მთავარი,სიახლეები

რა მუხლებით წარუდგინა ახალი ბრალი გალიფ ოზთურქს პროკურატურამ

11.02.2023 • 1860
რა მუხლებით წარუდგინა ახალი ბრალი გალიფ ოზთურქს პროკურატურამ

პროკურატურა აკონკრეტებს, რა მუხლებით წარუდგინეს ბრალი მილიონერ ბიზნესმენს – გალიფ ოზთურქს. მას ახალი ბრალი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გუშინ, 10 თებერვალს წარუდგინა.

ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება-გამოყენება [სსკ-ის 210 მუხლი] და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია [სსკ-ის 194-ე მუხლი] – ამ მუხლებით წარუდგინეს ახალი ბრალი გალიფ ოზთურქს, რომელიც 2022 წლის 31 მაისს სპეცოპერაციის დროს დააკავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით. სისხლის სამართლის ამ საქმეში არაერთი დეტალი აჩენს კითხვას გამოძიების მიმართ.

პროკურატურა ასახელებს ბიზნესკომპანიებსაც, რასაც კუკავშირდება გალიფ ოზთურქის მიერ წარდგენილი ახალი ბრალი.

პროკურატურის ინფორმაციით, „ბრალდებულმა გაზრდილი ფასების შემცველი ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებებით, მისივე კუთვნილი კომპანია – სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“-დან თანხების უკანონოდ მიღება და კომპანიის აქციების საემისიო ღირებულების სხვაობის ანაზღაურება განიზრახა.

აღნიშნული მიზნით, ბრალდებულმა დაამზადა ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულება – 9 472 343 ლარის ღირებულების შპს „ჟასმინის“ 100% წილის თითქოსდა 42 000 000 ლარად შეძენის თაობაზე. მოგვიანებით, 9 416 552 ლარად ღირებული, ხსენებული კომპანიის 100% აქცია, 82 217 700 ლარად მიჰყიდა მის კუთვნილ კომპანიას, საიდანაც 2022 წლის აპრილსა და მაისში 33 030 612 ლარი უკანონოდ მიიღო.

ბრალდებულმა აღნიშნული თანხა სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას“ აქციების საემისიო ღირებულების სხვაობის და მისგან წარმოშობილი საპროცენტო სარგებლის დავალიანების დაფარვის მიზნით, იმავე პერიოდში კომპანიის საბანკო ანგარიშზე დააბრუნა, რითაც შენიღბა და კანონიერი სახე მისცა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალს,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურა განცხადებაში ხაზს უსვამს იმასაც, რომ „გამოძიება გრძელდება“.

პროკურატურა გალიფ ოზთურქს სსკ-ის 194-ე მუხლის [ფულის გათეთრება] მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტით ედავება, რაც გულისხმობს  დანაშაულის ჩადენით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას და სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

რაც შეეხება 210-ე მუხლს [ყალბი დოკუმენტის დამზადება], ამ მუხლის პირველი ნაწილით ედავება პროკურატურა ოზთურქს. ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ნარკოდანაშაულზე გალიფ ოზთურქის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულების ეტაპზეა. მოსამართლე ლევან ყოლბაიამ განაჩენი თებერვლის ბოლომდე უნდა მიიღოს.

ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა ის ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს. ამ შემთხვევაში ოზთურქს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ამ თემაზე:

„ამ დროს ბატონ გალიფს ეძინა“ – რა უამბო ოზთურქის დამლაგებელმა მოსამართლეს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: