მთავარი,სიახლეები

ეჭვი მეპარება, რომ რუსებს ბახმუტის შემდეგ რამე წარმატება ექნებათ – ინტერვიუ

10.02.2023 • 1660
ეჭვი მეპარება, რომ რუსებს ბახმუტის შემდეგ რამე წარმატება ექნებათ – ინტერვიუ

„თუ უკრაინამ ის იარაღი მიიღო, რასაც მას ჰპირდებიან, ეჭვი მეპარება, რომ რუსებს ბახმუტის შემდეგ საერთოდ რამე წარმატება ექნებათ,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, რუსები ცდილობენ უპირატესობის მოპოვებას, ვიდრე უკრაინას დასავლეთი ახალი აღჭურვილობით მოამარაგებს.

გადამდგარი გენერალი თითქმის ერთი წელია ისევ აქტიურად ადევნებს თვალს ფრონტის ხაზს და გვიყვება, რომ რუსებმა უკრაინელების თავდაცვის ხაზის გარღვევა ვერსად შეძლეს.

„შეტევა რუსებს დაწყებული აქვთ, მაგრამ როდესაც შეტევას ახორციელებ, იქ მეორე ეშელონი შეგყავს, რეზერვი, სადაც გააკეთებ გარღვევას. ჯერჯერობით კი, რუსებს ასეთი გარღვევა ვერ აქვთ გაკეთებული, რომ დაჯგუფება ამ ღრიჭოში შეიყვანონ,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე და დასძენს: „ახერხებენ გარკვეული სიმაღლეების დაკავებას, ოცეულის თავდაცვის პუნქტის აღებას… დაახლოებით ასეთი დონისაა რუსეთის წარმატებები.“

რუსების სამიზნე ისევ დონბასის საზღვრებზე გასვლაა, თუმცა გადამდგარ გენერალს ეეჭვება, რუსებმა ეს შეძლონ. ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმისთვის ახალი დაჯგუფება ჯერ არც უკრაინელებს შეუქმნიათ. ვახტანგ კაპანაძე განმარტავს, რა როლი ექნება ამ დაჯგუფების შექმნისთვის თანამედროვე, დასავლურ სამხედრო ტექნიკას.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რუსებმა განაახლეს თავდასხმა უკრაინაში. რუსი ოკუპანტები ამჯერად ცდილობენ, რომ გაზაფხულამდე დონბასი აიღონ სრულად, თუ იკვეთება სხვა მიზნები? რა მასშტაბისაა ეს თავდასხმა? 

დიდი მასშტაბით არ არის ეს შეტევა. რა თქმა უნდა, მასშტაბი გაზრდილია იმ ტაქტიკურ და ყოველდღიურ ბრძოლებთან შედარებით, რაც აქამდე იყო ბახმუტი-სოლედარის მიმართულებით, თუმცა რუსებს არ აქვთ ჩამოყალიბებული და ზუსტად განსაზღვრული უკრაინელების სუსტი წერტილები, სადაც შეიძლება დაარტყან. რაც მთავარია, რუსეთს არ აქვს რესურსი, რომ მოახდინოს ძალების კონცენტრაცია კონკრეტულ მონაკვეთზე.

ეს შეტევები არის იმ სერიიდან, როცა რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს, მიაღწიოს გარკვეულ წარმატებას, ვიდრე უკრაინა დასავლეთიდან მიიღებს დაპირებულ შეიარაღებას.

მიზანიც იგივე – დონბასის აღება. მე ეჭვი მეპარება, რომ მიაღწიონ ამ მიზანს, განსაკუთრებით კი, გაზაფხულზე. 1-2 თვეში ისევ მძიმე გრუნტი იქნება ამ ადგილებში. ამ ტემპებით კი, რომლითაც რუსები დღეს იბრძვიან, არა მგონია, დონბასის საზღვრებზე გავიდნენ. ისინი ცდილობენ მაქსიმალური უპირატესობა მოიპოვონ, ვიდრე იარაღს მიიღებს უკრაინა, შემდეგ კი მოუწევთ დაკავებული ტერიტორიების თავდაცვაზე ფიქრი, ასევე ვაჭრობა, თუ ამას მოახერხებენ.

  • ვიდრე შეიარაღებას მიიღებს უკრაინა, რის მიღწევას შეძლებს რუსეთი?

რა სამწუხაროც არ უნდა იყოს, ჩემი აზრით, რასაც მოახერხებენ რუსები, ეს არის ბახმუტის აღება. ისეთი ლოგიკით მიდის დაპირისპირება, რომ ბახმუტს ალყაში მოაქცევენ, შემდეგ კი, მათი ამოცანა იქნება გავიდნენ ოპერატიულ სივრცეზე, მაგრამ ამას ისინი ვერ ახერხებენ. ბახმუტი და სოლედარი კი, თავდაცვის პირველი ხაზია.

უკრაინელებს გათვლილი აქვთ შესაძლო სცენარები, მათ ექნებათ თავდაცვა მოწყობილი ყველა პრინციპის დაცვით, ეს იქნება ღრმა თავდაცვა მეორე ეშელონთ, რეზერვებით, მომკვეთი პოზიციებით, ტანკსაწინააღმდეგო ზოლით, სრული ფორტიფიკაციით. უკრაინელებს ამისთვის დიდი დრო ჰქონდათ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაკეთებული აქვთ.

ნუ დაგვავიწყდება, რომ ბახმუტი ხელიდან ხელში გადადიოდა: იგი ჯერ დონეცკელებმა აიღეს, ანუ როცა 2014 წელს იყო დაპირისპირება, შემდეგ დაიბრუნეს უკრაინელებმა. ასე რომ, ეს მიდამოები გათვლილია ბრძოლის წარმოებისთვის და ბრძოლის გარკვეული გამოცდილება არსებობს. ამიტომაც ვიძახდი, რომ ბახმუტზე არ უნდა დახარჯოს უკრაინამ თავისი რესურსები, რადგან იქ არის მობილური თავდაცვის წარმოების შესაძლებლობა.

  • Foreign Policy-ის მონაცემებით, რუსეთმა მოამზადა 1800 ტანკი, 3950 ჯავშანმანქანა, 2700 საარტილერიო სისტემა, 810 საბჭოთა პერიოდის ზალპური სარაკეტო სისტემა, როგორიცაა: „გრადები“ და „სმერჩები“, 400 გამანადგურებელი და 300 ვერტმფრენი. ასევე, უკრაინაში რუსული საოკუპაციო ჯარების რაოდენობამ 300 000 ადამიანს გადააჭარბა. რა სახის სამხედრო ძალაა ეს?

300 ათასი კაცი რუსეთს შეყვანილი ჰყავს უკვე უკრაინის ტერიტორიაზე, თუმცა ფრონტის ხაზის გადაჭიმულობა 800-დან 1000 კილომეტრამდეა. რუსეთს მსგავსი კონცენტრაცია რომ გაეკეთებინა კონკრეტულ მიმართულებაზე, დაზვერვა ამას დაადგენდა. რუსეთი სხვა მიმართულებებზეც ცდილობს უკრაინელების მიჯაჭვულობა გამოიწვიოს, რომ კონცენტრაცია ვერ მოახდინონ.

  • სარაკეტო თავდასხმების გააქტიურებასაც ეს მიზანი აქვს? 

სარაკეტო თავდასხმებს პერიოდულად ახორციელებს რუსეთი.

შეტევა რუსებს დაწყებული აქვთ. როდესაც უტევ, იქ მეორე ეშელონი შეგყავს, რეზერვი, სადაც გააკეთებ გარღვევას. ჯერჯერობით კი, რუსებს ასეთი გარღვევა ვერ აქვთ გაკეთებული, დაჯგუფება ამ ღრიჭოში რომ შეიყვანონ.

  • ანუ რუსებმა უკრაინელების თავდაცვის ხაზის გარღვევა ვერ მოახერხეს? 

დიახ, გარღვევას ვერ ახერხებენ, მხოლოდ ავიწროებენ. რუსებს აქვთ მხოლოდ ტაქტიკური წარმატებები კონკრეტულ მიმართულებებზე. რუსები ახერხებენ გარკვეული სიმაღლეების დაკავებას, ოცეულის თავდაცვის პუნქტის აღებას… დაახლოებით ასეთი დონისაა რუსეთის წარმატებები.

  • თუ რეალურად მოუყარეს თავი იმ სამხედრო აღჭურვილობას რუსებმა, რასაც Foreign Policy აღწერს, რას მიაღწევენ რუსები? 

ეს რესურსი, რასაც Foreign Policy ავრცელებს, ეხება დაახლოებით 1000-კილომეტრიან ბრძოლის ხაზს. ჯერჯერობით არ ჩანს, რომ რუსებს აქვთ რაღაც დარტყმითი დაჯგუფება შექმნილი. ეს არის ის ძალა, რომელიც, ჩემი აზრით, საშუალებას მისცემს რუსებს, ოკუპირებული ტერიტორია დაიცვას. ამ დინამიკით, თუკი რამე განსაკუთრებული არ განახორციელეს, ოპერატიული სიახლე, ან მოულოდნელობა რომელიმე მიმართულებაზე, ან უკრაინის თავდაცვა თუ არ ჩამოიშალა რომელიმე მიმართულებით, ამ დინამიკით ვერ ვხედავ მნიშვნელოვანი გარღვევა შეძლონ რუსებმა.

  • უკრაინის გენშტაბის ბოლო მონაცემებით, რუსეთმა დაკარგეს უკვე 3258 ტანკი, ასევე 6471 ჯავშანტექნიკა და 2251 საარტილერიო სისტემა. შესაძლოა, ეს მონაცემი არ იყოს ზუსტი, თუმცა აჩვენებს, რომ რა ტექნიკასაც ახლა მოუყარა თავი რუსეთმა, დაახლოებით ამდენივე დაკარგა. ეს აჩვენებს თუ არა იმას, რომ რეალურად რუსეთი მიდის გამოფიტვისკენ? 

ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის სტრატეგიული ამოცანა შემცირდა და ეს ამოცანა დაყვანილია დონბასის საზღვრებზე გასვლაზე, შეტევები შემცირდა, მიმართულებები შემცირდა. რუსებმა მოახერხეს მობილიზება და კიდევ ერთ 300 ათასს თავს მოუყრის თავისუფლად. ტექნიკაც აქვთ, ომის დაწყების დროისთვის დაახლოებით 18 ათასი ტანკი ჰქონდა, გამოვაკლოთ 3 ათასი დანაკარგის სახით, 15 ათასი დარჩა. ყველა ტანკი დაწყებული T 64-ით, დამთავრებული T-72, T-80, T-90-ით, მას აძლევს საშუალებას, დანაკარგები შეავსოს.

მთავარი ისაა, რომ რუსეთის ეს სამხედრო ძალა არაა საკმარისი იმ მიზნის მისაღწევად, რაც მას ამ ომის დასაწყისში ჰქონდა. მე ეჭვი მეპარება იმაშიც, რომ უკრაინელების მიერ იარაღის მიღებამდე, რუსეთი შეძლებს დონბასის საზღვარზე გასვლას. თუ უკრაინამ ის იარაღი მიიღო, რასაც მას ჰპირდებიან, ეჭვი მეპარება, რომ რუსებს ბახმუტის შემდეგ საერთოდ რამე წარმატება ექნებათ.

  • „თუ უკრაინას თვითმფრინავებს არ მივცემთ, თუ მაქსიმალურად არ დავეხმარებით, რისკი იმისა, რომ უკრაინა დამარცხდება, მაღალი დარჩება,“ – ამბობს „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი მეთაური, სამხედრო პილოტი გრეგ ბეგველი. მისი თქმით, უკრაინას უნდა მიაწოდონ F 16-ები, რაზეც ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. რამდენად ეთანხმებით ამ პოზიციას? 

უკრაინა რომ აღარ დამარცხდება, ეს ფაქტია. დღევანდელი ვითარებითაც რომ ავიღოთ, რუსეთი კიევს აიღებს, თუ ლვოვს? ბახმუტისთვის იბრძვის 7 თვეა. თუმცა თვითმფრინავების და შესაბამისი დახმარების გარეშე იქნება გაჭიანურება, დაუმთავრებელი დაპირისპირება.

უკრაინა ვერ მიაღწევს თვითმფრინავების გარეშე იმ წარმატებას, რაც მას სურს. უკრაინას კი, სურს თავისი ტერიტორიის სრულად გათავისუფლება.

  • საითკენ მიდის პროცესი, თქვენი აზრით, მოახერხებს უკრაინა დარტყმითი დაჯგუფების შექმნას? 

დარტყმითი დაჯგუფებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯავშანტექნიკა, ამას მიიღებს უკრაინა, მაგრამ იგი მოწყვლადია ჰაერიდან. ჯავშანტექნიკას სჭირდება ქვეითები, საბრძოლო ქვეითები, რომლებსაც სჭირდებათ ქვეითთა საბრძოლო მანქანები, რათა ტანკებთან ერთად იმოქმედონ. ამ ყველაფერს კი, სჭირდება ახლო მანძილის მხარდაჭერა, რომელიც მიყვება ტანკებს და შეუძლია საჰაერო მიზნების დაზიანება. ამ სატანკო დაჯგუფებას, თუ ოპერატიულ დარტყმით დაჯგუფებას, აუცილებლად დასჭირდება ჰაერიდან მხარდაჭერა, რისთვისაც საჭიროა თვითმფრინავები.

F-14 არის ყველაზე მისაღები, ვინაიდან ეს არის, როგორც ეძახიან, „ოთხი ერთში“ – უნივერსალური თვითმფრინავია და შეუძლია, როგორც ჰაერიდან მხარდაჭერა, ასევე გამანადგურებლად მოქმედება, ბომბდამშენად და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების წინააღმდეგ მოქმედებაც.

რაც შეხება „ტაიფუნს“, რაზეც არის საუბარი ბრიტანელებთან, ესეც მულტიფუნქციური გამანადგურებელია, ეს იყო ევროპული გამანადგურებელი გასული საუკუნის 90-იანი წლებისთვის. ეს იყო ძირითადად გათვალისწინებული ცივი ომის პერიოდში და შემდგომი განვითარება არ ყოფილა, მაგრამ საკმაოდ ეფექტური თვითმფრინავია. ძალიან კარგია, თუ ამას მიიღებს უკრაინა.

მე მაინც ვთვლი, რომ F-14 იქნება უფრო ეფექტური, რადგან მისი უზრუნველყოფაც უფრო გაადვილდება. რაოდენობრივადაც ბევრია F-14. „ტაიფუნები“ კი, ძირითადად აქვს ბრიტანეთს, გერმანიას, იტალიას, ესპანეთს.

  • თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის ამ თვითმფრინავების მიწოდებაზე. რა ჩანს თქვენთვის დასავლეთის გზავნილებიდან, სადაც ამ დრომდე აქვს შეხვედრები ზელენსკის?

ამაზე საუბარი დაწყებულია. როცა იწყებენ საუბარს, ეს ნიშნავს დიდი ალბათობით, რომ გადაწყვეტილება მიღებულია. ასე დაიწყო ლაპარაკი ტანკებსა და „პატრიოტებზე“. ახლა საუბარია უშუალოდ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, მაგალითად, მფრინავების მომზადება, რასაც გარკვეული დრო სჭირდება.

თვითმფრინავების გადაცემა თუ გადაწყდება, მის გამოყენებას უკრაინა საუკეთესო შემთხვევაში გვიან შემოდგომაზე შეძლებს. უკრაინელ მფრინავებს ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ, მაგრამ მაინც დასჭირდება მინიმუმ 3-4 თვე. თითო მფრინავზე მოდის ასევე 20-მდე სახმელეთო უზრუნველყოფა – ტექნიკური მომსახურება. მათი მომზადება კიდევ უფრო დიდ დროს მოითხოვს.

  • შემოდგომამდე უკრაინას ომში გარდატეხის შეტანის შესაძლებლობა არ ექნება? 

უკრაინამ განაცხადა, რომ ყალიბდება 8 ბრიგადა, აქედან 6 იქნება ეროვნული გვარდია, ერთი – შსს და ერთიც – სასაზღვრო დაცვა. ვფიქრობ, ეს ბრიგადები იქნება ბირთვი დარტყმითი დაჯგუფებისთვის. ამ ეტაპზე არ ჩანს, რომ უკრაინას აქვს დარტყმითი დაჯგუფება.

ტანკებიც არ მიუღია. საუბარია, რომ, მაგალითად, „ჩელენჯერს“ მიიღებს უკრაინა ერთ თვეში, გერმანიამ დაიწყო საუბარი „ლეოპარდ 1“-ების მიცემაზეც, რაც კარგი ტანკია, T-64 და T-72-ის დონის ტანკია და 100-ზე მეტს აძლევენ, მაგრამ ჯერ ეს ტანკები არის საწყობებში, რემონტი სჭირდება, რასაც ასევე გერმანია იღებს თავის თავზე.

ამასობაში რუსეთი ეცდება, გამოიყენოს ეს მომენტი, რომ მეტ წარმატებას მიაღწიოს. რასაც ვუყურებ, რუსეთი ჯერჯერობით ვერ აღწევს წარმატებას. უკრაინა გარკვეულ შეიარაღებას ისედაც იღებს. ვისურვებდი, რომ ახალი ტექნიკა, რომელსაც იღებს უკრაინა, იყოს თავმოყრილი და შეიქმნას დარტყმითი დაჯგუფება.

თუ უკრაინელები აპირებენ, რომ არ დაუშვან რუსების მეტი წინ წაწევა, რუსების გამოფიტვა და დარჩნენ ასეთ დაპირისპირებაში, ეს სხვა თემაა. ასე თუ გაგრძელდება, იქნება მუდმივი გამოფიტვა ორივე მხარეს და ხორცსაკეპი მანქანა.

ვისურვებდი, უკრაინელებმა იომონ მეტად თანამედროვე ომი, ვიდრე ის ომი, რაც რუსებს უფრო აწყობთ. უკრაინა უნდა გადავიდეს უფრო მეტად მობილურ თავდაცვაზე – სიახლე და სიურპრიზი შესთავაზონ საომარ ველზე, მიჯაჭვულები ნუ იქნებიან სანგრებზე, მანევრები განახორციელონ, ტექნიკური უპირატესობა უნდა მოიპოვონ, რის საშუალებაც მათ აქვთ.

  • გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, დნიპროს ყურეს გაკონტროლების მიზნით, ორივე მხარემ სავარაუდოდ განათავსა მცირე ჯგუფები კინბურნის ნახევარკუნძულზე. „ნაკლებსავარაუდოა, რომ რუსეთი ეცდება შეტევას დნიპროს გადალახვით: ეს ყოვლად სახიფათოა და ძვირი დაუჯდებოდა“, – ვკითხულობთ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ანგარიშში. თქვენი მოლოდინი როგორია?

რუკაზე მარტივად ჩანს, რომ იქ არაა სივრცე, სადაც შეიძლება შეიყვანო ბატალიონის ზომის დანაყოფი, რომელსაც შეეძლება სამხედრო ამოცანის შესრულება. ამავდროულად მოჰყვებიან საარტილერიო დარტყმის ქვეშ და საცეცხლე ტომარაში. შესაბამისად, არა მგონია, კინბურნზე რამე მნიშვნელოვანი დაიწყონ უკრაინელებმა.

მდინარის გადალახვაც ასე მარტივი პროცესი არ არის. ეს დიდი მდინარეა და დიდი მომზადება სჭირდება. საიერიშო ხიდითაც ვერ გადახვალ, დასჭირდებათ პონტონები და ასე შემდეგ.

  • 24 თებერვლამდე რის მიღწევა სურთ რუსებს, თქვენი დაკვირვებით და რა მოცემულობა გვექნება ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ? 

რუსები ემზადებიან, რომ ეფექტი მოახდინონ, თანაც არა მხოლოდ თავისიანებში. რუსებს სურთ აჩვენონ, რომ აი, ერთი წელი გავიდა და ჩვენ რაღაც წარმატება გაგვაჩნია. ეს სარაკეტო დარტყმები მიმართულია ისევ იქითკენ, რომ უკრაინის ენერგეტიკული შესაძლებლობები დაწიოს დაბლა. რუსეთს ამით სურს მოახდინოს ზემოქმედება, როგორც უკრაინის, ისე ევროპის მოსახლეობაზე. თუმცა, ჩანს, რომ ამ მიდგომას ეფექტი არ მოუტანია რუსებისთვის.

რუსეთი ეცდება მაქსიმალურად თავისთვის მისაღები და წარმატებული პოზიციები დაიკავოს, ვიდრე უკრაინა მიიღებს ძირითად იარაღს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: