„როცა რეგიონში ასობით ოჯახს ელემენტარული სოციალური მხარდაჭერა სჭირდება, ხალხი სიღარიბეს ებრძვის, ჩინოვნიკების ფუფუნებაში ცხოვრება არის საზოგადოების აბუჩად აგდება,“ – მიიჩნევს აზა გაბუნია, „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერი, აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგ ტენდერზე:
2026 წლის იანვარში შეძენილი Chery Tiggo 7-ების შემდეგ აჭარის უმაღლესმა საბჭომ ამჯერად ტენდერი 4 ერთეული მაღალი გამავლობის მსუბუქ ავტომანქანაზე გამოაცხადა.
შესყიდვის სატენდერო ფასი ჯამში 366 ათას 788 ლარია, ანუ 1 ავტომანქანის შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 91 ათას 697 ლარი.
აზა გაბუნიას აზრით, აჭარის უმაღლესი საბჭო არ ზრუნავს არცერთი რეალური პრობლემის მოგვარებაზე, რაც მოსახლეობას აწუხებს.
„აჭარის უმაღლესი საბჭო არის უფუნქციო ორგანო. მოქალაქეების რეალურ გამოწვევებს ესენი არ პასუხობენ. მხოლოდ ფარატინა კანონებს წერენ, რაც ადამიანების პრობლემების მოგვარების ინტერესს არ ემსახურება. ისინი ზრუნავენ მხოლოდ ფუფუნების და კომფორტის შექმნაზე.
ამიტომაც, ეს ხარჯი პირდაპირ არამიზნობრივია. ეს რომ იყოს მერია, რომელიმე ინფრასტრუქტურული სამსახური, შეიძლებოდა ხარჯის რაღაცნაირად გამართლება, მაგრამ ესენი სადმე სოფლებში მოსახლეობას თუ ხვდებიან, შემდეგ რას ცვლიან?!
იმ მაღალმთიან სოფლებშია ზუსტად საჭირო ტრაქტორი და შესაბამისი ტექნიკა, რომ გზები გაიწმინოს, თოვის დროს სოფლები არ ჩაიკეტოს. იმ სოფლებში საბავშვო ბაღები პრობლემაა, სკოლა პრობლემაა, ადამიანებს უუქმებენ სოციალურ შემწეობას… ამ დროს თითო ავტომანქანაში უნდა თურმე უნდა დაიხარჯოს დაახლოებით 92 ათასი ლარი.
ამ დროს იანვარში იგივე უმაღლესმა საბჭომ ამ წლის იანვარში კიდევ იყიდა ოთხი ახალი ძვირადღირებული ავტომანქანა 218 ათას ლარად.
ძვირადღირებულ ავტომანქანებს ყიდულობენ სხვა უწყებებიც, მაგალითად, კულტურის სამინისტრო… ეს არის მხოლოდ ძალაუფლების ატრიბუტი, სიმდიდრის და ფუფუნების გამოსხივება.
ტენდერში ასევე არის პუნქტი, სადაც არის საუბარი, რომ 2026 წელს გამოშვებული მანქანები უნდა შეისყიდონ. კონკრეტულ მომწოდებელზე ხომ არ არის ეს ყველაფერი გათვლილი?!
ამავდროულად, თუ არ ვცდები, 210 დღე არის ვადა მოწოდების. თუ ასეთი ოპერატიული და გადაუდებელი აუცილებლობა არსებობდა მაღალი გამავლობის მანქანის შეძენისა, რატომ არის მაშინ 210 დღე ვადა განსაზღვრული?
ეს ტენდერი უნდა გაუქმდეს და თანხები მიემართოს ადამიანების საჭიროებებს, მოსახლეობას, რომელიც ებრძვის უამრავ პრობლემას, სიღარიბეს, გაძვირებულ ცხოვრებას…,“ – გვითხრა აზა გაბუნიამ.
ამავე თემაზე:






