მთავარი,სიახლეები

„უკრაინელებს სჭირდებათ ჩუმი და სწრაფი მანევრირება “ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

16.06.2023 • 2480
„უკრაინელებს სჭირდებათ ჩუმი და სწრაფი მანევრირება “ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„დანაღმული ველი და ავიაცია – ეს წინააღმდეგობა აქვთ ახლა ყველაზე რთული უკრაინელებს,“ – ორ ფაქტორს ასახელებს გადამდგარი გენერალი, გიორგი სურმავა, რომელსაც ინტერვიუს დროს ვკითხეთ: რა არის ყველაზე დიდი სირთულე ამ ეტაპზე უკრაინელებისთვის?

გადამდგარი გენერალიც ელის კონტრდარტყმას, თუმცა ეჭვობს, ზაფხულის დასრულებამდე მოხერხდეს უკრაინისთვის F 16-ების მიწოდება. გიორგი სურმავა სხვა გზებს გვისახელებს, რომლითაც შეიძლება უკრაინამ უპირატესობა შექმნას. იგი გვესაუბრა სამხედრო ხელოვნებასა და მოქნილობაზეც, რასაც, მისი დაკვირვებით, ახლა ყველაზე დიდი როლი აქვს.

„სწრაფი და უეცარი მანევრით შეიძლება ამ ეტაპზე აჯობონ უკრაინელებმა რუსებს, თორემ ისე თუ იციან რუსებმა, რომ აი, კონკრეტულ ადგილას ურტყამენ, გაამაგრებს იმ ადგილს „დრაკონის კბილებით“, ძალიან გართულდება საქმე,“- ამბობს გიორგი სურმავა.

„ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალთან, საქართველოს გენშტაბის უფროსის ყოფილ მოადგილესთან, გიორგი სურმავასთან ინტერვიუ ჩაწერა რუსეთ-უკრაინის ომში ამჟამად მიმდინარე პროცესებზე.

  • ბატონო გიორგი, რა სახის წარმატება აქვთ უკრაინელებს სამ მიმართულებაზე, სადაც კონტრშეტევა მიმდინარეობს? რას აჩვენებს თქვენთვის ეს დინამიკა და რუსეთის პასუხი?

ჩემი აზრით, ეს ჯერ კიდევ  არ არის კონტრდარტყმა, ეს სავარაუდოდ მოსინჯვაა ადგილის, რომ შემდეგ დაიწყოს მოქმედებები. შესაძლოა, ეს იყოს შეცდომაში შეყვანა, ან მანევრი ყურადღების გადატანისთვის. მცირე წინსვლები არის ამ მიმართულებებზე – ძირითადად დონეცკიდან აზოვის წყალსაცავამდე – უკრაინამ რამდენიმე კილომეტრით წაიწია ერთ-ერთ მიმართულებაზე, შემდეგ რუსებმა ისევ კონტრშეტევა განახორციელეს და რაღაც ნაწილი უკან დაიბრუნეს. ასეთი ტაქტიკური წინ და უკუსვლებია ჯერჯერობით ძირითადად. მასშტაბური კონტრშეტევა ჯერ დაწყებული არ არის.

ფრონტი აქამდე იყო 1000 კილომეტრზე მეტი და უკრაინელები ბელგოროდის, კურსკის და ბრიანსკის მიმართულებებზე აწარმოებდნენ რაღაც მოქმედებებს, ამით ისინი ცდილობდნენ, ფრონტის ხაზი კიდევ უფრო გაეწელათ – შემტევს აქვს ინიციატივა, შეუძლია შეარჩიოს ადგილი, თავდაცვაში ვინც არის, მას ამის გაკეთება არ შეუძლია. რუსებმა ამის საწინააღმდეგოდ კახოვკის კაშხლის აფეთქება გამოიყენეს  და გაუვალი გახდა ეს ტერიტორია – კახოვკის წყალსაცავი 200 კილომეტრზე მეტია სიგრძით.

აქამდეც რთული იყო უკრაინელებისთვის მდინარე დნეპრის გადალახვა, მაგრამ შეიძლებოდა კატარღებით და სხვა საშუალებებით. ახლა ეს ტერიტორია გაუვალია ნებისმიერი მოქმედებისთვის. ფაქტობრივად, აქ რუსებს უკვე არაფერი არ სჭირდებათ.

  • რადგან ზაფხულია, არ გაშრება მალე ეს ადგილები? 

არა. ჯერ ერთი, თავად ამ წყალსაცავის გადაკვეთა მცურავი საშუალებითაც უკვე შეუძლებელია – ჭაობია, იმის ქვევით კი არ გაშრება მინიმუმ თვეზე მეტხანს, ან ისე არ გაშრება, რომ სამხედრო ტექნიკისთვის იყოს გადალახვადი.

გარდა ამისა, თვითონ დამბა იყო იქ კომუნიკაციის საშუალება – ხიდები მაშინ გაანადგურეს რუსებმა, როცა იქიდან გამოდიოდნენ და დამბა რჩებოდა. ახლა დამბაც აფეთქებულია. შესაბამისად, უკრაინელები ახლა კონცენტრირებული არიან წყალსაცავიდან ზემოთ.

  • ამერიკელი გენერლის, ბენ ჰოჯესის აზრით „უკრაინელები ნიადაგს ამზადებენ, ეძებენ მოწყვლად ადგილებს და ავითარებენ ადგილობრივ ტაქტიკურ წარმატებებს. ეს დასავლური ტაქტიკური ხელმძღვანელობის მიღების ერთ-ერთი სარგებელია, როცა დაბალი რანგის ხელმძღვანელები გადაწყვეტილებებს თავად იღებენ,“ – ამბობს ის. რის მიღწევაა შესაძლებელი ამ გზით? 

ჩემი აზრით, უკრაინელების ერთ-ერთი მიზანია დაზვერვა ბრძოლით, რომ აღმოაჩინონ მოწინააღმდეგის სუსტი წერტილები, მიზანია ასევე მოწინააღმდეგის დაბნევა, ან შეცდომაში შეყვანა.

შეიძლება, ჩუმი და სწრაფი მანევრირება სხვა მიმართულებაზე, ან ზურგიდან, ფლანგიდან მოუარო ძლიერ დაჯგუფებებს.

  • რის გადალახვა არის ამ ეტაპზე ყველაზე რთული უკრაინელებისთვის? ეს შეიძლება იყოს დანაღმული ველი, „დრაკონის კბილები“ და ასე შემდეგ. ანალიტიკოსები შენიშნავენ, რომ უკრაინელ მებრძოლებს რუსებისგან განსხვავებით აქვთ ისევ მაღალი მოტივაცია. რას ცვლის ეს ფაქტორი ამ შემთხვევაში? 

რა თქმა უნდა, მოტივაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ომში, თუმცა არავინ არ იცის, ასე დეტალურად, იქ რა ხდება. ზუსტი ვითარება იციან მხოლოდ მონაწილეებმა. ზუსტი ინფორმაციის მიღება ძალიან რთულია. ხშირად ამ დროს ადამიანები ავრცელებენ იმ ინფორმაციას, რაც მათ უფრო ლოგიკურად ეჩვენებათ. მე ახლა ვაკვირდები ღია წყაროებს, ვინ რას ამბობს და აქედან, რაც ახლოსაა სინამდვილესთან, ის შეიძლება დავიჯეროთ…

რუსებს დიდი დრო ჰქონდათ თავდაცვის მოსამზადებლად. მოამზადეს კიდეც. ასევე, რუსებს ავიაციაში აქვთ დიდი უპირატესობა. საჰაერო თავდაცვის საშუალებები უკრაინას არ აქვს საკმარისი. რაც მისცეს დასავლეთიდან, ამას უკრაინელები იყენებენ სტრატეგიული ადგილების დასაცავად. რასაც ჰქვია საჯარისო საჰაერო თავდაცვის საშუალებები, რაც ფრონტის წინა ხაზზეა განლაგებული, აქ ძალიან ნაკლებია რაოდენობა.

თუ დააკვირდებით, როცა კარგია ამინდი, რუსები ავიაციას იყენებენ და აქვთ წარმატება. როცა ღრუბლიანი ამინდია, წვიმაა, ამ დროს ავიაცია ვერ მუშაობს და უკრაინელებს აქვთ მეტი წარმატება.

დანაღმული ველი და ავიაცია – ეს წინააღმდეგობა აქვთ ყველაზე რთული უკრაინელებს.

  • როდისთვის მოხერხდება უკრაინისთვის საჰაერო მხარდაჭერის მიწოდება, მათ შორის, F 16-ების? 

ვფიქრობ, რომ F-16 ძალიან შორეული პერსპექტივაა. უკრაინელები და ამერიკელებიც ამბობენ, ასევე ნატოში, რომ ამ ზაფხულში იქნება კონტრშეტევა, მაგრამ არ მგონია, ზაფხულის ბოლომდე F 16-ების მიწოდება უკრაინისთვის მოესწროს.

  • შესაძლებელია კონტრდარტყმა F 16-ების გარეშე? 

საავიაციო მხარდაჭერა საცეცხლე მხარდაჭერის ერთ-ერთი სახეა. შესაძლოა, მისი კომპენსირება, დავუშვათ, არტილერიით. რაღაცით უნდა მოახერხო ამის კომპენსირება. შეიძლება, მაგალითად, საჰაერო თავდაცვითი საშუალებებით ამის კომპენსირება – ამის გადმოცემა უკრაინისთვის უფრო იოლია. ამ გზით შესაძლებელია მოხერხდეს რუსული ძალების უპირატესობის ნიველირება.

უკრაინას აწვდიან ახლო და საშუალო მოქმედების საჰაერო, თავდაცვით სარაკეტო კომპლექსებს, რომელიც გამოადგება უკრაინას წინა ხაზზე განსალაგებლად.

მნიშვნელოვანია, რომ რუსებს არტილერიაშიც აქვთ უპირატესობა, ხარისხობრივი უპირატესობა კი, უკრაინელებს აქვთ – ზუსტია ის იარაღია, რაც ახლა აქვთ უკრაინელებს და დასავლეთიდან მიაწოდეს. კონტრბატარეული ბრძოლის დროს არტილერია დაიწყებს სროლას და რადგან უკრაინის დაზვერვის საშუალებები უფრო ზუსტია, ვიდრე რუსული, ამით შეუძლიათ ჩაახშონ რუსული არტილერია. შესაბამისად, ეს უპირატესობაც შეიძლება გაანიველირონ უკრაინელებმა.

თუ ეს უპირატესობები დააკონპენსირა უკრაინამ, მაშინ შეიძლება მან შექმნას დარტყმითი დაჯგუფება, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ვსაუბრობ დაჯგუფებაზე, რომელიც მასშტაბურად მოახდენს გავლენას.

წარმოიდგინეთ, მიდის ჯავშანტექნიკა და უცებ შეხვდა დანაღმული ველი – ეს მოხდა კიდეც, როცა რამდენიმე „ლეოპარდი“ დაუზიანეს უკრაინელებს – როცა გარბის ტანკი, ან „ბრედლი“, იმის დაზიანება ძნელია, მაგრამ მივიდა ადგილამდე და გაჩერდა, მოტრიალდა, მთელი პროფილი გამოჩნდა და ესვრიან ამ დრო – იოლი სამიზნე ხდება. ამიტომაც უნდა ჩაიხშოს საცეცხლე საშუალებები და რუსების საჰაერო უპირატესობა როგორმე უნდა შემცირდეს.

ასე თუ ექნა რუსებს ცეცხლის და ავიაციის მხარდაჭერა, აზრი არ აქვს დანაყოფის რაოდენობას – დიდი მსხვერპლი იქნება და შესაძლოა, ვერც ვერაფერი გააკეთო.

  • „შორეულ პერსპექტივას“ უწოდებთ F 16-ების გადმოცემას. რატომ? რა ქმნის ამ სამხედრო ტექნიკის მიწოდების სირთულეს, როცა დასავლეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას? 

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ავიაციის გამოყენება უნდა მოხდეს საკუთარი აეროდრომებიდან. აეროდრომის მომსახურების შექმნა ძალიან რთულია, როგორც ეს თქვენთან ერთხელ ინტერვიუში აღვწერე.

წარმოიდგინეთ, ერთი თვითმფრინავის მომზადებას რამდენიმე ათეული სპეციალისტის მომზადება სჭირდება. ავიაციას ძალიან მოწყვლადი რესურსი აქვს – ყველა აგრეგატი მუშაობს რამდენიმე საათის განმავლობაში. ლოჯისტიკის გარდა პრობლემურია პილოტების მომზადებაც. წელიწად-ნახევარია მიმდინარეობს ომი – პილოტების დიდი ნაწილი ორივე მხრიდან დაიღუპა. ამას გარდა, „ჟიგულიდან“ „მერსედესზე“ გადაჯდომა უჭირთ ადამიანებს და წარმოიდგინეთ მიგ-29-დან F-16-ზე გადაჯდომა.

მფრინავებს აქვთ ნორმატივები – ნაფრენი თუ არ გაქვს კონკრეტული ოდენობით, არ გაქვს უფლება, რომ დაჯდე ამ თვითმფრინავზე. პილოტების, მომსახურე პერსონალის მომზადება, ლოჯისტიკა და ბაზები… მეორე პრობლემაა: რამდენის მოცემა შეუძლიათ? ვერავინ მოაკლებს საკუთარ მარაგს იმდენს, რომ თავად დარჩეს დაუცველი. ნატოს ქვეყნებში დოკუმენტებითაა განსაზღვრული მინიმალური ოდენობა, რომლის ქვევით არ შეიძლება ჩამოვიდნენ.

  • „თუ დასავლეთი უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა საჭიროებას უზრუნველყოფს, – განსაკუთრებით შორ მანძილზე მოქმედ ზუსტ იარაღს, – კვლავაც ველი, რომ უკრაინას შეუძლია, ყირიმი ზაფხულის ბოლოსთვის, აგვისტოში გაათავისუფლოს“ – ამბობს ბენ ჰოჯესი. რამდენად რეალისტურად გეჩვენებათ ამერიკელი გენერლის ეს მოლოდინი? 

ჩემთვის ეს რეალისტურია იმ შემთხვევაში, თუ მიაწვდიან უკრაინას შორი რადიუსის და  საარტილერიო აღჭურვილობას, თუ მოხერხდა ავიაციის და არტილერიის გაჩუმება, მაშინ შესაძლოა, მოხერხდეს გარღვევა და გავიდნენ აზოვის ზღვაზე მარიუპოლის, ან მელიტოპოლის მიმართულებით. ეს გამოიწვევს ფაქტობრივად ყირიმის მოჭრას. ფაქტობრივად ყირიმი აღმოჩნდება ალყაში მიწოდების გარეშე. ეს მიზანი მიუღწეველი არ არის, მთავარია, როგორც ამბობს ჰოჯესი, თუ მისცემენ ტექნიკას შესაბამისი რაოდენობით.

ცივი ომის დასრულების შემდეგ სამხედრო ტექნიკის მარაგები შემცირდა, დასავლეთის ქვეყნებში არ აქვთ დიდი რაოდენობით ეს ტექნიკა, რაღაც ზღვრის ქვემოთ ვერ ჩამოვლენ, როგორც უკვე აღვნიშნე, წარმოების შესაძლებლობები დასავლეთს უფრო მაღალი აქვს, ვიდრე რუსეთს, მაგრამ ამას ამოქოქვა სჭირდება.

არის ბიუროკრატიაც, რომელიც აყოვნებს ამ ყველაფერს: თავიდან ამბობენ, რომ ვერ მისცემენ რაღაც ტექნიკას, მერე აძლევენ.

  • რა ინფორმაცია გაქვთ რუსი გენერლის, სერგეი გორიაჩევის დაღუპვის შესახებ? რის მაჩვენებელია თქვენთვის ეს ამბავი?

წარმოიდგინეთ, რუსული ნორმატივებით არმიის შტაბი, ანუ მართვის მთავარი ორგანო, ძალიან ღრმად არის განლაგებული. ბატალიონის შტაბი არის ფრონტის ხაზიდან სადღაც კილომეტრ-ნახევარში, ბრიგადის – – 6-7 კილომეტრში, დივიზიის – 20-25 კილომეტრში და არმიის შტაბია ფრონტის ხაზიდან სადღაც 30 – 35 კილომეტრში. თუ ეს კაცი იყო გასული სადღაც წინ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ დაზვერვა ვერ მუშაობს. ზუსტი ინფორმაცია არ ვიცი, სხვადასხვა ვერსიაა, მაგრამ თუ შტაბში იყო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმაა.

  • ბრიტანეთის დაზვერვა წერდა, რომ შოიგუმ დაიწყო კომენტარების გაკეთება, აქამდე კი, საჯარო სივრცეებიდან ქრებოდაო. თქვენთვის რა გზავნილია ეს? 

აშკარაა შიდა დაპირისპირებები რუსეთში. შესაძლოა, შოიგუს სჭირდება გააქტიურება და ხმის ამოღება. ეს ნაკლებად არის სამხედრო საკითხი, უფრო შიდა პოლიტიკური დაპირისპირებებია, მაგრამ ჩანს, რომ შოიგუს გამოჩენა სჭირდება. აქეთკენ მიდის პროცესი, რომ შოიგუს ბრალდება ყველაფერი: ჯარი არ ვარგა, გერასიმოვი არ ვარგა და შეიძლება, პუტინმაც შოიგუზე გადატეხოს პრობლემა.

ეს აჩვენებს იმასაც, რომ შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა ამოცანით მოქმედებენ – უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ ერთმანეთთან ბრძოლას, ვიდრე ძირითადი ამოცანის შესრულებას. ჯარის ერთ-ერთი პრინციპია ერთიანი მართვა. თუ ეს არ არის, მაშინ არ არის ჯარი წარმატებული. შოიგუმ რამდენიმე დღის წინ ბრძანება გამოსცა, რომ ყველა დაჯგუფება, როგორიც არის „ვაგნერი“, ნებისმიერი სამხედრო ორგანიზაცია უნდა გაერთიანდეს თავდაცვით ძალებში. ფაქტობრივად ერთმმართველობის პრინციპი ირღვევა: როგორ უნდა იომოს არმიამ, თუ მისი შემადგენელი ნაწილები ერთი მართვის ქვეშ არ არიან? გამოდის, რომ ვისაც რა მოუნდება, იმ დავალებას ასრულებს.

რუსებს აღარ აქვთ შეტევის რესურსი, ერთადერთი, რასაც აკეთებენ, არის ის, რომ დისტანციური დაზიანების საშუალებებს მიმართავს. ამ ეტაპზე ძალიან ლოკალური ბრძოლები მიმდინარეობს – დღეში 100 მეტრი წინ და უკან, დიდი არ არის შეტევისთვის.

  • რამდენად შეძლებს რუსეთი, თქვენი დაკვირვებით და მათ შორის, ამ შიდა დაპირისპირების გათვალისწინებით, უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებას? 

შეტევასთან შედარებით ბევრად ნაკლები რესურსით არის შესაძლებელი თავდაცვის ოპერაციების წარმოება.

ჩემი აზრით, უკრაინელებმა უნდა მოძებნონ სუსტი ადგილი და სწრაფი მანევრით, ან შეცდომაში შეყვანით სხვაგან დაარტყან რუსებს.  სწრაფი და უეცარი მანევრით შეიძლება ამ ეტაპზე აჯობონ უკრაინელებმა რუსებს, თორემ ისე თუ იციან რუსებმა, რომ აი, კონკრეტულ ადგილას ურტყამენ და გაამაგრებს იმ ადგილს „დრაკონის კბილებით“, ძალიან გართულდება საქმე.

ჯერ კიდევ გასანეიტრალებელია ის უპირატესობები, რაც რუსეთს აქვს: საცეცხლე და საჰაერო უპირატესობა. მანევრის, ან შეცდომაში შეყვანის ხარჯზე შესაძლებელია შეტევა. თუ იქნება წარმატება და რამდენიმე ათეული კილომეტრით შეიჭრებიან, ყირიმის მომარაგებასაც მოჭრიან.

ეს უკვე ძალიან სერიოზული წარმატება იქნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: