მთავარი,სიახლეები

გირაო შეუფარდეს კაცს, რომელსაც ჟურნალისტზე ძალადობას ედავებიან

17.06.2023 • 1199
გირაო შეუფარდეს კაცს, რომელსაც ჟურნალისტზე ძალადობას ედავებიან

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 3 ათასი ლარი გირაო შეუფარდა ბრალდებულ დავით ბ.-ს. მას გამოძიება ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე ფიზიკურ ძალადობას ედავება „გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით“.

აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 17 ივნისს, გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

საუბარია 14 ივნისს ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელს თავს დაესხნენ. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე.

„მოქაჩა თმა ძლიერად“ – აღნიშნულია ბრალის შესახებ დადგენილებაში.

14 ივნისს კობა ფარტენაძემ განაცხადა, რომ რადიოს შენობიდან მოტყუებით გაიყვანეს, საჩუქრად გადასცეს წიგნი, რომელიც ძალადობრივ შინაარსს შეიცავდა. მოქალაქემ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე დაემუქრა, რომ პარკში დაელოდებოდა.

„არსებობს მიმალვის, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე,“ – აღნიშნა სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა, როცა მან ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

„დაზარალებულს არავითარი დაზიანება არ მიუღია,“ – ამას გაუსვა ხაზი თავის სიტყვაში ადვოკატმა თეონა ნიკოლაიშვილმა. ის იმის დასაბუთებას შეეცადა, რომ გირაოთი ბრალდებულის გათავისუფლება საფრთხეს არ შეიცავს.

არაფერი უთქვამს თავად ბრალდებულს. წარსულში იგი ხულიგნობისთვის არის გასამართლებული, თუმცა ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს. სასამართლო სხდომას დაზარალებული არ დასწრებია.

მოსამართლემ კი იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ დაზარალებულად ცნობილი ჟურნალისტი მის მიმართ ჩადენილ ძალადობას არ უკავშირებს თავის ჟურნალისტურ საქმიანობას.

რის საფუძველზე დაადგინა პროკურატურამ, რომ ფიზიკური ძალადობა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით არის ჩადენილი? – ვკითხეთ პროკურორს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

„ეს სავარაუდოდ უკავშირდება ჰომოფობიურ განწყობას, რადგან კობა ფარტენაძის გარეგნობა და ჩაცმულობა განსხვავდება სხვების ჩაცმულობისგან,“ – გვიპასუხა პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა.

განმარტებას მედიასთან არც ადვოკატი თეონა ნიკოლაიშვილი აკეთებს იმ მოტივით, რომ ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს.

ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული გირაოს გადახდისთანავე გათავისუფლდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: