მთავარი,სიახლეები

ბათუმში პოლიციელი დააპატიმრეს, შემდეგ კი 20 ათასი ლარი გირაოთი გაუშვეს

10.02.2023
ბათუმში პოლიციელი დააპატიმრეს, შემდეგ კი 20 ათასი ლარი გირაოთი გაუშვეს

მოქალაქის განზრახ უკანონო დაკავებისთვის ბათუმში პოლიციის თანამშრომელი დააკავეს. ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილების უფროს დეტექტივს, გიორგი აბდუშელიძეს პროკურატურა განზრახ უკანონო დაკავებას ედავება ძალადობით, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

დღეს, 10 თებერვალს, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პოლიციელი 20 ათასი ლარი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. პოლიციელი აღკვეთი ღონისძიების ფარგლებში ასევე დატოვებს თანამდებობას.

შემთხვევა 2023 წლის 2 იანვარს ბათუმში, თბილისის მოედანზე მოხდა. გამოძიების ვერსიით, პოლიციელმა უკანონოდ დააკავა მოქალაქე და იგი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა, სადაც ხელიც კი დაარტყა.

„არ იყო პატიმრობისთვის საკმარისი საფუძველი,“ – გვითხრა ადვოკატმა ზურაბ კონცელიძემ. იგი დაცვის მხარის სტრატეგიიდან გამომდინარე ამ ეტაპზე საქმის დეტალებზე ვერ გვესაუბრა. თუმცა აღნიშნა, რომ  ბრალდებული პოლიციელი იმისთვის, რომ რისკები გამორიცხულიყო, თანამდებობიდან გათავისუფლებასაც დათანხმდა.

——————-

განზრახ უკანონო დაკავება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 8 წლამდე, ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

რაც შეეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ამ მუხლის მესამე ნაწილით წარუდგინეს ბრალი პოლიციელს, რაც გულისხმობს დანაშაულის ჩადენას ძალადობის, ან იარაღის გამოყენებით. ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: