მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ბრტყელი ტერფი და ფეხსაცმლის შერჩევა ბავშვისთვის – ინტერვიუ ექიმთან

09.02.2023 • 1892
ბრტყელი ტერფი და ფეხსაცმლის შერჩევა ბავშვისთვის – ინტერვიუ ექიმთან

ბრტყელტერფიანობა საყრდენ-მამოძრავებელი სახსრის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ორთოპედ-ტრავმატოლოგი დავით მიქელაიშვილი ამბობს, რომ ერთ წლამდე ასაკის ბავშვი ორთოპედთან კონსულტაციაზე ორჯერ უნდა იყოს ნამყოფი, მაგრამ „ხდება ისეც, რომ ბავშვი მოდის 7-8 წლის ასაკში, უკვე ჩამოყალიბებული ბრტყელტერფიანობით“. 

  • ბატონო დავით, რა შეიძლება გახდეს ბრტყელტერფიანობის განვითარების მიზეზი?

მიზეზი შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი.

ბრტყელი ტერფის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს ბავშვისთვის არაკომფორტული, არასათანადო ფეხსაცმლის ტარება, კუნთების მოდუნება ტერფის არეში; ასევე,  ტერფების ქსოვილების გაჭიმვა, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს ტრავმა, ასაკის მატება ან ჭარბი წონა.

MayoClinic: ბრტყელტერფიანობა ჩვილებში ბუნებრივი მოვლენაა, რადგან ფეხის თაღი ჯერ არ არის განვითარებული. 

უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვს ყურადღება უნდა მივაქციოთ თავიდანვე და თუ აქვს ტენდენცია ბრტყელტერფიანობისკენ, შევუკეროთ მისთვის შესაფერისი ორთოპედული ფეხსაცმელი.

ბრტყელტერფიანობას ხშირად არ ახასიათებს გამოხატული სიმპტომები, მაგრამ ბრტყელტერფიანობის მქონე ზოგიერთ ადამიანს აქვს ფეხის ტკივილი, განსაკუთრებით ქუსლის ან თაღის არეში. ტკივილი შეიძლება გაუარესდეს აქტივობის შედეგად. 

  • რა ასაკში უნდა მივაქციოთ ყურადღება ტერფის ჩამოყალიბებას?

წლამდე ასაკში საჭიროა ორჯერადი ვიზიტი ორთოპედთან, ერთი ვიზიტი ექვს თვემდე და ერთიც –  წლამდე. ორთოპედი დააკვირდება, აღენიშნება თუ არა ბრტყელტერფიანობა ბავშვს და ამის მიხედვით დაგეგმავს შემდეგ ნაბიჯებს.

ზოგადად, სასურველია, წლამდე ასაკში ორჯერ ჩაუტარდეს გამაჯანსაღებელი მასაჟები ბავშვს, მიუხედავად  იმისა, აქვს ბრტყელტერფიანობა თუ არა, კუნთების დამუშავება არასდროს არის ცუდი.

თუმცა ყურადღების მიქცევა შემდეგშიც საჭიროა. საქმე ის არის, რომ შესაძლოა წლამდე ასაკში არ ჩანდეს მიდრეკილება ბრტყელტერფიანობისკენ, მაგრამ შეამჩნიო 2-3 წლის ასაკში, ანუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთი წლის ასაკის შემდეგ აღარ არის ყურადღება საჭირო. 

მშობელი უნდა აკვირდებოდეს ბავშვს, თუნდაც დაბანის შემდეგ, როცა ის ფეხშიშველი გაივლის ან დგას, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის არის ბავშვი, თორემ ხდება ისეც, რომ ბავშვი მოდის ჩვენთან 7-8 წლის ასაკში, უკვე ჩამოყალიბებული ბრტყელტერფიანობით.

  • რას უნდა დააკვირდეს მშობელი კონკრეტულად?

ბრტყელტერფიანობის შემჩნევა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, საჭიროა ბავშვი დავაყენოთ ფეხშიშველი და შევხედოთ ფეხებზე, ბრტყელტერფიანობა ეგრევე თვალში საცემია. უნდა დავათვალიეროთ წინიდან, უკნიდან, გვერდიდან.

ბრტყელტერფიანობისას ბავშვს ტერფები აქვს არა არკისებურად, არამედ – გაბრტყელებული.

დეფორმაცია შეიმჩნევა უკნიდანაც.

  • რა ხდება, თუ ბავშვს აღენიშნება ბრტყელი ტერფისკენ მიდრეკილება?

რაც უფრო ადრე იქნება პრობლემა შემჩნეული, მით უფრო ადრე გამოსწორდება. მკურნალობისას საჭიროა დისციპლინა, ვარჯიში, სამკურნალო ფიზკულტურის ჩატარება, შესაბამისი ანუ ორთოპედიული ფეხსაცმლის შერჩევა, რომელიც იქნება მასზე მორგებული და თუ საჭიროა – ინდივიდუალური სუპინატორების დამზადება.

მკურნალობა, ფაქტობრივად, ყოველთვის ეფექტურია, ძირითადად – კონსერვატიული. თუმცა, თუ ბრტყელტერფიანობა პაციენტს ხელს უშლის ცხოვრებაში, აქტივობაში და მკურნალობა დაგვიანებულია, დგება ოპერაციული ჩარევის საკითხიც.

გააჩნია დაზიანების სიმძიმეს, შეიძლება სამი წლის ასაკში ისე იყოს დაზიანებული და გამოკვეთილი ბრტყელტერფიანობა, რომ სჭირდებოდეს ოპერაციული ჩარევა და შეიძლება 12 წლის ასაკში მხოლოდ ვარჯიშებითა და ორთოპედიული ფეხსაცმლით ვუმკურნალოთ პაციენტს. ეს ყველაფერი განისაზღვრება ორთოპედის მიერ, ინდივიდუალური ვიზიტის დროს.

  •   რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა ბავშვის ფეხსაცმლის შეძენისას?

კარგი ფეხსაცმლის შესარჩევად საკმარისია ფეხსაცმელში ჩახედვა. აუცილებელია, რომ ფეხსაცმელს შიგნით, შუაში ჰქონდეს ამობურცული ნაწილი, ასეთი ფეხსაცმელი უფრო მეტად ემსახურება სწორი ტერფის ჩამოყალიბებას.

ინდივიდუალური სუპინატორით ფეხსაცმლის შეკერვა მაშინ არის საჭირო, როცა ბავშვს აქვს ბრტყელტერფიანობა, ეს ყველასთვის საჭირო არ არის.

  • როგორი სიმყარის უნდა იყოს ბავშვის ფეხსაცმლის ძირი?

მთავარია, ბავშვისთვის იყოს კომფორტული ესა თუ ის კონკრეტული სიმყარე, ყველა ფეხი/ტერფი სხვადასხვაგვარია, ზოგიერთს რბილ ძირზე აქვს ფეხი კომფორტულად, ზოგიერთს – მყარზე.

  • რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ბრტყელტერფიანობა?

თუ ამ პრობლემას არ მივაქცევთ სათანადო ყურადღებას, ბრტყელტერფიანობა დიდ გავლენას ახდენს ხერხემლის ფორმირებაზე. თუ ბავშვი დადის არასწორად, კოჭლობით და ხერხემალზე არათანაბარი დატვირთვა მოდის, ეს იწვევს მის გამრუდებას, მით უმეტეს ზრდის პერიოდში, როცა ყველაფერი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: