მთავარი,სიახლეები

„ეს დასაწყისია“ – ძალადობის გარდა „ოცნებას“ სხვა ინსტრუმენტი აღარ დარჩა – ინტერვიუ

17.06.2023 • 2595
„ეს დასაწყისია“ – ძალადობის გარდა „ოცნებას“ სხვა ინსტრუმენტი აღარ დარჩა  – ინტერვიუ

„ჩანაფიქრი მარტივია: „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ უკვე არამხოლოდ სიტყვით დააზიანოს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი, არამედ გადავიდეს საქმეზე,“ – მიიჩნევს არმაზ ახვლედიანი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, რომელსაც ვკითხეთ: რას აჩვენებს ფიზიკური თავდასხმების გახშირება „ოცნების“ პოლიტიკურ ოპონენტებზე?

პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივანი და დამოუკიდებელი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ „ეს დასაწყისია“ და ძალადობის, ოპონენტების წინააღმდეგ ბინძური მეთოდების გამოყენების მასშტაბი გაიზრდება. არმაზ ახვლედიანის დაკვირვებით, „ოცნებას“ ძალადობის გარდა სხვა ინსტრუმენტი აღარ დარჩა.

„ეს იმუშავებს, მაგრამ გარკვეულ დრომდე. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, რომ ძალადობა მუშაობს. ძალადობით ვიღაცას დააშინებენ, ვიღაც – ქვეყანას დატოვებს, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს სხვადასხვა რეაქცია ექნება, მაგრამ საბოლოო ჯამში, სწორედ იმიტომ, რომ ეს შეეხება ყველას, ან ვისაც არ შეეხება, იგრძნობს, რომ ადრე თუ გვიან მასაც აუცილებლად შეეხება, გამოიწვევს შესაბამის რეაქციას,“ – გვითხრა არმაზ ახვლედიანმა.

„ბათუმელებმა“ არმაზ ახვლედიანთან ინტერვიუ ჩაწერა, ის პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატია.

  • ბატონო არმაზ, პირველ რიგში, რას აჩვენებს თქვენთვის ერთდროულად სამი თავდასხმა ერთ დღეში იმ ჯგუფებზე, რომლებიც „ოცნების“ ოპონენტები არიან? 

ჩანაფიქრი მარტივია. პირველი: „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ უკვე არამხოლოდ სიტყვით დააზიანოს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი, არამედ გადავიდეს საქმეზე. ეს საქმე დღეს „დიდებულად“ გამოჩნდა – დიდებულად აჩვენეს, რა შეუძლიათ, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩემი დაკვირვებით, ამ ვითარებაში, რაც ახლა ქვეყანაშია შექმნილი „ქართული ოცნების“ მიერ, აღარანაირი სხვა ინსტრუმენტი, თუ არა ძალადობა, „ოცნებას“ არ რჩება.

„ქართულ ოცნებას“ კარგად აქვს გააზრებული, რომ მისი რეიტინგი მკვეთრად ეცემა. მას არ აქვს შანსი, არჩევნებზე მიაღწიოს წარმატებას ჩვეულებრივი, ნორმალური გზით, არც იმ გზებით, რომელიც მას აქამდე გამოუყენებია, თუნდაც 2020 წელს, 2021-ში, 2016-ში.

ამიტომაც, ახლა გადაწყვეტილია: გამოყენებული იყოს ყველაზე უფრო ბინძური მეთოდები, რაც აქამდეც გამოიყენებოდა, მაგრამ ახლა მოხდება მისი გამოყენება ტოტალურად. ეს იქნება 2024 წლის არჩევნებში საფირმო ხელწერა „ქართული ოცნებისა“ – ის ასე წარმოდგება ამ არჩევნებში.

მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ ეუბნება დასავლეთს: თუ თქვენთვის აქამდე გასაგები არ იყო ჩვენი მძიმე და დამაზიანებელი რიტორიკა, ახლა იხილავთ ძალადობას: ოპონენტებზე, მოქალაქეებზე, სტუდენტებზე და იქნებ ახლა მაინც დარწმუნდეთ ჩვენს რეალურ განზრახვებში.

  • იცვლება ოპონენტების მიმართ ძალადობის გამოვლენის მასშტაბი? როცა თქვენ იყავით „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მაშინ როგორ ხედავდნენ ამ პარტიაში ოპონენტებთან ბრძოლას? 

მე ვიყავი „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი 10 წლის წინ და როცა პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი გავხდი, მე საერთოდ არ ვერიდებოდი შეხვედრებს ოპონენტებთან, ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელებთან. მაშინ არავითარი შეზღუდვა ამ კუთხით არ არსებობდა. მიმაჩნდა, რომ ჯანსაღი ოპონირება, ამისთვის დემოკრატიული ჩარჩოს შექმნა –  სწორედ ესაა ნორმალური გარემო. ასე მიიღწევა საქვეყნო წარმატება და არამხოლოდ ერთი პარტიის წარმატება.

2013 წლის ბოლოდან, როცა ირაკლი ღარიბაშვილი იკავებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, ყოველწლიურად მძიმდება ვითარება. ღარიბაშვილის დაბრუნებამ პრემიერის პოსტზე კი, ეს ვითარება სრულიად კატასტროფული გახადა. ამ დამოკიდებულებამ მიიღო სრულიად დრამატული ხასიათი 2020 – 2021 წლების არჩევნების შემდეგ.

ძალადობა გვახსოვს ყოველთვის: შევარდნაძის დროს, მანამდეც, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ხომ გვახსოვს და გვახსოვს და „ოცნების“ მხრიდან ძალადობის არაერთი შემთხვევა გვახსოვს, მაგრამ ახლა სხვა რამესთან გვაქვს საქმე: „ოცნება“ წლების წინ, თუნდაც 2016 წლის არჩევნებში, ხვდებოდა, რომ უპირატესობა მაინც მის მხარეს იყო. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კი, „ოცნება“ დარწმუნდა, რომ ვითარება შეიცვალა რადიკალურად. ეს ვითარება იცვლება ყოველი არჩევნების შემთხვევაში მისთვის სავალალოდ.

„ოცნებას“ აღარაფერი რჩება 2024 წლის არჩევნებისთვის თუ არა ყველაზე თავხედური, ყველაზე ბინძური მეთოდების გამოყენება ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

  • ეს ირაკლი ღარიბაშვილის ხედვაა, რომ ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზება და მათი ირიბად წახალისება არის ინსტრუმენტი პოლიტიკური ძალაუფლების შესანარჩუნებლად? 

ირაკლი ღარიბაშვილი თავად არის ინსტრუმენტი. დღეს შემკვეთისთვის ამოცანებს, როგორც ჩანს, ღარიბაშვილი წარმატებით ასრულებს. შემკვეთი, როგორც ჩანს, კმაყოფილია, თუმცა გაკვირვებული ვარ: როგორ ვერ იაზრებს ივანიშვილის შემკვეთი იმას, რომ საბოლოო ჯამში ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ ასეთი აღვირახსნილი, უკანონო ქმედებები გამოიწვევს იმას, რომ „ქართული ოცნება“ მიიღებს ჯერ არნახულ რისხვას ქართველი ხალხისგან.

  • ხელისუფლება ამბობს, რომ იძიებს თავდასხმებს და ძალადობას.

იძიებს, მაგრამ ვერასდროს გამოიძიეს, ვერასდროს ვერ სჯის დამნაშავეებს და, რაც მთავარია, შეიძლება, ვინმე გამოავლინოს და დასაჯოს დამნაშავე ერთჯერადად, მთავარი პრობლემა კი არის არა შემსრულებელში, პოლიციელი იქნება ეს თუ აქტივისტი, არამედ შემკვეთის, ორგანიზატორის დასჯა.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტში მომხდარი, თავხედური ინციდენტის შემდეგ, ბატონმა კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს აქვთ სრული უფლება, იძალადონ ოპონენტებზე, თუ ამას საჭიროდ ჩათვლიან. სხვა სიტყვები თქვა კობახიძემ, მაგრამ არსი ეს არის. მან მწვანე აუნთო მოძალადეებს, რომლებიც მიტმასნილი არიან ახლა „ქართულ ოცნებას“ ანაზღაურების მიღების, ან სხვა მიზნებით.

„ქართული ოცნების“ რიტორიკა იმდენად ძალადობრივი ხასიათისაა, ეს გამოიწვევს ასეთი შემთხვევების ზრდას, რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნებს.

  • კიდევ რა აჩვენებს, რომ ხელისუფლების მხრიდან არის ორგანიზებული ეს ძალადობა? 

როცა ხელისუფლება ამბობს, რომ „ოპონენტები ამას იმსახურებენ“, ამაზე მეტად რა უნდა გამოჩნდეს? მეორეა პოლიცია, რომელიც არ რეაგირებს – დღესაც დაგვიანებით მივიდა პატრული ყველა შემთხვევაში და ეს ასე ხდება ხშირად. ჩანს, რომ ამას აქვს ორკესტრირებული ხასიათი.

პატრული, რომელიც მყისიერად უნდა რეაგირებდეს, პოლიცია და საგამოძიებო ორგანოები უნდა ცდილობდნენ, რომ ეს აღკვეთონ, არ დაუშვან, გამოიძიონ და დასაჯონ, მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ, რატომ? – იმიტომ, რომ მთელი ეს პოლიციური სისტემა ემსახურება „ქართული ოცნების“ პარტიულ ინტერესს. ძალადობა ახლა ყველაზე უფრო მწვავე ხასიათს იღებს, რადგან „ოცნებას“ სხვა გზა აღარ რჩება.

  • უშვებთ, რომ ამას არ ექნება გავლენა, ეს ვერ იმუშავებს?  

ეს იმუშავებს, მაგრამ გარკვეულ დრომდე. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, რომ ძალადობა მუშაობს. ძალადობით ვიღაცას დააშინებენ, ვიღაც – ქვეყანას დატოვებს, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს სხვადასხვა რეაქცია ექნება, მაგრამ საბოლოო ჯამში, სწორედ იმიტომ, რომ ეს შეეხება ყველას, ან ვისაც არ შეეხება, იგრძნობს, რომ ადრე თუ გვიან მასაც აუცილებლად შეეხება, გამოიწვევს შესაბამის რეაქციას. მჯერა, რომ ეს რეაქცია იქნება გამოხატული ამომრჩევლების უმრავლესობის მიერ არჩევნების დღეს.

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ასეთი ძალადობის შედეგად ვიღაც ჩერდება, შეშინდება, მაგრამ არასდროს არ გასვლია არცერთ მოძალადე ხელისუფლებას, რომ პოლიციური სახელმწიფო შეექმნა და ის შეენარჩუნებინა დიდხანს.

„ქართული ოცნება“ დგას ახლა სწორედ პოლიციური სახელმწიფოს შექმნის გზაზე. ფაქტობრივად ყველა ნიშანი გვაქვს ამის და რჩება მხოლოდ ის, რომ ამ ინსტრუმენტებით, ძალადობით, შეძლონ მომავალ წელს ძალაუფლების შენარჩუნება.

2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ ამოცანა ეს არის: ამ შემადგენლობით ოპოზიცია აღარ იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, იყვნენ მხოლოდ სატელიტები და „ოცნებას“ აღარ შეეშალოს ხელი, მაგალითად, რუსული კანონის კვლავ მიღებაში. ეს რომ  მოახერხოს, „ოცნებას“ სჭირდება ტოტალური ძალადობა, შავი ფულის უკონტროლოდ გამოყენება, პოლიციური სუსის სისტემის სრულად ამოქმედება. „ქართული ოცნება“ ამას არ მოერიდება.

წარმოიდგინეთ, ამ ფონზე რა სტატუსზეა საუბარი? „ქართულ ოცნებას“ სტატუსი ანაღვლებს, ან აინტერესებს? – პირიქით, სტატუსი მისთვის არის ხელისშემშლელი ამ გზაზე. ის ერთადერთ შემთხვევაში დათანხმდებოდა სტატუსს – როგორც ეს ადრე აღვნიშნე თქვენთან ინტერვიუს დროს – თუ დასავლეთი არ მოსთხოვდა მას დემოკრატიული რეფორმების გატარებას. ეს, ცხადია, შეუძლებელია. „ოცნება“ დარწმუნდა, რომ დასავლეთი და ქართველი ხალხის უმრავლესობა ითხოვს სამართლებრივ და დემოკრატიულ რეფორმებს.

სწორედ მაშინ გადაწყვიტა ივანიშვილის პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომ იმოქმედონ საკუთარი გეგმის მიხედვით. „ოცნება“ ახლა რასაც აკეთებს, არის სრულ წინააღმდეგობაში ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებთან და ჩვენი სახელმწიფოს სტრატეგიულ მიზნებთან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: