უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე, რომელიც ამ დღეებში თბილისშია და რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს, პოლიციამ 8 მარტს დააკავა. ის წუხელ, 9 მარტს, გაათავისუფლეს. როგორც ნადიმ ხმალაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, კრიმინალურმა პოლიციამ ის უკანონოდ დააკავა.
„შუადღის პირველ საათზე გალერეა „თბილისის“ წინ დავლიე ყავა, გამოვედი, ტაქსიში ვჯდებოდი და შემომარტყა წრე კრიმინალურმა პოლიციამ, ძალიან აგრესიული მიმართვით, სიტყვიერი შეურაცხყოფით და ისე ჩამსვეს მანქანაში“, – ამბობს ნადიმ ხმალაძე.
მისი თქმით, ერთ-ერთმა პოლიციელმა მას ქსენოფობიური შინაარსის სიტყვებითაც მიმართა.
„როცა მივაწოდე პირადობის მოწმობა, სადაც წერია, რომ ჩემი დაბადების ადგილი არის ხულოს რაიონი, პოლიციელმა მითხრა, ხულოდან თუ ხარ, რა ჩემი #… გინდა აქ, თბილისშიო.
სამასი ათასი რუსი რომ გყავთ აქ, ეს იმათ ჰკითხეთ-მეთქი – ვუპასუხე. მე საქართველოს მოქალაქე, ქართველი ვარ და ჩემი ქვეყნის ნებისმიერ ადგილას ვიქნები-მეთქი. ხულო სადღაც სხვა სამყაროში ჰგონიათ ამათ ალბათ.
მე მივხვდი, რომ ეს იყო პროვოკაცია და უნდოდათ ჩემი გაღიზიანება. რა თქმა უნდა, ნერვები დამაწყდა, რადგან მართლა ძალიან ვბრაზდები, როცა კუთხურობაზე აკეთებენ აქცენტს, მაგრამ მაქსიმალურად შევიკავე თავი, რადგან შემდეგ მითხრეს, რომ სისხლის მუხლით უნდოდათ დაკავება“, – გვეუბნება ნადიმ ხმალაძე.
მისი თქმით, საბოლოოდ ის ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს, რაც პოლიციაზე დაუმორჩილებლობას და გინებას გულისხმობს.
„ეს მაშინ, როცა პოლიციას ასი მეტრითაც კი არ მივახლოებივარ. წლებია აქციებზე ვარ და არასდროს ვინმესთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა.
მართლა არ მომწონს პირადად შეხება ადამიანებზე, არც პოლიციელებზე. ეს ჩემი შინაგანი ქცევაა და მაინც რომ ამას დაგაბრალებენ და შეგაგდებენ კამერაში, ძალიან შეშინებული ადამიანების პოზიციაა ეს.
სხვათა შორის, როცა მანქანაში ჩამსვეს, თითქოს ჩემ მხარეს გადმოვიდნენ, ერთი პოლიციელი იყო უხეში, დანარჩენი ოთხი კეთილგანწყობილები იყვნენ და მითხრეს, რასაც აკეთებთ გგულშემატკივრობთო“, – გვითხრა ნადიმ ხმალაძემ.
მისი თქმით, ეს დაკავება რეალურად უკრაინაში მის ბრძოლას უკავშირდება.
„როცა ჩამოვფრინდი, 40 წუთი აეროპორტში დამაყოვნეს. შემდეგ, აქციაზე როცა მივედი, საღამომდე მითვალთვალებდნენ და საითაც კი გავიწეოდი, ყველგან გადაცმული, ალბათ სუს-ის თანამშრომლები დამყვებოდნენ.
შემდეგ ჩავედი „მერიოტთან“ და იქაც ჩამომყვნენ და ეს ხდებოდა მთელი დღის განმავლობაში.
როგორც ჩანს, ჩემს ტელეფონსაც უსმენდნენ, რადგან, როგორც კი ვუთხარი ჩემს მეგობარს, რომ ტაქსიში ვჯდები და მოვდივარ-მეთქი, მაშინვე დამხვდნენ იმ ადგილზე“, – ამბობს ნადიმ ხმალაძე.
მისი თქმით, ის 20 მარტს აპირებდა უკრაინაში დაბრუნებას, მაგრამ თუ სასამართლო ჩაინიშნება, შესაძლოა, შეაფერხოს. „თუმცა უკან აუცილებლად დავბრუნდები“, – ამბობს ხმალაძე.
საპროტესტო აქციაზე, სადაც ათასობით მოქალაქე რუსული კანონის მიღებას აპროტესტებდა, ხმალაძის გარდა კიდევ 166 ადამიანი დააკავეს.
მოქალაქეების პროტესტის შემდეგ, გუშინ ღამით, დაკავებულები გამოუშვეს, თუმცა მოგვიანებით შს სამინისტრომ განაცხადა, რომ მათი სასამართლო პროცესები მაინც ჩატარდება.
რუსი პროპაგანდისტი, RT-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი წერს, რომ 2008 წლის აგვისტოს განმეორების შემთხვევაში „საქართველოს არავინ გადაუსვამს თავზე ხელს და უბრალოდ, პირდაპირ დაარტყამენ თბილისს“.
ამის შესახებ სიმონიანი ტელეგრამზე წერს. იგი საქართველოში რუსული კანონის და მთავრობის პრორუსული კურსის წინააღმდეგ გამართულ აქციებს ეხმიანება და წერს, რომ „თავიდანვე ცხადი იყო“, რომ ეს მათთვის „მეორე ფრონტის გასახსნელად“ იყო საჭირო.
იგი ასევე წერს, რომ თბილისში მომიტინგეები სკანდირებენ: „სოხუმი, სოხუმი!“
„…არავინაა, ვინც მათ ეტყვის, რომ 2008 წლის აგვისტოს განმეორების შემთხვევაში, საქართველოს თავზე ხელს არავინ გადაუსვამს და არც ჯარს გაგზავნის იქ, უბრალოდ პირდაპირ დაარტყამენ თბილისს, თუნდაც იმიტომ, რომ ა). ახლა სენტიმენტების დრო არ არის; ბ). თბილისში არ არის კიევ-პეჩორის ლავრა; გ). ჩვენთან არასდროს არავინ არ თვლიდა და არ თვლის თავს ერთ ხალხად ქართველებთან, ხოლო რუსეთის ფედერაცია არასოდეს ყოფილა „თბილისის რუსეთი“ – წერს სიმონიანი.
გუშინ, 9 მარტს, თბილისსა და ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, რომელზეც მოქალაქეები რუსულ კანონს და ხელისუფლების პრორუსულ კურსს აპროტესტებდნენ, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან.
დღეს, 10 მარტს, შს სამინისტროში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგი გამართა და 7-8 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე რუსული კანონისა და მთავრობის პრორუსული კურსის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე ისაუბრა.
კუპატაძის თქმით, ორი დღის განმავლობაში, საპროტესტო აქციებზე დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელი და მათ შორის 5 ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში. მან აღნიშნა, რომ რამდენიმე პოლიციელმა მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო დემონსტრანტების მიერ ნასროლი პიროტექნიკის და „ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების“ შედეგად.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს პოლიციელების მიმართ განხორციელებული ძალადობის თითოეულ ფაქტს და გამოვლენილი დამნაშავე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან“ – განაცხადა კუპატაძემ.
ბრიფინგზე მან 7-8 მარტის აქციებზე პოლიციის ქმედება ქრონოლოგიურად მიმოიხილა და განაცხადა, რომ პოლიციამ თანმიმდევრულად გამოიყენა პროპორციული ძალა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალებები.
„აქციის მონაწილეები პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით გამიზნულად ისროდნენ სხვადასხვა საგანს – ქვებს, ეგრეთ წოდებულ მოლოტოვის კოქტეილებს, აალებად საშუალებებს, ბლაგვ საგნებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ მათ. ასევე მიზანმიმართულად აზიანებდნენ სამინისტროს კუთვნილ ავტომობილებსა და პოლიციის სპეციალური აღჭურვილობას“ – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
მიმდინარე წლის 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს მომხდარ სამართალდარღვევების ფაქტებზე, კერძოდ, პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე, სამართალდამცველებმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს ერთი პირი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად კი, პოლიციამ ჯამში 133 პირი დააკავა.
თეიმურაზ კუპატაძის თქმით, დაკავებულთა ნაწილი გუშინვე იქნა წარდგენილი სასამართლოს წინაშე. დანარჩენი პირები კი გათავისუფლდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე და შემდგომ წარდგენილი იქნებიან სასამართლოს წინაშე.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება ყველა იმ პირის დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები“ – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
კუპატაძეს არაფერი უთქვამს პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების შესახებ.
ბოლო ცნობებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების და დაზიანების მიღების ფაქტებთან დაკავშირებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მოქალაქეებისგან, ჟურნალისტებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან 22 შეტყობინება შემოვიდა.
7-8 მარტს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.
კერძოდ, 7 მარტის აქციაზე დააკავეს ზურაბ – გირჩი ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი, რომლებიც ამბობენ, რომ დაკავებისას ხელკეტები და წიხლები ურტყეს. სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თქვა, რომ აქციაზე დაკავებულთა შორის, ვინც მან მოინახულა, ყველაზე მძიმე დაზიანებები ზურაბ ჯაფარიძეს ჰქონდა.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI) განცხადებით, ზურა ჯაფარიძის მიმართ იკვეთება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, მე-3 (ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან გათანაბრებული მოპყრობა), მე-5 (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) და მე–10 მუხლების (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევა.
ზურა ჯაფარიძე, ძალადობის კვალი თავზე
9 მარტს გამართულ აქციაზე სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა„ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, მიხეილ გვაძაბიას. მას ვიდეოს გადაღების დროს წიხლი ჩაარტყეს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ცნობით, 7-8 მარტის აქციებზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა იძალადეს მედიის წარმომადგენლებზე და ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ ჟურნალისტების მხრიდან პროფესიული მოვალეობის შესრულების შესახებ.
კერძოდ:
სპეცრაზმმა „პუბლიკის“ ჟურნალისტებს, ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ბასტი მგალობლიშვილს ძალის გამოყენებით ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა.
ფიზიკურად იძალადეს „ფორმულას“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე, გიორგი კვიჟინაძესა და დავით მანიაზე.
ფიზიკურად იძალადეს „ფორმულას“ ჟურნალისტზე, თეა თეთრაძესა და ოპერატორ ნიკა კოკაიაზე, ასევე, მათ რამდენჯერმე შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი.
ფიზიკურად იძალადეს „მედიაჩეკერის“ რედაქტორ გიორგი გოგუაზე. ფიზიკური ძალადობა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც მან აუხსნა, რომ პრესის წარმომადგენელია.
ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „ფორმულას“ ჟურნალისტს, სალომე ჩადუნელს.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, პოლიციამ აქციაზე გამოიყენა ძალა, რომლის საჭიროებაც არ არსებობდა. გარდა ამისა, აქციებზე დაკავებულებს საათების განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ ადვოკატები და ოჯახის წევრები, რადგან მათი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.
______________________
ფოტოზე: აქცია „არა რუსულ კანონს“ – 9 მარტი, თბილისი, რუსთაველის გამზირი. ფოტო: EPA-EFE/ZURAB KURTSIKIDZE
პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში და ვროცლავში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გამართეს.
ვარშავაში აქცია საქართველოს საელჩოს წინ გაიმართა.
რუსული კანონის წინააღმდეგ ქართველი ემიგრანტები ვროცლავში გამოვიდნენ
აქციაზე სტუდენტები, დიასპორის წარმომადგენლები გამოვიდნენ, რომლებიც აპროტესტებდნენ პარლამენტის მიერ „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის“ შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებას.
რუსულ კანონს ემიგრანტები ვარშავაშიც აპროტესტებენ
„არა რუსულ კანონს“ – დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს მეორე მოსმენა და კენჭისყრით გაიწვიონ კანონი, რის გამოც ხელისუფლება ძალადობრივი მეთოდებით დაუპირისპირდა ახალგაზრდებს”.
„ჩვენი მომავალი ევროპაშია და არა რუსეთის გუბერნიაში“, – ამბობენ ემიგრანტები.
დღეს, პარლამენტში სხდომა უნდა ჩატარდეს, სადაც საპარლამენტო უმრავლესობა კანონის ჩაგდებას აპირებს.
„ქართული ოცნება“ საზოგადოების მხრიდან უდიდესი წინააღმდეგობის ფონზე, იძულებული გახდა რუსული კანონის გაწვევაზე განცხადება გაეკეთებინა.
რა ხდება
საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.
კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.
მმართველი გუნდის ამ ნაბიჯს საქართველოს მრავალი მოქალაქის პროტესტი და მასშტაბური დემონსტრაციები მოჰყვა. 7-8 მარტს, მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, ხელისუფლებამ გამოიყენა ფიზიკური ძალა, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი.
დარბევებისას პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდა აქციის მხარეს მყოფი ადამიანების ნაწილი. დაზიანდა პოლიციის ავტომობილები, დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე – აქციის მონაწილეები.
8-9 მარტის ღამეს, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს მიმდებარე ქუჩებზე დილამდე სდია და აკავებდა მათ.
ორდღიანი საპროტესტო აქციებისა და დარბევის შემდეგ ხელისუფლებამ თქვა, რომ გაიწვევს რუსულ კანონს, რომელიც ქვეყანაში სამოქალაქო სექტორსა და მედიას ზღუდავს.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რა ფორმითაც არ უნდა მიიღონ ეს კანონი, მას ვეტოს დაადებს.
დღეს, 10 მარტს, ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე სროლის ხმა ისმოდა.
სროლა, სამორინესთან ახლოს იყო. ფაქტს ადასტურებს შს სამინისტრო.
მათი ინფორმაციით, დაშავებული არავინაა, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
შსს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული არავინ არ არის.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 10 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 156 990 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 870]
ტანკი – 3 448 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 6 742 ერთეული [+6]
საარტილერიო სისტემა – 2 475 ერთეული [+10]
MLRS – 491 ერთეული [+3]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 256 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 304 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 289 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 107 ერთეული [+9]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 907 ერთეული [+34]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 5 337 ერთეული [+6]
სპეცტექნიკა – 240 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 10 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
400 თვითმფრინავი
218 ვერტმფრენი
3 373 უპილოტო საფრენი აპარატი
411 საზენიტო სარაკეტო სისტემა
8 249 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 055 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
4 315 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
8 830 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
თბილისსა და ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, რომელზეც მოქალაქეები რუსულ კანონს და ხელისუფლების პრორუსულ კურსს აპროტესტებენ, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან.
„თუ უკვე ქვეყანაში იმყოფებით, გირჩევთ, თავი შეიკავოთ ხალხმრავალ ადგილებში, კერძოდ ბათუმისა და თბილისის ისტორიული ცენტრების მონახულებისგან”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
სამინისტრო, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეებს ურჩევს დაუკავშირდნენ შვეიცარიის საელჩოს თბილისში, რომელიც წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს საქართველოში.
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 2023 წლის იანვრამდე პერიოდში, ანუ 10 თვეში, საქართველოში რუსეთის1,4 მილიონი მოქალაქე შემოვიდა, რაც საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 38,1 პროცენტია, ანუ, მესამედზე მეტი.
ხვალ, 10 მარტს 11:45 საათზე საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაა დანიშნული, შემდეგ კი 12:00 საათზე პლენარული სხდომა გაიმართება – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე დღეს, 9 მარტს, საღამოს გამოქვეყნდა.
განცხადებაში მითითებული არ არის, თუმცა სავარაუდოდ სხდომაზე უცხოური აგენტების გავლენის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭს უყრიან და ჩააგდებენ.
ამ კანონპროექტის უკან გაწვევის მოთხოვნით თბილისში პარლამენტის წინ და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ბოლო დღეებია საპროტესტო აქციები იმართება.
დღეს, 9 მარტს მოქალაქეებმა, მიუხედავად „ოცნების“ დაპირებისა, რომ კანონპროექტს მეორე მოსმენის დროს ჩააგდებდნენ, დაუყოვნებლივ მოითხოვეს სესიის ჩანიშვნა სწორედ ამ დაპირების ოფიციალურად გასაფორმებლად.
საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს. კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.
საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ხელისუფლებამ გამოიყენა ფიზიკური ძალა, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი. დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.
დაზიანდა პოლიციის ავტომობილები, დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე – აქციის მონაწილეები. 8-9 მარტის ღამეს, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს მიმდებარე ქუჩებზე დილამდე სდია და აკავებდა მათ.
საქართველოს პარლამენტის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენს და ამავე დროს „ხალხის ძალის“ წევრია, რუსული კანონპროექტის მიღების აუცილებლობას გამჭვირვალობის არგუმენტით ხსნის.
თუმცა, გამჭვირვალობას მოწყურებული დეპუტატის ქონებრივი დეკლარაცია, რომლის ყოველწლიურად შევსებასაც მას კანონი ავალდებულებს, არც ისე გამჭვირვალეა. თუ პარლამენტარი ყაველაშვილი დეკლარაციას კეთილსინდისიერად ავსებს, გამოდის, რომ მას არ აქვს სახლი, არ აქვს მანქანა და მთელი მისი ქონება მხოლოდ ერთი ავტოფარეხია.
ამავე დროს, მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც ამბობს, რომ„ევროპა თვითმიზანი არ არის“, შვეიცარიაში რეგისტრირებული კომპანიის – Oil trade and invest gmbh -ის 24,5%-ის მფლობელია. ამის შესახებ ყაველაშვილმა 2019 წლის ქონებრივ დეკლარაციაში თავად ჩაწერა. კომპანიის წილების გასხვისების ან გაჩუქების თაობაზე 2020-2022 წლების დეკლარაციებში არაფერი იძებნება.
2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში მიხეილ ყაველაშვილმა კომპანიის კაპიტალის ოდენობაში 20 000 შვეიცარიული ფრანკი მიუთითა. მისივე ინფორმაციით, მისი პარტნიორები არიან ბიზნესმენები გია და გოჩა მახათაძეები.
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრია. ყაველაშვილი პოლიტიკაში ფეხბურთიდან მოვიდა. 1988 წლიდან 2016 წლამდე მისი კარიერა მხოლოდ ფეხბურთს უკავშირდებოდა. 1995-1997 წლებში ყაველაშვილი საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ სიტიში“ თამაშობდა.
2016 -2020 წლებში, მიხეილ ყაველაშვილი „ოცნებამ“ ნაძალადევის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა, 2020 წელს მან ისევ „ოცნების“ წარდგენით იყარა კენჭი.
2022 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ორი მოწვევის პარლამენტარ მიხეილ ყაველაშვილს მხოლოდ ერთი ავტოფარეხი აქვს და სხვა არაფერი – არც საცხოვრებელი სახლი, ბინა, ნაკვეთი და არც აგარაკი. მის ქონებრივ დეკლარაციებში არც მნიშვნელოვანი ფულადი დანაზოგის შესახებ იძებნება ინფორმაცია.
თავისივე ქონებრივ დეკლარაციაში მიხეილ ყაველაშვილმა მიუთითა, რომ ფლობს ავტოფარეხს თბილისში გაბაშვილის ქუჩაზე. ეს ავტოფარეხი მას 2007 წელს 22 000 დოლარად შეუძენია. როგორც თავად მიუთითა დეკლარაციაში, ავტოფარეხის ფართობი 88 კვ.მეტრია.
საცხოვრებელ სახლზე ყაველაშვილს დეკლარაციაში არაფერი ჩაუწერია.
საჯარო რეესტრის 2008 წლის ამონაწერის მიხედვით, ყაველაშვილი, ზუსტად იგივე მისამართზე, გარდა ავტოფარეხისა, 481 კვ.მეტრ ფართობს ფლობდა – მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სართულზე. ეს ფართობი მას იპოთეკით ჰქონდა დატვირთული „სილქ როუდ ბანკში“.
2009 წლის ამონაწერის მიხედვით ეს ქონება სააქციო საზოგადოება „ბითიეი“ ბანკის [იგივე სილქ ბანკი] საკუთრებად არის დარეგისტრირებული. საფუძველი: იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ბიუროს განკარგულება.
2022 წლის ამონაწერით კი, ყაველაშვილი აქ მხოლოდ ავტოფარეხს – 88 კვ.მეტრს ფლობს. 481 კვ.მეტრი კი, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სართულზე [იგივე საკადასტრო კოდით] ვინმე ნინო გოგეშვილს ეკუთვნის.
ყაველაშვილს სამი შვილი ჰყავს. უფროსი ინგლისში, მანჩესტერშია დაბადებული, მეორე – შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში. მესამე შვილი მას 2013 წელს, საქართველოში შეეძინა. წინა ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს ასევე, მის მეუღლეს თამარ ბაგრატიონს. მედიის ცნობით, თამარ ბაგრატიონი, მომღერალ ლიზა ბაგრატიონის დაა.
ყაველაშვილმა 2022 წლის დეკლარაციაში არ მიუთითა ასევე, რომ მისი მეუღლე, თამარ ბაგრატიონი შპს „გეომაკის“ 40 პროცენტის მფლობელია, თუმცა წინა წელს შევსებულ დეკლარაციაში ეს დაფიქსირებული აქვს. დეკლარაციების მიხედვით თამარ ბაგრატიონს ამ კომპანიიდან შემოსავალი 2016 წლიდან დღემდე არ მიუღია.
დეპუტატის დეკლარაციის მიხედვით, 2016 წლიდან დღემდე თამარ ბაგრატიონი დასაქმებული არ ყოფილა.
წინა დეკლარაციაში ყაველაშვილმა მიუთითა ასევე, რომ უფროსი შვილი, მარიამ ყაველაშვილი ინდმეწარმედ არის დარეგისტრირებული. როგორც 2019 წელს შევსებულ დეკლარაციაშია მითითებული, მას საცხობი ჰქონდა. 2022 წლის მარტში მარიამ ყაველაშვილმა შპს „meltfranchise“ დააფუძნა. იგი თავად არის ამ კომპანიის დირექტორი და 100-პროცენტიანი წილის მფლობელი.
მარიამ ყაველაშვილი და გიორგი ივანიშვილი [თამარ ბაგრატიონის შვილი პირველი ქორწინებიდან] ყაველაშვილის ბოლო დეკლარაციაში აღარ ფიქსირდებიან [ამის მიზეზი სავარაუდოდ ის არის, რომ ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ]. გიორგი ივანიშვილი წარმატებული ფეხბურთელია.
„მეორე მოსმენა შესაძლებელია გაიმართოს 20 მარტის სასესიო კვირაში. ეს პროცესი შეიძლება დაჩქარდეს და მეორე მოსმენა 13 მარტის კვირაშიც შედგეს, თუ პრეზიდენტი მოიწვევს რიგგარეშე სხდომას. შემდეგ კვირაში არაა ჩანიშნული სასესიო კვირა,“ – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის „დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის“ დირექტორი, ნანუკა ყრუაშვილი.
„მეორე მოსმენის დროს ჩავარდება“ – განაცხადა დღეს, 9 მარტს, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ რუსულ კანონზე. მას დღევანდელ ბრიფინგზე არ დაუკონკრეტებია, როდის შეიძლება გაიმართოს კანონპროექტის მეორე მოსმენა.
რადგან პარლამენტში კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, მისი გაწვევა შეუძლებელია. ამ შემთხვევაში კანონპროექტი მეორე მოსმენის დროს უნდა ჩავარდეს.
საია-მ პარლამენტს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გამართოს პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონს კვლავ უყრის კენჭს და მას ოფიციალურად ჩააგდებს.
საია-ს იურისტი განმარტავს, რომ შესაძლებელია პარლამენტმა გაურკვეველი ვადით გადადოს რუსული კანონის მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე გატანა, ხოლო თუ „ქართული ოცნება“ ამჯერად პირობის შესრულებას მოინდომებს, რუსული კანონის მიღების პროცედურა რამდენიმე დღეში დასრულდება.
იურისტი ნანუკა ყრუაშვილი აღნიშნავს, რომ ხვალ ამ კანონპროექტს ვერ განიხილავენ, რადგან ამ სასესიო კვირაში სესიის დღებაად სამშაბათი და ხუთშაბათი იყო განსაზღვრული, დღეს კი, მეორე მოსმენისთვის პარლამენტი არ შეკრებილა. იურისტი ამბობს, რომ „დაუყონებლივ“ განხილვის მოწოდებაში იგულისხმება პრაქტიკულად მომავალი კვირა, როცა პრეზიდენტს შეუძლია რიგგარეშე სხდომის მოწვევა.
„დღეს და ხვალ ეს საკითხი ვერ განიხილება. პლენარულ სხდომამდე უნდა შედგეს იურიდიული კომიტეტის სხდომა. სხვა კომიტეტებზე კანონპროექტი ხელახლა აღარ გადის… შესაძლებელია, პრეზიდენტმა მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა, მაგრამ იგი არ შედგეს კვორუმის არარსებობის გამო. კვორუმია 76 დეპუტატი, ანუ სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
ამდენივე დეპუტატის თანხმობაა საჭირო კანონპროექტის მეორე მოსმენით მისაღებად. იგივე წესი მუშაობს კანონპროექტის სასესიო კვირაში განხილვის შემთხვევაშიც,“ – განმარტა ნანუკა ყრუაშვილმა „ბათუმელებთან“.
7 მარტს „ოცნებამ“ რუსული კანონპროექტის ე.წ. ქართული ვერსია პირველი მოსმენით მიიღო, თუმცა მას უკან ვეღარ გამოიწვევს.
საქმე ის არის, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კანონპროექტის ინიციატორს უფლება „აქვს გამოითხოვოს კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე“, შესაბამისად, რუსული კანონპროექტის შემთხვევაში ეს ვერ მოხდება, რადგან ის პირველი მოსმენით უკვე მიიღეს. ახლა კანონი მეორე მოსმენით უნდა ჩავარდეს.
ფოტოზე: საქართველოს პარლამენტი, 7 მარტი. უმრავლესობის წევრები რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების კენჭისყრის დაწყებამდე. ფოტო: ნეტგაზეთი/ნათია ცქიფურიშვილი
„არ ვენდობი „ოცნებას“, სანამ არ ვნახავ ტაბლოზე, რომ კანონი ჩავარდა“ – ამბობს „ბათუმელებთან“ აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორი, პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე.
„ბათუმელებმა“ მას ჰკითხა, მოსალოდნელია თუ არა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოატყუოს საზოგადოება და არ შეასრულოს დანაპირები „გავლენის აგენტების“ კანონის გაწვევის შესახებ.
„კარგია, როცა თქვე, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს და გაიწვევენ კანონს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიიღეს საზოგადოების ზეწოლის შედეგად.
ეს პარტია სერიული ტყუილებით ცდილობდა ხალხისთვის ევროპული მომავლის წართმევას და საქართველოს მოქალაქეებმა მას ამის საშუალება არ მისცეს და არც არასდროს მისცემენ.
პრინციპში, ეს არის ამ პოლიტიკური ავანტიურის პოლიტიკური კრახი“ – ამბობს ლევან ცუცქირიძე.
მისი აზრით, ამ განცხადებების მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ არ მოადუნოს ყურადღება და სამოქალაქო წინააღმდეგობა, სამოქალაქო პროტესტი უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ შედეგი რეალურად არ დადგება.
მიუხედავად იმისა, რომ „ოცნება“ კანონის გაწვევის პირობას დებს, პარალელურად არ წყვეტს იმაზე საუბარს, რომ ისინი „საზოგადოებას აუხსნიან“, რატომ არ იყო ეს კანონი რუსული.
ლევან ცუცქირიძეს ვკითხეთ, რატომ ინარჩუნებს „ოცნება“ ამ ნარატივს, რა მიზანი აქვს და რას შეიძლება გეგმავდნენ.
„მე ვფიქრობ, ვერაფრის ახსნას ისინი ვერ შეძლებენ, რადგან ამ პარტიას არ აქვს რესურსი, ხალხს რაიმე აუხსნას. „ოცნება“ საზოგადოებას კვებავდა ტყუილებით, განსაკუთრებით ამ საკითხთან დაკავშირებით. რადგან ახლა ვერ იმუშავა ამ ტყუილებმა, ვერც მომავალში იმუშავებს.
რა უნდა ქნან, მივლენ რომელიმე უბანში და მოჰყვებიან, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები არიან უცხოეთის აგენტები? საერთოდ სად გამომსვლელები არიან და ვისთან შეხვედრის შესაძლებლობა აქვს ამ ხალხს. ამ ავანტიურისტებს მთელმა ქვეყანამ უთხრა არა“ – ამბობს ლევან ცუცქირიძე.
„უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის“ კანონის მხარდაჭერისთვის საზოგადოება უმრავლესობის წევრებს მოღალატეებს ეძახის. ფიქრობთ, რომ შეძლებს „ოცნება“ მოღალატის იმიჯის მოშორებას და დაზიანებული რეპუტაციის გამოსწორებას არჩევნებამდე? – ვკითხეთ ლევან ცუცქირიძეს.
„არა მგონია. იმ მიცემულ ხმებს ვერ წაშლიან, რადგან ასეთი თავხედური მცდელობა – წაერთმიათ ქვეყნისთვის მომავალი, მე არ მახსენდება მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე, მე არ დამავიწყდება და არა მგონია, სხვა ადამიანებსაც დაავიწყდეთ“ – ამბობს ლევან ცუცქირიძე
მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა აკონტროლოს კანონის ჩაგდების პროცესი და არა მხოლოდ ეს პროცესი.
„ახლა მაინც ყველამ კარგად დაინახა, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას სჭირდება ძალიან მკაცრი სამოქალაქო ზედამხედველობა, განსაკუთრებით – მატყუარა ავანტიურისტების ჯგუფს.
ამიტომ, ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხზე აუცილებელია ჩვენი ყურადღება და ჩართულობა.
შეიძლება რომელიმე პარტიამ რაღაც შეცდომა დაუშვას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამოქალაქო შეგნება, რომ ამ ქვეყანაში არ უნდათ თავისუფლება და შეიძლება ასეთი ტყუილებით, რაღაც კონსპირაციებით და ასეთი აბსურდული იდეებით კვებო და მართო ეს ხალხი. ეს ასე არ არის, აქ სხვა ხალხია, რომელიც ყოველთვის დაიცავს თავისუფლებას.
ამის ილუზია ყოველთვის აქვთ ხოლმე პარტიებს და სამწუხაროა, რადგან ქვეყანას აზიანებს და ამ პარტიებსაც.
სინამდვილეში, ამ ქვეყანას ძალიან ძლიერი, ჯანსაღი ქსოვილი აქვს და აი, ეს გამოჩნდა ამ დღეებში.
აქციაზე ისეთი ადამიანები გამოდიოდნენ, ისეთი ადამიანები საუბრობდნენ, არცერთს არ სჭირდება რომელიმე პარტიის მითითება, როგორ უნდა მოიქცნენ. მოქალაქემ ყოველთვის იცის, როგორ უნდა მოიქცეს და ამ მოქალაქეობის დემონსტრაციაა ეს რამდენიმე დღეც“ – ამბობს ლევან ცუცქირიძე.
მისი თქმით, არც კი უსურვებს „ოცნებას“ იმავე ქმედების გამეორებას, როცა პროპორციული არჩევნების დაპირების შემდეგ, კანონპროექტი ჩააგდო და ათასობით მოქალაქე მოატყუა.
„არც კი ვუსურვებ რაიმე მსგავსი გაივლონ თავში, იმიტომ, რომ ხალხში ბრაზის დონე ისედაც ძალიან მაღალია და ამას ვერავინ გააჩერებს, ვერცერთი პოლიციელი, ვერცერთი რობოკოპი, ვერავინ.
არავის ვუსურვებ, რომ ახლა, ამ ბრაზთან სცადოს ასეთი ვერაგული რამ. ეს ბრაზი არ გაქრება ერთ დღეში ან ერთ-ორ კვირაში, პირიქით, ეს ადამიანები უყურებენ, ელოდებიან, შეაფასებენ ვითარებას და შემდეგ იმოქმედებენ,“ – ამბობს ლევან ცუცქირიძე.
განახლება:საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 10 მარტის [13:55 სთ.] ინფორმაციით, გზა ჯერ კიდევ არ გახსნილა: „გრძელდება გზის გაწმენდითი სამუშაოები“.
„რაც შეეხება კანონპროექტის, რომელიც პირველის მოსმენით არის[მიღებული], გამოწვევის გზებს, საქართველოს [პარლამენტის] რეგლამენტის თანახმად მეორე მოსმენთ გავა და მეორე მოსმენის დროს ჩავარდება. ამის შესახებ პოლიტიკურ განცხადებას კიდევ ერთხელ ვაკეთებ. ჩავარდნა იქნება ის, რაც პროცედურულად გადაწყვეტს ამ საკითხს,“ – აღნიშნა დღეს, 9 მარტს, მამუკმა მდინარაძემ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, ის კანონპროექტი, რომელზეც კენჭი არ უყრიათ, უკვე გამოწვეულია „ხალხის ძალის“ მიერ, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გაუგზავნა წერილი ვენეცის კომისიას კანონპროექტების გამოხმობის შესახებ.
„ვენეციის კომისიას ჩვენ აღარ ვთხოვთ იმას, რომ მოხდეს განხილვა და დასკვნის გამოგზავნა,“ – დასძინა მამუკა მდინარაძემ.
„პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკან ვერავინ წაიღებს“, – თქვა „ოცნების“ დეპუტატმა, რომელსაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა შეიძლება იყოს ამ დაპირების შესრულების გარანტია.
მამუკა მდინარაძემ დასძინა ისიც, რომ შესაძლებელია გაწვეული კანონპროექტის ხელახლა ინიცირებაც.
„ეს არის წმინდა წყლის დეტალები და ტექნიკური ხასიათი,“ – თქვა მამუკა მდინარაძემ.
—————–
7 მარტს „ოცნებამ“ ამ კანონპროექტის ე.წ. ქართული ვერსია პირველი მოსმენით მიიღო. თუმცა მას უკან ვეღარ გამოიწვევს.
საქმე ის არის, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანამად, კანონპროექტის ინიციატორს უფლება „აქვს გამოითხოვოს კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე.“ ეს რუსული კანონისთვის ვერ მოხდება, რადგან ის პირველი მოსმენით, უკვე მიიღეს. კანონი მეორე მოსმენით უნდა ჩავარდეს.
„ბრძოლის ეს ეტაპი მოგებულია, თუმცა ომი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ – არა,“ – წერს სოციალურ ქსელ ფეისბუქში პოლიტოლოგი, „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, კორნელი კაკაჩია.
აღნიშნული კანონი 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ.
„ოცნებამ საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად კანონპროექტი უკან გაიწვია და ამ ეტაპზე ტაქტიკურად უკან დაიხია, მაგრამ თუ ყურადღებით წავიკითხავთ მათ განცხადებას, ისინი სტრატეგიულად უკან არ დაიხევენ. მომავალი არჩევნებისთვის მათ ბევრი არაფერი აქვთ შესათავაზებელი ქართველი ხალხისთვის გარდა „ჩინური“ ავტორიტარიზმისა. ამიტომ ვიყოთ ფხიზლად!
ბრძოლა დემოკრატიისთვის და არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს. „კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს“, – წერს კორნელი კაკაჩია.
„არა რუსულ კანონს! საქართველო არის შენი!“ – ამ სლოგანით დღეს, 9 მარტს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, აქცია გაიმართება. ამჯერად აქციის მთავარი მოთხოვნა რუსული კანონპროექტის გაწვევის პროცედურის კანონის შესაბამისად დასრულება და დაკავებულების დროულად გათავისუფლება იქნება.
აქცია ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ გუშინ, 8 მარტს, სტუდენტებმა და სამოქალაქო სექტორმა გამართეს.
პარლამენტში „აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ორი ვარიანტი დააინიცირეს – ერთი, რომელსაც „ოცნება“ „ქართულს“ ეძახის, ანუ კანონპროექტის პირველი ვერსია, ხოლო მეორე, რომელსაც მმართველი გუნდი „ამერიკულს“ უწოდებს. ორივე კანონპროექტის შინაარსი ერთი და იგივეა.
7 მარტს „ოცნებამ“ ამ კანონპროექტის ე.წ. ქართული ვერსია პირველი მოსმენით მიიღო. თუმცა მას უკან ვეღარ გამოიწვევს.
საქმე ის არის, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანამად, კანონპროექტის ინიციატორს უფლება „აქვს გამოითხოვოს კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე.“ ეს რუსული კანონისთვის ვერ მოხდება, რადგან ის პირველი მოსმენით, უკვე მიიღეს.
საქართველოს პარლამენტი დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ კორძაიას თქმით, რადგან ოფიციალური განცხადება გაკეთებულია და ოფიციალური საუბარი შედგა ღარიბაშვილსა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს შორის, ამ განცხადებას „ქართული ოცნება“ უკან ვერ წაიღებს.
მისი თქმით, ფორმალური პროცედურები ჯერ გავლილი არ არის, „პარლამენტის შენობა დაკეტილია და პარლამენტის წევრებსაც არ უშვებენ შიგნით, მაგრამ ფორმალური პროცედურები მარტივად დასრულდება, როდესაც საპარლამენტო საქმიანობა აღდგება“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის ბესო გაზდელიანის განცხადებით დღეს, 9 მარტს, ადრე დილით სპეცრაზმი მის სახლში შეიჭრა. ასევე, გაჩხრიკეს მისი ძმის, შვილის და ბიძაშვილის სახლებიც. გაზდელიანის ინფორმაციით სამართალდამცავები მის სახლში ორი საათის განმავლობაში ეძებდნენ იარაღს, საბოლოოდ კი, მხოლოდ მობილური ტელეფონები ამოიღეს.
„ქვეყანაში უცხოეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ნიადაგზე შემოტანილ იარაღს ეძებდნენ ჩემს სახლში, სადაც პატარა ბავშვებს ეძინათ. ჩემი ძმის სახლიც გაუჩხრეკიათ. ჩემი შვილისა და სიძის სახლიც, რომლებსაც პატარა ბავშვები ჰყავთ. სიძეს თავში იარაღი ჩაარტყეს, ჩემი ბიძაშვილების ოჯახებიც გაჩხრიკეს. ეს არის რეპრესიები, რაც ივანიშვილმა საქართველოში დაიწყო. ვფიქრობ, რომ მე არ ვარ დღეს ბოლო, გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ძალიან ბევრ ოჯახში შევარდებიან ასე ესენი.“ – განაცხადა დღეს ბესო გაზდელიანმა ტელეკომპანია „პირველთან“.
დღეს დილიდან აქციაზე დაკავებულების ადვოკატები საუბრობენ იმაზე, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები სასტიკად ნაცემები და დაშავებულები არიან. მათ შორის ბევრი მათგანი ამბობს, რომ დაკავებულის ნახვის საშუალება ამ დრომდე არ მიეცა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 8 მარტის საპროტესტო აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით, 66 პირი დააკავეს. ამ დრომდე, ოფიცილური ცნობითვე, ადმინისტრაციული წესით, სულ 133 პირია დაკავებული.
საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს, 9 მარტს, გაავრცელა განცხადება, რომ უკან გაიწვევს რუსულ კანონს. აღნიშნული კანონი, 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ.
შეუძლია თუ არა „ქართულ ოცნებას“ ერთი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევა და რა სამართლებრივი პროცედურებია გასავლელი კანონპროექტის სრულად ჩაგდებისთვის? ამ საკითხზე „ბათუმელები“ პარლამენტის დამოუკიდებელ წევრს თამარ კორძაიას ესაუბრა.
კორძაიას თქმით, რადგან ოფიციალური განცხადება გაკეთებულია და ოფიციალური საუბარი შედგა ღარიბაშვილსა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს შორის, ამ განცხადებას „ქართული ოცნება“ უკან ვერ წაიღებს.
„გამორიცხულია. მორჩა, მკვდარია ეს კანონი, მაგრამ ფორმალური ჩაგდება შეიძლება დასჭირდეს. თუმცა რადგან თქვეს, უნდა გააკეთონ. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მათ უარი თქვეს კანონზე.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ნიშნავს უფრო მეტი ხალხის გამოსვლას გარეთ და ეს ადამიანები არ აპატიებენ ტყუილს და არც იმას, რასაც გუშინ აკეთებდა „ქართული ოცნება“, სახლში უვარდებოდნენ და იჭერდნენ ადამიანებს,“ – ამბობს თამარ კორძაია.
მისი თქმით, ფორმალური პროცედურები ჯერ გავლილი არ არის, „პარლამენტის შენობა დაკეტილია და პარლამენტის წევრებსაც არ უშვებენ შიგნით, მაგრამ ფორმალური პროცედურები მარტივად დასრულდება, როდესაც საპარლამენტო საქმიანობა აღდგება“.
„ეს ხალხი არ აპატიებს კიდევ ერთხელ რაიმე სახის ტყუილს „ქართულ ოცნებას“. ამ ეტაპზე, ეს არის საჯარო განცხადება, ფორმალურად კი, ეს ყველაფერი მარტივად მოგვარებადია,“ – ამბობს თამარ კორძაია.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი გაიწვიეს, სიფრთხილის ზომები მაინც უნდა მიიღოს საზოგადოებამ.
„ჩვენ თავს იმისგანაც ვერ დავიზღვევთ, რომ ხვალ ისევ არ შემოიტანენ ასეთ კანონს. აბსოლუტური გარანტიები არ არსებობს. ხვალ შეიძლება „ხალხის ძალამ“ სხვა ვერსია მოიფიქროს და თქვას, რომ ეს არის ფრანგული კანონი და რაღაც ახალი შემოაგოროს, ამის გარანტიებს ჩვენ ვერავის ვერ მივცემთ.
„ქართული ოცნება“ ცნობილია როგორც მატყუარა, 8 მარტის შეთანხმებიდან დაწყებული ყველაფერში მოატყუა საზოგადოება, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთი უკანდახევა „ქართულ ოცნებას“ და დათმობა არ ჰქონია და მათ გაიგეს რეალურად გამწარებული საზოგადოების ძალა. ამიტომ, არა მგონია ეს გაბედონ, მაგრამ რა თქმა უნდა, პარლამენტში ჩვენ იმიტომ ვართ რომ ყურადღებით ვიყოთ.
ჩვენ ერთადერთი ფუნქცია გვაქვს, პარლამენტის წევრებს, ადამიანებს მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რამეს აპირებს „ქართული ოცნება“, ამიტომ ჩვენ ვიქნებით ფრთხილად, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ეს გამარჯვება მოიპოვეს ახალგაზრდებმა და ჩვენმა საზოგადოებამ“ – ამბობს თამარ კორძაია.
მისი თქმით, დღევანდელი გამარჯვება არის ახალგაზრდების, იმ საზოგადოების, ვინც საპროტესტო აქციებზე იდგა.
„ხელისუფლებას თუ ჰგონია, რომ დააშინებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გუშინ იქ იყვნენ და მთელი ღამე, მიუხედავად იმისა, რომ ესროდნენ ცრემლსადენ გაზს, ასხამდნენ ჭავლს და მაინც ბრუნდებოდნენ, ეს არის აბსურდი.
ყველა ადამიანს, ვინც აქციაზე იყო, მადლობა უნდა გადავუხადოთ, რადგან ეს რაც მოხდა, არის თითოეული მათგანის აქტიურობის შედეგი. ქართველმა ხალხმა, ისევე როგორც წლების წინ, არ დაუშვა 9 მარტს რუსული კანონის მიღება და აიძულა „ქართული ოცნება“ გაეწვია რუსული კანონი.“ – ამბობს თამარ კორძაია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 9 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 156 120 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 590]
ტანკი – 3 441 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 6 736 ერთეული [+13]
საარტილერიო სისტემა – 2 465 ერთეული [+2]
MLRS – 488 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 254 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 303 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 289 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 098 ერთეული [+0]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 873 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 5 331 ერთეული [+1]
სპეცტექნიკა – 237 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 9 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
399 თვითმფრინავი
218 ვერტმფრენი
3 366 უპილოტო საფრენი აპარატი
410 საზენიტო სარაკეტო სისტემა
8 241 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 055 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
4 308 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
8 816 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს 9 მარტს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევასთან დაკავშირებით და შს სამინისტოს მოუწოდებს შეწყდეს სპეციალური საშუალებების გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების მისამართით.
„ამ წუთებში [2:50 სთ] რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მოქალაქეების მისამართით სახელმწიფო საპოლიციო ძალას უკანონოდ და არაპროპორციულად იყენებს.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ დაახლოებით 01:45 საათიდან მნიშვნელოვნად ინტენსიური გახდა რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენება.
როგორც საჯაროდ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, საშუალებების გამოყენება ხდება წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ამასთან, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენება ერთმანეთის პარალელურად, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტს.
ამასთან, ადგილი აქვს ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის ინტენსიურად, დროში შემჭიდროვებულ შუალედებსა და დიდი რაოდენობით გამოყენებას, რასაც, გარდა არაპროპორციული ბუნებისა, აქვს მშვიდობიანი მოქალაქეებისადმი არასათანადო მოპყრობის ტოლფასი ეფექტი.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:
სამართალდამცავებს მიეცეთ მკაცრი მითითება სპეციალური საშუალებების გამოყენების წესების დაცვასთან დაკავშირებით;
შეწყდეს სპეციალური საშუალებების გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების მისამართით.
მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს: უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევებზე გამოძიების მყისიერი და ეფექტიანი წარმოება“ – წერს საია.
საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა7 მარტს, სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.
კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.
საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 და 8 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
„მივიჩნევთ, რომ ნახსენები კანონის პროექტების მიღება ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს და აზიანებს საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის პროცესს,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს 15 თანამშრომელი აწერს ხელს.
განცხადებას საჯარო მოხელეები თავად ავრცელებენ ფეისბუქზე.
საჯარო მოხელეები ხაზს უსვამენ იმას, რომ „საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, როგორც გარანტი სახელმწიფოს თავისუფლებისა და დემოკრატიული განვითარებისა, ბოჭავს ნებისმიერი დროის ხელისუფალს, იმოქმედოს ამ მიზნის უზრუნველსაყოფად.“
„ჩვენ, საჯარო მოხელეები, ვითვალისწინებთ რა, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში ცხადად დაფიქსირებულ საქართველოს გეოპოლიტიკურ ვექტორს, რომელიც მრავალ საუკუნეთა განმავლობაში განისაზღვრა ქართველი ერის მიერ ჩამოყალიბებული ისტორიულ-სამართლებრივი მემკვიდრეობის მიხედვით.
იმ პირობებში, როდესაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტები, მათი ინიცირების დროის, ფორმისა და კონტექსტის გათვალისწინებით, ქვეყანაში საზოგადოების პოლარიზაციის გაღრმავების გამომწვევი გახდა, იმავდროულად კი, კანონის პროექტებთან დაკავშირებით საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებები მკვეთრად ნეგატიურია, მიუთითებენ რა კანონის პროექტების ევროკავშირის ღირებულებებთან და ძირითად პრინციპებთან შეუთავსებლობაზე, განცხადების ხელმომწერები, ვაცნობიერებთ რა კანონპროექტის შინაარსსა და მისგან მომდინარე საფრთხეებს, აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებით ვსარგებლობთ საქართველოს კონსტიტუციით დაცული გამოხატვის თავისუფლებით და ვაფიქსირებთ ჩვენს მოქალაქეობრივ პოზიციას,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
ბარამაშვილი თამარ – მთავარი სამართლებრივი მრჩეველი-მრჩეველთა ხელმძღვანელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.
გვიმრაძე გიორგი – უფროსი სამართლებრივი მრჩეველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.
დანელია გვანცა – უფროსი სამართლებრივი მრჩეველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.
დოლუაშვილი ნინო – სამართლებრივი მრჩეველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.
კენჭაძე მარინა – კოლეგიის თავმჯდომარის თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
კიკნაძე თამარი – მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
ლაშხია გვანცა – მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
მაჭარაშვილი ლელა – მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
მესხია თამარ – მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
მძევაშვილი მარი – სტაჟიორი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.
ობოლაშვილი თორნიკე – კოლეგიის თავმჯდომარის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
პირველაშვილი ნიკა – უფროსი სამართლებრივი მრჩეველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.
ღოლიჯაშვილი დავით – მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
ჭიოკაძე ლევანი – მოსამართლის თანაშემწე,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
ხავთასი ივა – მოსამართლის თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
რა ხდება?
საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა7 მარტს, სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.
კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.
საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
8 მარტს, ღამით, თბილისში, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაარბიეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და სხვა სპეცსაშუალებები.
აქცია ამ წუთებშიც [9 მარტი, 00:10 სთ] გრძელდება. დარბევის მიუხედავად რუსთაველის გამზირს აქციის მონაწილეები ისევ უბრუნდებიან. პარლამენტის შენობასთან ამოყირავებულია პოლიციის ავტომანქანა.
აქციის უკანონოდ დაშლამდე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის შემოვლისკენ მოუწოდა. პროტესტის ამ ფორმით გამოხატვამდე კი, ვაშაძემ ერთსაათიანი ვადა მისცა „ქართულ ოცნებას“ რუსული კანონის საქართველოს პარლამენტიდან გასაწვევად და 7 მარტის საპროტესტო აქციაზე დაპატიმრებულთა გასათავისუფლებლად.
პარლამენტთან მეორე დღეა იმართება აქცია „არა რუსულ კანონს“. აქციები საქართველოში მას შემდეგ დაიწყო, როცა პარლამენტმა 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენების შესახებ“.
საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა7 მარტს, სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.
კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.
საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
„ეს პროცესი თუ ასე გაგრძელდა, ჩამოყალიბდება „ოცნების“ მიმართ წინააღმდეგობის უზარმაზარი ფრონტი , რომელიც გააერთიანებს არამარტო იმ ადამიანებს, ვისაც უშუალოდ ეხება ეს კანონი, არამედ მთლიანად საზოგადოებას,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი, „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია.
რა შეიძლება მოხდეს ახლა, მოვლენების განვითარების რა სცენარებია მოსალოდნელი? – „ბათუმელებმა“ კორნელი კაკაჩიასთან ინტერვიუ ჩაწერა.
ბატონო კორნელი, რა ჩანს თქვენთვის აქციაზე „არა რუსულ კანონს“?
მიუხედავად იმისა, რა მოლოდინიც შეიძლება „ქართულ ოცნებას“ ჰქონოდა, ფაქტობრივად, ამ კანონით გამოაღვიძეს სამოქალაქო საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი: სტუდენტები, მოქალაქეები, რომლებიც აქამდე პარტიული ნიუანსების გამო ქუჩაში არ გამოდიოდნენ და დაინახეს უფრო დიდი საფრთხე, რომ ეს კანონი არ ეხება მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებას და მედიათავისუფლებას, არამედ ეს ეხება ქვეყნის მომავალს და მის ევროპულ განვითარებას.
ხელისუფლებამ ამ დრომდე შესაძლოა მეტ-ნაკლები წარმატებით მოახერხა ოპოზიციის მარგინალიზება, მაგრამ „ოცნების“ მოლოდინი, რომ მედია და სამოქალაქო სექტორის იმავენაირად მარგინალიზება მოხერხოს, არ მართლდება. თვითონაც ნახავენ, რა ტიპის ძალები გამოაღვიძეს.
ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი?
კი, გამოვიდა მიუმხრობელი ამომრჩეველიც და ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი: ხელოვანი, სპორტსმენი, მეცნიერი…
ეს პროცესი თუ ასე გაგრძელდა, ჩამოყალიბდება „ოცნების“ მიმართ წინააღმდეგობის უზარმაზარი ფრონტი, რომელიც გააერთიანებს არამარტო იმ ადამიანებს, ვისაც უშუალოდ ეხება ეს კანონი, არამედ მთლიანად საზოგადოებას, კონსოლიდაცია მოხდება და ეს კანონი უკვე საბაბი იქნება, როგორც თავის დროზე სააკაშვილის წინააღმდეგ მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია შედგა.
დარჩება „ქართული ოცნება“ თავისი მომხრეებით და დანარჩენი საქართველო.
კორნელი კაკაჩია
ხედავთ ამის წინაპირობას, რომ საზოგადოება გაერთიანდეს, როცა გამოჩნდა ერთგვარი წყალგამყოფი – რუსული კანონის მიღებით საქართველო ევროპის ნაცვლად რუსულ ორბიტაზე იკავებს ადგილს?
ცოტა ადრეა ჯერ ამაზე საუბარი. ჩემი აზრით, განსაკუთრებით რეგიონებშია ამ კუთხით სამუშაო. როგორც ჩანს, ყველამ ჯერ კიდევ კარგად ვერ გაიგო, რას ნიშნავს ეს, ან გაიგეს, რომ ეს მხოლოდ მედიას და სამოქალაქო ორგანიზაციებს ეხება.
თბილისსა და დიდ ქალაქებში კარგად ესმით ეს, თუმცა დროის საკითხია, რამდენად ჩააღწევს საპროტესტო მუხტი რეგიონებში, კარგად რომ ავუხსნათ მოქალაქეებს, რომ ეს მათ მომავალს ეხება, რომ აქ საუბარია არა კონკრეტულ ერთ კანონზე, არამედ ქვეყანაში აქამდე თუ იყო საუბარი ავტორიტარულ ტენდენციებზე, ამ კანონის მიღების შემდეგ ჩვენ უკვე გვექნება საუბარი იმაზე, რომ ყალიბდება კონსოლიდირებული ავტორიტარიზმი იმ ფორმით, როგორც არის ეს რუსეთში, უნგრეთში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში.
ცხადია, რაც უფრო ავტორიტარული იქნება საქართველო, მით უფრო შორდება იგი ევროპას და უახლოვდება რუსეთს.
თქვენი დაკვირვებით, მოახერხებს „ქართული ოცნება“ დაბნეულობის შემოტანას, როცა მისი პროპაგანდის ახალი გზავნილი ამჯერად ასეთია: „ჩვენც გვინდა ევროპა?“
მათ ზუსტად ამის ეშინიათ – კონსოლიდირებული ფრონტის, რომელიც ახლა ყალიბდება. ამიტომაც ისინი ეცდებიან პროევროპულობის წარმოჩენას, თუმცა არ შეიძლება პროევროპულობა გინდოდეს, როცა ასეთ კანონებს იღებ, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს.
ამას, ბუნებრივია, არავინ მიიღებს, მათ შორის, ევროკავშირი.
არა მგონია, რომ ხალხი მოტყუვდეს. აშკარაა უკვე ხალხისთვის ამ კანონის მთავარი არსი, რომ ამით სურთ ხელი შეუწყონ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს კიდევ რამდენიმე ათეული წელი დარჩნენ საქართველოს ხელისუფლებაში ერთპარტიულად და არაფორმალური მმართველობის პირობებში.
ამას ხალხი უკვე ხვდება ნელ-ნელა.
ჯაშუშები და ექსტრემისტები უწოდა დღეს ირაკლი კობახიძემ კრიტიკულ სამოქალაქო სექტორს. თქვენთვის რას აჩვენებს ირაკლი კობახიძის რეაქცია?
ეს აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლებაში ძალიან საშიში რადიკალები არიან, რომლებიც არაფერს არ მოერიდებიან ხელისუფლების შენარჩუნებისთვის.
თუ აქამდე ვინმეს ჰქონდა იმის ილუზია, რომ რბილ ავტორიტარიზმზე იყო საუბარი და არაფორმალურ მმართველობაზე, ახლა შეტევაზე გადადიან და აყალიბებენ ავტორიტარულ რეჟიმს, რომელშიც უკვე არ იქნება თავისუფალი მედია, სამოქალაქო საზოგადოება.
ამ შემთხვევაში საქართველო იზოლაციაში მოექცევა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.
გუშინდელი გამოხმაურების შემდეგ, რასაც ჩვენ ვუყურებთ, ბუნებრივია, შეიცვლება დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებისადმი და, მათ შორის, არ არის შორს სანქციებზე ჩამოყალიბებაც.
რა სახით შეიძლება დაწესდეს სანქციები და რა ეტაპზე? ჩვენ გუშინაც მოვისმინეთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის პირველი განცხადება სანქციებზე, რომ არაერთი ბერკეტი აქვს აშშ-ს, პასუხისმგებლობა დააკისროს ადამიანებს, რომლებიც ადამიანების უნივერსალურ უფლებებს ზღუდავენ.
თუ გართულდა ეს სიტუაცია, რა თქმა უნდა, პირველად ეს ბიძინა ივანიშვილს შეეხება, ასევე, ეს შეხება მმართველი პარტიის იმ დეპუტატებს, რომლებიც იღებენ ამ კანონებს, მათი ოჯახის წევრებს, სავარაუდოდ მათ შეეზღუდებათ ევროპაში სიარული, რაც ასე უყვართ.
ეს გამოიწვევს რეჟიმის კიდევ უფრო მეტ იზოლირებას. სად უნდა იარონ? რუსეთში თუ ივლიან, ცენტრალურ აზიაში და აზერბაიჯანში, თორემ სხვა საშუალება არ ექნებათ.
თუ ეს სიტუაცია გართულდა და ძალის გამოყენება მოხდება ხალხის წინააღმდეგ, თუ დასავლეთმა დაინახა, რომ ეს ხელისუფლება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესებს, ისინი ამ ნაბიჯს გადადგამენ.
არაფერს მოერიდებიანო, თქვენ აღნიშნეთ, როცა კობახიძის განცხადებებს აფასებდით. გულისხმობთ იმას, რომ შესაძლოა დაარბიონ აქციები?
რა თქმა უნდა. არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ: „ქართული ოცნებისთვის“ მომავალი წლის არჩევნები არ არის ჩვეულებრივი არჩევნები.
თქვენთანაც მისაუბრია წინა ინტერვიუებში, რომ ქართულ პოლიტიკას ახასიათებს ე.წ. ვენდეტას წესი, ანუ თუ წააგებენ – განწირულები არიან. თუ არჩევნებს წააგებ, დაახლოებით იგივე სიტუაცია გელის, როგორშიც სააკაშვილია დღეს.
მათთვის წარმოუდგენელია ეს.
„ქართული ოცნება“ ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას ნებისმიერ ფასად. ამის გამოა, რომ ისინი ასე უპირისპირდებიან დასავლეთს. დასავლეთი ვერ მიიღებს ისეთ ხელისუფლებას, რომელიც ასე, ერთპიროვნულად მართავს არაფორმალური ლიდერის გარშემო გაერთიანებულ ძალას, როცა ხელისუფლების მართვის პრინციპები დარღვეულია და მიტაცებულია სახელმწიფო.
ბუნებრივია, ეს მშვენივრად იციან და თავად ცდილობენ, იმდენი რამ გააკეთონ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭონ საქართველოს. მათ სურთ, რომ ევროკავშირმა უთხრას უარი, შემდეგ კი დააბრალონ ევროკავშირს, რომ აი, ჩვენ კი, ვცდილობდით ყველანაირად, მაგრამ მათ არ უნდათ, რომ მიგვიღონ.
თუ გავიხედავთ ახლო-მახლო, იოლი დასანახია, ვის აწყობს საქართველოს ასეთი კურსი. რა თქმა უნდა, ეს აწყობს რუსეთს.
მითუმეტეს, თუ გადახედავთ ბოლო დროს, რუსეთი უკვე გახდა ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი და გადაასწრო თურქეთს. გასულ წელს დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი შემოვიდა რუსეთის მოქალაქეებისგან. ეს აჩვენებს იმას, რომ ამ ხელისუფლებას საერთოდ არ აინტერესებს ევროკავშირის გრანტები და სხვა ფინანსები. მიზეზი მარტივია: ევროკავშირი და დასავლეთი, როცა მთავრობას გამოუყოფს გრანტს, ითხოვს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას, რუსეთიდან კი ისე შემოდის ეს თანხა.
როცა იზოლაციონიზმი აწყობს „ქართულ ოცნებას“, რა გავლენა ექნება ხელისუფლების კრიტიკას დასავლეთიდან?
კი, ამიტომაც აკეთებენ ამ ანტიდასავლურ განცხადებებს, რომ მათი მომხრეები განაწყონ დასავლეთის წინააღმდეგ. აქედან ბევრი არ არის დარჩენილი პრორუსული კურსის გამოცხადებამდე, რასაც ჯერ-ჯერობით ერიდებიან, რადგან იციან, რომ ქართველების 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაერთიანებას. ბუნებრივია, ასე სწრაფად ვერ შეცვლიან საგარეო კურსს.
თუ იტყვიან პირდაპირ – რუსეთი გვინდაო, ისინი იზოლაციაში აღმოჩნდებიან ქვეყნის შიგნითაც.
დასავლეთიც არის რთულ სიტუაციაში, რადგან რაც უნდა სანქციები შემოიღონ, ეს იქონიებს გავლენას ქართველ ხალხზე. ამიტომაც, ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ რეჟიმის ნაცვლად არ დაიჩაგროს რეალურად ქართველი ხალხი. მათი მხრიდანაც იოლი არ არის გადაწყვეტილებების მიღება.
დასავლეთის მხრიდან მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა დემოკრატიული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. საჯარო მოხელეები, მაგალითად, ჯერ-ჯერობით ხმას არ იღებენ, მაგრამ თუ დაინახეს, რომ დასავლეთიდან კიდევ უფრო მეტად მოხდება იზოლაცია, ამას მოჰყვება საჯარო მოხელეების მხრიდანაც მოქმედებები, ზოგი შესაძლოა გადადგეს და ასე შემდეგ, რაც იქნება რეჟიმის ჩამოშლის ნიშანი.
საჯარო მოხელეების და დიპლომატების ბევრი შვილი სწავლობს ევროპაში და როგორც კი მათ შეეხებათ, ამას მაშინვე შეამჩნევენ.
თქვენი აზრით, რამდენად მოხერხდება პროტესტის ორგანიზება ლიდერების გარეშე?
მძიმე ვითარებაა განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ყოფილი ლიდერები ფაქტობრივად ქვეყნიდან გასულები არიან, ასევე, პოლიტიკური პარტიები არიან უმძიმეს მდგომარეობაში და არიან ფრაგმენტირებულები…
ამ სიტუაციაში იმედი გვაქვს სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების, თუ შეძლებენ პროტესტის ორგანიზებას, რომ არ დაწიონ ეს მუხტი და არა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ახერხებენ ამას.
შესაძლოა არ იყოს ლიდერი, მაგრამ ხალხი გაერთიანდეს იდეის გარშემო, რის გამოც ახლა უპირისპირდებიან ხელისუფლებას, მათ შორის, პოლიტიკური პარტიები.
ხედავთ ამის რესურსს?
ეს ასე რომ არ იყოს, არ მიიღებდნენ ამ კანონს – ხელისუფლებას ეშინია სამოქალაქო სექტორის და კრიტიკული მედიასაშუალებების.
შარშან ნახეს, მაგალითად, რომ ევროკავშირის იდეის დასაცავად სამოქალაქო ჯგუფებმა გამოიყვანა 100 ათასობით ადამიანი. მათ დაინახეს, რომ ეს არის სერიოზული ძალა, რომელმაც შეიძლება პრობლემები შეუქმნას „ქართულ ოცნებას“. ეს შიში რომ არ ჰქონოდათ, ამ კანონს არ მიიღებდნენ.
რა შთაბეჭდილება გრჩებათ ახლა – ხელისუფლება თვლის, რომ პროტესტს აისხლეტს მარტივად, თუ სხვა მასშტაბის შემართება ჩანს აქციაზე?
ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება, რომ დააგდოს საპროტესტო მუხტი, მათ შორის, იმ კუთხით, რომ კანონს შეცვლიან, ან სახელს გადაარქმევენ ტერმინებს, მაგრამ ეს არაფერს არ უშველის, რადგან საზოგადოება ხვდება, რომ ერთ კანონზე აღარ არის ლაპარაკი. ბუნებრივია, რომ ეს მუხტი გაიზრდება.
ბევრი რამ დამოკიდებულია, საზოგადოება როგორ შეხვდება ამ ყველაფერს.
ყველა ხვდება, რომ რეჟიმმა გადაუხვია დემოკრატიის გზას, მაგრამ მთლად ბოლომდე არ არის ყველა დარწმუნებული იმაში – ესენი რომ წავიდნენ, ვინ შეიძლება მართოს ხელისუფლება?
აქ აქვს ოპოზიციას განსაკუთრებული როლი. მათ უნდა შეწყვიტონ ეს შიდა კინკლაობები, უაზრო დებატები და პირიქით, წარმოაჩინონ კრიზისის დროს, როგორ აპირებენ ისინი ქვეყნის მართვას: რა შეხედულებებია, რას სთავაზობენ ქართველ ხალხს, როგორია მათი ხედვა ამა თუ იმ მიმართულების განვითარებაზე. მათ სჭირდებათ ხედვა ქვეყნის განვითარების, რასაც შეიძლება გაჰყვეს ხალხი.
აქამდეც უნდა მოეხერხებინა ეს ოპოზიციას, რაც ვერ შეძლო და ამიტომაც მოხერხდა მათი ასეთი ფრაგმენტაცია და მარგინალიზაცია.
ოპოზიციის გარეშე შესაძლებელია ანგარიშგასაწევი გახდეს ეს პროტესტი ხელისუფლებისთვის?
მე ვფიქრობ, ოპოზიციის აქტიურობა შესაძლოა არც იყოს საჭირო განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, რადგან ზოგიერთი მათგანი თავად არის დისკრედიტებული. უბრალოდ სამოქალაქო საზოგადოება თვითონ ხომ არ მოვა ხელისუფლებაში? ამიტომაც, არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომ მათ აიღონ ეს პასუხისმგებლობა არჩევნების გზით.
დღეს, 8 მარტს, ბათუმში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსული კანონის წინააღმდეგ. მოქალაქეები მოითხოვენ პარლამენტმა უკან გაიწვიოს კანონპროექტი, რომელიც ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული.
მოქალაქეები რუსული კანონის წინააღმდეგ ბათუმში, ევროპის მოედანი ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.
საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.
ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
პარლამენტი რუსულ კანონს, საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტის ფონზე განიხილავს.
მოქალაქები რუსული კანონის წინააღმდეგ ბათუმში, ევროპის მოედანზე ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელებიბათუმელი ახალგაზრდები რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე. ბათუმი, ევროპის მოედანი. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები„მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“ – მოქალაქე რუსული კანონის წინააღმდეგ ბათუმში აქციაზე. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
დღეს რუსული კანონის საწინააღმდეგო მრავალათასიანი აქცია თბილისშიც მიმდინარეობს. მოქალაქეები აცხადებენ, რომ პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ შედეგი არ დადგება. შედეგი – რუსული კანონის უკან გაწვევაა.
ახალგაზრდები საპროტესტო აქციაზე ბათუმშიარა რუსულ კანონს-პროტესტი ბათუმში ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელებიარა რუსულ კანონს!
ავსტრიაში მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტებმა, ქართული დიასპორის წარმომადგენლებსა და ავსტრიელ და უკრაინელ მეგობრებთან ერთად აქცია გამართეს, რუსული კანონპროექტის გასაპროტესტებლად “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ.
აქციის მონაწილეების თქმით, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ კიდევ ბევრი ადამიანის შემოერთებას ელოდებიან. აქცია ახლაც მიმდინარეობს და საქართველოს საელჩოს წინ 100-მდე ადამიანია შეკრებილი.
ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, აქციას მომდევნო დღეებშიც გამართავენ, რომ უთხრან საქართველოს მთავრობას – „არა რუსულ კანონს!“
უკრაინაში მებრძოლი ქართველი ნადიმ ხმალაძე სავარაუდოდ დაკავებულია. როგორც მისი ახლობლები გვეუბნებიან, ნადიმ ხმალაძე ტელეფონს რამდენიმე საათია აღარ პასუხობს.
„ვეძებთ“ – გვეუბნებიან მისი მეგობრები.
უკრაინაში მებრძოლმა დავით ქაცარავამ ნადიმ ხმალაძის დაკავების შესახებ დაახლოებით 17:00 საათზე, ფეისბუქის გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:
„როგორც ამ წუთას გავიგე, დაახლოებით ნახევარი საათის წინ დააკავეს ნადიმ ხმალაძე! არა დემონსტრაციის დროს, არამედ ნახევარი საათის წინ, ფაქტობრივად, ახლა!
ტელეფონი გაათიშინეს და კონტაქტზე შესაბამისად ვეღარ გამოდის. რა ხდება ბატონებო, რეპრესიებზე და დაშინებაზე გადახვედით ისევ? მისამართი შეგეშალათ“ – წერს დავით ქაცარავა.
„ბათუმელები“ ნადიმ ხმალაძის კიდევ ერთ მეგობარ,ს გიორგი სიხარულიძესაც ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ბოლო საუბრის დროს ნადიმი მას უნდა შეხვედროდა, თუმცა მოგვიანებით ტელეფონს აღარ უპასუხა.
„ნადიმი არის ჩემი მეგობარი, უნდა გვესადილა ერთად და ბოლოს რომ ველაპარაკე, როგორც ვიცი, იყო პარლამენტთან რომ გალერეაა, იმის წინ, მითხრა, ახლა ტაქსის ვაჩერებ და მოვალო. რა ადგილზე აჩერებდა ტაქსის, ეს არ ვიცი, მაგრამ ცოტა რომ დააგვიანა, გადავურეკე და უკვე გათიშული ჰქონდა ტელეფონი“ – გვთხრა გიორგი სიხარულიძემ.
„ბათუმელები“ შს სამინისტროს დაუკავშირდა ინფორმაციის გადამოწმების მიზნით და ჰკითხა, არის თუ არა ამ დროისთვის ნადიმ ხმალაძე დაკავებული, თუმცა შსს ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
ამავე დროს, მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი წევრი, გიგა მაქარაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ ნადიმ ხმალაძე ადმინსტრაციული წესით ჰყავთ დაკავებული და ზაჰესის იზოლატორშია მოთავსებული.
შს სამინისტროდან ინფორმაციის მიღების შემდეგ მასალა განახლდება.
ნადიმ ხმალაძე უკრაინაში 2022 წლიდან იბრძვის, ამას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. როგორც ნადიმი, ასევე სხვა ქართველი მებრძოლები მიიჩნევენ, რომ ისინი უკრაინაში საქართველოს იცავენ, „რადგან რუსეთი ოკუპანტია და მიტაცებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%-ი“.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უკრაინაში მებრძოლი ქართველების წინააღმდეგ არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთეს. მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილი მათ მოიხსენიებდა „ომის პარტიის“ წევრებად. ასევე, ქართველ მებრძოლებს „დაქირავებული მოხალისეებიც“ უწოდა.
უკრაინაში მებრძოლი ქართველების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ალუდა ღუდუშაურმაც, მან ქართველი მებრძოლები „დათა თუთაშხიას“ ერთ-ერთ გმირს „კიკუს“ შეადარა, რის გამოც დავით ქაცარავამ მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვა.
„ქართული ოცნების“ წევრებმა ასევე განცხადებებს აკეთებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში მებრძოლ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობას ჩამოართმევდნენ, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.
„მე, როგორც გერმანული ერთ-ერთი წამყვანი საზღვაო კომპანიის, Reederei Nord-ის მეზღვაურს, მემუქრება აგენტურული იარლიყის მიკვრა!
თქვენც, ვინც ურთულეს და უკეთილშობილეს საქმეს აკეთებთ, გემუქრებათ ეს ყველაფერი!“ – ამ სიტყვებით მიმართავს საზღვაო აკადემიის სტუდენტებს სულო ჩებინოვი, რომელიც ბათუმის საზღვაო ნავიგაციის კურსდამთავრებული და შანხაის საზღვაო უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის მონაწილეა.
ის პარლამენტის მიერ რუსული კანონპროექტის განხილვას აპროტესტებს და საზღვაო აკადემიის სტუდენტებს მოუწოდებს, ხმა აიმაღლონ საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად.
„პროფესიით ვარ მეზღვაური.
თავს ვალდებულად ვთვლი, მოვუწოდო ჩემს კოლეგებს, ღირსეული საქმის მკეთებელ მეზღვაურებს, რომ მკაფიოდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია რუსულ კანონთან დაკავშირებით!
მეზღვაურებო, გააპროტესტეთ ის, რაც დღეს ხდება, ამოიღეთ ხმა, დააფიქსირეთ თქვენი აზრი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შორეული ნაოსნობიდან დაბრუნებულებს, რუსეთში არ მოგვიწიოს ჩამოსვლა“ – ამბობს სულო ჩებინოვი.
სულო ჩებინოვი, მეზღვაური
მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები მიმდინარეობს.
„უნდა გავერთიანდეთ იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რასაც პრორუსი მთავრობა გვთავაზობს. დღეს რაც ხდება, არის სრული მარაზმი და დანაშაული ქართველი ერის წინაშე.
გააპროტესტეთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, დაგმეთ რუსული საქმე, დაგმეთ „შულავერის კომიტეტის“ 76 მონა.
ჩვენი ურთულესი პროფესიიდან გამომდინარე, ნახევარი ცხოვრების გემზე გატარება გვიწევს, ნუთუ მეორე ნახევარი რუსეთში გვინდა მოისპოს?!
გვარწმუნებენ, რომ ფიზიკურ პირზე არ გავრცელდება ეს კანონი და რა მოხდა რუსეთში? – დღეს, ყველა ადამიანი, ვინც არ ეთანხმება რუსეთის ტერორისტულ რეჟიმს, აგენტად და ხალხის მტრად არის გამოცხადებული. რეპრესიების თავიდან ასაცილებლად, ყველას დატოვებული აქვს ქვეყანა.
მე, როგორც გერმანული ერთ-ერთი წამყვანი საზღვაო კომპანიის მეზღვაურს, მემუქრება აგენტურული იარლიყის მიკვრა!
თქვენც, ვინც ურთულეს და უკეთილშობილეს საქმეს აკეთებთ, გემუქრებათ ეს ყველაფერი!
თქვენ ხართ სტუდენტების და ახალი თაობის მაგალითი. თქვენ შეგიძლიათ აჩვენოთ ის, თუ როგორ გიყვართ თქვენი სამშობლო.
კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, გამოხატოთ თქვენი მოსაზრება ამ ბინძური კანონის წინააღმდეგ“ – ამბობს სულო ჩებინოვი.
საქართველოს პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს, პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონი „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ, რომლის მიზანია ქვეყანაში კრიტიკული აზრის, კრიტიკული მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების გაქრობა. კანონი მიღებული აქვს რუსეთს, რის შემდეგაც რუსეთში გაქრა სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური ოპოზიცია და მედია.
საზოგადოება რუსული კანონის წინააღმდეგ მრავალათასიან აქციებს მართავს. გუშინდელი აქცია თბილისში ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით დაარბია.
საპროტესტო აქციები დღესაც იმართება თბილისსა და ბათუმში.
„პოლიციის ქმედებები ლეგიტიმური არ იყო,“ – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე, რომელიც ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პოლიციას საერთოდ არ ჰქონდა 7 მარტს გამართულ აქციაზე წყლის ჭავლის ან გაზის გამოყენების უფლება.
იურისტი განმარტავს, რომ პოლიციამ კანონი დაარღვია მაშინაც, როცა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებდა, შემდეგ კი მასობრივი დაკავების პრაქტიკას მიმართა. დაკავებულები სხვადასხვა ქალაქის იზოლატორში გადაიყვანეს და ბევრ მათგანს ამ დრომდე ვერ უკავშირდებიან.
ქალბატონო ნონა, რა სახით დაირღვა ადამიანის უფლებები გუშინდელ აქციაზე?
გუშინდელ აქციაზე პოლიციამ გამოიყენა ძალა, რომლის გამოყენების არანაირი საჭიროება არ არსებობდა, შემდეგ იყო აქციის მონაწილეების დაკავება, მათი დაზიანება.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ჩარევას. პოლიციას არ ჰქონდა უფლება, გამოეყენებინა ის ძალა, რაც გამოიყენა.
აღსანიშნავია, რომ პოლიციამ ამ აქციაზე დააკავა არაერთი ადამიანი. როგორც შს სამინისტრო აცხადებს, დააკავეს 66 ადამიანი ადმინისტრაციული წესით. მასობრივად დააკავეს ადამიანები ამ აქციაზე და გაგრძელდა ადამიანების მასობრივი დაკავების პრაქტიკა.
პარტნიორი ორგანიზაციები მთელი ღამის განმავლობაში ამ ადამიანების პოვნას ვცდილობდით სხვადასხვა დროებითი მოთავსების იზოლატორში, პოლიციის განყოფილებებში და ძალიან გართულებული იყო დაკავებული პირების ადგილსამყოფლის დადგენა. ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა არ იცოდნენ, სად იმყოფებოდნენ დაკავებული პირები. დღესაც, ამ დრომდე გრძელდება მათი ძებნა, რადგან ისინი გადაყვანილნი არიან საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ზოგიერთი გადაიყვანეს ქუთაისში, მაგალითად.
რატომ გადაჰყავთ სხვა ქალაქების იზოლატორებში დაკავებულები და ხომ არ განუხილავს რომელიმე დაკავებულის საქმე სასამართლოს?
ეს ერთ-ერთი მეთოდია, რომ შეფერხდეს ადვოკატთან შეხვედრა და დამატებით ბარიერი შექმნან. ზოგჯერ ამას ხსნიან იმით, რომ ადგილი არ არის წინასწარი დაკავების იზოლატორში. შსს-მ უნდა განმარტოს, რატომ გადაიყვანეს დაკავებულები სხვადასხვა ქალაქის იზოლატორში.
ამ დროისთვის სასამართლოში საქმის განხილვა დაწყებული არ არის. ჯერჯერობით საქმეები არ არის შესული სასამართლოში განსახილველად.
რაც შეეხება ფიზიკურ დაზიანებებს: აქციის ზოგიერთი მონაწილე ფიზიკურად დაზიანდა და ეს კადრებშიც ვნახეთ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს ეპიზოდი და ფაქტი იყოს სასწრაფოდ განხილული. ჩვენ არ გვაქვს ამ ეტაპზე სამედიცინო დოკუმენტაცია აქციის მონაწილეების დაზიანებებთან დაკავშირებით, რითაც გაირკვევა, ეს რა სიმძიმის დაზიანებებია.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად შემოწმდეს თითოეული დაზიანებული პირი, იმიტომ, რომ არ წაიშალოს კვალი, რომელიც შესაძლოა ამ ეტაპზე არსებობდეს. ეს არის გამოძიების საქმე და გამოძიებამ ძალიან სწრაფად უნდა იმოქმედოს.
ნონა ქურდოვანიძე
თუმცა გამოძიება პირიქით დაიწყო, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ – პოლიციელის მიმართ ძალადობის და მუქარის მუხლებით…
გამოძიება დაიწყო, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომელ პირებთან მიმართებით და რა ფაქტზე დაიწყო ეს გამოძიება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურია ის უწყება, რომელმაც უნდა გამოიძიოს პოლიციელთა მხრიდან ჩადენილი შესაძლო დანაშაულის ფაქტები. მათ აქვთ გამოძიება დაწყებული ერთ შემთხვევაზე, რაც ეხება ზურაბ ჯაფარიძისთვის ფიზიკური დაზიანების მიყენების ფაქტს.
საინტერესოა თქვენი შეფასება მოწოდებაზე – აქციაზე პერიოდულად რთავდნენ პოლიციელები აუდიოჩანაწერს და მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს დაშლას სთხოვდნენ.
ძალიან მნიშვნელოვანია, როდის დაიწყო პოლიციამ აქციის მონაწილეების გაფრთხილება. როდესაც ძალა უკვე გამოყენებულია, მაშინ გაფრთხილება ძალიან დაგვიანებულია.
მანამდეც რა უფლება აქვს პოლიციას, მშვიდობიანი აქციის მონაწილეს მოსთხოვოს დაშლა?
ეს დაუშვებელია, როდესაც აქცია არის მშვიდობიანი და არ ხდება ინციდენტი. მოწოდების ეს ფორმა არღვევს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას. გაფრთხილება უნდა გაკეთდეს მაშინ, როდესაც პოლიცია ხედავს, რომ აქცია ან მისი ნაწილი ძალადობრივია და საჭირო ხდება სპეციალური ძალის გამოყენება.
ამ შემთხვევაში კი, როდესაც პოლიციამ სპეციალური ძალის, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო, არ არსებობდა ამის საჭიროება.
ჩვენ ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რა საშუალებები იყო გამოყენებული აქციაზე სპეციალური ძალის გამოყენების დროს და როგორი იყო მათი შემადგენლობა. შევეცდებით ამ საკითხის უფრო დეტალურ შესწავლას და გაანალიზებას.
როგორც თქვენ ამბობთ, ჭავლი და ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს სამართალდამცველებმა უკანონოდ. როგორი უნდა იყოს ამ დროს რეაგირება, რა მოლოდინი გაქვთ?
დიახ, ჩვენ ვამბობთ, რომ არ იყო პოლიციის ქმედებები ლეგიტიმური და მას არ ჰქონდა უფლებამოსილება, დაეწყო ძალის გამოყენება მაშინ, როცა მან ეს განახორციელა.
ეს აქცია იყო მშვიდობიანი და ინარჩუნებდა მშვიდობიან ხასიათს. ამ დროს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების არანაირი საჭიროება არ იდგა. ამ ფაქტებს სჭირდება გამოძიება და გამოძიება არ უნდა იყოს მხოლოდ ცალკეულ პოლიციელებთან მიმართებით. უნდა შეფასდეს, როგორ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება და გამოიკვეთოს იმ პირების ქმედებაში დანაშაულის ნიშნები, რომლებმაც ეს გადაწყვეტილებები მიიღეს.
მოლოდინთან დაკავშირებით რთულია რამე ვთქვათ, რადგან ჩვენ გვახსოვს გამოცდილებიდან მსგავსი შემთხვევები, როცა ამ ტიპის ქმედებები ამ დრომდე გამოძიებული არ არის.
აქცია გაგრძელდება დღესაც, რა უნდა იცოდნენ აქციის მონაწილეებმა, როგორ უნდა დაიცვან თავი?
დაკავებულს აქვს უფლება, რომ დაკავებისთანავე ჰყავდეს ადვოკატი, მას უნდა განუმარტონ უფლებები და დაკავებისთანავე გააცნონ, რა ფაქტის გამო აკავებენ.
დაკავებულს უნდა მიეცეს ასევე შესაძლებლობა, რომ მისი ადგილსამყოფლის შესახებ შეატყობინოს ოჯახს.
ეს უფლებები ცალსახად იყო გუშინ დარღვეული, როცა საათობით და ზოგიერთ შემთხვევაში ამ დრომდე გრძელდება ადგილსამყოფლის დადგენა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მეორე კურსის სტუდენტი ნიკა თურმანიძე უნივერსიტეტის რექტორს, მერაბ ხალვაშს და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს მიმართავს.
სტუდენტი რექტორს და ლექტორებს მოუწოდებს, ღიად და მკაფიოდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია რუსულ კანონთა დაკავშირებით, მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნივერსიტეტის მცდელობა, ასწავლოს სტუდენტებს რა არის ევროპული დემოკრატია, ევროპული ღირებულებები და სამართლიანობა, აზრს კარგავს.
„ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში აუცილებელია ისმოდეს უნივერსიტეტის ხმა და ღია პოზიცია რუსულ კანონთან დაკავშირებით.
ასეთ დროს სწორედ უნივერსიტეტი უნდა ასრულებდეს ყველაზე მნიშვნელოვან როლს და ის უნდა ყოფილიყო პირველი, რომელიც ამ მოწოდებას გააჟღერებდა, მაგრამ სამწუხაროა, რომ წერილობითი მიმართვა დამჭირდა რექტორის პოზიციის გასაგებად“ – ამბობს ნიკა თურმანიძე „ბათუმელებთან“.
მისი თქმით, როცა დღეს სტუდენტები და საზოგადოების დიდი ნაწილი იცავს თავის ევროპულ არჩევანს, ლექტორ-მასწავლებლების დიდი ნაწილი ფარდის უკან დგომას ამჯობინებს.
„უნივერსიტეტის რეალური პოზიცია არ ჩანს. გუშინ გვქონდა სტუდენტებს საინფორმაციო შეხვედრა რუსულ კანონთან დაკავშირებით და არც იქ მოვიდნენ ლექტორები, გარდა რამდენიმესი.
დღეს უნივერსიტეტის პოზიცია სამწუხაროდ არის სიჩუმე. მათ შორის სტუდენტური თვითმმართველობის, რომელიც უნდა აჟღერებდეს სტუდენტების ხმას უნივერსიტეტში.
ლექტორი, რომელიც სამართლიანობაზე, ევროპულ კულტურაზე, ევროპულ მომავალზე, ევროპულ დემოკრატიაზე გვესაუბრება, როგორ შეიძლება ახლა ჩვენ გვერდით არ იდგეს?“ – ამბობს ნიკა.
მისი თქმით, იმ ძალისხმევაში, რაც მოქალაქეებმა გაიღეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, ნაწილობრივ ამ ხალხის წვლილიცაა, დღეს კი, „როცა ყველაფერი ჩვენ თვალწინ ინგრევა, სწორედ ეს ლექტორები და სტუდენტები უნდა გამოსულიყვნენ ამის დასაცავად“.
მისი თქმით, რუსულ კანონპროექტზე მსჯელობა ლექცია-სემინარებზეც კი არ მიმდინარეობს.
„მე ვსწავლობ სამართლის ფაკულტეტზე და სამწუხაროა ის, რომ როცა ამხელა ამბავია რუსულ კანონპროექტზე, სამართლის ლექტორები ამ პრობლემაზე საერთოდ არ საუბრობენ, არც ლექციებზე და არც სემინარებზე.
თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც გვიჭერენ მხარს, მაგრამ არა ღიად, ფარდის უკან დგომას არჩევენ.
სამწუხაროდ, ის კონფორმიზმი, რომელიც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, გარკვეულწილად უნივერსიტეტშიც ვრცელდება, თუმცა იმედი მაქვს, ამ ისტორიული არჩევანის დასაცავად, რაც წლების წინ ავირჩიეთ, ჩვენი ლექტორ-მასწავლებლებიც ჩვენ გვერდით იქნებიან და დაიცავენ ევროპულ მომავალს“ – ამბობს ნიკა.
მისი აზრით, გუშინ, 7 მარტს, აქციაზე ხელისუფლებამ დაარღვია როგორც შეკრების, ასევე მანიფესტაციის, აზრის გამოხატვის თავისუფლების და სხვა უფლებებიც და ასეთ ვითარებაში ადამიანებს უჩნდებათ შიში. თუმცა ნიკა თურმანიძე მიიჩნევს, რომ სტუდენტური მოძრაობის შეჩერება არავის შეუძლია.
„როგორც ჩანს, ბევრი ვერ იაზრებს იმ შედეგს, რაც რუსულ კანონს მოჰყვება.
რაც არ უნდა სიტყვები ჩაწერონ შიგნით, იქნება ეს „კეთილსინდისიერება“ თუ სხვა რამ, ამ კანონის მიზანი ერთია – ვინც არ მოეწონებათ ყველაზე თქვან: „ჯაშუში“, „მოგზავნილი“, „აგენტი“. ასე საუბრობდა დღეს კობახიძე და სწორედ ეს არის ამ კანონის მიზანიც.
შესაბამისად, ნებისმიერი ის ლექტორი ან სტუდენტი, რომლებიც ჩართულნი არიან სხვადასხვა კვლევით საქმიანობაში, მათ შორის, უცხოეთიდან დაფინანსებულ პროექტებსა და პროგრამებში, შესაძლოა გახდნენ ამ კანონპროექტის მსხვერპლი, თუკი კრიტიკულ აზრს გამოხატავენ ხელისუფლების მიმართ.
როგორ შეიძლება სტუდენტების ლეგიტიმურ პროტესტს ჯაშუშობა ან აგენტობა უწოდო? მე გამოვხატავ ჩემს გულწრფელ პროტესტს და ამ ადამიანებს უბრალოდ მინდა ვუთხრა, რომ ვერ შეძლებენ სტუდენტური მოძრაობის და სტუდენტების გაჩუმებას, ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რაც ხელისუფლებამ შეიძლება გააკეთოს და სწორედ ამას ემსახურება ეს რუსული კანონპროექტი“ – ამბობს ნიკა.
მას იმედი აქვს, რომ რუსული კანონი ვერ შევა ძალაში და თუ მაინც შევიდა, მალევე დასრულდება.
„ისევე, როგორც უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში ერთმანეთისთვის „ჯაშუშის“ და „აგენტის“ იარლიყების მიწებება.
და ბოლოს, რექტორს მინდა გულწრფელად ვთხოვო, გამოხატოს მკაფიო და საჯარო პოზიცია უნივერსიტეტის სახელით და თუ ეს არ მოხდება, გამოჩნდება, რომ უნივერსიტეტი უბრალოდ არ უჭერს პირველ რიგში მხარს ევროპულ მომავალს და მეორე – მხარს არ უჭერს თავის სტუდენტებს.
მაშინ შეუძლიათ აღარც ლექციები ჩაატარონ, რადგან ნებისმიერ ლექციას, რომელიც ამის შემდეგ ჩატარდება და სადაც საუბარი იქნება დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა თუ სამართლიანობაზე, აზრი აღარ ექნება, რადგან წინ გვექნება იმის მაგალითი, რომ უნივერსიტეტმა ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტში, როცა ჩვენი ქვეყნის მომავალი იდგა სასწორზე, სწორედ მაშინ უღალატა ამ პრინციპულ არჩევანს და არ დადგა სწორ მხარეს, სტუდენტების მხარეს და ნათელი აზრის მხარეს“ – ამბობს ნიკა თურმანიძე.
რა ხდება?
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.
ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს „ხალხის ძალიდან“ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვთ ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] „უფრო შერბილებული“ ვერსია და 2. „ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი“.
საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.
ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
პარლამენტი რუსულ კანონს, საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტის ფონზე განიხილავს.
რუსულ კანონპროექტს საქართველოში ეწინააღმდეგებიან ავტორიტეტული ორგანიზაციები და ცნობილი მეცნიერები, მწერლები, დიპლომატები, ექიმები, მხატვრებიდა საზოგადოებისთვის ცნობილი პირები.
დღეს, 8 მარტს, 19:00 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე, რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების აქცია გაგრძელდება.
პირველი აქციაბათუმში გუშინ, 7 მარტს, სპონტანურად, მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტი, ნაცვლად დაანონსებული 9 მარტისა, კანონპროექტს 7 მარტს განიხილავდა.
გარდა ამისა, დღეს საქართველოს ყველა ქალაქში რუსული კანონის წინააღმდეგ ქალთა მოძრაობის მიერ, დაგეგმილია საპროტესტო მარში “ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ”. ბათუმში მსვლელობა 14:00 საათზე, სასამართლოს შენობასთან დაიწყება და 15:00 საათზე ევროპის მოედანზე გადაინაცვლებს.
ასევე, დღეს, 17:00 საათზე, ბათუმელი სტუდენტები იკრიბებიანბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ, შადრევანთან, ისინი ევროპის მოედნის მიმართულებით დაიძვრებიან.
„ვნახავთ რეალურად რას წარმოადგენს ახალგაზრდული ძალა და ვაჩვენებთ სხვებსაც. განსაკუთრებით უნდა ვაჩვენოთ ლექტორებს, რომლებიც ჩვენს გვერდით არ არიან და იმ ხალხს, რომლებიც ისტორიის არასწორ მხარეს დგანან” – წერენ სტუდენტები.
საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. გუშინ, 7 მარტს, აქციაზე, მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგანი ისროლა აქციის ზოგიერთმა მონაწილემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, 7 მარტს, ადმინისტრაციული წესით66 ადამიანი დააკავეს.
ხულოში ადგილობრივებმა ანზორ ბოლქვაძის სახლის ჭიშკარსა და ფასადის კედლებზე 8 მარტს, გვიან ღამით, პროტესტის ნიშნად გააკრეს წარწერები – „მოღალატე!“, „საზეპირო, (ღ)რუსეთი მტერია! ევროპა მეგობარია! ჯამი ჭურჭელია!“.
ხულოელებმა წარწერები დატოვეს მერიის შენობაზე, ანზორ ბოლქვაძის შტაბსა და სხვა შენობებზეც – „ჩვენი თვითმიზანი ევროკავშირია!“, „არა (ღ)რუსულ კანონს! არა მოღალატე დეპუტატებს!“
ანზორ ბოლქვაძის სახლის ჭიშკარი ხულოში / 8.03.2023ანზორ ბოლქვაძის სახლის ჭიშჯარი ხულოში / 8.03.2023
ანზორ ბოლქვაძე მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრია აჭარიდან. თავდაპირველად იგი პარლამენტში 2008 წელს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით, მაჟორიტარული წესით მოხვდა. 2012 წლიდან კი, მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა არჩევნებში, ანზორ ბოლქვაძემ საკანონმდებლო ორგანოში „ოცნების“ სახელით გააგრძელა საქმიანობა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2020 წელს გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც ანზორ ბოლქვაძის ნათესავების კომპანიებმა ოთხ წელში 6 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს.
„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ოპოზიციას, ასევე კრიტიკულ სამოქალაქო საზოგადოებას, ჯაშუშებსა და ექსტრემისტებს უწოდებს და აგვისტოს ომის დაწყებას ისევ საქართველოს მაშინდელ მთავრობას აბრალებს.
„ჩვენ ჯაშუშების ახალ რევოლუციას რა დავუშვებთ. საქართველოში 2003 წელს მოხდა ჯაშუშების რევოლუცია, მაშინ ჯაშუშებმა შეძლეს მანიპულირება საზოგადოების გულწრფელი ემოციებით და პრინციპული შეცდომა დააშვებინეს.
დღეს საზოგადოება საკმაოდ მომწიფებულია იმისთვის, რომ იმავე ჯაშუშების ახალი რევოლუცია და ქვეყნის წარსულში დაბრუნება არ დაუშვას.
საბოლოოდ, ვნებათაღელვა ჩაცხრება და საზოგადოებას დარჩება არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობა.
საზოგადოებას ეცოდინება, ვისი დაფინანსებით გაიმართა ბაკურიანის შეკრება, ვინ აფინანსებს „სირცხვილიას“, „დროას“ და სხვა ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, ვისი დაფინანსებით ფერხდება ქვეყნის ენერგეტიკული განვითარება და სხვა“ – განაცხადა ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ დღეს, 8 მარტს.
ის ოპონენტებს და კრიტიკულ საზოგადოებას უკვე მოიხსენიებს ჯაშუშებად და ამბობს, რომ „თუ ჩვენ არ დავიცავთ ქვეყანას ჯაშუშებისგან, არამარტო ევროკავშირის წევრები ვერ გავხდებით, არამედ სუვერენიტეტსაც დავკარგავთ.“
კობახიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მაქსიმალური პატივისცემა იმით გამოიჩინა ევროკომისიის მიმართ, რომ „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გააგზავნა:
„მინიმუმ სამი თვე დასჭირდება იქედან დასკვნის მიღებას და ამის შემდეგ გაგრძელდება პროცესი“.
რაც შეეხება აგვისტოს ომს, მიუხედავად იმისა, რომ ჰააგის სასამართლომ მთლიანად რუსეთი დაადანაშაულა ომის დაწყებაში, კობახიძე ისევ ჯიუტად იმეორებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო. „თქვენ, „ნაცმოძრაობამ“ შემოიყვანეთ რუსული ჯარი 2008 წელს“ – უთხრა მან ჟურნალისტს.
უცხოური გავლენის აგენტის რუსული კანონპროექტი ევროკავშირმა, აშშ-მ, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ კრიტიკულად შეაფასა და მას საქართველოს დემოკრატიის შავი დღე უწოდა. ამის მიუხედავად კობახიძე მაინც იმეორებს, რომ „კანონი ამერიკულია“ და რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს.
„ჩვენ ვიმოქმედებთ არა რადიკალების, არა ვიოლა ფონ კრამონის დღის წესრიგით, არამედ საზოგადოების დღის წესრიგის შესაბამისად“ – ამბობს კობახიძე.
გუშინ, 7 მარტს, ათასობით საქართველოს მოქალაქემ უარი უთხრა „ოცნების“ რუსულ კანონს და საპროტესტო აქცია გამართა.
ხელისუფლებამ აქცია ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით დაშალა. მშვიდობიანი აქციის მიუხედავად, პოლიციამ 66 მოქალაქე დააკავა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 8 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 155 530 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 700]
ტანკი – 3 436 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 6 723 ერთეული [+9]
საარტილერიო სისტემა – 2 463 ერთეული [+7]
MLRS – 488 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 253 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 303 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 289 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 098 ერთეული [+3]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 873 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 5 330 ერთეული [+7]
სპეცტექნიკა – 236 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
398 თვითმფრინავი
217 ვერტმფრენი
3 361 უპილოტო საფრენი აპარატი
410 საზენიტო სარაკეტო სისტემა
8 222 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 055 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
4 300 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
8 798 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
„მოწოდება – დაიშალოს აქცია, შესაძლოა მაშინ გახდეს საჭირო, როცა კანონი ირღვევა. როცა კანონდარღვევა არ არის გამოხატული და ხელისუფლებას სურს შეწყვიტოს მოქალაქის შეკრებების და მანიფესტაციების უფლება, ეს უკანონოა,“ – ამბობს იურისტი, ორგანიზაციის „მედიაომბუდსმენის“ დირექტორი ნათია კაპანაძე. მას ვთხოვეთ შეფასება – რამდენად სამართლიანია პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველების მოწოდება, აუდიოჩანაწერი, რაც პერიოდულად ირთვება და ხმამაღლა მოუწოდებენ დაშლისკენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს.
აქციაზე „არა რუსულ კანონს“ ამ დრომდე პოლიციელები უკანონოდ აკავებენ ადამიანებს, მათ შორის, ფიზიკური ძალის გამოყენებით. პოლიციელებმა აქციაზე წყლის ჭავლი, მხუთავი აირი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
„გადამეტება არაერთხელ გამოვლინდა, როგორც მშვიდობიანი შეკრების პროცესის შეწყვეტაში, შეწყვეტისათვის გამოყენებული უთანასწორო ძალის გამოყენებაში სათანადო საფუძვლების გარეშე, ასევე უკანონო დაკავებაში, როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიტიკოსის მიმართ…
და ტრადიციულად, სამართალდამცავ ორგანოებს მედიის მუშაობის უსაფრთხოებისთვის არც ერთი ზომა არ მიუღიათ,“- აღნიშნა ნათია კაპანაძემ „ბათუმელებთან“.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ აზუსტებს, რამდენი ადამიანი დააკავა ადმინისტრაციული წესით პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე. პოლიციის მაღალჩინოსნები ჟურნალისტებთან არ განმარტავენ, რის გამო აკავებენ ადამიანებს.
00:40 საათზე შსს-ს პრესცენტრში გვითხრეს, რომ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავეს.
03:30 საათზე საპროტესტო აქცია პარლამენტთან „არა რუსულ კანონს“ გრძელდება.
რა ხდება?
საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმადღეს, 7 მარტს, სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.
კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.
საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
„საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა! მშვიდობას და თავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს“ – წერს ფეისბუქზე ცნობილი ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია.
იგი არ არის ერთადერთი ქართველი სპორტსმენი, რომელიც მსგავს განცხადებას ავრცელებს დღეს, როცა თბილისში მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს პარლამენტთან ლოზუნგით – „არა რუსულ კანონს“.
7 მარტს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს „უცხოური გავლენის აგენტებად“ აცხადებს.
ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საქართველოს მოქალაქეები არიან შეკრებილნი და აპროტესტებენ რუსული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას.
„მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი. სადაც ჩემი სამშობლოა, იქ ვარ მეც“ – წერს ფეისბუქზე თორნიკე შენგელია, საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი.
იგი არ არის ერთადერთი ქართველი სპორტსმენი, რომელიც მსგავს განცხადებას ავრცელებს დღეს, როცა თბილისში მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს პარლამენტთთან ლოზუნგით – „არა რუსულ კანონს“.
7 მარტს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს „უცხოური გავლენის აგენტებად“ აცხადებს.
ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საქართველოს მოქალაქეები არიან შეკრებილნი და აპროტესტებენ რუსული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას.
ევროპის ქვეყნებში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოს ევროპული მომავლის დაცვის თხოვნით ევროკავშირის ინსტიტუტებს წერილობით მიმართეს. ემიგრანტები შეშფოთებას გამოხატავენ რუსული კანონპროექტის გამო და აცხადებენ, რომ ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.
ქართველი ემიგრანტები ევროპის სტრუქტურებს სთხოვენ:
„გააძლიერონ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერა
დაუწესდეს პირადი სანქციები საქართველოს პარლამენტის იმ დეპუტატებს, რომლებიც არიან უცხოური გავლენის აგენტების შესახებ რუსული კანონპროექტის ინიციატორები და მხარდამჭერები
დაუწესდეს პირადი სანქციები საქართველოს არაფორმალურ მმართველ, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს მისი როლისა და გავლენისთვის საქართველოს მმართველ პარტიაზე, მთავრობასა და დემოკრატიის მოშლაში, როგორც ეს უკვე აღინიშნა ევროპის პარლამენტის რეზოლუციაში“,
„ქართველი ემიგრანტები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ რუსული კანონის შესაძლო მიღებასთან დაკავშირებით.
კანონპროექტის თანახმად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები თუ მედიასაშუალებები, რომელთა წლიური შემოსავლის 20% ან მეტი „უცხოური ძალისგანაა“ მიღებული, სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ფინანსური სანქციები, ხოლო შემდეგ სამართლებრივი დევნა ემუქრებათ.
საქართველოში სამოქალაქო სექტორს ევროპის კავშირი მხარს აქტიურად უჭერს. ევროპის კავშირსა და მის წევრ ქვეყნებში არსებული ფონდების მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერის წყალობით, ათწლეულებია, არასამთავრობო სექტორი აქტიურად მუშაობს, როგორც ქართული საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფებისთვის სერვისების მიწოდებაზე, ისე ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის პრინციპების დაცვისთვის.
უცხოური გავლენის აგენტის შესახებ რუსული კანონპროექტი კი აღვივებს არასამთავრობო სექტორის, მედიის, ასოციაციების, სათემო ორგანიზაციების თუ პროფკავშირების მიმართ მტრულ დამოკიდებულებას.
პარალელურად, „ქართული ოცნების“ სატელიტი, პრორუსული და კონსერვატიული ძალების ღია მუქარები საფრთხეს უქმნის აღნიშნულ სექტორში დასაქმებულთა საქმიანობასა და პირად უსაფრთხოებას.
მაგალითად, კრემლის მიერ დაფინანსებული, პრორუსული ორგანიზაცია „ალტ-ინფო“ საკუთარ ეთერებსა და სოციალურ ქსელებში, ასახელებს ამა თუ იმ აქტივისტს და ღიად ემუქრება „აგენტების“ კანონის მიღების შემდეგ ფიზიკური განადგურებით.
„ქართული ოცნების“ ღია მიზანი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟია, რაც 2022 წლის ივნისში, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ნეგატიურ გადაწყვეტილებაშიც გამოიხატა.
ქართველი ხალხის მომავალი ევროპულია. ევრო-ატლანტიკური კურსისადმი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეებმა მრავალჯერ დაადასტურეს.
ის ასევე განსხეულებულია საქართველოს კონსტიტუციაში, როგორც ეროვნული თვითმიზანი“- წერენ ემიგრანტები ევროსტრუქტურებში გაგზავნილ წერილში.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ევროპულ ოჯახში გაწევრიანების უნიკალური შანსი მიეცა, „თუმცა დღეს, საქართველოს მოქალაქეებს – საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ – ამ შესაძლებლობას პრორუსული სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება“ ართმევს.
აღნიშნული წერილის ხელმომწერები მტკიცედ ვართ დარწმუნებული, რომ ინიცირებული კანონპროექტი შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან.
კანონპროექტის თითოეული მხარდამჭერი საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს.
ეს არის საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მიმართული ღია ნაბიჯი, რომლის მიღებაც ნიშნავს საქართველოს სტრატეგიულ არჩევანზე უარის თქმას.
ეს გადაწყვეტილება ნიშნავს არა მხოლოდ დასავლეთისკენ გზის ჩარაზვას, არამედ ქართული საზოგადოების 80%-ზე მეტისთვის ღიად თქმას, რომ ჩვენ აღარ გვექნება ევროპული მომავალი, მაგრამ გვექნება რუსული.
იმ პირობებში, როდესაც საქართველო იმყოფება „მოლოდინის რეჟიმში“ და აღსასრულებელი აქვს ევროკომისიის პრიორიტეტული ამოცანები, უცხოური გავლენის აგენტების კანონის არათუ მიღება, არამედ მასზე საჯარო სივრცეში მსჯელობის დაწყებაც დამაზიანებელია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის“ – ნათქვამია წერილში, რომელიც ემიგრანტებმა დღეს, 7 მარტს, ევროპის პარლამენტს, ევროპის კომისიასა და ევროკავშირის საბჭოს გაუგზავნეს.
ამ დროისთვის წერილს ხელს აწერს 473 ემიგრანტი სხვადასხვა ქვეყნიდან.
„ბათუმელები“ წერილის ერთ-ერთ ავტორს, კრისტინა პიტალსკაიას ესაუბრა, რომელიც ამ დროისთვის ბელგიაში ცხოვრობს.
მისი თქმით, ქართველი ემიგრანტები აპირებენ შესაძლებლობის ფარგლებში ყველას მიაწვდინონ მათი ხმა და დაიცვან საქართველოს ევროპული არჩევანი.
„მიმართვას ხელს აწერენ ქართველი ემიგრანტები ევროპაში და მის გარეთ, განურჩევლად პროფესიისა და პოლიტიკური გემოვნებისა. ჩვენ ვდგავართ საქართველოს ევრო-ატლანტიკური გზის დასაცავად და წინ ვუდგებით ჩვენი ქვეყნის ოკუპანტ რუსეთთან დაახლოების მცდელობას“-ნათქვამის წერილში.