„ნახეთ, ხელის გულზე უდევს პაკეტი გამომძიებელს. რა გამორიცხავს, რომ ამ გამომძიებლის გენეტიკური პროფილიც ყოფილიყო იქ?“ – გალიფ ოზთურქის ბინის ჩხრეკის ვიდეოჩანაწერიდან კონკრეტული მონაკვეთი გაახსენა ექსპერტმა მოსამართლე ლევან ყოლბაიას. ეს ის მომენტია ვიდეოდან, როცა ოზთურქის აპარტამენტის საძინებლიდან კოკაინის შეფუთვა „ფინანსური პოლიციის“ გამომძიებლებმა ამოიღეს ხელთათმანების, პირბადის და სხვა აღჭურვილობის გარეშე.
ნივთმტკიცების ამოღების პროცედურები „ოზთურქის საქმეში“ საკვანძო საკითხია: ადვოკატები კრიმინალისტების პრაქტიკაზე აქცენტირებენ, რომლის მიხედვითაც ნივთმტკიცებას სპეციალური აღჭურვილობის გარეშე, როგორც წესი, არ იღებენ. პროკურატურის მთავარი მტკიცებულებაც ეს ნივთმტკიცებაა – პოლიეთილენის პარკი, რაზეც ექსპერტიზის მიხედვით, ოზთურქის გენეტიკური პროფილის არსებობა დადასტურდა.
დღეს, 9 თებერვალს, სასამართლოს ჩვენება ექიმმა ნაზი ჩიქოვანმა მისცა, ასევე დამოუკიდებელმა ექსპერტ-კრიმინალისტმა გია გოგიამ. ისინი სამხარაულის ექსპერტიზის ყოფილი თანამშრომლები არიან, ახლა კი, როგორც დაცვის მხარის ექსპერტებმა, შეისწავლეს ის, თუ როგორ ჩატარდა სამხარაულის ექსპერტიზა „ოზთურქის საქმეში“.
გალიფ ოზთურქი არც დღევანდელ სხდომას დასწრებია. რამდენიმე დღეში მოსამართლე სავარაუდოდ მის ჩვენებას მოისმენს და ამით საქმის განხილვაც დასრულდება.
ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.
„ხელთათმანი უნდა გეკეთოს, რომ არ დაბინძურდეს ნიმუში, თავსაბური უნდა გეხუროს, ბახილები უნდა ამოიცვა და პირბადეც აუცილებელია, რადგან ნერწყვით შესაძლოა ნივთმტკიცება დააბინძურო. მე რომ ახლა ვსაუბრობ, შემდეგ რომ შეამოწმოს ვინმემ ამ კომპიუტერის ეკრანი, ეს ჩემი დნმ-ით იქნება სავსე,“ – უთხრა მოსამართლეს ექსპერტმა ნაზი ჩიქოვანმა, ის დისტანციური წესით ჩაერთო სასამართლოს და დეტალურად აღწერა, რატომ არის საჭირო წესების დაცვა, როცა გამოძიება ნივთმტკიცებას იღებს.
„თქვენ ამბობთ, რომ ნივთმტკიცების ამოღების პროცედურა დარღვეულია. რომელი საკანონმდებლო აქტით რეგულირდება ეს?“ – ჰკითხა მოწმეს პროკურორმა ლევან მურვანიძემ.
მოწმემ თქვა, რომ ასეთი ნორმატიული აქტის შესახებ არ იცის, თუმცა ეს „კრიმინალისტიკის სახელმძღვანელოში წერია.
„ფონიჭალაში, 2006 წელს რომ ბავშვი გაიტაცეს და შემდეგ მოკლეს,“ – პროკურორს მიუბრუნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ყოფილი თანამშრომელი, – „გვამი იპოვეს და კრიმინალისტებმა ექსპერტ-ბიოლოგი წაიყვანეს…“, – თქვა მოწმემ და ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ შესაძლოა ფინანსური პოლიციის თანამშრომლებს ნარკოტიკული ნივთიერების ამოღების პროცედურა არ სცოდნოდათ, მაგრამ მარტივად შესაძლებელი იყო სპეციალისტს წესების დაცვით ამოეღო ნივთმტკიცება.
ადვოკატები მიუთითებენ, რომ შესაძლებელია, ოზთურქი კოკაინის შეფუთვას არ შეხებოდა, მაგრამ, მაგალითად, გამომძიებელი ოფლიანი ხელით შეეხო კონკრეტულ ნივთს ოზთურქის აპარტამენტში, რასაც მანამდე ბრალდებული შეეხო.
„ჩემი აღშფოთება გამოიწვია ნივთმტკიცების ამოღების პროცედურამ, როცა ეს ვიდეოჩანაწერი ვნახე,“ – უთხრა მოსამართლეს მოწმემ და ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მსგავსი ჩხრეკის დროს პროცესში მონაწილე ადამიანების რაოდენობა მაქსიმალურად შეზღუდული უნდა ყოფილიყო.
„ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი, აშშ-ში სასამართლოები მხედველობაში არ იღებენ, თუ მეთოდოლოგია არ არის დაცული, არ უნდა წავუყრუოთ ამას, ძალიან მნიშვნელოვანი აქ სასამართლოს რგოლი…“ – ექსპერტს აქ თხრობა პროკურორმა ლევან მურვანიძემ შეაწყვეტინა.
„ეს უკვე გასცდა კვლევის საგნის დეტალებს… მითითებებს აკეთებს სასამართლოსთვის, ეს არის სასამართლოსთვის მაპროვოცირებელი დეტალების მიწოდება,“ – ლევან მურვანიძემ მოსამართლეს გახედა, თუმცა ვიდრე იგი იტყოდა, მოწმემ თქვა, რომ „კონკრეტულ დეტალებს“ დაუბრუნდებოდა.
„უნდა დაბნელდეს ოთახი, გადავატაროთ საკვლევ ობიექტს ულტრაიისფერი ნათურა და გამოჩნდება ნიმუში…“, – ექსპერტმა აღწერა, როგორ ტარდება გენეტიკური პროფილის ექსპერტიზა და გარდა იმისა, რომ ამ შემთხვევაში ნივთმტკიცების ამოღების პროცედურა უხეშად დაირღვა, რამაც შესაძლოა ნიმუში დააბინძურა, კიდევ რა იყო პრობლემა:
„ჯერ ვიკვლევთ ნივთიერ მტკიცებულებას და შემდეგ ვიღებთ ნიმუშებს… გენეტიკოსი და ქიმიკოსი ერთდროულად იწყებენ მუშაობას… აქ არაა მარკირებაც, რა აწმინდა ექსპერტმა… ეს საჭიროა იმიტომ, რომ შესაძლოა, დამატებით კვლევა გახდეს საჭირო, უნდა ვიცოდეთ, რა ნაწილია აწმენდილი, აქ კი, ვერ გაიგებ ამას,“ – აღნიშნა ექსპერტმა, ნაზი ჩიქოვანმა. მან ასევე აღწერა, რომ დნმ-ს ადამიანის სხეულის ნებისმიერი უჯრედი ატარებს და ნებისმიერი შეხებით შეიძლება დნმ-ის მიღება.
„ასეთი ფორმით მიღებულ საკვლევ ობიექტზე რამდენად მისაღებია კვლევა ჩასატარებლად?“ – ჰკითხა ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ყოფილ თანამშრომელს. ექსპერტმა პასუხის გაცემა დააპირა, მაგრამ ის პროკურორმა შეაჩერა, მიმანიშნებელი კითხვააო.
„რაც ვიდეოზე ნახეთ, ამ საკვლევ ობიექტზე რა ბიოლოგიური კვლევების ჩატარება არის შესაძლებელი?“ – კითხვა გამოცვალა ადვოკატმა, რომელსაც მიმანიშნებელი კითხვის დასმის უფლება არ აქვს, თუმცა შეკითხვის ეს ფორმულირებაც გააპროტესტა პროკურორმა. ვიდრე მოსამართლე ყოყმანობდა, ადვოკატმა კითხვა ისევ გამოცვალა:
„საბოლოო შედეგზე როგორ აისახება მეთოდოლოგიის დარღვევა?“ – იკითხა ამჯერად ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა.
„ახლა სხვადასხვა ბრუნვაში თუ დასვამთ კითხვას, ამით რა იცვლება? მე ქობულეთში ვსწავლობდი, ძალიან კარგი ქართულის მასწავლებელი მყავდა და ვიცი, რომ ბრუნვის შეცვლით შინაარსი არ იცვლება…“ – აღნიშნა პროკურორმა ლევან მურვანიძემ.
„ქობულეთში თუ ისწავლა, კი ეცოდინება“ – დიალოგში კიდევ ერთი ადვოკატი, თენგიზ კახიძე ჩაერთო.
საბოლოოდ, ადვოკატს ამ კითხვის დასმის საშუალება მიეცა: „რა იგულისხმება დაბინძურებაში?“
ექსპერტმა განმარტა, რომ ბევრ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს შეხება ნივთმტკიცებასთან.
„ჭარბ რაოდენობაში იდენტიფიცირება უკვე წარმოუდგენელია, შესაძლოა, დნმ-ის დეგრადაციაც მოხდეს…“ – დაასრულა ექიმმა ნაზი ჩიქოვანმა.
————-
მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა.
2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავებიან. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.
5 ივლისს კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანის „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა მარიხუანის ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.