რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 9 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 274 040 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +750. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 745 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 24 167 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 38 129 ერთეული [+70]
  • MLRS – 1 675 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 326 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 349 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 166 640 ერთეული [+2 224]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 403 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 31 ერთეული [+1]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 82 289 ერთეული [+188]
  • სპეცტექნიკა – 4 083 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

აჭარის ტელევიზია გადაცემებს აჩერებს – ეთერში მხოლოდ დაიჯესტი გავა

„უსაფრთხოების მიზეზით ტელევიზიის შენობა პერსონალისგან დაიცლება, ხოლო საინფორმაციო გამოშვების გარდა, გადაცემები დროებით შეჩერდება. ერთადერთი, რაც მაუწყებლობას გააგრძელებს, არის საინფორმაციო გამოშვება დაიჯესტის ფორმატში,“ – აცხადებს „აჭარის ტელევიზია“ დღეს, 8 მარტს.

„აჭარის ტელევიზიის“ სიუჟეტიდან ირკვევა, რომ ტელევიზიაში დაგეგმილია რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაცია. ამ სიუჟეტის მიხედვით, გაურკვეველია, როდის დაბრუნდება გადაცემები პირდაპირ ეთერში, ან რომელი გადაცემა დაუბრუნდება ეთერს.

„შენობას აქვს ძალიან დიდი პრობლემა“ – აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორი ირაკლი კიკვაძე. მისი განმარტებით, ნიუსრუმი დროებით გადავა აჭარის რადიოს, ასევე თითების თეატრის შენობაში, მენეჯმენტისთვის კი, ტელევიზიამ დამატებით ფართობი დაიქირავა.

მაუწყებლის მენეჯმენტში განმარტავენ, რომ აჭარის ტელევიზიის შენობა, რომელიც ბათუმის ცენტრშია და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, უსაფრთხო არ არის და ამას ექსპერტიზის დასკვნები ადასტურებს.

„გეგმის მიხედვით ტელევიზიაში უნდა ჩატარდეს რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაცია, ვემზადებით ამ კონკრეტული ქმედებისთვის, იქნება სპეციალური კომისია, რომელიც შეაფასებს არსებულ ვითარებას,“ – აცხადებს ირაკლი კიკვაძე აჭარის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამ ტელევიზიის დირექტორს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თანამშრომლები, რომლებიც სამუშაოს აღარ შეასრულებენ, მიიღებენ თუ არა ანაზღაურებას და არც იმის შესახებ – რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაცია დასაქმებულების რაოდენობის შემცირებას ხომ არ ითვალისწინებს.

წელს აჭარის ტელევიზიის ბიუჯეტი 22.7 მილიონი ლარია. აჭარის ტელევიზიაში 300-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტის თქმით, კომისია წარუდგენს „აჭარის ტელევიზიის“ ცვლილებების გეგმას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს.

რატომ შეიძლება აწყობდეს „ოცნებას“ ქალების ჩაგვრის წახალისება? – „მიზანია მათ არ დარჩეთ ძალა პოლიტიკისთვის“

„დაახლოებით 20 წლის წინანდელ მდგომარეობაში გვაყენებს“ – მკაფიოა უფლებადამცველი ანა თავხელიძის შეფასება ირაკლი კობახიძის ახალ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველომ შესაძლოა სტამბოლის კონვენცია დატოვოს.

ამ კონვენციაზე მიერთებით სახელმწიფომ თქვა, რომ ის ქალების ჩაგვრაზე თვალს აღარ დახუჭავს…

„ქალები ის ჯგუფია, ვინც ყველაზე ხშირად გამოდიან ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ და ძალიან მძაფრად იბრძვიან. შესაბამისად, ქალების ყურადღების გადატანა მათ სჭირდებათ არა პოლიტიკურ პროცესებზე, არამედ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის უსაფრთხოება – საკუთარი თავის გადარჩენა. მიზანია ის, რომ ქალებს არ დარჩეთ რესურსი და ძალა, იბრძოლონ პოლიტიკური პროცესებისთვის,“ – მიიჩნევს ანა თავხელიძე. ის არაერთ საქმეშია ადვოკატი, სადაც ქალებზე იძალადეს.

რა ეტაპზე გადადის ქალთა უფლებების დაცვა საქართველოში? – „ბათუმელებმა“ იურისტთან, უფლებადამცველ ანა თავხელიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ქალბატონო ანა, ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს გამოსვლას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ სტამბოლის კონვენციიდან. ამ კონვენციას საქართველო 2017 წელს შეუერთდა. თქვენ დღეს წერდით ფეისბუქგვერდზე, რომ „კობახიძემ სიმბოლურად ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუარესება დააანონსა“. რასთან გვაქვს საქმე?

ეს ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივი დაცვის მექანიზმებს გვართმევენ, რაც სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შედეგად დავნერგეთ. ირაკლი კობახიძემ მხოლოდ სტამბოლის კონვენციიდან გასვლა კი არ ახსენა, არამედ ამ კონვენციის საფუძველზე განხორციელებული ცვლილებებიც. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ეროვნულ კანონმდებლობაშიც არ აპირებენ დატოვონ მარეგულირებელი ნორმები. მაგალითად, კონვენციის საფუძველზე ჩვენ შემოვიღეთ „სექსუალური შევიწროების“ დეფინიცია დასაქმების ადგილზე და ავკრძალეთ სექსუალური შევიწროება შრომით ურთიერთობებში, ასევე, შემოვიღეთ დასჯად ქმედებად ადევნება, რაც დამცავი ფაქტორია ქალებისთვის. თუ შეხედავთ იგივე ადევნების მაჩვენებელს – რამდენად ბევრი ქეისია – ვნახავთ, რომ ეს მუხლი საჭირო იყო.

ანა თავხელიძე

სტამბოლის კონვენციამ მოგვცა შესაძლებლობა, დაზარალებულად და მსხვერპლად გვეღიარებინა ძალადობის შემსწრე ბავშვი. ამის პრეცედენტები ჩვენ შევქმენით კონვენციის რატიფიცირებისთანავე: როგორც კი ძალაში შევიდა, მაშინვე დავიწყეთ სამართალწარმოება და ძალიან კარგი პრაქტიკა გვქონდა.

ამ კონვენციის აღსრულება საკმაოდ ეფექტურად ხდებოდა. გამოწვევები და ხარვეზები, ბუნებრივია, ბევრი რჩებოდა, მაგრამ პროგრესი ძალიან დიდი გვქონდა – აი, ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანაზე უკეთესი კანონმდებლობა და შედეგიც კი გვქონდა ამ ნაწილში, ვიდრე არ აირეოდა მდგომარეობა საქართველოში 2023-2024 წლიდან.

  • ელით, რომ შესაძლოა ეროვნულ დონეზე კიდევ უფრო გაუარესდეს ამ კუთხით გაუმჯობესებული კანონმდებლობა? მაგალითად, „გენდერი“ უკვე ამოიღეს კანონმდებლობიდან… 

ირაკლი კობახიძემ პირდაპირ თქვა, რომ სტამბოლის კონვენციის საფუძველზე რა ცვლილებებიც განხორციელდა, ეს კანონმდებლობა გადაიხედება. ეს ნიშნავს, რომ აპირებენ გადახედონ შრომის კოდექსს, სისხლის სამართლის კოდექსს, თანასწორობის შესახებ კანონმდებლობას და ასე შემდეგ. ბევრგან შევიდა ცვლილება და შესწორება, რომ ეროვნული კანონმდებლობა შესაბამისობაში ყოფილიყო სტამბოლის კონვენციასთან.

მთავარი ბარიერი გვრჩებოდა გაუპატიურების დეფინიცია, რომელიც არ შეცვლილა. ცხადია, დღეს, ამ პირობებში, როცა კანონმდებლობა უარესდება, გაუპატიურების დეფინიციას არავინ შეცვლის. შესაბამისად, დავბრუნდებით იმაზე უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე 10 წლის წინ ვიყავით.

  • უფლებადამცველები ითხოვთ იმას, რომ გაუპატიურების განმარტება დაკავშირებული იყოს თანხმობის არარსებობასთან და არა ძალადობასთან?  

ახლაც ერთ-ერთი მიმდინარე საქმე მაქვს გაუპატიურების, სადაც უწევს სახელმწიფოს ამტკიცოს, რომ იყო ძალადობა და უმწეო მდგომარეობის გამოყენება. თუ ამას ვერ დაამტკიცებს პროკურატურა, გამოვა, რომ რადგანაც თანხმობაზე დაფუძნებული დეფინიცია არ გვაქვს, რიგ შემთხვევებში დაუსჯელი რჩება მოძალადე.

ხშირ შემთხვევაში თანხმობის გარეშეა ჩადენილი გაუპატიურება. დღეს უწევს პროკურატურას დაარქვას ამას ძალადობის გამოყენება – როგორმე უნდა გამოკვეთოს ფიზიკური ძალის გამოყენებაზე რაღაც გარემოებები. სხვა შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს გამამართლებელი განაჩენი. გაუპატიურების საქმეებზე გამამართლებელი განაჩენების გამოტანის ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, მათ შორის, არის ხარვეზიანი კანონმდებლობა.

ყველა მექანიზმი და ინსტრუმენტი, საერთაშორისო კონვენცია, რაც კი რატიფიცირებული გვაქვს ამ საკითხზე, ითხოვს, რომ ეს დეფინიცია გასწორდეს. ამას ითხოვდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც, რომლის პრაქტიკაც დიდი ხანია ერთგვაროვანია. ევროპარლამენტში LIBE-სა და FEMM-ის კომიტეტებმა ევროკავშირის კანონმდებლობაში თანხმობაზე დაფუძნებული გაუპატიურების დეფინიციის მიღებას დაუჭირეს მხარი.

  • უშუალოდ სტამბოლის კონვენციამ რა შეცვალა? გვახსოვს, როგორ გააქტიურდა პოლიციაში ძალადობის შესახებ შეტყობინებები მას შემდეგ, რაც კანონით დასჯადი გახდა ოჯახში ძალადობა… თქვენ ქალთა მიმართ ძალადობის არაერთი საქმეში იყავით ადვოკატი. რა მოგვცა რეალურად სტამბოლის კონვენციამ?  

სტამბოლის კონვენცია 2017 წელს შემოდგომისკენ შევიდა ძალაში და პრინციპში მალევე გვქონდა ჩვენ პირველი საქმე: მივაღწიეთ იმას, რომ სასამართლომ, შემდგომში პროკურატურამაც, დაამკვიდრა სტანდარტი, რომ მსხვერპლის და დაზარალებულის სტატუსი ენიჭებოდა ძალადობის, ოჯახში ძალადობის, გენდერული ძალადობის შემსწრე ბავშვს. მანამდე ასეთი სტატუსი არ არსებობდა, ანუ ბავშვის თანდასწრებით შეიძლება მომხდარიყო ძალიან მძიმე დანაშაული, მათ შორის, ფემიციდი და ამ ბავშვს მსხვერპლის სტატუსი არ ენიჭებოდა. ეს შესაძლებელი გახდა სწორედ სტამბოლის კონვენციის საფუძველზე.

ასევე, სტამბოლის კონვენციის საფუძველზე გვქონდა შესაძლებლობა, ფსიქოლოგიურ ძალადობად შეგვეფასებინა ბავშვის თანდასწრებით ერთი მშობლის მიერ მეორე მშობლის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება, ან ბავშვთან ამგვარი საუბარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დაგვეცვა ბავშვების ინტერესები ოჯახში და არა მხოლოდ.

ადევნების დეფინიციაც ამის შემდეგ გაჩნდა სისხლის სამართლის კოდექსში. ჩვენ არაერთი საქმე ვაწარმოვეთ, როდესაც ქალები დავიცავით ადევნებისგან. სექსუალური შევიწროების საქმეები გახსოვთ – რამდენად ხშირად ისმოდა ქალების ისტორიები, რომლებიც იმიტომ ვერ იცავდნენ თავს, რომ სათანადო საკანონმდებლო ბაზა არ არსებობდა, არ არსებობდა მექანიზმები. ბევრი მიმართულებით შევძელით, რომ უკეთესი სტანდარტი შეგვექმნა.

რაც მთავარია, სტამბოლის კონვენციამ სახელმწიფოს დაავალა – პრინციპში ეს აღასრულეს კიდეც გარკვეული თვალსაზრისით – რისკების შეფასება, რომ, მაგალითად არ დავლოდებოდით, როდის მოხდებოდა ფემიციდი – გაგვეუმჯობესებინა შემაკავებელი ორდერის გამოცემის სტანდარტი. ამას თან დაერთო რისკის შეფასების მექანიზმი, რომ პოლიციელს შესძლებოდა შეეგროვებინა რელევანტური ინფორმაცია, რითაც გაზომავდა რისკებს და განსაზღვრავდა, არსებობდა ძალადობის განმეორების რისკი თუ არა.

სტამბოლის კონვენციის საფუძველზე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტები შექმნილი: მაგალითად, თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა სტამბოლის კონვენციის საფუძველზე დაიწყეს გენდერული სტატისტიკის წარმოება, ძალადობის ფორმების აღრიცხვა და დათვლა, რასაც მანამდე არ აკეთებდნენ.

სტამბოლის კონვენციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის, რომ მსხვერპლზე მორგებული იყოს სერვისები – იქნება ეს თავშესაფარი, სამედიცინო, ფსიქოლოგიური თუ იურიდიული დახმარება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.

  • რა სიგნალია ახლა ირაკლი კობახიძის გზავნილი, რომ საქართველო შეიძლება გავიდეს ამ კონვენციიდან? 

რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ეს ეხება, როგორც ქალთა, ასევე ბავშვთა უფლებებს. კობახიძე იყენებს ამ თემას, როგორც იარაღს იმისთვის, რომ პრობლემური საკითხები გადაფაროს, მაგალითად, მწვავე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში. ვნახეთ, რომ ეს საკითხი მან დაუკავშირდა შობადობის და დემოგრაფიის საკითხებს – თითქოს მიზეზი იპოვეს, რითაც გაამართლებდნენ, რატომ მცირდება შობადობა ქვეყანაში.

სინამდვილეში, აბსოლუტურად არანაირი კავშირი ამ ორ საკითხს შორის არ არის. ეს არის დეზინფორმაცია, რის გავრცელებასაც ცდილობენ.

  • ირაკლი კობახიძის თქმით, დიდი ზეწოლა იყო ხელისუფლებაზე, რომ მანკიერი იდეოლოგია დაემკვიდრებინათ. რამდენიმე დღით ადრე ირაკლი კობახიძემ ასევე თქვა, რომ შობადობის კატასტროფულად შემცირებული მაჩვენებელი გაჭირვებას კი არა, მსოფლმხედველობას უკავშირდება. 

ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია. ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ არის სამართლებრივი საკითხი და გამომდინარეობს კანონმდებლობიდან, რაზეც შეთანხმებულია ცივილიზებული სამყარო. არსებობს ათობით, ასობით გადაწყვეტილება ევროკავშირის ფარგლებში, მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით, რომლითაც თუ არ ვცდები 2004 წელს დაგვევალა, რომ ოჯახში ძალადობა, როგორც ცალკე დანაშაული, დასჯადი გამხდარიყო. ის, რაზეც კობახიძე საუბრობს, არათუ სამართლებრივი არგუმენტია, არამედ საერთოდ სამართლებრივი ჩარჩოების მიღმა დისკუსიაა.

ვისთან არის ეს დისკუსია და ვინ შემოჰყავს კობახიძეს ამ საკითხის განმხილველად და შემფასებლად? – იმ დაჯგუფების წარმომადგენელი [ზურაბ მახარაძე, რომელიც პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ირაკლი კობახიძესთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდა], რომლის წევრებიც ძალადობისთვის არიან მსჯავრდებულები, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის.

თავად კობახიძესაც არ აქვს არანაირი გამოცდილება ძალადობაგამოვლილ ქალებთან მუშაობის, თუნდაც ბავშვებთან. შეიძლება  ნანახიც კი არ ჰყავდეს მსხვერპლი ბავშვი ან ქალი, არასოდეს ყოფილა მისი წარმომადგენელი. იგი არც მოსამართლე ყოფილა, რომ მოესმინა ძალადობაგამოვლილი ქალის ისტორია და სამართლებრივ ჭრილში ემსჯელა.

გადაწყვეტილებას უნდა იღებდნენ ის ადამიანები, ვისაც აქვს კომპეტენცია. გადაწყვეტილებას სჭირდება საზოგადოების ჩართულობა, სამოქალაქო სექტორის ჩართულობა. იცით, რომ სამოქალაქო სექტორი გამორიცხეს ამ პროცესებისგან და ამის ნაცვლად, რუსეთთან დაკავშირებული ჯგუფები იღებენ მონაწილეობას საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესში.

  • თქვენი დაკვირვებით, რატომ შეიძლება აწყობდეს „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურად ქალების ჩაგვრის წახალისება? 

საქართველო არ არის პირველი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო სტამბოლის კონვენციის წინააღმდეგ გალაშქრება, ასევე ანტიგენდერული განცხადებები და ანტიუფლებრივი გადაწყვეტილებების მიღება. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია მზარდია, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანაში.

ტრამპის განცხადებაც გახსოვთ გენდერთან დაკავშირებით, რის შემდეგაც „ქართულმა ოცნებამ“ მალევე გადაწყვიტა კანონებიდან გენდერის ამოღება.

ეს არის ჩემი აზრით, ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის გადადგმული ნაბიჯი, რასაც იყენებენ სხვა ლიდერები, რომლებსაც ასევე თავიანთ ქვეყნებში ნაკლებად დემოკრატიული გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული. ამ სოციუმში, ამ პირთა პოლიტიკურ ჯგუფში გაწევრიანებას და თავის წარმოჩენას ცდილობს ახლა „ქართული ოცნება“.

  • გამოდის, რომ ავტორიტარიზმის ერთ-ერთი სამიზნეა ქალების ჩაგვრის წახალისება?

ავტორიტარიზმის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მკაფიო ნაბიჯი არის სწორედ ქალთა უფლებების შეზღუდვა და თავდასხმა ქალებზე – რაც შეიძლება მარწუხებში უნდა მოაქციონ და შეზღუდონ მათი თავისუფლება.

გლობალურად ქალებია ის ჯგუფი, ვინც ყველაზე ხშირად გამოდიან ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ და ძალიან მძაფრად იბრძვიან. შესაბამისად, ქალების ყურადღების გადატანა მათ სჭირდებათ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უსაფრთხოება – საკუთარი თავის გადარჩენა. მიზანია ის, რომ ქალებს არ დარჩეთ რესურსი და ძალა, იბრძოლონ პოლიტიკური პროცესებისთვის.

  • შეიძლება, ქალებში შეამცირო პროტესტი, თუ მათ სისტემა ძალადობის პირისპირ დაუცველს დატოვებს და დააშინებს, უფრო არ წაახალისონ ჩაგვრა? 

სხვა რამისთვის აღარ გრჩება დრო და სივრცე – საკუთარი უსაფრთხოება გაქვს დასაცავი. მოწყდები პოლიტიკურ პროცესებს, სამოქალაქო აქტივიზმს, ქუჩაში გასვლის გეშინია – პარტნიორმა არ მოგკლას, ან ოჯახის წევრმა რამე არ დაგიშავოს.

ეს არის პროცესი, რაც რუსული კანონის მიღებით – 2023 წელს დაიწყო საქართველოში. ამას მოჰყვა შემდეგ ე.წ. „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი, შემდეგ გენდერის ამოშლა და ასე შემდეგ. ეს პროცესი ამით არ დასრულდება: კიდევ უფრო მკაცრ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ, ანტიდემოკრატიულ, უფლებების შემზღუდავ და დამრღვევ კანონმდებლობას უნდა ველოდოთ, რომელიც სხვადასხვა ჯგუფს ამოიღებს მიზანში.

ამ ეტაპზე ქალებია მიზანში. კიდევ ბევრი შემზღუდავი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ქალებთან დაკავშირებით და შემდეგ დადგება ჯერი სხვა ჯგუფების.

„ოცნებას“ იყენებს ზუსტად იმ ნარატივს სტამბოლის კონვენციასთან დაკავშირებით, რასაც იყენებენ სხვა ავტორიტარი ლიდერები, მაგალითად, რუსეთში, ან ბელარუსში – თითქოს ოჯახის წინააღმდეგ არის ეს კონვენცია.

პირიქით, სტამბოლის კონვენციას ერთადერთი მიზანი და სულისკვეთება აქვს, რომ დაიცვას ქალების, ბავშვების უსაფრთხოება და არა მარტო. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო ოჯახებში. ბუნებრივია, ეს ვერანაირად ვერ გადაითარგმნება ოჯახის და რაღაც ღირებულებების წინააღმდეგ კონვენციად. ძალიან მარტივია ამ კონვენციაში სწორი ღირებულებების დანახვა, მაგრამ მათ სურთ, რომ რაც შეიძლება გააუარესონ ქალების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში.

  • ირაკლი კობახიძემ კონვენციიდან შესაძლოა გასვლა დააანონსა 7 მარტს. ეს რას ნიშნავს თქვენთვის? 

მას სურდა უფრო მეტი გამოხმაურება. ასე უფრო მარტივად მიიქცევდა საზოგადოების ყურადღებას – გადაიტანდა საზოგადოების ყურადღებას იმ საკითხებისგან, რაც ასევე ძალიან მწვავე და პრობლემურია საქართველოში.

  • როგორია მასშტაბი ამ უკან დახევის, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ? 

ეს ყველაფერი რომ გამოვაცალოთ – სამართლებრივი საფუძვლები და დაცვის მექანიზმები, რაც გაჩნდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 2017 წლის შემდეგ განსაკუთრებით – დაახლოებით 20 წლის წინანდელ მდგომარეობაში გვაყენებს, თუმცა ეს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა, რადგან ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მზარდია რისკები, საფრთხეები ძალადობის. ვხედავთ პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებას, რაღაც დიფფეიკების გასაჯაროებას, სადაც ქალები იყვნენ სამიზნეებად.

ამ მექანიზმების გაქრობა გამოიწვევს იმას, რომ კიდევ უფრო დამძიმდება მდგომარეობა. თანაც, 20 წლის წინ ეს საფრთხეები არ არსებობდა, ასეთი მასშტაბი არ იყო ტექნოლოგიების გამოყენების, რაც დღესაა. შესაბამისად, რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ეს იყო 20 წლის წინ, ხოლო დაცვის მექანიზმი რჩება ის, რაც გვქონდა 20 წლის წინ.

დაკვამლიანება იყო ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი რესტორანში მეხანძრე მაშველებმა დაკვამლიანების პრობლემა მოაგვარეს. თვითმხილველის თქმით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და საწრაფო სამედიცინო სამსახური.

ძლიერი დაკვამლიანების გამო რესტორანი ადამიანებმა დატოვეს. შემთხვევა დღეს, 8 მარტს მოხდა.

სამაშველოს სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, გამწოვი მილის პრობლემის გამო იყო დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შპრიცები და ანტისანიტარია ბავშვების სათამაშო მოედანთან – მოქალაქე მესხის ჩიხიდან

„ანტისანიტარიას ვინ ამბობს, შპრიცები ვიპოვეთ სათამაშო მოედანთან… არასდროს გვინახავს ეს მოედანი და აქაურობა დალაგებული,“ – მოგვწერეს ბათუმში, ივანე მესხის ჩიხიდან.

მოქალაქის თქმით, სხვადასხვა უწყებას არაერთხელ მიმართეს, მათ შორის, ბათუმის მერიას, მაგრამ არაფერი იცვლება. ამ დასახლებაში სანაგვე ურნების დასაცლელადაც კი, შესაბამისი სამსახური იშვიათად ჩნდება.

ბათუმი, ივანე მესხის ჩიხი

ივანე მესხის ჩიხში მცხოვრები მოქალაქის თქმით, მინი სტადიონი და გამაჯანსაღებელი მოედანი დაახლოებით ერთი წლის წინ მოეწყო, თუმცა დასახლებაში ბევრი მწვავე პრობლემაა: ჩიხის რამდენიმე მონაკვეთში წყალი გუბდება და გავლა შეუძლებელია. ამ დასახლებაში არც კანალიზაციის სისტემა აქვთ.

ივანე მესხის მეორე ჩიხის პრობლემებზე „ბათუმელები“ 2026 წლის 4 მარტს წერდა – ამ ჩიხში ადამიანებს დატბორილ ქუჩაზე უწევთ ცხოვრება. ტბორის გამო ქუჩაზე ფეხით გადაადგილებაც შეუძლებელია.

ბათუმი, ივანე მესხის მეორე ჩიხი

პრობლემაზე „ბათუმელებს“ ბათუმის მერიამ 6 მარტს უპასუხა:

„ივანე მესხის ქუჩის რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია. რაც შეეხება, ივანე მესხის მეორე ჩიხს, რეაბილიტაციის პროექტის მომზადება და შესაბამისი სამუშაოების დაწყება მიმდინარე წელს იგეგმება.

რაც შეეხება ნაგვის ურნებთან დაკავშირებულ საკითხს, ადგილობრივმა მოსახლეობამ განცხადებით უნდა მიმართოს სანდასუფთავების სამსახურს, რის შემდეგაც შესაბამის ლოკაციებზე განხორციელდება ნაგვის ურნების განთავსება,“ – მოგვწერეს ბათუმის მერიიდან.

__

ამ თემაზე:

უგზო, უტრანსპორტო და დატბორილი ქუჩა ბათუმში – რას ამბობენ მერიაში

 

„მზია ამაღლობელის შეუპოვრობა და სიმტკიცე 8 მარტის სიმბოლოა“ – მედიის ადვოკატირების კოალიცია

„მზია ამაღლობელის შეუპოვრობა და სიმტკიცე 8 მარტის სიმბოლოა. უკვე მეორე წელია 8 მარტი საქართველოში პირველი სინდისის პატიმარი ქალის, მზია ამაღლობელის სულისკვეთებით არის შთაგონებული,“ – აღნიშნულია „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ მიერ დღეს, 8 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

„მზია განასახიერებს ქალებს, რომლებიც არ ნებდებიან და საკუთარი პრინციპების ერთგულებით, ჩაგვრასა და ძალადობასთან დაპირისპირების ისტორიას ქმნიან.

8 მარტი სოციალური ტრანსფორმაციის სიმბოლოა, რომელიც გვახსენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ურთიერთმხარდაჭერა და ერთსულოვნება იმ ქალების მიმართ, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ პიროვნული თავისუფლების, სამართლიანობისა და აზრის გამოხატვის უფლების დაცვის მძიმე ტვირთს. ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება!“ – წერია „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ განცხადებაში.

———–

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და თანადირექტორია. ის უკვე 14 თვეა რჩება უკანონო პატიმრობაში. 2025 წლის 16 დეკემბერს პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს.

მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ.

ამ თემაზე:

ფარცხალაძის მეგობარია მოსამართლე, რომელმაც მზია ამაღლობელის საქმე განსახილველად არ მიიღო

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 მარტის 21 საათიდან 9 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. უმეტეს რაიონში წვიმა.

მთაში მოსალოდნელია თოვა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო
  • ღამით:0 – 3 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 1 – 6 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 10 და 11 მარტს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

როგორ აისახა ავტორიტარული ტენდენციები? – „ოცნება“ კიდევ უფრო ზღუდავს ქალების შესაძლებლობებს“

„ქართული ოცნება“ გენდერული თანასწორობის მრავალი გამოწვევის დაძლევის ნაცვლად, თავად იყენებს გენდერულ სტერეოტიპებს, დეზინფორმაციას და შეურაცხყოფას, როგორც ძალაუფლების გამყარების იარაღს,“ – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ დღეს, 8 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. საია დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში მიმოიხილავს, როგორ გაუარესდა ბოლო წლებში ქალთა უფლებების დაცვის მდგომარეობა საქართველოში, როცა „ქართული ოცნება“ პრობლემების მოგვარების ნაცვლად თავად იყენებს გენდერულ დეზინფორმაციას, როგორც ძალაუფლების გამყარების იარაღს.

„დღემდე ეფექტიანი გამოძიების გარეშე რჩება 2024-2025 წლებში საპროტესტო აქციების ქალი მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან გენდერულად მოტივირებული შეურაცხყოფისა და ძალადობის გამოყენების შემთხვევები. ამასთან, 2025 წელს ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით დაკავებულმა არაერთმა პირმა, მათ შორის, ქალებმა, განაცხადეს, რომ დაკავების შემდგომ მათ იძულებით სრულად აშიშვლებდნენ პირადი ჩხრეკის/დათვალიერების საბაბით. აღნიშნული პრაქტიკა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს და მიზნად ისახავს დაკავებულების ჩაყენებას მოწყვლად, ღირსების შემლახავ, დამამცირებელ მდგომარეობაში.

მაშინ, როდესაც გენდერულად მოტივირებულ ძალადობაზე სახელმწიფოს რეაგირების ერთ-ერთი მთავარი რგოლი, პოლიცია, თავად ავლენს სექსისტურ, შეუწყნარებელ დამოკიდებულებას ქალების მიმართ, რასაც დაუსჯელობით ახალისებს და მხარს უჭერს სახელმწიფო, ძირს ეთხრება სახელმწიფო მექანიზმებისადმი ისედაც მყიფე ნდობას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხრიდან, ხალისდება ძალადობისა და უთანასწორობის ზოგადი გარემო.

ამასთან, ანტიგენდერული, დისკრიმინაციული ნარატივები კვლავ აქტიურად გამოიყენება ავტორიტარული ტენდენციების გამართლებისათვის. 2025 წელს „ქართულმა ოცნებამ“ კანონმდებლობიდან ტერმინი „გენდერი“ სრულად ამოიღო. საკანონმდებლო ცვლილებები ეფუძნება მცდარ, დეზინფორმაციულ ნარატივს, თითქოს „უცხოური გავლენისა და მათი წარმომადგენლების აქტიური ლობირებით, მიზანმიმართულად ხდებოდა ხელოვნური ტერმინის – „გენდერის“ დანერგვა”.

სინამდვილეში, სტამბოლის კონვენციის მიხედვით, ტერმინი „გენდერი” გულისხმობს სოციალურად კონსტრუირებულ როლებს, ქცევას, საქმიანობას ან მახასიათებლებს, რომლებსაც საზოგადოება შესაფერისად მიიჩნევს ქალის ან მამაკაცისათვის. გარკვეული როლები ან სტერეოტიპები ხელს უწყობს არასასურველ და საზიანო პრაქტიკას და ქალთა მიმართ ძალადობისადმი მიმღებლობას. სტამბოლის კონვენციის განმარტებითი ანგარიშის მიხედვით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა გააზრებული უნდა იყოს გენდერულ ჭრილში, რაც უნდა იქცეს ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და მხარდაჭერაზე მიმართული ღონისძიებების საფუძვლად.

კანონმდებლობიდან გენდერის ცნების გაქრობა არ არის მხოლოდ ტერმინოლოგიური ცვლილება და ძირს უთხრის გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით წლების განმავლობაში გაწეულ ძალისხმევას, ქმნის საფუძველს ძალადობის თუ უთანასწორობის გენდერული პერსპექტივის გაუთვალისწინებლობის, სოციალური და კულტურული ფაქტორების უგულებელყოფისთვის, რაც პრობლემებთან სისტემურ და საფუძვლიან ბრძოლას მნიშვნელოვნად ართულებს.

ამასთან, კვლავ ძალაშია „ქართული ოცნების“ მიერ, 2024 წლი სექტემბერში მიღებული ჰომოფობიური/ტრანსფობური კანონები, რომლებიც სიძულვილის შემცველ ნარატივებს და გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციულ ნარატივებს ეფუძნება, სხვა საკანონმდებლო ინიციატივების მსგავსად, სხვა კანონების მსგავსად, მიღებულია დემოკრატიული ჩართულობის, ექსპერტების და საზოგადოების სხვა ჯგუფების მონაწილეობის გარეშე და შეუთავსებელია ადამიანის უფლებებთან.

ამის პარალელურად გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული არაერთი საკითხი, რაც არსებითი თანასწორობის მიღწევის გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს.

მიუხედავად უფლებადამცვლეთა მიერ წლების განმავლობაში გაწეული ადვოკატირებისა, საქართველოს კანონმდებლობა, რიგ შემთხვევებში კვლავ შეუთავსებელია სტამბოლის კონვენციის სტადარტებთან.

ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს გაუპატიურების საკანონმდებლო განმარტება წარმოადგენს, რომელიც ნაცვლად თანხმობის არასებობისა, კვლავ ძალადობის კომპონენტზე აკეთებს მითითებას.

გამოწვევას წარმოადგენს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სამართალდამცავი პირების არასაკმარისი და არაეფექტიანი რეაგირება, გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების ყოველმხრივი გამოძიებისა და დაზარალებულების ეფექტიანი დაცვის ნაკლებობა, კანონის არასწორი განმარტების გამო გენდერის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე რისკის შეფასებასა და შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე უარის თქმა.

პრობლემურია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კუთხით, ერთი მხრივ, საინფორმაციო კამპანიების ნაკლებობა საზოგადოებსითვის, მეორე მხრივ, კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები პროფესიონალთათვის. წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენს სხვადასხვა ინსტიტუციას შორის კოორდინირებული მუშაობა ძალადობის სხვადასხვა ფორმის, მათ შორის, ადრეული ქორწინების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით.

ამასთან, გამოწვევად რჩება ქალების საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და ეკონიმიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა. გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ კომიტეტის მიერ 2026 წლის თებერვალში გამოქვეყნებული დასკვნითი შეფასებებში კომიეტეტი შეშფოთებას გამოხატავს საზოგადოებაში გენდერული სტერეოტიპებისა და ქალთა მიმართ დისკრიმინაცის, გამო, და აღნიშნავს, რომ ეს იწვევს ქალებისთვის ზრუნვისა და შინ შრომის არაპროპორციულად დიდი, აუნაზღაურებელი ტვირთის დაკისრებას, რაც აფერხებს მათ სრულ და თანაბარ მონაწილეობას შრომის ბაზარზე და ზღუდავს მათ წარმომადგენლობას გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზე.13 კომიტეტი ასევე შეშფოთებულია ქალთა კონცენტრაციით ნაკლებად ანაზღაურებად დასაქმების სექტორებში, რაც ხელს უწყობს ანაზღაურებაში გენდერით განპირობებული სხვაობის არსებობას.14 კომიტეტმა ასევე შეშფოთება გამოთქვა ქალების სიღარიბის შედარებით მაღალი მაჩვენებლის გამო.

ფართოდ გავრცელებულ პრობლემად რჩება სამუშაო ადგილზე ქალების სექსუალური შევიწროება. შემაშფოთებელია, რომ კვლევების მიხედვით, სექსუალური შევიწროების შემთხვევათა უმეტესობა შეტყობინების გარეშე რჩება.

ზემოთ განხილული გამოწვევების ფონზე, „ქართული ოცნება” სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებებითა და კანონმდებლობით კიდევ უფრო ზღუდავს ქალებისა და გოგოების შესაძლებლობას, მიიღონ იურიდიული დახმარება და ისარგებლონ მსარდამჭერი სერვისებით. სამოქალაქო სივრცის განადგურება ასევე ზღუდავს ინფორმირებულობის გაზრდის კუთხით სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შესაძლებლობას და გენდერული თანასწორობისათვის ადვოკატირებას “უცხოური გავლენის იდეოლოგიის ლობირებად” წარმოაჩენს. აღნოშნული ცხადყოფს, რომ ავტორიტარული ძალაუფლების კონსოლიდაციის პრაქტიკებს ის არასაკმარისი პროგრესიც კი ეწირება, რომელიც ქვეყანას ქალთა უფლებების დაცვის კუთხით 2024 წლამდე ჰქონდა,“ – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სასამართლოში თინა ხიდაშელის და გიორგი კანდელაკის გამოკითხვა დაიწყო

დღეს, 8 მარტს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და „სოვლაბის“ მკვლევარი გიორგი კანდელაკი თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე აძლევენ ჩვენებას.

უცნობია, რა თემაზე მოითხოვა სუსმა თინა ხიდაშელის, გიორგი კანდელაკის გამოკითხვა. მათ მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვაზე თანხმობა განაცხადეს.

სუსმა გამოკითხვაზე ასევე დაიბარა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გუბაზ სანიკიძე და გივი თარგამაძე. „ტვ პირველის“ ცნობით, გივი თარგამაძე საზღვარგარეთ იმყოფება — ამის შესახებ ტელეკომპანიას თარგამაძის ოჯახის წევრმა განუცხადა. გუბაზ სანიკიძე კი, სასამართლოში გუშინ გამოიკითხა.

სუს-ში „ნეტგაზეთის“ ზარებს არ უპასუხეს, თუმცა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადეს, რომ „ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ, საჯაროდ, არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით“.

სუს-ის თანახმად, დაწყებულია გამოძიება და „განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ, გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ”.

ცოტა ხნის წინ, თინა ხიდაშელის ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეამ” გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ეხება ქართულ-ირანული ურთიერთობების ტენდენციებს. კვლევაში საუბარია ირანული ნავთობის იმპორტიორ კომპანიებსა და მათ კავშირებზე საქართველოში, მათ შორის, საჯარო და პოლიტიკური თანამდებობის პირებთან. კვლევის მიხედვით, 2022-2025 წლებში საქართველოში რეგისტრირებულმა 72-მა კომპანიამ ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა. აღნიშნული კომპანიებიდან ნაწილი დაკავშირებულია „ქართული ოცნების” შემომწირველებთან, მათ შორის პარლამენტის წევრებთან.

ამ თემაზე:

თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი სუს-ში დაიბარეს

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 8 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 273 290 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +930. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 742 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 24 157 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 38 059 ერთეული [+55]
  • MLRS – 1 673 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 322 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 349 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 164 416 ერთეული [+2 558]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 403 ერთეული [+19]
  • გემი/ნავი – 30 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 82 101 ერთეული [+289]
  • სპეცტექნიკა – 4 083 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

საქართველო საერთო ნავში რუსეთ-ირანთან, რომელიც მალე ჩაიძირება – ინტერვიუ

„ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებების შედეგად საქართველო მუდმივად ხვდება რუსეთთან და ირანთან საერთო ნავში, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს გამორიცხულად იმისა, დათმო თუ არა „ოცნებამ“ ჩვენი ქვეყნის რეალური საგარეო პოლიტიკური სუვერენიტეტი, თუ ეს მათი არაადეკვატური პოლიტიკის შედეგია… რუსეთთან ერთად და ჩვენ ვხვდებით ნავში, რომელიც ძალიან მალე ჩაიძირება,“ – მიიჩნევს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი მელაშვილი. მასთან საუბარი თბილისში, ირანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში „საქართველოს წარმომადგენლის“ ჩანაწერით დავიწყეთ, რასაც შემდეგ უკვე განაწყენებული ისრაელის საელჩოს განცხადება მოჰყვა.

დღეს, 7 მარტს, პოლიტიკოსები და მკვლევრები – თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი ირანთან დაკავშირებული განცხადებების გამო სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს. რაზე მიანიშნებს სუსში დაწყებული გამოძიება?

„ბათუმელებმა“ გიორგი მელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია.

  • ბატონო გიორგი, თქვენი აზრით, რა გათვლებით აწყობს ივანიშვილს ირანის მხარდაჭერა? საქართველოში ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის ცნობით, „საქართველოს მთავრობისა და ხალხის პატივცემულმა წარმომადგენელმა“ თბილისში, ირანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა, სადაც სამძიმარია გამოხატული ირანის სულიერი ლიდერის დაღუპვის გამო. ამას მოჰყვა ისრაელის საელჩოს განცხადება, ეს არის სწორედ ბრძოლა მკვლელი რეჟიმის წინააღმდეგო.

„ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, გამოირჩევა სრულიად არაადეკვატური და არაკომპეტენტური შეფასებებით. რა თქმა უნდა, არავინ არ სთხოვდა საქართველოს, რომ პირდაპირ ჩართულიყო რაიმე ტიპის სამხედრო ოპერაციებში. ჩვენ ეს შეთქმულების თეორია არაერთხელ გაგვიგია „ქართული ოცნებისგან“. როგორც ჩანს, იგივე ნარატივში მოქმედებენ ახლაც.

მსგავს ვითარებაში ჩვენ გვმართებდა განსაკუთრებული დიპლომატიური სიფრთხილე და სიფხიზლე, რაც, მგონი, არავისთვის საკამათო არ უნდა ყოფილიყო. „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად ჩვენ მივიღეთ სიტუაცია, როდესაც ირან-ისრაელის დაპირისპირებაში „ოცნებამ“ მოახერხა და გამოიწვია ისრაელის გადამტერება – ბოლო პერიოდის განცხადებები ამაზე მეტყველებს. ამავდროულად, ისეთი შთაბეჭდილება შექმნეს, რომ მხარს უჭერენ აიათოლების სრულიად კაციჭამია რეჟიმს.

გიორგი მელაშვილი

ამ დაპირისპირებაში, როდესაც ირანი წინააღმდეგ მოქმედებს შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივი კოალიცია, შექმნა შთაბეჭდილება, რომ ხარ ირანის მხარეს, ამას უნდა განსაკუთრებული არაკომპეტენტურობა, ან სრული არაადეკვატურობა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოიჩინა ზუსტად ამ კონფლიქტის დროს.

  • არ უშვებთ, რომ პრაგმატული გათვლა ჰქონდეს ივანიშვილს? 

პრაგმატული გათვლა ქართული სახელმწიფოსთვის, საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის იქნება ორივე მხარის არგადამტერება.

რასაც ბოლო პერიოდში ვაკვირდებით, არის ზუსტად ის დისბალანსი, როდესაც „ქართული ოცნება“ ახერხებს ჩვენს ისტორიულ მოკავშირეებთან ურთიერთობების გაფუჭებას და სრულიად გაუგებარ, ავტორიტარულ და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედ რეჟიმებთან ურთიერთობების დათბობის მცდელობას. მე სპეციალურად ვიყენებ სიტყვას „მცდელობა“, რადგან არც ამ რეჟიმებთან არ გამოსდით მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა. მაგალითად, რუსეთთან მათ ურთიერთობას არანაირი რეალური სარგებელი საქართველოსთვის არ მოუტანია.

იგივე ეხება ირანს. ძალიან კარგად გვახსოვს, ცოტა ხნის წინ, როგორი ინტენსივობით ცდილობდა „ქართული ოცნების“ პროპაგანდა „3+3“ ფორმატის მხარდაჭერას და როგორ ცდილობდნენ იმას, რომ იქნებ რამენაირად საქართველოში საზოგადოებრივი აზრი ამ ფორმატისადმი დადებითად განეწყოთ. კარგად ვნახეთ, რომ ისრაელისა და შეერთებული შტატების ჯერ კიდევ შარშანდელი დარტყმების შედეგად ეს ფორმატი არის სრულიად დისკრედიტირებული. მგონი, „ქართული ოცნების“ განსაკუთრებული ფანატიკური მიმდევრებიც კი, ამ „3+3“ ფორმატს აღარ უყურებენ ისეთი აღფრთოვანებით, როგორც ამას ამბობდნენ ცოტა ხნის წინ.

საქმე იმაშია, რომ არანაირად არ აწყობს ქართულ სახელმწიფოს ის ქმედებები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა ბოლო პერიოდში. ერთადერთი ახსნა, რაც ამ ყველაფერს აქვს, ეს არის პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა ყველაფრის, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ინტერესების შეწირვის ფასად.

„ოცნება“ ცდილობს საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნოს და მზად არიან, ნებისმიერ ავტორიტარულ ძალასთან, რომელსაც არ აინტერესებს დემოკრატია, არ აინტერესებს ფუნდამენტური უფლებები, არ აინტერესებს სიტყვის თავისუფლება, დაამყარონ კომუნიკაცია. ამ კავშირების მეშვეობით ცდილობენ, დააბალანსონ დასავლეთთან გაფუჭებული ურთიერთობები.

  • ეს ხომ არ აჩვენებს, რომ სუვერენიტეტი, რომელსაც ხშირად დემაგოგიურად ახსენებს „ქართული ოცნება“,  რეალურად აღარ გვაქვს საგარეო ურთიერთობებში და „ოცნება“ მოქმედებს ისე, როგორც კრემლი თვლის საჭიროდ? 

დანამდვილებით არ ვიცით, იღებს თუ არა „ოცნება“ პირდაპირ ბრძანებებს კრემლიდან. ფაქტია, რომ მისი ქმედებების შედეგად საქართველო მუდმივად ხვდება რუსეთსა და ირანთან საერთო ნავში, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მიუხედავად იმისა, დათმო „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყნის რეალური საგარეო პოლიტიკური სუვერენიტეტი, თუ ეს მათი არაადეკვატური პოლიტიკის შედეგია.

შედეგი არის ერთი და იგივე: საქართველო, საკუთარი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, მუდმივად ხვდება არა დასავლურ ბანაკში, რომელიც ჩვენთვის გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტორი, არამედ გაუგებარ „რუხ ზონაში“, სადაც ჩვენი ისტორიული ოპონენტები არიან რუსეთთან ერთად. ჩვენ მათთან ერთად ვხვდებით ნავში, რომელიც ძალიან მალე ჩაიძირება.

  • პოლიტიკოსები და მკვლევრები – თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი, ირანთან დაკავშირებული განცხადებების გამო სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს. ეს რაზე მიანიშნებს? 

ჩვენ დავინახეთ „ქართული ოცნების“ რიტორიკის ცვლილება: გუშინ თბილისის მერი, რომელსაც საერთოდ არ ეხება საგარეო პოლიტიკურ თემებზე განცხადებების გაკეთება – ალბათ ჯობდა, რომ დიდთოვლობისთვის მიეხედა – ამბობდა, რომ ეს ადამიანები არიან მოღალატეები. კალაძე პირდაპირ მათ დაპატიმრებას, გასამართლებას ითხოვდა. სუსის დღევანდელ განცხადებაში უფრო ფრთხილად და ადეკვატურად იქცევა. ისინი საუბრობენ, რომ ეს ადამიანები არიან დაბარებულები კონკრეტული ფაქტების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად. ეს უფრო მისაღებია, რა თქმა უნდა.

ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურმა აღკვეთა ირანული დივერსიული ჯგუფების ქმედებები საკუთარ ტერიტორიაზე, საქართველოში კი იბარებენ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, მონიტორინგი გაუწიონ ირანის გავლენებს საქართველოში. ეს კონტრასტი ძალიან კარგად აჩვენებს პრიორიტეტებს – მაშინ, როცა აზერბაიჯანი ირანულ გავლენებს ებრძვის, საქართველოში ვნახეთ, რომ ჯერ თბილისის მერმა მოითხოვა ამ გავლენებთან მებრძოლი ადამიანების დაპატიმრება, ახლა კი ვხედავთ, რომ ისინი დაიბარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ეს, რა თქმა უნდა, მათ საქმიანობაზე წნეხის გატარების მცდელობად უნდა შევაფასოთ.

წესით, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქამდე უნდა გაეკეთებინა: იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო რესურსი იხარჯებოდეს პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე, ციხეში ჩასმაზე, საქმეების გამოგონებაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების რესურსი უნდა იხარჯებოდეს სწორედ ჩვენდამი მტრულად განწყობილი ქვეყნების გავლენების შეკავებაზე. ამას, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ.

  • საითკენ მიდის პროცესი ირანში – ირანის პრეზიდენტმა დღეს დაბომბვების გამო ბოდიში მოუხადა სპარსეთის ყურის ქვეყნებს. 

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის დარტყმების შედეგად განადგურებულია ირანის სარაკეტო პოტენციალის უდიდესი ნაწილი. ახლა ირანი ვეღარ ისვრის იმ რაოდენობის ამუნიციას, რაც მანამდე ჰქონდა, კონფლიქტის პირველ დღეებში. ირანისთვის არანაირი აზრი აღარ აქვს დამატებით დაპირისპირებას გინდა აზერბაიჯანთან, გინდა სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებთან. შესაბამისად, ცდილობენ, საკუთარი უუნარობა შეფუთონ კეთილ ნებაში და ამავდროულად იქნებ მოახერხონ ურთიერთობები შეინარჩუნონ სპარსეთის ყურის სახელმწიფოებთან.

არ არის გამორიცხული, რომ ირანში მიმდინარეობს შიდა ბრძოლა ძალაუფლებისთვის. შეიძლება, ირანის პრეზიდენტი ცდილობს, ამერიკელებს საკუთარი თავი მოაჩვენოს, როგორც უფრო ადეკვატური ლიდერი – იქნებ დაითანხმოს ტრამპის ადმინისტრაცია ე.წ. ვენესუელის სცენარზე, როდესაც არაადეკვატური ლიდერი ჩანაცვლება შედარებით უფრო ადეკვატური პირველი პირით, რეჟიმის სრული განადგურების გარეშე.

  • ტრამპი ამბობს, რომ არ დაუშვებს გარიგებას ირანთან… 

ტრამპი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში მკაცრად აკრიტიკებდა ობამას მიერ დადებულ შეთანხმებას ირანთან. ამიტომ მისთვის სუსტი ხელშეკრულების დადება არის ერთგვარი პოლიტიკური სუიციდიც კი.

ტრამპი ეცდება, მაქსიმალისტურად მიაღწიოს ამერიკის გაცხადებულ ამოცანებს.

როგორც შეერთებულმა შტატებმა, ასევე ისრაელმა, რაც თავიდანვე განაცხადეს, მთავარი ამოცანა რეჟიმის მიერ ბირთვული შეიარაღების შექმნის პოტენციალის სრული განადგურებაა. თუ რეჟიმი ჩანაცვლდება უფრო ადეკვატური მმართველობით, ეს ერთგვარი დამატებითი ბონუსია, რომელიც კარგი იქნება ირანელი ხალხისთვის.

აიათოლაზე პირველ დღეს განხორციელებული თავდასხმა გვაჩვენებს, რომ ერთ-ერთი ამოცანა იყო რეჟიმის მმართველი იერარქიის განადგურება, რომელიც უნდა ჩანაცვლდეს ირანელებისთვის უფრო მისაღები მმართველით. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერ კიდევ  პირველ და მეორე ფაზაში ეს სამხედრო დაპირისპირება – ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებს ანადგურებენ… სარაკეტო პოტენციალს, სამხედრო მრეწველობას და კონკრეტულ სამხედრო სამიზნეებს.

ამ ყველაფერს უნდა მოჰყვეს მესამე ეტაპი. საბოლოო ჯამში მივიღებთ შედარებით სტაბილურ ირანს ახალი მმართველობით, ან მკვეთრად დასუსტებულ ირანს, რომელიც შეიძლება შევადაროთ სირიას ალ-ასადის რეჟიმის დამხობამდე.

  • ევროპარლამენტში გაიმართება დებატი საქართველოს შესახებ, ასევე მიიღებენ რეზოლუციას: ელენე ხოშტარიას და სხვა პოლიტიკური პატიმრების შესახებ. უნდა ველოდოთ ახალ სანქციებს? – ევროკომისიამ საქართველოში დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა უკვე შეაჩერა. 

ევროკავშირის პოზიცია თავიდანვე თანმიმდევრული იყო. მათ არ სურდათ საქართველოს მოსახლეობის დასჯა „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო. ამიტომა, მივიღეთ გაწელილი პროცესი, რომელიც ამ ეტაპზე დასრულდა უვიზო მიმოსვლის შეჩერებით საქართველოს სერვის და დიპლომატიური პასპორტებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ანტიდასავლურ რიტორიკასა და პოლიტიკას, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება დამატებითი ქმედებები ევროკავშირის მხრიდან.

ინდივიდუალური სანქციები დაბლოკა ვიქტორ ორბანმა, ზუსტად ამიტომ დადგა საფრთხის ქვეშ მთლიანად საქართველოს მოსახლეობა. თუმცა, შეიძლება ეს სიტუაცია აპრილში შეიცვალოს – ვიცით, რომ აპრილში უნგრეთში არჩევნებია და ბოლო მონაცემებით ვიქტორ ორბანის მხარდაჭერა მაინცდამაინც მაღალი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ ევროპულ საბჭოში ორბანის ვეტო აღარ იქნება, რა თქმა უნდა, ევროკავშირს გაუმარტივდება საერთო საგარეო პოლიტიკის წარმოება, მათ შორის, „ქართული ოცნების“ რეჟიმთან მიმართებით.

იმედია, უვიზო რეჟიმის გაუქმებამდე საქმე არ მივა და მოვახერხებთ არსებული კრიზისის დაძლევას გაცილებით უფრო ნაკლები დანაკარგებით, თუმცა „ქართული ოცნების“ არაადეკვატური საგარეო პოლიტიკის გათვალისწინებით, სამწუხაროდ, ვერაფერს ვერ გამოვრიცხავთ.

  • რაც შეეხება დიპლომატიური პასპორტების გაუქმებას: ევროპარლამენტის დებატს როგორ უნდა დაესწრონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ვისაც დიპლომატიური პასპორტები გაუქმდა?

მათ მოუწევთ ვიზების აღება. აქამდე მათ ჰქონდათ შედარებით ლმობიერი რეჟიმი და ნაწილს შეეძლო ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ჩვეულებრივი პასპორტებით. ახლანდელი რეგულაციით კი, მათ მოუწევთ ვიზის აღება. როგორც ვიცით, ევროპარლამენტი მდებარეობს ბრიუსელსა და სტრასბურგში. შესაბამისად, მათ მოუწევთ ბელგიის, ან საფრანგეთის ვიზების მიღება.

არსებულ რეგულაციაში არის პირდაპირი ჩანაწერი, რომელიც ავალდებულებს დიპლომატიური და სერვის პასპორტების მფლობელებს, გამოიყენონ აღნიშნული დოკუმენტები ევროკავშირში შესასვლელად. თუ აღმოჩნდება, რომ მათ ეს პასპორტი ჰქონდათ, შემდეგ შეიძლება ცხოვრების ბოლომდე ე.წ. მგზავრობის აკრძალვაც კი მიიღონ.

  • რა პოლიტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუცია? აქამდე არაერთი კრიტიკული რეზოლუცია გვინახავს. 

ამ რეზოლუციებზე შენდება შემდგომი ნაბიჯები, რასაც ახლა ვხედავთ წინა რეზოლუციების გამო – იგივე დიპლომატიური და სერვის პასპორტების გაუქმებას.

ევროპარლამენტის რეზოლუციებში რაც იწერება, შემდეგ ევროპული საბჭო, ევროკომისია მის აღსრულებას იწყებს. „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ილუზია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები არ არის სავალდებულო შესასრულებლად. ეს მართლაც ასეა, მაგრამ ამ რეზოლუციებზე დაყრდნობით შემდგომში უკვე იქმნება ისეთი ტიპის პოლიტიკა, რომლის აღსრულება სავალდებულოა. ევროპარლამენტი არის გაფრთხილება, რომელსაც შემდეგ მოჰყვება კონკრეტული ქმედებები.

ევროპარლამენტი არანაირად არ არის გამოთიშული საერთო ევროპულ პოლიტიკას. ევროპარლამენტში არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოში. შესაბამისად, ევროპარლამენტი ძალიან კარგად გვაჩვენებს, საითკენ მიდის ევროპული პოლიტიკა საბოლოო ჯამში.

მაგალითად, გერმანიაში არსებობს ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, რომელსაც ჰყავს ამჟამად პრემიერ-მინისტრი. ქრისტიან-დემოკრატიული პარტია ევროპის სახალხო პარტიის წევრია, რომელიც ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პარტიაა. ამავდროულად, მათ ჰყავთ კანცლერი, რომელიც ევროპულ საბჭოშია წარმოდგენილი, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელია ევროკომისიის პრეზიდენტი.

იგივე პოლიტიკური ძალები არიან ევროკავშირის ძალაუფლების სხვადასხვა შტოში. რა თქმა უნდა, თუ არსებობს კონსენსუსი ევროპის სახალხო პარტიაში პარლამენტის დონეზე, ეს ნიშნავს, რომ არსებობს გარკვეული გადაწყვეტილებები ევროკომისიის და ძალიან დიდი ალბათობით, ასევე, ევროპული საბჭოს დონეზე.

მთავარი ფოტო: ირაკლი კობახიძის ვიზიტი ირანში, პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის დაკრძალვის ცერემონიალზე. 2024 წელი

ბათუმში, თავდადებულზე იზღუდება ტრანსპორტით მოძრაობა ქვაფენილის ასფალტით ჩანაცვლების გამო

ქვაფენილის ასფალტის საფარით ჩანაცვლების გამო, ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის მონაკვეთში შეიზღუდება ტრანსპორტით მოძრაობა 8 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით.

„საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 მარტიდან 15 მარტამდე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან სტეფანე ზუბალაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში. შეზღუდვა დაკავშირებულია ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტთან,“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ დღეს, 7 მარტს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმში 15 ქუჩაზე ქვაფენილის აყრასა და ასფალტბეტონის დაგებაზე მერიამ ტენდერი 6 432 351 ლარით გამოაცხადა. პირობის მიხედვით სამუშაოები 2027 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.

ამ თემაზე:

რატომ აქვს ნასვრეტები ბათუმში, რუსთაველზე დაგებულ ახალ ფილებს – „მუჭისოდენა თუა, გამოიცვლება“

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობა 8 მარტს ქალებისთვის უფასო იქნება

ბათუმში, 8 მარტს, მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობა ქალებისთვის უფასო იქნება. ინფორმაციას დღეს, 7 მარტს ბათუმის მერია ავრცელებს.

„ბათუმის მერია გაცნობებთ, რომ 8 მარტს, ქალთა დღეს, მუნიციპალური ტრანსპორტი ქალ მგზავრებს უფასოდ მოემსახურება,“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„თვეში 1500 ლარის წამალი სჭირდება, რომ ისუნთქოს“ – მარიამის დედა დახმარებას ითხოვს

„მარიამი რომ გადარჩეს და სუნთქვა შეძლოს, თვეში მინიმუმ 1500 ლარის მედიკამენტი გვჭირდება. მთავრობა არაფერში არ გვეხმარება, იქნებ თქვენ, ადამიანები დაგვეხმაროთ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თამუნა ჭეიშვილი. იგი 1 წლის და 3 თვის მარიამის დედაა.

თამუნა გვიყვება, რომ მარიამი თანდაყოლილი გულის მანკით დაიბადა, უკვე სამი ოპერაცია ჩაუტარდა და პერიოდულად ჟანგბადის აპარატის გამოყენება სჭირდება, ბავშვმა სუნთქვა რომ შეძლოს.

„ამ წლის ნოემბრამდე მარიამმა უნდა მიიღოს ორი წამალი, ერთის გამოწერა 425 დოლარი ჯდება, მეორე ჩვენს აფთიქებშიც არის და 204 ლარი ღირს, ნოემბერში გვეტყვიან, როგორ გაგრძელდება მკურნალობა,“ – ამბობს თამუნა ჭეიშვილი, – „მედიკამენტები ჩვენით უნდა ვიყიდოთ, სახელმწიფო არ გვეხმარება. მარიამს ორი ოპერაცია აქ ჩაუტარდა, მესამე კი, თურქეთში. თურქეთში ოპერაციაც არ დაგვიფინანსეს. სმს მომივიდა ტელეფონზე, არ ვაფინანსებთო და მიზეზი აღარ გამირკვევია, რატომ თქვეს უარი. ალბათ მეტყოდნენ, რომ აქაც ტარდება ოპერაცია, მაგრამ აქ შედეგი ვერ ვნახეთ. ხალხის დახმარებით წავიყვანეთ მარიამი თურქეთში.

სახელმწიფომ მანამდე დაგვიფინანსა ოპერაცია, მაგრამ მხოლოდ ბავშვის ექიმთან ერთი მიყვანა და ანალიზები 330 ლარი ჯდება,“ – გვიყვება თამუნა ჭეიშვილი.

თურქეთში, სამედიცინო კლინიკა „მედიპოლის“ მიერ გაცემული სამედიცინო ცნობით, მარიმს გულის თანდაყოლილი დაავადება აქვს, ჟანგბადის დაბალი შემცველობით. ეს ცნობა 2026 წლის 27 იანვარსაა გაცემული.

თამუნა ჭეიშვილის ოჯახი რუსთავში ცხოვრობს.

„უფროსი გოგო მყავს, ლიზი, მას თვალზე აქვს პრობლემა და ცალი ფეხი მოკლე აქვს. შესაბამისი მკურნალობა სჭირდება… მე ვეღარ ვმუშაობ, დედაც მოსავლელია. ჩემი მეუღლე მუშაობს პროფილაქტიკაში — თუ სამუშაოა, დღეში 30 ლარს უხდიან. აგროვებს, რომ ქირა მაინც გადავიხადოთ. 3 წელია ქირაში ვცხოვრობთ.

ყოველდღე იმ ფიქრით ვიღვიძებ, როგორ შევძლო, რომ ჩემს შვილებს არაფერი მოაკლდეთ, მაგრამ ძალა აღარ მყოფნის. ყველაზე მტკივნეული ის არის, როცა შრომა გინდა, მაგრამ ვერ ახერხებ, დახმარებას ითხოვ და კარს გიხურავენ… კეთილი ადამიანების იმედი ისევ მაქვს, სახელმწიფო ვალდებულია მოგვხედოს,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ თამუნა ჭეიშვილმა.

მარიამ წიკლაურის დახმარება შესაძლებელია მითითებულ ანგარიშებზე:

#GE82TB7205945064300103
თბს ბანკი

#GE55BG0000000604697723
საქარველოს ბანკი

#GE46LB0711160453922001
ლიბერთი ბანკი

მიმღები – მარიამის დეიდა თეონა ბერელიძე. საკონტაქტო 591-118-609

🌍Paypal-ით # საზღვარგარეთიდან ჩარიცხვა შეგიძლიათ
teko.berelidze@gmail.com

ხაჭაპური 14%-ით გაძვირდა – „ყველაზე მეტად გაიზარდა ყველის ფასი“

„2026 წლის თებერვალში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 8.05 ლარამდე გაიზარდა, რაც 1.6%-ით აღემატება 2026 წლის იანვრის მაჩვენებელს და 14.3%-ით 2025 წლის თებერვლის მაჩვენებელს,“ – აღნიშნულია 2026 წლის თებერვლის „ხაჭაპურის ინდექსში“.

ეს ISET-ის, თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის „ხაჭაპურის ინდექსის“ ახალი მონაცემია. ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი და კარაქი. ინდექსი მოიცავს გაზის და ელექტროენერგიის ხარჯებსაც. „ხაჭაპურის ინდექსის“ შთაგონების წყარო ჟურნალ Economist-ის „ბიგ მაკის“ ინდექსია – ქვეყანაში ინფლაციის მარტივი და გამჭვირვალე ინდიკატორი.

ახალი მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტად გაიზარდა ყველის ფასი [+2.8%], შემდეგ მოდის საფუარი [+2.2%] და ფქვილი [+1.9%], ხოლო რძის ფასი მხოლოდ უმნიშვნელოდ გაიზარდა [+0.1%].

კარაქის ფასი 4.4%-ით შემცირდა, კვერცხის – 1.9%-ით. კარაქის ფასის მნიშვნელოვანი ვარდნის მიუხედავად, სხვა ძირითადი ინგრედიენტების – განსაკუთრებით კი ყველის, რომელსაც ხაჭაპურის ხარჯებში შედარებით მაღალი წილი უჭირავს – ფასების ზრდამ გადაფარა ეს კლება და თვიურ ჭრილში ხაჭაპურის ინდექსის 1.6%-იანი ზრდა განაპირობა.

წლიურ ჭრილში კი, ინგრედიენტების უმეტესობის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყველის ფასები 18.1%-ით გაიზარდა, კვერცხი [+16.7%], ფქვილი [+11.9%], კარაქი [+6.1%] და საფუარი [+3.9%]. რძის ფასი წლიურად 2.0%-ით შემცირდა.

„2026 წლის თებერვალში დაფიქსირებული ზომიერი ყოველთვიური ზრდის მიუხედავად, ძირითადი ინგრედიენტების ფასების ძლიერი წლიური ზრდა ფასებზე მუდმივ ზეწოლაზე მიუთითებს. რძის ფასები, სავარაუდოდ, მომდევნო თვეებში სეზონურ კლების ტენდენციას მიჰყვება. გასათვალისწინებელია აღდომის ეფექტიც – 23 თებერვალს დაიწყო დიდი მარხვა – რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა რძისა და რძის პროდუქტების ფასები კიდევ უფრო შემცირდეს, რადგან ყველსა და სხვა რძის პროდუქტებზე მოთხოვნა, როგორც წესი, ამ პერიოდში მცირდება,“ – აღნიშნულია ISET-ის ახალ შეფასებაში.

ირაკლი კობახიძის განკარგულებით, 2025 წლის 30 დეკემბრიდან მუშაობს კომისია სურსათის ფასებზე. ქვეყანაში არსებულ მაღალ ფასებზე პირველად ირაკლი კობახიძემ 24 დეკემბერს განაცხადა. ირაკლი კობახიძემ მაღაზიებში სურსათზე ფასების ზრდა სუპერმარკეტებისა და დისტრიბუტორების ქსელებს გადააბრალა. ამის შემდეგ პარლამენტმა შექმნა კომისია ამ საკითხის შესასწავლად, ხოლო სუს-მა მოკვლევა დაიწყო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში, წლიურად, სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასი 9.5 %-ით გაიზარდა.

ამ თემაზე:

სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა – საქსტატის ახალი მონაცემები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 7 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 272 360 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 010. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 737 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 24 151 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 38 004 ერთეული [+44]
  • MLRS – 1 670 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 322 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 349 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 161 858 ერთეული [+1 868]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 384 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 30 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 81 812 ერთეული [+170]
  • სპეცტექნიკა – 4 080 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„მსოფლიოს ყურადღება ახლა ირანზეა, მაგრამ რუსეთი ვერც ამით სარგებლობს“ – ინტერვიუ გენერალთან

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ჟურნალისტებს 15 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ – შსს მათ გზის გადაკეტვას ედავება

„ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, მარიამ ძიძარიას და „ტაბულას“ ჟურნალისტს მარიამ კუპრავას შსს გზის ხელოვნურად „გადაკეტვას“ ედავება.

ორივე ჟურნალისტი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა რუსთაველზე.

მარიამ ძიძარიას შემთხვევაში საუბარია 31 იანვარს გამართულ „შაბათის მარშზე“, რომელსაც ნეტგაზეთის ჟურნალისტი აშუქებდა. აქციის გაშუქებისას მარიამს ეკეთა ჟურნალისტის დამადასტურებელი ე.წ. ბეიჯი ანუ საიდენტიფიკაციო ნიშანი, ასევე სამხრე ნიშანი (PRESS) და თან ჰქონდა კამერა.

7 თებერვლის „შაბათის მარშს“ აშუქებდა „ტაბულას“ ჟურნალისტი, მარიამ კუპრავაც.

პროფესიული საქმიანობის შესრულების მიუხედავად მარიამ ძიძარიას და მარიამ კუპრავას შსს-მ მაინც შეუდგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ორივე ჟურნალისტის საქმეზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

დღეს, 6 მარტს, „მედიაჩექერის“ ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დავით მაკარაძემ ასევე განიხილა ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილის საქმე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო 2025 წლის 18 დეკემბერს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ტროტუარზე დგომით ფეხით მოსიარულეთათვის დაბრკოლების შექმნას ედავება.

გიორგი თარხნიშვილის ადვოკატის თქმით, მათ სასამართლოში წარადგინეს საბუთები, რომ გიორგი თარხნიშვილი ჟურნალისტია. ქუდზეც აწერია – PRESS, დიდი ფოტოკამერა უჭირავს ხელში. ეს ყველაფერი ამტკიცებს, რომ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და შსს-ს წარმოდგენილ ვიდეოშიც ჩანს, რომ ფოტოს ან ვიდეოს იღებს“, – თქვა თარხნიშვილის ადვოკატმა, გიორგი ტაბატაძემ „მედიაჩეკერთან“.

მოსამართლემ გიორგი თარხნიშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადადო.

„გზის გადაკეტვის საქმეები“ 174-ე პრიმა მუხლის მეათე ნაწილით განიხილება. აღნიშნული მუხლის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია – 20 დღემდე ვადით.

ეს მუხლი „ოცნებამ“ დაჩქარებული წესით განიხილა და 2025 წლის 10 დეკემბერს, მესამე მოსმენით მიიღო. 2026 წლის დასაწყისიდან დღემდე ამ მუხლით განხილულ საქმეებზე სასამართლომ მოქალაქეთა ნაწილს სიტყვიერი შენიშვნა მისცა, რამდენიმე მოქალაქეს კი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.  

„მსოფლიოს ყურადღება ახლა ირანზეა, მაგრამ რუსეთი ვერც ამით სარგებლობს“ – ინტერვიუ გენერალთან

„დასრულდება ირანის საკითხი და უფრო ადვილად იქნება რუსეთის დაყოლიება შესაძლებელი, ჩემის აზრით, ვინაიდან მას მნიშვნელოვანი მოკავშირე დააკლდება“, – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ანალიტიკოსს ვესაუბრეთ, როგორც უკრაინის ფრონტის სიახლეებზე, ისე ირანზე.

„ამდენი ხანია ისევ პოკროვსკიზე ვლაპარაკობთ. რუსეთი ვერ მიიწევს წინ, ძალიან დიდ დანაკარგს ნახულობს თითოეულ კილომეტრზე. გასაგებია, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღება გადატანილია ირანის მიმართულებაზე, მაგრამ ვერც ამით ვერ სარგებლობს რუსეთი. არ აქვს რუსეთს გარღვევის წინსვლა.

დიდი ალბათობით არის მზადება უკვე გაზაფხული-ზაფხულის კამპანიისთვის, რომელიც მარტის ბოლოდან შეიძლება დაიწყოს რუსეთმა. ამისთვის ხდება გარკვეული გადაჯგუფებები, გარკვეული ოპერატიული პაუზის აღება, როტაციები და ასე შემდეგ,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი.

რას შეიძლება მიაღწიოს რუსეთმა ომის გაგრძელებით? – „ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, ისრაელი ირანში ოპერაციის ახალ ფაზაზე საუბრობს. რას გულისხმობს ეს ახალი ფაზა? 

ზუსტად ისე მიმდინარეობს ეს პროცესი, როგორც უკვე გავაჟღერე თქვენთან ინტერვიუში და ზოგადად, როგორც ხდება კამპანიის დიზაინის ჩამოყალიბება: ჯერ იყო პირველი – მოსამზადებელი ფაზა; შემდეგ მეორე ფაზა, რაც იყო ინიციატივის ხელში აღების ფაზა და მესამე ფაზაზე გადადის ახლა. ეს არის ძირითადი ფაზა. მას შემდეგ, რაც დაბომბილია ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები, საპასუხო დარტყმის საშუალებები შემცირებულია, უნდა განხორციელდეს უფრო გეგმაზომიერი და მეთოდური დამუშავება არსებული საფრთხეებისა. ასევე, უნდა მოხდეს ახლად აღმოჩენილი მიზნების დაზიანება.

დიდი ალბათობით უკვე გამოჩნდება თვითმფრინავები, საფრენი აპარატები, რომლებიც უფრო დაბალ სიმაღლეზე იფრენენ, უფრო მეტი სიმძლავრის ბომბები და რაკეტები გადააქვთ, რადგანაც მათ მიმართ საფრთხე მცირდება და იქნება მცდელობა – საბოლოოდ იქნას განადგურებული ირანის დარტყმითი შესაძლებლობები.

ძირითადი დარტყმები არის მიმართული უკვე სამხედრო წარმოების ინფრასტრუქტურაზე, სადაც ხდებოდა რაკეტების და სხვა საბრძოლო შესაძლებლობების წარმოება. ბალისტიკური რაკეტების საფრთხეებია და პოტენციალი, რომლითაც ირანი ეხმარებოდა პროქსი მხარდამჭერებს: ჰეზბოლა, ჰამასი, ჰუსიტები. აქ არ არის მხოლოდ მარტო ბირთვულ საფრთხეებზე საუბარი. ბირთვული საფრთხეები 12-დღიანი ომის დროს შეამცირეს, მაგრამ ახლა არის მიზანი საბოლოო განულებაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ ირანმა ვეღარ შეძლოს ბირთვული საფრთხეებით მანიპულირება.

  • რა ჩანს ირანი საპასუხო რეაქციით? დრონებით იერიში იყო ნახიჩევანის ტერიტორიაზეც. რა ლოგიკით შეიძლება აწყობდეს ირანს მეზობლებთან ურთიერთობის დაძაბვა? 

ვერ გეტყვით, რასთან არის ეს დაკავშირებული. ახლო აღმოსავლეთთან გასაგებია – ეს არის დარტყმები სუნიტურ ქვეყნებზე, მცდელობა, აიძულოს ისინი ზემოქმედება მოახდინონ ამერიკაზე და ეს საბრძოლო დაპირისპირება შეწყდეს.

მაგრამ დარტყმის განხორციელება ისეთ მეზობლებთან, როგორიცაა, მაგალითად, აზერბაიჯანი ან თურქეთი და შემდეგ განცხადება: „იცით, ჩვენ ამას არ ვახორციელებთ“, ნიშნავს იმას, რომ შეიარაღებულ ძალებს ვეღარ აკონტროლებ.

ირანი აცხადებს, რომ დეცენტრალიზებულია და გადაწყვეტილებები მიიღება ჰორიზონტალურ დონეზე. შეიძლება გქონდეს გარკვეულ დანაყოფში მიზნების ჩამონათვალი და თუკი დაიკარგება კავშირი ზემდგომთან, მას ჰქონდეს დავალება, განახორციელოს მიზნებზე დარტყმა, მაგრამ დეცენტრალიზებული აღსრულება არ ნიშნავს დეცენტრალიზებული კონტროლის არარსებობას. ასეთი ქმედებები და განცხადებები ირანის შეიარაღებულ ძალებს მიიყვანს ქაოსამდე, თუკი ცენტრალიზებულად არ იქნება განხორციელებული მართვა. თუ ეს მართვა მოიშალა, არ გამოვრიცხავ, აღნიშნული დანაყოფები თავისი ინიციატივით განახორციელებენ დარტყმებს.

თურქეთის იძულება, ჩაერთოს ამ დაპირისპირებაში, არ ვიცი, რამდენად აწყობს ირანს და რამდენჯერ უნდა ისროლოს ფეხში. ის, რომ გადაიკიდა მთელი ახლო აღმოსავლეთი და სუნიტური კოალიცია იქმნება, ეს ერთი.

ის, რომ ნატო უკვე განიხილავს მეხუთე მუხლის ამუშავების შესაძლებლობას, ვინაიდან თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, ეს რამდენად სჭირდება ირანს, არ მესმის.

თურქეთი არ არის არც ბელგია და არც ლუქსემბურგი – თურქეთი არის ნატოს მეორე ქვეყანა სიმძლავრით, მეორე შეიარაღებული ძალების მქონე ქვეყანა და თუ უნდა ირანს სახმელეთო ოპერაცია, მიიღებს თურქეთის სახით. ამერიკასთან და ისრაელთან ერთად თუ იმოქმედებს თურქეთი, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება ირანი.

  • რამდენად განიხილება აგრესიის საფრთხე ამ დროს საქართველოზე? 

სიფრთხილეს თავი არ სტკივა გამომდინარე არსებული ვითარებიდან და იმ უკონტროლობისგან, რაც შეიმჩნევა ირანის შეიარაღებულ ძალებში. შესაბამისად, საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა მეზობელ ქვეყნებთან ერთად ჩამოაყალიბოს საჰაერო სივრცის უსაფრთხო დაცვის ერთიანი სისტემა.

  • ზელენსკი ამბობს, რომ აშშ-მ უკრაინას სთხოვა დახმარება ახლო აღმოსავლეთში ირანის დრონების თავდასხმის მოსაგერიებლად. ეს რაზე მიუთითებს? 

უკრაინას შეუძლია კონსულტანტები და ექსპერტები გააგზავნოს. ფაქტია, რომ „შაჰედებთან“ დაპირისპირებაში ყველაზე ეფექტური და იაფი, შესაფერისი საშუალებებით ბრძოლის გამოცდილება გააჩნია უკრაინას.

უკრაინას შეუძლია დრონსაწინააღმდეგო დრონების მიწოდებით დახმარება აღმოუჩინოს ახლო აღმოსავლეთს, რომელიც ძალიან ძვირადღირებულ ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებს ხარჯავს დრონების წინააღმდეგ. ყველაზე გამოცდილი ირანულ დრონებთან ბრძოლაში არის უკრაინა. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დუბაიში ჩამოგდებული დრონი აღმოჩნდა „გერან-2“, ანუ იგივე „შაჰედის“ რუსული ვარიანტი.

  • ტრამპი ამბობს, რომ კვირები გაგრძელდება ეს საბრძოლო მოქმედებები. ეს ნიშნავს იმას, რომ შეუმცირდება უკრაინას დასავლეთიდან სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება? 

პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, იქნება გარკვეულწილად შემცირება, ვიდრე აღდგება მიწოდების სისტემა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივით არა მგონია, რომ ამან დიდი გავლენა მოახდინოს უკრაინის შეიარაღებაზე.

უკრაინა ამ შეიარაღებას იღებს პარტიებად, რაც განსაზღვრულია შესაბამისი დოკუმენტაციით და თანხებით, რომელსაც დასავლეთი იხდის. არა მგონია, რომ ეს შეფერხება გაგრძელდეს დიდხანს.

  • ზელენსკის თქმით, სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებისთვის – უკრაინა, რუსეთი, აშშ – საჭირო სიგნალები ჯერ არ არის. ელოდებით მოლაპარაკებების განახლებას ცეცხლის შეწყვეტაზე? 

არ სცალიათ ახლა მოლაპარაკებებისთვის. დასრულდება ირანის საკითხი და უფრო ადვილად იქნება რუსეთის დაყოლიება ჩემის აზრით, ვინაიდან მას მნიშვნელოვანი მოკავშირე დააკლდება.

  • თუმცა მანამდე ტრამპი ისევ ზელენსკის მოიხსენიებს „დაბრკოლებად“ შეთანხმების მიუღწევლობაში – პუტინი მზად არის თანამშრომლობისთვისო.

კი, პუტინი მზად არის თანამშრომლობისთვის, თუ მთელი უკრაინა მისი იქნება, ასე რატომაც არ იქნება თანამშრომლობისთვის მზად?!

ტრამპის სიტყვებს და ქმედებას ცოტა გავმიჯნავდი ერთმანეთისგან. ის მუდმივად ზელენსკის კრიტიკით გამოდის და ამ დროს საქმე კეთდება უკრაინის სასიკეთოდ და რუსეთის საწინააღმდეგოდ. რეალურად რუსეთი ძალიან მძიმე დარტყმებს იღებს, როგორც სანქციებით, ისე მოკავშირეების გამოკლებით. ამიტომაც, მე გავმიჯნავდი ერთმანეთისგან ტრამპის განცხადებებს და საქმეს.

  • რა ხდება უშუალოდ ფრონტის ხაზზე უკრაინაში, რა იცვლება? 

დიდი არაფერი არ შეცვლილა. უკრაინელები აგრძელებენ წინსვლას მცირე მანძილით. ეს ეხება ძირითადად გულიაეპოლის მიმართულებას ზაპოროჟიეს რაიონში, ფაქტია, რომ რუსების აქტივობა შემცირებულია.

დიდი ალბათობით, არის მზადება უკვე გაზაფხული-ზაფხულის კამპანიისთვის, რომელიც მარტის ბოლოდან შეიძლება რუსეთმა დაიწყოს. ამისთვის ხდება გარკვეული გადაჯგუფებები, გარკვეული ოპერატიული პაუზის აღება, როტაციები და ასე შემდეგ.

რუსებს ძირითადად შეტევები აქვთ ისევ სევერსკის რაიონში, მაგრამ დიდი წინსვლა არ აქვთ.

  • თუ ცეცხლი არ შეწყდება, ომი გაგრძელდება და გაზაფხული-ზაფხულის კამპანიისთვის, რომელი მიმართულება შეიძლება გაააქტიუროს რუსეთმა, რა აწყობს ამ გადასახედიდან? 

ისევ სევერსკის მიმართულება, რომლითაც პირდაპირ გადის სლავიანსკიზე უფრო მოკლე მანძილით, თუმცა ამ ტერიტორიაზე არის საკმაოდ რთული რელიეფი.

ასევე, შეიძლება, მეორე დარტყმა იგივე სლავიანსკი-კრამატორსკის მიმართულებაზე განხორციელდეს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებიდან, მაგრამ ამ შემთხვევაში რუსებს უწევთ კონსტანტინოვკის, დრუჟკოვკის და სხვა დასახლებული პუნქტების გავლა, ვიდრე მივლენ კრამატორსკამდე. მოკლედ, ეს ორი მიმართულება იქნება ალბათ მნიშვნელოვანი რუსებისთვის, ვინაიდან მთავარი შემაკავებელი ფაქტორი დონბასში არის კრამატორსკ-სლავიანსკის აგლომერაცია.

ვფიქრობ, რომ ტრამპი მოიცლის და ისევ მიუბრუნდება მოლაპარაკებების საკითხს. მე არ გამოვრიცხავ ცეცხლის შეწყვეტას, იმას, რომ ცეცხლის შეწყვეტა მოხდეს ამ წელს, თუმცა მაინც, არაფერია გამორიცხული..

  • ამ მოცემულობაში, რაშიც არის რუსეთი, მას აქვს სამხედრო წარმატების მიღწევის რესურსი? 

არც სამხედრო კუთხით და არც პოლიტიკური კუთხით არ უნდა აწყობდეს რუსეთს ომის გაგრძელება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი: ნურასოდეს ნუ იტყვი ნურასოდეს რუსეთთან დაკავშირებით. ძალიან რთულია იმის თქმა, რუსეთს რა აწყობს. ფაქტია, რომ რესურსების თვალსაზრისით რუსეთს უჭირს.

ამდენი ხანია ისევ პოკროვსკზე ვლაპარაკობთ. რუსეთი ვერ მიიწევს წინ. რუსეთი ძალიან დიდ დანაკარგს ნახულობს თითოეულ კილომეტრზე. ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება გადატანილია ირანის მიმართულებაზე, მაგრამ ვერც ამით ვერ სარგებლობს რუსეთი. არ აქვს რუსეთს გარღვევის წინსვლა და აქტიური წინსვლა.

  • რამდენად ძლიერდება ამასობაში უკრაინა? 

დასავლეთის მხარდაჭერის გარდა, უკრაინა თვითონ აქტიურად ავითარებს თავის შესაძლებლობებს. უკრაინას აქვს თავისი წარმოების არა მარტო დრონები, არამედ ბალისტიკური რაკეტები. ბალისტიკურ რაკეტაც აქვს და ფრთოსან რაკეტებიც. ბორბლებიან პლატფორმებზე თვითმავალი საარტილერიო დანადგარით – „ბოგდანათი“, ომში მყოფი უკრაინა უფრო საარტილერიო საშუალებებს უშვებს, ვიდრე საფრანგეთი მთლიანად.

ამ ტიპის საარტილერიო საშუალებებს უფრო მეტს უშვებს უკრაინა, ვიდრე მთელი მსოფლიო. ამას დაუმატეთ კიდევ დახმარება და უცხოეთში წარმოებული ტექნიკა. უკრაინული სისტემები იგივე ბრიტანეთში იქმნება, სკანდინავიის ქვეყნებშიც იწარმოება უკრაინისთვის და უკრაინელების მონაწილეობით შედარებით იაფი საბრძოლო საშუალებები.

  • უახლოეს პერსპექტივაში შეიძლება ველოდოთ იმას, რომ იმ დონეზე გაიზარდოს უკრაინის დარტყმითი შესაძლებლობები, რომ მოლაპარაკებების გარეშეც თავად უკრაინამ იძულებული გახადოს რუსეთი, უკან დაიხიოს? შესაძლებელია, შეძლოს რუსეთის ტერიტორიაზე ამ მასშტაბის დარტყმები? 

არ გამოვრიცხავ ამას, მაგრამ ეს ალბათ უფრო საშუალოვადიან პერსპექტივაში.

ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინა შეძლებს თავის ტერიტორიების მთლიანად გათავისუფლებას. ეს უკვე გრძელვადიანი პერსპექტივაა.

საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა შეჩერდა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში იუწყება, რომ ევროკომისია საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლას აჩერებს.

„ახლა მათ შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნით შესვლისას ვიზა უნდა ჰქონდეთ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვიზის შეჩერების ახალი, გაძლიერებული მექანიზმი გამოიყენება. ეს გადაწყვეტილება წევრი სახელმწიფოების თანხმობის შემდეგ იქნა მიღებული“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

ვიზის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდა საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში აღებული ვალდებულებების მიზანმიმართული და განგრძობადი დარღვევის საპასუხოდ.

„2024 წლის ოქტომბრიდან საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა, მათ შორის საპროტესტო აქციების მონაწილეების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართულმა რეპრესიულმა ზომებმა უარყოფითად იმოქმედა საქართველოში არსებულ ვითარებაზე და რიგი ფუნდამენტური უფლებისა და საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტის დარღვევა გამოიწვია.

საქართველომ ასევე უარი თქვა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან თანხვედრაზე, რაც უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა.

კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომელზეც ვიზა ლიბერალიზაციაა დაფუძნებული“ – წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა.

ასევე ამისა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ევროკომისიამ დღეს მიიღო სახელმძღვანელო პრინციპები წევრი სახელმწიფოების საკონსულო უწყებებისა და საზღვრის დაცვის წარმომადგენლებისთვის, რათა წევრ სახელმწიფოებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ეფექტიან განხორციელებაში დაეხმაროს.

სახელმძღვანელო პრინციპების რეკომენდაცია ითვალისწინებს ევროკავშირის გარე საზღვრების გადამკვეთი ყველა საქართველოს მოქალაქის უფრო მკაცრ შემოწმებას: საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროკავშირში ოფიციალური და დიპლომატიური მიზნებისთვის მოგზაურობისას დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტი უნდა გამოიყენონ. ამის შეუსრულებლობამ შესაძლოა ევროკავშირში შესვლის აკრძალვა გამოიწვიოს.

წევრმა სახელმწიფოებმა ასევე უნდა უზრუნველყონ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე შემოწმდეს ეროვნულ და ევროპულ მონაცემთა ბაზებში, როგორიცაა სავიზო საინფორმაციო სისტემა (Visa Information System), შენგენის საინფორმაციო სისტემა (Schengen Information System) და სხვა საჯარო მონაცემთა ბაზები. შესვლა/გასვლის სისტემა (Entry/Exit System), რომელიც ევროკავშირში გასული წლის ოქტომბრიდან ეტაპობრივად ამოქმედდა, უსაფრთხოების შემოწმების დამატებით დონეს უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, როდესაც საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელები შენგენის ვიზაზე განაცხადს შეიტანენ, წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაცია ეძლევათ, ჩაატარონ საფუძვლიანი შემოწმება – მათ შორის, გასაუბრება ჩაატარონ და ამ განმცხადებლებისგან დამატებითი დოკუმენტები მოითხოვონ. თუ განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სანდოობასთან დაკავშირებით ეჭვი გაჩნდება, წევრმა სახელმწიფოებმა ვიზების გაცემაზე უარი უნდა თქვან.

უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება ძალაში შევა დღეს, 6 მარტს და 12 თვის განმავლობაში — 2027 წლის 6 მარტამდე გაგრძელდება.

„თუ საქართველოს ხელისუფლება არ მოაგვარებს მმართველობასა და სამართლის უზენაესობასთან დაკავშირებულ საკითხებს, კომისიას შეუძლია შეჩერება 24 თვემდე ვადით გააგრძელოს. კომისიას ასევე შეუძლია გადაწყვიტოს ამ ზომის საქართველოს ყველა მოქალაქეზე გავრცელება. ამ დროის განმავლობაში, სიტუაციის გამოსწორება საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. კომისია მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამ პროცესში კონსტრუქციულად ჩაერთოს“ – ნათქვამია განცხადებაში.

თანამდებობიდან გაათავისუფლეს ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი

ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი თამარ მესხიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

როგორც „ბათუმელებთან“ თამარ მესხიძემ აღნიშნა, ის 2026 წლის 27 თებერვალს გაათავისუფლეს. ბრძანება აჭარის კულტურის სამინისტრომ გამოსცა.

რა იყო გათავისუფლების საფუძველი, რა ეწერა ბრძანებაში? – ვკითხეთ თამარ მესხიძეს. ყოფილმა დირექტორმა დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია.

მას ასევე ვკითხეთ, გათავისუფლებამდე ხომ არ იყო მასთან თანამდებობის დატოვებაზე საუბარი. „დანარჩენი დეტალები თქვენ გაარკვიეთ“, – გვითხრა მან.

ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის მოვალეობას 2 მარტიდან ლალი ცეცხლაძე ასრულებს, ახალი ხელმძღვანელის დანიშვნამდე.

_________________

ფოტოზე: თამარ მესხიძე/დირექტორის კაბინეტი ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში. 

300 უკრაინელი ჯარისკაცი რუსეთის ტყვეობიდან სახლში დაბრუნდა

დღეს, 6 მარტს, რუსული ტყვეობიდან 300 უკრაინელი ჯარისკაცი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე გაათავისუფლეს.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს სოციალურ ქსელებში.

„კიდევ 300 უკრაინელი დამცველი რუსული ტყვეობიდან სახლში ბრუნდება. დღეს ასევე გაათავისუფლეს ორი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე.

მათ შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის და ჩვენი სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცები. რიგითები, სერჟანტები და ოფიცრები. ისინი იცავდნენ უკრაინას სხვადასხვა რაიონში: დონეცკში, ლუგანსკში, ხარკოვში, ზაპოროჟიეში, ხერსონსა და მარიუპოლში. მათი უმეტესობა ტყვეობაში ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა, ზოგი კი 2022 წლიდან“ – წერს ზელენსკი.

გათავისუფლებულებს შორის, ჯარისკაცებისა და სერჟანტების გარდა, ოფიცრებიც არიან. უკრაინული მედიის ცნობით, მათგან ყველაზე ახალგაზრდა 26 წლისაა, ყველაზე უფროსი კი – 60-ის.

ასევე გუშინ, 5 მარტს, უკრაინაში რუსეთის ტყვეობიდან 200 სამხედრო დაბრუნდა.

ტყვეების გაცვლა რუსეთსა და უკრაინას შორის ჟენევის შეთანხმების შესაბამისად მოხდა.

ფოტო: უკრაინის შეიარაღებული ძალები/facebook
ფოტო: უკრაინის შეიარაღებული ძალები/facebook
ფოტო: უკრაინის შეიარაღებული ძალები/facebook
ფოტო: უკრაინის შეიარაღებული ძალები/facebook

მასწავლებელს 5 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 11 წელი მიუსაჯეს

პროკურატურის ცნობით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თოთხმეტი და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირების მიმართ, ძალადობის გარეშე ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

„სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობდა, 2024-2025 წლებში, თოთხმეტი და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ხუთი მოსწავლის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით, ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება ჩაიდინა“ – წერს პროკურატურა.

ბრალდებული 2025 წლის 12 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით – ექვსი ეპიზოდი) და 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით – ორი ეპიზოდი) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ზუგდიდის სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

___________

ფოტო არქივიდან.

ტრამპი ამბობს, რომ ირანისთვის „კარგი ლიდერის“ კანდიდატები ჰყავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს ირანის ხელისუფლების შეცვლა და ჰყავს ირანის ლიდერობის კარგი კანდიდატები.

ამის შესახებ პრეზიდენტმა ტრამპმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ გვინდა მივიდეთ და ყველაფერი გავასუფთაოთ. ჩვენ გვინდა, რომ მათ ჰყავდეთ კარგი ლიდერი. ჩვენ გვყავს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც, ვფიქრობ, კარგად გაართმევენ თავს ამ ამოცანას“ – თქვა ტრამპმა.

მას არ დაუსახელებია ამ ადამიანების ვინაობა, მაგრამ აღნიშნა, რომ აშშ ზომებს იღებს მათ გადასარჩენად.

ტრამპმა უარი თქვა კონკრეტული სახელების დასახელებაზე, მაგრამ აღნიშნა, რომ აშშ იღებს ზომებს სიაში შემავალი პირების გადარჩენის უზრუნველსაყოფად.

ინტერვიუში ტრამპმა ასევე მიანიშნა, რომ ამჟამად ირანში სახმელეთო შეჭრა არ განიხილება.

„ეს დროის კარგვაა. მათ ყველაფერი დაკარგეს. მათ ფლოტი დაკარგეს. მათ ყველაფერი დაკარგეს, რისი დაკარგვაც შეიძლებოდა“, – თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ აშშ-სა და ისრაელის დარტყმების ტემპი და ინტენსივობა გაგრძელდება.

ირანზე ისრაელისა და აშშ-ის საჰაერო შეტევები უკვე მეშვიდე დღეა გრძელდება. პირველ მარტს ცნობილი გახდა, რომ მოკლულია აიათოლა ალი ხამენეი – ირანის სულიერი, სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ირანს 1989 წლიდან მართავდა. ის იყო რიგით მეორე ლიდერი, რომელიც ქვეყანას ისლამური რევოლუციის შემდეგ ჩაუდგა სათავეში.

_______________

ფოტოზე: დონალდ ტრამპი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/YURI GRIPAS

 

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 მარტის 21 საათიდან 7 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა.

მთაში მოსალოდნელია თოვა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 4 – 9 გრადუსი სითბო
  • ღამით:0 – 5 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 4 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +9 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, კვირას, 8 მარტს ღამით წვიმაა მოსალოდნელი, დღისით და მომდევნო 2 დღეს კი მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 6 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 271 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +950. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 734 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 24 148 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 37 960 ერთეული [+45]
  • MLRS – 1 669 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 320 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 349 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 159 990 ერთეული [+1909]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 384 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 30 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 81 642 ერთეული [+208]
  • სპეცტექნიკა – 4 080 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინელებმა ოლექსანდრივკას ფრონტზე 9 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook</

ზელენსკი განმარტავს, რა შორი მოქმედების იარაღი აქვს ამჟამად უკრაინას

ვაშინგტონში ბოლო ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები სთხოვა, თუმცა უარი მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკულ გაზეთ „The Independent“-თან ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინა იძულებული გახდა, საკუთარი შორი მოქმედების რაკეტები შეექმნა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ზელენსკიმ მაშინ სცადა თეთრი სახლის ხელმძღვანელი დაერწმუნებინა, რომ ევროპისთვის მიეყიდა შორ მანძილზე მოქმედი Tomahawk-ის რაკეტები, რათა უკრაინას მათი მიღება შესძლებოდა.

თუმცა მისი მცდელობები საბოლოოდ ჩაიშალა. ახლა კი ამ რაკეტებს დიდი ოდენობით იყენებენ ირანის წინააღმდეგ. ზელენსკის თქმით,  ირანის წინააღმდეგ რაკეტების გამოყენების რაოდენობის შესახებ მან სხვადასხვა შეფასება ნახა.

„2000? ზუსტად არ ვიცი, რამდენი იყო პირველი ორი დღის განმავლობაში. იცით, რამდენი ვთხოვე შეერთებულ შტატებს? – 200. მინიმუმ 100 ვთხოვე“, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევი დიდი ბრიტანეთისგან ახლა იღებს Storm Shadow-ის ტიპის ფრთოსან რაკეტებს და ფრანგულ SCALP-ს, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს საკუთარი ეფექტურობა. დანარჩენი შორი მოქმედების იარაღს კი უკრაინა ექსკლუზიურად აწარმოებს.

„ჩვენ დიდი ბრიტანეთიდან ვიღებთ „Storm Shadows“-ს და ეს გვეხმარება. ის ძალიან კარგი იარაღია. ასევე, საფრანგეთიდან ვიღებთ SCALP-ებს, წარსულში კი შეერთებული შტატებისგან  ATACMS-ებს ვიღებდით შეზღუდული რაოდენობით. მაგრამ სულ ესაა. 200 ან 250 კილომეტრზე მეტი დიაპაზონის მქონე სხვა არაფერი მიგვიღია სხვა ქვეყნებიდან. არასდროს.

შორი მანძილის – 500-1000 კილომეტრი და მეტი შესაძლებლობების – ყველა ეს უკრაინაში შემუშავდა“, – ირწმუნება ზელენსკი.

აქამდე დიდმა ბრიტანეთმაც აღნიშნა, რომ უკრაინული FP-5 Flamingo-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტა ამერიკულ Tomahawk-ზე უფრო მძლავრი და ეფექტურია. Flamingo-ს მოქმედების რადიუსი 3000 კმ-ს აღწევს – ორჯერ მეტი, ვიდრე მისი ამერიკული ანალოგი – და მისი ტვირთამწეობაც ორჯერ მეტია – ერთ ტონა ასაფეთქებელ ნივთიერებით.

სამინისტრომ სასკოლო ფორმების შეძენა-რეალიზაციისთვის ახალი შპს შექმნა

განათლების სამინისტრომ კიდევ ერთი ახალი შპს – „საგანმანათლებლო რესურსები‘‘ დააფუძნა, რომლის ფუნქციაც სასკოლი ფორმების შეძენა და შემდგომი რეალიზაცია იქნება.

შპს-ს მიხეილ ყუფარაძე უხელმძღვანელებს, რომელიც პარლამენტის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში მუშაობდა.

„ახალ სტრუქტურულ ერთეულს მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება, სასკოლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით.

ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში დაწყებით საფეხურზე, I–VI კლასებში სავალდებულო ხდება სასკოლო ფორმა და სწორედ „საგანმანათლებლო რესურსების‘‘ ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა აღნიშნული ფორმების შეძენა და შემდგომში რეალიზაცია.

ამასთანავე, სკოლების მომარაგება ყველა საჭირო ინვენტარითა და რესურსით, მათ შორის, სახელმძღვანელოებითა და ლაბორატორიების აღჭურვილობით‘‘- ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.

ამავე წყაროში არაფერია ნათქვამი, რა დაუჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს ახალი შპს-ს შენახვა და რამდენი იქნება მისი წლიური დაფინანსება.

_______________

ამ თემაზე:

„დაცინვაა მშიერ ბავშვს შესთავაზო სკოლის ფორმა, საკვების ნაცვლად“- მშობელი

ბათუმის მერიის ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი არჩილ გირკელიძე იქნება

ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი არჩილ გირკელიძე იქნება. მან სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. საკონკურსო კომისიის ოქმის მიხედვით ის გამარჯვებულად გამოაცხადეს და შესაბამისი სამსახურის უფროსის თანამდებობაზე უკვე დანიშნეს.

მერიის ინფორმაციით, „არჩილ გირკელიძეს აქვს მაგისტრის ხარისხი ბიზნესის მართვის მიმართულებით. განათლება მიღებული აქვს ჩესტერის უნივერსიტეტში 2010–2011 წლებში. ბაკალავრის ხარისხი მიიღო ფინანსებსა და ბიზნესის ადმინისტრირებაში კავკასიის უნივერსიტეტში, 2005–2009 წლებში.

აქვს 15 წლამდე სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორს“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, არჩილ გირკელიძე რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელი ან თანადამფუძნებელია, თუმცა ამ დროისთვის მას წილები კომპანიებში უკვე გასხვისებული აქვს.

კერძოდ, არჩილ გირკელიძე შპს „B.G.C.“- ის ერთ-ერთი დამფუძნებელია, ის კომპანიის 50 პროცენტს ფლობდა. ეს კომპანია 2011 წელს მას რევაზ ბჟალავასთან ერთად დაუფუძნებია. 2025 სექტემბერში მან კომპანიის თავისი წილები უსასყიდლოდ დაუთმო ელდარ კახაძეს და მასვე გადააბარა კომპანიის დირექტორის თანამდებობაც.

2023 წელს არჩილ გირკელიძეს დაუფუძნებია შპს „პი ენ ჯი სტუდიო“, ის თავად ფლობდა კომპანიის ასივე პროცენტს და დირექტორის თანამდებობასაც იკავებდა. 2025 წლის სექტემბერში მან კომპანიის წილების ასივე პროცენტი უსასყიდლოდ გადასცა ელდარ კახიძეს და დირექტორის თანამდებობაც მასვე გადააბარა.

არჩილ გირკელიძე არის ასევე შპს „სფარქს ქოფის“ თანადამფუძნებელი. ეს კომპანია 2025 წლის მაისში ოთხმა პირმა დააფუძნა, თანადამფუძნებლები კომპანიის წილებს თანაბრად ინაწილებდნენ, 2025 წლის სექტემბერში არჩილ გირკელიძემ ამ კომპანიის წილებიც უსასყიდლოდ დათმო.

ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ყოფილმა უფროსმა გიორგი წანაწყენიშვილმა თანამდებობა გასული წლის ნოემბერში დატოვა. ის დაბრუნდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში სამუშაოდ, სადაც ბათუმის მერიაში დასაქმებამდე მუშაობდა.

ამ დრომდე სამსახურის უფროსის მოვალეობას გიორგი კილაძე ასრულებდა.

ქაოსური განაშენიანება და მასთან დაკავშირებული პრობლემები ბათუმის მთავარი გამოწვევაა, რომლის მოგვარებასაც მერია თავს დღემდე ვერ ართმევს, ცათამბჯენებზე ნებართვების გაცემას კი აგრძელებს.

გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა ქალაქში ამ გამოწვევების პარალელურად იზრდება.

2025 წელს ბათუმის ბიუჯეტში სანებართვო მოსაკრებლის სახით 5 მილიონამდე ლარი შევიდა. ბათუმს არც უკანონო მშენებლობები აკლია. სამაგიეროდ, უკვე 20 წელზე მეტია მერია ასეულობით ლარს ხარჯავს ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, თუმცა უშედეგოდ. ქალაქში დაუძლეველი გამოწვევების ჩამონათვალშია კანალიზაციის, პარკინგის ადგილების, ეზოების და ასე შემდეგ პრობლემები.

ასევე, ბათუმს ისევ არ აქვს განაშენიანების რეგულირების გეგმა.

საფეხბურთო აკადემია გონიოში პორტუგალიელი და ქართველი მწვრთნელებით – ვინ ჰპირდება ბავშვებს უფასო ვარჯიშებს

საფეხბურთო კლუბი „გონიოს“ თავის ბაზაზე საბავშვო საფეხბურთო აკადემიას ხსნის. აკადემიის გენერალურ მენეჯერად პორტუგალიელი ბრუნო ფერნანდეში მოიწვიეს, შეიკრიბა სამწვრთნელო შტაბიც, ქართველი და პორტუგალიელი მწვრთნელებით.

აკადემიამ უკვე გამოაცხადა მიღება ბავშვებისთვის, ვისაც ფეხბურთელობა სურს. კლუბის ინფორმაციით, ვარჯიშები 10 მარტიდან დაიწყება.

„საფეხბურთო კლუბი „გონიო“ უნდა გახდეს ადგილი, სადაც ქართველი ბავშვების ნიჭი და ევროპული პროფესიონალიზმი ერთმანეთს შეხვდება,“ – ასეთია გონიოს ბავშვთა აკადემიის გზავნილი.

კლუბის ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში, ნებისმიერი ბავშვისთვის სწავლა უფასო იქნება. აკადემია ეძებს ტალანტებს, რომლებსაც გზას გაუხსნის ევროპული საფეხბურთო სივრცისაკენ.

„მე და ჩემი მეგობრები 90-იანებში გაზრდილი ბავშვები ვართ, რომლებიც ფეხბურთით ცხოვრობდნენ. ქუჩაში მიპოვეს ფეხბურთის თამაშის დროს. მერე ჩემით ვცადე – ბათუმიდან თბილისში წავედი, ჩემი სახსრებით ვიცხოვრე. გამომიძახეს საქართველოს 15-წლამდელთა და შემდეგ 17-წლამდელთა ნაკრებში. მერე ოჯახური პირობების გამო მომიწია ბათუმში დაბრუნება. თითქმის მსგავსი ისტორია აქვს ჩემს მეგობარ დავით დოლიძეს. კარგი მონაცემები ჰქონდა, კარგად თამაშობდა, მაგრამ ჩვენი ოცნება ფეხბურთელობაზე ოცნებად დარჩა.

როცა გავიზარდეთ, გადავწყვიტეთ სხვა ბავშვების ოცნებები აგვეხდინა. შევქმენით გონიოს ბავშვთა საფეხბურთო აკადემია და ხაზგასმით ვამბობ, აქ სწავლა ყველა ბავშვისათვის იქნება უფასო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საფეხბურთო აკადემიის მენეჯერმა რუსლან პაშკოვმა.

რუსლან პეშკოვის თქმით, ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის ჩამოყალიბების იდეა დავით დოლიძეს გაუჩნდა, საფეხბურთო კლუბ „გონიოს“ პრეზიდენტს.

„დავითმა თავისი პირადი ფინანსები ჩადო ამ აკადემიაში. ასევე ეხმარებიამ მისი მეგობრებიც. ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ირაკლი ბერიძეს, რომელიც ჩვენი ტექნიკური დირექტორია. სამწვრთნელო შტაბიც და ყველა, ვინც აქ ვართ, ფეხბურთზე შეყვარებული ერთი დიდი ოჯახია,“ – ამბობს აკადემიის მენეჯერი.

  • ვის შეუძლია მონაწილეობა და რას სთავაზობს აკადემია ბავშვებს – კლუბის გზავნილები

ნებისმიერ ბავშვს, თუ მას უკვე შეუსრულდა 9 წელი, შეუძლია მიმართოს აკადემიას და უფასოდ ისწავლოს.

საფეხბურთო აკადემიაში სწავლა 9-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებს და მოზარდებს შეეძლებათ. ყველა მათგანი უფასოდ ისწავლის.

გონიოს აკადემიას სამი ღია სტადიონი აქვს – გონიოში, ახალსოფელსა და ჭარნალში.

„ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. გვინდა დავამატოთ ერთი სტადიონი – ე.წ. მანეჟი, გადახურული, ხელოვნური სტადიონი, რომ ზამთრის პირობებშიც, როგორც უფროსმა გუნდმა, ისე ჩვენი აკადემიის ბავშვებმა ივარჯიშონ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საფეხბურთო აკადემიის მენეჯერმა რუსლან პაშკოვმა.

რუსლან პეშკოვის თქმით, აკადემიაში მისულ ბავშვებს დახვდებათ პროფესიონალი სამწვრთნელო შტაბი და გარემო, სადაც პროფესიონალებად ჩამოყალიბდებიან.

აკადემიის აღსაზრდელებთან პორტუგალიელი მწვრთნელები იმუშავებენ, ქართველ მწვრთნელებთან ერთად. 

მისი თქმით, სწორედ ამის ნიშანია ის, რომ საფეხბურთო აკადემიის მენეჯერად ბრუნო ფერნანდეში მოიწვიეს. ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი, პორტუგალიის ჩემპიონი, თასის მფლობელი და UEFA-ს თასის მფლობელი საფეხბურთო კლუბ „პორტუსთან“ ერთად.

„ჩვენი ამბიცია: ევროპული სტანდარტი გონიოში. ჩვენი მიზანი მარტივია – შევქმნათ გარემო, სადაც ქართველი ნიჭიერი ბავშვები ევროპული ფეხბურთის სულს ეზიარებიან. ბრუნო ფერნანდეშს ჩამოაქვს ის ცოდნა და დისციპლინა, რომლითაც პორტუგალიამ მსოფლიოს უამრავი ვარსკვლავი აჩუქა,“ – ასეთია საფეხბურთო აკადემიის გზავნილი მომავალი პატარა ფეხბურთელებისადმი.

საფეხბურთო აკადემიის მენეჯერის, რუსლან პეშკოვის თქმით, აკადემია, გარდა იმისა, რომ ბავშვებს უფასოდ ასწავლის, ყველა პირობას შეუქმნის, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავიდნენ.

„გვინდა მაქსიმალურად გავუმარტივოთ ბავშვებს ყველაფერი. მოვიდა ბავშვი ვარჯიშზე, დაიწყო ვარჯიში, მერე რა ხდება?

ქართულ საფეხბურთო რეალობაში მერე ყველაფერი მშობელზეა დამოკიდებული.

ჩვენ გვინდა ეს ყველაფერი შევცვალოთ. ბავშვს, რომელიც იქნება წარჩინებული, მონდომებული, მონაცემები ექნება და ნიჭით დაჯილდოებული, ყველანაირ პირობას შევუქმნით. შეეძლებათ წასვლა უცხოეთში შეკრებებზე. გვყავს როგორც ქართველი, ისე უცხოელი აგენტები, რომლებიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფენ – შეხვედრებს, სინჯებზე წასვლას და პერსპექტივის გახსნას.

ამასთან, რაც ყველაზე დიდი პრობლემა იყო ბავშვთა ფეხბურთში – ბავშვებს, რომლებიც აკადემიებში თამაშობენ, უფროს გუნდში გადასვლის პრობლემა ჰქონდათ სულ და ეს პრობლემაც გადაჭრილია ჩვენთან. გვყავს ორი გუნდი, რომელთაგან ერთი რეგიონულ ლიგაშია, ის იბრძვის და ჩვენ უნდა დავეხმაროთ, რომ გადავიყვანოთ მეოთხე ლიგაში.

ასევე გვყავს ჩვენი ძირითადი გუნდი. საფეხბურთო აკადემიის მიზანია, მინიმუმ სამ წელიწადში, აღსაზრდელებიდან ერთი – პირველი მერცხალი, ჩვენს გუნდს შეუერთდეს,“ – ამბობს რუსლან პეშკოვი.

გონიოს საფეხბურთო აკადემიაში სწავლა 10 მარტიდან დაიწყება.

ოზურგეთის სასამართლომ 18 წელი მიუსაჯა კაცს, რომელმაც ცოლი მოკლა

პროკურატურის ცნობით, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 22 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში ბრალდებულმა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, მეუღლეს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა“ – წერს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ პუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ბათუმში ფრინველების უკანონო სასაკლაო გამოავლინეს – სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აჭარასა და გურიაში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა.

„ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოავლინეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში მცხოვრები ფიზიკური პირი  ზ. გ, რომელსაც ცხოველების სადგომში  კუსტარულად ჰქონდა  მოწყობილი ფრინველთა  სასაკლაო, სადაც ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით კლავდა ფრინველს.

გარდა ამისა, პირი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე.

ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს  ასევე გურიის რეგიონული სამსახურის ინსპექტორებმაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში.

მეწარმეები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ“- აცხადებს სააგენტო.

სახელმწიფოს ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელებისთვის 30-30 000 ლარის გადახდა დაევალა – PHR

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების სასარგებლოდ სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დაავალა.

სასამართლომ გადაწყვეტილება ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) სარჩელის საფუძველზე მიიღო.

ორგანიზაცია პირველი ინსტანციის სასამართლოში 11 ყოფილი ბენეფიციარის ინტერესებს წარმოადგენდა და თითოეული მათგანისათვის 100,000 ლარის ოდენობის კომპენსაციას ითხოვდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 30 000 ლარის გადახდა დაევალა.

„საქმის განხილვა, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ PHR-მა სასამართლოში სარჩელი გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის 2024 წლის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე თვეში შეიტანა.

აღნიშნულ პერიოდში, გადაწყვეტილების დროულად მიღების მოთხოვნით, PHR-მა სასამართლოს ოთხჯერ მიმართა.

PHR-ის პოზიციის თანახმად, მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან ვერანაირი თანხა ვერ იქნება ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ექვივალენტური. თუმცა, კომპენსაცია უნდა იყოს ღირსეული და შეესაბამებოდეს კონკრეტულ გარემოებებს, მათ შორის ყოფილი აღსაზრდელების ასაკს, მათ განსაკუთრებულ მოწყვლადობას, ძალადობის ფორმებსა და ხანგრძლივობას.

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის შეფასებით, პანსიონში არსებული პრაქტიკა, რიგ შემთხვევებში, უთანაბრდებოდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, რომ ბავშვები იმყოფებოდნენ სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ, რაც სახელმწიფოს მხრიდან დაცვისა და მხარდაჭერის მომეტებულ ვალდებულებას წარმოშობდა“- აცხადებს PHR-ი.

მათივე ინფორმაციით, PHR-მა კომპენსაციის ოდენობის ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. „ამავდროულად, დაკისრებული თანხის ოდენობა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომაც“.

რა საფრთხეს უქმნის საოჯახო მარნებს „ღვინის კანონში“ შესული ცვლილებები? – შეფასება

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები კორუფციის რისკებს ზრდის და მცირე მარნების თვითნებურად შევიწროების დამატებით საფრთხეებს აჩენს.

ცვლილებები 4 მარტს, მეორე მოსმენით მიიღეს კანონში.

„კანონპროექტი მნიშვნელოვნად ზრდის ღვინის ეროვნული სააგენტოს ძალაუფლებას, რომელსაც უკვე არა მხოლოდ მაკონტროლებლის ფუნქცია ექნება, არამედ ბაზარზე დაშვების მარეგულირებელიც ხდება“- აცხადებს „გამჭვირვალობა“.

ამ ცვლილებების მიხედვით, სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე სავალდებულო თანხმობა იქნება საჭირო.

„ეს კანონპროექტის ყველაზე არსებითი ცვლილებაა. კანონს ემატება ახალი ტერმინი – „თანხმობა ვენახის გაშენებაზე“.

სამეწარმეო ვენახის (ვენახი, რომლის მოსავალიც კომერციული მიზნით გამოიყენება) გაშენება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

ამჟამინდელ რედაქციაში კი წერია, რომ სამეწარმეო ვენახის გაშენება თავისუფალია, სავალდებულოა მხოლოდ „ნებადართული ვაზის ჯიშების“ გამოყენება. ახალი რედაქციით, ჯიშის დაცვა საკმარისი არ არის, საჭიროა სააგენტოს ნებართვაც“- წერს „გამჭვირვალობა-საქართველო“.

ორგანიზაციის შეფასებით, ამ ცვლილებებით იკვეთება შემდეგი რისკ-ფაქტორები:

  • კანონი არ ადგენს თანხმობის გაცემის ან უარის თქმის წინაპირობებს – ყველა კრიტერიუმი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება, რომელიც კანონით შეზღუდული არ არის. მინისტრს შეუძლია ნებისმიერი წესი დაადგინოს და ნებისმიერ დროს შეცვალოს თავისი შეხედულებისამებრ.
  • კანონი არ ადგენს გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს, ვადებს, გამჭვირვალობის ვალდებულებებს ან გასაჩივრების მექანიზმს.
  • განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ „თანხმობა გაიცემა უფასოდ“, მაგრამ ეს კანონის ტექსტით არ არის გამყარებული და ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს.

ასევე, ორგანიზაციის შეფასებით, მცირე მარნების ვალდებულებები იზრდება.

აქამდე კანონი ათავისუფლებდა ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების ვალდებულებისგან იმ მწარმოებლებს, რომლებიც წელიწადში 1500 ლიტრზე ნაკლებ ღვინოს აწარმოებდნენ (საოჯახო მარნები).

ახალი ცვლილებით, აღრიცხვიანობისა და ბიუროკრატიული ანგარიშგების ვალდებულება გავრცელდება ყველაზე, მათ შორის მცირე, საოჯახო მარნებზეც.

„გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, გამონაკლისის გაუქმება ათასობით საოჯახო მარანს ბიუროკრატიული ტვირთის ქვეშ აქცევს. ისინი ვალდებულები იქნებიან აწარმოონ რთული ტექნოლოგიური აღრიცხვა და აგზავნონ შეტყობინებები სააგენტოში.

„დღეს ქართული მაღალი ხარისხის ღვინო, რომლითაც გაითქვა ქვეყანამ სახელი, მნიშვნელოვანწილად სწორედ მცირე მარნების მიერ იწარმოება და ამ პირობებში ალოგიკური და ზიანის მომტანი იქნება რეგულაცია, რომელიც ამ მცირე მეღვინეობებს დაუმძიმებს მდგომარეობას და გაურთულებს დიდ ინდუსტრიულ მეღვინეობებთან კონკურენციას.

გარდა ამისა, ეს ზრდის რისკს, რომ მარეგულირებელმა ორგანომ ეს ვალდებულებები გამოიყენოს მცირე მწარმოებლების შერჩევითი კონტროლისა და შევიწროებისთვის“ – მიიჩნევს ორგანიზაცია.

ამავე წყაროს ცნობით, აქამდე დაშვებული იყო, რომ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის (მაგ: წინანდალი, მუკუზანი) წარმოებისას, 15%-მდე ყურძენი ყოფილიყო სხვა ქვეზონიდან ან მიკროზონიდან.

ცვლილების შემდეგ, 100% ყურძენი მკაცრად უნდა მოდიოდეს კონკრეტული ადგილწარმოშობის ზონიდან. 15%-იანი გამონაკლისი უქმდება.

როგორც „გამჭვირვალობა-საქართველო“ წერს, კანონპროექტის მომზადების ეტაპზე არ ჩატარებულა კვლევა, თუ რამდენ მწარმოებელს შეიძლება შეეხოს ეს შეზღუდვა და რამდენად რთული იქნება მათთვის საკუთარი წარმოების ახალ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანა.

„თუ ზოგიერთი მწარმოებელი წლების მანძილზე სარგებლობდა 15%-იანი შეღავათით, ახალი, უფრო მკაცრი ნორმა (რომელიც ძალაში დაუყოვნებლივ შედის) ადმინისტრაციული სასჯელის შერჩევით იარაღად შეიძლება იქცეს.

„გამჭვირვალობა-საქართველო“ მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ცვლილებები აჩენს არაერთ ლეგიტიმურ და პასუხგაუცემელ შეკითხვას, რომლებზეც კანონპროექტის ავტორებს არ უმსჯელიათ.

„მაგალითად, მეწარმის ფუნდამენტური უფლების გაუმჭვირვალე შეზღუდვა:

რატომ იზღუდება მეწარმის ფუნდამენტური უფლება – აწარმოოს და გაყიდოს პროდუქტი – ისეთი ბუნდოვანი მიზნით შემოღებული ნებართვით, რომლის გაცემის კრიტერიუმები, ვადები, გასაჩივრების წესი და გამჭვირვალობის სტანდარტი კანონით (თუნდაც ჩარჩოს დონეზე) საერთოდ არ არის დაწესებული?

როდესაც სააგენტო ირგებს საერთაშორისო პრაქტიკისთვის შეუსაბამო ფუნქციებს და ყველა გადაწყვეტილება მინისტრის ერთპიროვნულ ბრძანებას არის მინდობილი, რა ანტიკორუფციული მექანიზმი გვიცავს იმისგან, რომ ეს გაუმჭვირვალე პროცედურები ბაზრის მოთამაშეების შერჩევითი კონტროლისა და შევიწროებისთვის არ იქნეს გამოყენებული?

რას ემსახურება მცირე, საოჯახო მარნებისთვის დაწესებული გამონაკლისის გაუქმება და რთული ტექნოლოგიური აღრიცხვიანობის დავალდებულება? ხომ არ შექმნის ეს არაპროპორციული ტვირთი მცირე მწარმოებლების ბაზრიდან განდევნის ან მათი ჩრდილოვან ეკონომიკაში გადასვლის საფრთხეს?

თუკი განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ვენახის გაშენებაზე ნებართვა გაიცემა „უფასოდ“, რატომ არ არის ეს უმნიშვნელოვანესი ჩანაწერი პირდაპირ ასახული კანონის ტექსტში, რათა გამოირიცხოს მომავალში მინისტრის ბრძანებით მევენახეებისთვის დამატებითი მოსაკრებლების დაწესება?“ – წერს „გამჭვირვალობა“.

„ოცნების“ შემწირველებმა ბათუმში 10 ჰექტარი იყიდეს – ვის ეკუთვნის კომპანია

„ოცნების“ შემწირველების ახალდაფუძნებულმა კომპანიამ ბათუმში, გაგარინისა და ხახულის ქუჩებს შორის სამი მიწის ნაკვეთი იყიდა, რომელთა ფართობიც ჯამში 10 ჰექტარია, 107 586 კვ.მეტრი.

შემსყიდველი კომპანია შპს „ ბათუმი ლენდმარკი“ თენგიზ წულაიამ და კახა დევაძემ 2026 წლის 17 თებერვალს დააფუძნეს და წილებს თანაბრად ინაწილებენ.

თენგიზ წულაია ყოფილი პარლამენტარის, ივლიანე წულაიას ძმა და ბიზნესპარტნიორია. ივლიანე წულაია 2016-2020 წლებში საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“. მან, როგორც ბიზნესმენმა, ფეისბუქზე სტატუსით დაუჭირა მხარი რუსულ კანონს.

არაერთი წყაროს თანახმად, ივლიანე წულაია არის ასევე თბილისის მერის, კახა კალაძის ახლო მეგობარი და მეჯვარე. ის ფლობს 2 ათეულზე მეტ სამშენებლო კომპანიას ან კომპანიის წილებს, რომლებიც მაღალბიუჯეტიან სამშენებლო პროექტებს ახორციელებენ, ასევე, მის საკუთრებაშია „არქი ჯგუფში“ შემავალი არაერთი სამშენებლო კომპანია.

შპს „ ბათუმი ლენდმარკის“ კიდევ ერთი დამფუძნებელი და მეწილე, კახა დევაძე, სამშენებლო კომპანია „ნექსთის“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების დამფუძნებელი და მფლობელია.

2016- 2025 წლებში თენგიზ წულაიამ „ოცნებას“ სხვადასხვა არჩევნების დროს 165 000 ლარი შესწირა. კახა დევაძის შენატანი კი „ოცნების“ ბიუჯეტში 220 000 ლარია 2021 წლიდან დღემდე.

10 ჰექტარი და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები ბათუმში საქართველოს რკინიგზამ 59 მილიონ 742 497 ლარად გაყიდა. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები გაგარინისა და ხახულის ქუჩებს შორის მდებარეობს, ადრე მას „ბათუმის სატვირთო ეზოს“ უწოდებდნენ.

ქონება ელექტრონულ აუქციონზე უშუალო მესაკუთრემ სს საქართველოს რკინიგზის კომპანია შპს „ჯიარ ქონების მართვამ“ გაიტანა.

სამივე მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი, ჯამურად, 59 მილიონ 712 497 ლარი იყო – 1 კვ.მეტრი 551 ლარი, თითოეულის ბიჯი კი – 10 000 ლარი.

107 586 კვ.მეტრი ფართობში შპს „ლენდმარკმა“ თითო ბიჯით მეტი გადაიხადა. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველს შეუძლია, გამყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობის პირობებში, ნასყიდობის საფასური იპოთეკური სესხით დაფაროს.

ამ უფლების გამოსაყენებლად მყიდველმა წერილობით უნდა მიმართოს გამყიდველ ორგანიზაციას ნასყიდობის დარჩენილი საფასურის გადახდის ვადის გასვლამდე ნებისმიერ დროს, თუმცა არაუგვიანეს 45 კალენდარული დღით ადრე.

ერთ-ერთი პირობაა ასევე შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში, სარეალიზაციო უძრავი ქონებით შპს „ჯიარ ქონების მართვის“ მიერ უსასყიდლოდ სარგებლობის შესაძლებლობა.

გარდა ამისა, შეძენილი ქონების ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვამდე მყიდველი არ არის უფლებამოსილი გამყიდველის წინასწარი თანხმობის გარეშე, შესყიდულ მიწაზე არსებული შენობა-ნაგებობა ან/და სხვა ქონება დაანგრიოს.

სააუქციონო პირობების სრულად შესრულებამდე უძრავ ქონებაზე რაიმე შენობა-ნაგებობის განთავსების შემთხვევაში, უძრავი ქონების მყიდველი ვალდებულია შესაბამისი პროექტი სს „საქართველოს რკინიგზას“ წინასწარ შეათანხმოს.

შპს „ჯიარ ქონების მართვა“ 2009 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია სს „საქართველოს რკინიგზა“. ეს კომპანია უზრუნველყოფს „საქართველოს რკინიგზისთვის“ არაპროფილური უძრავ-მოძრავი ქონების მართვას და შემოსავლის მიღებას.

კომპანიების დამფუძნებლების ბიზნეს მიმართულებებს თუ გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ, ამ ადგილს კორპუსების ასაშენებლად გამოიყენებენ. ჯერ უცნობია, კომპანია ათივე ჰექტარს ერთიანი კონცეფციით დააგემარებს, თუ დაყოფს.

მიწის ნაკვეთები შპს „ჯიარ ქონების მართვამ“ განმეორებით აუქციონზე გაყიდა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 5 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 270 400 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +900. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 727 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 24 142 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 37 915 ერთეული [+41]
  • MLRS – 1 667 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 319 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 348 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 156 431 ერთეული [+1941]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 384 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 30 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 81 434 ერთეული [+210]
  • სპეცტექნიკა – 4 079 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინელებმა ოლექსანდრივკას ფრონტზე 9 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

Exit mobile version