მთავარი,სიახლეები

ბათუმში „ზებრა გადასასვლელზე პროტესტის საქმე” განიხილეს

06.03.2025
ბათუმში „ზებრა გადასასვლელზე პროტესტის საქმე” განიხილეს

მოსამართლე მარიანა ფომაევამ დღეს, 6 მარტს მოქალაქე გიორგი ჩხაიძის საქმე განიხილა. ის ამ საქმეზე გადაწყვეტილებას 11 მარტს გამოაცხადებს.

გიორგი ჩხაიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც შსს ზებრა გადასასვლელზე მოძრაობით ბარიერი ხელოვნურად შექმნას ედავება.

ეს ბათუმის უწყვეტი საპროტესტო აქციის 31 იანვრის ამბავია: მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა „არასაკმარის რაოდენობაზე“ მითითებით აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ ქუჩაში ავტომანქანების მოძრაობა უნდა აღდგენილიყო, დემონსტრანტებმა მოძრაობა ზებრა გადასასვლელზე დაიწყეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარემ, იურისტმა თამარ წულუკიძემ [საია დაცვის მხარეს წარმოადგენს], ყურადღება გაამახვილა გამოხატვის თავისუფლებაზე, ასევე იმაზე, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს სახელმწიფო დემონსტრანტების სადამსჯელო ინსტრუმენტად იყენებს.

საიას იურისტმა ისაუბრა იმაზეც, რომ ამ ტერიტორიაზე არსებულ შენობებს ალტერნატიული მისასვლელი აქვთ.

„როგორ დაადგინეთ, ყოველ ჯერზე რა მიზნით გადადიოდნენ მოქალაქეები ზებრა გადასასვლელზე?“- შსს-ს წარმომადგენელს ჰკითხა საიას იურისტმა, ირმა აბაშიძემ.

„ესენი საუბრობდნენ ამ გადაწყვეტილებაზე, რაც შემდეგ განახორციელეს,“- აღნიშნა შსს-ს წარმომადგენელმა.

საიას იურისტმა ირმა აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ შსს-ს მიერ წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულებების მიხედვით, გიორგი ჩხაიძე ზებრა გადასასვლელზე მხოლოდ ერთხელ გადადის.

„აქციის მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა, ეს ჩანს კადრებში, გზა ისედაც გადაკეტილი იყო,“- თქვა ირმა აბაშიძემ.

საიას იურისტმა თამარ წულუკიძემ კი ისაუბრა იმაზეც, რომ ეს არ მომხდარა სამუშაო საათებში და ზებრაზე თუნდაც ინტენსიური მოძრაობა ვერც აჭარის მთავრობაში, ან საკონსტიტუციო სასამართლოში დასაქმებულებს ვერ შეაფერხებდა.

სამართალდარღვევის დადასტურების შემთხვევაში, მოსამართლეს შეუძლია გიორგი ჩხაიძე 3 ათასი ლარით დააჯარიმოს ან 15 დღით დააპატიმროს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: