მთავარი,სიახლეები

გალიფ ოზთურქს ახალი ბრალი წაუყენეს

10.02.2023 • 3248
გალიფ ოზთურქს ახალი ბრალი წაუყენეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მილიონერ ბიზნესმენს, საქართველოსა და თურქეთის მოქალაქე გალიფ ოზთურქს ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ედავება.

„ბიზნესმენმა გ.ო-მა 2019 წლის დეკემბერში დაამზადა ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებები 10 მილიონ ლარად ღირებული კომპანიის თითქოსდა 42 მილიონ ლარად შესყიდვის თაობაზე, რის შემდეგაც იგივე ქონება გაზრდილ ფასში – 82 მილიონ ლარად გაასხვისა მისივე ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ კომპანიაზე, საიდანაც უკანონოდ მიღებული 33 მილიონი ლარით შემდგომში დაფარა კომპანიის აქციების ღირებულება, რითაც შენიღბა და კანონიერი სახე მისცა მისივე კომპანიიდან მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალს.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ იქნა ასობით საგამოძიებო მოქმედება, რევიზია და ექსპერტიზა, ასევე თურქეთის რესპუბლიკიდან, საქართველოში არსებული ყველა კომერციული ბანკიდან, ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან და სხვადასხვა ორგანიზაციიდან გამოთხოვილ იქნა საქმესთან კავშირში არსებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, შესწავლილ იქნა გ.ო.-ს ოფიციალური შემოსავლები და გაწეული ხარჯები, რის შედეგადაც ბიზნესმენ გ.ო.-ს და მასთან დაკავშირებულ 15 კომპანიას ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხათ დაახლოებით 112 მილიონი ლარი, საიდანაც ძირითადი გადასახადი აღემატება 69 მილიონ ლარს“, – წერს საგამოძიებო სამსახური.

გალიფ ოზთურქი ამჟამად პატიმრობაშია, მას აქამდე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული  ნივთიერებების უკანონო შენახვას ედავებიან. „დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 და 261-ე მუხლის მე-3 ნაწილებით.  საქმეს ამჟამად არსებითად განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო“.

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გრძელდება ბიზნესმენ გ.ო.-ს და მასთან კავშირში მყოფი კომპანიების საქმიანობის კანონიერების შესწავლა, „გადასახადისათვის თავის არიდების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სხვა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენის მიზნით“.

__

მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში გასული წლის 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა.

2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავებიან. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.

5 ივლისს კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანის „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა მარიხუანის ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.

__________

ამ თემაზე:

ოზთურქის ბინიდან „კოკაინი“ ხელთათმანების გარეშე ამოიღეს – რა თქვა ექსპერტმა 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: