მახინჯაურისა და მწვანე კონცხის პლაჟზე მცირე ზომის ნაკვეთები მერიამ აუქციონზე გაიტანა

ბათუმის მერიამ მახინჯაურისა და მწვანე კონცხის პლაჟზე მცირე ზომის ნაკვეთები ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა. მერია ამ ნაკვეთებს სეზონური კომერციული საქმიანობისთვის საიჯარო წესით ასხვისებს.

გამოცხადებული აუქციონის მიხედვით, მერია მახინჯაურის პლაჟზე სეზონურად ასხვისებს მცირე ზომის, 300 კვ.მეტრი ფართობის ოცზე მეტ ნაკვეთს 4 თვის ვადით.

აუქციონი 16 ივნისს გამოცხადდა და 23 ივნისს უნდა დასრულდეს.

მერია მცირე ზომის ნაკვეთებს სეზონურად ასხვისებს ასევე ბათუმის ცენტრში, კერძოდ საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე გონიო-კვარიათის სანაპიროზე.

„მათ არ აქვთ ხმა“ – მიუსაფარ ცხოველებზე ძალადობის შესაჩერებლად ბათუმში აქცია გამართეს

„ძაღლს რომ ადამიანი აწამებს, ის ხვალ ჩვენ მოგვკლავს,“ – ამბობს თამარ ბოჭორიშვილი, აქციის „შეაჩერე ცხოველებზე ძალადობა“ ერთ-ერთი მონაწილე. დღეს, 18 ივნისს, საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად გაიმართა აქცია მიუსაფარი ცხოველების დასაცავად და მათზე ძალადობის შესაჩერებლად.

აქცია ბათუმში მიუსაფარ შინაურ ცხოველებზე ძალადობის შესაჩერებლად

თამარ ბოჭორიშვილი აქციაზე ლეკვით ხელში დაგვხვდა. იგი ამბობს, რომ ბათუმში კარგად იცნობენ, როგორც ცხოველების მოყვარულს და ხშირად ურეკავენ ქუჩაში მიტოვებული შინაური ცხოველის შეფარების თხოვნით. ცხოველების უფლებათა დამცველები არაერთ პრობლემაზე საუბრობენ: თავშესაფრების სიმცირე, კანონის „სირბილე“, სამართალდამცველების ნაკლები მგრძნობელობა, საზოგადოების დამოკიდებულება შინაური ცხოველების მიმართ…

„4 დღის წინ დატოვეს ეს ლეკვი ქუჩაში ნაღრძობი ფეხით, დაგდებული იყო ქუჩაში, ბიჭებმა დამირეკეს…“ – გვიყვება თამარ ბოჭორიშვილი. – „სინდისმა შეაწუხა ვიღაცას და არაჟანიც დაუტოვებია თან, რძესთან ერთად…“

აქცია ბათუმის ბულვარში მიუსაფარ ცხოველებზე ძალადობის შესაჩერებლად

„ორჯერ ჩავარდა ტენდერი თავშესაფრის მოწყობაზე,“ – ამბობს თეონა ყურშუბაძე, მიუსაფარი ცხოველების უფლებების დამცველი. თეონა დარწმუნებულია, რომ ახალი თავშესაფარი რომც მოეწყოს, საკმარისი არ იქნება, რადგან ქუჩაში ძალიან ბევრი ცხოველია, ეს კი, რამდენიმე სისტემურ პრობლემას ავლენს.

„უნდა გამკაცრდეს, პირველ რიგში, ცხოველების აყვანის წესი, სავალდებულო უნდა იყოს იდენტიფიცირება, ე.წ. „დაჩიპვა“. ნახეთ, რამდენი ჯიშიანი ძაღლია გამოყრილი ქუჩაში,“ – ამბობს თეონა ყურშუბაძე და მუყაოს ყუთით აქციაზე მოყვანილ 4 ლეკვს დაჰყურებს – ეს ლეკვებიც მიუტოვებიათ.

„შეაჩერე ცხოველებზე ძალადობა“ - აქცია ბათუმის ბულვარში

„ასეა, ვიღაც დაყრის ქუჩაში, მერე ვიღაც იპოვის, გამრავლებას არავინ აკონტროლებს, არავინ აკეთებს სტერილიზაციას და კასტრაციას. ეს უნდა ხდებოდეს მასიურად, მობილური მანქანები უნდა არსებობდეს, რომელიც ამას შეამოწმებს.

ინფრასტრუქტურის მოწყობა, როგორიცაა თავშესაფარი, უკვე ბოლო ეტაპია,“ – მიიჩნევს თეონა ყურშუბაძე.

თეონა ყურშუბაძის აზრით, მთავარი პრობლემა ამ ეტაპზე ცხოველთა მოძალადეების მიმართ სახელმწიფოს რეაქციაა: „კაცმა პნევმატური იარაღით ბავშვების თვალწინ მოკლა ძაღლი და მხოლოდ 3 ათასი ლარით დააჯარიმეს. მაინტერესებს, რატომ არ უნდა არსებობს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა?“ – კითხულობს ცხოველთა უფლებების დამცველი, თეონა ყურშუბაძე.

აქცია ბათუმში მიუსაფარ ცხოველებზე ძალადობის წინააღმდეგ

 

სქესობრივი კავშირი 16 წლამდე მოზარდთან – წელს 31 ბავშვია დაზარალებულად ცნობილი

პროკურატურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში, თებერვალში, მარტსა და აპრილში 31 მოზარდია ცნობილი დაზარალებულად სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის საფუძველზე. ეს მუხლი გულისხმობს „სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში“.

140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელი 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა, მეორე ნაწილის შემთხვევაში კი, რაც ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენას ჯგუფის მიერ, ან მის არაერთგზის ჩადენას. ამ შემთხვევაში ბრალდებულს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

ამ მუხლით წარუდგინეს ბრალი, მაგალითად, ბათუმში 11 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე დაკავებულს – ლაშა ნ.-ს. მას პროკურატურა ასევე ედავება არასრულწლოვანის თვითმკვლელობამდე მიყვანას.

140-ე მუხლის გარდა, სისხლის სამართლის კოდექსში კიდევ რამდენიმე მუხლია, რომელიც უშუალოდ ძალადობით, ან ძალადობის მუქარით სექსუალური კავშირს, ასევე სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას გულისხმობს არასრულწლოვანთან.

ამ თემაზე:

პედოფილიის მსხვერპლი 46 მოზარდი გახდა – პირველი კვარტალის სტატისტიკა

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 ივნისის 21 საათიდან 19 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით
უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

მთაში:

  • დღისით: 21 – 26 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +20 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 20-21 ივნისს აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა,ზოგან ხანმოკლე წვიმა.

რუსეთიდან ფულადი გზავნილები 50 %-ით შემცირდა – ნახეთ, საიდან გაიზარდა ფულის გამოგზავნა

რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 2023 წლის მაისში შემცირდა – რუსეთიდან სულ 154,72 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს. ეს 50 %-იანი კლებაა „ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპის“ მიხედვით.

განახლებულ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

2023 წლის აპრილში რუსეთიდან საქართველოში 159 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს [ზრდა 19 %], მარტში – 223 მლნ აშშ დოლარი [ზრდა 727%], თებერვალში – 187 მლნ აშშ დოლარი [ზრდა 753 %], იანვარში – 267 მლნ აშშ დოლარი [ზრდა 1095 %]

რუსეთიდან ფულადი გზავნილების მკვეთრი ზრდა 2022 წლის აპრილიდან დაიწყო, როცა მობილიზაციას გამოქცეულმა რუსეთის მოქალაქეებმა მასობრივად დაიწყეს საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლა – 2022 წლის აპრილში, მაგალითად, რუსეთიდან საქართველოში  გადმორიცხულმა ფულადმა გზავნილებმა 132.98 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს 300%-იანი ზრდა იყო.

2022 წლის აპრილის შემდეგ 2023 წლის მაისი პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთიდან ფულადი გზავნილების წლიური მაჩვენებელი კლებადი გახდა, თანაც წლიური 50 %-ით.

2023 წლის პირველ 3 თვეში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 298 285 საზღვრის კვეთა დაფიქსირდა – ასეთია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემები.

დღემდე ხელისუფლება არ ამბობს კონკრეტულ ციფრს: რუსეთის რამდენი მოქალაქე იმყოფება ამჟამად საქართველოში.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებიდან ულადი გზავნილების ზრდას – ეროვნული ბანკის მონაცემებით, ყველაზე მეტი ფული ევროპის ქვეყნებს შორის იტალიიდან იგზავნება – მაისში 44.17 მლნ აშშ დოლარი [წლიური ზრდა 19 %], 48 %-ით გაზრდილა მაისში გერმანიიდან ფულადი გზავნილები – 19 მლნ აშშ დოლარი.

აშშ-დან საქართველოში კი, 2023 წლის მაისში,  ფულადმა გზავნილებმა 38.30 აშშ დოლარი დოლარი შეადგინა. ეს 37 %-იანი წლიური ზრდის მაჩვენებელია.

„საბანკო ანგარიშზე შეღწევით 9 ათასი ლარი მიითვისეს“ – შსს-მ 3 პირი დააკავა

„ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ჯგუფის მიერ კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ბრალდებით“ თბილისსა და ბათუმში შსს-მ 3 პირი დააკავა. ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს უცხო ქვეყნის მოქალაქესაც.

გამოძიებით დადგინდა, რომ „ბრალდებულებმა – ე.მ.-მ და ა.ს.-მ მოქალაქეთა პირად მონაცემებში უნებართვოდ შეაღწიეს და სხვადასხვა ანგარიშზე არსებული თანხა, როგორც მათ კუთვნილ ასევე, თანამზრახველების – მ.წ.-ს და ვ.ე.-ს ანგარიშებზე გადარიცხეს
კიბერდანაშაულის შედეგად, ფინანსური ზარალი 24 მოქალაქეს მიადგა, რაც 9 000 ლარს აღემატება,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, დაკავებულებს 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელით.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 18 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 219 820 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +650]
  • ტანკი – 3 984 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 7 729 ერთეული [+23]
  • საარტილერიო სისტემა – 3 847 ერთეული [+13]
  • MLRS – 610 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 364 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 314 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 304 ერთეული [+2]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 371 ერთეული [+7]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 211 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 571 ერთეული [+14]
  • სპეცტექნიკა – 522 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 18 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 444 თვითმფრინავი
  • 239 ვერტმფრენი
  • 4 686 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 10 156 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 125 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 149 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 11 028 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

„უკრაინელებს სჭირდებათ ჩუმი და სწრაფი მანევრირება “ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

რეპორტაჟი აგვისტოს ომში დაღუპული მერაბ ჭელიძის სახელობის სკოლიდან – ვიდეო

ხულოს რაიონის სოფელი ირემაძეების საშუალო სკოლა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მერაბ ჭელიძის სახელს ატარებს. სკოლაში 70-მდე მოსწავლეა. სკოლის დირექტორი, მასწავლებელი და ოჯახის ახლობელი იხსენებენ მერაბს, ჰყვებიან მასზე ამბებს. იხსენებენ ომის დღეებს, მძიმე დღეებს, როცა სოფელსა და გარესამყაროს შორის გაწყვეტილი იყო კავშირი.

მერაბ ჭელიძის სახელობის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი შორენა გობაძე იხსენებს მერაბს და ამბობს, რომ ის იყო გამორჩეული ხასიათის ადამიანი, მუდამ მზად იყო, გვერდით დადგომოდა ყველას.

„იმიტომ დავარქვით ჩვენ სკოლას მერაბ ჭელიძის სახელი, რომ საამაყოა ეს ჩვენი სოფლისთვის. გმირი გაიზარდა ამ პატარა სოფელში, ამ ციცქნა სოფელში გაიზარდა გმირი. სახელი რჩებაო, ხომ ვიტყვით და მართლაც რომ სახელი დატოვა“, – ამბობს შორენა გობაძე.

შორენა გობაძე

მერაბმა სკოლა დაამთავრა სოფელ ირემაძეებში, შემდეგ ოჯახი წალკაში გადავიდა საცხოვრებლად. როგორც სკოლის დირექტორი, ბადრი ირემაძე იხსენებს, მას აკადემიურ მოსწრებასთან ერთად კარგი სპორტული მონაცემებიც ჰქონდა:

„მერაბი მაგალითი არის თითოეული ბავშვის, ვინც შემოდის სკოლაში და ვინც კითხულობს აბრაზე – მერაბ ჭელიძის სახელობის ირემაძეების საჯარო სკოლა. ეს ძალიან დიდი მოტივაციაა. 1982-1993 წლებში სწავლობდა მერაბი ჩვენ სკოლაში, სადაც მიიღო მან საშუალო განათლება. ამის შემდეგ ოჯახი გადავიდა წალკაში საცხოვრებლად. 1999 წელს მერაბი ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

YouTube video player

„უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ბათუმის მეხუთე სამხედრო ბატალიონში სამხედრო ექიმის თანამდებობაზე. სულ რაღაც სამი თვის შემდგომ დაიწყო ის ავადსახსენებლი ომი რუსეთ-საქართველოს შორის.

მისი მეგობრები ყოველთვის ამბობდნენ, რომ მერაბი არ მიჰყავდათ, რადგან გამოუცდელი იყო სამხედრო საქმეში. მაგრამ როდესაც წავიდა სამედიცინო შემადგენლობა – ქალები, ახალგაზრდები, მანაც მიმართა უფროსობას, გაჰყოლოდა ბრძოლის ველზე დაჭრილების დასახმარებლად.

პირველივე დღეს, ცხინვალთან ახლოს, დაჭრილების გამოყვანისას, ნაღმის ნამსხვრევის მოხვედრის შედეგად დაიღუპა. გარდაცვალების შემდგომ მას მიენიჭა ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი.

ომის პერიოდში ჩვენი სოფლიდან მერაბის გარდა კიდევ 14 ჯარისკაცი მსახურობდა არმიაში კონტრაქტით. ყოველდღე ველოდით ახალ ინფორმაციას. ომის პერიოდში, იმ 5 დღის განმავლობაში შეწყდა კავშირი აი, ამ ბავშვებთან. დაძაბული იყო მთელი სოფელი, ყველა დაძაბული ვიყავით.

როდესაც ჩამოასვენეს მერაბი… მისი გასვენების დღეს უკვე დასრულებული იყო ომი. ვერტმფრენები ფრენდნენ ძალიან დაბლა, ჩვენ რუსების ვერტმფრენები გვეგონა, მერე გავიგეთ, რომ ეს ქართული ვერტმფრენები ყოფილა”.

ბადრი ირემაძე

„ძალიან დიდი ტრაგედია იყო ჩვენთვის, მაგრამ იმ ბიჭებმა, მერაბის მეგობრებმა თავი შესწირეს ჩვენ მომავალს. მერაბთან ერთად მისი ბიძაშვილი იბრძოდა და პირველი ინფორმაცია მან მოგვაწოდა მერაბის დაღუპვის შესახებ – „მე ვერ გამოვდივარ ფრონტიდან და გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადასვენებულიო“.

აქედან ჩავიდნენ ახლობლები, მეზობლები, თანასოფლელები და გარკვეული პროცედურების გავლის შემდგომ ჩამოასვენეს. მთელი სოფელი კი არა მთელი რაიონი იყო შეკრებილი და ელოდებოდა, რომ ღირსეულად გაეცილებინათ გმირი მერაბი ამ ქვეყნიდან. 

ქვეყნის უსაფრთხოება პირდაპირ უკავშირდება ნატოში გაწევრიანებას. საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატოს წევრი, საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. აი, ეს ორი ინსტიტუტი არის გარანტი საქართველოს დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების. ამ ყველაფერს პასუხი თავად ქართველმა ხალხმაც გასცა, როდესაც გადაწყვიტა, რომ საქართველო უნდა იყოს ნატოსა და ევროკავშირის წევრი. ალტერნატივა არ აქვს“, – ამბობს სკოლის დირექტორი, ბადრი ირემაძე.

_____

როცა კონტროლიორი ავტობუსს აჩერებს, შენ კი გაგვიანდება – რას პასუხობს ბათუმის მერია

„ხომ არ გიფიქრიათ, რომ კონტროლიორები გაჩერებაზე კი არ ამოწმებდნენ ბარათებს, არამედ ერთი გაჩერებიდან მეორემდე მაინც იმგზავრონ და პარალელურად შეამოწმონ? დილით ყველას გვაგვიანდება, ამ დროს კი დანიშნულების ადგილამდე ორჯერ მაინც ჩერდება ავტობუსი ბარათების შესამოწმებლად“, – ეს ერთ-ერთ ბოლო ინფორმაციაზე დაუკომენტარეს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ მათსავე ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე.

„ავტოტრანსპორტს“ კომენტარზე პასუხი არ გაუცია.

კონტროლიორები კი, რომლებსაც მგზავრები ანალოგიურ კითხვებს თითქმის ყოველ ავტობუსში და ყოველი კონტროლისას უსვამენ, მუდმივად ერთსა და იმავეს პასუხობენ: „მიმართეთ მერიას… ჩვენ რასაც გვავალებენ იმას ვაკეთებთ“.

უბილეთო მგზავრობის შემოწმებას ავტობუსში მინიმუმ 1 წუთიდან [თუ ცოტა მგზავრია] 5 წუთამდე დრო მაინც სჭირდება [თუ არ გავითვალისწინებთ კონტროლიორებისა და მგზავრების კამათს; ტექნიკურ ხარვეზებს – როცა მგზავრი ამბობს, რომ გადაიხადა, მაგრამ ეუბნებიან, რომ „არ ჩანს გადახდა“; ზოგჯერ საკონტროლო აპარატი არ მუშაობს; ზოგი მგზავრი კი ეუბნება კონტროლიორს, რომ შეგნებულად არ აჩვენებს მგზავრობის ბარათს და ა.შ. ამასთან, თუ გაჩერებაზე ვინმე ჩადის, კონტროლიორები ჯერ ჩასულ მგზავრებს ამოწმებენ და შემდეგ ადიან ავტობუსში.]

კონტროლიორები, რომლებიც ავტობუსებში უბილეთო მგზავრობას ამოწმებენ, მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები არიან და არა „ავტოტრანსპორტის“; თავად ინსპექცია და „ავტოტრანსპორტი“ კი – ორთავე ბათუმის მერიას ექვემდებარება.

„ბათუმელებმა“ ქალაქის მერიას, მუნიციპალურ ინსპექციას და შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ ცალ-ცალკე, ოფიციალური წერილებით 2023 წლის 10 მაისს მიმართა. ერთ-ერთი შეკითხვა სწორედ უბილეთო მგზავრობის კონტროლის პერიოდში ავტობუსის მოძრაობის შეწყვეტას ეხებოდა.

ოფიციალურ წერილს ქალაქის მერიამ და „ავტოტრანსპორტმა“ დღემდე საერთოდ არ უპასუხა, ინსპექციამ კი, 1 თვის შემდეგ გვიპასუხა და ისიც ნაწილობრივ.

„ბათუმელები“ ითხოვდა მოეწოდებინათ „შესაბამისი დოკუმენტის ელექტრონული ასლი, რომლითაც განსაზღვრულია, რომ კონტროლიორის მიერ მგზავრების შემოწმების პერიოდში ავტობუსმა უნდა შეწყვიტოს მოძრაობა.“

ასევე დასმული გვქონდა შეკითხვა – „რატომ არ ხერხდება აღნიშნული კონტროლი განხორციელდეს ისე, რომ არ შეფერხდეს ავტობუსის მოძრაობა?“

ამ შეკითხვებზე მხოლოდ ინსპექციიდან მივიღეთ პასუხი: „მგზავრთა ნაკადების ზედამხედველობის განყოფილების მიერ ხორციელდება ყოველდღიურად სხვადასხვა ლოკაციებზე კონტროლი. ლოკაციებზე ხორციელდება სხვადასხვა ხაზის ავტობუსების შემოწმება და უბილეთო მგზავრების ჩამოყვანა და დაჯარიმება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით 130 მეოთხე ნაწილით“.

ვითხოვდით ასევე ინფორმაციას, თუ „რამდენი კონტროლიორია დასაქმებული დღეის მდგომარეობით და რამდენია ანაზღაურება აღნიშნულ პოზიციაზე“.

ინსპექციამ დასაქმებულთა რაოდენობა მოგვწერა, თუმცა რამდენია ხელფასი ამ პოზიციაზე – დამალა.

„ქ. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მგზავრთა ნაკადების ზედამხედველობის განყოფილებაში დასაქმებულია 42 თანამშრომელი.“ – მოგვწერეს ინსპექციიდან.

ამავე თემაზე:

ბათუმში ავტობუსები 15 ივნისიდან განახლებული გრაფიკით იმოძრავებენ

„ეს დასაწყისია“ – ძალადობის გარდა „ოცნებას“ სხვა ინსტრუმენტი აღარ დარჩა – ინტერვიუ

„ჩანაფიქრი მარტივია: „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ უკვე არამხოლოდ სიტყვით დააზიანოს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი, არამედ გადავიდეს საქმეზე,“ – მიიჩნევს არმაზ ახვლედიანი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, რომელსაც ვკითხეთ: რას აჩვენებს ფიზიკური თავდასხმების გახშირება „ოცნების“ პოლიტიკურ ოპონენტებზე?

პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივანი და დამოუკიდებელი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ „ეს დასაწყისია“ და ძალადობის, ოპონენტების წინააღმდეგ ბინძური მეთოდების გამოყენების მასშტაბი გაიზრდება. არმაზ ახვლედიანის დაკვირვებით, „ოცნებას“ ძალადობის გარდა სხვა ინსტრუმენტი აღარ დარჩა.

„ეს იმუშავებს, მაგრამ გარკვეულ დრომდე. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, რომ ძალადობა მუშაობს. ძალადობით ვიღაცას დააშინებენ, ვიღაც – ქვეყანას დატოვებს, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს სხვადასხვა რეაქცია ექნება, მაგრამ საბოლოო ჯამში, სწორედ იმიტომ, რომ ეს შეეხება ყველას, ან ვისაც არ შეეხება, იგრძნობს, რომ ადრე თუ გვიან მასაც აუცილებლად შეეხება, გამოიწვევს შესაბამის რეაქციას,“ – გვითხრა არმაზ ახვლედიანმა.

„ბათუმელებმა“ არმაზ ახვლედიანთან ინტერვიუ ჩაწერა, ის პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატია.

  • ბატონო არმაზ, პირველ რიგში, რას აჩვენებს თქვენთვის ერთდროულად სამი თავდასხმა ერთ დღეში იმ ჯგუფებზე, რომლებიც „ოცნების“ ოპონენტები არიან? 

ჩანაფიქრი მარტივია. პირველი: „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ უკვე არამხოლოდ სიტყვით დააზიანოს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი, არამედ გადავიდეს საქმეზე. ეს საქმე დღეს „დიდებულად“ გამოჩნდა – დიდებულად აჩვენეს, რა შეუძლიათ, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩემი დაკვირვებით, ამ ვითარებაში, რაც ახლა ქვეყანაშია შექმნილი „ქართული ოცნების“ მიერ, აღარანაირი სხვა ინსტრუმენტი, თუ არა ძალადობა, „ოცნებას“ არ რჩება.

„ქართულ ოცნებას“ კარგად აქვს გააზრებული, რომ მისი რეიტინგი მკვეთრად ეცემა. მას არ აქვს შანსი, არჩევნებზე მიაღწიოს წარმატებას ჩვეულებრივი, ნორმალური გზით, არც იმ გზებით, რომელიც მას აქამდე გამოუყენებია, თუნდაც 2020 წელს, 2021-ში, 2016-ში.

ამიტომაც, ახლა გადაწყვეტილია: გამოყენებული იყოს ყველაზე უფრო ბინძური მეთოდები, რაც აქამდეც გამოიყენებოდა, მაგრამ ახლა მოხდება მისი გამოყენება ტოტალურად. ეს იქნება 2024 წლის არჩევნებში საფირმო ხელწერა „ქართული ოცნებისა“ – ის ასე წარმოდგება ამ არჩევნებში.

მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ ეუბნება დასავლეთს: თუ თქვენთვის აქამდე გასაგები არ იყო ჩვენი მძიმე და დამაზიანებელი რიტორიკა, ახლა იხილავთ ძალადობას: ოპონენტებზე, მოქალაქეებზე, სტუდენტებზე და იქნებ ახლა მაინც დარწმუნდეთ ჩვენს რეალურ განზრახვებში.

  • იცვლება ოპონენტების მიმართ ძალადობის გამოვლენის მასშტაბი? როცა თქვენ იყავით „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მაშინ როგორ ხედავდნენ ამ პარტიაში ოპონენტებთან ბრძოლას? 

მე ვიყავი „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი 10 წლის წინ და როცა პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი გავხდი, მე საერთოდ არ ვერიდებოდი შეხვედრებს ოპონენტებთან, ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელებთან. მაშინ არავითარი შეზღუდვა ამ კუთხით არ არსებობდა. მიმაჩნდა, რომ ჯანსაღი ოპონირება, ამისთვის დემოკრატიული ჩარჩოს შექმნა –  სწორედ ესაა ნორმალური გარემო. ასე მიიღწევა საქვეყნო წარმატება და არამხოლოდ ერთი პარტიის წარმატება.

2013 წლის ბოლოდან, როცა ირაკლი ღარიბაშვილი იკავებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, ყოველწლიურად მძიმდება ვითარება. ღარიბაშვილის დაბრუნებამ პრემიერის პოსტზე კი, ეს ვითარება სრულიად კატასტროფული გახადა. ამ დამოკიდებულებამ მიიღო სრულიად დრამატული ხასიათი 2020 – 2021 წლების არჩევნების შემდეგ.

ძალადობა გვახსოვს ყოველთვის: შევარდნაძის დროს, მანამდეც, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ხომ გვახსოვს და გვახსოვს და „ოცნების“ მხრიდან ძალადობის არაერთი შემთხვევა გვახსოვს, მაგრამ ახლა სხვა რამესთან გვაქვს საქმე: „ოცნება“ წლების წინ, თუნდაც 2016 წლის არჩევნებში, ხვდებოდა, რომ უპირატესობა მაინც მის მხარეს იყო. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კი, „ოცნება“ დარწმუნდა, რომ ვითარება შეიცვალა რადიკალურად. ეს ვითარება იცვლება ყოველი არჩევნების შემთხვევაში მისთვის სავალალოდ.

„ოცნებას“ აღარაფერი რჩება 2024 წლის არჩევნებისთვის თუ არა ყველაზე თავხედური, ყველაზე ბინძური მეთოდების გამოყენება ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

  • ეს ირაკლი ღარიბაშვილის ხედვაა, რომ ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზება და მათი ირიბად წახალისება არის ინსტრუმენტი პოლიტიკური ძალაუფლების შესანარჩუნებლად? 

ირაკლი ღარიბაშვილი თავად არის ინსტრუმენტი. დღეს შემკვეთისთვის ამოცანებს, როგორც ჩანს, ღარიბაშვილი წარმატებით ასრულებს. შემკვეთი, როგორც ჩანს, კმაყოფილია, თუმცა გაკვირვებული ვარ: როგორ ვერ იაზრებს ივანიშვილის შემკვეთი იმას, რომ საბოლოო ჯამში ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ ასეთი აღვირახსნილი, უკანონო ქმედებები გამოიწვევს იმას, რომ „ქართული ოცნება“ მიიღებს ჯერ არნახულ რისხვას ქართველი ხალხისგან.

  • ხელისუფლება ამბობს, რომ იძიებს თავდასხმებს და ძალადობას.

იძიებს, მაგრამ ვერასდროს გამოიძიეს, ვერასდროს ვერ სჯის დამნაშავეებს და, რაც მთავარია, შეიძლება, ვინმე გამოავლინოს და დასაჯოს დამნაშავე ერთჯერადად, მთავარი პრობლემა კი არის არა შემსრულებელში, პოლიციელი იქნება ეს თუ აქტივისტი, არამედ შემკვეთის, ორგანიზატორის დასჯა.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტში მომხდარი, თავხედური ინციდენტის შემდეგ, ბატონმა კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს აქვთ სრული უფლება, იძალადონ ოპონენტებზე, თუ ამას საჭიროდ ჩათვლიან. სხვა სიტყვები თქვა კობახიძემ, მაგრამ არსი ეს არის. მან მწვანე აუნთო მოძალადეებს, რომლებიც მიტმასნილი არიან ახლა „ქართულ ოცნებას“ ანაზღაურების მიღების, ან სხვა მიზნებით.

„ქართული ოცნების“ რიტორიკა იმდენად ძალადობრივი ხასიათისაა, ეს გამოიწვევს ასეთი შემთხვევების ზრდას, რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნებს.

  • კიდევ რა აჩვენებს, რომ ხელისუფლების მხრიდან არის ორგანიზებული ეს ძალადობა? 

როცა ხელისუფლება ამბობს, რომ „ოპონენტები ამას იმსახურებენ“, ამაზე მეტად რა უნდა გამოჩნდეს? მეორეა პოლიცია, რომელიც არ რეაგირებს – დღესაც დაგვიანებით მივიდა პატრული ყველა შემთხვევაში და ეს ასე ხდება ხშირად. ჩანს, რომ ამას აქვს ორკესტრირებული ხასიათი.

პატრული, რომელიც მყისიერად უნდა რეაგირებდეს, პოლიცია და საგამოძიებო ორგანოები უნდა ცდილობდნენ, რომ ეს აღკვეთონ, არ დაუშვან, გამოიძიონ და დასაჯონ, მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ, რატომ? – იმიტომ, რომ მთელი ეს პოლიციური სისტემა ემსახურება „ქართული ოცნების“ პარტიულ ინტერესს. ძალადობა ახლა ყველაზე უფრო მწვავე ხასიათს იღებს, რადგან „ოცნებას“ სხვა გზა აღარ რჩება.

  • უშვებთ, რომ ამას არ ექნება გავლენა, ეს ვერ იმუშავებს?  

ეს იმუშავებს, მაგრამ გარკვეულ დრომდე. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, რომ ძალადობა მუშაობს. ძალადობით ვიღაცას დააშინებენ, ვიღაც – ქვეყანას დატოვებს, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს სხვადასხვა რეაქცია ექნება, მაგრამ საბოლოო ჯამში, სწორედ იმიტომ, რომ ეს შეეხება ყველას, ან ვისაც არ შეეხება, იგრძნობს, რომ ადრე თუ გვიან მასაც აუცილებლად შეეხება, გამოიწვევს შესაბამის რეაქციას. მჯერა, რომ ეს რეაქცია იქნება გამოხატული ამომრჩევლების უმრავლესობის მიერ არჩევნების დღეს.

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ასეთი ძალადობის შედეგად ვიღაც ჩერდება, შეშინდება, მაგრამ არასდროს არ გასვლია არცერთ მოძალადე ხელისუფლებას, რომ პოლიციური სახელმწიფო შეექმნა და ის შეენარჩუნებინა დიდხანს.

„ქართული ოცნება“ დგას ახლა სწორედ პოლიციური სახელმწიფოს შექმნის გზაზე. ფაქტობრივად ყველა ნიშანი გვაქვს ამის და რჩება მხოლოდ ის, რომ ამ ინსტრუმენტებით, ძალადობით, შეძლონ მომავალ წელს ძალაუფლების შენარჩუნება.

2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ ამოცანა ეს არის: ამ შემადგენლობით ოპოზიცია აღარ იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, იყვნენ მხოლოდ სატელიტები და „ოცნებას“ აღარ შეეშალოს ხელი, მაგალითად, რუსული კანონის კვლავ მიღებაში. ეს რომ  მოახერხოს, „ოცნებას“ სჭირდება ტოტალური ძალადობა, შავი ფულის უკონტროლოდ გამოყენება, პოლიციური სუსის სისტემის სრულად ამოქმედება. „ქართული ოცნება“ ამას არ მოერიდება.

წარმოიდგინეთ, ამ ფონზე რა სტატუსზეა საუბარი? „ქართულ ოცნებას“ სტატუსი ანაღვლებს, ან აინტერესებს? – პირიქით, სტატუსი მისთვის არის ხელისშემშლელი ამ გზაზე. ის ერთადერთ შემთხვევაში დათანხმდებოდა სტატუსს – როგორც ეს ადრე აღვნიშნე თქვენთან ინტერვიუს დროს – თუ დასავლეთი არ მოსთხოვდა მას დემოკრატიული რეფორმების გატარებას. ეს, ცხადია, შეუძლებელია. „ოცნება“ დარწმუნდა, რომ დასავლეთი და ქართველი ხალხის უმრავლესობა ითხოვს სამართლებრივ და დემოკრატიულ რეფორმებს.

სწორედ მაშინ გადაწყვიტა ივანიშვილის პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომ იმოქმედონ საკუთარი გეგმის მიხედვით. „ოცნება“ ახლა რასაც აკეთებს, არის სრულ წინააღმდეგობაში ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებთან და ჩვენი სახელმწიფოს სტრატეგიულ მიზნებთან.

ბავშვებზე სექსუალური ძალადობა ვინ უნდა აღმოფხვრას და როგორ – ინტერვიუ ექსპერტთან

ბოლო დღეებში ბავშვთა მიმართ სქესობრივი დანაშაულის რამდენიმე შემთხვევა გახდა ცნობილი. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შედეგით, მოზარდის თვითმკვლელობით დასრულდა. რატომ ვერ ახერხებს სახელმწიფო ბავშვებისა და მოზარდების დაცვას სქესობრივი ძალადობისგან და რა უნდა გაკეთდეს ძალადობის აღმოსაფხვრელად? – ამ თემაზე „ბათუმელები“ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ყოფილ უფროსს, გოგა ხატიაშვილს ესაუბრა.

  • ბატონო გოგა, როგორ ფიქრობთ, რატომ გვაქვს არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი დანაშაულების ასეთი მძიმე სურათი ქვეყანაში?

ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს სისტემური პრობლემა სქესობრივ დანაშაულთან მიმართებით. ზოგადად, სექსუალური ძალადობა რჩება ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთ გავრცელებულ, მაგრამ დაფარულ ფორმად.

იმიტომ, რომ ეს არის ძალადობის ის ფორმა, როცა მოქმედებს მძლავრი დუმილის კულტურა – სხვადასხვა მიზეზის გამო უჭირთ ხოლმე მსხვერპლებს ამაზე საუბარი.

პრობლემად რჩება როგორც ასეთი შემთხვევების პრევენცია, ისე ეფექტიანი და დროული რეაგირება.

სამწუხაროდ, ძალიან სუსტია პრევენციული პოლიტიკა და მიდგომა, რადგან ყველაზე მთავარი და უნივერსალური მექანიზმი ასეთი შემთხვევების შესუსტების არის განათლება, სწავლება. ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ბავშვებს ჰქონდეთ ინფორმაცია თავიანთი სხეულებრივი უსაფრთხოების შესახებ. მათ შორის იმის თაობაზე, თუ რა ტიპის ქმედებას აქვს ადგილი, ძალადობის რა ფორმები არსებობს და ასეთ დროს ვის შეიძლება მიმართოს დასახმარებლად.

ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევები მეტყველებს იმაზე, რომ ძალადობის გამოვლინება ხდება მაშინ, როდესაც უკიდურეს ფორმებს იღებს ძალადობა. მაშინ, როცა წლების განმავლობაში გრძელდება ეს ძალადობა და ბავშვმა არ იცის, რასთან აქვს საქმე.

მე მინახავს საქმეები, სადაც ჩანს, რომ როდესაც ბავშვი იწყებს ამაზე საუბარს, მის მიმართ უკვე ჩადენილია სექსუალური ძალადობის რამდენიმე ეპიზოდი და ძალადობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის გამო ვერ ხდება ამის დროული გამოვლენა.

მეორე პრობლემა, რაც არის, ხშირად სექსუალური მოძალადე იწყებს ბავშვის დაშინებას, ეუბნება, რომ თუ ვინმეს მიმართავს, დაუხოცავს მშობლებს, სახლს გადაუწვავს და ასე შემდეგ. ესეც არის ხოლმე სერიოზული ფაქტორი, რომ ბავშვებს ეშინიათ ამაზე საუბრის.

ან კიდევ, ბავშვს ეუბნება, რომ ის, რაც მან გააკეთა, არის სასიყვარულო ურთიერთობა და რომ ამას უფროსებიც ხშირად აკეთებენ. ბუნებრივია, ცოდნის ნაკლებობის გამო ბავშვი იჯერებს და შესაძლოა ამაზე საერთოდ არ ისაუბროს.

  • ფაქტები წინ გვიდევს და ვხედავთ, რამდენად სჭირდებათ ბავშვებს ამ ინფორმაციით აღჭურვა, რომ დაიცვან თავი სექსუალური ძალადობისგან. როგორ ფიქრობთ, რატომ ჯიუტობს სახელმწიფო, რატომ არ ნერგავს სქესობრივ განათლებას სკოლებში?

სახეზე გვაქვს ნების ნაკლებობა. ეს ცალსახაა და ის, რომ სახელმწიფო არ არის განწყობილი იმგვარად, რომ ეს საკითხები აქციოს განათლების ნაწილად. შესაძლოა მას ჰქონდეს გარკვეულ ჯგუფებთან დაპირისპირების შიშები, ესეც გამოწვეულია ხოლმე იმით, რომ საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს სქესობრივი განათლება, რომ ეს, პირველ რიგში, უკავშირდება ადამიანის სხეულებრივი უსაფრთხოების საკითხებს.

ხშირად აქედან გამომდინარე არსებობს ასეთი არასათანადო განწყობები და სახელმწიფოც ამას იყენებს საბაბად.

  • ეს ნიშნავს, რომ, სახელმწიფოს ბავშვი არ აინტერესებს? რადგან როცა სახელმწიფოს რაღაც უნდა, ის რადიკალური ჯგუფების ნებართვის გარეშეც აკეთებს ხოლმე ამას. მხედველობაში მაქვს, მაგალითად, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება.

შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ სახელმწიფოსთვის ბავშვის დაცვა ნაკლებად პრიორიტეტულია, იმის გათვალისწინებით, რომ ვხედავთ ბავშვთა მიმართ ჩადენილი ძალადობის საკმაოდ მძიმე შემთხვევებს, რაზეც არ იყო ადეკვატური და გონივრული რეაგირება.

ბუნებრივია, როდესაც კონკრეტულ საკითხზე არ მუშაობ, რომელიც იმ კონკრეტული ჯგუფის მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება, აქ ნაკლები პრიორიტეტულობა ჩანს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ნების ნაკლებობაც.

შესაძლებელია, ამის მიზეზი იყოს ის, რომ ბავშვები არ არიან ამომრჩევლები, მათ არ აქვთ პოლიტიკური ხმა და ესეც შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი, წამახალისებელი პოლიტიკური ნების ნაკლებობის.

მეორე მხრივ, შესაძლოა ბავშვი არ საუბრობდეს სექსუალურ ძალადობაზე, მაგრამ სპეციალისტებს აქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ასეთი შემთხვევები თავად ამოიცნონ და ესეც ძალიან მოისუსტებს ჩვენს ქვეყანაში.

  • სპეციალისტებში ვის გულისხმობთ?

2016 წლიდან მოქმედებს „ბავშვთა მიმართ ძალადობის მიმართვიანობის რეფერირების პროცედურები“. ეს არის მთავრობის დადგენილება, სადაც განსაზღვრულია სპეციალური წესები, თუ როგორ უნდა იმუშაონ სახელმწიფო უწყებებმა, როდესაც ბავშვი ოჯახში ან ოჯახს მიღმა დაექვემდებარება ძალადობას.

აქ პირდაპირ არის მითითებული საგანმანათლებლო სისტემა, სკოლები, ასევე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, სკოლის გარეშე სასპორტო და საგანმანათლებლო დაწესებულებები, სოფლის ექიმები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ასე შემდეგ.

ამ პროცედურის პირველი და მეორე საფეხური გულისხმობს იმას, რომ სპეციალისტებმა თავად უნდა გამოავლინონ ბავშვის მიმართ სავარაუდო ძალადობა. ამ დადგენილებაშია მითითებული კონკრეტული მეთოდები, თუ როგორ უნდა მიხვდნენ სპეციალისტები, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლი შეიძლება იყოს.

მაგალითად, თუ ბავშვს რადიკალურად შეეცვალა ხასიათი, არის უგუნებოდ, ჩაკეტილია, რეგულარულად არ დადის სკოლაში, თავს არიდებს სახლში წასვლას, ან, მაგალითად, ბავშვს აღენიშნება მოუწესრიგებელი გარეგნული იერ-სახე, სეზონისთვის შეუფერებელი ტანსაცმელი აცვია და ასე შემდეგ.

აქ არის კონკრეტული ინდიკატორები ჩამოთვლილი, რაც არ უნდა გამოეპაროს სპეციალისტს, მათ შორის სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მასწავლებლებსა და თავად უნდა მოახდინონ იმის იდენტიფიცირება და მდგომარეობის გამოკვლევა, ბავშვი ხომ არ არის ძალადობის რომელიმე ფორმის მსხვერპლი, მათ შორის, სექსუალური ძალადობის.

მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, პრაქტიკაში ეს წესები არ სრულდება.

  • როცა 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, ითქვა, რომ ძალადობის შესახებ მშობელი იყო ინფორმირებული. უნდა შეემჩნია თუ არა ეს სკოლასაც?

ზუსტად ეს არის იმის მაგალითი, რომ ვერ შეამჩნია. ამიტომაც ეკისრებათ სპეციალისტებს დიდი პასუხისმგებლობა, რომ ბავშვებთან მიმართებით იყვნენ ფხიზლად.

სკოლის პასუხი იმის თაობაზე, რომ ბავშვს მისთვის არაფერი უთქვამს, არ არის დამაკმაყოფილებელი. ამ დადგენილების მიხედვით, ეს არ ათავისუფლებს სკოლას ვალდებულებისგან.

ბავშვმა შეიძლება არ ისაუბროს, მაგრამ თავად სპეციალისტს მოეთხოვება პროაქტიულად, კონკრეტულ ინდიკატორებზე დაყრდნობით და ესეც არის მითითებული ამ დადგენილებაში, თავად დაეჭვდეს, თავად დაინტერესდეს ბავშვს რაიმე ხომ არ უჭირს.

  • ხშირად, როცა მასწავლებლებს ვუსვამთ მსგავს კითხვებს, ისინი თავს იმართლებენ, რომ კლასში 30 ბავშვი ჰყავთ, გადატვირთულები არიან და შეიძლება რაიმე გამორჩეთ.  

ეს უნდა შეამჩნიოს ყველამ, იმიტომ გადის რამდენიმე ფილტრს ეს საკითხი, რომ თუ გამოეპარა ერთს, იქვე დამზღვევი იყოს მეორე. თითის გაშვერა ერთმანეთისკენ, არასწორია. ეს შეიძლება იყოს მასწავლებელი, კლასის დამრიგებელი, დირექტორი, მანდატური – ყველას აქვს ეს პასუხისმგებლობა.

უფრო დიდი დოზით კი მის უშუალო დამრიგებელს, რომელიც ყოველდღიურად ხვდება ამ ბავშვს.

როდესაც ბავშვი ძალადობის და მით უმეტეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, ყოველთვის მიგვახვედრებს ამის შესახებ თავისი ქცევით. მინიმუმ იმას მაინც მიხვდები, რომ ბავშვს რაღაც უჭირს. სამწუხაროდ, ეს ვალდებულება პრაქტიკაში არ სრულდება.

  • ხშირად, ოცა ტრაგედია ხდება, სკოლა ამბობს, რომ ჩვენ გავაგებინეთ მშობელს, ვუთხარით, რომ მისი შვილი არ დადის სკოლაში. ეს ათავისუფლებს მათ პასუხისმგებლობისგან?

მშობლისთვის შეტყობინება შეიძლება იყოს ერთ-ერთი, ამ პროცესის შემადგენელი აქტივობა, თუმცა ეს არ ათავისუფლებს მასწავლებელს ვალდებულებისგან. თუ მას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, შეიძლება ეს დაკვირვება გააგრძელოს. საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, სკოლას ეკისრება სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და პოლიციაში გადამისამართების ვალდებულება. ეს პირდაპირ უწერიათ დადგენილებაში.

მე მსმენია სპეციალისტებისგან, რომ „არ აქვთ მტკიცებულება“, ან „ეჭვი აქვს, მაგრამ დანამდვილებით არ იცის“. არც არის სავალდებულო, რომ რაღაც კონკრეტული მტკიცებულება ეჭიროს ხელთ ან ასი პროცენტით ფლობდეს ინფორმაციას.

პირდაპირ საუბრობს ეს დადგენილება – საფუძვლიანი ეჭვი თუ გაქვს, რომ ბავშვი შეიძლება იყოს ძალადობის მსხვერპლი, უკვე არსებობს გადამისამართების ვალდებულება. შემდეგ უკვე სოციალურმა მუშაკმა და პოლიციამ უნდა გაარკვიოს.

  • რას იტყვით მშობლების კომპონენტზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს არც ოჯახის წევრების მხარდაჭერა აქვთ. ეს მაინც ხომ შეუძლია სახელმწიფოს, რომ მშობლებს აუმაღლოს კომპეტენცია?

სამწუხაროდ, ბავშვი პრობლემას აწყდება ყველა რგოლში. ოჯახში, სახელმწიფოში და ეს წინაღობები ბავშვისთვის არის ყველა სფეროში.

მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში საკმაოდ შესუსტდა სახელმწიფოს პოლიტიკა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართ. პრიორიტეტულობა არ ნიშნავს მხოლოდ ზეპირსიტყვიერ განცხადებას, პოლიტიკურ დონეზე ვეღარ ვხედავთ იმის აშკარა მზაობას, რომ სახელმწიფომ კოორდინირებული და ყოვლისმომცველი პოლიტიკა განახორციელოს ასეთ შემთხვევებზე.

და კიდევ, ხშირად გვაქვს ხოლმე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა, მათ შორის მასწავლებლებთანაც და ერთ-ერთი ბოლო კვლევა, რომელიც სახალხო დამცველთან ერთად ჩავატარეთ, ეხებოდა ადრეულ ასაკში ქორწინებას, როგორც ბავშვის მიმართ ძალადობის ერთ-ერთ ფორმას. მასწავლებლების უმეტესობა ამბობდა, რომ მათ ინფორმაცია არ აქვთ რეფერირების პროცედურებზე.

ერთი მხრივ, განათლების სამინისტრო არ უზრუნველყოფს ბავშვთა მიმართებით ამ ცოდნის გადაცემას და მეორე მხრივ, არც იმაზე ზრუნავს, რომ სპეციალისტებს ჰქონდეთ ინფორმაცია.

ჩემი გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ როდესაც ხელმძღვანელ დონეზე ეს თემა ადამიანისთვის პრიორიტეტულია, როგორც წესი, ასეთი დაბრკოლებები აღარ იქმნება ამ სფეროში.

ამიტომ, მთავარია პოლიტიკური ნება, რომელსაც დღეს ნაკლებად ვხედავთ და აისახება კიდეც შედეგზე.

  • როგორ შეიძლება ძალადობის პრევენცია ისე, რომ არ მოხდეს ამ თემით მანიპულირება თუნდაც რადიკალური ჯგუფების მხრიდან, რა გზას ხედავთ?

ამის სპეციალური გაიდლაინებიც არსებობს, თუ რა საკითხებს უნდა მოიცავდეს ეს. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, ვინ ასწავლის ამ ყველაფერს. სპეციალისტების მობილიზებაცაა საჭირო, ვისაც აქვს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, რომ სწორად მიიტანონ ბავშვებამდე ინფორმაცია.

  • მანდატურის სამსახურში ხომ შეიქმნა ფსიქოლოგების ცენტრი, თუ არის შესაძლებელი აქ დაემატოს ეს კომპონენტიც?

რა თქმა უნდა, ესეც შესაძლებელია, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ბავშვებს მივაწოდოთ ძალადობის შესახებ ინფორმაცია.

და კიდევ, არსებობს განათლების მინისტრის ბრძანება. ამ ბრძანების მე-5 მუხლში წერია ასეთი რამ, რომ სკოლა ვალდებულია წელიწადში მინიმუმ ორჯერ ბავშვებთან ჩაატაროს საგანმანათლებლო საინფორმაციო ღონისძიებები და მათ შორის ერთ-ერთია ძალადობის საკითხები.

მეტიც, ამ მუხლში წერია, რომ სკოლაა ვალდებული წელიწადში ერთხელ მაინც ამ თემებზე შეხვედრები ჩაატაროს მშობლებთან. სკოლას აქვს მშობლების ინფორმირების ვალდებულებაც, თუმცა რამდენად სრულდება პრაქტიკაში, სხვა საკითხია.

სკოლა არ არის შეზღუდული და შეუძლია მიიწვიონ სპეციალისტები.

მე, პირადად, ჩამიტარებია ასეთი ლექციები სკოლაში, მისაუბრია ბავშვთან იძულებით ქორწინებაზე, ძალადობის თემაზე, რეფერირების პროცედურაზე. რესურსი შეიძლება მწირი იყოს, მაგრამ არსებობს. ბუნებრივია, სკოლებმა ეს უნდა გამოიყენონ.

  • როგორ ფიქრობთ, ბავშვებზე ძალადობის მაჩვენებელი გაიზარდა ქვეყანაში, თუ უბრალოდ, გამოვლენაა მეტი?

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კვლევა არავის ჩაუტარებია, რომელიც მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სურათს მოგვცემს, შემთხვევები ცხადყოფს, რომ ძალადობას აქვს წინარე ისტორია და მხოლოდ ახლა გამოაშკარავდა.

ამიტომაც მგონია, რომ შეიძლება გამოვლენასთან გვქონდეს საქმე. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, გამოვლენა უბრალოდ შემთხვევითობაა. ზოგიერთ შემთხვევაში ბუნებრივი გარდაუვალობაცაა, რადგან ვეღარ იმალება იმდენად მძაფრ მდგომარეობას მიაღწია, ან როცა სუიციდს მიმართავს ხოლმე მსხვერპლი. ამიტომაც სახელმწიფოს როლი ძალადობის გამოვლენის საქმეში ნაკლები მგონია.

გამოვლენის ნაწილში კიდევ ერთი პრობლემა უკავშირდება რეაგირებას, რადგან ტოტალური უნდობლობაა ბავშვების მიმართ ყველა სივრცეში – ოჯახში, მართლმსაჯულების რგოლებში და ეს მუშაობს დამნაშავის სასარგებლოდ.

  • რისი ბრალია უნდობლობა?

თუნდაც ის, რომ ბავშვები სტერეოტიპულად წარმოუდგენიათ მატყუარა ადამიანებად, რომ თურმე ხშირად მანიპულირებენ და ასე შემდეგ. მეორეა ის, რომ ჯერ კიდევ ვერ გავთავისუფლდით ამ აზროვნებისგან, რომ ბავშვის დასჯა ან მასზე ფიზიკური ძალადობა შეიძლება, მათ შორის მშობლის მიერ.

შესაძლოა საზოგადოება ამით ცდილობდეს, შექმნას ერთგვარი დამცავი ფარი, რადგან არ უნდათ იმის დაშვება, რომ შესაძლოა ასეთი რამ ხდებოდეს.

  • მაშინ როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები?

პირველი – ცოდნის მიცემით, მეორე – სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებით, რომ შეძლონ ძალადობის იდენტიფიცირება და მესამე, მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებით.

მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვები სერიოზულ ბარიერებს აწყდებიან, ანუ ბავშვის ხელმეორედ მსხვერპლად ქცევის სერიოზული საფრთხე არსებობს.

ეს გამოიხატება უნდობლობაში ბავშვის მიმართ – კითხვები, რომლებსაც ბავშვს უსვამენ, არის მატრავმირებელი, სქესობრივ დანაშაულებზე ითხოვენ ძალიან ხისტ მტკიცებულებით სტანდარტს…

  • რა მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს 9-10 წლის ბავშვმა?

არსებობს არაერთი შემთხვევა, როცა ამ ასაკის ბავშვის ჩვენება არ გაუზიარებია სასამართლოს და უთქვამს, რომ არასანდოდ, არადამაჯერებლად გამოიყურება და მოძალადე გაუმართლებიათ.

  • თუ ბავშვს სახელმწიფო არ უჯერებს და არ ენდობა, მაშინ როგორ დაიცავს?

ზუსტად ეს არის პრობლემა.

მაგალითად, „ემსი ბულგარეთის წინააღმდეგ“ საქმეში [2003 წლის საქმეა], საუბარია იმაზე, რომ არასწორია, მსხვერპლის მხრიდან ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის მტკიცებულებების მოთხოვნა, რომ სექსუალური ძალადობის საქმეებში მთავარია თანხმობის არარსებობა.

სქესობრივი დანაშაულების შესახებ ჩვენი კანონმდებლობა არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს და სტამბოლის კონვენციასთანაც კი პირდაპირ შეუსაბამოა:გაუპატიურება ან სხვა სექსუალური ხასიათის ქმედება ჩვენი კოდექსით  მაშინ არის დასჯადი, როდესაც მოძალადემ გამოიყენა ძალა და მუქარა ან მსხვერპლის უმწეო მდგომარეობა. იგივე წესი მოქმედებს ბავშვების შემთხვევაშიც.

მაგალითად, „ქორწინების მიზნით მოტაცებას“ რასაც ეძახიან და მოტაცების შემდეგ სქესობრივი კავშირის დამყარების შემთხვევაში იცით რას ამბობს სასამართლო? –  მართალია, თავისუფლება მისი ნების საწინააღმდეგოდ აღუკვეთეს, მაგრამ სქესობრივი კავშირი ნებაყოფლობით მოხდაო. ამას ისე არ აფასებს, როგორც გაუპატიურებას.

არის პრეცედენტებიც, როცა ზემდგომმა ინსტანციამ უკან დააბრუნა საქმე განხილვაში და დაუბრუნა გაუპატიურების მუხლი, მაგრამ პირველი ინსტანცია ასეთ მიდგომას იყენებს.

ჯერ კიდევ დაუძლეველი პრობლემაა საქალწულე აპკის მთლიანობაზე დაყრდნობით იმის შეფასება, ჰქონდა თუ არა პირს სქესობრივი კავშირი ბავშვთან.

ასე მოხდა სწორედ ერთ-ერთი ბავშვის საქმეზეც, სასამართლომ ბრალდებული გაამართლა გაუპატიურების საქმეზე, მაშინ, როცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ასეთი ტიპის ექსპერტიზას ძალიან დამამცირებელ და დისკრიმინაციულს უწოდებს.

სასამართლომ გაუპატიურების მცდელობაზეც კი არ იმსჯელა, რადგან არ იყო დარღვეული საქალწულე აპკი, მაშინ, როცა იქ არსებობდა სხვა საყურადღებო ფაქტორები.

სქესობრივ დანაშაულთან, განსაკუთრებით ბავშვებთან მიმართებით, აი, ასეთი ძალიან შემზღუდველი და დისკრიმინაციული მიდგომები გამოიყენება. ბუნებრივია, ამის ფონზე მართლმსაჯულება ვერ არის ეფექტიანი და ეს ბავშვს კიდევ უფრო აზარალებს.

„ჟურნალისტების გაჩუმება სურთ“- მედიაომბუდსმენის 2 ახალი სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ

„აკრედიტაციის პროცესი, რომელიც უნდა ეხებოდეს ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემოს გამარტივებას, პარლამენტმა გამოიყენა ბერკეტად ჟურნალისტების წინააღმდეგ – გააჩუმოს ჟურნალისტი ნებისმიერ დროს,“ – მიიჩნევს ნათია კაპანაძე, „მედიაომბუდსმენის“ ხელმძღვანელი, რომელმაც პარლამენტის წინააღმდეგ ორი ახალი სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

ნათია კაპანაძე კრიტიკული მედიის ჟურნალისტების ინტერესებს იცავს სასამართლოში. მას ამ ეტაპზე სამი მიმდინარე სასამართლო დავა აქვს პარლამენტის წინააღმდეგ.

ერთ-ერთი სარჩელი, რომლითაც ნათია კაპანაძემ სასამართლოს მიმართა, 9 ჟურნალისტისთვის, მარტის ცნობილი მოვლენების დროს, აკრედიტაციის შეჩერებას ეხება – პარლამენტი ჟურნალისტებს და მედიაომბუდსმენს არ აძლევს დოკუმენტებს – საქმისწარმოების მასალებს იმაზე, თუ რა შეისწავლა პარლამენტის ადმინისტრაციამ: რატომ გახდა იძულებული პარლამენტი, ასეთი მკაცრი ზომა გამოეყენებინა?

„ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ეფუძნებოდეს საქმისწარმოებას, მიზანშეწონილობის დასაბუთებას და ასე შემდეგ, მაგრამ პარლამენტის მხრიდან უკუკავშირი არ გვქონია საერთოდ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მათ სამჯერ ჩაიბარეს ჩემგან წერილობითი მიმართვა,“ – გვიყვება ნათია კაპანაძე. ის დასძენს, რომ ამჯერად სასამართლოსგან ითხოვს, დაავალოს პარლამენტს, საქმისწარმოების დოკუმენტები ჟურნალისტებს გადასცენ.

ნათია კაპანაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ უკვე თვალსაჩინოა შედეგი, როგორ იყენებს პარლამენტი აკრედიტაციის შესახებ ამოქმედებულ ახალ რეგულაციას, რომელიც ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო აქტებს.

„…აკრედიტაციის საფუძველი გახდა ის, რომ არ გაჩუმდა ჟურნალისტი, დეპუტატს არ მოეწონა ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვა“, – ნათია კაპანაძე გვიყვება, ახალი რეგულაციის შესაბამის ჩანაწერზე რომ მიუთითებს პარლამენტი, თუმცა საქმისწარმოების მასალებს არ ასაჯაროებს. – „უცნობია, როგორ დაიწყო და დასრულდა ეს საქმისწარმოება, მითითება არსებობს მუხლზე, რომ ჟურნალისტი უნდა გაჩუმდეს, შეწყვიტოს ინტერვიუ, როცა მას უარს ეუბნება დეპუტატი“.

პარლამენტის მიერ 2023 წლის თებერვალში შემუშავებულ რეგულაციაზე, რომელიც მედიის აკრედიტაციას ეხება, სასამართლოს მეგობრის სახელით, სახალხო დამცველმაც მიმართა 7 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

„მნიშვნელოვანია, სრულყოფილად განიმარტოს, როგორც საქართველოს კონსტიტუციაში, აგრეთვე შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულებებში ასახული გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფერო და მისი მართლზომიერი შეზღუდვის სტანდარტი.

ამ კუთხით, არსებითია, სამართალშეფარდება განხორციელდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკით დადგენილი ზემოხსენებული პრინციპების დაცვითა და ქვეყანაში არსებული კონტექსტის მხედველობაში მიღებით”, – აღნიშნავს სახალხო დამცველი მოსაზრებაში კონკრეტული საქმისთვის „ნატალია ქაჯაია და ტელეკომპანია პირველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

„ვაპირებ, რომ მივმართო ყველა მედია ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს პარლამენტში და აქვთ მოსაზრება, რომ აკრედიტაციის წესი არის შეზღუდვა, წარადგინონ პოზიცია სასამართლოში. ასევე მივმართავ სამოქალაქო ორგანიზაციებს,“ – დასძენს ნათია კაპანაძე.

„მედიაომბუდსმენის“ კიდევ ერთი სარჩელი პარლამენტიდან აკრედიტებული ჟურნალისტების გამოყრას ეხება – 2023 წლის 2 მარტს, როცა პარლამენტი „რუსული კანონის“ მიღებას ცდილობდა, ნეტგაზეთის“, „ონ.ჯის“ და „ფორმულას“ ჟურნალისტებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

ამ საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს, თუმცა „მედიაომბუდსმენის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს არა უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, არამედ ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის უკანონოდ ხელშეშლის მუხლითაც.

რაც შეეხება ამ კუთხით მომზადებულ სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლოში – ნათია კაპანაძე ამ საქმეზეც ითხოვდა პარლამენტიდან რეაგირებას, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. „მედიაომბუდსმენი“ ახლა სასამართლოს გზით ცდილობს, პარლამენტს ათქმევინოს, შეისწავლა თუ არა შალვა პაპუაშვილმა, რა მოხდა პარლამენტის ტერიტორიაზე, საიდანაც აკრედიტებული ჟურნალისტები ძალის გამოყენებით გაყარეს.

„ვცდილობ, ადმინისტრაციული ორგანო დავარწმუნო, რომ ეს მისი უფლებამოსილებაა, ჰქონდეს მსგავს შემთხვევაზე რეაგირება. პარლამენტის თავმჯდომარეს, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება პარლამენტში მომხდარ პროცესებზე, ეს მისი კომპეტენციის საკითხია,“ – განმარტავს ნათია კაპანაძე.

იურისტი ჟურნალისტების პარლამენტიდან გამოყრის სისხლის სამართლის საქმის მასალები მაისის ბოლოს გაეცნო და შეექმნა შთაბეჭდილება, რომ გამოძიება ეფექტურად არ მიმდინარეობს. ნათია კაპანაძე ამბობს, რომ არ გამოუკითხიათ სახელმწიფო დაცვის თანამშრომლები, რომლებიც ვიდეოჩანაწერში ჩანან.

„მათ შორის, თორნიკე ჯანელიძე ყველა ღონისძიებაზე გვხდება, ის ხელმძღვანელობდა ჟურნალისტების გამოყრის პროცესს, ჯანელიძე გამოკითხული არ იყო 31 მაისისთვის, როცა საქმის მასალებს გავეცანი,“ – შენიშნავს ნათია კაპანაძე.

„რა არის ლაჩრობა?“ – ომის ვეტერანები თორნიკე რიჟვაძეს თანამდებობის დატოვებას სთხოვენ

„რა არის ლაჩრობა?“ – იკითხეს დღეს, 17 ივნისს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრებილმა ომის ვეტერანებმა. მათ  თორნიკე რიჟვაძეს თანამდებობის დატოვება და ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს მისი ცნობილი განცხადებისთვის: „ლაჩრულად წაგებული ომი“.

15 ივნისს, აჭარის უმაღლეს საბჭოში თორნიკე რიჟვაძემ ოპოზიციის მიერ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის გაზრდილ მაჩვენებელზე დასმული კითხვის პასუხად თქვა: „…გაორმაგებულია როგორც ვიზიტორების რაოდენობა, ასევე, შემოსავლების მოცულობა და მინდა გითხრათ, რომ ამ საერთო ხვედრით წილში მათ შორის იმ ქვეყნის მოქალაქეებიცაა, რომლებსაც 2008 წელს, ლაჩრულად წაგებული ომის შემდგომ, სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე აუნთო, უვიზო რეჟიმი დაუწესა და ყვავილებით, ქართული ღვინით ხელში ეგებებოდა“.

„რა არის ლაჩრობა, მე ვეკითხები მას, სოხუმის ზომის ტერიტორია დაიკარგა 2012 წლის შემდეგ, მცოცავი ოკუპაციის დროს და სიტყვა არ ამოუღიათ. ესაა ლაჩრობა თუ ის, როცა ებრძვი მტერს ღირსეულად და გადაარჩენ ქვეყანას?“ – იკითხა ბესიკ ქათამაძემ, ის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა და თორნიკე რიჟვაძესთან ითხოვდა შეხვედრა ომის სხვა ვეტერანებთან ერთად.

„მიაძინეს ქვეყნის მთავარი პრობლემა – ქვეყნის ოკუპაცია. მათი ბრძოლის მთავარი სამიზნეა სააკაშვილი და ნაცმოძრაობა… პარტიები წავლენ და წამოვლენ, ასეთი ლაჩრული განცხადება კი, გმირებთან, მებრძოლებთან დაკავშირებით არ უნდა დავუშვათ,“ – გვითხრა ბესიკ ქათამაძემ.

2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არ შეხვდა

„როგორ ბედავს და ამბობს ამას, რომ ხართ ლაჩრები? სად იყო თვითონ 2008 წელს? მე 21 წლის ვიყავი მაშინ და ვომობდი… ომს გმირები ეწირებიან და რიჟვაძის მსგავსი პირები მართავენ შემდეგ ქვეყანას.

არაფერ შუაშია აქ პოლიტიკა. ვინც არ უნდა ყოფილიყო პრეზიდენტი, ვიომებდით. ახლაც რომ შემოვიდეს რუსეთი, ივანიშვილს დავუდგებით გვერდით და ვიომებთ,“ – აღნიშნა არჩილ ჯაფარიძემ.

ვეტერანებმა ყურადღება გაამახვილეს თორნიკე რიჟვაძის ფეისბუქში გაკეთებულ განმარტებაზეც: „ჩვენი ჯარისკაცები გმირები არიან, იყვნენ და იქნებიან, ლაჩარი თქვენი ბელადი სააკაშვილია“. ომის მონაწილეების აზრით, ეს განცხადებაც მიუღებელია, რადგან მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის დროს მთავარსარდალი იყო.

„პუტინის დიქტატურას დაუპირისპირდა სულ სამი ქვეყნის ლიდერი: ჯოხარ დუდაევი, მიხეილ სააკაშვილი და ზელენსკი. როგორ არ შეიძლება იამაყო ასეთ კაცთან ერთად ბრძოლი?“ – იკითხა არჩილ ჯაფარიძემ.

„როცა პრეზიდენტს ომის კონტექსტში ახსენებ, ის იყო მაშინ მთავარსარდალი, სამხედრო ძალების შემადგენელი კომპონენტი. არ აქვს მნიშვნელობა, ჯარის რომელ კომპონენტს აყენებ შეურაცხყოფას – ერთიან ჯარს აყენებ შეურაცხყოფას,“ – მიიჩნევს მიხეილ მარგალიტაძე, ის თადარიგის კაპიტანია, ომის და სამხედრო ძალების ვეტერანი.

„მე მინდოდა თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა. მაინტერესებდა, იგივეს თუ გაიმეორებდა ჩვენთან. მან უნდა მოიხადოს ბოდიში ჩვენს წინაშე კი არა, არამედ იმ გმირების წინაშე, ვინც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლას,“ – გვითხრა მიხეილ მარგალიტაძემ.

ომის ვეტერანებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არ შეხვდა.

გირაო შეუფარდეს კაცს, რომელსაც ჟურნალისტზე ძალადობას ედავებიან

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 3 ათასი ლარი გირაო შეუფარდა ბრალდებულ დავით ბ.-ს. მას გამოძიება ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე ფიზიკურ ძალადობას ედავება „გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით“.

აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 17 ივნისს, გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

საუბარია 14 ივნისს ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელს თავს დაესხნენ. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე.

„მოქაჩა თმა ძლიერად“ – აღნიშნულია ბრალის შესახებ დადგენილებაში.

14 ივნისს კობა ფარტენაძემ განაცხადა, რომ რადიოს შენობიდან მოტყუებით გაიყვანეს, საჩუქრად გადასცეს წიგნი, რომელიც ძალადობრივ შინაარსს შეიცავდა. მოქალაქემ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე დაემუქრა, რომ პარკში დაელოდებოდა.

„არსებობს მიმალვის, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე,“ – აღნიშნა სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა, როცა მან ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

„დაზარალებულს არავითარი დაზიანება არ მიუღია,“ – ამას გაუსვა ხაზი თავის სიტყვაში ადვოკატმა თეონა ნიკოლაიშვილმა. ის იმის დასაბუთებას შეეცადა, რომ გირაოთი ბრალდებულის გათავისუფლება საფრთხეს არ შეიცავს.

არაფერი უთქვამს თავად ბრალდებულს. წარსულში იგი ხულიგნობისთვის არის გასამართლებული, თუმცა ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს. სასამართლო სხდომას დაზარალებული არ დასწრებია.

მოსამართლემ კი იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ დაზარალებულად ცნობილი ჟურნალისტი მის მიმართ ჩადენილ ძალადობას არ უკავშირებს თავის ჟურნალისტურ საქმიანობას.

რის საფუძველზე დაადგინა პროკურატურამ, რომ ფიზიკური ძალადობა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით არის ჩადენილი? – ვკითხეთ პროკურორს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

„ეს სავარაუდოდ უკავშირდება ჰომოფობიურ განწყობას, რადგან კობა ფარტენაძის გარეგნობა და ჩაცმულობა განსხვავდება სხვების ჩაცმულობისგან,“ – გვიპასუხა პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა.

განმარტებას მედიასთან არც ადვოკატი თეონა ნიკოლაიშვილი აკეთებს იმ მოტივით, რომ ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს.

ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული გირაოს გადახდისთანავე გათავისუფლდება.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 17 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 219 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +670]
  • ტანკი – 3 977 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 7 706 ერთეული [+23]
  • საარტილერიო სისტემა – 3 834 ერთეული [+22]
  • MLRS – 609 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 364 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 314 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 302 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 364 ერთეული [+7]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 211 ერთეული [+12]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 557 ერთეული [+38]
  • სპეცტექნიკა – 520 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 17 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 444 თვითმფრინავი
  • 239 ვერტმფრენი
  • 4 668 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 10 047 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 124 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 141 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 10 996 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

„უკრაინელებს სჭირდებათ ჩუმი და სწრაფი მანევრირება “ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„უკრაინელებს სჭირდებათ ჩუმი და სწრაფი მანევრირება “ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„დანაღმული ველი და ავიაცია – ეს წინააღმდეგობა აქვთ ახლა ყველაზე რთული უკრაინელებს,“ – ორ ფაქტორს ასახელებს გადამდგარი გენერალი, გიორგი სურმავა, რომელსაც ინტერვიუს დროს ვკითხეთ: რა არის ყველაზე დიდი სირთულე ამ ეტაპზე უკრაინელებისთვის?

გადამდგარი გენერალიც ელის კონტრდარტყმას, თუმცა ეჭვობს, ზაფხულის დასრულებამდე მოხერხდეს უკრაინისთვის F 16-ების მიწოდება. გიორგი სურმავა სხვა გზებს გვისახელებს, რომლითაც შეიძლება უკრაინამ უპირატესობა შექმნას. იგი გვესაუბრა სამხედრო ხელოვნებასა და მოქნილობაზეც, რასაც, მისი დაკვირვებით, ახლა ყველაზე დიდი როლი აქვს.

„სწრაფი და უეცარი მანევრით შეიძლება ამ ეტაპზე აჯობონ უკრაინელებმა რუსებს, თორემ ისე თუ იციან რუსებმა, რომ აი, კონკრეტულ ადგილას ურტყამენ, გაამაგრებს იმ ადგილს „დრაკონის კბილებით“, ძალიან გართულდება საქმე,“- ამბობს გიორგი სურმავა.

„ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალთან, საქართველოს გენშტაბის უფროსის ყოფილ მოადგილესთან, გიორგი სურმავასთან ინტერვიუ ჩაწერა რუსეთ-უკრაინის ომში ამჟამად მიმდინარე პროცესებზე.

  • ბატონო გიორგი, რა სახის წარმატება აქვთ უკრაინელებს სამ მიმართულებაზე, სადაც კონტრშეტევა მიმდინარეობს? რას აჩვენებს თქვენთვის ეს დინამიკა და რუსეთის პასუხი?

ჩემი აზრით, ეს ჯერ კიდევ  არ არის კონტრდარტყმა, ეს სავარაუდოდ მოსინჯვაა ადგილის, რომ შემდეგ დაიწყოს მოქმედებები. შესაძლოა, ეს იყოს შეცდომაში შეყვანა, ან მანევრი ყურადღების გადატანისთვის. მცირე წინსვლები არის ამ მიმართულებებზე – ძირითადად დონეცკიდან აზოვის წყალსაცავამდე – უკრაინამ რამდენიმე კილომეტრით წაიწია ერთ-ერთ მიმართულებაზე, შემდეგ რუსებმა ისევ კონტრშეტევა განახორციელეს და რაღაც ნაწილი უკან დაიბრუნეს. ასეთი ტაქტიკური წინ და უკუსვლებია ჯერჯერობით ძირითადად. მასშტაბური კონტრშეტევა ჯერ დაწყებული არ არის.

ფრონტი აქამდე იყო 1000 კილომეტრზე მეტი და უკრაინელები ბელგოროდის, კურსკის და ბრიანსკის მიმართულებებზე აწარმოებდნენ რაღაც მოქმედებებს, ამით ისინი ცდილობდნენ, ფრონტის ხაზი კიდევ უფრო გაეწელათ – შემტევს აქვს ინიციატივა, შეუძლია შეარჩიოს ადგილი, თავდაცვაში ვინც არის, მას ამის გაკეთება არ შეუძლია. რუსებმა ამის საწინააღმდეგოდ კახოვკის კაშხლის აფეთქება გამოიყენეს  და გაუვალი გახდა ეს ტერიტორია – კახოვკის წყალსაცავი 200 კილომეტრზე მეტია სიგრძით.

აქამდეც რთული იყო უკრაინელებისთვის მდინარე დნეპრის გადალახვა, მაგრამ შეიძლებოდა კატარღებით და სხვა საშუალებებით. ახლა ეს ტერიტორია გაუვალია ნებისმიერი მოქმედებისთვის. ფაქტობრივად, აქ რუსებს უკვე არაფერი არ სჭირდებათ.

  • რადგან ზაფხულია, არ გაშრება მალე ეს ადგილები? 

არა. ჯერ ერთი, თავად ამ წყალსაცავის გადაკვეთა მცურავი საშუალებითაც უკვე შეუძლებელია – ჭაობია, იმის ქვევით კი არ გაშრება მინიმუმ თვეზე მეტხანს, ან ისე არ გაშრება, რომ სამხედრო ტექნიკისთვის იყოს გადალახვადი.

გარდა ამისა, თვითონ დამბა იყო იქ კომუნიკაციის საშუალება – ხიდები მაშინ გაანადგურეს რუსებმა, როცა იქიდან გამოდიოდნენ და დამბა რჩებოდა. ახლა დამბაც აფეთქებულია. შესაბამისად, უკრაინელები ახლა კონცენტრირებული არიან წყალსაცავიდან ზემოთ.

  • ამერიკელი გენერლის, ბენ ჰოჯესის აზრით „უკრაინელები ნიადაგს ამზადებენ, ეძებენ მოწყვლად ადგილებს და ავითარებენ ადგილობრივ ტაქტიკურ წარმატებებს. ეს დასავლური ტაქტიკური ხელმძღვანელობის მიღების ერთ-ერთი სარგებელია, როცა დაბალი რანგის ხელმძღვანელები გადაწყვეტილებებს თავად იღებენ,“ – ამბობს ის. რის მიღწევაა შესაძლებელი ამ გზით? 

ჩემი აზრით, უკრაინელების ერთ-ერთი მიზანია დაზვერვა ბრძოლით, რომ აღმოაჩინონ მოწინააღმდეგის სუსტი წერტილები, მიზანია ასევე მოწინააღმდეგის დაბნევა, ან შეცდომაში შეყვანა.

შეიძლება, ჩუმი და სწრაფი მანევრირება სხვა მიმართულებაზე, ან ზურგიდან, ფლანგიდან მოუარო ძლიერ დაჯგუფებებს.

  • რის გადალახვა არის ამ ეტაპზე ყველაზე რთული უკრაინელებისთვის? ეს შეიძლება იყოს დანაღმული ველი, „დრაკონის კბილები“ და ასე შემდეგ. ანალიტიკოსები შენიშნავენ, რომ უკრაინელ მებრძოლებს რუსებისგან განსხვავებით აქვთ ისევ მაღალი მოტივაცია. რას ცვლის ეს ფაქტორი ამ შემთხვევაში? 

რა თქმა უნდა, მოტივაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ომში, თუმცა არავინ არ იცის, ასე დეტალურად, იქ რა ხდება. ზუსტი ვითარება იციან მხოლოდ მონაწილეებმა. ზუსტი ინფორმაციის მიღება ძალიან რთულია. ხშირად ამ დროს ადამიანები ავრცელებენ იმ ინფორმაციას, რაც მათ უფრო ლოგიკურად ეჩვენებათ. მე ახლა ვაკვირდები ღია წყაროებს, ვინ რას ამბობს და აქედან, რაც ახლოსაა სინამდვილესთან, ის შეიძლება დავიჯეროთ…

რუსებს დიდი დრო ჰქონდათ თავდაცვის მოსამზადებლად. მოამზადეს კიდეც. ასევე, რუსებს ავიაციაში აქვთ დიდი უპირატესობა. საჰაერო თავდაცვის საშუალებები უკრაინას არ აქვს საკმარისი. რაც მისცეს დასავლეთიდან, ამას უკრაინელები იყენებენ სტრატეგიული ადგილების დასაცავად. რასაც ჰქვია საჯარისო საჰაერო თავდაცვის საშუალებები, რაც ფრონტის წინა ხაზზეა განლაგებული, აქ ძალიან ნაკლებია რაოდენობა.

თუ დააკვირდებით, როცა კარგია ამინდი, რუსები ავიაციას იყენებენ და აქვთ წარმატება. როცა ღრუბლიანი ამინდია, წვიმაა, ამ დროს ავიაცია ვერ მუშაობს და უკრაინელებს აქვთ მეტი წარმატება.

დანაღმული ველი და ავიაცია – ეს წინააღმდეგობა აქვთ ყველაზე რთული უკრაინელებს.

  • როდისთვის მოხერხდება უკრაინისთვის საჰაერო მხარდაჭერის მიწოდება, მათ შორის, F 16-ების? 

ვფიქრობ, რომ F-16 ძალიან შორეული პერსპექტივაა. უკრაინელები და ამერიკელებიც ამბობენ, ასევე ნატოში, რომ ამ ზაფხულში იქნება კონტრშეტევა, მაგრამ არ მგონია, ზაფხულის ბოლომდე F 16-ების მიწოდება უკრაინისთვის მოესწროს.

  • შესაძლებელია კონტრდარტყმა F 16-ების გარეშე? 

საავიაციო მხარდაჭერა საცეცხლე მხარდაჭერის ერთ-ერთი სახეა. შესაძლოა, მისი კომპენსირება, დავუშვათ, არტილერიით. რაღაცით უნდა მოახერხო ამის კომპენსირება. შეიძლება, მაგალითად, საჰაერო თავდაცვითი საშუალებებით ამის კომპენსირება – ამის გადმოცემა უკრაინისთვის უფრო იოლია. ამ გზით შესაძლებელია მოხერხდეს რუსული ძალების უპირატესობის ნიველირება.

უკრაინას აწვდიან ახლო და საშუალო მოქმედების საჰაერო, თავდაცვით სარაკეტო კომპლექსებს, რომელიც გამოადგება უკრაინას წინა ხაზზე განსალაგებლად.

მნიშვნელოვანია, რომ რუსებს არტილერიაშიც აქვთ უპირატესობა, ხარისხობრივი უპირატესობა კი, უკრაინელებს აქვთ – ზუსტია ის იარაღია, რაც ახლა აქვთ უკრაინელებს და დასავლეთიდან მიაწოდეს. კონტრბატარეული ბრძოლის დროს არტილერია დაიწყებს სროლას და რადგან უკრაინის დაზვერვის საშუალებები უფრო ზუსტია, ვიდრე რუსული, ამით შეუძლიათ ჩაახშონ რუსული არტილერია. შესაბამისად, ეს უპირატესობაც შეიძლება გაანიველირონ უკრაინელებმა.

თუ ეს უპირატესობები დააკონპენსირა უკრაინამ, მაშინ შეიძლება მან შექმნას დარტყმითი დაჯგუფება, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ვსაუბრობ დაჯგუფებაზე, რომელიც მასშტაბურად მოახდენს გავლენას.

წარმოიდგინეთ, მიდის ჯავშანტექნიკა და უცებ შეხვდა დანაღმული ველი – ეს მოხდა კიდეც, როცა რამდენიმე „ლეოპარდი“ დაუზიანეს უკრაინელებს – როცა გარბის ტანკი, ან „ბრედლი“, იმის დაზიანება ძნელია, მაგრამ მივიდა ადგილამდე და გაჩერდა, მოტრიალდა, მთელი პროფილი გამოჩნდა და ესვრიან ამ დრო – იოლი სამიზნე ხდება. ამიტომაც უნდა ჩაიხშოს საცეცხლე საშუალებები და რუსების საჰაერო უპირატესობა როგორმე უნდა შემცირდეს.

ასე თუ ექნა რუსებს ცეცხლის და ავიაციის მხარდაჭერა, აზრი არ აქვს დანაყოფის რაოდენობას – დიდი მსხვერპლი იქნება და შესაძლოა, ვერც ვერაფერი გააკეთო.

  • „შორეულ პერსპექტივას“ უწოდებთ F 16-ების გადმოცემას. რატომ? რა ქმნის ამ სამხედრო ტექნიკის მიწოდების სირთულეს, როცა დასავლეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას? 

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ავიაციის გამოყენება უნდა მოხდეს საკუთარი აეროდრომებიდან. აეროდრომის მომსახურების შექმნა ძალიან რთულია, როგორც ეს თქვენთან ერთხელ ინტერვიუში აღვწერე.

წარმოიდგინეთ, ერთი თვითმფრინავის მომზადებას რამდენიმე ათეული სპეციალისტის მომზადება სჭირდება. ავიაციას ძალიან მოწყვლადი რესურსი აქვს – ყველა აგრეგატი მუშაობს რამდენიმე საათის განმავლობაში. ლოჯისტიკის გარდა პრობლემურია პილოტების მომზადებაც. წელიწად-ნახევარია მიმდინარეობს ომი – პილოტების დიდი ნაწილი ორივე მხრიდან დაიღუპა. ამას გარდა, „ჟიგულიდან“ „მერსედესზე“ გადაჯდომა უჭირთ ადამიანებს და წარმოიდგინეთ მიგ-29-დან F-16-ზე გადაჯდომა.

მფრინავებს აქვთ ნორმატივები – ნაფრენი თუ არ გაქვს კონკრეტული ოდენობით, არ გაქვს უფლება, რომ დაჯდე ამ თვითმფრინავზე. პილოტების, მომსახურე პერსონალის მომზადება, ლოჯისტიკა და ბაზები… მეორე პრობლემაა: რამდენის მოცემა შეუძლიათ? ვერავინ მოაკლებს საკუთარ მარაგს იმდენს, რომ თავად დარჩეს დაუცველი. ნატოს ქვეყნებში დოკუმენტებითაა განსაზღვრული მინიმალური ოდენობა, რომლის ქვევით არ შეიძლება ჩამოვიდნენ.

  • „თუ დასავლეთი უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა საჭიროებას უზრუნველყოფს, – განსაკუთრებით შორ მანძილზე მოქმედ ზუსტ იარაღს, – კვლავაც ველი, რომ უკრაინას შეუძლია, ყირიმი ზაფხულის ბოლოსთვის, აგვისტოში გაათავისუფლოს“ – ამბობს ბენ ჰოჯესი. რამდენად რეალისტურად გეჩვენებათ ამერიკელი გენერლის ეს მოლოდინი? 

ჩემთვის ეს რეალისტურია იმ შემთხვევაში, თუ მიაწვდიან უკრაინას შორი რადიუსის და  საარტილერიო აღჭურვილობას, თუ მოხერხდა ავიაციის და არტილერიის გაჩუმება, მაშინ შესაძლოა, მოხერხდეს გარღვევა და გავიდნენ აზოვის ზღვაზე მარიუპოლის, ან მელიტოპოლის მიმართულებით. ეს გამოიწვევს ფაქტობრივად ყირიმის მოჭრას. ფაქტობრივად ყირიმი აღმოჩნდება ალყაში მიწოდების გარეშე. ეს მიზანი მიუღწეველი არ არის, მთავარია, როგორც ამბობს ჰოჯესი, თუ მისცემენ ტექნიკას შესაბამისი რაოდენობით.

ცივი ომის დასრულების შემდეგ სამხედრო ტექნიკის მარაგები შემცირდა, დასავლეთის ქვეყნებში არ აქვთ დიდი რაოდენობით ეს ტექნიკა, რაღაც ზღვრის ქვემოთ ვერ ჩამოვლენ, როგორც უკვე აღვნიშნე, წარმოების შესაძლებლობები დასავლეთს უფრო მაღალი აქვს, ვიდრე რუსეთს, მაგრამ ამას ამოქოქვა სჭირდება.

არის ბიუროკრატიაც, რომელიც აყოვნებს ამ ყველაფერს: თავიდან ამბობენ, რომ ვერ მისცემენ რაღაც ტექნიკას, მერე აძლევენ.

  • რა ინფორმაცია გაქვთ რუსი გენერლის, სერგეი გორიაჩევის დაღუპვის შესახებ? რის მაჩვენებელია თქვენთვის ეს ამბავი?

წარმოიდგინეთ, რუსული ნორმატივებით არმიის შტაბი, ანუ მართვის მთავარი ორგანო, ძალიან ღრმად არის განლაგებული. ბატალიონის შტაბი არის ფრონტის ხაზიდან სადღაც კილომეტრ-ნახევარში, ბრიგადის – – 6-7 კილომეტრში, დივიზიის – 20-25 კილომეტრში და არმიის შტაბია ფრონტის ხაზიდან სადღაც 30 – 35 კილომეტრში. თუ ეს კაცი იყო გასული სადღაც წინ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ დაზვერვა ვერ მუშაობს. ზუსტი ინფორმაცია არ ვიცი, სხვადასხვა ვერსიაა, მაგრამ თუ შტაბში იყო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმაა.

  • ბრიტანეთის დაზვერვა წერდა, რომ შოიგუმ დაიწყო კომენტარების გაკეთება, აქამდე კი, საჯარო სივრცეებიდან ქრებოდაო. თქვენთვის რა გზავნილია ეს? 

აშკარაა შიდა დაპირისპირებები რუსეთში. შესაძლოა, შოიგუს სჭირდება გააქტიურება და ხმის ამოღება. ეს ნაკლებად არის სამხედრო საკითხი, უფრო შიდა პოლიტიკური დაპირისპირებებია, მაგრამ ჩანს, რომ შოიგუს გამოჩენა სჭირდება. აქეთკენ მიდის პროცესი, რომ შოიგუს ბრალდება ყველაფერი: ჯარი არ ვარგა, გერასიმოვი არ ვარგა და შეიძლება, პუტინმაც შოიგუზე გადატეხოს პრობლემა.

ეს აჩვენებს იმასაც, რომ შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა ამოცანით მოქმედებენ – უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ ერთმანეთთან ბრძოლას, ვიდრე ძირითადი ამოცანის შესრულებას. ჯარის ერთ-ერთი პრინციპია ერთიანი მართვა. თუ ეს არ არის, მაშინ არ არის ჯარი წარმატებული. შოიგუმ რამდენიმე დღის წინ ბრძანება გამოსცა, რომ ყველა დაჯგუფება, როგორიც არის „ვაგნერი“, ნებისმიერი სამხედრო ორგანიზაცია უნდა გაერთიანდეს თავდაცვით ძალებში. ფაქტობრივად ერთმმართველობის პრინციპი ირღვევა: როგორ უნდა იომოს არმიამ, თუ მისი შემადგენელი ნაწილები ერთი მართვის ქვეშ არ არიან? გამოდის, რომ ვისაც რა მოუნდება, იმ დავალებას ასრულებს.

რუსებს აღარ აქვთ შეტევის რესურსი, ერთადერთი, რასაც აკეთებენ, არის ის, რომ დისტანციური დაზიანების საშუალებებს მიმართავს. ამ ეტაპზე ძალიან ლოკალური ბრძოლები მიმდინარეობს – დღეში 100 მეტრი წინ და უკან, დიდი არ არის შეტევისთვის.

  • რამდენად შეძლებს რუსეთი, თქვენი დაკვირვებით და მათ შორის, ამ შიდა დაპირისპირების გათვალისწინებით, უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებას? 

შეტევასთან შედარებით ბევრად ნაკლები რესურსით არის შესაძლებელი თავდაცვის ოპერაციების წარმოება.

ჩემი აზრით, უკრაინელებმა უნდა მოძებნონ სუსტი ადგილი და სწრაფი მანევრით, ან შეცდომაში შეყვანით სხვაგან დაარტყან რუსებს.  სწრაფი და უეცარი მანევრით შეიძლება ამ ეტაპზე აჯობონ უკრაინელებმა რუსებს, თორემ ისე თუ იციან რუსებმა, რომ აი, კონკრეტულ ადგილას ურტყამენ და გაამაგრებს იმ ადგილს „დრაკონის კბილებით“, ძალიან გართულდება საქმე.

ჯერ კიდევ გასანეიტრალებელია ის უპირატესობები, რაც რუსეთს აქვს: საცეცხლე და საჰაერო უპირატესობა. მანევრის, ან შეცდომაში შეყვანის ხარჯზე შესაძლებელია შეტევა. თუ იქნება წარმატება და რამდენიმე ათეული კილომეტრით შეიჭრებიან, ყირიმის მომარაგებასაც მოჭრიან.

ეს უკვე ძალიან სერიოზული წარმატება იქნება.

აჭარაბეთ არენაზე ვახტანგ ქორიძის ვარსკვლავი გაიხსნა

16 ივნისს აჭარაბეთ არენაზე ვახტანგ ქორიძის ვარსკვლავი გაიხსნა.

„ეს არის წარმოუდგენელი ბედნიერება და დაფასება, ძალიან აღელვებული ვარ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემი დაფასებისათვის თითოეულ ადამიანს, ყველას, ვინც ჩემი ვარსკვლავის გახსნაში იყო ჩართული, ჩემს მეგობრებს და გულშემატკივრებს, რომლებიც ახლა ჩემთან ერთად არიან. ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური დღეა ჩემთვის“, – განაცხადა ვახტანგ ქორიძემ.

ვახტანგ ქორიძის ვარსკვლავი გახსნა
ვახტანგ ქორიძის ვარსკვლავი გახსნა

„მე და ტუხა ვართ 50 წლის მეგობრები, ძალიან დიდი სიყვარული გვაკავშირებს. ის იყო უნიკალური, ძალიან დიდი ფეხბურთელი, რომელმაც ქართულ ფეხბურთში დიდი წვლილი შეიტანა, ბედნიერი ვარ, რომ დღეს მისი ვარსკვლავი გაიხსნა და ორმაგად სასიხარულოა, რომ ჩვენი ვარსკვლავები აჭარაბეთ არენაზე ერთადაა“, – განაცხადა ლეგენდარულმა ვეტერანმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ.

ვახტანგ ქორიძის ვარსკვლავი გახსნა
ვახტანგ ქორიძის ვარსკვლავი გახსნა

გასულ წელს, სწორედ რევაზ ჩელებაძის ვარსკვლავის გახსნით ჩაეყარა საფუძველი აჭარაბეთ არენაზე ვარსკვლავთა ხეივანს.

ვარსკვლავის გახსნას აჭარაბეთ არენაზე, ესწრებოდნენ ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელები, როგორებიც არიან: ოთარ გაბელია, რევაზ ძოძუაშვილი, ასლან ბალაძე.

„ლაჩრულად წაგებულ ომზე“ რიჟვაძე ციტატას აზუსტებს, მის ნათქვამს განმარტავენ დეპუტატებიც

„სხვა დროისთვის რომ იცოდეთ, კიდევ ერთხელ: ჩვენი ჯარისკაცები გმირები არიან, იყვნენ და იქნებიან, ლაჩარი თქვენი ბელადი სააკაშვილია“, – ასე გამოეხმაურა დღეს, 16 ივნისს, ფეისბუქზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მის მიმართ კრიტიკას, რომელიც გამომწვევიც გახდა 2008 წლის ომის მისამართით ნათქვამი მისივე სიტყვები „ლაჩრულად წაგებული ომი“.

კერძოდ, 15 ივნისს, აჭარის უმაღლეს საბჭოში თორნიკე რიჟვაძემ ოპოზიციის მიერ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის გაზრდილ მაჩვენებელზე დასმული კითხვის პასუხად თქვა:

„…გაორმაგებულია როგორც ვიზიტორების რაოდენობა, ასევე, შემოსავლების მოცულობა და მინდა გითხრათ, რომ ამ საერთო ხვედრით წილში მათ შორის იმ ქვეყნის მოქალაქეებიცაა, რომლებსაც 2008 წელს, ლაჩრულად წაგებული ომის შემდგომ, სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე აუნთო, უვიზო რეჟიმი დაუწესა და ყვავილებით, ქართული ღვინით ხელში ეგებებოდა“.

რიჟვაძის ამ შეფასებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა სოციალურ ქსელებში მოქალაქეების, აგვისტოს ომის ვეტერანების და პოლიტიკოსების მხრიდან. რიჟვაძეს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა პარლამენტარმა ალეკო ელისაშვილმა, საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია კი ასე გამოეხმაურა რიჟვაძის ციტატას: „კაცი, რომელსაც უკრაინაში ომი ვინ დაიწყო იმის თქმის ეშინია, ლაჩრებს ეძახის რუსეთთან ნაომარ ხალხს“.

მოწოდების მიუხედავად თორნიკე რიჟვაძეს ბოდიში არ მოუხდია და არც ვრცელი კომეტარი გაუკეთებია ამ თემაზე. იმის განმარტება, თუ რა იგულისხმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თავის თავზე აიღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა „ოცნებიდან“ – ლადო მგალობლიშვილმა და ტიტე აროშიძემ.

მგალობლიშვილმა რიჟვაძის ციტატას „კონტექსტიდან ამოგლეჯილი“ უწოდა და თქვა, სინამდვილეში რა იგულისხმა რიჟვაძემ:

„მთავრობის თავმჯდომარემ გუშინ იგულისხმა მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლაჩრული ქმედება ომის დროს, კონკრეტულად საუბარი იყო გორის ინცინდენტზე. და ასევე, იმავე კონტექსტში იყო ამ ომის შემდეგ, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა აღადგინა, გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთთან და აღდგა უვიზო მიმოსვლა. ზუსტად ეს კონტექსტი იყო თავიდან ბოლომდე“.

დეპუტატმა ტიტე აროშიძემ კი დააზუსტა, რომ მთავრობის თავმჯდომარე გულისხმობდა არა მხოლოდ სააკაშვილს, არამედ მის გუნდსაც.

„აქ მიხეილ სააკაშვილზე კი არ იყო მხოლოდ საუბარი, მიხეილ სააკაშვილის იმდროინდელ გუნდზე. ეს იყო კეზერაშვილი, ეს იყო უგულავა, ეს იყო მერაბიშვილი, რომლებიც თავისი სიმხდალით ცდილობდნენ გაემართლებინათ შემდგომ ის სიტუაცია, რომელ სიტუაციაშიც აღმოჩნდა მთლიანად საქართველო.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაფასებთ იმ გმირებს და თითოეული ქართველის გულში მათ ღირსეული ადგილი უჭირავთ და ჩვენ ვამაყობთ იმ ისტორიით, რომელიც ჩვენ გვაჩვენა იმ გმირმა ბიჭებმა არა მხოლოდ 2008 წელს. მცდელობა იმისა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ წარმოაჩინოს, თითქოს მთავრობის თავმჯდომარემ სიმხდალე უწოდა და ლაჩარი უწოდა იმ ადამიანებს, ეს არის სრული სიცრუე“, – განაცხადა ტიტე აროშიძემ.

უკვე მეორე წელია რიჟვაძის უმაღლეს საბჭოში მისვლა სკანდალით სრულდება. გასულ წელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ოპოზიციას მიმართა სიტყვებით – „ვერავის გადაუღუნოთ, დავაი, დაახვიეთ“. 

„ომი არ დასრულებულა, ანწუხელიძე გმირია“ – ბათუმში რიჟვაძის განცხადების გამო აქცია გაიმართა

„ანწუხელიძე გმირია“ – ამ და სხვა ტრანსპარანტებით დღეს, 16 ივნისს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან ენმ-ს ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ და „ალტერნატივამ“ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები თორნიკე რიჟვაძის მიერ უმაღლეს საბჭოში გამოთქმულ განცხადებას გამოეხმაურნენ:

„…გაზრდილია ვიზიტორთა რაოდენობაც და ამ ხვედრით წილში, მათ შორის იმ ქვეყნის მოქალაქეებიცაა, რომლებსაც 2008 წელს, ლაჩრულად წაგებული ომის შემდგომ, სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე აუნთო“-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

„თორნიკე რიჟვაძის ეს განცხადება მოღალატეობრივთან ერთად არის შეურაცხმყოფელი. იგი შეურაცხყოფას აყენებს ომში დაღუპულ გმირებს, მათი ოჯახის წევრებს. ჩვენ გვინდა ვუთხრათ თორნიკე რიჟვაძეს, რომ ომი ჯერ არ დასრულებულა და იგი არც 2008 წლის აგვისტოში არ დაწყებულა – ომი გაცილებით ადრე დაიწყო რუსეთის შემოჭრით საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე და დღეს გრძელდება უკრაინაში, სადაც აგრეთვე იღუპებიან ქართველი გმირები,“  – აღნიშნა ლაშა კომახიძემ, ქობულეთის საკრებულოს წევრმა ოპოზიციიდან.

აქციის მონაწილეებმა თორნიკე რიჟვაძეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება და თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს.

„ომი არ დასრულებულა, ანწუხელიძე გმირია – როგორც ჩანს, ეს თორნიკე რიჟვაძისთვის არც მამამისს აუხსნია, რომელიც აგვისტოს ომის მონაწილეა. საინტერესოა, მამამისზეც იგივე დამოკიდებულება აქვს?“ – განაცხადა აქციაზე ნიკა ქაშიბაძემ.

„ეს იყო სილის გაწვნა იმ ღირსეული ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ქვეყანას შეეწირნენ. რა თქმა უნდა, ეს იყო სრულიად საქართველოს და მისი ისტორიის შეურაცხყოფა. ომი არ დასრულებულა და ისტორია განსჯის ამ მოვლენებს, როცა ეს ომი ლოგიკურ დასასრულამდე მივა,“ – თქვა მან.

ბათუმში ზღვაში არასრულწლოვანი დაიხრჩო

ბათუმში, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდი ზღვაში დაიხრჩო.

შსს ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, 16 ივნისს მოხდა.

მაშველებმა მოზარდი ბიჭის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის უცნობია, მოზარდი ადგილობრივია თუ უცხოელი.

სტამბოლში პოლიციამ ნახევარ ტონაზე მეტი მეტამფეტამინი ამოიღო

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში პოლიციამ, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ორ ადგილას ნარკოტიკის დიდი პარტია ამოიღო, ჯამში – 530 კილოგრამი მეტამფეტამინი.

227 კილოგრამი ნარკოტიკი ამოღებულია სილივრში, ხოლო 303 კილოგრამი იგივე ნარკოტიკული საშუალება – ბაშაქშეჰირის რაიონში ჩატარებული ოპერაციის დროს.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ 12 ივნისს განაცხადა, სპეცოპერაცია ორი თვის განმავლობაში მიმდინარე დაკვირვების შედეგად ჩატარდა.

___________

ფოტო: „დეილი საბაჰი“

7 მილიონი თუ მილიარდი? – რამდენით დააფინანსებენ აჭარის უმაღლეს საბჭოს

აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2024  წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა და საკუთარი დაფინანსება სამომავლოდ, 7 მილიონ 25 ათას 800 ლარით განსაზღვრა.

ეს იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკურ ხარვეზს არ გავითვალისწინებთ, ვინაიდან, უკვე დამტკიცებულ დადგენილებაში არა 7 მილიონი, არამედ 7 მილიარდია ჩაწერილი:

უმაღლესი საბჭოს დადგენილებიდან

ამ ჩანაწერში „ათასი“ ზედმეტია. ანალოგიური მცდარი ჩანაწერი იყო დადგენილების პროექტშიც, რომელიც უმაღლესი საბჭოს ბიუროს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტმა 2023 წლის 30 მაისს წარუდგინა.

ამის შემდეგ, წესით, პროექტს ბიუროც განიხილავდა და 12 ივნისის სხდომაზე მესამე მოსმენით, 13 ხმით მიიღეს კიდეც, თუმცა ამ მცდარი ჩანაწერისთვის ყურადღება, გამოდის, არავის მიუქცევია.

დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე 15 ივნისს გამოქვეყნდა, თუმცა ის მიღებისთანავე, ანუ 12 ივნისს ამოქმედდა.

უკვე ამოქმედებულ დადგენილებაში, მილიარდი უმაღლესმა საბჭომ მილიონით უნდა ჩაასწოროს. დადგენილების მიღების შემდეგ ერთი სხდომა კიდევ ჩატარდა უმაღლეს საბჭოში 15 ივნისს, თუმცა, ამ ჩანაწერის ჩასწორების საკითხი არ დასმულა.

აჭარის კანონმდებლებს ჩანაწერის ჩასწორებისთვის 4 ვარიანტი აქვთ:

  1. შეიძლება ჩაწერონ: 7 მილიონ 25 ათას 800 ლარი
  2. ან: 7 025 800 ლარი
  3. ან ასე: 7,025.8 ათასი ლარი
  4. ან კიდევ: 7 025.8 ათასი ლარი

აჭარის უმაღლესი საბჭოს იურისტის განმარტებით, „არის ტექნიკური ხარვეზი. გამორჩენილია მძიმის ნიშანი. მაგრამ ვინაიდან ეს მაინც არის პროექტი, რომელიც აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტში უნდა იქნას გათვალისწინებული, ბიუჯეტის დამტკიცების დროს [რომელსაც საბჭო ამტკიცებს] ეს ხარვეზიც გასწორდება. თუმცა, რაც არის ახლა დადგენილებაში ჩაწერილი, ის მილიარდად მაინც არ იკითხება“.

„აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული თანხები გათვალისწინებული იქნეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტში“, – აღნიშნულია უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში.

ამ დადგენილებით, 2024 წელს, ისევე როგორც მიმდინარე წელს, „უმაღლესი საბჭოს მომუშავეთა რიცხოვნება განისაზღვრა 117 საშტატო ერთეულით“ ანაზღაურება კი 4 მილიონ 241 ათას 900 ლარით.

  • 2022 წელს უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი 5 809 500 ლარით იყო განსაზღვრული, საიდანაც ხელფასებში 3 880 800 ლარი დაიხარჯა
  • 2023 წელს, უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი განსაზღვრულია 7 125 900 ლარით, ხოლო აქედან ხელფასებისთვის 4 242 000 ლარია გათვალისწინებული.

________________________________

მთავარი ფოტო: დადგენილების პროექტის კენჭისყრა/სქრინი უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 12 ივნისის ვიდეომასალიდან.

„ბოდიში უნდა მოუხადო ყველა ნაომარ ბიჭს“ – ელისაშვილის მიმართვა რიჟვაძეს

პარლამენტარი ალექსანდრე ელისაშვილი ფეისბუქზე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძეს, რომელმაც 15 ივნისს 2008 წლის აგვისტოს ომს „ლაჩრულად წაგებული“ უწოდა.

„რიჟვაძეა თუ ვიღაცაა, უნდა გამოვიდეს და ბოდიში უნდა მოუხადოს 2008-ში დაღუპულთა ოჯახებს და ყველა ნაომარ ბიჭს!

დაუყოვნებლივ უნდა გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს ყეყეჩური სიტყვების გამო.

ანწუხელიძეა ბიჭო შენი ლაჩარი, ჰა? შე სად იყავი ომის დროს შე მართლა თანამდებობაზე გაბღენძილო ლაჩარო“ – წერს ელისაშვილი ფეისბუკში.

15 ივნისს, აჭარის უმაღლეს საბჭოში ანგარიშის წარდგენისას, უმაღლესი საბჭოს წევრმა გიორგი კირთაძემ თორნიკე რიჟვაძეს ჰკითხა, ხედავს თუ არა საფრთხეს, რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში უკონტროლოდ შემოდინების გამო, რაზეც რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ნამდვილად გაზრდილია რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა ბათუმში.

„გაზრდილია ვიზიტორთა რაოდენობაც და ამ ხვედრით წილში, მათ შორის იმ ქვეყნის მოქალაქეებიცაა, რომლებსაც 2008 წელს, ლაჩრულად წაგებული ომის შემდგომ, სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე აუნთო“-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ამავე სხდომაზე ოპოზიციის წევრებმა რიჟვაძეს უთხრეს, რომ ის ამ განცხადებით შეურაცხყოფას აყენებს აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს.

უკრაინის კონტრშეტევა – რას წერს ანგარიშში ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი

უკრაინული ძალები განაგრძობენ კონტრშეტევითი ოპერაციებს სულ მცირე სამი მიმართულებით და, გავრცელებული ინფორმაციით, 15 ივნისს მიაღწიეს წარმატებას – წერს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი [ISW] 15 ივნისის ანგარიშში.

ანალიტიკოსები ანგარიშის მომზადებისას ეყრდნობიან უკრაინულ და რუსულ ღია წყაროებს. ახალი ანგარიშის თანახმად, უკრაინის გენერალური შტაბის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა წარმატებით ჩაატარეს შეტევითი ოპერაციები ბახმუტის ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით.

ასევე, უკრაინული მხარის ცნობით, უკრაინული ძალები დასავლეთ დონეცკის ოლქში ერთ კილომეტრამდე დაწინაურდნენ და აგრძელებენ მცდელობებს გააუმჯობესონ ტაქტიკური პოზიციები ვუჰლედართან, დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით 30 კმ-ზე.

ასევე, უკრაინის გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ განაცხადა, რომ უკრაინული ძალები 3 კმ-მდე დაწინაურდნენ დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში. 7 კილომეტრამდე – ველიკა ნოვოსილკას დასავლეთით, დონეცკის ოლქში და გაათავისუფლეს შვიდი დასახლება კონტრშეტევითი ოპერაციების დაწყებიდან დღემდე.

ანალიტიკოსებს ანგარიშში ასევე მოჰყავთ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის 15 ივნისის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ უკრაინულ ძალებს ჯერ არ დაუწყიათ კონტრშეტევა „როგორც ასეთი“. ეს, სავარაუდოდ, მიუთითებს, რომ უკრაინულ ძალებს ჯერ არ დაუხარჯავთ ძირითადი ძალისხმევა.

თავის მხრივ რუსი ბლოგერები წერენ, რომ უკრაინული ჯარები წარუმატებლად დაესხნენ თავს რუსულ არმიას ორეხოვის სამხრეთ-დასავლეთით ზაპოროჟიეს ოლქში და აცხადებენ, რომ უკრაინული ძალები აძლიერებენ კონტრშეტევითი ოპერაციების ტემპს ამ მხარეში ამინდის გაუმჯობესების შესაბამისად.

ISW-ს შეფასებით, მიმდინარე შეტევითი ოპერაციები, სავარაუდოდ, ქმნის პირობებს უკრაინული კონტრშეტევის მიზნებისთვის, რომლებიც არ არის ნათელი და, შესაბამისად, წარმოადგენს მიმდინარე კონტრშეტევის საწყის ფაზას.

ISW ასევე წერს, რომ დასავლეთის სახელმწიფოებმა შესაძლოა უახლოეს თვეებში უკრაინას მიაწოდონ F-16 გამანადგურებლები და დამატებით ტანკი „ლეოპარდები“. ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა 15 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავები უკვე ვარჯიშობენ F-16 თვითმფრინავებზე.

პატიმრობა შეუფარდეს პოლიციელს, რომელიც 2 ქვეითს დაეჯახა ზებრაზე

დღევანდელ სხდომაზე არაფერი უთქვამს პოლიციელს, ვიტალი ზოიძეს, რომელიც გამოძიების ვერსიით, ზებრაზე ორ ქვეითს დაეჯახა. ის ნასვამი მართავდა ავტომანქანას.

ავარიის შედეგად ერთი დაშავებული დაიღუპა, მეორეს მდგომარეობა ისევ მძიმეა, ის რეანიმაციაში რჩება.

დაშავებულები ძმები იყვნენ ბელარუსიდან. გარდაცვლილი 35 წლის იყო, მძიმედ დაშავებული კი, 26 წლისაა.

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, ვიტალი ზოიძეს. მას გამოძიება ავტოსაგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ასევე ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება (სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილები).

საუბარია 13 ივნისს, ბათუმში, სასტუმრო „ეუფორიასთან“ მომხდარ შემთხვევაზე – ავტომანქანა ორ ქვეითს დაეჯახა.

პროკურატურის ვერსიით, პოლიციელი იმ საღამოს საჭესთან ნასვამი იყო, იგი ამ დროს სამსახურებრივ უფლებამოსილებას არ ასრულებდა.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, პოლიციელს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

ეს პოლიციელი, რომელიც ახლა ბრალდებულია, სასამართლოში ხშირად წარმოადგენდა შსს-ს, მაგალითად, საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების ადმინისტრაციული დაკავების დროს.

ვიტალი ზოიძე იყო შსს-ს წარმომადგენელო ასევე „24 ოპოზიციონერის საქმეზე“, როცა დეპუტატებსაც კი, კარვები დაუშალეს, ჩამოართვეს, დააკავეს, შემდეგ კი უმტკიცებდნენ, რომ კანონი დაარღვიეს.

მანამდე კი, ვიტალი ზოიძე სასამართლოს მანდატური იყო.

ადვოკატმა ირაკლი აბაშიძემ სხდომაზე ბრალდებული პოლიციელის გირაოთი გათავისუფლება მოითხოვა 20 ათასი ლარის სანაცვლოდ.

„ის შემთხვევის ადგილიდან არსად მიმალულა, თვითონ ცდილობდა დაშავებულებს დახმარებოდა… არასდროს ჰქონია კონფლიქტი სამართალდამცველებთან. როგორ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის მიემალება მართლმსაჯულებას?“ – იკითხა ადვოკატმა ირაკლი აბაშიძემ.

„ეს ზეპირი განცხადებებია. დაზარალებულის დედის გამოკითხვაც ჯერ ვერ მოხერხდა, ისეთი ემოციური ფონი აქვს“, – თქვა პროკურორმა და მერე ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ რას ნიშნავს, როცა ნასვამი პოლიციელი თავად ჯდება საჭესთან.

პოლიციელი ეთანხმება ბრალს. ადვოკატ ირაკლი აბაშიძის თქმით, დაწყებულია მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებისთვის

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 ივნისის 21 საათიდან 17 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +20 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 18-19 ივნისს აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებული პროცედურა სააგენტომ შეაჩერა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ხელოვნური კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებული განცხადების განხილვა შეაჩერა და კომპანიას დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა მოსთხოვა.

„ამბასადორმა“ სააგენტოს სკოპინგის განცხადებით/ანგარიშით 2023 წლის 29 მაისს მიმართა, თუმცა, „წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ არის მოცემული და დაზუსტებას საჭიროებს დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები“, – მიწერეს კომპანიას სააგენტოდან.

წერილში აღნიშნულია, რომ სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, დაგეგმილი საქმიანობა ითვალისწინებს ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობას, რომლის ფართობი შეადგენს 108.5 ჰექტარს…

დაგეგმილი საქმიანობა კი, ასევე, წარმოადგენს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებულ ისეთ საქმიანობებს, რაც მოიცავს: „ზღვის ფართობის ათვისება, ხელოვნური კუნძულის, ნახევარკუნძულის და ა. შ. შექმნა“; „10 ჰექტარზე მეტი განაშენიანების ფართობის მქონე ურბანული განვითარების პროექტი“; ასევე „საზღვაო ნავსადგურისა და მასთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომლის საპროექტო განაშენიანების ფართობი 1 ჰექტარზე მეტია“.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, დაზუსტებას საჭიროებს სკოპინგის განცხადების წარმოდგენის საფუძველი. ასევე, დაგეგმილი საქმიანობის დასახელება თანხვედრაში უნდა იყოს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებულ საქმიანობებთან“, – წერს სააგენტო კომპანიას.

ამავე წერილის მიხედვით:

  • სკოპინგის ანგარიშით, კუნძულის მოწყობა გათვალისწინებულია შავი ზღვის აკვატორიაში 108,5 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე, ასევე დოკუმენტში მითითებულია, რომ საპროექტო არეალის საერთო ფართობია 144,32 ჰექტარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბუთებული უნდა იქნეს 144,32 ჰექტარი ტერიტორიის ათვისების საჭიროება;
  • shp ფაილებში ასახულია მხოლოდ 144,32 ჰექტარი ტერიტორიის პოლიგონი. სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, პროექტით გათვალისწინებულია ხელოვნური კუნძულის და ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის მოწყობა, შესაბამისად წარმოდგენილი უნდა იქნეს უშუალოდ საპროექტო კუნძულის და ნახევარკუნძულების shp ფაილები;
  • სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, ნახევარკუნძულების და კუნძულის ზღვის ტალღების ზემოქმედებისგან დასაცავად, გათვალისწინებულია 3 დამცავი მოლის მოწყობა. აღნიშნული მოლები ასახული უნდა იყოს shp ფაილებში.“

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით, ადმინისტრაციულ წარმოებას დაიწყებს მითითებული საკითხების გათვალისწინებით, განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ.“ – აღნიშნულია „ამბასადორისთვის“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან გაგზავნილ წერილში.

განახლება: „ამბასადორმა“ შენიშვნების გათვალისწინებით კორექტირებული სკოპინგის ანგარიში ხელახლა სააგენტოს 21 ივნისს წარუდგინა. სააგენტოს ინფორმაციით: „წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 17 ივლისის   ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N34 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge    (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი:  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).“
ამასთან, განახლებული სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩანიშნულია 2023 წლის 13 ივლისს, 13:00 საათზე, ბათუმის მერიის შენობაში.

ბათუმში ხელოვნური კუნძულის სამშენებლო სამუშაოები კომპანიას „ნაპირდამცავი ჯებირის“ მშენებლობით დაწყებული აქვს, რომელიც, პროექტის მიხედვით, შემდგომში ერთ-ერთი ხელოვნური ნახევარკუნძული იქნება [უშუალოდ ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის გზშ-ს მომზადების პროცედურა კი, კომპანიამ ახლა დაიწყო, რაც მშენებლობის ნებართვისთვის აუცილებელია].

ხელოვნური კუნძულის პროექტი მთლიანად გააქრობს ბარცხანის პლაჟს. ფაქტობრივად, ეს პლაჟი უკვე აღარც არსებობს – „ამბასადორმა“ ლოდები და სხვა ინერტული მასალა აქ უკვე შეიტანა.

„ამბასადორის“ სკოპინგის ანგარიშისა და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

ხელოვნური კუნძულის მშენებლობის ნებართვის მისაღებად ამბასადორმა პროცედურა დაიწყო

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 16 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 218 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +590]
  • ტანკი – 3 965 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 7 683 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 3 812 ერთეული [+19]
  • MLRS – 606 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 364 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 314 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 301 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 357 ერთეული [+24]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 199 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 519 ერთეული [+13]
  • სპეცტექნიკა – 519 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 16 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 444 თვითმფრინავი
  • 238 ვერტმფრენი
  • 4 652 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 10 018 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 124 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 128 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 10 983 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

უკრაინის კონტრშეტევა – რას წერს ანგარიშში ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი

„ჩინური კალაძე ხარ“ – ოპოზიციონერი დეპუტატი თორნიკე რიჟვაძეს

„ჩინური კალაძე ხარ ჩვეულებრივი“ – უთხრა აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღეს, 15 ივნისს ენმ-ს დეპუტატმა, ელგუჯა ბაგრატიონმა თორნიკე რიჟვაძეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს უმაღლეს საბჭოს ანგარიში ჩააბარა.

თორნიკე რიჟვაძემ ოპოზიციას უსაყვედურა იმ ტრანსპარანტებისთვის, რაც ოპოზიციის მხარდამჭერებმა გამოფინეს უმაღლეს საბჭოსთან სხდომის მიმდინარეობის დროს: „კადიროვის მასპინძელო“, „ჩმორნიკე“. ამ აქციაზე თორნიკე რიჟვაძეს „ნუგზარ ფუტკარაძის საქმის“ დროულად გამოძიება მოსთხოვეს.

„მასე თუ აპირებ ხელისუფლების შენარჩუნებას, ხალხი ამას აღარ გაპატიებს, ასე რომ, ცოტა მოზომილი იყავი. ადამიანის სიცოცხლე შეიწირეთ წაგებული არჩევნების უკან დასაბრუნებლად, უმრავლესობა ოპოზიციამ მოიგო, ძალიან კარგად იცი, გინდოდა, რომ შენი მეჯვარე გაგეხადა მერი და საკრებულო დაგებრუნებინა, ყველაფერზე წახვედით და ამბობთ, რომ ამას გააგრძელებთ… კონსტრუქციულ თანამშრომლობას ითხოვთ. ისე ნუ გააკეთებთ, რომ ქალაქში ვერ გაიაროთ საერთოდ,“ – მიმართა თორნიკე რიჟვაძეს ელგუჯა ბაგრატიონმა.

„რა ლაპარაკია ახლა ეს?“ – რეპლიკით ჩაერთო დიალოგში ტიტე აროშიძე, დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“.

„ჩვენ აქამდე გაგვივლია, აწიც გავივლით,“ – უთხრა ოპოზიციონერს თორნიკე რიჟვაძემ.

„სად გაგივლია, ისიც ვიცი ძალიან კარგად, ახლაც ვხედავ, როგორ დადიხარ. სულ ასე ვერ გეყოლება პოლიცია, მამა ვერ გეყოლება სულ პოლიციის მაღალჩინოსანი, გარშემორტყმული პოლიციით და დაცვით ვერ ივლი. აგრესიას და სიძულვილის ენას იყენებ ყოველი ფეხის ნაბიჯზე და ითხოვ კონსტრუქციულ საუბარს. ჩინური კალაძე ხარ ჩვეულებრივი“ – აღნიშნა ელგუჯა ბაგრატიონმა.

„მაგრამ სამაგიეროდ მე დასკვნა გამოვიტანე, თქვენ ვის ბაძავთ,“ – უპასუხა მას თორნიკე რიჟვაძემ.

რიჟვაძემ 2008 წლის ომს „ლაჩრულად წაგებული“ უწოდა

დღეს, 15 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ანგარიში წარადგინა უმაღლეს საბჭოში.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ თორნიკე რიჟვაძეს კითხვები დაუსვეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა ოპოზიციიდან. ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა რუსეთის მოქალაქეების გაზრდილ რაოდენობას და ამით გამოწვეულ საფრთხეებს.

„ბათუმის ყოველთვის იყო მულტიკულტურული ქალაქი და კულტურული მრავალფეროვნება ჩვენ არ გვიკვირს, მით უმეტეს ტურისტი, მაგრამ აქ საუბარია იმ ადამიანების ჩვენს ქალაქში თავისუფლად შემოყვანაზე, რომლებსაც პირდაპირ აქვთ მონაწილეობა მიღებული ქართველი ხალხის წინააღმდეგ ომში, სისხლში აქვთ ხელები გასვრილი და თუ ამას ხელისუფლება არ გააკეთებს, ღირსება ქართველი კაცისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ როგორ წარმოგიდგენიათ, ხვალ ქუჩაში რომ შეგვხვდეს ადამიანი, რომელზეც ზუსტად გვაქვს ინფორმაცია, რომ ის რაღაც ფორმით ჩართული იყო თუნდაც 2008 წლის ომში, რას გააკეთებს ნებისმიერი თავმოყვარე ქართველი?

აქამდე შეიძლება საქმე მივიდეს, თუ ხელისუფლება გონს არ მოეგება და დროულად არ შეწყვეტს იმ ხალხის ჩვენი ქვეყნის საზღვრებში შემოშვებას, ვისაც ხელი აქვთ გასვრილი ქართველთა სისხლში“- განაცხადა დეპუტატმა გიორგი კირთაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.

პასუხად თორნიკე რიჟვაძემ  რუსეთის მოქალაქეების მატება ბათუმში დაადასტურა:

„დიახ, მომატებულია ტურისტების რაოდენობა, 2019 წელთან შედარებით, რომელიც პანდემიამდე იყო საკმაოდ წარმატებული სეზონი. გაორმაგებულია როგორც ვიზიტორების რაოდენობა, ასევე, შემოსავლების მოცულობა და მინდა გითხრათ, რომ ამ საერთო ხვედრით წილში მათ შორის იმ ქვეყნის მოქალაქეებიცაა, რომლებსაც 2008 წელს, ლაჩრულად წაგებული ომის შემდგომ, სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე აუნთო, უვიზო რეჟიმი დაუწესა და ყვავილებით, ქართული ღვინით ხელში ეგებებოდა“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

რიჟვაძის ამ კომენტარს უმაღლესი საბჭოს წევრი ენმ-დან, ელგუჯა ბაგრატიონი გამოეხმაურა და მას უთხრა, რომ ამ სიტყვებით ის შეურაცხყოფას აყენებს აგვისტოს ომის გმირებს.

„ლაჩრულად იქცევით თქვენ. რა შეურაცხყოფას აყენებთ გმირებს? ესე იგი 2008 წელს ხალხმა რომ იბრძოლა, იყო ლაჩრული ბრძოლა? მთელი გუნდი ხართ ლაჩრები, ლაჩარი მოიკითხეთ თქვენი ბორიკნა [ბიძინა ივანიშვილი].

ლავროვის ქალიშვილს ლამის სანთლებით ედექით, კადიროველები ათარეშეთ და  გმირებზე ლაჩრების ძახილის უფლებას არავის მივცემთ“ – უთხრა ელგუჯა ბაგრატიონმა თორნიკე რიჟვაძეს.

თორნიკე რიჟვაძემ ბაგრატიონთან პოლემიკა ამის შემდეგაც გააგრძელა და ენმ-ს წევრებს მიშათმავლები უწოდა.

„თქვენს გაქცეულ მხედართმთავარზე იყო აქ საუბარი. მიშათმავლები ხართ, მაგრამ სიტყვა უნდა დამასრულებინოთ“ – უთხრა მან ელგუჯა ბაგრატიონს.

103 წლის ქალი ხულოს სოფლიდან – „არაფერი მავიწყდება“

ხულოს სოფელ დიოკნისში, ტყესთან ახლოს 103 წლის ზულბიე ძირკვაძე ცხოვრობს, რომელიც თავს სოფელში ყველაზე დაფასებულ ქალს უწოდებს ასაკის გამო. „ჩემი ტოლი ამ სოფელში აღარავინაა. მთელი სოფელი მაფასებს და ყველა მემადლიერება“ – ამბობს ზულბიე.

ზულბიე პოპულარული მზარეული იყო და ხშირად იწვევდნენ ქორწილისა თუ სხვა მნიშვნელოვანი დღესასწაულის მთავარი კერძების მოსამზადებლად. ასევე, იყო ექიმბაშიც. ამბობს, რომ წამლებს ამზადებდა დამწვრობისა და სხვადასხვა დაზიანებებისთვის.

„ყველას ძალიან მოსწონდა ჩემი გაკეთებული საჭმელები. თავის ქებად გამოსდისო, იტყვიან, მაგრამ არა, ნამდვილად ასე იყო. ყველაფერს ვაკეთებდი როცა ახალგაზრდა ვიყავი. ახლა აღარ შემიძლია, ძლივს დავდივარ. 104-ე წელიწადის ათვლა დავიწყე. ყველაფერი მესმის და არაფერი მავიწყდება.

ზულბიე ძირკვაძე

პირველ იანვარს ვარ დაბადებული. გავარდა მაშინ ბებია, ახარა ყველას, ამ ახალ წელს გოგო შეგვეძინაო. დიდებულად გაზრდილი გოგო ვარ. განსაკუთრებით მიყვარს ახალი წელი, ყოველთვის დიდი სამზადისით აღვნიშნავდით“, – გვეუბნება ზულბიე.

ქალის თქმით, სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა და მამას უნდოდა რაიმე პროფესია ჰქონოდა, მაგრამ ზულბიეს დედა მალე გარდაეცვალა და ოჯახის საქმეების საკუთარ თავზე აღება მოუწია.

ამის შემდეგ ზულბიე მალევე დაქორწინდა. მას სამი შვილი ჰყავს. მისი თქმით, მიუხედავად იმის, რომ იმ დროს თითქმის ყველას ოჯახი მრავალშვილიანი იყო, მას არ უნდოდა ბევრი შვილი ჰყოლოდა.

ზულბიე იხსენებს, რომ ბევრი ბოსტნეული მოჰყავდა და მისი ბოსტანი ყოველთვის კარგად მოვლილი იყო: „მეზობელმა ქალებმა მომიმღერეს კიდეც: ბოსტანში გავიხედეთ, ქინძი სჯობდა კამასო…“

103 წლის ქალი გვეუბნება, რომ არ არის საჭმელი, რომელიც არ უყვარს: „ყველაფერს ვჭამ. არაფერზე ვიტყვი, არ მინდა-მეთქი, მაგრამ ისე, ხორცი განსაკუთრებით მიყვარს“.

ქალი იხსენებს ბავშვობასა და ახალგაზრდობაში გამოვლილ რთულ სოციალურ მდგომარეობასაც: „პური არ იყო მაშინ, თვალით ვერ დაინახავდი. მჭადი. მჭადს ვჭამდით სულ. სადმე, ხულოში თუ წახვიდოდი და ერთ „ბუხანკა“ პურს იყიდდი, ეს იყო.

სკოლაში ტყლაპ-ტყლუპ, ქალამნებით დავდიოდით სულ. თუ დარი იყო, გვიმართლებდა. ავდარში რომ მოვიდოდით და დედა გაგვხდიდა, სულ სველი გვქონდა ფეხები“.

ზულბიე ადრიან დილას იღვიძებს და ბევრს სეირნობს ეზოში, რადგან ძალიან უყვარს ბუნება.

ამბობს, რომ ძალიან უყვარდა მუსიკა, ბავშვობისას, თანატოლებთან ერთად პიესებსაც დგამდა და დასძენს, „ერთი ეგ იყო – ცეკვა არ ვიცოდიო“.

ზულბიე ჩვენთან საუბრისას ხელზე ხშირად ამოწმებდა და ატრიალებდა ბეჭედს. საუბრის ბოლოს გვითხრა, ეს ბეჭედი შვილთაშვილმა მაჩუქაო. მას 9 შვილიშვილი და 20 შვილთაშვილი ჰყავს.

ზულბიე სამ თაობასთან ერთად

15 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბათუმში 1 პირი დააკავეს

ბათუმში, არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით 40 წლამდე კაცი დააკავეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა ბათუმში.

გაუპატიურებაში ბრალდებულის დაკავების ფაქტს შსს ადასტურებს.

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში ასევე გამოძიება მიმდინარეობს კიდევ ერთ, გარყვნილი ქმედების ფაქტზე, ამჯერად არასრულწლოვანი გოგოს მიმართ.

„აღნიშნულ ფაქტზე, ბრალდებულის დადგენის მიზნით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“ – ამბობენ შსს-ში.

____________________

ამავე თემაზე:

ბათუმში მოზარდზე სექსუალური ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის 1 პირი დააკავეს

რიჟვაძემ ბათუმში 5 წლის წინ დაწყებული აუზის დასრულების ახალი თარიღი დაასახელა

„ვფიქრობთ, რომ 2025 წლის ბოლოს ორივე ობიექტი უნდა იყოს დასრულებული იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პროექტები განახლდა და მალე მოხდება შესაბამისი შესყიდვის გამოცხადება,“ – განაცხადა დღეს, 15 ივნისს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც მას ენმ-ს დეპუტატმა გიორგი კირთაძემ შეკითხვა დაუსვა ყინულის მოედნის და საცურაო აუზის მშენებლობაზე.

საუბარია სპორტულ კომპლექსზე, რომლის მშენებლობაც აჭარის მთავრობამ 2018 წელს დაიწყო და 2019 წლისთვის უნდა დაესრულებინა. კომპლექსის მშენებლობისთვის 29 მილიონი ლარი უკვე დაიხარჯა, თუმცა ადგილზე არც აუზი დაგხვდებათ და არც მოედანი.

კომპანიას, რომელიც კომპლექსს აშენებდა, ხელშეკრულება 2020 წელს შეუწყვიტეს. მშენებლობა ამ დრომდე არ განახლებულა.

თორნიკე რიჟვაძეს დღევანდელ სხდომაზე არ უთქვამს, ამ დრომდე რამ შეუშალა ხელი ახალ შესყიდვას.

„საცურაო აუზი და ყინულის სასახლე – საზოგადოებისთვის მინდა განვმარტო და მათ შორის პატივცემულო დეპუტატებო, თქვენთვისაც, რომ პირველ ეტაპზე, როცა კონტრაქტორის მხრიდან მიმდინარეობდა იქ სამუშაოების განხორციელება, პირდაპირ ვთქვათ, რომ კონტრაქტორმა ვერ შეძლო ჯეროვნად შეესრულებინა თავისი სახელშეკრულებო ვალდებულებები, შექმნა ნაწილი იმ სამუშაოების, რაც იყო დაკვეთილი და შესაბამისად, საბოლოო შეთანხმებით ანაზღაურდა ის ნაწილი, რამდენი სამუშაოც შეიქმნა.

შემდგომ მისი გაგრძელების პერსპექტივა არ იყო, ამიტომ მოგვიწევს, რომ ჩვენ ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე. მოქმედი საბაზრო განფასებებით მოხდება ამ პროექტების დასრულება,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძე აჭარის უმაღლეს საბჭოში

2022 წლის 29 ნოემბერს თორნიკე რიჟვაძე ამბობდა, რომ ამ სპორტული კომპლექსის მშენებლობა 2 წელში, ანუ 2024 წელს დასრულდებოდა: ჩვენ განვაახლებთ ყინულის არენის და საცურაო აუზის მშენებლობას. შემდეგი ორი წლის განმავლობაში სრულად დასრულდება ეს პროექტი,“ – აცხადებდა მაშინ თორნიკე რიჟვაძე.

„კადიროვის მასპინძელო“ – რიჟვაძეს უმაღლეს საბჭოსთან აქციით დახვდნენ

დღეს, 15 ივნისს, ბათუმში, აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს უსმენენ.

რიჟვაძეს უმაღლეს საბჭოსთან ენმ-ის და ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრები დახვდნენ სტვენით, შეძახილებითა და პლაკატებით.

„კადიროვის მასპინძელი“, „ჩმორნიკე“, „ქართული ოცნება კლავს“ – წერია პლაკატებზე.

თორნიკე რიჟვაძეს აქციაზე შეახსენეს ნუგზარ ფუტკრაძის საქმეც. ბათუმის საკრებულოს წევრი ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. ენმ-მ გასული წლის 24 ნოემბერს აუდიოფაილი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც საკრებულოს წევრს დამოუკიდებელ წევრობას სთხოვდნენ 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ. ამ დრომდე გამოძიებას ამ საქმეზე შედეგი არ დაუდია.

აქცია აჭარის უმაღლეს საბჭოში. ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე
აქცია აჭარის უმაღლეს საბჭოში. ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე

ზალუჟნიმ არ ააფეთქებინა კიევის ხიდები ომის პირველ დღეებში – BBC

„გენერალი ვოლდემორი. როგორ გახდა ვალერი ზალუჟნი უკრაინის არმიის ყველაზე პოპულარული სარდალი“ – ამ სათაურით აქვეყნებს „ბიბისი“ ვრცელ სტატიას ზალუჟნის შესახებ.

სტატიაში განხილულია ზალუჟნის კარიერა და ასევე, მოცემულია ერთი ეპიზოდი 2022 წლის თებერვალში, ომის პირველ დღეებში მომხდარი ამბებიდან.

კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ზალუჟნიმ ამ მისცა უფლება აეფეთქებინათ ხიდები მდინარე დნეპრზე, კიევის მახლობლად.

„ბიბისი“ წერს, რომ 26 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე დღეს უკრაინის მთავრობის წევრებმა დაიწყეს დნეპრზე კიევის ყველა ხიდის აფეთქების შესახებ იდეის განხილვა. ეს შესაძლებელს გახდიდა რუსეთის არმიის შეტევის შეკავებას ბუნებრივი დაბრკოლებით.

გამოცემის ცნობით, სწორედ მაშინ, ომის მესამე დღეს, ხელისუფლების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელ უფროსს, ივან ბაკანოვს უბრძანა ხიდების აფეთქება.

„სიტუაცია იოლი არ იყო. ბაკანოვმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალ ვალერი ზალუჟნის დაურეკა. მან მოსმენის შემდეგ, უყოყმანოდ უპასუხა:

„ხიდების აფეთქება? არავითარ შემთხვევაში. ეს იქნება მათი ღალატი, ვინც დნეპრის მარცხენა სანაპიროზე დარჩება – სამხედროებისაც და მოქალაქეებისაც“.

დრომ აჩვენა, რომ სამი დღე-ღამის უძილო გენერლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორი აღმოჩნდა“ – წერს „ბიბისი“.

სტატიაში ასევე ნათქვამია იმის შესახებ, რომ „რკინის გენერლის“ წოდების მიუხედავად უკრაინელ სამხედროებს შორის ზალუჟნი ცნობილია როგორც “ჰუმანური გენერალი”. იგი შეიძლება გამოჩნდეს უკრაინელი ოფიცრის ქორწილში და ბახმუტთან დაღუპული 27 წლის გმირის დაკრძალვაზე დედის წინაც დაიჩოქოს. ასევე, ცნობილია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სამხედროებმა, რომლებმაც ზალუჟნის მესიჯები მისწერეს, პასუხი მიიღეს, მოგვიანებით კი მთავარსარდალი მათ პირადად გაეცნო.

ბათუმელი შშმ გოგოები ევროპის ჩემპიონები გახდნენ – მკლავჭიდი

მოლდოვაში, სადაც მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, ბათუმელმა პარასპორტსმენმა გოგოებმა ოქროს მედლები მოიპოვეს.

სულ ათი მედალი მოიპოვეს მკლავჭიდელებმა. აქედან 6 ოქროა და 4 ვერცხლი.

მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია 19 წლის შშმ გოგონა მარი აბაშიძე, რომელიც სამი თვეა რაც ვარჯიშობს, პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და პირველი ოქროც მოიპოვა.

„ისეთი კარგი მონაცემები აქვს, რომ საქართველოს ჩემპიონატზეც კი არ გაგვიყვანია და პირდაპირ ევროპაზე გავიყვანეთ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ფედერაციის ხელმძღვანელი გოჩა შავაძე.

ფოტოზე: მარი აბაშიძე და მარი ნოდია

მისი თქმით, მარი აბაშიძის ძმაც მკლავჭიდელია, ამიტომ სპორტის ამ სახეობის მიმართ ინტერესი მაღალი აქვს მარისაც.

„ზოგადად, შშმ ბავშვები ადვილად ითვისებენ სპორტის სახეობებს, ძალიან ძლიერები არიან.

მარინე ფუტკარაძეც შშმ გოგოა, ძალიან წარმატებული მკლავჭიდელი და მსოფლიოს 8 გზის ჩემპიონია.

მარის მსგავსად ისიც ევროპის ჩემპიონი გახდა, ორი ოქროს მედალი მოიპოვა“, – ამბობს გოჩა შავაძე.

მარინე ფუტკარაძე და მარი ნოდია – ევროპის ჩემპიონები მკლავჭიდში/2023 წელი

ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს ზვიად სულიკაშვილმა (მსოფლიოს 6 გზის ჩემპიონი) და ნათია ჩხაიძემაც, რომლებიც ასევე შშმ პირები არიან.

ორი ოქროს მფლობელია მარი ნოდიაც, თუმცა ის არ არის შშმ პირი.

ევროპის 32 ქვეყანა მონაწილეობს მკლავჭიდის ჩემპიონატზე, რომელიც 4 დღეა მიმდინარეობს და კიდევ ორ დღეს გაგრძელდება.

აჭარიდან სულ 6 სპორტსმენი მონაწილეობს, აქედან 4 პარასპორტსმენია.

მკლავჭიდელების მწვრთნელი თემურ ლიპარტაშვილია.

__________________

მთავარ ფოტოზე: მარინე ფუტკარაძე და მარი ნოდია

Exit mobile version