მთავარი,სიახლეები

„საგანგაშოა“ – სასამართლომ ევანგელისტურ ეკლესიას შემოწირულობის დაბრუნება დააკისრა

09.02.2023 • 1638
„საგანგაშოა“ – სასამართლომ ევანგელისტურ ეკლესიას შემოწირულობის დაბრუნება დააკისრა

დღეს, 9 თებერვალს, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ (TDI) და საქართველოს ევანგელისტურმა ეკლესიამ ერთობლივი განცხადება გააკეთეს. საქმე ეხება ეკლესიის პასტორის, ზაალ ტყეშელაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს, რომელსაც უფლებადამცველი ორგანიზაცია საგანგაშოს უწოდებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზაალ ტყეშელაშვილს დაეკისრა მოსარჩელის, აშშ-ის მოქალაქე ბიუნგ ჩან პარკის სასარგებლოდ თანხის გადახდა. კერძოდ, პასტორმა ამ პირს უკან უნდა დაუბრუნოს წლების განმავლობაში მიღებული საეკლესიო შემოწირულობები, რომლებიც განკუთვნილი იყო ეკლესიის პირველი და ერთადერთი სამლოცველო სახლის მშენებლობის დასასრულებლად.

ამჟამად, ეკლესია სამლოცველოს დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას – ევანგელისტური ეკლესიის შენობა თბილისში ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარეობს.

როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, 2019 წელს პარკმა სარჩელი შეიტანა ზაალ ტყეშელაშვილის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა, მოპასუხეს მის სასარგებლოდ გადაეხადა ის შემოწირულობები, რომლებიც მოსარჩელემ, ეკლესიის სახელით, წლების განმავლობაში შეაგროვა ქრისტიანი მორწმუნეებისგან.

საქალაქო სასამართლომ მოსარჩელე პარკის 4 სასარჩელო მოთხოვნიდან არც ერთი არ დააკმაყოფილა. მოსარჩელემ ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ კი, 2022 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოპასუხე ზაალ ტყეშელაშვილს მოსარჩელე პარკისთვის 90 000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.

2023 წლის 30 იანვარს პასტორმა ზაალ ტყეშელაშვილმა ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც მისი და ევანგელისტური ეკლესიის ინტერესებს „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ იცავს.

როგორც ზაალ ტყეშელაშვილი მედიასთან ამბობს, ბიუნგ ჩან პარკი პირველად 2014 წელს, ხოლო მეორედ 2015 წელს შეხვდა. მან პასტორს და ეკლესიის წევრებს თავი ევანგელისტ მისიონერად წარუდგინა, რომლის მიზანი საქართველოში „სახარების გავრცელება“ და ადგილობრივი ევანგელისტი ქრისტიანების დახმარება იყო.

„მოსარჩელე პარკი წლების განმავლობაში ურთიერთობდა ეკლესიასთან და ცხოვრობდა ეკლესიის ტერიტორიაზე. პატიჟებდა და მასპინძლობდა საკუთარ უცხოელ სტუმრებს და მონაწილეობდა ეკლესიის რელიგიურ მსახურებებში.

2018 წლის დასაწყისში, როცა ეკლესიის ორივე ნაგებობის მშენებლობა, რომლებზეც დავობს მოსარჩელე, უკვე დასრულებული იყო, მოულოდნელად შეიცვალა მისი დამოკიდებულება პასტორისა და ეკლესიის მიმართ. ამ პერიოდში მას უკავშირდებოდნენ გარკვეული პირები, რამაც სავარაუდოდ გავლენა იქონია მის ქმედებებზე.

პარკმა დაიწყო მტკიცება, რომ საქართველოს ევანგელისტური ეკლესია სინამდვილეში არ წარმოადგენდა ეკლესიას, რადგან მას არ ჰქონდა სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია და რომ პასტორი ზაალ ტყეშელაშვილი არ იყო ნამდვილი სასულიერო პირი“, – ამბობს TDI.

მათივე განცხადებით, საქმის მასალების დეტალური შესწავლის საფუძველზე ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ „მოსარჩელე პარკი მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად და საკუთარი ბუნდოვანი ფინანსური და ბიზნესსაქმიანობისთვის იყენებდა რელიგიურ გაერთიანებას.

საქმეს ახლავს მოსარჩელის მიერ წარდგენილი სავარაუდოდ გაყალბებული დოკუმენტების ასლებიც, რომლებზეც დატანილია აშშ-ის ნოტარიუსის ბეჭედი.

სამწუხაროდ, ეს დოკუმენტები საქართველოს საგამოძიებო და სასამართლო სისტემამ არა თუ უგულებელყო, არამედ ეკლესიისა და მისი პასტორისთვის საზიანო გადაწყვეტილების მისაღებადაც გამოიყენა, – ამბობს TDI.

პასტორი ზაალ ტყეშელაშვილი ამბობს, რომ ეკლესიის მშენებლობისთვის მრევლი შემოწირულობებს 16 წლის განმავლობაში აგროვებდა.

„დანაზოგით, ჩემი საბანკო სესხით შევიძინეთ მიწის ნაკვეთი. 2018 წელს დავასრულეთ ეკლესიის და ამავე მიწაზე მცირე დამხმარე შენობის მშენებლობა.

ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა, რომელმაც თავის დროზე წარმოგვიდგა ამერიკელ მისიონერად და მშენებლობის დასრულების პროცესში ჩვენი სახელით შესაწირავებს აგროვებდა აშშ-სა და კორეის ეკლესიებში, განგვიცხადა, რომ ჩვენ არ ვითვლებოდით ეკლესიად და არ ვიყავით ლეგიტიმური იმ მიზეზით, რომ არ გვქონდა ოფიციალური სახელმწიფო რეგისტრაცია.

ამ მიზეზით მან მოითხოვა მთელი საეკლესიო ქონება გადასულიყო მის საკუთრებაში ფულადი სახით. ჩვენთვის ეს სრულიად უცნაური და მოულოდნელი მოთხოვნა იყო“, – ამბობს პასტორი.

მისი თქმით, სარჩელში დართული დოკუმენტი გაყალბებულია, „რადგან ასეთი დოკუმენტი ბუნებაში არ არსებობს“.

პასტორის და ეკლესიის უფლებადამცველი ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ მათ პროკურატურას მიმართეს სისხლის სამართლის დანაშაულზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

„ძალიან საშიში ტენდენციის წინაშე ვდგავართ. სააპელაციო სასამართლომ უარი გვითხრა იმ ძირითადი დოკუმენტის ექსპერტიზის ჩატარებაზე, რომლის საფუძველზეც მიიღო ეს გადაწყვეტილება.

არც კი უმსჯელია ამ დოკუმენტზე. ვინ მოაწერა ხელი, სად მოაწერეს, არის თუ არა ბეჭედი და დოკუმენტი ნამდვილი და ასე შემდეგ“, – ამბობს ადვოკატი.

მისი თქმით, პროკურატურა სამი წელია ამ ფაქტზე გამოძიებას არ იწყებს, რაც აჩენს ეჭვებს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ კონკრეტული უწყებები და პირები არიან დაინტერესებული.

ადვოკატის თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ თანხის დაბრუნებას ითხოვს არა ის პირი, ვინც შემოწირულობა განახორციელა, არამედ სხვა.

„თბილისის საქალაქო სასამართლოში შევძელით გაგვეცა მკაფიო პასუხი ამ აბსურდულ მოთხოვნებზე, მაგრამ სააპელაციომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც პასუხს არ სცემს არც ერთ სამართლებრივ კითხვას“, – ამბობს ადვოკატი.

ტყეშელაშვილის თქმით, პროკურატურის დუმილი აჩენს ეჭვს, რომ ამ საქმით სახელმწიფო უწყებები არიან დაინტერესებულნი.

„ისინი, ვისაც სურთ, შეზღუდონ ჩვენი ეკლესიის თავისუფლება, გაგვაკონტროლონ და მარწუხებში მოგვაქციონ“, – ამბობს პასტორი.

TDI-ის განცხადებით, საქართველოს ევანგელისტური ეკლესია და მისი პასტორები – ზაალ და ნინო ტყეშელაშვილები ყოველთვის ღიად საუბრობდნენ უსამართლობის წინააღმდეგ, საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების, თანასწორობისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვის მნიშვნელობაზე.

„არაერთი გარემოება მიანიშნებს, რომ ეს არის საეჭვო სამოქალაქო საქმის გამოყენებით პასტორის რეპუტაციის შელახვის, უსამართლობისა და თანასწორობის საკითხების შესახებ მის მიერ აზრის გამოხატვის შეზღუდვის, ევანგელისტური ეკლესიის ერთადერთი სამლოცველო სახლის წართმევის, ეკლესიის ავტონომიურობისა და დამოუკიდებელი ეკლესიის არსებობის წინააღმდეგ მიმართული მცდელობა.

ჩვენ ამ საქმეს არ ვუყურებთ, როგორც ჩვეულებრივ სამოქალაქო დავას ორ კერძო პირს შორის, რადგან ეს არის რელიგიისა და რწმენის თავისუფლებაში ძალიან უხეში ჩარევა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა.

დამაზიანებელია როგორც პასტორისთვის, ასევე ევანგელისტური ეკლესიის თითოეული წევრისთვის, რომ წაართვან საკუთრება“, – ამბობს მაკო ღავთაძე, TDI-ის წარმომადგენელი.

მისი თქმით, საკუთრებას ართმევენ შენიღბულად და ძალიან არაკეთილსინდისიერი გზებით. „ცალსახად ჩანს, რომ არის დაინტერესება და მცდელობა ფინანსური თემებით შელახონ პასტორის და ამ ეკლესიის რეპუტაცია.

საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ეს ეკლესია დგას სისტემის პირისპირ, ახლა კი გამოჩნდა პირი, რომლის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით არაერთი კითხვის ნიშანი ჩნდება.

თუკი ვინმეს მიმართ უნდა არსებობდეს კითხვები, არის ეს ადამიანი, რომელიც არ ტოვებს კანონის ფარგლებში მოქმედი ადამიანის შთაბეჭდილებას. ამ გზებით ცდილობენ ამ ეკლესიის დისკრედიტაციას და ეკლესიის ერთადერთი და პირველი შენობის წართმევას.

ეს არის ცალსახად რელიგიის და რწმენის თავისუფლების სფერო და ჩვენ გვაქვს გონივრული ვარაუდის საფუძველი, რომ ამის უკან შესაძლოა იდგეს სხვადასხვა ინტერესი, მათ შორის სახელმწიფოსი.

ამის დასტურად ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ე.წ. კრებსები და ვნახეთ რა მასშტაბის, რა ფორმებით და როგორი ბინძური მეთოდებით ხდება ადამიანის უფლებების წინააღმდეგ ბრძოლა“, – ამბობს მაკო ღავთაძე.

მისი თქმით, თუკი სახელმწიფო დაადგენს, რომ შემოწირულობის მიღება არის დანაშაული, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ რელიგიურ ორგანიზაციას, მათ შორის, მართლმადიდებელ ეკლესიასაც ამ საქმის პრეცედენტით დაემუქრება საფრთხე.

„რელიგიური ორგანიზაციები არსებობენ შემოწირულობით და ეს ეკლესია სხვებისგან განსხვავებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხებს არ იღებს. ეს ეკლესია არსებობს მორწმუნეების შემოწირულობით. ასეთმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ჩაახშოს და გააჩუმოს ნებისმიერი განსხვავებული რელიგიური ორგანიზაცია.

იმედია, უზენაესი სასამართლო შეცვლის ამ უკანონო გადაწყვეტილებას“, – ამბობს მაკო ღავთაძე.

ევანგელისტური ეკლესია საკუთარი უფლებების დასაცავად ევროპის სასამართლოს მიმართავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: