დაცული ტერიტორიების სააგენტო სათაფლიაში დინოზავრების მონტაჟს გეგმავს და ფასების დადგენის მიზნით, ბაზარს იკვლევს. ბაზრის შესწავლის შემდეგ კი, სააგენტო 6 დინოზავრის შეძენა-მონტაჟზე ტენდერს გამოაცხადებს. დინოზავრები მიახლოებისას უნდა რეაგირებდნენ ინფრაწითელი სენსორის მეშვეობით.
სააგენტოს ინფორმაციით, დინოზავრების მიწოდების პარალელურად, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მისი დამონტაჟება სათაფლიის აღკვეთილის ტერიტორიაზე [წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ბანოჯა], შემსყიდველის მიერ შერჩეულ ლოკაციაზე.

ხედი სათაფლიის აღკვეთილზე / ფოტო: სააგენტო
ტექნიკური დავალების მიხედვით:
- „თითოეული დინოზავრის ძირითადი ნაწილი [შიდა ჩონჩხი] აგებული უნდა იყოს გალვანიზებული ლითონისაგან, ხოლო გარე გარსი დაფარული უნდა იყოს ქაფ-სილიკონით.
- ფუნქციების შესასრულებლად თითოეულს უნდა ჰქონდეს ჩამონტაჟებული საჭირო მოწყობილობები (როგორიცაა ტრანსფორმატორი, დედაპლატა, დენის კონტროლის დაფა, CPU, დენის გამაძლიერებელი და სხვა) .
- თითოეული სახეობის დინოზავრი უნდა რეაგირებდეს მიახლოებისას ინფრაწითელი სენსორის მეშვეობით, მოძრაობები უნდა იყოს დისტანციური და ავტომატიზებული.
- მოხმარებული დენის სიმძლავრე თითოეულ დინოზავრზე არ უნდა აღემატებოდეს 800 ვატს.
- მოწოდებული საქონელი დამუშავებული უნდა იყოს იმგვარად, რომ დაცული იყოს მღრღნელების, მწერებისა და ფრინველებისაგან ან შესაძლებელია დამონტაჟებული იქნას ხსენებულისაგან დამცავი მოწყობილობა.“

დასამონტაჟებელი დინოზავრები და მათი მახასიათებლები / წყარო: სააგენტო
„ვინადაინ, დინოზავრების მონტაჟი ხორციელდება აღკვეთილის ტერიტორიაზე, ღია სივრცეში, ელექტრო-სამონტაჟო და ბეტონის სამუშაოებისათვის საჭირო ყველა დანადგარის [მაგ: გენერატორი, ბეტონმრევი და სხვა] და მასალის ხარჯი, ასევე გათვალისწინებული უნდა იქნას წარმოდგენილი ფასით.“ – აღნიშნავს სააგენტო.
ამასთან, ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს საქონლის მიწოდება და მონტაჟთან დაკავშირებული ყველა ხარჯი. მიმწოდებელმა ღირებულებაში ასევე უნდა გაითვალისწინოს დინოზავრების შესაბამისი ზომის ბეტონის სადგამი ფილის მოწყობის სამუშაოები.
საბოლოოდ, დინოზავრები, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 120 დღეში უნდა დაამონტაჟონ. საგარანტიო ვადა კი, მიღება-ჩაბარების აქტის [მონტაჟის ჩათვლით] გაფორმებიდან არანაკლებ 2 წელი იქნება.

დინოზავრის ნაკვალევი სათაფლიაში / ფოტო: სააგენტო
ამ დრომდე აღკვეთილში, რამდენიმე ადგილზე დინოზავრების მაკეტები იყო განთავსებული.
მთავარი ფოტო: იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფეისბუქ გვერდიდან
განახლება: სააგენტომ დინოზავრების მაკეტებსა და მათ მონტაჟზე ტენდერი 2023 წლის მარტში გამოაცხადა. ხელშეკრულება კი შპს „მაი მობაილ +“-თან გააფორმა 197 000 ლარზე. მიღება-ჩაბარების აქტი [6 მაკეტსა და მათ მონტაჟზე] კი 2023 წლის აგვისტოშია გაფორმებული.
ამ თემაზე, „ბათუმელების“ არქივიდან:






