ბრიგადა, აქედან 6 იქნება ეროვნული გვარდია, ერთი – შსს და ერთიც – სასაზღვრო დაცვა. ვფიქრობ, ეს ბრიგადები იქნება ბირთვი დარტყმითი დაჯგუფებისთვის. ამ ეტაპზე არ ჩანს, რომ უკრაინას აქვს დარტყმითი დაჯგუფება.
ტანკებიც არ მიუღია. საუბარია, რომ, მაგალითად, „ჩელენჯერს“ მიიღებს უკრაინა ერთ თვეში, გერმანიამ დაიწყო საუბარი „ლეოპარდ 1“-ების მიცემაზეც, რაც კარგი ტანკია, T-64 და T-72-ის დონის ტანკია და 100-ზე მეტს აძლევენ, მაგრამ ჯერ ეს ტანკები არის საწყობებში, რემონტი სჭირდება, რასაც ასევე გერმანია იღებს თავის თავზე.
ამასობაში რუსეთი ეცდება, გამოიყენოს ეს მომენტი, რომ მეტ წარმატებას მიაღწიოს. რასაც ვუყურებ, რუსეთი ჯერჯერობით ვერ აღწევს წარმატებას. უკრაინა გარკვეულ შეიარაღებას ისედაც იღებს. ვისურვებდი, რომ ახალი ტექნიკა, რომელსაც იღებს უკრაინა, იყოს თავმოყრილი და შეიქმნას დარტყმითი დაჯგუფება.
თუ უკრაინელები აპირებენ, რომ არ დაუშვან რუსების მეტი წინ წაწევა, რუსების გამოფიტვა და დარჩნენ ასეთ დაპირისპირებაში, ეს სხვა თემაა. ასე თუ გაგრძელდება, იქნება მუდმივი გამოფიტვა ორივე მხარეს და ხორცსაკეპი მანქანა.
ვისურვებდი, უკრაინელებმა იომონ მეტად თანამედროვე ომი, ვიდრე ის ომი, რაც რუსებს უფრო აწყობთ. უკრაინა უნდა გადავიდეს უფრო მეტად მობილურ თავდაცვაზე – სიახლე და სიურპრიზი შესთავაზონ საომარ ველზე, მიჯაჭვულები ნუ იქნებიან სანგრებზე, მანევრები განახორციელონ, ტექნიკური უპირატესობა უნდა მოიპოვონ, რის საშუალებაც მათ აქვთ.
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, დნიპროს ყურეს გაკონტროლების მიზნით, ორივე მხარემ სავარაუდოდ განათავსა მცირე ჯგუფები კინბურნის ნახევარკუნძულზე. „ნაკლებსავარაუდოა, რომ რუსეთი ეცდება შეტევას დნიპროს გადალახვით: ეს ყოვლად სახიფათოა და ძვირი დაუჯდებოდა“, – ვკითხულობთ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ანგარიშში. თქვენი მოლოდინი როგორია?
რუკაზე მარტივად ჩანს, რომ იქ არაა სივრცე, სადაც შეიძლება შეიყვანო ბატალიონის ზომის დანაყოფი, რომელსაც შეეძლება სამხედრო ამოცანის შესრულება. ამავდროულად მოჰყვებიან საარტილერიო დარტყმის ქვეშ და საცეცხლე ტომარაში. შესაბამისად, არა მგონია, კინბურნზე რამე მნიშვნელოვანი დაიწყონ უკრაინელებმა.
მდინარის გადალახვაც ასე მარტივი პროცესი არ არის. ეს დიდი მდინარეა და დიდი მომზადება სჭირდება. საიერიშო ხიდითაც ვერ გადახვალ, დასჭირდებათ პონტონები და ასე შემდეგ.
24 თებერვლამდე რის მიღწევა სურთ რუსებს, თქვენი დაკვირვებით და რა მოცემულობა გვექნება ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ?
რუსები ემზადებიან, რომ ეფექტი მოახდინონ, თანაც არა მხოლოდ თავისიანებში. რუსებს სურთ აჩვენონ, რომ აი, ერთი წელი გავიდა და ჩვენ რაღაც წარმატება გაგვაჩნია. ეს სარაკეტო დარტყმები მიმართულია ისევ იქითკენ, რომ უკრაინის ენერგეტიკული შესაძლებლობები დაწიოს დაბლა. რუსეთს ამით სურს მოახდინოს ზემოქმედება, როგორც უკრაინის, ისე ევროპის მოსახლეობაზე. თუმცა, ჩანს, რომ ამ მიდგომას ეფექტი არ მოუტანია რუსებისთვის.
რუსეთი ეცდება მაქსიმალურად თავისთვის მისაღები და წარმატებული პოზიციები დაიკავოს, ვიდრე უკრაინა მიიღებს ძირითად იარაღს.
„ჰატაისპორის“ ქართველი ფეხბურთელი, ხატია ჭყონია ჰატაიში, საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათის დაბრუნებული იყო, როცა თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა.
ხატიას და მის თანაგუნდელებს ეძინათ, როცა პირველი ბიძგები იგრძნეს და მათმა საცხოვრებელმა სახლმა რყევა დაიწყო.
„ბათუმელები“ ხატიას თურქეთში დაუკავშირდა. მან სტიქიის ზონას თავი მწვრთნელების დახმარებით დააღწია და ახლა ანკარაში, თავისი მწვრთნელის სახლში ცხოვრობს. ხატიამ 6 თებერვლის დილა და თავს გადახდენილი ამბავი გაიხსენა.
ხატია ჭყონია:
„5 თებერვალს თამაში გვქონდა სტამბოლში, თამაშის შემდეგ 5 დღე უნდა დაგვესვენა. ამიტომ თანაგუნდელები, ყველა სახლში წავიდა. 7 გოგო დავრჩით მარტო, ვინც ჰატაიში დავბრუნდით.
სტამბოლიდან პირდაპირი რეისით უნდა წამოვსულიყავით, ერთ საათში ვიქნებოდით სახლში, მაგრამ ამინდის გამო გადაიდო ფრენები, მოგვიწია ანკარაში გაფრენა და ანკარიდან შემდეგ ჰატაიში ჩაფრენა.
გრძელი გზით დავბრუნდით. ღამის 2 საათი იყო ზუსტად, სახლში რომ მივედით. საჭმელი ვჭამეთ, ვიბანავე და დავიძინე. ძალიან დაღლილი ვიყავი. წინა ღამითაც არ მეძინა, თამაში მქონდა თან და სადღაც სამი იყო, დასაძინებლად რომ დავწექი. ოთხი საათისკენ გამეღვიძა. რაღაც შიშმა გამაღვიძა – ჩემი საწოლი ქანაობდა.
მანამდე ჰატაიში ერთი თვის წინ იყო მიწისძვრა. ძალიან შეგვეშინდა. საერთოდაც, სამჯერ თუ ოთხჯერ იყო მიწისძვრა სულ, რაც ჰატაიში ვარ. მაგრამ ასეთი ძლიერი არა. ისევ იგივეა და გაჩერდება-მეთქი. როცა რყევამ მოიმატა, ეგრევე ავდექი, შევედი ოთახებში, ჩემს გუნდელებს სადაც ეძინათ, მეთქი – მიწისძვრაა, გაიღვიძეთ!
მათაც ძალიან შეეშინდათ. დედაჩემისგან ვიცოდი – როცა მიწისძვრაა, კარის ქვეშ უნდა დადგე. ყველას ვუთხარი, კარის ქვეშ დავდგეთ, ერთად ვიყოთ და ყველა გადავრჩებით. ერთმანეთს ხელები ჩავკიდეთ და კარის ქვეშ დავდექით. ცოტა გრძელი კარი ჰქონდა ჩვენს მისაღებს.
ძლიერი მიწისძვრა იყო, ერთმანეთზე ვიყავით ჩაჭიდებულები. მე კედელს ვეჭიდებოდი, გუნდელები მე მეჭიდებოდნენ. თავიდან პირველი ბიძგი იმდენად ძლიერი არ იყო. რამდენიმე წამი გაჩერდა, როგორც მახსოვს და ფიქრი დავიწყე, რა უნდა გაგვეკეთებინა. ერთი გუნდელი ფანჯრიდან ხტებოდა. მეთქი არ გადახტე – სახლიდან უნდა გავიდეთ, რას აკეთებ. აფექტში ეტყობა ვერ მიხვდა რას აკეთებდა.
მერე ერთი ჩემი გუნდელი იძახოდა აივანზე გავიდეთო. მე ვიცოდი, რომ ან აივანი ჩატყდებოდა, ან რამე მოხდებოდა, ასეთი ცუდი შეგრძნება მქონდა.
ვუთხარი – არა, აქ ერთად ვიყოთ და ერთად გავიდეთ გარეთ. ამის თქმა დამთავრებული არ მქონდა, რომ ისევ დაიწყო მიწისძვრა. ოღონდ უკვე ეს იყო მიწის სკდომის ხმა… კედლების და თეფშების მსხვრევის ხმა იყო ერთდროულად. ეგ მახსოვს და ეგ ხმა არასდროს დამავიწყდება. ძალიან შემეშინდა.
განმეორებითმა მიწისძვრამ კედლიდან კედელზე გვარტყმევინა თავი. ერთს თავი ჰქონდა გასივებული, ერთმა ფეხი იტკინა, სანამ გაჩერდებოდა, მეგონა, რომ სიზმარში ვიყავი.
ახლა გავიღვიძებ, ახლა გავიღვიძებ – სიზმარია-მეთქი.
მახსოვს, ტელეფონი საწოლთან მედო. ვიფიქრე – ტელეფონი უეჭველი ჩავარდნილი იქნება, მაგრამ მჭირდება, იმიტომ, რომ საჭიროა ტელეფონი ასეთ დროს. როცა მიწისძვრა ცოტახნით შეწყდა, ვიცოდი, რომ მხოლოდ რამდენიმე წამი გვქონდა. პირველის მერე მეორე მიწისძვრა ეგრევე დაიწყო. სახლი ისევ ქანაობდა.
როგორც კი ბიძგები შეწყდა, გავვარდი – ტელეფონი ავიღე, მერე კარის უკან ქურთუკები ეკიდა, სამი იყო მხოლოდ, ერთი ჩავიცვი და დანარჩენი გუნდელებს მივეცი.
გარეთ თოვდა, წვიმა იყო.
ციოდა.
არაფერი არ გვეცვა – შორტები და მაისურები მხოლოდ. ფეხზე ჩუსტიც კი არ გვეცვა, არც წინდა, არც არაფერი. ვერც გუნდელებმა ვერ ჩაიცვეს, ერთმა მოახერხა მხოლოდ ჩაცმა. ფეხსაცმლის კარადა წაქცეული იყო, ხელი ჩავარტყი, იქნებ ფეხსაცმელები ამოვიღო, ვერ ჩავამტვრიე. გარეთ გავდივართ.
კარი რომ უნდა გამეღო, ეს ხდება წამებში, არ გაიღო, ჩაიკეტა. მერე არ ვიცი, შიშისგან თუ რისგან, ძალიან ბევრჯერ მივარტყი ფეხი. მერე კიდევ ვცადე.
რომ მოვქაჩე, გაიღო კარი და მაგ მომენტში შუქიც ჩაქრა. სადარბაზოში რომ გავედით, მესამე სართულზე ვიყავით, კიბეზე ჩასვლამდე კიბეები შევამოწმე, ხომ არ ჩატყდებოდა.
ჩავედით ქვემოთ, შემოსასვლელში კოდიანი კარი იყო. გარედან შემოსასვლელად კოდი უნდა შეგეყვანა და შიგნიდან ღილაკით იღებოდა.
ღილაკს ვაჭერდით, მაგრამ კარი არ იღებოდა. მერე გამახსენდა ზემოთ როგორ გავაკეთე, მივარტყი ბევრჯერ და გამოვქაჩე. ხელის კუნთი ახლაც მტკივა, ეტყობა მაგ დროს დამიზიანდა. შიშით, სიმწრით, არ ვიცი.
ვფიქრობდი – პირველ სართულზე ვართ და არ დაგვენგრეს თავზე, თორემ აქ მართლა ვერ გვიპოვიან. გამოვედით იქიდანაც, ქუჩაში, ფეხშიშველები ვიყავით. ორს გვეცვა მარტო ქურთუკი.
შუა ქუჩაში დავდექით.
ჩვენი ქუჩაში გასვლა და მესამე დარტყმა ერთი იყო – ჩვენს თვალწინ სხვა ბინა ჩამოიმსხვრა. იქიდან ხმები ისმოდა თურქულად – დედა, მიშველე, ძმაო, მიშველე. ვერაფერს ვერ ვაკეთებდით. ყველა თავის გადარჩენაზე იყო.
მიწა ისე ექანებოდა, არ ვიცი, ვერ ვდგებოდით მიწაზე. ერთმანეთზე ვიყავით ჩაჭიდებულები. შუაში გამყოფი ზოლი რომ აქვს ქუჩას, მწვანე გაზონივით რომაა, მაგ გაზონში ვიდექით. გზის საფარიც ჩატეხილი იყო და შემეშინდა, ეს მიწაც არ ჩავარდნილიყო.
ერთ თანაგუნდელს ასთმა ჰქონდა, ცუდად გახდა. გაიქცნენ, მანქანაში ჩასხდნენ. მე სხვა გუნდელებთან ერთად დავრჩი. უცხოელი ლეგიონერები იყვნენ, ენა არ იცოდნენ, არაფერი და ჩემზე იყვნენ ჩაჭიდებულები. მერე ვიღაც კაცს შევეცოდეთ, დაგვიძახა, მანქანაში ჩაგვისვა.
ისეთი ძლიერი არა, მაგრამ ბიძგები იყო. ამ კაცს ცოლ-შვილი ჰყავდა მანქანაში. არ ვიცი, შეწუხდნენ თუ წასვლა უნდოდათ, რამდენჯერმე გვკითხეს, თუ წაგვიყვანდნენ.
ცოტა მოშორებით ვიყავით სახლთან.
გადმოვედით მანქანიდან, ისევ სიცივე, წვიმა, თოვლი.
სხვა გზა არ გვქონდა, ისევ უნდა ავსულიყავით სახლში – შევხედე, ჩვენი ბინა იყო ცოტა მყარი. ჩამოსვლის დროსაც კიბეები მყარი იყო.
გვქონდა არჩევანი – ან გავყინულიყავით გარეთ, ან ნანგრევებში მოვყოლილიყავით. სხვა შანსი არ გვქონდა. ვერავინ ვერავის ვერ ეხმარებოდა – ვისაც ჰქონდა ჩასაცმელი, თავისთვის სჭირდებოდა.
დილით კაცი დავინახე, ჩვენი კორპუსიდან გამოვიდა და მაგიტომ უფრო გავბედეთ. ახლა რომ ვუფიქრდები, მსგავს რამეს არ გავაკეთებ, მაგრამ იმ მომენტში, არ ვიცი რანაირად, საიდან მოვიდა ეს გამბედაობა. სიმწარე ხომ იცით… ეგეთი ამბები იყო.
ავედი, თანაგუნდელებიც გამომყვნენ. სანამ ავიდოდით, დავარიგე, რომ მარტო პასპორტები აიღეთ, ჩასაცმელი, იქ არ ჩაიცვათ, დრო არ დავკარგოთ, უცებ გამოვიდეთ და გარეთ ჩავიცვათ-მეთქი. ტანსაცმელი, რაც ვიპოვე, ჩავყარე ჩანთაში, თანაგუნდელების ტელეფონები დავინახე, ეს ტელეფონებიც ჩავყარე და გამოვიქეცით.
ვიდეოც მაქვს, სახლს გადავუღე, როგორ იყო ჩვენი ბინა დანგრეული.
თუთიყუში გვყავდა სახლში და ეგეც წამოვიყვანეთ. მეკარეების მწვრთნელი მოვიდა, საერთოდ დაიშალა მისი სახლი. სადაც ვვარჯიშობდით, იმ სტადიონზე გადავედით, გასახდელი იყო მყარი, შევედით. ძალიან ციოდა, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა.
მერე წავედით ავტოსადგურში – წვიმაში ერთი საათი ვიარეთ, მაგრამ არაფერი არ გადიოდა.
ხალხი იყო იქ შეფარებული და დავრჩით.
მარკეტები გაჰქონდა ხალხს. ყველა მარკეტი გაიტანეს, გატეხეს. ჩვენც სხვა გზა არ გვქონდა, მარკეტში შევედით, საჭმელი გამოვიტანეთ. მარკეტებში არის ხის დასადგამები, ეგენი გამოვიტანეთ, რომ ცეცხლი დაგვენთო.
მერე მოგვაკითხა ვიღაცა კაცმა, მწვრთნელის გამოგზავნილი იყო. აგვიყვანა სოფელში.
სოფელშიც იყო სახლები დამტვრეული, მაგრამ უფრო უსაფრთხო იყო. ორი დღე სოფელში ვიყავით – მიწაზე გვეძინა, გადახურულში კი ვიყავით, მაგრამ მეორე დღეს „ადიალები“ და რაღაცები მოგვიტანეს.
ხატიამ და მისმა თანაგუნდელებმა მიწისძვრის შემდეგ ერთ-ერთ სოფელს შეაფარეს თავი ფოტო: ხატია ჭყონია
მერე ანკარიდან ჩამოვიდნენ. ჩამოიტანეს ბევრი პური, წყალი, საჭმელი.
საკვები სხვებსაც დავურიგეთ. ჩვენი მასაჟისტის ოჯახს, ექიმს, თანაგუნდელებს, ვისაც სახლი ჰქონდა ჰატაიში, იმათ ჩამოვუარეთ, დავურიგეთ საკვები.
მერე გამოვედით ქალაქიდან. გზები დახეთქილი იყო. ორი საათი გამოვდიოდით ჰატაიდან.
ჩვენი მასაჟისტის და მოყვა ნანგრევებში და დაიღუპა. ასევე „ჰატაისპორის“ უმცროსების გუნდის წევრი, ერთი პატარა ფეხბურთელი დაიღუპა. სხვა ყველა გადარჩა.
იმიტომ, რომ სტამბოლის თამაშის მერე ყველა სახლებში გაფრინდა. ჰატაიში მარტო 7 ფეხბურთელი ჩავფრინდით. მწვრთნელებიც კი ანკარაში ჩამოვიდნენ, ანკარელები არიან.
ყველა ერთ სახლში ვცხოვრობდით. ახალი აშენებული სახლია, მაგრამ მყარად იდგა.
დამტვრეულია, კედლები დაბზარულია, შიგნით განადგურებულია ყველაფერი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ კიბეები და საყრდენი ჰქონდა მყარი.
ახლა ფიზიკურად ცოტა გამოფიტული ვარ. ძალა არ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ საჭმელი გვქონდა, მაინც ვერ ვჭამდი ვერაფერს.
არც მეძინა. აქ, ანკარაში, სანამ დავიძინებ, სულ შიში მაქვს, რომ ისევ შეიძლება მოხდეს მიწისძვრა. ხანდახან მგონია, რომ სიზმარში ვარ და ეს ჩემს თავს არ მომხდარა.
ამ ამბის დავიწყება მინდა.
მგონია, რომ ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებ, რა მოხდა.
საქართველოში დღეს მოვდივარ. საღამოს მაქვს ფრენა. ფედერაციამ მიყიდა ბილეთი. მომწერეს – დახმარება თუ გინდა, ბილეთს გიყიდითო. გვიან ვნახე მესიჯი და როცა ვნახე, თანხმობა მივწერე.
ჰატაის ბოლო კადრი ჩემს მეხსიერებაში
ყველა უსუსურია. არ იციან, რა გააკეთონ. მე საქართველოში მაქვს სახლი და ჩემი ერთადერთი მიზანი იყო, რომ გამოვსულიყავი ქალაქიდან. მაგრამ იმ ხალხს, ვინც იქ დავტოვეთ, არსად წასასვლელი არ აქვს. ერთი ქალი წამოვიყვანეთ ჩვენ ორი ბავშვით.
ყველა დაეღუპა.
დედა, მამა, სანათესავო – ერთ კორპუსში ცხოვრობდა ყველა.
სად მიდიოდა, თვითონაც არ იცოდა. მთელი გზა, 7 საათი ტიროდა ეს გოგო. უბრალოდ წამოვიდა იმ სახლიდან – იმ ქალაქში არავინ დარჩა, არც სახლი, არც ნათესავი.
დავტოვე ხალხი, რომელიც ნანგრევებთან იჯდა და დახმარებას ითხოვდა. ზოგს შვილი ჰყავდა, ზოგს – ვინ.
სოფელში, სადაც ვიყავით, ერთი კაცი 48 საათი იყო ნანგრევებში. გამოიყვანეს და ამ დროს სხვა სახლში მისი 32 წლის შვილი დაიღუპა. მისი სახე არასდროს დამავიწყდება.
რომ გამოვდიოდი ჰატაიდან, ზოგი ნანგრევებიდან ცდილობდა ვიღაცის გამოყვანას, ზოგი ნანგრევებში იჯდა, ზოგი ერთმანეთს ეჩხუბებოდა. საშინელება, ჯოჯოხეთი… მგონი, ჯოჯოხეთი ეგეთი იქნება, სხვანაირი ჯოჯოხეთი არ წარმომიდგენია.
10 თებერვლის დილის მონაცემებით, დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთში 18 342 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბოლო ცნობებით, სტიქიის ზონიდან 75 780 ადამიანია ევაკუირებული. თურქეთში, კაჰრამანმარშის პროვინციაში, დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა.
სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. თურქეთში არაერთმა ქვეყანამ გაგზავნა სამაშველო ჯგუფები, მათ შორის, საქართველომაც. ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთში დასახმარებლად ჩასულია 6810 მაშველი სხვადასხვა ქვეყნიდან.
მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში 13 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. მომხდარის გამო თურქეთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.
გამოცემა „настоящее время“ რუსეთის სტატისტიკის სამსახურზე (росстат. данные за 2022 год) დაყრდნობით წერს თუ სად და რამდენი მოქალაქე წავიდა რუსეთიდან 2022 წელს.
ამ ინფორმაციით რუსეთიდან:
აფხაზეთში წავიდა 5,4 მილიონი მოქალაქე
თურქეთში – 4,8 მილიონი
ყაზახეთში – 2,7 მილიონი
არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში – 1,2 მილიონი
ეგვიპტეში – 947 ათასი
საქართველოში – 873 ათასი
ფინეთში – 873 ათასი
სომხეთში 843 ათასი
ესტონეთში 679 ათასი
დონეცკის დე ფაქტო რესპუბლიკაში – 579 ათასი
ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკაში 551 ათასი
უკრაინაში – 471 ათასი
რუსეთი აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. საქართველო და მსოფლიო საზოგადოება კი მიიჩნევს, რომ აფხაზეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა.
უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთმა აღიარა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. ,,რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობა. 2022 წლის შემოდგომაზე კი დონეცკი და ლუგანსკი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში „შეიყვანეს“.
მსოფლიო საზოგადოება და კიევი მიიჩნევს, რომ დონეცკი და ლუგანსკი უკრაინის ტერიტორიებია.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მილიონერ ბიზნესმენს, საქართველოსა და თურქეთის მოქალაქე გალიფ ოზთურქს ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ედავება.
„ბიზნესმენმა გ.ო-მა 2019 წლის დეკემბერში დაამზადა ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებები 10 მილიონ ლარად ღირებული კომპანიის თითქოსდა 42 მილიონ ლარად შესყიდვის თაობაზე, რის შემდეგაც იგივე ქონება გაზრდილ ფასში – 82 მილიონ ლარად გაასხვისა მისივე ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ კომპანიაზე, საიდანაც უკანონოდ მიღებული 33 მილიონი ლარით შემდგომში დაფარა კომპანიის აქციების ღირებულება, რითაც შენიღბა და კანონიერი სახე მისცა მისივე კომპანიიდან მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალს.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ იქნა ასობით საგამოძიებო მოქმედება, რევიზია და ექსპერტიზა, ასევე თურქეთის რესპუბლიკიდან, საქართველოში არსებული ყველა კომერციული ბანკიდან, ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან და სხვადასხვა ორგანიზაციიდან გამოთხოვილ იქნა საქმესთან კავშირში არსებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, შესწავლილ იქნა გ.ო.-ს ოფიციალური შემოსავლები და გაწეული ხარჯები, რის შედეგადაც ბიზნესმენ გ.ო.-ს და მასთან დაკავშირებულ 15 კომპანიას ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხათ დაახლოებით 112 მილიონი ლარი, საიდანაც ძირითადი გადასახადი აღემატება 69 მილიონ ლარს“, – წერს საგამოძიებო სამსახური.
გალიფ ოზთურქი ამჟამად პატიმრობაშია, მას აქამდე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შენახვას ედავებიან. „დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 და 261-ე მუხლის მე-3 ნაწილებით. საქმეს ამჟამად არსებითად განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო“.
საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გრძელდება ბიზნესმენ გ.ო.-ს და მასთან კავშირში მყოფი კომპანიების საქმიანობის კანონიერების შესწავლა, „გადასახადისათვის თავის არიდების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სხვა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენის მიზნით“.
__
მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში გასული წლის 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა.
2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულსედავებიან. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.
5 ივლისს კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანის „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა მარიხუანის ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.
თურქული მედიის ინფორმაციით, გარდაიცვალა ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცი, რომელიც 29 საათის განმავლობაში თავის შვილთან ერთად იყო მიწის ქვეშ. აღმოჩნდა, რომ კაცს მთელი ამ ხნის განმავლობაში 3.5 წლის შვილი ისე ჰყავდა მკლავებს შორის მოქცეული, მიხუტებული, რომ დაღუპვას გადაარჩინა.
ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ დაშავებული ბავშვი – 3.5 წლის მირან თეკეში სტამბოლის კლინიკაში გაიყვანეს. ნათესავების თქმით, ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ბიჭის მამა – 28 წლის მეჰმედ თეკეში კი, რომელიც ასევე ცოცხალი ამოიყვანეს ნანგრევებიდან, რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა საავადმყოფოში.
„მირანის მამა 29 საათის განმავლობაში იყო ძალიან მძიმე ტვირთის ქვეშ, ბავშვი კი მკლავებს შორის ჰყავდა მოქცეული“, – ამბობენ თვითმხილველები.
„მამა-შვილი მეჰმედ თეკეშის მეგობრის დახმარებით იპოვეს და მაშველების დახმარებით ამოიყვანეს ნანგრევებიდან. მას გული ოპერაციის დროს გაუჩერდა. დიდია ჩვენი ტკივილი“, – აცხადებენ გარდაცვლილის ახლობლები.
ნანგრევებში მოჰყვნენ ასევე პატარა მირანის დედა და მისი 5 წლის და. მედიის ინფორმაციით, დედას ზურგის ქვედა არეში რამდენიმე მოტეხილობა აქვს.
___
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში, 6 თებერვლის გამთენიისას მოხდა. 10 თებერვლის დილის მონაცემებით, მიწისძვრამ 18 342 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ქუთაისის მერიამ ბიუჯეტიდან 118 ათასზე მეტი ლარი გადაიხადა ახალ ავტომანქანაში, რომლითაც ქალაქის მერი, იოსებ ხახალეიშვილი სარგებლობს.
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ახალ ავტომობილს ქუთაისის მერი იყენებს, ადასტურებენ მერიის პრესსამსახურში.
ტენდერი მერიამ ახალი ავტომობილის შესაძენად 2023 წლის იანვარში გამოაცხადა.
„ბათუმელებმა“ ქუთაისის მერიას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 16 იანვარს მიმართა. გვაინტერესებდა, რატომ გახდა საჭირო ახალი ავტომობილის შეძენა და ვინ ისარგებლებდა ამ ავტომობილით.
„აღნიშნული ავტომანქანის შესყიდვა გამომდინარეობს სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე საერთო სარგებლობისათვის და კონკრეტული თანამდებობის პირისათვის განსაზღვრული არ არის,“ – მოგვწერეს მერიიდან 25 იანვარს.
ქუთაისის მერიამ 26 იანვარს ახალი ავტომობილის შესაძენად 118 211 ლარზე გააფორმა ხელშეკრულება შპს „ავტო ცენტრ თბილისთან“. ტენდერში მხოლოდ ამ ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. შესაბამისად, გამარჯვებულიც ის გახდა.
მოქალაქის განზრახ უკანონო დაკავებისთვის ბათუმში პოლიციის თანამშრომელი დააკავეს. ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილების უფროს დეტექტივს, გიორგი აბდუშელიძეს პროკურატურა განზრახ უკანონო დაკავებას ედავება ძალადობით, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.
დღეს, 10 თებერვალს, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პოლიციელი 20 ათასი ლარი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. პოლიციელი აღკვეთი ღონისძიების ფარგლებში ასევე დატოვებს თანამდებობას.
შემთხვევა 2023 წლის 2 იანვარს ბათუმში, თბილისის მოედანზე მოხდა. გამოძიების ვერსიით, პოლიციელმა უკანონოდ დააკავა მოქალაქე და იგი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა, სადაც ხელიც კი დაარტყა.
„არ იყო პატიმრობისთვის საკმარისი საფუძველი,“ – გვითხრა ადვოკატმა ზურაბ კონცელიძემ. იგი დაცვის მხარის სტრატეგიიდან გამომდინარე ამ ეტაპზე საქმის დეტალებზე ვერ გვესაუბრა. თუმცა აღნიშნა, რომ ბრალდებული პოლიციელი იმისთვის, რომ რისკები გამორიცხულიყო, თანამდებობიდან გათავისუფლებასაც დათანხმდა.
——————-
განზრახ უკანონო დაკავება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 8 წლამდე, ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
რაც შეეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ამ მუხლის მესამე ნაწილით წარუდგინეს ბრალი პოლიციელს, რაც გულისხმობს დანაშაულის ჩადენას ძალადობის, ან იარაღის გამოყენებით. ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე.
დღეს, 10 თებერვალს, საპროტესტო აქცია გაიმართა ქობულეთში. როგორც მონაწილეები ამბობენ, აქციის მიზანი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დაცვა და საზოგადოების გააქტიურებაა არსებული პრობლემების წინააღმდეგ.
ბათუმის საკრებულოს წევრი რეზო ხარაზი, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა, „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ აქციები პერმანენტულად არა მარტო ქალაქებში, სოფლებშიც გაიმართება.
„პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს რეალურად ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კლავენ და მნიშვნელოვანია, რომ ხმა ამოვიღოთ ამ ყველაფერზე. პარტიამ დავიწყეთ ქუჩის აქციები, ჩვენ შევალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში.
ამ აქციების პარალელურად, ჩვენ ვმუშაობთ მოსახლეობასთან რომ მაქსიმალური ორგანიზება მოხდეს და კიდევ უფრო დიდი ტალღა წამოვიდეს. ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, მათ შორის პოლიტიკური, რადგან გუშინ მმართველი პარტიის ხელმძღვანელი გამოვიდა და გაღიმებული სახით გვითხრა, რომ რუსეთი იგებს ომს და ჩვენ მათ მხარეს ვართო. აი, ამის წინააღმდეგაცაა ეს აქციები.
საპროტესტო აქცია ქობულეთში
აქცია არის იმის წინააღმდეგ, რომ რეალურად ყველა მუნიციპალიტეტში არის სიღარიბე. ადამიანები, რომლებსაც ყოველდღე პარავენ ფულს, გამოფხიზლდნენ და ხმა ამოიღონ ამ ყველაფერზე. რადგან ერთადერთი გზა, ერთადერთი საშუალება ბიძინა ივანიშვილთან საბრძოლველად არის ქუჩა. სხვა გზა არ დატოვა „ქართულმა ოცნებამ“ – ამბობს რეზო ხარაზი.
აქციაზე დაახლოებით 150 ადამიანი იმყოფებოდა. ხარაზის თქმით, ისინი არ ითვლიან რაოდენობას, მთავარია პროტესტი და საზოგადოების გამოფხიზლება.
„ჩვენი მთელი რესურსი იქნება გადასროლილი ამ აქტიურობისკენ და იმისთვის, რომ ადამიანები მოშორდნენ ფეისბუქს, ტელევიზორს და ვისაც აქვს პროტესტი, გამოვიდნენ გარეთ.
ჩვენ არაფერს გვაძლევს მუდმივად წარსულზე საუბარი, მაშინ როცა, რეალურად ოკუპირებულია ჩვენი ქვეყანა და ხალხი სიღარიბეშია.
სააკაშვილს რაც შეეხება, ერთადერთი მოთხოვნა არის, რომ მას მიეცეს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გასვლის უფლება, ის უნდა იყოს თავისუფალი,“ – ამბობს რეზო ხარაზი.
9 თებერვალს, ღამე, ავღანეთში გავრცელდა ჭორი, რომ მოხალისეებს თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად მთავრობა თვითმფრინავით წაიყვანდა. მალევე ასობით ავღანელი ქალი, ბავშვი და კაცი გაემართა ქაბულის აეროპორტისკენ.
სოციალურ ქსელებში ამის ამსახველი არაერთი ვიდეო გავრცელდა.
ფაქტს ადასტურებენ საერთაშორისო მედიაგამოცემები: „ასოშიეითიდ პრესი“, „ვაშინგტონ პოსტი“ და სხვა.
მოგვიანებით, თალიბანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია თურქეთში მოხალისეების გაგზავნის თაობაზე მხოლოდ ჭორი იყო და მსგავსი რამ არ იგეგმებოდა.
„გავიგე, რომ თურქეთს ხალხი მიჰყავს და ვიფიქრე, რომ შემიძლია წავიდე და დავეხმარო ადამიანებს.
ასევე, ეს შეიძლება ჩემი შესაძლებლობაა ამ ქვეყნიდან გასაღწევი გზის საპოვნელად,“ – უთხრა 26 წლის აბდულ ღაფარმა „ასოშიეთიდ პრესს“. იგი მათ შორის იყო, ვინც აეროპორტისკენ მიემართებოდა.
მას შემდეგ, რაც 2021 წლის აგვისტოში ნატოსა და აშშ-ს ჯარებმა ავღანეთი დატოვეს, ათასობით ადამიანი ცდილობდა ქვეყნიდან გაღწევას. იყო შემთხვევებიც, როცა მოქალაქეები აფრენილ თვითმფრინავს ჩამოეკიდნენ.
9 თებერვლის ღამეს განვითარებულმა მოვლენებმა ბევრს სწორედ ეს კადრები გაახსენა. მას შემდეგ, რაც თალიბანმა ავღანეთზე კონტროლიდაამყარა და თავი ხელისუფლებად გამოაცხადა, ცხოვრება იქ დღითიდღე რთულდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 თებერვლის 21 საათიდან 11 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ზოგან – წვიმა, მთაში კი – თოვა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო
შიდამთიან რაიონებში:
დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, 12-13 თებერვალს აჭარის სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, მთაში კი – თოვა.
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 10 თებერვლის ანგარიშში რუსეთის სავარაუდოდ ტაქტიკურ მიღწევებს განიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2023 წლის 7 თებერვლის შემდეგ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სავარაუდოდ ორ ძირითად სექტორში მიაღწიეს ტაქტიკურ წარმატებას.
ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემების თანახმად, დონბასის ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთ შემოგარენში „ვაგნერის“ დაჯგუფებამ 2-3 კილომეტრით წაიწია დასავლეთით და ისინი ქალაქში შემავალ მთავარ გზასთან [M-03] აკონტროლებენ გარეუბანს.
უწყების შეფასებით, ბახმუტის მისადგომებთან რუსული ძალების დომინირება მზარდია.
ასევე, უწყების ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამხრეთით რუსულმა დანაყოფებმა წინსვლას მიაღწიეს ქალაქ ვუჰლედარის დასავლეთ მისადგომთან, სადაც შეტევითი ოპერაციები 2023 წლის იანვარში განაახლეს.
მიუხედავად ამისა, გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ რუსულ ძალებს განსაკუთრებით მძიმე ადამიანური დანაკარგები ვუჰლედარის ირგვლივ ჰქონდათ, რადგან შეტევაში ჩართულები იყვნენ გამოუცდელი დანაყოფები. ერთ ინციდენტში წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ რუსი ჯარისკაცები, სავარაუდოდ, გაიქცნენ და მიატოვეს ძირითადად ხელუხლებელი, მინიმუმ 30 ჯავშანმანქანა.
თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მლნ ლარი გამოიყო.
გამოყოფილი თანხა თურქეთში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების, საკვების, ტანსაცმლის, სამედიცინო აღჭურვილობისა და სხვა საჭიროებების შესყიდვას და თურქეთის რესპუბლიკაში ტრანსპორტირებას მოხმარდება.
მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის ბათუმსა და თბილისში მოსახლეობაც აგროვებს ჰუმანიტარულ დახმარებას.
თურქეთში, კაჰრამანმარას პროვინციაში, დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა, რის შედეგადაც, 10 თებერვლის დილის მონაცემებით, 18 342 ადამიანი დაიღუპა და 74 242 დაშავდა.
სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. თურქეთში არაერთმა ქვეყანამ გაგზავნა სამაშველო ჯგუფები, მათ შორის, საქართველომაც.
მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში 13 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.
ლიფტების უსაფრთხოებაზე საუბარი საქართველოში პერიოდულად, მორიგი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ იწყება და მალევე სრულდება. მთავარი კითხვა კი, კონკრეტულად რომელი უწყებაა პასუხისმგებელი უსაფრთხოების კონტროლზე, პასუხგაუცემელი რჩება.
ბათუმში შემთხვევითობის პრინციპით გამოკითხულ ადამიანთა უმეტესობამ არ იცის, ვინ არის პასუხისმგებელი მისი კორპუსის ლიფტის უსაფრთხოებაზე. ბევრს ჰგონია, რომ ლიფტის მოვლა მერიას ევალება.
ისეთ კორპუსებში კი, სადაც ამხანაგობას კორპუსის, მათ შორის, ლიფტის მოვლისთვის ორგანიზაცია ჰყავს დაქირავებული, ამ ორგანიზაციაზე მიუთითებენ. ამათგან უმეტესობამ არ იცის, რა წერია ხელშეკრულებაში.
მომატებული საფრთხის შემცველ ობიექტებს ბათუმში ერთადერთი უწყება – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური უწევს ზედამხედველობას. თუმცა კორპუსის ლიფტის უსაფრთხოების კონტროლი ამ სამსახურის მოვალეობა არ არის.
ვინ არის პასუხისმგებელი ლიფტის მოვლასა და მისი უსაფრთხოების კონტროლზე – კითხვებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების უფროსი, დავით ბერიძე პასუხობს.
ჩვენი სამსახური ზედამხედველობას უწევს მომატებული საფრთხის შემცველ ობიექტებს. ასეთი 21 სახის ობიექტია, მათ შორის, არის ლიფტებიც. როდესაც 120 კილოგრამზე მეტია ტვირთამწეობა, ზედამხედველობას ჩვენ ვახორციელებთ. ჩვენს საქმიანობაში შედის ლიფტების რეგისტრაცია რეესტრში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, ასევე, ლიფტების ინსპექტირების ჩატარების შესახებ ინფორმაციების მიღება.
იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ინფორმაციის საფუძველზე ობიექტის შემოწმების შემდეგ გამოვლინდა ხარვეზი, კანონის შესაბამისად უნდა მოხდეს რეაგირება. ეს შეიძლება იყოს შენიშვნა, რაც ითვალისწინებს ვადის მიცემას გამოსწორებაზე და კონტროლი ამ ვადის დაცვაზე. დაახლოებით ეს არის ჩვენი ფუნქცია.
რაც შეეხება უშუალოდ ლიფტების ექსპლუატაციას, ეს არის ლიფტის მფლობელის ვალდებულება, რაც გაწერილია კანონში. ლიფტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ჩამოთვლილია მფლობელის ვალდებულებები: მფლობელის ვალდებულებაა, ლიფტის რეგისტრაცია, ასევე გამართულად ფუნქციონირება. პასუხისმგებელი პირის დანიშვნა, პერიოდული ინსპექტირების ჩატარება და ასე შემდეგ.
ისევე როგორც სხვა საკუთრება, რომელიც გააჩნია მფლობელს, თუნდაც ავტომობილი, როგორც ტექნიკა, რომელიც მოძრაობს და ვალდებული ხარ წესების დაცვით მოიხმარო. ანალოგიურად ხდება აქაც – მესაკუთრე ვალდებულია დაიცვას ის, რომ არ დააზიანოს არც საკუთარი თავი და არც სხვა.
ამას ვაკონტროლებთ ინფორმაციის საფუძველზე. პასუხისმგებლობა არ გვეკისრება ნებისმიერი ქმედებით გამოწვეულ რაიმე შემთხვევაზე, პასუხისმგებლობა არის სრულად მფლობელის.
მფლობელი ვინ არის ამ შემთხვევაში, ბევრი მიიჩნევს, რომ ლიფტის უსაფრთხოების კონტროლი მერიის მოვალეობაა.
ვისაც ეკუთვნის ლიფტი, შეიძლება ეკუთვნის რომელიმე სასტუმროს – სასტუმრო, რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებას – დაწესებულების მფლობელი, საცხოვრებელ სახლს, ანუ ამ სახლის მფლობელი ვინც არის, ჩვენს შემთხვევაში ამხანაგობები. სანამ ამხანაგობებს გადაეცემა, მანამდე მშენებელი ან დამკვეთი ორგანიზაცია, ვინც ეს სახლი შეუკვეთა.
მაქსიმალურად ვცდილობთ, ინფორმირებული გვყავდეს მოსახლეობა. საინფორმაციო ბუკლეტებსაცვარიგებდით, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ვალდებულება არ გვაქვს. ლიფტების საკითხი საკმაოდ რთულია რთული მემკვიდრეობის გამო.
ოთხმოცდაათიანებიდან გადმოგვყვა, მოძველებული ლიფტები დიდი ოდენობით შემორჩა ამ სახლებს. მანამდე არსებობდა სახლმმართველობები, სახელმწიფო უყურებდა მათ ექსპლუატაციას და გამართულობასაც. ბევრი მიეჩვია და ფიქრობს, რომ ეს უნდა გაგრძელებულიყო დღესაც.
დარწმუნებული ვარ, ნახევარმა ან უფრო მეტმა არც კი იცის, რომ ეს არ არის სახელმწიფოს ვალდებულება. ეს ქონება მათი საკუთრებაა, ისევე როგორც სადარბაზო, ეზო, სარდაფი და ის, რაც იმ კონკრეტულ კორპუსს ეკუთვნის, მათი მოსავლელია. თვითმმართველობა ეხმარება მათ რთული საკითხების გადაჭრაში.
ხშირად მიუთითებენ ორგანიზაციებზე, რომლებთანაც აქვთ ამხანაგობებს შეთანხმება კორპუსის და, შესაბამისად, ლიფტის მოვლაზე. გადასახადსაც იხდიან ყოველთვიურად. თავად ამ ორგანიზაციების კომპეტენციას ვინმე აკონტროლებს, არის რაიმე წესი, რაც ამ ორგანიზაციებმა უნდა დააკმაყოფილონ, მსგავსი მომსახურების გაწევის უფლება რომ ჰქონდეთ?
რასაც მოსახლეობა ქირაობს, ზუსტად ეს არის კანონის მოთხოვნა. ამხანაგობის ვალდებულებაში შედის, რომ დანიშნოს ლიფტის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია.
თუ ამას აკეთებს, სწორად იქცევა. თუ არ აკეთებს, ეს უკვე არის ხარვეზი და ამის გამო ჩვენ შემოწმების დროს მითითებას ვაძლევთ, რომ აუცილებლად დანიშნოს პასუხისმგებელი პირი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პასუხისმგებლობა მათზე გადადის.
რაც შეეხება კომპეტენციას, 2010 წლამდე იყო ასეთი ორგანიზაცია – ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექცია, 2010 წლის ბოლოს გაუქმდა და შემდეგ ანალოგიური საქმიანობა დაევალა ახალჩამოყალიბებულ ორგანიზაციას, რომელსაც ახლა ჩვენ წარმოვადგენთ. 2010-მდე შემორჩა ის, რაც იყო საბჭოთა პერიოდში და ასეთი ორგანიზაციები, რომლებიც მომსახურებას უწევდნენ კორპუსებს, ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციაში იღებდნენ შესაბამისი საქმიანობის ნებართვას.
ლიფტების მფლობელებს მხოლოდ ამ ნებართვის მქონე ორგანიზაციებთან ჰქონდათ ხელშეკრულების დადების უფლება. 2010 წლის შემდეგ ეს კანონი გაუქმდა. დღეს მფლობელი ვალდებულია, დადოს ხელშეკრულება კომპეტენტურ პირთან ან ორგანიზაციასთან, კომპეტენციას არჩევს თვითონ, რეკომენდაციით ან მის ხელთ არსებული საშუალებებით.
ორგანიზაციების კეთილსინდისიერების იმედად ამ პროცესის დატოვება სწორია? მოსახლეობას არ აქვს ცოდნა, რომ შეამოწმოს მათი შემოთავაზება, სამუშაოს შესრულების ხარისხი და არც უნდა ჰქონდეს ალბათ.
მნიშვნელოვანია, ხელშეკრულებაში რა უწერიათ, როდესაც მე მაქვს ურთიერთობა ამხანაგობებთან, ხშირად ვაფრთხილებ, რომ არ გვაინტერესებს ხელშეკრულებაში მომსახურებაზე რა თანხას ჩაუწერენ.
ხელშეკრულებაში უნდა იყოს ზოგადი ფრაზა მაინც, რომ კომპანია ვალდებულებას იღებს ლიფტს მოემსახუროს საქართველოში მოქმედი ლიფტების მომსახურებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების შესაბამისად. ასე იურიდიულად მთლიანად მის კომპეტენციაზე, მის პასუხისმგებლობაზე გადაიტანს მომსახურებას.
ორგანიზაციები, რომლებიც ამ საქმიანობით დაკავდებიან, პასუხისმგებლები იქნებიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოებზე. ეს იურიდიული მხარე. ხშირ შემთხვევაში პირდაპირ ხელზე უხდიან ვიღაცას ფულს, მათ მე ვეძახი პარტიზანებს. ისინი არ აფორმებენ არანაირ ხელშეკრულებას, მათთვის მისაღებია ეს ფორმა.
მფლობელი, რომ ამხანაგობაა, ამას ამხანაგობის ჩამოყალიბებისა და შექმნის დოკუმენტი ადასტურებს, მესაკუთრეობა ადასტურებს, მორჩა. გასაგებია, რომ მას არ აქვს და არ უნდა ჰქონდეს სპეციფიკური ცოდნა. შეიძლება ავტობუსი შევიძინო რამდენიმე, მაგრამ ავტობუსის ტარება არ ვიცი, მძღოლები უნდა ავიყვანო კვალიფიციური, ხომ სწორია? – ეს ხომ ვიცი. ეს ხომ უნდა ვიცოდე, რომ მე თუ ნებისმიერ პირს მივანდე მართვა, პასუხს მეც ვაგებ.
როცა კორპუსი ექსპლუატაციაში არ არის მიღებული, თუმცა ამ კორპუსში მოსახლეობა ცხოვრობს და ლიფტსაც იყენებს, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობას მშენებელიც ინაწილებს?
ლიფტის ექსპლუატაციაში შესვლა არ არის დამოკიდებული შენობის ექსპლუატაციაში გაშვებასთან. მით უმეტეს, შენობის ექსპლუატაციაში გაშვების დროს ითხოვენ სხვა მოწყობილობა-დანადგარების აქტებს, მათ შორის ლიფტის აქტებსაც. ანუ ჯერ ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს ლიფტი და შემდეგ შენობისა და ნაგებობის აქტებთან ერთად მოხდეს მისი ექსპლუატაციაში გაშვება.
მფლობელები ალბათ სცოდავენ, როცა ლიფტებს უშვებენ ექსპლუატაციაში მანამდე, ვიდრე სახლს ექსპლუატაციაში ჩააბარებენ. ბინის შემძენს ასევე შეუძლია მოსთხოვოს მშენებელს ლიფტის ექსპლუატაციაში გაშვებასთან დაკავშირებით ტექნიკური ინსპექტირების დოკუმენტები. ინსპექტირების შემდეგ უკვე შეიძლება ლიფტის დარეგისტრირება, თუმცა მას შეუძლია სერტიფიკატი მოითხოვოს. ინსპექტირებას ატარებენ სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული საინსპექციო ორგანოები, აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ლიცენზირების საფუძველზე.
„არაკვალიფიციური კადრის ყოლა სკოლისთვის საკმაოდ დიდი პრობლემაა, რადგან მოსწავლე ვერ იღებს შესაბამის ცოდნას. დამახინჯებულად სწავლობს ენას. ძირითადად, ეს ეხება გამოთქმას. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, რასაც ჩემი მასწავლებლობის პერიოდში წავაწყდი.
ამ პრობლემის მოგვარება ძალიან დიდ შრომას მოითხოვს მასწავლებლისგან და არა მარტო, მოსწავლის მხრიდანაც. ასე ვთქვათ, მოსწავლეს ეკარგება ინტერესი, რადგან უწევს ნასწავლი სიტყვების, გრამატიკის ხელახლა, სწორი ფორმით სწავლა.
რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია. ორმაგი შრომა უწევთ მოსწავლეებს, რის გამოც ზარალდება როგორც მოსწავლე, ასევე მასწავლებელიც. შესაბამისად, საჭიროა კვალიფიკაციური კადრების მოძიება და დასაქმება სკოლაში“, – გვეუბნება 24 წლის თამილა შაინიძე.
თამილა ინგლისური ენის სერტიფიცირებული მასწავლებელია, რომელიც მაღალმთიანი აჭარის ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტსა და სკოლაში ასწავლის.
მან 2022 წლის სექტემბრიდან ხულოს სოფელ თაგოს საჯარო სკოლაში, ამ წლის ნოემბრიდან კი შუახევის სოფელ კვიახიძეების საჯარო სკოლაშიც დაიწყო მუშაობა, სადაც უცხო ენის მასწავლებელი 6 თვის განმავლობაში საერთოდ არ ჰყავდათ.
თამილამ ინგლისური ენის მასწავლებლობა იმიტომ გადაწყვიტა, რომ უნდოდა, სწორედ იმ მოსწავლეებისთვის ესწავლებინა ენა, ვისაც საერთოდ არ ჰყავდათ ან არაკვალიფიციური პედაგოგი ასწავლიდა. „იგივე პრობლემა იყო სკოლაში, სადაც მე ვსწავლობდი. ადიგენის სოფელ ზანავის საჯარო სკოლა დავამთავრე. რამდენიმე წელი არ გვყავდა ინგლისური ენის მასწავლებელი. მასწავლებლის გარეშე ინგლისური ენის სწავლა კი ძალიან რთული იყო ჩემთვის“, – გვიყვება თამილა.
თამილა ქირით ცხოვრობს ხულოს ცენტრში. თაგოს სკოლაში მისასვლელად თაგო-ხულოს საბაგიროს იყენებს:
„შუახევის სკოლაში ტრანსპორტით მგზავრობას ჩემი ხარჯით ვაფინანსებ. ეს საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, რადგან დიდთოვლიანი ზამთარი აჭარაში საკმაოდ ბევრ პრობლემას ქმნის და, შესაბამისად, გადაადგილებაც დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული.
შუახევის სკოლაში 2 დღე ვასწავლი. დიდთოვლობის გამო გზების ჩაკეტვის შემთხვევაში ვცდილობ, გაკვეთილის ჩასატარებლად დისტანციური ფორმატი გამოვიყენო“.
თამილა ამბობს, რომ ძალიან უყვარს მოსწავლეებთან კომუნიკაცია. ფიქრობს, რომ ახალგაზრდა მასწავლებლები სკოლებში ახალ შესაძლებლობებს, აქტივობებს, მრავალფეროვან გაკვეთილებს ნიშნავს ახალი იდეებითა და ინიციატივებით; სხვადასხვა ხერხის გამოყენებას სასწავლო პროცესში, გაკვეთილის კიდევ უფრო მეტი ეფექტიანობისთვის.
„მოსწავლეებს შეიძლება აინტერესებდეთ შეჯიბრებებში, სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობის მიღება, მათ შორის, ინგლისური ენაში. ინგლისურის მასწავლებელი არ ჰყავდათ და ვერ ახერხებენ მონაწილეობის მიღებას, მონაწილეობის შემთხვევაში კი პირველივე ეტაპზე ეთიშებიან კონკურსს, რაც ძალიან ამწუხრებს მათ“, – გვითხრა თამილამ.
მასწავლებლის თქმით, ერთ-ერთი პრობლემა აჭარის მაღალმთიან სოფლებში ინტერნეტიცაა, რომლის ხარისხიც განსაკუთრებით უარესდება ავდარში და პრობლემას ქმნის სასწავლო პროცესის წარმართვაში.
თამილამ ისიც აღნიშნა, რომ ძალიან ცოტა ახალგაზრდაა მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში.
„ალბათ მათი გადინების მიზეზი დასაქმების პრობლემაა. ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ ქალაქში უკეთესი შესაძლებლობები, შანსები აქვთ და იქ დასაქმებას, საცხოვრებლად გადასვლას ცდილობენ. ეს პრობლემას ქმნის, რადგან რამდენიმე მაღალმთიან სოფელში არ ჰყავთ შესაბამისი კადრი, არ ტარდება გაკვეთილები და ეს მოსწავლეების ცოდნაზე აისახება.“
თამილა შაინიძემ ჯერ არ იცის, კიდევ რამდენ ხანს ასწავლის ხულოსა და შუახევში ინგლისურს, თუმცა ამ ეტაპზე კიდევ რამდენიმე წლით გეგმავს დარჩენას:
„ჩემი ხელფასით კმაყოფილი ვარ, მაგრამ იმ მასწავლებლების მხრიდან თუ შევხედავთ, რომლებიც მაძიებლები არიან, მათ დაბალი ანაზღაურება აქვთ და ამის გამო უქრებათ დასაქმების ინტერესი“.
რუსმა ოკუპანტებმა წუხელ ისევ შეუტიეს უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს. ეს იყო ყველაზე დიდი თავდასხმა ქალაქზე სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ.
საქალაქო საბჭოს მდივნის, ანატოლი კურტევის თქმით, ერთი საათის განმავლობაში ზაპოროჟიეზე მტრის 17-მა თვითმფრინავმა მიიტანა იერიში.
რუსი სამხედროები თავს დაესხნენ ენერგო-ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. ამ დროისთვის ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
„ეს არის ის, რაც შეუძლია ამ ნაძირალების არმიას – დაბომბეს მძინარე ქალაქი და დაარტყეს ჩვენს ინფრასტრუქტურას. მაგრამ ჩვენ ვერ გაგვტეხენ. ჩვენ გავუძლებთ“, – აღნიშნა კურტევმა.
10 თებერვალს დილით უკრაინაში მასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა. აფეთქებები დაფიქსირდა ხარკოვში, დნიპროსა და ზაპოროჟიეში.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 4:00 საათზე „გაწითლდა“ ყველა რეგიონი გარდა დასავლეთისა და ოდესის სამხრეთისა. ზოგიერთ ზონაში მუშაობს საჰაერო თავდაცვა. ჩამოაგდეს რაკეტები და ირანული დრონები – შაჰედები.
დილით ძლიერი აფეთქებების სერია იყო ხარკოვსა და მის რეგიონებშიც. რუსეთმა ამ რეგიონშიც კრიტიკულ ინფრასტრუქტურას შეუტია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 10 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 135 740 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +730]
ტანკი – 3 258 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 6 471 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 2 251 ერთეული [+7]
MLRS – 463 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 233 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 295 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 286 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 970 ერთეული [+3]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 796 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 5 126 ერთეული [+5]
სპეცტექნიკა – 211 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 10 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
384 თვითმფრინავი
207 ვერტმფრენი
3 069 უპილოტო საფრენი აპარატი
403 საზენიტო სარაკეტო სისტემა
7 812 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 014 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
4 046 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
8 313 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
„ნახეთ, ხელის გულზე უდევს პაკეტი გამომძიებელს. რა გამორიცხავს, რომ ამ გამომძიებლის გენეტიკური პროფილიც ყოფილიყო იქ?“ – გალიფ ოზთურქის ბინის ჩხრეკის ვიდეოჩანაწერიდან კონკრეტული მონაკვეთი გაახსენა ექსპერტმა მოსამართლე ლევან ყოლბაიას. ეს ის მომენტია ვიდეოდან, როცა ოზთურქის აპარტამენტის საძინებლიდან კოკაინის შეფუთვა „ფინანსური პოლიციის“ გამომძიებლებმა ამოიღეს ხელთათმანების, პირბადის და სხვა აღჭურვილობის გარეშე.
ნივთმტკიცების ამოღების პროცედურები „ოზთურქის საქმეში“ საკვანძო საკითხია: ადვოკატები კრიმინალისტების პრაქტიკაზე აქცენტირებენ, რომლის მიხედვითაც ნივთმტკიცებას სპეციალური აღჭურვილობის გარეშე, როგორც წესი, არ იღებენ. პროკურატურის მთავარი მტკიცებულებაც ეს ნივთმტკიცებაა – პოლიეთილენის პარკი, რაზეც ექსპერტიზის მიხედვით, ოზთურქის გენეტიკური პროფილის არსებობა დადასტურდა.
დღეს, 9 თებერვალს, სასამართლოს ჩვენება ექიმმა ნაზი ჩიქოვანმა მისცა, ასევე დამოუკიდებელმა ექსპერტ-კრიმინალისტმა გია გოგიამ. ისინი სამხარაულის ექსპერტიზის ყოფილი თანამშრომლები არიან, ახლა კი, როგორც დაცვის მხარის ექსპერტებმა, შეისწავლეს ის, თუ როგორ ჩატარდა სამხარაულის ექსპერტიზა „ოზთურქის საქმეში“.
გალიფ ოზთურქი არც დღევანდელ სხდომას დასწრებია. რამდენიმე დღეში მოსამართლე სავარაუდოდ მის ჩვენებას მოისმენს და ამით საქმის განხილვაც დასრულდება.
ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.
„ხელთათმანი უნდა გეკეთოს, რომ არ დაბინძურდეს ნიმუში, თავსაბური უნდა გეხუროს, ბახილები უნდა ამოიცვა და პირბადეც აუცილებელია, რადგან ნერწყვით შესაძლოა ნივთმტკიცება დააბინძურო. მე რომ ახლა ვსაუბრობ, შემდეგ რომ შეამოწმოს ვინმემ ამ კომპიუტერის ეკრანი, ეს ჩემი დნმ-ით იქნება სავსე,“ – უთხრა მოსამართლეს ექსპერტმა ნაზი ჩიქოვანმა, ის დისტანციური წესით ჩაერთო სასამართლოს და დეტალურად აღწერა, რატომ არის საჭირო წესების დაცვა, როცა გამოძიება ნივთმტკიცებას იღებს.
„თქვენ ამბობთ, რომ ნივთმტკიცების ამოღების პროცედურა დარღვეულია. რომელი საკანონმდებლო აქტით რეგულირდება ეს?“ – ჰკითხა მოწმეს პროკურორმა ლევან მურვანიძემ.
მოწმემ თქვა, რომ ასეთი ნორმატიული აქტის შესახებ არ იცის, თუმცა ეს „კრიმინალისტიკის სახელმძღვანელოში წერია.
„ფონიჭალაში, 2006 წელს რომ ბავშვი გაიტაცეს და შემდეგ მოკლეს,“ – პროკურორს მიუბრუნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ყოფილი თანამშრომელი, – „გვამი იპოვეს და კრიმინალისტებმა ექსპერტ-ბიოლოგი წაიყვანეს…“, – თქვა მოწმემ და ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ შესაძლოა ფინანსური პოლიციის თანამშრომლებს ნარკოტიკული ნივთიერების ამოღების პროცედურა არ სცოდნოდათ, მაგრამ მარტივად შესაძლებელი იყო სპეციალისტს წესების დაცვით ამოეღო ნივთმტკიცება.
ადვოკატები მიუთითებენ, რომ შესაძლებელია, ოზთურქი კოკაინის შეფუთვას არ შეხებოდა, მაგრამ, მაგალითად, გამომძიებელი ოფლიანი ხელით შეეხო კონკრეტულ ნივთს ოზთურქის აპარტამენტში, რასაც მანამდე ბრალდებული შეეხო.
„ჩემი აღშფოთება გამოიწვია ნივთმტკიცების ამოღების პროცედურამ, როცა ეს ვიდეოჩანაწერი ვნახე,“ – უთხრა მოსამართლეს მოწმემ და ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მსგავსი ჩხრეკის დროს პროცესში მონაწილე ადამიანების რაოდენობა მაქსიმალურად შეზღუდული უნდა ყოფილიყო.
„ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი, აშშ-ში სასამართლოები მხედველობაში არ იღებენ, თუ მეთოდოლოგია არ არის დაცული, არ უნდა წავუყრუოთ ამას, ძალიან მნიშვნელოვანი აქ სასამართლოს რგოლი…“ – ექსპერტს აქ თხრობა პროკურორმა ლევან მურვანიძემ შეაწყვეტინა.
„ეს უკვე გასცდა კვლევის საგნის დეტალებს… მითითებებს აკეთებს სასამართლოსთვის, ეს არის სასამართლოსთვის მაპროვოცირებელი დეტალების მიწოდება,“ – ლევან მურვანიძემ მოსამართლეს გახედა, თუმცა ვიდრე იგი იტყოდა, მოწმემ თქვა, რომ „კონკრეტულ დეტალებს“ დაუბრუნდებოდა.
„უნდა დაბნელდეს ოთახი, გადავატაროთ საკვლევ ობიექტს ულტრაიისფერი ნათურა და გამოჩნდება ნიმუში…“, – ექსპერტმა აღწერა, როგორ ტარდება გენეტიკური პროფილის ექსპერტიზა და გარდა იმისა, რომ ამ შემთხვევაში ნივთმტკიცების ამოღების პროცედურა უხეშად დაირღვა, რამაც შესაძლოა ნიმუში დააბინძურა, კიდევ რა იყო პრობლემა:
„ჯერ ვიკვლევთ ნივთიერ მტკიცებულებას და შემდეგ ვიღებთ ნიმუშებს… გენეტიკოსი და ქიმიკოსი ერთდროულად იწყებენ მუშაობას… აქ არაა მარკირებაც, რა აწმინდა ექსპერტმა… ეს საჭიროა იმიტომ, რომ შესაძლოა, დამატებით კვლევა გახდეს საჭირო, უნდა ვიცოდეთ, რა ნაწილია აწმენდილი, აქ კი, ვერ გაიგებ ამას,“ – აღნიშნა ექსპერტმა, ნაზი ჩიქოვანმა. მან ასევე აღწერა, რომ დნმ-ს ადამიანის სხეულის ნებისმიერი უჯრედი ატარებს და ნებისმიერი შეხებით შეიძლება დნმ-ის მიღება.
„ასეთი ფორმით მიღებულ საკვლევ ობიექტზე რამდენად მისაღებია კვლევა ჩასატარებლად?“ – ჰკითხა ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ყოფილ თანამშრომელს. ექსპერტმა პასუხის გაცემა დააპირა, მაგრამ ის პროკურორმა შეაჩერა, მიმანიშნებელი კითხვააო.
„რაც ვიდეოზე ნახეთ, ამ საკვლევ ობიექტზე რა ბიოლოგიური კვლევების ჩატარება არის შესაძლებელი?“ – კითხვა გამოცვალა ადვოკატმა, რომელსაც მიმანიშნებელი კითხვის დასმის უფლება არ აქვს, თუმცა შეკითხვის ეს ფორმულირებაც გააპროტესტა პროკურორმა. ვიდრე მოსამართლე ყოყმანობდა, ადვოკატმა კითხვა ისევ გამოცვალა:
„საბოლოო შედეგზე როგორ აისახება მეთოდოლოგიის დარღვევა?“ – იკითხა ამჯერად ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა.
„ახლა სხვადასხვა ბრუნვაში თუ დასვამთ კითხვას, ამით რა იცვლება? მე ქობულეთში ვსწავლობდი, ძალიან კარგი ქართულის მასწავლებელი მყავდა და ვიცი, რომ ბრუნვის შეცვლით შინაარსი არ იცვლება…“ – აღნიშნა პროკურორმა ლევან მურვანიძემ.
„ქობულეთში თუ ისწავლა, კი ეცოდინება“ – დიალოგში კიდევ ერთი ადვოკატი, თენგიზ კახიძე ჩაერთო.
საბოლოოდ, ადვოკატს ამ კითხვის დასმის საშუალება მიეცა: „რა იგულისხმება დაბინძურებაში?“
ექსპერტმა განმარტა, რომ ბევრ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს შეხება ნივთმტკიცებასთან.
„ჭარბ რაოდენობაში იდენტიფიცირება უკვე წარმოუდგენელია, შესაძლოა, დნმ-ის დეგრადაციაც მოხდეს…“ – დაასრულა ექიმმა ნაზი ჩიქოვანმა.
————-
მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა.
2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულსედავებიან. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.
5 ივლისს კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანის „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა მარიხუანის ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.
„სასამართლო მოვიგე, მაგრამ 2 წელია აღსრულებას ველოდები,“ – ამბობს ტარიელ მეგრელიძე. მას ვალი აქვს ასაღები – 3199 ლარი, თუმცა აღმასრულებელი მოვალეს ვერ პოულობს. მოვალე სატელეფონო ზარებს პასუხობს, თუმცა მის საპოვნელად პოლიციის ჩართვაზე ამ დრომდე აღსრულების ბიურო უარს ამბობს.
აღსრულების ეროვნული ბიურო ვერ პასუხობს მოქალაქეს, რატომ არ ცდილობს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას სახელმწიფო უწყება. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძემ 2021 წლის 22 მარტს დააკმაყოფილა ტარიელ მეგრელიძის სარჩელი.
ტარიელ მეგრელიძე ბათუმში ცხოვრობს, ის 17 წელია მეეზოვედ მუშაობს.
„დღესაც დილის 6 საათიდან ვმუშაობ, საღამოს გავალ ისევ. ჩემი მოვალე კი, ნიკა დავიდოვია, ისიც მეეზოვედ მუშაობდა ჩვენთან და თავდებად დავუდექი ბანკში,“ – გვიყვება ტარიელ მეგრელიძე, თან დოკუმენტებს გვაჩვენებს: საბანკო ხელშეკრულებებს, სასამართლოს გადაწყვეტილებებს…
საბანკო ხელშეკრულების მიხედვით, ნიკა დავიდოვს 2017 წელს სესხის სახით 2250 ლარი აუღია, მისი თავდები ტარიელ მეგრელიძეა. ბანკისთვის მსესხებელს ჯამში 2550 ლარი უნდა დაებრუნებინა.
„მაშინ პატარა ბავშვი ავად გაუხდა ნიკას, სესხის აღება დასჭირდა და თავდებად დავუდექი… მერე სესხს ვეღარ იხდიდა, სამსახურიდან წავიდა და ბათუმიდანაც. საბოლოოდ, ბანკმა მე დამიყადაღა ანგარიში და შავ სიაში ჩამსვა, მეც მქონდა სესხი.
ახლა ჩემი ხელფასიდან 476 ლარს სესხში ვიხდი. ბანკმა ჩემი და ნიკას სესხი გააერთიანა.
ნიკა ჩემს სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს, ადრე მპასუხობდა. ის არ ამბობს, რეალურად სად ცხოვრობს, მაგრამ ვიცით, რომ ზუგდიდშია,“ – ამბობს ტარიელ მეგრელიძე და მოვალისგან მიღებულ ერთ-ერთ ხმოვან შეტყობინებას გვასმენინებს, სადაც ისმის შეკითხვა: „რის იმედი გაქვს, სასამართლო დამაკლებს რამეს?“
„აღსრულება აჭიანურებს პროცესს, რადგან ვერ დგინდება მოვალის ადგილსამყოფელი, საპოლიციო ღონისძიების ჩართვისთვის აღმასრულებელს უნდა მიემართა სასამართლოსთვის. სასამართლო მიიღებდა განჩინებას და ამ შემთხვევაში პოლიცია პოულობს ადამიანს,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.
იმის მიუხედავად, რომ ამ ეტაპზე მოვალის სახელზე რომელიმე უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის, იურისტი ამბობს, რომ აღსრულება მოძრავი ქონებიდან უნდა მოხდეს.
„სასამართლო გამოსცემს განჩინებას მოვალის მოძიებაზე და პოლიცია ადგენს მის ადგილსამყოფელს. მის ფაქტობრივ მფლობელობაში რაცაა, ამ ნივთებს დაადებს ყადაღას აღმასრულებელი და თუ ვერ დასტურდება რომელიმე ნივთზე, რომ ეს მისი საკუთრებაა, მესაკუთრე ითხოვს სასამართლოს წესით ქონების ყადაღისგან გათავისუფლებას. ასეთი პრაქტიკა აქვს აღმასრულებელს,“ – გვიყვება პაატა დიასამიძე.
აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2 წლის გასვლის მიუხედავად, სასამართლოსთვის არ მიუმართავს, რომ განჩინება გამოცემულიყო და პოლიციას მოვალე ეპოვა.
რატომ არ იყენებს აღსრულების ბიურო კანონმდებლობით განსაზღვრულ მექანიზმს იმისთვის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება შესრულდეს? – აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ მესამე პირზე ინფორმაციას ვერ გასცემენ და ტარიელ მეგრელიძეს შეუძლია წერილობით გამოითხოვოს ბიუროდან განმარტება, მაგალითად, რატომ არ მიმართა აღმასრულებელმა სასამართლოს.
კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ განსაზღვრავს კონკრეტულ ნივთებს და იმ ქონებას, რომელსაც მოვალეს ვერ ჩამოართმევენ, მისი ადგილსამყოფელის დადგენის შემთხვევაშიც, მაგალითად, ყადაღას არ ექვემდებარება:
„პირადი მოხმარების ან საოჯახო ნივთები, რომლებიც აუცილებელია მოვალისთვის თავისი პროფესიული საქმიანობის, ცხოვრებისა და საოჯახო მეურნეობისათვის;
მოვალის, მისი ოჯახისა და მასთან ერთად მცხოვრები პირებისათვის ოთხი კვირის საკვები, საწვავი და სანათი საშუალებები, ან თუ დროის ამ მონაკვეთისათვის ამგვარი მარაგი არ არსებობს და მათი შეძენა სხვა გზით არ არის შესაძლებელი, მაშინ მათ შესაძენად საჭირო თანხა;
წვრილფეხა საქონელი შეზღუდული რაოდენობით, ასევე ერთი მეწველი ძროხა, ან მოვალის არჩევანით – ორი ღორი, ცხვარი ან თხა, თუ ისინი აუცილებელია მოვალის, მისი ოჯახის ან მასთან ერთად მცხოვრები პირების გამოსაკვებად; ასევე სამი თვის სამყოფი პირუტყვის საკვების და ნამჯის მარაგი, ან თუ ამგვარი მარაგი არ არსებობს და მათი შეძენა ამ დროისათვის სხვა გზით არ არის უზრუნველყოფილი, მათ შესაძენად საჭირო ფულადი თანხა;
პირებისათვის, რომლებიც სოფლის მეურნეობას მისდევენ, სამეურნეო წარმოებისათვის საჭირო ხელსაწყო-იარაღები, პირუტყვი, სასუქი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რამდენადაც ისინი საჭიროა მოვალის, მისი ოჯახის და დაქირავებული მუშების შესანახად, ან მომავალი მოსავლის აღებამდე იგივე ანდა მსგავსი პროდუქცია მეურნეობის შემდგომი წარმართვისათვის;
პირებისათვის, რომლებიც შემოსავალს იღებენ თავიანთი ფიზიკური თუ გონებრივი შრომით ან სხვა საქმიანობით, ასეთი საქმიანობისათვის საჭირო ნივთები.
სახელმწიფოს მიერ გაცემული მიზნობრივი დახმარება;
იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრის ქონება, გარდა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონებისა, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელიც საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია.
„აჭარის განათლების ფონდში“, სახელმწიფო დაფინანსებით, უცხო ენების შემსწავლელი პროგრამები მოქმედებს. ცენტრში საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ უფასოდ ისწავლონ უცხო ენები, საქართველოში ლეგალურად მცხოვრებ უცხოელებს კი შეუძლიათ სახელმწიფო ენას დაეუფლონ.
თუმცა, პანდემიის შემდეგ, გარკვეული ჯგუფები ვეღარ კომპლექტდება, განსაკუთრებით ეს შეეხება TOEFL-ის სწავლების ჯგუფებს, რადგან ჯგუფში მოხვედრის მსურველები, როგორც ფონდში გვეუბნებიან, ვერ აკმაყოფილებენ საჭირო დონეს.
„აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს ინგლისური ენის ცოდნის B1 ან B2 დონეს. შესაბამისად, ვერ მოხვდება „ტოიფელის“ შემსწავლელ ჯგუფში, თუ ვერ დაძლია ბარიერი.
ამ დროისთვის 30 მსურველია რეგისტრირებული, მაგრამ დაკომპლექტდება თუ არა ჯგუფი, ვერ გეტყვით. მაქსიმუმ 18 ადამიანი უნდა იყოს, რომ ჯგუფი დაკომპლექტდეს“, – გვეუბნებიან „განათლების ფონდში“.
TOEFL-ში მომზადება კერძო მასწავლებელთან დაახლოებით 150-200 დოლარი ღირს, ამიტომ ვკითხეთ ფონდის წარმომადგენელს, რატომ არ სარგებლობს ამ პროგრამით უფრო მეტი მოქალაქე, რაზეც გვპასუხობენ, რომ ისინი ინფორმაციას ფეისბუკის მეშვეობით ავრცელებენ. „ასევე გვაქვს რეკლამებიც“, – ამბობს ნინო თურმანიძე, ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი.
მისი თქმით, TOEFL -ის ახალი ჯგუფი ფაქტობრივად სამი წელია აღარ შექმნილა. „ბოლო ჯგუფი 2020 წლის დასაწყისში იყო. შესაძლოა ერთი ახალი ჯგუფი წელს, თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში შეიქმნას, იმ შემთხვევაში თუ ჯგუფი დაკომპლექტდება“, – ამბობს ნინო თურმანიძე.
რაც შეეხება სხვა უცხოურ ენებს, ნინო თურმანიძის თქმით, გაიზარდა ქართული ენის შესწავლის მსურველთა რაოდენობაც. წელს 5 ჯგუფია დაკომპლექტებული. „80-მდე ადამიანია ამ ჯგუფებში, ძირითადად უკრაინელები და რუსები არიან“, – გვეუბნება ნინო.
მთლიანობაში, ფონდის სახელმწიფო პროგრამებით ამ დროისთვის 300-მდე ადამიანი ცდილობს უცხო ენის დაუფლებას. ფონდში ინგლისურის გარდა ისწავლება რუსული, თურქული, გერმანული და ფრანგული ენები, ასევე კომპიუტერული ტექნოლოგიები.
განათლების ფონდის მთლიანი ბიუჯეტი 2023 წელს 743 345 ლარია.
ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში TOEFL -ის სერტიფიკატის ფლობა აუცილებელია.
ინგლისური ენის მასწავლებელი, 26 წლის ჯაბა წინწკალაძე სკოლის ყველაზე ახალგაზრდა დირექტორია ხულოს მუნიციპალიტეტში.
ჯაბა ღორჯომის საჯარო სკოლაში მუშაობს. როგორც გვითხრა, მშობლიურ სოფელში ინგლისური ენის მასწავლებლად დაბრუნება იმის გამო გადაწყვიტა, რომ სკოლის მოსწავლეებს იგივე გამოცდილება არ ჰქონოდათ, რაც მას აქვს.
ინგლისური ენის შესწავლა მე-11 კლასში დავიწყე და უკვე ძალიან დაგვიანებული იყოო – გვითხრა ჯაბა წინწკალაძემ.
ინტერვიუში სკოლის დირექტორი პირად გამოცდილებას გვიზიარებს, გვიამბობს ღორჯომის სკოლის საჭიროებებზე, სამომავლო გეგმებსა და კიდევ ბევრ რამეზე.
თუ ფიქრობდით, რომ სოფელში ასწავლიდით?
ინგლისური ფილოლოგია ბსუ-ში დავამთავრე. შემდეგ მაგისტრატურაში ფინანსები და საბანკო საქმე ვისწავლე, 1 წელი ვიყავი რეპეტიტორიც. ინგლისური ენის მასწავლებლად ღორჯომში 2019 წელს დავბრუნდი, რადგან უცხო ენის მცოდნე კადრის დეფიციტი იყო სოფელში.
მე-11 კლასში ვიყავი, როდესაც ინგლისურის მასწავლებელი მოვიდა სკოლაში და ინგლისური ენის სწავლა დავიწყეთ. სხვათა შორის, ძალიან კარგი პედაგოგი გვყავდა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ წასვლა გადაწყვიტა.
ჩემი მთავარი მიზანი იყო, ჩემი სოფლის ბავშვებს ინგლისური ენის შესწავლაში დავხმარებოდი და არ ეგრძნოთ ის დანაკლისი, რაც მე მქონდა. მე-11 კლასიდან რომ დავიწყე ინგლისური ენის შესწავლა, უკვე ძალიან დაგვიანებული იყო.
ახლა სკოლის დირექტორიც ხართ. რას ნიშნავს იყო სკოლის ახალგაზრდა დირექტორი?
მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში დავინიშნე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, იქამდე 2 წელი ვმუშაობდი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.
უფროსი მასწავლებელი ვარ. დირექტორის გამოცდაზე ახლა გავედი და ველოდები პასუხს.
რამდენი მოსწავლე გყავთ და რა ცვლილებების საჭიროებას ხედავთ სკოლაში?
ღორჯომის საჯარო სკოლაში 140-მდე მოსწავლე სწავლობს. მაღალმთიან სოფლებში, მოგეხსენებათ, კვალიფიციური კადრების დეფიციტია. გვქონდა წელს რამდენიმე საგანზე ვაკანსია, რამდენიმე მასწავლებელი ჩანაცვლდა კვალიფიციური კადრით. თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით, რომ რა დანაკლისიც გვაქვს, შევავსოთ.
იცლება სოფლები ახალგაზრდებისგან?
რა თქმა უნდა, გამოწვევები გვაქვს. ყველანაირად ვცდილობთ, გვერდში დავუდგეთ მოტივირებულ ახალგაზრდებს სოფელში, რომ არ დაგვეცალოს სოფლები.
ყოველწლიურად იკლებს სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა. ყველგან ასეთია დინამიკა და მუნიციპალიტეტების სკოლებში – განსაკუთრებით.
ყველანაირად ვცდილობთ, ადგილობრივ დონეზე მოვაგვაროთ პრობლემები. იქნება ეს მოსწავლეების [ეროვნული გამოცდებისთვის] მომზადება, თუ ენის შემსწავლელი, გამაღრმავებელი კურსები და ა.შ.
გვაქვს სხვადასხვა პროექტი, სხვადასხვა კვლევა მაქვს მე თვითონ ჩატარებული, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთადაც, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ არა თუ სკოლაში, არამედ, ზოგადად, სოფელში სჭირდებოდათ ელემენტარულ დონეზე მაინც ენის შესწავლა.
რამდენჯერმე უფასო კურსებიც გვქონდა და 2019 წლიდან დღემდე სრულიად უსასყიდლოდ ვამზადებ ეროვნული გამოცდებისთვის ბავშვებს და სხვა მიმართულებითაც, სხვადასხვა სახის პროექტში მყავს ჩართული, რომ მოსწავლეები წახალისდნენ და არ იგრძნონ თავი ისე, რომ ვთქვათ – „ვართ სოფელში და ჩვენი თვალსაწიერი არ არის იქამდე, რაღაც წარმატებას მივაღწიოთ“.
როგორ ფიქრობთ, რამ უნდა შეუწყოს ხელი კრიტიკულ აზროვნებას ბავშვებში?
ზოგადად, კრიტიკული აზროვნებისთვის მსჯელობა, დისკუსია უნდა იყოს და ჩართული უნდა იყოს [სასწავლო პროცესში მოსწავლე]. ზუსტად ამას ითვალისწინებს თანამედროვე სასწავლო მიდგომებიც, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული უნდა იყოს სასწავლო გარემო და მოსწავლეს უნდა ჰქონდეს კითხვის დასმის და თავისი აზრის ჩამოყალიბების საშუალებაც. ამას მივყავართ კრიტიკულ აზროვნებამდე.
მაღალმთიან სოფლებში, გამომდინარე იქიდან, რომ არ არის ისეთი წვდომა ინტერნეტთან, ყველა მასწავლებელი ვერ ახერხებს ჩართვას სხვადასხვა სახის ტრენინგში, რომ მიიღოს ინფორმაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით. არის კატეგორია მასწავლებლებისა, რომლებიც კარგად ართმევენ თავს, მათი ჩატარებული გაკვეთილები კრიტიკულ აზროვნებას უწყობს ხელს და არის კატეგორია მასწავლებლების, რომლებიც ამაში მოიკოჭლებენ. ეს არის ინდივიდუალური, დამოკიდებულია მასწავლებლებსა და მოსწავლეებზე.
ზოგადად, როგორ წარმოგიდგენიათ მოსწავლის გავლენა და ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში?
მოსწავლე რომ არ იყოს, არც დირექტორი იქნება საჭირო სკოლაში და არც მასწავლებელი. ასე, რომ მოსწავლის ჩართულობა ყველა პროცესში აუცილებელია, განსაკუთრებით სოფლის სკოლებში, სადაც 4 და 5 მოსწავლეა კლასში.
მაგალითად, სკოლის ბიუჯეტით რისი შეძენა გჭირდებათ, თუ განიხილავთ მოსწავლეებთან ამას?
სამწუხაროდ, მიმდინარე წლის სკოლის ბიუჯეტი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დამატებით შევიძინოთ რამე.
რაც შეეხება ბიუჯეტის განხილვას მოსწავლეებთან, არსებობს მოსწავლეთა თვითმმართველობა და მათთან ერთად ბიუჯეტის განხილვა, რა თქმა უნდა, ხდება. მაგრამ, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გავუსვამ ამას ხაზს, არ გვაქვს საშუალება, დამატებითი რამ შევიძინოთ და არჩევანის წინაშე გვყავდეს მოსწავლეები ან ადმინისტრაცია.
სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ან მოსწავლეების მოტივაციის გაზრდის მიზნით, რისი შეძენის საჭიროებას ხედავთ?
ვთქვათ, სკოლის კომპიუტერული სისტემა ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რაც საჭიროა. 140-მოსწავლიან სკოლაში 3 კომპიუტერი ფუნქციონირებს და დანარჩენი მდგომარეობიდანაა გამოსული – ეს საკმარისი არ არის.
სკოლაში გვჭირდება ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკა კი გვაქვს, მაგრამ არ არის საკმარისი წიგნების ეს რესურსი, რითაც მოსწავლე შეძლებს, რომ სოფლიდან გაუსვლელად მიიღოს წიგნი.
ბიუჯეტიდან გამომდინარე შეიძლება შეიძინო მრავალი თვალსაჩინოება, დაწყებული სპეცმოსწავლისთვის, იგივე პირველი კლასისთვის. ყოველწლიურად შემოდის მსგავსი სახის სიახლეები და საშუალება რომ იყოს, დიდი სიამოვნებით შევიძენდი მსგავს ინვენტარს სკოლისთვის.
თქვენს სკოლაში თუ არის საგნები, სადაც ჯერ კიდევ არ გყავთ კვალიფიციური პედაგოგები?
ღორჯომის საჯარო სკოლას მიერთებულია ერთი საბაზისო სკოლა, სადაც 8 მოსწავლე სწავლობს და აქ უცხო ენის მასწავლებლის დეფიციტი გვაქვს. ასევე გვყავს რამდენიმე არასერტიფიცირებული პედაგოგი, რომლებმაც, სამწუხაროდ, ვერ მიიღეს სტატუსი და მიუხედავად მრავალგზის ვაკანსიის გამოცხადებისა, არ გამოჩნდა შესაბამისი კვალიფიციური კადრი.
ჩავარდნა მხოლოდ უცხო ენაში გვაქვს, ვერ ვიძიებთ მასწავლებელს.
ზოგადად, თქვენი დაკვირვებით, უნდათ ახალგაზრდა მასწავლებლებს სოფლებში რომ ასწავლონ?
მასწავლებლის პროფესია ყოველთვის დაუფასებელი იყო. მე რომ ჩავაბარე, მაშინაც, ენთუზიაზმით თუ იმუშავებდა პედაგოგი. ახლა მატერიალური მხრიდან გამომდინარე, არა უშავს, მაგრამ მაინც, ახალგაზრდები, რომლებიც პედაგოგად მუშაობენ, ენთუზიაზმზე და ადგილობრივი ახალგაზრდების სწორ აღზრდაზე არიან ორიენტირებულები.
როგორია დირექტორის ანაზღაურება, თქვენი შრომის შესაბამისია?
ამას სამინისტრო გადაწყვეტს. ჩემი პირადი შეხედულება რომ გითხრათ, ძალიან ინდივიდუალური იქნება.
სამწუხაროდ, კადრების დეფიციტია. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ვერ მოგვყავს კადრები, არ უნდათ, რომ სხვა, უცხო გარემოში, მაღალმთიან სოფლებში წამოვიდნენ და დამატებითი გაკვეთილების ჩატარება გვიწევს, რასაც დამატებითი დრო მიაქვს.
ახლა დირექტორს იმდენი საქმე აქვს, რომ შესაძლოა სულ ვერ აიღოს [საგაკვეთილო] საათი, ვერც მოიცალოს ჩასატარებლად.
რას ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს, რომ ინგლისური ენის სწავლის ხარისხი მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში გაუმჯობესდეს და მოსწავლეებს ჰყავდეთ კვალიფიციური პედაგოგები?
ბევრჯერ მითქვამს, კოლეგებთან, იგივე კათედრის, პედსაბჭოს შეხვედრებზე, რომ უცხო ენა არის მოსწავლეების აქილევსის ქუსლი მაღალმთიან სოფლებში.
რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტში უნდა იყოს მინიმუმ ინგლისური ენის შემსწავლელი კარგი კურსები. გვაქვს, მაგრამ არ ვიცი, არ მაქვს შეხება და ვერ გეტყვით ზუსტად, როგორ და რა დონეზე ისწავლება ინგლისური. ასევე, უნდა იყოს დამატებითი დაინტერესება უცხო ენებისადმი.
ეროვნული გამოცდების ბარიერი ინგლისურ ენაში, ვფიქრობ, ძალიან დაბალია და წესით, თუ მასწავლებელი ჰყავთ მოსწავლეებს, ეს ბარიერი უნდა გადალახონ.
რას ფიქრობთ იმაზე, რომ ხულოში სკოლის დირექტორის პოზიციაზე ძირითადად კაცები მუშაობენ?
მე ვერაფერს ვხედავ ისეთს, რამაც შესაძლოა ქალს ხელი შეუშალოს, გახდეს სკოლის დირექტორი. რაც შეეხება გენდერულ დისბალანსს, ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ, რატომ არის ასე.
ჩვენთან, სკოლაშიც, კაცების სიმრავლეა, ასე იყო და დღესაც ასეა. რამდენიმე პედაგოგი გამოიცვალა და ყველანაირად ვცდილობ, რომ ეს ბალანსი მეტ-ნაკლებად, შეძლებისდაგვარად, დამყარებული მქონდეს და ქალი პედაგოგებიც გვყავდეს სკოლაში – ქალს და დედას, ზოგადად, უფრო უმარტივდება ბავშვთან ურთიერთობა.
თქვენს სამომავლო გეგმებზეც რომ გვითხრათ.
ვაპირებ დავრჩე სკოლის დირექტორად მანამ, სანამ არ მივიჩნევ, რომ ჩემი რესურსი აქ ამოწურულია და ვინმე ისეთი არ გააგრძელებს ამ საქმეს ისე, როგორც სჭირდება სოფელს.
ბრტყელტერფიანობა საყრდენ-მამოძრავებელი სახსრის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ორთოპედ-ტრავმატოლოგი დავით მიქელაიშვილი ამბობს, რომ ერთ წლამდე ასაკის ბავშვი ორთოპედთან კონსულტაციაზე ორჯერ უნდა იყოს ნამყოფი, მაგრამ „ხდება ისეც, რომ ბავშვი მოდის 7-8 წლის ასაკში, უკვე ჩამოყალიბებული ბრტყელტერფიანობით“.
ბატონო დავით, რა შეიძლება გახდეს ბრტყელტერფიანობის განვითარების მიზეზი?
მიზეზი შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი.
ბრტყელი ტერფის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს ბავშვისთვის არაკომფორტული, არასათანადო ფეხსაცმლის ტარება, კუნთების მოდუნება ტერფის არეში; ასევე, ტერფების ქსოვილების გაჭიმვა, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს ტრავმა, ასაკის მატება ან ჭარბი წონა.
MayoClinic: ბრტყელტერფიანობა ჩვილებში ბუნებრივი მოვლენაა, რადგან ფეხის თაღი ჯერ არ არის განვითარებული.
უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვს ყურადღება უნდა მივაქციოთ თავიდანვე და თუ აქვს ტენდენცია ბრტყელტერფიანობისკენ, შევუკეროთ მისთვის შესაფერისი ორთოპედული ფეხსაცმელი.
ბრტყელტერფიანობას ხშირად არ ახასიათებს გამოხატული სიმპტომები, მაგრამ ბრტყელტერფიანობის მქონე ზოგიერთ ადამიანს აქვს ფეხის ტკივილი, განსაკუთრებით ქუსლის ან თაღის არეში. ტკივილი შეიძლება გაუარესდეს აქტივობის შედეგად.
რა ასაკში უნდა მივაქციოთ ყურადღება ტერფის ჩამოყალიბებას?
წლამდე ასაკში საჭიროა ორჯერადი ვიზიტი ორთოპედთან, ერთი ვიზიტი ექვს თვემდე და ერთიც – წლამდე. ორთოპედი დააკვირდება, აღენიშნება თუ არა ბრტყელტერფიანობა ბავშვს და ამის მიხედვით დაგეგმავს შემდეგ ნაბიჯებს.
ზოგადად, სასურველია, წლამდე ასაკში ორჯერ ჩაუტარდეს გამაჯანსაღებელი მასაჟები ბავშვს, მიუხედავად იმისა, აქვს ბრტყელტერფიანობა თუ არა, კუნთების დამუშავება არასდროს არის ცუდი.
თუმცა ყურადღების მიქცევა შემდეგშიც საჭიროა. საქმე ის არის, რომ შესაძლოა წლამდე ასაკში არ ჩანდეს მიდრეკილება ბრტყელტერფიანობისკენ, მაგრამ შეამჩნიო 2-3 წლის ასაკში, ანუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთი წლის ასაკის შემდეგ აღარ არის ყურადღება საჭირო.
მშობელი უნდა აკვირდებოდეს ბავშვს, თუნდაც დაბანის შემდეგ, როცა ის ფეხშიშველი გაივლის ან დგას, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის არის ბავშვი, თორემ ხდება ისეც, რომ ბავშვი მოდის ჩვენთან 7-8 წლის ასაკში, უკვე ჩამოყალიბებული ბრტყელტერფიანობით.
რას უნდა დააკვირდეს მშობელი კონკრეტულად?
ბრტყელტერფიანობის შემჩნევა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, საჭიროა ბავშვი დავაყენოთ ფეხშიშველი და შევხედოთ ფეხებზე, ბრტყელტერფიანობა ეგრევე თვალში საცემია. უნდა დავათვალიეროთ წინიდან, უკნიდან, გვერდიდან.
ბრტყელტერფიანობისას ბავშვს ტერფები აქვს არა არკისებურად, არამედ – გაბრტყელებული.
დეფორმაცია შეიმჩნევა უკნიდანაც.
რა ხდება, თუ ბავშვს აღენიშნება ბრტყელი ტერფისკენ მიდრეკილება?
რაც უფრო ადრე იქნება პრობლემა შემჩნეული, მით უფრო ადრე გამოსწორდება. მკურნალობისას საჭიროა დისციპლინა, ვარჯიში, სამკურნალო ფიზკულტურის ჩატარება, შესაბამისი ანუ ორთოპედიული ფეხსაცმლის შერჩევა, რომელიც იქნება მასზე მორგებული და თუ საჭიროა – ინდივიდუალური სუპინატორების დამზადება.
მკურნალობა, ფაქტობრივად, ყოველთვის ეფექტურია, ძირითადად – კონსერვატიული. თუმცა, თუ ბრტყელტერფიანობა პაციენტს ხელს უშლის ცხოვრებაში, აქტივობაში და მკურნალობა დაგვიანებულია, დგება ოპერაციული ჩარევის საკითხიც.
გააჩნია დაზიანების სიმძიმეს, შეიძლება სამი წლის ასაკში ისე იყოს დაზიანებული და გამოკვეთილი ბრტყელტერფიანობა, რომ სჭირდებოდეს ოპერაციული ჩარევა და შეიძლება 12 წლის ასაკში მხოლოდ ვარჯიშებითა და ორთოპედიული ფეხსაცმლით ვუმკურნალოთ პაციენტს. ეს ყველაფერი განისაზღვრება ორთოპედის მიერ, ინდივიდუალური ვიზიტის დროს.
რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა ბავშვის ფეხსაცმლის შეძენისას?
კარგი ფეხსაცმლის შესარჩევად საკმარისია ფეხსაცმელში ჩახედვა. აუცილებელია, რომ ფეხსაცმელს შიგნით, შუაში ჰქონდეს ამობურცული ნაწილი, ასეთი ფეხსაცმელი უფრო მეტად ემსახურება სწორი ტერფის ჩამოყალიბებას.
ინდივიდუალური სუპინატორით ფეხსაცმლის შეკერვა მაშინ არის საჭირო, როცა ბავშვს აქვს ბრტყელტერფიანობა, ეს ყველასთვის საჭირო არ არის.
როგორი სიმყარის უნდა იყოს ბავშვის ფეხსაცმლის ძირი?
მთავარია, ბავშვისთვის იყოს კომფორტული ესა თუ ის კონკრეტული სიმყარე, ყველა ფეხი/ტერფი სხვადასხვაგვარია, ზოგიერთს რბილ ძირზე აქვს ფეხი კომფორტულად, ზოგიერთს – მყარზე.
რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ბრტყელტერფიანობა?
თუ ამ პრობლემას არ მივაქცევთ სათანადო ყურადღებას, ბრტყელტერფიანობა დიდ გავლენას ახდენს ხერხემლის ფორმირებაზე. თუ ბავშვი დადის არასწორად, კოჭლობით და ხერხემალზე არათანაბარი დატვირთვა მოდის, ეს იწვევს მის გამრუდებას, მით უმეტეს ზრდის პერიოდში, როცა ყველაფერი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.
სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს, სადაც უძრავი ქონების აგენტებსა თუ ორგანიზაციებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართონ, მათ შორის, საბინაო სფეროშიც.
სახალხო დამცველის აპარატი იუწყება, რომ მიმდინარე პერიოდში მათ 30-მდე შეტყობინება მიიღეს, რომლებიც სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების მიღებაზე საქართველოს მოქალაქეების წვდომის შეზღუდვის ფაქტებს შეეხება.
„განსაკუთრებით პრობლემური იყო შემთხვევა, როდესაც, სავარაუდოდ, ე.წ. სამაკლერო საქმიანობით დაკავებულმა პირმა ბათუმში ბინის გაქირავების თაობაზე რუსულ ენაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მიუთითა, რომ ბინა ქართველებზე არ ქირავდებოდა“, – წერს სახალხო დამცველის აპარატი მიმართვაში.
„საქართველოს სახალხო დამცველი ყველა დაწესებულებას, ორგანიზაციას, ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეახსენებს, რომ თანაბარი მოპყრობის პრინციპი ვრცელდება საჯაროდ ხელმისაწვდომი საქონლისა და მომსახურების მიღებაზე, საცხოვრებლის ჩათვლით.
ამასთან, საქართველოს კანონმდებლობა მოქალაქეობის, ეროვნებისა თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციას კრძალავს ყველა სფეროში, მათ შორის, კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში. ამდენად, საჯაროდ ხელმისაწვდომი შეთავაზებებით სარგებლობაზე უარი, არარაციონალური, დისკრიმინაციული საფუძვლებით, დაუშვებელია ქირავნობით საკითხებთან დაკავშირებითაც“.
სახალხო დამცველის აპარატი იუწყება, რომ ის მზად არის შეისწავლოს სავარაუდო დისკრიმინაციის ყველა შემთხვევა მსგავსი მიმართვის და სავარაუდო დისკრიმინაციის ჩამდენი პირის იდენტიფიცირების შემთხვევაში.
დღეს, 9 თებერვალს, ხელვაჩაურში, მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპროტესტო აქცია გამართა.
„ნუ მოკლავ მიშას“, „თავისუფლება მიშას“, „არა რუსულ ხელისუფლებას“ – ეწერა პლაკატებზე, რომლებიც აქციის მონაწილეებმა აქციაზე მიიტანეს.
„როცა ვამბობთ, რომ რადიკალიზმი არის საჭირო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეუვარდე ვინმეს. რადიკალიზმი ნიშნავს იმას, რომ ხმა ამოიღო იმის შესახებ, რაც არ მოგწონს. ჩვენ არავის ქვას არ ვესვრით, მაგრამ ვიქნებით რადიკალურები ამ ქვეყნისთვის. კაცი აღარ დარჩა ქვეყანაში, ყველა გარბის, მექსიკის საზღვარი გაივსო,“ – თქვა ბათუმის საკრებულოს წევრმა ენმ-დან რეზო ხარაზმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
აქციის მონაწილეებს, პოლიციელებსა და ხელვაჩაურის მერს მიმართა ოპოზიციონერმა მურმან დუმბაძემ.
„არ შეიძლება პოლიტიკურ პატიმრად იყოს კაცი, რომელმაც თანამედროვე ქართული სახელმწიფო შექმნა,“ – თქვა მან და „ქართული ოცნების“ ის დეპუტატები ჩამოთვალა, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ.
მურმან დუმბაძე მიმართავს პოლიციელებს აქციაზე
„ხელვაჩაურის მერს, ზაზა დიასამიძეს ვეკითხები – ვინ არის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან საქართველოს პარლამენტის წევრი? „იმ სისხლიან ცხრა წელში“ ანზორ ბოლქვაძე სად იყო? რესან კონცელიძე არის ბათუმის მაჟორიტარი. სად იყო რესან კონცელიძე იმ ცხრა წელში?
ადამიანები როცა ამბობენ, რომ არ მაინტერესებს პოლიტიკა, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პარლამენტში გეყოლებათ ანზორ ბოლქვაძე. ვისაც არ გაინტერესებთ პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტში გეყოლებათ რესან კონცელიძე და იქნებით მშივრები,“ – თქვა მურმან დუმბაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
დღეს გამართული აქცია ხელვაჩაურში ერთ საათს გაგრძელდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პერმანენტულ აქციებს აანონსებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
საუკეთესო ინოვაციურმა სტარტაპმა Artisio-მ, რომელმაც ეს სტატუსი თიბისის ყოველწლიურ ბიზნეს დაჯილდოებაზე მოიპოვა, ბრიტანული საინვესტიციო ფონდისგან, Jenson Funding Partners 250 000 ფუნტის დაფინანსება მიიღო.
მიღებული ფინანსური რესურსი მნიშვნელოვნად გააძლიერებს სტარტაპს, რომელიც ბაზარს აუქციონების მართვის ერთიან, ინტეგრირებულ სისტემას სთავაზობს.
„ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ Artisio-მ საკვანძო ეტაპს მიაღწია – მოვიპოვეთ დაფინანსება Jenson Funding Partners-ისგან, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპზე ორიენტირებული სარისკო კაპიტალის მმართველი კომპანიაა. გარდა სოლიდური ფინანსური რესურსის მოზიდვისა, ჩვენ შევიძინეთ საუკეთესო მრჩევლები, გვაქვს Jenson Funding Partners-ის მხარდაჭერა, რომლებსაც აქვთ ტექნოლოგიური და ოპერატიული ექსპერტიზა, რაც სარგებელს მოუტანს ჩვენს მომხმარებლებს.
ეს დაფინანსება კი საშუალებს მოგვცემს, რომ აუქციონების ინდუსტრიას შევთავაზოთ უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტები. ასევე გავფართოვდეთ აშშ-ს ბაზარზე და გავუშვათ ჩვენი პლატფორმა ახალი მომხმარებლებისათვის,“ – ამბობს Artisio-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ბერდია ყამარაული.
Artisio აუქციონების მართვის SaaS სისტემაა, რომელიც ერთი ინტეგრირებული სოფტის ქვეშ აერთიანებს აუქციონების ბიზნესის სამართავად საჭირო ყველა მიმართულებას. ესენია: აუქციონის მენეჯმენტის ბექ-ოფისის სისტემა (auction management back-office software), ონლაინ აუქციონების პლატფორმა (online bidding solution), ლაივ აუქციონების სისტემა (online bidding solution with video streaming) და კოლექციის მართვის სისტემა დილერებისა და კოლექციონერებისთვის (web application for buyers & vendors).
Artisio-მ კონკურენტული უპირატესობა სწორედ ამ ცენტრალიზებული ბიზნეს ეკოსისტემის შექმნით მოიპოვა. სისტემა 100%-ით API-ზეა დაფუძნებულია, რაც საშუალებას იძლევა მივუერთდეთ და გავცვალოთ მონაცემები მესამე მხარესთან. ამ პროცესის შედეგად Artisio-ში ხდება ყველა საჭირო ინფორმაციის ცენტრალიზება, რაც შემდეგ AI-ს დახმარებით მუშავდება და კლიენტ კომპანიებს საშუალებას აძლევს, გაცილებით ეფექტურად მართონ ბიზნეს პროცესები და მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.
ბაზრის მოცულობის მხრივ აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 500 000 კომპანიაა, რომელიც პროდუქციის რეალიზებას აუქციონების მეშვეობით ახდენს, ხოლო ბაზრის მოცულება 200 მილიარდ დოლარს შეადგენს.
Artisio-მ ფუნქციონირება 2021 წლის დასაწყისში დაიწო და ამჟამად აუქციონის ბიზნესში 200-ზე მეტი ადამიანი ყოველდღიურად იყენებს მას რუტინული ამოცანების გასამარტივებლად და აუქციონის მართვის მთელი პროცესის ავტომატიზებისთვის (ინვენტარის მართვა, გაყიდვა და აუქციონის შექმნა, კლიენტების მართვა, ანგარიშგება და ანალიტიკა, ინვოისი და გადახდები და მეტი).
Artisio-ს გუნდი მიღწეულ შედეგებზე გაჩერებას არ აპირებს, სტარტაპის მიზანია მომავალში შექმნას ისეთი პლატფორმა, სადაც ე.წ onboarding -ის პროცესს პლატფორმის ახალი მომხმარებლები დამოუკიდებლად გაივლიან.
დღეს, 9 თებერვალს, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ (TDI) და საქართველოს ევანგელისტურმა ეკლესიამ ერთობლივი განცხადება გააკეთეს. საქმე ეხება ეკლესიის პასტორის, ზაალ ტყეშელაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს, რომელსაც უფლებადამცველი ორგანიზაცია საგანგაშოს უწოდებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზაალ ტყეშელაშვილს დაეკისრა მოსარჩელის, აშშ-ის მოქალაქე ბიუნგ ჩან პარკის სასარგებლოდ თანხის გადახდა. კერძოდ, პასტორმა ამ პირს უკან უნდა დაუბრუნოს წლების განმავლობაში მიღებული საეკლესიო შემოწირულობები, რომლებიც განკუთვნილი იყო ეკლესიის პირველი და ერთადერთი სამლოცველო სახლის მშენებლობის დასასრულებლად.
ამჟამად, ეკლესია სამლოცველოს დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას – ევანგელისტური ეკლესიის შენობა თბილისში ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარეობს.
როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, 2019 წელს პარკმა სარჩელი შეიტანა ზაალ ტყეშელაშვილის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა, მოპასუხეს მის სასარგებლოდ გადაეხადა ის შემოწირულობები, რომლებიც მოსარჩელემ, ეკლესიის სახელით, წლების განმავლობაში შეაგროვა ქრისტიანი მორწმუნეებისგან.
საქალაქო სასამართლომ მოსარჩელე პარკის 4 სასარჩელო მოთხოვნიდან არც ერთი არ დააკმაყოფილა. მოსარჩელემ ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ კი, 2022 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოპასუხე ზაალ ტყეშელაშვილს მოსარჩელე პარკისთვის 90 000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.
2023 წლის 30 იანვარს პასტორმა ზაალ ტყეშელაშვილმა ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც მისი და ევანგელისტური ეკლესიის ინტერესებს „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ იცავს.
როგორც ზაალ ტყეშელაშვილი მედიასთან ამბობს, ბიუნგ ჩან პარკი პირველად 2014 წელს, ხოლო მეორედ 2015 წელს შეხვდა. მან პასტორს და ეკლესიის წევრებს თავი ევანგელისტ მისიონერად წარუდგინა, რომლის მიზანი საქართველოში „სახარების გავრცელება“ და ადგილობრივი ევანგელისტი ქრისტიანების დახმარება იყო.
„მოსარჩელე პარკი წლების განმავლობაში ურთიერთობდა ეკლესიასთან და ცხოვრობდა ეკლესიის ტერიტორიაზე. პატიჟებდა და მასპინძლობდა საკუთარ უცხოელ სტუმრებს და მონაწილეობდა ეკლესიის რელიგიურ მსახურებებში.
2018 წლის დასაწყისში, როცა ეკლესიის ორივე ნაგებობის მშენებლობა, რომლებზეც დავობს მოსარჩელე, უკვე დასრულებული იყო, მოულოდნელად შეიცვალა მისი დამოკიდებულება პასტორისა და ეკლესიის მიმართ. ამ პერიოდში მას უკავშირდებოდნენ გარკვეული პირები, რამაც სავარაუდოდ გავლენა იქონია მის ქმედებებზე.
პარკმა დაიწყო მტკიცება, რომ საქართველოს ევანგელისტური ეკლესია სინამდვილეში არ წარმოადგენდა ეკლესიას, რადგან მას არ ჰქონდა სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია და რომ პასტორი ზაალ ტყეშელაშვილი არ იყო ნამდვილი სასულიერო პირი“, – ამბობს TDI.
მათივე განცხადებით, საქმის მასალების დეტალური შესწავლის საფუძველზე ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ „მოსარჩელე პარკი მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად და საკუთარი ბუნდოვანი ფინანსური და ბიზნესსაქმიანობისთვის იყენებდა რელიგიურ გაერთიანებას.
საქმეს ახლავს მოსარჩელის მიერ წარდგენილი სავარაუდოდ გაყალბებული დოკუმენტების ასლებიც, რომლებზეც დატანილია აშშ-ის ნოტარიუსის ბეჭედი.
სამწუხაროდ, ეს დოკუმენტები საქართველოს საგამოძიებო და სასამართლო სისტემამ არა თუ უგულებელყო, არამედ ეკლესიისა და მისი პასტორისთვის საზიანო გადაწყვეტილების მისაღებადაც გამოიყენა, – ამბობს TDI.
პასტორი ზაალ ტყეშელაშვილი ამბობს, რომ ეკლესიის მშენებლობისთვის მრევლი შემოწირულობებს 16 წლის განმავლობაში აგროვებდა.
„დანაზოგით, ჩემი საბანკო სესხით შევიძინეთ მიწის ნაკვეთი. 2018 წელს დავასრულეთ ეკლესიის და ამავე მიწაზე მცირე დამხმარე შენობის მშენებლობა.
ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა, რომელმაც თავის დროზე წარმოგვიდგა ამერიკელ მისიონერად და მშენებლობის დასრულების პროცესში ჩვენი სახელით შესაწირავებს აგროვებდა აშშ-სა და კორეის ეკლესიებში, განგვიცხადა, რომ ჩვენ არ ვითვლებოდით ეკლესიად და არ ვიყავით ლეგიტიმური იმ მიზეზით, რომ არ გვქონდა ოფიციალური სახელმწიფო რეგისტრაცია.
ამ მიზეზით მან მოითხოვა მთელი საეკლესიო ქონება გადასულიყო მის საკუთრებაში ფულადი სახით. ჩვენთვის ეს სრულიად უცნაური და მოულოდნელი მოთხოვნა იყო“, – ამბობს პასტორი.
მისი თქმით, სარჩელში დართული დოკუმენტი გაყალბებულია, „რადგან ასეთი დოკუმენტი ბუნებაში არ არსებობს“.
პასტორის და ეკლესიის უფლებადამცველი ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ მათ პროკურატურას მიმართეს სისხლის სამართლის დანაშაულზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით.
„ძალიან საშიში ტენდენციის წინაშე ვდგავართ. სააპელაციო სასამართლომ უარი გვითხრა იმ ძირითადი დოკუმენტის ექსპერტიზის ჩატარებაზე, რომლის საფუძველზეც მიიღო ეს გადაწყვეტილება.
არც კი უმსჯელია ამ დოკუმენტზე. ვინ მოაწერა ხელი, სად მოაწერეს, არის თუ არა ბეჭედი და დოკუმენტი ნამდვილი და ასე შემდეგ“, – ამბობს ადვოკატი.
მისი თქმით, პროკურატურა სამი წელია ამ ფაქტზე გამოძიებას არ იწყებს, რაც აჩენს ეჭვებს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ კონკრეტული უწყებები და პირები არიან დაინტერესებული.
ადვოკატის თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ თანხის დაბრუნებას ითხოვს არა ის პირი, ვინც შემოწირულობა განახორციელა, არამედ სხვა.
„თბილისის საქალაქო სასამართლოში შევძელით გაგვეცა მკაფიო პასუხი ამ აბსურდულ მოთხოვნებზე, მაგრამ სააპელაციომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც პასუხს არ სცემს არც ერთ სამართლებრივ კითხვას“, – ამბობს ადვოკატი.
ტყეშელაშვილის თქმით, პროკურატურის დუმილი აჩენს ეჭვს, რომ ამ საქმით სახელმწიფო უწყებები არიან დაინტერესებულნი.
„ისინი, ვისაც სურთ, შეზღუდონ ჩვენი ეკლესიის თავისუფლება, გაგვაკონტროლონ და მარწუხებში მოგვაქციონ“, – ამბობს პასტორი.
TDI-ის განცხადებით, საქართველოს ევანგელისტური ეკლესია და მისი პასტორები – ზაალ და ნინო ტყეშელაშვილები ყოველთვის ღიად საუბრობდნენ უსამართლობის წინააღმდეგ, საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების, თანასწორობისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვის მნიშვნელობაზე.
„არაერთი გარემოება მიანიშნებს, რომ ეს არის საეჭვო სამოქალაქო საქმის გამოყენებით პასტორის რეპუტაციის შელახვის, უსამართლობისა და თანასწორობის საკითხების შესახებ მის მიერ აზრის გამოხატვის შეზღუდვის, ევანგელისტური ეკლესიის ერთადერთი სამლოცველო სახლის წართმევის, ეკლესიის ავტონომიურობისა და დამოუკიდებელი ეკლესიის არსებობის წინააღმდეგ მიმართული მცდელობა.
ჩვენ ამ საქმეს არ ვუყურებთ, როგორც ჩვეულებრივ სამოქალაქო დავას ორ კერძო პირს შორის, რადგან ეს არის რელიგიისა და რწმენის თავისუფლებაში ძალიან უხეში ჩარევა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა.
დამაზიანებელია როგორც პასტორისთვის, ასევე ევანგელისტური ეკლესიის თითოეული წევრისთვის, რომ წაართვან საკუთრება“, – ამბობს მაკო ღავთაძე, TDI-ის წარმომადგენელი.
მისი თქმით, საკუთრებას ართმევენ შენიღბულად და ძალიან არაკეთილსინდისიერი გზებით. „ცალსახად ჩანს, რომ არის დაინტერესება და მცდელობა ფინანსური თემებით შელახონ პასტორის და ამ ეკლესიის რეპუტაცია.
საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ეს ეკლესია დგას სისტემის პირისპირ, ახლა კი გამოჩნდა პირი, რომლის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით არაერთი კითხვის ნიშანი ჩნდება.
თუკი ვინმეს მიმართ უნდა არსებობდეს კითხვები, არის ეს ადამიანი, რომელიც არ ტოვებს კანონის ფარგლებში მოქმედი ადამიანის შთაბეჭდილებას. ამ გზებით ცდილობენ ამ ეკლესიის დისკრედიტაციას და ეკლესიის ერთადერთი და პირველი შენობის წართმევას.
ეს არის ცალსახად რელიგიის და რწმენის თავისუფლების სფერო და ჩვენ გვაქვს გონივრული ვარაუდის საფუძველი, რომ ამის უკან შესაძლოა იდგეს სხვადასხვა ინტერესი, მათ შორის სახელმწიფოსი.
ამის დასტურად ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ე.წ. კრებსები და ვნახეთ რა მასშტაბის, რა ფორმებით და როგორი ბინძური მეთოდებით ხდება ადამიანის უფლებების წინააღმდეგ ბრძოლა“, – ამბობს მაკო ღავთაძე.
მისი თქმით, თუკი სახელმწიფო დაადგენს, რომ შემოწირულობის მიღება არის დანაშაული, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ რელიგიურ ორგანიზაციას, მათ შორის, მართლმადიდებელ ეკლესიასაც ამ საქმის პრეცედენტით დაემუქრება საფრთხე.
„რელიგიური ორგანიზაციები არსებობენ შემოწირულობით და ეს ეკლესია სხვებისგან განსხვავებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხებს არ იღებს. ეს ეკლესია არსებობს მორწმუნეების შემოწირულობით. ასეთმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ჩაახშოს და გააჩუმოს ნებისმიერი განსხვავებული რელიგიური ორგანიზაცია.
იმედია, უზენაესი სასამართლო შეცვლის ამ უკანონო გადაწყვეტილებას“, – ამბობს მაკო ღავთაძე.
ევანგელისტური ეკლესია საკუთარი უფლებების დასაცავად ევროპის სასამართლოს მიმართავს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, 9 თებერვალს, ბრიუსელში ჩავიდა.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროკავშირში“, – ასე მიესალმა მას ტვიტერზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
ზელენსკი პარიზიდან საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ერთად ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა.
უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრის ფოტო ტვიტერზე ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც გამოაქვეყნა.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბრიუსელში! ევროპული ოჯახის გულში, რომელსაც მიეკუთვნება უკრაინა. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას ჩვენი კავშირისკენ გადმოდგმულ ყოველ ნაბიჯზე“, – წერს ევროკომისიის ხელმძღვანელი.
მედიის ცნობით, დღეს ზელენსკი ევროპარლამენტის დეპუტატებს სიტყვით მიმართავს.
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 9 თებერვლის ანგარიშში ომზე ამინდის გავლენას მიმოიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ამინდის როლი რუსეთ-უკრაინის ომში კვლავაც ძალიან დიდია.
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, უკანასკნელ კვირებში მიწის გაყინული ზედაპირის გამო აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მობილობა სავარაუდოდ მცირედით შეიცვალა.
ხოლო მომდევნო კვირების განმავლობაში, ამინდის პროგნოზით, მოსალოდნელია ნიადაგის ტემპერატურის მატება, რომელიც 2023 წლის 8 თებერვალს 0 გრადუს ცელსიუსს შეადგენდა. უწყების შეფასებით, ტემპერატურის მატება გამოიწვევს თოვლის დნობას, რაც, დიდი ალბათობით, შეაფერხებს სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას მთელ დონბასში.
სამხედრო ტექნიკის მობილობა ყველაზე მეტად მარტის შუა რიცხვებიდან მარტის ბოლომდე გაჭირდება, რამდენადაც მოსალოდნელია, რომ ამ პერიოდში მიწის ზედაპირი ატალახდება.
აქედან გამომდინარე, გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახური მოელის, რომ ორივე მხარის მეთაურები ეცდებიან, თავი აარიდონ ამ პერიოდში შეტევითი ოპერაციების დაგეგმვას.
„თუმცა არ არის გამორიცხული, გარკვეული პოლიტიკური ან ოპერატიული შესაძლებლობების გაჩენამ გადაწონოს მსგავს სიფრთხილე ისე, როგორც ეს მოხდა რუსეთის მიერ 2022 წლის შუა თებერვალში შეჭრის დაწყების შემთხვევაში“, – ვკითხულობთ ბრიტანული დაზვერვის 9 თებერვლის ანგარიშში.