განათლება,მთავარი,სიახლეები

ბათუმში TOEFL-ი უფასოდ ისწავლება, მაგრამ განათლების ფონდის თქმით ჯგუფი არ დაკომპლექტდა

09.02.2023 • 2208
ბათუმში TOEFL-ი უფასოდ ისწავლება, მაგრამ განათლების ფონდის თქმით ჯგუფი არ დაკომპლექტდა

„აჭარის განათლების ფონდში“, სახელმწიფო დაფინანსებით, უცხო ენების შემსწავლელი პროგრამები მოქმედებს. ცენტრში საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ უფასოდ ისწავლონ უცხო ენები, საქართველოში ლეგალურად მცხოვრებ უცხოელებს კი შეუძლიათ სახელმწიფო ენას დაეუფლონ.

თუმცა, პანდემიის შემდეგ, გარკვეული ჯგუფები ვეღარ კომპლექტდება, განსაკუთრებით ეს შეეხება TOEFL-ის სწავლების ჯგუფებს, რადგან ჯგუფში მოხვედრის მსურველები, როგორც ფონდში გვეუბნებიან, ვერ აკმაყოფილებენ საჭირო დონეს.

„აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს ინგლისური ენის ცოდნის B1 ან B2 დონეს. შესაბამისად, ვერ მოხვდება „ტოიფელის“ შემსწავლელ ჯგუფში, თუ ვერ დაძლია ბარიერი.

ამ დროისთვის 30 მსურველია რეგისტრირებული, მაგრამ დაკომპლექტდება თუ არა ჯგუფი, ვერ გეტყვით. მაქსიმუმ 18 ადამიანი უნდა იყოს, რომ ჯგუფი დაკომპლექტდეს“, – გვეუბნებიან „განათლების ფონდში“.

TOEFL-ში მომზადება კერძო მასწავლებელთან დაახლოებით 150-200 დოლარი ღირს, ამიტომ ვკითხეთ ფონდის წარმომადგენელს, რატომ არ სარგებლობს ამ პროგრამით უფრო მეტი მოქალაქე, რაზეც გვპასუხობენ, რომ ისინი ინფორმაციას ფეისბუკის მეშვეობით ავრცელებენ. „ასევე გვაქვს რეკლამებიც“, – ამბობს ნინო თურმანიძე, ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი.

მისი თქმით, TOEFL -ის ახალი ჯგუფი ფაქტობრივად სამი წელია აღარ შექმნილა. „ბოლო ჯგუფი 2020 წლის დასაწყისში იყო. შესაძლოა ერთი ახალი ჯგუფი წელს, თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში შეიქმნას, იმ შემთხვევაში თუ ჯგუფი დაკომპლექტდება“, – ამბობს ნინო თურმანიძე.

რაც შეეხება სხვა უცხოურ ენებს, ნინო თურმანიძის თქმით, გაიზარდა ქართული ენის შესწავლის მსურველთა რაოდენობაც. წელს 5 ჯგუფია დაკომპლექტებული. „80-მდე ადამიანია ამ ჯგუფებში, ძირითადად უკრაინელები და რუსები  არიან“, – გვეუბნება ნინო.

მთლიანობაში, ფონდის სახელმწიფო პროგრამებით ამ დროისთვის 300-მდე ადამიანი ცდილობს უცხო ენის დაუფლებას. ფონდში ინგლისურის გარდა ისწავლება რუსული, თურქული, გერმანული და ფრანგული ენები, ასევე კომპიუტერული ტექნოლოგიები.

განათლების ფონდის მთლიანი ბიუჯეტი 2023 წელს 743 345 ლარია.

ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში TOEFL -ის სერტიფიკატის ფლობა აუცილებელია.

TOEFL-ის შემსწავლელ უფასო კურსებზე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ აქ. 

_________________

მთავარი ფოტო: ინგლისური ენის გაკვეთილი/აჭარის განათლების ფონდის გვერდიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: