მთავარი,სიახლეები

„ჟურნალისტების გაჩუმება სურთ“- მედიაომბუდსმენის 2 ახალი სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ

17.06.2023 •
„ჟურნალისტების გაჩუმება სურთ“- მედიაომბუდსმენის 2 ახალი სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ

„აკრედიტაციის პროცესი, რომელიც უნდა ეხებოდეს ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემოს გამარტივებას, პარლამენტმა გამოიყენა ბერკეტად ჟურნალისტების წინააღმდეგ – გააჩუმოს ჟურნალისტი ნებისმიერ დროს,“ – მიიჩნევს ნათია კაპანაძე, „მედიაომბუდსმენის“ ხელმძღვანელი, რომელმაც პარლამენტის წინააღმდეგ ორი ახალი სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

ნათია კაპანაძე კრიტიკული მედიის ჟურნალისტების ინტერესებს იცავს სასამართლოში. მას ამ ეტაპზე სამი მიმდინარე სასამართლო დავა აქვს პარლამენტის წინააღმდეგ.

ერთ-ერთი სარჩელი, რომლითაც ნათია კაპანაძემ სასამართლოს მიმართა, 9 ჟურნალისტისთვის, მარტის ცნობილი მოვლენების დროს, აკრედიტაციის შეჩერებას ეხება – პარლამენტი ჟურნალისტებს და მედიაომბუდსმენს არ აძლევს დოკუმენტებს – საქმისწარმოების მასალებს იმაზე, თუ რა შეისწავლა პარლამენტის ადმინისტრაციამ: რატომ გახდა იძულებული პარლამენტი, ასეთი მკაცრი ზომა გამოეყენებინა?

„ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ეფუძნებოდეს საქმისწარმოებას, მიზანშეწონილობის დასაბუთებას და ასე შემდეგ, მაგრამ პარლამენტის მხრიდან უკუკავშირი არ გვქონია საერთოდ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მათ სამჯერ ჩაიბარეს ჩემგან წერილობითი მიმართვა,“ – გვიყვება ნათია კაპანაძე. ის დასძენს, რომ ამჯერად სასამართლოსგან ითხოვს, დაავალოს პარლამენტს, საქმისწარმოების დოკუმენტები ჟურნალისტებს გადასცენ.

ნათია კაპანაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ უკვე თვალსაჩინოა შედეგი, როგორ იყენებს პარლამენტი აკრედიტაციის შესახებ ამოქმედებულ ახალ რეგულაციას, რომელიც ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო აქტებს.

„…აკრედიტაციის საფუძველი გახდა ის, რომ არ გაჩუმდა ჟურნალისტი, დეპუტატს არ მოეწონა ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვა“, – ნათია კაპანაძე გვიყვება, ახალი რეგულაციის შესაბამის ჩანაწერზე რომ მიუთითებს პარლამენტი, თუმცა საქმისწარმოების მასალებს არ ასაჯაროებს. – „უცნობია, როგორ დაიწყო და დასრულდა ეს საქმისწარმოება, მითითება არსებობს მუხლზე, რომ ჟურნალისტი უნდა გაჩუმდეს, შეწყვიტოს ინტერვიუ, როცა მას უარს ეუბნება დეპუტატი“.

პარლამენტის მიერ 2023 წლის თებერვალში შემუშავებულ რეგულაციაზე, რომელიც მედიის აკრედიტაციას ეხება, სასამართლოს მეგობრის სახელით, სახალხო დამცველმაც მიმართა 7 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

„მნიშვნელოვანია, სრულყოფილად განიმარტოს, როგორც საქართველოს კონსტიტუციაში, აგრეთვე შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულებებში ასახული გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფერო და მისი მართლზომიერი შეზღუდვის სტანდარტი.

ამ კუთხით, არსებითია, სამართალშეფარდება განხორციელდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკით დადგენილი ზემოხსენებული პრინციპების დაცვითა და ქვეყანაში არსებული კონტექსტის მხედველობაში მიღებით”, – აღნიშნავს სახალხო დამცველი მოსაზრებაში კონკრეტული საქმისთვის „ნატალია ქაჯაია და ტელეკომპანია პირველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

„ვაპირებ, რომ მივმართო ყველა მედია ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს პარლამენტში და აქვთ მოსაზრება, რომ აკრედიტაციის წესი არის შეზღუდვა, წარადგინონ პოზიცია სასამართლოში. ასევე მივმართავ სამოქალაქო ორგანიზაციებს,“ – დასძენს ნათია კაპანაძე.

„მედიაომბუდსმენის“ კიდევ ერთი სარჩელი პარლამენტიდან აკრედიტებული ჟურნალისტების გამოყრას ეხება – 2023 წლის 2 მარტს, როცა პარლამენტი „რუსული კანონის“ მიღებას ცდილობდა, ნეტგაზეთის“, „ონ.ჯის“ და „ფორმულას“ ჟურნალისტებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

ამ საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს, თუმცა „მედიაომბუდსმენის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს არა უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, არამედ ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის უკანონოდ ხელშეშლის მუხლითაც.

რაც შეეხება ამ კუთხით მომზადებულ სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლოში – ნათია კაპანაძე ამ საქმეზეც ითხოვდა პარლამენტიდან რეაგირებას, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. „მედიაომბუდსმენი“ ახლა სასამართლოს გზით ცდილობს, პარლამენტს ათქმევინოს, შეისწავლა თუ არა შალვა პაპუაშვილმა, რა მოხდა პარლამენტის ტერიტორიაზე, საიდანაც აკრედიტებული ჟურნალისტები ძალის გამოყენებით გაყარეს.

„ვცდილობ, ადმინისტრაციული ორგანო დავარწმუნო, რომ ეს მისი უფლებამოსილებაა, ჰქონდეს მსგავს შემთხვევაზე რეაგირება. პარლამენტის თავმჯდომარეს, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება პარლამენტში მომხდარ პროცესებზე, ეს მისი კომპეტენციის საკითხია,“ – განმარტავს ნათია კაპანაძე.

იურისტი ჟურნალისტების პარლამენტიდან გამოყრის სისხლის სამართლის საქმის მასალები მაისის ბოლოს გაეცნო და შეექმნა შთაბეჭდილება, რომ გამოძიება ეფექტურად არ მიმდინარეობს. ნათია კაპანაძე ამბობს, რომ არ გამოუკითხიათ სახელმწიფო დაცვის თანამშრომლები, რომლებიც ვიდეოჩანაწერში ჩანან.

„მათ შორის, თორნიკე ჯანელიძე ყველა ღონისძიებაზე გვხდება, ის ხელმძღვანელობდა ჟურნალისტების გამოყრის პროცესს, ჯანელიძე გამოკითხული არ იყო 31 მაისისთვის, როცა საქმის მასალებს გავეცანი,“ – შენიშნავს ნათია კაპანაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: