სიახლეები

იმერეთში – დინოზავრის ნაკვალევიდან კაცხის სვეტამდე

30.07.2015 • 4429
იმერეთში – დინოზავრის ნაკვალევიდან კაცხის სვეტამდე

 

ამის შემდეგ უკვე ქუთაისის შემოგარენში მდებარე ძეგლების მონახულებაც შეიძლება. ქუთაისის სამხრეთით, ზუსტად 7 კილომეტრში გეგუთის სასახლე მდებარეობს. გეგუთის სასახლე ფეოდალური ხანის საქართველოს საერო არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. შენობა ამჟამად დანგრეულია. კომპლექსის ძირითადი ნაწილი XII საუკუნით თარიღდება, თუმცა VIII-XI საუკუნეების სამშენებლო ფენებიც დადასტურებულია. სასახლეს ჰქონია თავისი ეკლესია. გეგუთის სასახლე ქართველ მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია იყო.

 

ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით თუ აიღებთ გეზს, 11 კილომეტრში გელათის მონასტერს მიადგებით. მდინარე წყალწითელას ხეობაში, დავით აღმაშენებლის მიერ აგებული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თვალწინ წარსულს გაგიცოცხლებთ. გელათის მონასტერშია ცნობილი გელათის მოზაიკა _ ქართული კედლის მხატვრობის ძეგლი. გელათიდან წყალწითელას ხეობას ქვემოთ თუ დაუყვებით, მოწამეთას მონასტერთან მიხვალთ. თავად წყალწითელას ხეობა ბუნების ძეგლია. ულამაზესი კოლხური ტყით დაფარული კანიონისებური ხეობა ბუნებაში დასვენების მოყვარულთათვის შესანიშნავი ადგილია. მდინარე წყალწითელა თავის სახელს გაზაფხულზე, წვიმის დროს ამართლებს ხოლმე – როდესაც მდინარე დიდდება, თავისი კალაპოტის გარშემო მდებარე წითელი მიწის ქანებს რეცხავს, შედეგად წყალი წითელ ფერს იღებს. მდინარეში კალმახი, წვერა, ჭანარი, მურწა, ქაშაყი, ტობი და შამაია ბინადრობს. სწორედ ამიტომ წყალწითელა მეთევზეთა საყვარელი ადგილია.

 

იმერეთშივეა კარსტული მღვიმეები – სათაფლია და პრომეთეს მღვიმე. ორივე მღვიმესთან ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია და ვიზიტორებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება. სათაფლიაზე დაგხვდებათ ვიზიტორთა ცენტრი, საგამოფენო დარბაზი, შუშის პანორამული გადასახედი, კაფეები, სუვენირების მაღაზიები და რაც მთავარია, მღვიმეში მარკირებული ბილიკები. სათაფლიაზე მისულ ტურისტებს ასევე შეუძლიათ მოინახულონ დინოზავრის ნაკვალევი.

 

რაც შეეხება პრომეთეს მღვიმეს, ვიზიტორებს შეუძლიათ მღვიმე დაათვალიერონ როგორც ფეხით, ასევე ნავით.

ასხის მასივი ფოტო:შორენა ლაღაძე

 

 

უცნობი იმერეთიასხის მასივი

 

ზემოთ ჩამოთვლილი მარშრუტები საკმაოდ ცნობილია, თუმცა ამის გარდა იმერეთში ბევრი საინტერესო ადგილის ნახვა შეგიძლიათ. ერთ-ერთი ასეთი ადგილია ასხის მასივი.  კავკასიონის სამხრეთ კალთის ზოლზე მდებარე ასხის მთა ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი და მაღალი კარსტული მასივია იმერეთ-სამეგრელოს საზღვარზე. ასხის მასივის უმაღლესი მწვერვალი – გადრეკილა ზღვის დონიდან 2519 მეტრ სიმაღლეზეა.

 

როგორ ავიდეთ ასხის მთაზე

 

ბოლო სოფელი, რომელიც ასხის მთისკენ მიმავალმა უნდა გაიარო, ხონის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი კინჩხაა. ქუთაისიდან ავტომობილით ან სოფლის სამარშრუტო ტაქსით შეგიძლიათ ახვიდეთ სოფელ კინჩხაში. სოფლის ბოლოდან უკვე იწყება საფეხმავლო გზა ასხის მთისკენ. სოფლიდან ალპურ ზონამდე ასვლას დაახლოებით ოთხი საათი სჭირდება, ალპური ზონიდან მწვერვალამდე კი ორი საათის გზაა.

 

„საინტერესო და განსაკუთრებული ასხზე ეს არის პატარ-პატარა ტბები, მწყემსების ქოხები, სადაც შეგიპატიჟებენ ღამის გასათევად, თავიანთ ამბებს მოგიყვებიან. გარდა ამისა, ქედზე არის კარსტული ჭები, პატარა მღვიმეები… მართალია, უკვე გამომშრალი და მკვდარი სტალაქტიდებითა და სტალაგმიტებით, მაგრამ საკმაოდ საინტერესო და ლამაზი.

 

საოცარი პეიზაჟებია. არის ერთი საოცარი, ნისლების ხევი, საიდანაც მოსჩანს ხვამლის მთა, ასხის სამხრეთ კალთა, რომელსაც ლეჩხუმი ესაზღვრება და საიდანაც ექსტრემის მოყვარულებს შეუძლიათ პარაშუტით ფრენით დატკბნენ, თუ გარისკავს ვინმე”, – ამბობს მოლაშქრე შორენა ლაღაძე.

მარშრუტი ორდღიანია. პირველ დღეს მწვერვალზე ადიხარ, ბანაკდები, მეორე დღეს კი უკან ეშვები.

 

კინჩხის ჩანჩქერი ფოტო:გიგა შუბითიძე

ულამაზესი ბუნებითა და მდინარის საოცარი კანიონით გამოირჩევა ასევე სოფელი კინჩხაც. როგორც უკვე ვთქვით, კინჩხამდე ასვლა ავტომობილით ან სოფელში მიმავალი სამარშრუტო ტაქსით შეგიძლიათ. სასურველია კინჩხაში მსუბუქი მანქანით არ წახვიდეთ, მოუწესრიგებელი გზების გამო. „ავტომობილი ადის ჩანჩქერებამდე და ეგაა კინჩხის მთავარი ღირსშესანიშნაობაც. კანიონი, ორი ულამაზესი ჩანჩქერი და ლომინას ტბა თავისი პატარა ჩანჩქერითურთ. შეიძლება ერთდღიანი ტურის მოწყობა მანქანით, თუმცა, მე ვურჩევდი ყველას, რომ ავიდნენ სოფლის სკოლამდე მიკროავტობუსით და ფეხით აუყვნენ გზას, კინჩხის სილამაზით რომ უკეთ დატკბნენ და დარჩნენ ორი დღე მაინც”, – ამბობს შორენა ლაღაძე.

 

კინჩხამდე მისასვლელად სოფელ გორდის გავლა მოგიწევთ. სწორედ სოფელ გორდშია ულამაზესი ოკაცეს კანიონი. ტურისტებს მდინარის ხეობის გავლა კლდეებს შორის გამავალი ხიდებით შეუძლიათ. ხიდები გადმოსახედზე გადის, საიდანაც კანიონი ჩანს. კანიონი დაახლოებით ორი კილომეტრის სიგრძისაა. კანიონში რამდენიმე ჩანჩქერია, მათ შორის ყველაზე დიდია ბოგას ჩანჩქერი. გორდშივეა დადიანების ტყე-პარკი და საზაფხულო რეზიდენცია.

 

ოკაცეს კანიონი ფოტო: შორენა ლაღაძე

ქუთაისიდან 15 კილომეტრში მდებარეობს აჯამეთის აღკვეთილი. აღკვეთილში იშვიათი, რელიქტური ჯიშის იმერეთის მუხისა და ძელქვის ნახვა შეგიძლიათ. ეკოტურიზმის მოყვარულებს ეს ადგილი განსაკუთრებით დააინტერესებთ.

 

თუ გადაწყვეტთ ზემო იმერეთი მოინახულოთ, მაშინ საჩხერე-ჭიათურას უნდა ესტუმროთ. ჭიათურაში, სოფელ კაცხში, მდებარეობს 40 მეტრის სიმაღლის ბუნების საოცრება – კაცხის სვეტი.

 

აკადემიკოს აკაკი შანიძის განმარტებით – „კაცხი სვანური სიტყვაა და მწვერვალს აღნიშნავს~. კაცხის სვეტი შედგება თავად სვეტის, სვეტის თავზე არსებული ეკლესიის, აკლდამისა და პატარა სენაკებისგან. ასევე სვეტის ძირშია სვიმონ მესვეტეს სახელობის ეკლესია გალავნის ნაშთით და ძველი სამრეკლოთი.

 

გადაბეჭდვის წესი