რა სჭირდება საქართველოში ლურჯი ეკონომიკის განვითარებას – დისკუსია ბათუმში

შავიზღვისპირა ქვეყნებიდან ორი – რუმინეთი და ბულგარეთი ევროკავშირის წევრია; თურქეთს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს, კიდევ ორი – საქართველო და უკრაინა ასოცირების მონაწილე ქვეყნებია. სწორედ ამიტომ ევროკომისია აფინანსებს პროექტს, რომელიც შავი ზღვისთვის საერთო საზღვაო დღის წესრიგს განსაზღვრავს.

მთავარი აქცენტი ე.წ. ლურჯი ეკონომიკის განვითარებაზე კეთდება, რაც საბოლოოდ შავი ზღვის ქვეყნების ევროკავშირის სრულფასოვან წევრად ქცევას შეუწყობს ხელს.

„ეს პლატფორმა სახელმწიფო უწყებებს, აკადემიურ სფეროს, ბიზნესს, აძლევს საშუალებას, რომ წარმოადგინონ არსებული საჭიროებების გადაჭრის იდეები, რომლებიც შემდგომ შეიძლება გადაიქცეს კონცეფციებად. არსებობს დაფინანსების უამრავი წყარო და შესაძლებლობა, რომ ეს კონცეფციები შავი ზღვის სხვა მოთამაშეებთან თანამშრომლობით დაფინანსდეს. იმიტომ, რომ ეს ზღვა, წყალი საერთოა და საბოლოო ჯამში, ეს სიკეთეებიც ზიარდება. სწორედ ამიტომ შექმნა ევროკომისიამ ეს პლატფორმა, რომ ინფორმაციის გაცვლა და თანამშრომლობა გაადვილდეს,“ – ამბობს მამუკა ბერძენიშვილი, „ტურიზმის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი.

მამუკა ბერძენიშვილი

საზღვაო ტურიზმი, საზღვაო ტრანსპორტისა და მეთევზეობისა და აკვაკულტურის განვითარება – ეს სამი კომპონენტი ქმნის ლურჯ ეკონომიკას.

19 ივნისს ბათუმში გაიმართა კონფერენცია და დისკუსია, რომელსაც უმასპინძლა ტურიზმის ინსტიტუტმა და შავი ზღვის საერთო საზღვაო დღის წესრიგის დახმარების მექანიზმის ეროვნულმა ცენტრმა.

დისკუსია ერთდროულად სამ თემაზე მიმდინარეობდა – საზღვაო ტრანსპორტისა და პორტების გაციფრულება და დეკარბონიზაცია, კონკურენტუნარიანობა საზღვაო ტურიზმში და მეთევზეობისა და აკვაკულტურის მდგრადი განვითარება.

საზღვაო სფეროს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლებიც საზღვაო ტრანსპორტის მხრივ არსებობს საქართველოში. კერძო ბიზნესის წარმომადგენლები ერთხმად თანხმდებიან, რომ მთავარი პრობლემა საქართველოს მოძველებული საზღვაო კანონმდებლობაა.

„ტრანს ლოჯისტიკის“ ხელმძღვანელის, ჯაბა თარიმანაშვილის თქმით, ქვეყანას სჭირდება ისეთი „საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც მიმართული იქნება საზღვაო სერვისების განვითარებაზე“.

მისივე თქმით, აუცილებელია საზღვაო მომსახურების გაციფრულება.

შეხვედრაზე იმყოფებოდა კაპიტანი მამუკა თალაკვაძეც, რომელმაც ქართულ საზღვაო სფეროში არსებული პრობლემებიდან რამდენიმე გამოყო. მათ შორის, გემების დაფინანსების საკითხი. მისი თქმით, დღემდე არც ერთ ქართულ ბანკს არ  აქვს ისეთი საბანკო პროდუქტი, რომლითაც საზღვაო სფეროში მომუშავე კომპანიები ისარგებლებენ, მაგალითად, ვერ იღებენ სესხს გემის შესაძენად.

ლურჯი ეკონომიკის შემადგენელი კომპონენტია აკვაკულტურა და მეთევზეობაც.

აკვაკულტურაში ახალი ტექნოლოგიების გამოყენება, დივერსიფიკაცია, გარემოსდაცვითი სტანდარტების დაგეგმვა, თევზის საკვების ადგილობრივი წარმოება, აკვაკულტურის საკონსულტაციო ცენტრის შექმნა ან არსებულის გაძლიერება და შესაბამისი კადრების მომზადება – ეს არასრული ნუსხაა იმ საკითხების, რომელთა მოგვარების გარეშეც საქართველოში აკვაკულტურის განვითარება წარმოუდგენელია.

გამომდინარე იქიდან, რომ ტურიზმი და აკვაკულტურა ლურჯი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს სანაპიროები რამდენად იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ ორმა სექტორმა გვერდიგვერდ და ჰარმონიულად იარსებოს, ვკითხეთ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თინათინ ზოიძეს.

„მე გამიჭირდება აღნიშნულ კითხვაზე კომპეტენტური პასუხი. ტურიზმიდან ხედვის ნაწილში მგონია, რომ აკვაკულტურა აუცილებლად უნდა განვითარდეს საქართველოში. ბათუმი, ქობულეთი, სარფი-გონიო-კვარიათი ტურისტული ზონაა. ჩვენ 4 მილიონამდე ვიზიტი გვაქვს წლის განმავლობაში. უფრო მეტ ვიზიტორს ველოდებით. როგორც პროფესიონალებმა აღნიშნეს, [აკვაკულტურის ფერმების] სწორად დაგეგმვის შემთხვევაში შესაძლებელია იმის უზრუნველყოფა, რომ დაცული იყოს ყველა ის სტანდარტი, რაც ვიზიტორებს ზღვაზე დასვენებისთვის სჭირდებათ.

თუმცა, მიუხედავად ამისა, მე რაც ნანახი მაქვს სხვა ქვეყნებში, საზღვაო-საკურორტო ზონიდან ეს ფერმები მოშორებულია.

თუ მასშტაბური აკვაკულტურის განვითარება გვსურს, ჩემი აზრით, შესაძლებელია ალტერნატიული სივრცეები მოიძებნოს, შავი ზღვის რეგიონში, როგორიცაა, მაგალითად, სამეგრელო-გურიის რეგიონი. სადაც თუ მასშტაბური პროექტები განხორციელდება, ეს ასევე ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. ამასთან, ბათუმსა და საზღვაო კურორტებს მოამარაგებს თევზეულით. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ჩვენ შემთხვევაშიც გაკეთდეს, ოღონდ ამაში უნდა იყვნენ ჩართული პროფესიონალები და უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ ბათუმის იმიჯი, როგორც ტურისტული მიმართულების, არ დაზიანდეს.

როცა წარმოიდგენ, რომ ზღვის სანაპიროზე ისვენებ და ამ დროს, ვთქვათ, რამდენიმე  ას მეტრში თუნდაც არის აკვაკულტურის ფერმები, შესაძლებელია არც თუ ისე სასიამოვნო სანახავი იყოს. თუმცა დღეს შეხვედრაზე ითქვა, რომ აკვაკულტურას გაწმენდითი ფუნქციაც აქვს და შესაძლებელია პირიქით, სანაპირო ზოლის გაწმენდასაც კი შეუწყოს ხელი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თინათინ ზოიძემ.

რამდენად რეალისტურია აკვაკულტურა განვითარდეს საკურორტო ზონასთან ახლოს? – ეს კითხვა გარემოს დაცვის სამინისტროს და აკვაკულტურის სექტორის წარმომადგენლებს უშალოდ დისკუსიის დროსაც დაუსვეს.

„სწორად მართული თემები არის პირიქით მისასალმებელი, იმიტომ, რომ შეიძლება უწყვეტი შემოსავალი იყოს ადგილობრივი მოსახლეობისთვის,“ – ასეთი იყო გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის პასუხი.

მამუკა ბერძენიშვილი, საქართველოში „საერთო საზღვაო დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული ცენტრის“ წარმომადგენელი, ამბობს, რომ მთავარი, რის გამოც ევროკომისია საქართველოს აფინანსებს და ეხმარება, არის სწორედ ამ სამი კონკრეტული მიმართულების გაძლიერება – საზღვაო ტურიზმი, საზღვაო ტრანსპორტირება და აკვაკულტურა-მეთევზეობა.

„ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება საზღვაო ტურიზმის საშუალებით განვითარდეს ტურისტული პროდუქტი. მაგალითად, შეიძლება ეს გაკეთდეს წყლის ქვეშ არსებული კულტურული მემკვიდრეობის საშუალებით, რომელიც ძალიან მდიდარია. ანტიკური ხანიდან მოდის. როგორც კვლევებმა აჩვენა, პეტრასა და გონიოს ციხეების მიდამოებში განსაკუთრებით დიდია ეს პოტენციალი. ამას შეიძლება მიებას დაივინგის და სხვა მსგავსი ტურისტული სერვისები. ასევე დაიწყოს მცირე საზღვაო, საკრუიზო მიმოსვლა, რომელსაც, რა თქმა უნდა, შესაბამისი მცირე ნავმისადგომების ქსელის განვითარება სჭირდება.

ეს ეხება არა მხოლოდ აჭარას, არამედ აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია ამ მიმართულებით გურიისა და სამეგრელოს დაკავშირება. რადგანაც ეს არის ანტიკური ხანის წყალქვეშა მემკვიდრეობა. ეს ქსელი, ნავმისადგომებისა და კულტურული მემკვიდრეობის, შეიძლება გარკვეული ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში რეალისტურად იქცეს,“ – ამბობს მამუკა ბერძენიშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს საზღვაო სანაპიროს აქვს აკვაკულტურის განვითარების დიდი პოტენციალი. თუ აკვაკულტურა ტურისტულ პროდუქტად იქცევა, მან შეიძლება ისეთ წარმატებას მიაღწიოს, როგორსაც თავის დროზე სოფლად, აგროტურიზმის სექტორის განვითარებამ მიაღწია.

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის რა მატჩები გაიმართება ბათუმში

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობს.

თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას, 8 ივლისს, ბათუმი არენა უმასპინძლებს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს დღეს, 21 ივნისს, პორტუგალიასთან მატჩით გახსნის.

ჩემპიონატის განრიგი საქართველოში ასე გამოიყურება:

21 ივნისი
  • საქართველო-პორტუგალია –  დასაწყისი 20:00 სთ. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი. ჯგუფი A
  • ბელგია-ნიდერლანდები – დასაწყისი 20:00 სთ. თბილისი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი. ჯგუფი A
22 ივნისი
  • ჩეხეთი-ინგლისი –  დასაწყისი 20:00 სთ. ბათუმი, ბათუმი არენა. ჯგუფი C
  • გერმანია-ისრაელი– დასაწყისი 20:00 სთ. ქუთაისი, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი. ჯგუფი C
24 ივნისი
  • საქართველო-ბელგია –  დასაწყისი 20:00 სთ. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი. ჯგუფი A
  • პორტუგალია-ნიდერლანდები – დასაწყისი 20:00 სთ. თბილისი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი. ჯგუფი A
25 ივნისი
  • ჩეხეთი-გერმანია –  დასაწყისი 20:00 სთ. ბათუმი, ბათუმი არენა. ჯგუფი C
  • ინგლისი-ისრაელი– დასაწყისი 20:00 სთ. ქუთაისი, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი. ჯგუფი C
27 ივნისი
  • ნიდერლანდები-საქართველო –  დასაწყისი 20:00 სთ. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი. ჯგუფი A
  • პორტუგალია-ბელგია – დასაწყისი 20:00 სთ. თბილისი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი. ჯგუფი A
28 ივნისი
  • ინგლისი-გერმანია –  დასაწყისი 20:00 სთ. ბათუმი, ბათუმი არენა. ჯგუფი C
  • ისრაელი-ჩეხეთი – დასაწყისი 20:00 სთ. ქუთაისი, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი. ჯგუფი C

_______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

„იაგოს ბავშვის ნათლია ვარ“ – რა თანამდებობა მისცა ნათლულის ბაბუას ხელვაჩაურის მერმა

„იაგოს ბავშვის ნათლია მე ვარ, მაგრამ სხვა ბევრი ნათლულიც მყავს,“ – გვიპასუხა ხელვაჩაურის მერმა, ზაზა დიასამიძემ, რომელსაც ვკითხეთ, არის თუ არა ნამდვილად ხელვაჩაურის პოლიციის უფროსის, იაგო დავითაძის შვილის ნათლია?

ხელვაჩაურის მერმა დაგვიდასტურა, რომ ნათლულის ბაბუაც დასაქმდა ხელვაჩაურის მერიაში. ზაზა დიასამიძეს ნეპოტიზმის სხვა შემთხვევებზეც ვკითხეთ. იგი ხელვაჩაურის პოლიციის ყოფილი უფროსია – მერიაში გადასვლის შემდეგ კი, თანამდებობებზე უკვე ყოფილი პოლიციელებიც გვხდებიან.

ხელვაჩაურის პოლიციის უფროსის – იაგო დავითაძის და მერის – ზაზა დიასამიძის ახლო კავშირსა და მინიმუმ არაჯანსაღი გარემოს შექმნას ორი საქმე აჩვენებს: მაგალითად, მოქალაქე თორნიკე ქავთარაძე ამბობს, რომ მერის გამოძალვაში მხილების შემდეგ, მას ხელვაჩაურის პოლიციის უფროსმა სცემა, ხელვაჩაურის მერიიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელის, გოჩა მჟავანაძის თქმით კი, გათავისუფლებამდე იგი დასაშინებლად დააკავეს, ხელბორკილდადებულს კი, ხელვაჩაურის პოლიციაში გადაუღეს ფოტოები და ზაზა დიასამიძეს გაუგზავნეს.

„ბათუმელებს“ ხელვაჩაურის მერიაში ნეპოტიზმის არაერთ შემთხვევაზე მიაწოდეს ინფორმაცია. ამჯერად რამდენიმე დადასტურებულ შემთხვევაზე მოგიყვებით:

ხელვაჩაურის მერის – ზაზა დიასამიძის მეგობარია მისი მოადგილე გიორგი ქარცივაძე

ზაზა დიასამიძის მეგობარია „ხელვაჩაურის სასაფლაოების“ დირექტორი – ირაკლი კარანაძე

ზაზა დიასამიძის კურსელია იურიდიული განყოფილების უფროსი – შორენა ავჯიშვილი 

ზაზა დიასამიძის მეგობრის – ხელვაჩაურის პოლიციის უფროსის, იაგო დავითაძის სიმამრი – გენადი მახარაძე „ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოს“ უფროსის მოადგილეა.

ზაზა დიასამიძის მეგობარია ყოფილი პოლიციელი ნუგზარ ძნელაძეც. იგი „გამწვანების, დასუფთავების და კომუნალური მომსახურების“ დირექტორი გახდა უკონკურსოდ მას შემდეგ, როცა ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე გახდა.

რაც შეეხება ნუგზარ ძნელაძის მოადგილეს – ნუგზარ თედორაძე მახინჯაურის პოლიციის მოქმედი უფროსის – მურმან თედორაძის ძმაა. ამ პოლიციელის რძალი – მაია ჭანიძე კი, კონკურსის წესით გახდა ხელვაჩაურის მერიის საბიუჯეტო განყოფილების უფროსი.

ამ პოზიციებზე მხოლოდ ორ პოზიციაზე ჩატარდა კონკურსი – იურიდიული განყოფილების და საბიუჯეტო განყოფილების უფროსები. კონკურსით რომ შეარჩიეს, ეს მოგვწერეს კიდევ მაია ჭანიძემ და შორენა ავჯიშვილმაც. სხვა კითხვებს ამ საჯარო მოხელეებმა არ უპასუხეს.

„ბათუმელი ვარ და ყველას ვიცნობ. არა მგონია, ნეპოტიზმთან გვქონდეს საქმე,“ – მოგვწერა ყოფილმა პოლიციელმა, ნუგზარ ძნელაძემ.

ნეპოტიზმს კატეგორიულად გამორიცხავს ხელვაჩაურის მერი, ზაზა დიასამიძე. მისი თქმით, ეს ადამიანები პროფესიონალები არიან და ამ ნიშნით მოხვდნენ თანამდებობებზე.

„ბათუმი პატარაა, აჭარა პატარაა და ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. ზოგთან სამსახურებრივი კვეთა მაკავშირებს, ზოგთან ნაცნობობა და ზოგთან – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი. ახალ კადრებს ხელვაჩაურში ვერ გავაჩენდი. რაც მნიშვნელოვანია, ყველა პროფესიონალიზმის ნიშნით არის შერჩეული და კონკურსის წესით,“ – ამბობს ზაზა დიასამიძე.

რატომ არ ჩატარდა კონკურსი, თუ ეს ადამიანები პროფესიონალები არიან და რატომ არ შექმნა კონკურენციის პირობა ყველასთვის? – ხელვაჩაურის მერი განმარტავს, რომ ყველა თანამდებობა არ ითვალისწინებს კონკურსის გამოცხადებას, მაგალითად, ააიპ-ების ხელმძღვანელი პოზიციები.

მარცხნიდან პირველი გენადი მახარაძე [ხელვაჩაურის პოლიციის უფროსის – იაგო დავითაძის სიმამრი], მანუჩარ მანველიძე, მერის მოადგილე კახა ფუტკარაძე [ის დღეს, 21 ივნისს გადადგა], ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე და საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე.
თუმცა ზაზა დიასამიძე გვეთანხმება იმაშიც, რომ კანონი არც კონკურსის ჩატარებას კრძალავს, თუ ხელმძღვანელი ამის საჭიროებას ხედავს და არ სურს, ეჭვები გაჩნდეს ნეპოტიზმზე.

„შეგიძლია ჩაატარო კონკურსი, მაგრამ მთავარია, მისი გამოცდილება და შესაბამისი კომპეტენცია განიხილო, რაც ყველა შემთხვევაში განვიხილეთ და გადაწყვეტილება ისე იქნა მიღებული.

ერთ კაცსაც ვერ დამისახელებთ, რომ ნეპოტიზმით მიმეყვანოს… ირაკლი კარანაძეს ვიცნობ ბავშვობიდან, 40 წელია მეგობრები ვართ, გიორგი ქარცივაძეს უამრავი გამოცდილება აქვს, უაღრესად განათლებული ადამიანია, ვიცნობდი მამამისს, როგორც პროფესიონალ კაცს. გენადი მახარაძე პროფესიონალი კაცია…“, – მერი დაახლოებით ერთი და იგივე აღწერით ჩამოუყვა ჩამონათვალს.

ხელვაჩაურის მერს, ზაზა დიასამიძეს ვკითხეთ იმაზეც, რომ კონკურსიც, მაგალითად, იურიდიული განყოფილების უფროსის პოზიციაზე, მისმა კურსელმა მოიგო.

„ჩვენ [ზაზა დიასამიძე და შორენა ავჯიშვილი] ერთ დროს ვსწავლობდით, მის წითელ დიპლომზეც ბევრჯერ მსმენია… ჩემი კურსელია ასე ნახევარი საქართველო, შეგიძლიათ გადაამოწმოთ,“ – აღნიშნა ზაზა დიასამიძემ „ბათუმელებთან“.

მთავარი ფოტო: იაგო დავითაძე და ზაზა დიასამიძე

რა კავშირია ბარიატრიულ ქირურგიასა და დიაბეტის მკურნალობას შორის

სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია განსაკუთრებით პოპულარულია. სხვადასხვა საერთაშორისო კვლევით დასტურდება, რომ მეტაბოლური და ბარიატრიული ქირურგია გარდა ზედმეტი წონის მნიშვნელოვანი კლებისა, დადებითად აისახება სიმსუქნესთან ასოცირებული ქრონიკული დაავადებების მიმდინარეობაზე, მათ შორის არის შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2.

ბათუმის სამედიცინო ცენტრის ქირურგი, ალექსანდრე ცირეკიძე ამბობს, რომ მის პრაქტიკაშიც არიან პაციენტები, რომლებსაც ოპერაციიდან რამდენიმე თვეში დაურეგულირდათ ტიპი 2 დიაბეტი.

  • ბატონო ალექსანდრე, როგორ მუშაობს ბარიატრიული ქირურგიის ოპერაციები?

ბარიატრიული ქირურგია არის ჭარბი წონის ქირურგია, ის ძირითადად მოიცავს ორი ტიპის ოპერაციას, სხვადასხვა მოდიფიკაციით. ძირითადად ეს არის სტანდარტული ოპერაცია, კუჭის მოცულობის შემცირება ანუ დაპატარავება – სლივ რეზექცია, მეორეა – მინიგასტრიკ ბაიპასის ტიპის ოპერაცია.

კუჭის დაპატარავების ოპერაცია გულისხმობს კუჭის მოცულობის დაპატარავებას და კუჭის დიდი მოცულობის/ფრონტალური ნაწილის [იმ ადგილის, სადაც გამომუშავდება შიმშილის ჰორმონი] მოკვეთას იმისთვის, რომ ადამიანს არ ჰქონდეს შიმშილის შეგრძნება, ბაიპასის დროს კუჭის დაპატარავებასთან ერთად ხდება ნაწლავის დამოკლება და ნაწლავების ანასტომოზირება [მიკერება] ერთმანეთთან.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ბაიპასის ოპერაციას აქვს გარკვეული უპირატესობები სლივ გასტრექტომიასთან მიმართებაში.

  • რა უპირატესობებია ეს?

დაპატარავებულ კუჭში [სლივ გასტრექტომია] გასაგებია, რომ დიდი რაოდენობით საკვებს ვერ მიიღებს ადამიანი, მაგრამ პაციენტებს შეუძლიათ ის მცირე ულუფა მიიღონ ხშირად და დღიურად გამოუვიდეთ დიდი რაოდენობით საკვების მიღება; ბაიპასით შეიძლება პირობითად მიიღოს რამდენჯერმე საკვები, მაგრამ ნაწლავის დამოკლების შედეგად ორგანიზმი ითვისებს მის 70 პროცენტს, მომატების რისკი მცირდება.

სლივ გასტრექტომიის [მხოლოდ კუჭის დაპატარავების ოპერაციის]  შემდეგ პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ შემაწუხებელი გულისრევა-ღებინების შეგრძნება, რაც განპირობებულია დაპატარავებულ კუჭში დიდი წნევის არსებობით, ბაიპასის დროს ეს შეგრძნებები ნაკლებად არის გამოხატული, რადგან კუჭში წნევა არ არის.

განსხვავება კიდევ ის არის, რომ თუ დაპატარავებული კუჭის შემთხვევაში ხშირია ყაბზობა და შეკრულობა, ბაიპასის დროს ეს არ არის გამოხატული.

სლივ გასტრექტომიის შემდეგ არის რისკი, რომ პაციენტების გარკვეულმა ნაწილმა ვერ დაიკლოს სასურველი წონა, ასევე, 100-იდან დაახლოებით 30 პაციენტი, წლების შემდეგ, ისევ იმატებს წონას. 

მნიშვნელოვანია ვახსენოთ ამ ოპერაციის როლი შაქრიანი დიაბეტის გაუმჯობესება ან რემისიაში.

  • რა მექანიზმით მოქმედებს ეს ოპერაცია შაქრიანი დიაბეტის მკურნალობაზე?

ეს ოპერაციები უტარდება პაციენტებს, რომელთაც აქვთ ჭარბი წონა [სხეულის მასის ინდექსი 35 და მეტი], ასევე, თუ პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, მას აუცილებლად ვურჩევთ უშუალოდ ბაიპასის ოპერაციას და რატომ:

დღეს ძალიან პოპულარულია მედიკამენტები, რომლებიც პაციენტს აკლებინებს წონაში და მედიკამენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ დიაბეტის კორექციას. ეს მედიკამენტები არის ინიექციის სახით, სხვადასხვა სახელწოდებისაა და ფართოდ გამოიყენება პაციენტებში, რათა არ ჰქონდეთ შიმშილის შეგრძნება და დაიკლონ წონაში. ეს მედიკამენტები სინთეზირებული არის ნაწლავური ინკრეტინების მექანიზმით, ანუ ხელოვნურად სინთეზირებული ნაწლავური ინკრეტინებია, რაც განაპირობებს წონის კლებასა და დიაბეტის კორექციას. 

ბაიპასი ბუნებრივად ახდენს ამ ყველაფერს, რადგან მას აქვს ნაწლავური ინკრეტინების მაპროდუცირებელი ფუნქცია. წვრილი ნაწლავი არის ჰორმონულად აქტიური ორგანო. მისი ერთ-ერთი ფუნქციაა ჰორმონ ინკრეტინების სინთეზი.

ორგანიზმში საკვების მიღების შედეგად გამომუშავებული ინსულინის 50% არის ნაწლავური ინკრეტინების სინთეზით განპირობებული, შესაბამისად ამ ოპერაციის არსია კუჭის დაპატარავება, ანასტომოზირება წვრილ ნაწლავთან, რათა საკვები მალე მიუახლოვდეს ზონას, სადაც ინკრეტინები სინთეზირდება და შესაბამისად, მარტივად მოხდეს გლუკოზის ათვისება.

ნაწლავური ინკრეტინები მდებარეობს წვრილ ნაწლავში დაბოლოებისკენ, ანუ დისტალურად და ახდენს ინსულინის პროდუქციას. 

ამ ოპერაციის შედეგად ხდება მცირე კუჭის ფორმირება, ნაწლავის გარკვეული მონაკვეთის გამოტოვება იმისთვის, რომ საკვები მალე მიუახლოვდეს ნაწლავის დისტალურ მონაკვეთს, მოხდეს ინკრეტინების სინთეზი, შესაბამისად ინსულინის პროდუქცია და შაქრიანი დიაბეტი გამოსწორდეს.

ადამიანი, რომელსაც კუჭი დაუპატარავდება, შეიძლება დიაბეტისგან ვერ განიკურნოს, მას ისევ დარჩეს ინსულინრეზისტენტობა და ეს პრობლემები. ბაიპასის დროს ეს პრობლემები არ რჩება, იმიტომ, რომ ოპერაციას მნიშვნელოვანი როლი აქვს ნაწლავური ინკრეტინების სინთეზის გაძლიერებაში.

  • თქვენს პრაქტიკაში არის ასეთი შედეგები?

მე ბევრი პაციენტი მყოლია ტიპი 2 დიაბეტით, მათ არ ჰქონდათ ძალიან ჭარბი წონა, მაგრამ ამ ოპერაციის შემდეგ დიაბეტი დარეგულირდა თვენა-ხევარ – ორ თვეში.  ბაიპასისი ოპერაციას შაქრიან დიაბეტთან მიმართებაში აქვს ნაწლავური ინკრეტინების ეფექტი, რითაც შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 მოგვარებადია.

ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლით [2023], მეტაბოლური ბარიატრიული ქირურგიული ოპერაცია რეკომენდებულია ჩაუტარდეს პაციენტებს II ხარისხისა და მორბიდული სიმსუქნით, ასევე მოუწესრიგებელი შაქრიანი დიაბეტით, სიმსუქნესთან ასოცირებული ქრონიკული დაავადებებით. 

პროტოკოლში დასახელებულია რამდენიმე კვლევა, რომელთა შედეგებითაც ასეულობით პაციენტს ბარიატრიული ქირურგიის შემდეგ წონის მნიშვნელოვან კლებასთან ერთად აღენიშნებოდა დიაბეტის გაუმჯობესება ან რემისია.

[toggle title=”კვლევების მონაცემების სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

  • 541 პაციენტს (სმი <35 კგ/მ2) აღენიშნა წონის მნიშვნელოვანი კლება მომდევნო 5 წლის მანძილზე, დიაბეტის გაუმჯობესება ან რემისია, ჰიპერტენზიის და დისლიპიდემიის გაუმჯობესება ან რემისია. 
  • რანდომიზებული კონტროლირებული კვლევა პაციენტების მონაწილეობით, რომელთა სმი <35 კგ/მ2; შედეგი: დიაბეტის მართვის გაუმჯობესება და წონაში კლება
  • 3-მხრიანი რანდომიზებული კონტროლირებული კვლევა რომლის [61] მონაწილეთა 43% ჰქონდა I ხარისხის სიმსუქნე; შედეგი:  II ტიპის დიაბეტის რემისიის კუთხით, ქირურგიიდან 3 წლის შემდეგ, ბარიატრიული ქირურგიის [აქ კუჭის შუნტირება გასტრიკ ბაიპასის] ეფექტურობა მაღალია ცხოვრების წესის მოდიფიცირებასთან შედარებით 

ბერძენი მეცნიერების 2020 წლის კვლევაში წერია, მიუხედავად იმისა, რომ ბარიატრიული ქირურგია დიდი ხანია განიხილება 2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის მკურნალობის ეფექტურ ვარიანტად, მტკიცებულებები მისი სარგებლიანობის შესახებ წონის დაკლებაზე და გართულებების პრევენციაზე ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებში მწირია, საკამათო შედეგებით.

ამავე დროს კვლევაში ვკითხულობთ: ბარიატრიული ქირურგია ასოცირდება ინსულინის ყოველდღიური მოთხოვნილების მნიშვნელოვან შემცირებასთან, სხეულის მასის ინდექსის მნიშვნელოვან შემცირებასთან, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნდა. გარდა ამისა, კვლევები ვარაუდობენ, რომ ბარიატრიული ქირურგია 1 ტიპის დიაბეტის დროს იწვევს სიმსუქნესთან დაკავშირებული თანმხლები დაავადებების გამოსწორებას, მათ შორის ჰიპერტენზიისა და დისლიპიდემიის.

თუმცა, რაც შეეხება გლიკემიურ კონტროლს, საშუალო გლიკოზირებული ჰემოგლობინის შემცირება იყო მოკრძალებული ან სტატისტიკურად უმნიშვნელო კვლევების უმეტესობაში. ამ შედეგების მიზეზები ჯერ კიდევ გასარკვევია;

[/toggle]

  • თუ ადამიანის სხეულის მასის ინდექსი 33-ზე დაბალია, მაგრამ აქვს დიაბეტი ტიპი 2, ოპერაცია შესაძლებელია?

თუ ნორმასთან ახლოს აქვს წონა, მაგრამ აქვს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ბაიპასის ოპერაციას ვერ გააკეთებ. წონა უნდა იყოს მეტი, იმისთვის, რომ ეს ოპერაცია ჩაატარო. საქმე ის არის, რომ პაციენტმა შედეგად წონა უნდა დაიკლოს, როცა ნორმალური წონა აქვს, მისი დაკარგვა არ არის სწორი. ადამიანს, პირობითად, 20-30 კილოგრამით ზედმეტი წონა უნდა ჰქონდეს და შაქრიანი დიაბეტი, რომ ამ ოპერაციის ჩვენება იყოს.

თუ ადამიანს ნორმალური წონა აქვს და არ აქვს თუნდაც პირველი ხარისხის სიმსუქნე და აქვს ტიპი 2 დიაბეტი, მაშინ ვნიშნავთ მედიკამენტებს. ან არის სხვადასხვა ტიპის არაქირურგიული პროცედურა, მცირე ინვაზიური ჩარევა, როდესაც, მაგალითად, ნაწლავის შუნტირება ხდება ენდოსკოპიურად, მაგნიტის საშუალებით. რომელიც არის ჯერჯერობით კვლევის საგანი იმ პაციენტებისთვის, რომლებიც არიან ნორმალური წონის, მაგრამ აქვთ დიაბეტი ტიპი 2.

  • რამდენ ხანში რამდენ კილოგრამს იკლებს ადამიანი ოპერაციის შემდეგ?

წონის კლებას რაც შეეხება, ყველაფერი ინდივიდუალურია, თუმცა ბაიპასის დროს პაციენტი საშუალოდ 10-15 კგ-ს იკლებს თვეში.

კვება პირველ ეტაპზე 2 კვირის განმავლობაში არის დაბლენდერებული, 2 კვირის შემდეგ პაციენტს შეუძლია მიიღოს მყარი საკვები, შესაბამისი რაოდენობით, ცოტ-ცოტა.

  • ოპერაცია და რეაბილიტაცია რამდენ ხანს გრძელდება?

არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ტიპის ოპერაციას გაიკეთებს პაციენტი, ორივეს ერთნაირი რეაბილიტაცია აქვს. ხანგრძლივობა განსხვავებულია – კუჭის დაპატარავების დროს ხანგრძლივობა არის 40-50 წუთი, ბაიპასის დროს – 2 სთ – 2.5 სთ. 

პაციენტი ოპერაციიდან სამ დღეში არის სახლში და გადის რეაბილიტაციას. თუ დიდი წონა აქვს პაციენტს, რეაბილიტაცია არის დაახლოებით ორი კვირა. ცოტა მეტი დრო სჭირდება იმ შემთხვევაში, როცა პაციენტს აქვს რაიმე სისუსტე ან დისკომფორტი, ან შეიძლება საერთოდ არაფერი არ ჰქონდეს და საავადმყოფოდან პირდაპირ სამსახურში გავიდეს. ორივე ოპერაცია კეთდება ლაპარასკოპიულად, გაჭრის გარეშე.

ივლისიდან 50 ლარით იზრდება სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება

2023 წლის 1-ელი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის განკუთვნილი დახმარება 50 ლარით იზრდება და თვეში 200 ლარს შეადგენს.

საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება ამის შესახებ გასულ, 2022 წელს მიიღო.

ამჟამად სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება თვეში 150 ლარს შეადგენს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ფულადი დანამატის მიმღები არის 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 ქულას.

პროგრამის ბიუჯეტი 465 მილიონი ლარია. გაზრდილ დახმარებას დაახლოებით 232 000 ბავშვი მიიღებს.

 

რატომ არ აჯარიმებენ რუსეთის მოქალაქეებს ბათუმში უბილეთოდ მგზავრობისთვის

მოქალაქემ „ბათუმელებს“ მოგვაწოდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ არ აჯარიმებს კონტროლიორი რუსეთის მოქალაქეს, რომელიც უბილეთოდ მგზავრობს ბათუმის მუნიციპალური ავტობუსით.

მოქალაქეებს სხვა დროსაც მოუმართავთ ჩვენთვის და უსაუბრიათ იმავე პრობლემაზე.

„ბათუმელებმა“ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას ჰკითხა, რა პოლიტიკას ატარებენ რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით – თუ აჯარიმებენ მათ უბილეთოდ მგზავრობისთვის?

მუნიციპალური ინსპექცია უარყოფს რუსეთის მოქალაქეების მხრიდან უბილეთოდ მგზავრობის ფაქტს და ამბობს, რომ ისინი ყველა უბილეთო მგზავრს აჯარიმებენ, იმის მიუხედავად, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეა.

„უბილეთო მგზავრობასთან დაკავშირებით ჯარიმდება ყველა მოქალაქე, არ აქვს ეროვნებას მნიშვნელობა.

ასევე, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია აიღოს სამგზავრო ბარათი.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, რუსეთის მოქალაქეებზე 100-ზე მეტი საჯარიმო ქვითარია შედგენილი“, – მოგვწერეს მუნიციპალური ინსპექციის პრესსამსახურიდან.

უწყება დაჯარიმებული მოქალაქეების ზუსტი რაოდენობის დასადგენად ითხოვს, რომ წერილობით მივმართოთ.

ბოლო ერთ წელში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, საქართველოში უპრეცედენტოდ ბევრი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა.

რუსეთის მოქალაქეები ბათუმში იძენენ უძრავ ქონებას და, შესაბამისად, სარგებლობენ ყველა მუნიციპალური სიკეთით.

კურიერი Tik-Tok-ზე ვიდეოსთვის 2 ათასით დააჯარიმეს – ის სატრანსპორტო პოლიტიკას აკრიტიკებდა

ფეისბუქზე გამოხატული მოსაზრებისთვის მოქალაქის დაჯარიმების შემდეგ საქართველოში მოქალაქე Tik-Tok – ვიდეოს გამოც მიიჩნიეს სამართალდამრღვევად. დღეს, 21 ივნისს, საია-მ გამართა ფორუმი, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და მისი გამოყენების პრაქტიკის ტენდენციები შეაჯამეს.

საია-ში მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებით სახიფათოა ახალი ტენდენცია, როცა ონლაინსივრცეში გამოთქმული მოსაზრებისთვის აკავებენ ადამიანებს და აჯარიმებენ.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2023 წლის 10 მარტის დადგენილებით, კურიერი ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად Tik-Tok-ის პლატფორმაზე განთავსებული ვიდეოს შინაარსის გამო. მას სანქციის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

ვიდეო ამ სათაურით იყო – „ვისაც გინების მოსმენა არ გსურთ, არ უყუროთ და არ უსმინოთ“.

ვიდეოს ავტორი გამოხატავს მწვავე პროტესტს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართ. იგი აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ და პრივილეგირებული მდგომარეობით სარგებლობენ.

პროტესტი მიემართება იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, იმოძრაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლში (ე.წ. ბასლაინი), სადაც ნებისმიერი პირისთვის, მისი თანამდებობის მიუხედავად, გადაადგილება აკრძალულია. იგი ასევე მწვავედ აკრიტიკებს და ლანძღავს იმ პოლიციელებს, რომლებიც შერჩევითად აჯარიმებენ მოქალაქეებს, ხოლო სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს დარღვევაზე პასუხს არ სთხოვენ,“ – აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ კვარტალურ მიმოხილვაში.

ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება.

ფორუმზე ისაუბრებს ბათუმის შემთხვევაზეც – მოქალაქე და აგვისტოს ომის მონაწილე ხვიჩა შაქარიშვილიპოლიციელებმა ფეისბუქპოსტის გამო დააკავეს, იგი მოსამართლემ 2500 ლარით დააჯარიმა.

28-30 ივლისს ბათუმში შავი ზღვის ჯაზფესტივალი გაიმართება

28-30 ივლისს ბათუმი რიგით მე-16 ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. ორგანიზატორები აჭარის რეგიონის სტუმრებს როგორც ყოველთვის განსაკუთრებულ საღამოებსპირდებიან. ფესტივალის სამი დაუვიწყარი დღის სტუმრები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან.

წლევანდელ ფესტივალზე სიახლეა, წლების შემდეგ შავი ზღვის საფესტივალო ადგილი შეიცვალა, სტუმრებს ახალშექმნილი, ახალი თაობის, მულტიფუნქციური სივრცესთეიჯ 17“ უმასპინძლებს  (.ბათუმი, რუსთაველის ქ. 34). 

წელს ჯაზფესტივალის სტუმრები არიან:

28 ივლისი    

ბედფორდ ფოლსი 

სოულ თრეინი 

29 ივლისი   

ლეგენდარული მარკუს მილერი  

30 ივლისი  

ბრუკლინ ფანკ ესენშელსი  

ფესტივალის კარი სტუმრებისთვის 19.00 საათზე გაიღება. 

ფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო და ბათუმის მერია

  • ფესტივალის სპონსორები არიან: თიბისი კონცეპტი, ვიზა, მაზდა
  • ფესტივალის პარტნიორები – „სთეიჯ 17“, „ივერია ბიჩი
  • მასპინძლები: რესტორანიპორტო ფრანკოდა კაფეპრივეტ იზ ბატუმა
  • საინფორმაციო მხარდაჭერა: „გაზეთი ბათუმელები“, „იმედი TV“, „რადიო ფორტუნა“, ინტერნეტ ჟურნალი Marketer.ge,  „პალიტრა მედია“, „რადიო უცნობი“, სარეკლამო სააგენტო – „ალმა“

ბილეთები გაიყიდება www.tkt.ge-ზე.  თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი, ხოლო თიბისი ვიზა ბარათის მფლობელებისთვის 10%-იანი ქეშბექი.

ბათუმის ქუჩებში ათეულობით მცენარე მოიპარეს, დააზიანეს ნარგავები – მერია

ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ინფორმაციით, ბათუმის პარკებსა და სკვერებში ინფრასტრუქტურის დაზიანების და მწვანე ნარგავების მოპარვის ფაქტები გამოვლინდა.

„დაფიქსირდა ინფრასტრუქტურის, საყვავილე კლუმბების, ხე-მცენარეების დაზიანებისა და მწვანე ნარგავების მოპარვის ფაქტები.

აეროპორტის გზატკეცილზე კი ავტომანქანით ერთწლოვანი ნარგავები დააზიანეს. ათეულობით მცენარე მოიპარეს რუსთაველის ქუჩაზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა“ – აცხადებს „მწვანე ბათუმი“.

გამწვანების სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, რომ გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდნენ გარემოს და ქალაქს.

_____________

ფოტო: „მწვანე ბათუმი“/facebook

რატომ ეშინიათ მოსწავლეებს მათემატიკის – ინტერვიუ პედაგოგთან

ავტორი: ნინი თურაძე 
____________________

მალე ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტებს ყველაზე მეტად მათემატიკის გამოცდის ეშინიათ. მათემატიკის პედაგოგ, სულხან სოლომონიძეს ვესაუბრეთ თემაზე – რა უქმნის ბავშვებს, განსაკუთრებით კი აბიტურიენტებს, ბარიერს მათემატიკის სწავლის პროცესში. მას ასევე ვკითხეთ, რა ცვლილებებია საჭირო სკოლაში, რომ ბავშვებისთვის მათემატიკის გაკვეთილი უფრო საინტერესო, სწავლების პროცესი კი უფრო აქტიური გახდეს.

  • ბატონო სულხან, დადგენილი ფაქტია, რომ ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მეტი აბიტურიენტი იჭრება მათემატიკაში. რატომ ხდება ასე?

ჩემი დაკვირვებით, დღევანდელ რეალობაში, იმის მიუხედავად, რომ უფრო მეტი რესურსია იმისთვის, რომ ბავშვებმა მიიღონ ხარისხიანი და შედეგზე ორიენტირებული განათლება, აშკარად შესამჩნევია, რომ ბოლო წლებში ბავშვებს აქვთ არასათანადო დამოკიდებულება: მოსწავლეები, აბიტურიენტები [ყველას, რა თქმა უნდა, ერთ ასპექტში არ განვიხილავ], სამწუხაროდ,  ძირითადად იმაზე არიან ორიენტირებულნი, რომ გადალახონ ისედაც მინიმალური ბარიერი, რომელიც გვაქვს ეროვნულ გამოცდებზე და მოირგონ სტუდენტის სტატუსი.

წელს მათემატიკაში 51 ქულიდან ბარიერი 20%-ია, ანუ 10.2 ქულა და არის 37 ერთქულიანი ამოცანა ოთხი სავარაუდო პასუხით. ეს გარემოება აფიქრებინებს ბავშვებს, რომ „გარტყმით“ შემოხაზვის შემთხვევაშიც შეძლებენ უნივერსიტეტში მოხვედრას. შესაბამისად, სიღრმისეულ სწავლას დიდი ყურადღება აღარ ეთმობა და ასეთი დამოკიდებულების გამო ჩაჭრილთა რაოდენობაც იზრდება.

  • რას ფიქრობთ ეროვნულ გამოცდებზე – ეს ფორმატი რამდენად სწორად აფასებს ბავშვების ცოდნას?

ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ერთქულიან ამოცანათა რაოდენობა დაიკლებს ან საერთოდ ამოიღებენ და ბარიერსაც გაზრდიან დაახლოებით 60%-მდე. მათემატიკა არის კვლევასა და სიზუსტეზე დაფუძნებული მეცნიერება, სადაც არ უნდა ირჩევდნენ პასუხებს შემთხვევითობის პრინციპით. შემთხვევითობის პრინციპით აღებული ქულები შემდგომში იწვევს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა საქმისადმი არასათანადო დამოკიდებულება და არაპროფესიონალიზმი.

კარგი იქნება, თუ 51 ამოცანის მაგივრად იქნება დაახლოებით 10 ამოცანა, რომლებსაც არ ეხლება სავარაუდო პასუხები და თითოეული ამოცანა გააერთიანებს მათემატიკის 4-5 ქვედარგს მაინც (სტერეომეტრია, ტრიგონომეტრია, გეომეტრია და ასე შემდეგ).

ამ ამოცანების ამოხსნის პროცესში, სანამ ბავშვი საბოლოო შედეგამდე მივა, გამოჩნდება მისი მათემატიკური კომპეტენცია. მაგალითად, როგორ ასრულებს მათემატიკურ გარდაქმნებს, როგორ აგებს ნახაზს, რა ტიპის განტოლებებს ადგენს. ეს იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ბავშვის ცოდნა შეფასდეს სწორად. იმ ტიპის გამოცდით, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, ვერ ხერხდება სწორი შეფასება.

  • მათემატიკა არის ის საგანი, რომლის სწავლაც ყველას არ შეუძლია? – ეს მოსაზრება სტერეოტიპია, თუ ყველაფერი მიდგომაზეა დამოკიდებული?

რა თქმა უნდა, შესაძლებელია რაღაცების შესწავლა, რაღაც მექანიზმების შემუშავება, მაგრამ ამ ყველაფერს ხელს უნდა უწყობდეს ისიც, რომ ბუნებრივადაც დაგყვეს ნიჭი. თუმცა იმის თქმაც არ შეიძლება, რომ თუ მათემატიკური ნიჭიერება არ აქვს ვინმეს, ვერ განვითარდება და მისთვის მათემატიკური სარბიელი ჩაკეტილია. ასე არ არის.

მათემატიკის შესწავლა შესაძლებელია, მაგრამ ყოველთვის უფრო კარგია, როცა გსიამოვნებს ამოცანების ამოხსნის პროცესი და აღიქვამ ამ ყველაფერს, რაშიც ნიჭი დიდ როლს თამაშობს. მთავარია შემართება, მონდომება და დანარჩენი მუშაობის პროცესში მოვა.

  • თქვენი დაკვირვებით, რატომ ეშინიათ ბავშვებს ამ საგნის, რა განაპირობებს ამას?

ბავშვობიდან ვფიქრობ, რომ მათემატიკა ძალიან მარტივი და ამავე დროს ძალიან რთული მეცნიერებაა. მაგალითად, თუ ავიღებთ ისტორიიდან რომელიმე ორ მოვლენას, თუნდაც შამქორისა და ბასიანის ბრძოლებს, შეგვიძლია ორივე ბრძოლა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვისწავლოთ. პირველი მეორეს ცოდნის გარეშე და პირიქით.

დავუშვათ, ბავშვმა მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი ისწავლა, ეს ფაქტი მას ხელს არ შეუშლის, რომ ერთი კვირის შემდეგ რაიმე ახალი და სრულიად უცხო თემა ისწავლოს ისტორიაში.

ისტორიისგან განსხვავებით მათემატიკაში ასე არ ხდება. მათემატიკა ჯაჭვისებური პრინციპით უნდა ისწავლებოდეს. თუ, დავუშვათ, პირველი საფეხურიდან მე-6 საფეხურზე გვინდა ასვლა, მაგრამ მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 საფეხურები ჩამტვრეულია, ძალიან გაგვიჭირდება.

თუ პირველი სართულიდან მეექვსეზე გვინდა ასვლა, ერთბაშად ამის გაკეთებას ვერ შევძლებთ. ამისათვის, უნდა მოიტანო ლურსმანი, ჩაქუჩი, ხის მასალა, დაამუშაო და გამოჭედო ახალი საფეხური. მათემატიკაც ასეა.

თუ ბავშვმა რომელიმე საკითხი თავის დროზე გამოტოვა, ვთქვათ, ზოგი მე-6 კლასში, ზოგი მე-7 და ზოგიც მომდევნო კლასებში, სკოლის დასრულებისას დადგება იმ რეალობის წინაშე, რომ მის კიბეს ბევრი საფეხური აკლია. როცა მოსწავლე ამ ყველაფრის წინაშე დგება, მიიჩნევს, რომ ამ საკითხებს ვეღარ აითვისებს. ისედაც ბევრი გამოწვევის წინაშეა და აღარ იწუხებს თავს ზედმეტი შრომით.

ზუსტად ეს ფაქტი განაპირობებს იმ შიშს, რომელიც ახსენეთ.

  • რითაა ის ჩავარდნები გამოწვეული, რომლებიც თქვენ ახსენეთ? ხომ არ არის ამ შემთხვევაში მასწავლებლების ან სახელმძღვანელოების პრობლემა?

ვერ ვიტყვი, რომ ეს კონკრეტულად მასწავლებლების ბრალია. ვფიქრობ, აქ მეტწილად ბავშვის ასაკია მთავარი პრობლემა, თუნდაც გარდატეხის ასაკი, თინეიჯერობა. ბავშვებს აქვთ მომენტები, როცა სხვადასხვა მიზეზის გამო სწავლის დროს ეწყებათ ჩავარდნები.

არ აქვს მნიშვნელობა, ეს ჩავარდნები სამდღიანია თუ თვეები გრძელდება – როგორც ზემოთ ვახსენე, მათემატიკა იმდენად ჯაჭვურია, რომ ეს პატარ-პატარა ხარვეზები საბოლოოდ დიდი პრობლემების წინაშე აყენებს ბავშვს. აუცილებელია ამ ჩავარდნებს მოსწავლე დროზე მიუბრუნდეს და აღმოფხვრას.

  • რა არის მასწავლებლების როლი ბავშვების მათემატიკით დაინტერესების პროცესში?

მასწავლებლის როლი მის პროფესიულ კომპეტენციასთან ერთად არის ისიც, თუ როგორ შეუძლია ბავშვის დაინტერესება და მოტივაციის გაჩენა. რეალურად, მათემატიკის მასწავლებლის როლი განუსაზღვრელია. ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვებთან სწორი სახის ურთიერთობის დამყარებაა. აუცილებელია მასწავლებელი მასწავლებლობასთან ერთად ბავშვის მეგობარიც იყოს.

როგორ უნდა შეაყვაროს მასწავლებელმა ბავშვს მათემატიკა? – პირველ რიგში აუცილებელია, რომ ის გაერკვეს ბავშვის საკითხისადმი დამოკიდებულებაში და მის შესაძლებლობებში. მასწავლებლის სწორ მხარდაჭერას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.

  • თქვენი აზრით, შეიძლება მათემატიკის დამოუკიდებლად შესწავლა?

დღევანდელობა იმით არის გამორჩეულად კარგი, რომ ბავშვებს აქვთ წვდომა უამრავ ხარისხიან ინფორმაციაზე, მათ შორის მათემატიკის განხრითაც. ბევრი ვიდეოგაკვეთილი იტვირთება ინტერნეტში და არის ბევრი უფასო ონლაინგვერდი, სადაც შეიძლება ინფორმაციის მიღება.

ვერ ვიტყვი, რომ დამოუკიდებელი სწავლით ვერ მიაღწევ შედეგს, პირიქით. დამოუკიდებლად სწავლისას ბევრი საინტერესო ფაქტის აღმოჩენა შეიძლება. მე მივესალმები ასეთ მიდგომას, მაგრამ მათემატიკაში არის თემები, რომლებიც უმჯობესია უშუალოდ სხვა, მეტად გამოცდილი ადამიანების დახმარებით ისწავლო. ეს აუცილებელია, რადგან ეს ადამიანები ეხმარებიან ბავშვებს, სხვა რაკურსით შეხედონ ამა თუ იმ თემას. მათემატიკის სწორხაზოვნად სწავლა არ შეიძლება.

  • არის თუ არა მათემატიკაში რაიმე ისეთი საკითხი, რომელიც ბავშვების უმეტესობას უჭირს. თუ კი, რა არის ეს საკითხი/საკითხები?

 ჩემი დაკვირვებით, ბავშვებს ძირითადად უჭირთ ისეთი თემები, როგორიცაა პარამეტრმომცველი, მოდულმომცველი განტოლებები. ალბათ იმიტომ, რომ მათი ამოხსნის ბევრნაირი გზა არსებობს და არა რომელიმე ერთი დოგმატური. გამოცდებზეც ქულები ძირითადად ამ საკითხებზე იკარგება. ამის გამოსწორება ისევ და ისევ მეტი მუშაობით შეიძლება.

  • ხშირად მსმენია ბავშვებისგან, რომ მათემატიკაში ბევრი ისეთი საკითხია, რაც ცხოვრებაში არ გამოადგებათ და სვამენ კითხვას, რატომ უნდა ისწავლონ ეს საგანი, რა ბენეფიტები ახლავს მის სწავლას. თქვენ როგორ უპასუხებდით ამ კითხვას, რატომ უნდა ისწავლონ ბავშვებმა მათემატიკა?

პროფესიულ ასპარეზზე თითქმის ყოველთვისაა საჭირო მათემატიკის ცოდნა, მათ შორისაა: მედიცინა, არქიტექტურა და ასე შემდეგ. ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან: ავიღოთ ნებისმიერი კორპუსი, ის თავის თავში მოიცავს სტერეომეტრიას (სამი განზომილებაა), პლუს ტრიგონომეტრიას და ბევრ სხვა ასპექტს.

მათემატიკა ხელს გვიწყობს, ჩამოვყალიბდეთ კარგ პროფესიონალებად.

ყოველდღიურ ცხოვრებაში მათემატიკა ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას, დაკვირვების უნარის, პრობლემების გადაჭრის უნარისა და ბარიერების გადალახვის უნარის გაუმჯობესებას.

რაც მთავარია, ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გამკლავებაში გვეხმარება.

  • თქვენი აზრით, სახელმწიფომ რა პოლიტიკა უნდა გაატაროს, რომ მათემატიკისადმი ინტერესი გაიზარდოს ახალგაზრდებში?

ბოლო წლებში ამ მხრივ სიტუაცია შედარებით გაუმჯობესდა. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა დაიწყოს რეგიონებში და მაღალმთიან სოფლებში. ეს ცვლილებები, პირველ რიგში, დაკავშირებულია ფინანსურ მხარესთან.

კარგი იქნება, თუ მოხერხდება უფასო ტრენინგების ჩატარება რეგიონებში და ასევე უფასო რესურსების მიწოდება მაღალმთიან დასახლებებში, სადაც დიდია სურვილი, მაგრამ უამრავი პრობლემაა, მათ შორის გადაადგილების, ინტერნეტის და ასე შემდეგ.

________________

მასალა მომზადებულია „ბათუმელებისა“ და „ბათუმის ამერიკული კუთხის“ ერთობლივი პროექტის – „მედიასკოლის“ ფარგლებში. 

ხელვაჩაურის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

ხელვაჩაურის მერის მოადგილემ, კახა ფუტკარაძემ, თანამდებობა დატოვა. თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია მან ფეისბუქის პირად გვერდზე გაავრცელა. მერის მოადგილის გადადგომის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრშიც.

„ბოლო დროს ჩემ წინააღმდეგ აგორებული დაუსაბუთებელი ბრალდება მიუღებელია, რის გამოც მივიღე გადაწყვეტილება, თანამდებობის დატოვების შესახებ,“ – წერს კახა ფუტკარაძე.

კახა ფუტკარაძე მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში სავარაუდოდ ხელვაჩაურში ნახევარი მილიონის მითვისების საქმეს უნდა გულისხმობდეს. ამ სქემაში ფუტკარაძის შვილის ჩართულობის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 20 ივნისს, სასამართლო პროცესზე გახდა საჯარო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე დაიკითხა ბუღალტერი, რომელმაც თქვა, რომ „ხელვაჩაურის წყალკანალში“ ფიქტიურად იყო „დასაქმებული“ ხელვაჩაურის მერის მოადგილის, კახაბერ ფუტკარაძის შვილი, თორნიკე ფუტკარაძეც და მას ხელფასის სახით 1040 ლარი ერიცხებოდა.

„ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი 2022 წელს დააკავეს.

პროკურატურის ვერსიით, „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი, ვლადიმერ მიქელაძე, 2019-2021 წლებში მისი ნდობით აღჭურვილ პირებთან ყოველთვიურად აფორმებდა ფიქციურ შრომით ხელშეკრულებებს, რომელთა მიხედვითაც თითქოსდა აღნიშნული პირები ახორციელებდნენ წყალსადენების სათავე ნაგებობების მოვლა-გაწმენდით სამუშაოებს…“

ნახევარი მილიონის მითვისების საქმეზე განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინ, 20 ივნისს, დაიწყო.

სქრინი კახა ფუტკარაძის ფეისბუქგვერდიდან

ამავე თემაზე:

„დირექტორთან კაბინეტში შემქონდა ფული“ – მოწმე ხელვაჩაურში 520 ათასი ლარის მითვისებაზე

ლევან ბერძენიშვილზე ძალადობა განვიხილეთ და ვთქვით, რომ ეს ბოროტებაა – პედაგოგი

„როცა ადამიანი თავისუფლებას მტრის ხატად მიიჩნევს, ეს ნიშნავს, რომ ის თავისუფალ აზრს, მოსაზრებებს ბლოკავს. ამ შემთხვევაში ასეთი მასწავლებელი კარგი ღირებულებების, თავისუფალ მოქალაქეს ვერ გაზრდის. ის, რაც ჩვენ გვჭირდება“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ინა იმედაშვილი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრი.

ის დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია თბილისის UG სკოლაში.

  • ქალბატონო ინა, შეგიძლიათ გვითხრათ, რის გამო შეგარჩიეს საუკეთესო ათეულში?

ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს, თუმცა ძალიან ემოციური და სასიხარულო.

ჩემი მასწავლებლობა დაიწყო მას შემდეგ, როცა ჩემი შვილი პირველ კლასში შევიყვანე. ეს იყო ალბათ ათი წლის წინ და მაშინ ვთქვი, მოდი, მეც მივყვები-მეთქი.

თუმცაღა მანამდე, მთელი ჩემი ბავშვობა ვოცნებობდი მასწავლებლობაზე. 24 საათი მასწავლებლობანას ვთამაშობდი. მაგრამ ისეთი პერიოდი იყო, რომ არაპრესტიჟულად ითვლებოდა მასწავლებლობა, ამიტომ ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე.

ჟურნალისტობა არ გამომივიდა და საბოლოოდ მაინც სკოლაში მივედი.

  • თქვენი აზრით, ვინ არის კარგი მასწავლებელი?

პირველ რიგში, მასწავლებელს ბავშვები უნდა უყვარდეს, ეს არის უპირობო, რადგან რაც არ უნდა გამოცდილი იყო, რაც არ უნდა კარგი სტრატეგიები გქონდეს, თუ ბავშვები არ გიყვარს, კარგი მასწავლებელი არ ხარ. სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია.

მეორე – მასწავლებელმა აუცილებლად უნდა შეძლოს ემოციის კონტროლი და პირად წყენად არ უნდა მიიჩნიოს, დავუშვათ, მოსწავლის მხრიდან გარკვეული პროტესტები და ამბოხი, რაც ძალიან ხშირია სკოლაში.

ძალიან ხშირად მასწავლებლის ემოცია ითქვიფება ხოლმე ბავშვის ემოციაში და ეს არ იძლევა კარგ შედეგს, ხშირად კონფლიქტის საფუძველი ხდება.

ასევე, მასწავლებელი მაძიებელი უნდა იყოს, იმიტომ, რომ ერთ ადგილზე გაჩერება სასწავლო პროცესს კლავს.

სამყარო ყოველდღიურად, ყოველწამიერად ვითარდება და თუ გვინდა, რომ ჩვენი გაკვეთილები მოსწონდეთ ბავშვებს, კარგად გამოგვივიდეს სწავლების პროცესი, მასწავლებლებმაც უნდა ავუწყოთ ამ განვითარებას ფეხი, შეძლებისდაგვარად.

უამრავი საშუალება და რესურსია დღეს ონლაინსივრცეში, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვისთვის.

ასევე, ვფიქრობ, რომ მაინცადამაინც არ არის აუცილებელი დაწერილ პროგრამას მიყვებოდეს მასწავლებელი, შეუძლია გაკვეთილის კლასის თუ მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგება.

ხშირად უთქვამთ ხოლმე, „ბავშვი არ სწავლობს“, „არაფერი აინტერესებთ“, „არ უნდა და რა გავაკეთო?“, ეს სრული აბსურდია, რადგან ყველა ბავშვს აქვს რაღაც ერთი ინტერესი მაინც, რომელსაც შეგვიძლია  ჩავეჭიდოთ და ამით ვაქციოთ მისთვის სასწავლო პროცესი დღესასწაულად.

  • ბევრი თქვენი კოლეგა ალბათ გეტყვით, რომ ეს  ადვილია კერძო სკოლაში, როცა კლასში არ ზის 30 ბავშვი, თუ არ გიწევს სტრესულ გარემოში მუშაობა…

მოდი, დავიწყოთ იქიდან, რომ ბავშვების სიყვარულს არ სჭირდება არც საჯარო სკოლა და არც კერძო სკოლა. სადაც სიყვარულია, იქ გამოსავალი ყოველთვის არსებობს.

რაც შეეხება პრობლემებს, საჯაროს თავისი სპეციფიკური პრობლემები აქვს და კერძოს – თავისი. ორივე შემთხვევაში, თუ პრობლემებს დავატოლებთ, მსგავსია ეს პრობლემები. არც კერძო სკოლაშია მასწავლებლის გზა ია-ვარდებით მოფენილი.

„მასწავლებელი დასტრესილია“ და „კურიკულუმებს გვთხოვენ“, ესეც გასაგებია, მესმის, რომ შეიძლება ზედმეტადაც იყოს მასწავლებელი ამ ქაღალდებით დაკავებული, თუმცაღა, თუ ეს პროცესი გააზრებულია და ნამდვილად მიმართულია იმისკენ, რომ მოსწავლის აკადემიური მოსწრება ან ემოციური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მაშინ ღირს. რატომაც არა.

თუ ბავშვი მიყვარს, მინდა, რომ კარგად ვასწავლო, მინდა, რომ მისი ემოციური მზაობა აქტიური გავხადო, მოტივაცია გავუზარდო.

ფერადი ცარცითაც შეიძლება შექმნა საინტერესო ამბავი. დახატო, გააფორმო, რაღაც ახალი სცადო, ბევრ რამეზეა დამოკიდებული მრავალფეროვნება.

მესმის, რომ  კლასში ბევრი მოსწავლეა, ეს პრობლემაა, მაგრამ აქაც არ შეიძლება ხელის ჩაქნევა, რომ მაინც არაფერი გამომივა და მოდი, არ ვცდი.

მოდი, სცადე და თუ არ გამოგივა, დაანებებ თავს, ახალ მეთოდს სცდი. ასე ხდები მასწავლებელი, სულ რაღაცების კეთებით და ძიებით. მეც ბევრჯერ არ გამომსვლია რაღაც, ბევრჯერ ჩამომიყრია ყურები, ძალიან ბევრჯერ მიტირია კიდეც, თუმცა ეს იყო გარდამტეხი მომენტი ჩემი პროფესიული განვითარების გზაზე და ამ ყველაფერმა მაქცია ბევრად უკეთესად.

როცა ჩემი, ორი წლის ბიჭუნა გაფრინდა, ამ ყველაფერმა თითქოს უფრო გამაძლიერა ემოციურად. ბავშვები იყვნენ ისინი, ვინც ამ სამყაროში დამაბრუნა და როგორ არ მიყვარდეს ეს პროფესია?

როცა მასწავლებელს ემოციური სიმყარე აქვს, დარწმუნებულია საკუთარ თავში, ბევრ რამეს სხვანაირად აფასებს. შეცდომებიც მოსულა, რადგან ამ შეცდომებისგან ვსწავლობთ.

შეცდომა არ არის ტრაგედია, ამით ვიზრდებით, ვყალიბდებით, ამით ვხვდებით კარგი მასწავლებლები.

მასწავლებელი არ უნდა იყოს დათრგუნული, შეშინებული. თუ ბავშვებს ვეუბნებით, რომ  აღმოჩენებით სწავლებაა მნიშვნელოვანი, მასწავლებელიც იგივეა ხომ, აღმოჩენებით ხდება კარგი.

  • დღეს ყველა სფეროს თავისი გამოწვევები აქვს, მათ შორის მასწავლებლებსაც. თქვენ, როგორც პედაგოგი, როგორ უყურებთ იმ პროცესებს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება.

დაწყებითი საფეხური უმნიშვნელოვანესია ბავშვის ცხოვრებაში, სწორედ ამ დროს ყალიბდება მისწრაფებები, უნარ-ჩვევები, ღირებულებები. ამიტომ მასწავლებელი ძალიან ფრთხილად უნდა იყო, ძალიან ხშირად ბეწვის ხიდზე უწევს მასწავლებელს გავლა, რომ ბავშვებს არ მოვახვიოთ რაღაც შეხედულება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა შექმნას საკლასო ოთახში ისეთი გარემო, სადაც ბავშვებს შეეძლებათ უმტკივნეულოდ, შიშის და ემოციის გარეშე საკუთარი აზრის დაფიქსირება, თუნდაც მიუღებლის.

ეს თუ მოახერხა მასწავლებელმა, ჩათვალეთ, რომ ის ქვეყანას ძალიან მაგარ მოქალაქეს მისცემს.

იმიტომ, რომ მოსაზრებები უამრავია, პრობლემებიც და ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ ხომ, ამიტომ მიმაჩნია, რომ მასწავლებელი ამ შემთხვევაში მედიუმის როლში უნდა იყოს და მისმა მიმართულებამ, წაკითხულმა ტექსტებმა, მსჯელობამ ბავშვი თვითონ მიიყვანოს სწორ აზრამდე.

  • შეგიძლიათ გაიხსენოთ კონკრეტული მაგალითი ამის საილუსტრაციოდ?

არაფორმალური განათლების ფარგლებში შეხება მაქვს მოზარდებთანაც. ხშირად მოზარდები ძალიან კატეგორიულები არიან, ხისტებიც და თუ ამას დაუშლი, ამ სიხისტეს დაბლოკავ, არ მისცემ საშუალებას, რომ გამოხატოს ემოციები, ეს უკვე გაბრაზებაში გადასდის.

მაგალითად, მქონდა შემთხვევა, როცა რამდენიმე ბავშვს შევამჩნიე, რომ ჰიტლერი მოსწონდა. არ დამიწყია მათთვის წინასწარ რაიმეს ახსნა, წავიყვანე ოკუპაციის მუზეუმში და დავათვალიერებინე, მაშინ ავუხსენი, რა ბოროტება ჩაიდინა მან კაცობრიობის წინაშე და საბოლოოდ, თავად შეიცვალეს მასზე წარმოდგენა.

მივხდი, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია და ეს იყო ამ ყველაფრის მიზეზი.

დაწყებით კლასებში ასეთ რთულ თემებზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ ბავშვებსაც აქვთ ბევრი კითხვა და საკმაოდ პოლიტიკურიც.

  • რა კითხვები აქვთ?

ძალიან ფილტრავენ ყველაფერს და ძალიან მკაცრებიც არიან. აი, მაგალითად, ერთ სიტყვას არ გაპატიებენ „ეს ჰომოფობიურია“ , „ეს რასისტული“ გეტყვიან და ალბათ ეს სწორია.

  • ჩვენ ვხედავთ, რომ მმართველი პარტიის რიტორიკა ძალადობრივია. დღესაც კი, მაგალითად, ირაკლი კობახიძემ ქუჩაში ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შეფასებისას თქვა, რომ თავდასხმა ძალადობაა და თან დააყოლა „მაგრამ…“, თქვენი მიდგომა როგორია, ძალადობის შემდეგ „მაგრამ“ გამოიყენება?

არა, რა თქმა უნდა, ძალადობის შემდეგ „მაგრამ“ არ იწერება. ძალადობა ძალადობაა და ეს ცალსახად დასაგმობია.

თუმცა მე რასაც ვაკვირდები, მოზარდები არ უყურებენ ხოლმე ქართულ არხებს, ფეისბუქში არ არიან, ძირითადად უცხოური არხები აქვთ გამოწერილი და უფრო მეტად გლობალური თემებით არიან დაინტერესებულნი. თუმცა არაფორმალური განათლების დროს, ჩვენ ვსაუბრობთ ძალადობაზე, ფემიციდზე და, მაგალითად, ლევან ბერძენიშვილის ამბავიც განვიხილეთ და პირდაპირ ვთქვით, რომ ეს ბოროტებაა.

  • მმართველი პარტია ცდილობს, რომ საგანმანათლებლო სივრცეები მოწყვიტოს პოლიტიკურ პროცესებს. მათ სურთ უნივერსიტეტები, სკოლები დაცალონ პოლიტიკისგან. თქვენ, როგორც მასწავლებელი, რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?

ვფიქრობ, რომ ადამიანი კარგი მოქალაქე უნდა იყოს. კარგი მოქალაქეობა კი ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ჯერ განათლება მიიღოს, თავის სფეროში ქვეყანას წაადგეს და მეორე, არ დახუჭოს თვალი ისეთ ცვლილებებზე, ისეთ სიტუაციაზე, რომლითაც ქვეყანა დაზარალდება.

კარგი მოქალაქეობა საკუთარი მოსაზრების, პოლიტიკური არჩევანის პატივისცემასაც ნიშნავს, გამორიცხავს პოლიტიკური ნიშნით დევნას, რელიგიური ნიშნით, კანის ფერის თუ სქესის და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ადამიანების დევნას გამორიცხავს, ცხადია.

კარგი მოქალაქეობა, სწორედაც რომ უმცირესობის დაცვაა. შესაბამისად, ახალგაზრდები კარგი მოქალაქეები უნდა იყვნენ. ვფიქრობ, ისეთი მაგარი თაობა მოდის, ისეთი თავისუფალი, ისეთი გაბედული და ჰუმანური… თუმცა რუსეთი არ უყვართ და ამას გამოხატავენ კიდეც მძაფრად.

  • იციან რატომ არ უყვართ ამ ქვეყანაში რუსეთი, გააზრებული აქვთ ეს?

დიახ, რა თქმა უნდა, ისტორიას სწავლობენ და იციან წარსული. ჩემი შვილის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან კარგად იაზრებენ ოკუპაციასაც, რუსეთის აგრესიასაც და ძალიან კარგი კომიქსიც შექმნა ჩემმა შვილმა ამ თემაზე.

  • სოციალურ ქსელებში მასწავლებლების კომენტარებს თვალს ვადევნებთ ხოლმე და ჯერ კიდევ ვხვდებით ისეთ პედაგოგებს, რომლებიც სიტყვა „ლიბერალს“ უარყოფით კონტექსტში ახსენებენ. თქვენ რას ფიქრობთ ასეთ მასწავლებლებზე, რამდენად აზარალებენ ისინი სასწავლო გარემოს?

ვფიქრობ, იმ ადამიანებს, ვინც „ლიბერალს“ სალანძღავ სიტყვად იყენებს, რაც არ უნდა აუხსნა, მაინც არაფერი შეიცვლება მათში. მეც მქონია მცდელობა, დამიდია ილიას წერილები, მაგრამ რაც არ უნდა აუხსნა, მაინც მყარი კედელი აქვთ აღმართული და არ აქვთ მიმღებლობა.

მიმღებლობა რომ ჰქონდეთ, არც „ლიბერალს“ გამოიყენებდნენ სალანძღავ სიტყვად. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები ასწავლიან კიდეც.

  • როგორ ფიქრობთ, ვინ ააშენა ეს კედლები და რატომ ააშენეს?

საკმაოდ რთული და მრავალმხრივი თემაა, ბევრი მიზეზი აქვს, პირველ რიგში, ალბათ გაუნათლებლობა, მეორე – გავლენები.

შეიძლება ძალიან ხისტად გამომივიდეს, მაგრამ ვფიქრობ, ასეთი ადამიანები ბავშვებს არ უნდა ასწავლიდნენ.

როცა ადამიანი თავისუფლებას მტრის ხატად მიიჩნევს, ეს ნიშნავს, რომ ის თავისუფალ აზრს, მოსაზრებებს ბლოკავს. ამ შემთხვევაში ასეთი მასწავლებელი კარგი ღირებულებების, თავისუფალ მოქალაქეს ვერ გაზრდის. ის, რაც ჩვენ გვჭირდება. ვერ ასწავლის ტოლერანტობას და განსხვავებულის მიმღებლობას.

  • ამ დღეებში ჩვენ ვნახეთ, როგორ დაესხნენ ბავშვებს ბანაკში ძალადობრივი ჯგუფები და ქვები დაუშინეს, უნივერსიტეტში სცემეს სტუდენტებს, მანამდე ვნახეთ როგორ გამოყარეს მუზეუმებიდან პროფესიონალები, ახლა კიდევ საფრთხე შეუქმნეს კინოცენტრს. როგორ ფიქრობთ, ასეთ ძალადობრივ გარემოში რა როლი აქვს მასწავლებლის ხმას?

უზარმაზარი, რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ ყველაფრის საფუძველი არის განათლება და მასწავლებლის პოზიციასაც დიდი როლი აქვს, რადგან ეს სიტუაცია ძალიან კარგად შეუძლია გამოიყენოს მასწავლებელმა იმის საჩვენებლად, თუ როგორი არ უნდა იყოს თანამედროვე, მოაზროვნე ადამიანი, მაგალითად.

ჩაქოლვა ადამიანის, ქვის სროლა, ეს აქტი ძალიან ცუდი ფორმაა ადამიანზე ძალადობის და ცივილიზაციამ ის მოიტანა, რომ აღარ ვქოლავთ ადამიანებს ქვებით, კანონები გვაქვს, ამიტომ ძველი, წინა საუკუნეების დაბრუნება, არ არის კარგი, საშინელებაა, უკუსვლაა.

რუსეთმა ომში სულ 222 ათასი სამხედრო დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 21 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 222 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +540]
  • ტანკი – 4 006 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 7 771 ერთეული [+21]
  • საარტილერიო სისტემა – 3 920 ერთეული [+32]
  • MLRS – 615 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 375 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 314 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 306 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 428 ერთეული [+35]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 214 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 667 ერთეული [+22]
  • სპეცტექნიკა – 539 ერთეული [+8]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 21 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 444 თვითმფრინავი
  • 240 ვერტმფრენი
  • 4 725 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 10 256 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 127 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 187 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 11 098 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

ნაღმის ნამსხვრევი გულთან მომხვდა: ბუდანოვმა მძიმედ დაჭრაზე პირველად ისაუბრა

„არქის“ 30-სართულიანი კორპუსი და პრობლემები სამეზობლო მიჯნაზე

ბათუმში, დავით მამულაძის ქუჩის #4-ში მდებარე 17-სართულიან კორპუსში მცხოვრებლები ჩივიან, რომ მათი კორპუსის წინ მიმდინარე მშენებლობების გამო პრობლემები შეექმნათ. ჩავარდა მათი ეზოს ნაწილი და დაიბზარა კორპუსის კედლები.

 დავით მამულაძის პირველი შესახვევი, # 4 – ყოფილი ინასარიძის პირველი ჩიხი

 

ბზარი შესასვლელ კიბის საფეხურსა და ფასადის კედელს შორის

აქ ამბობენ, რომ გუშინ, 19 ივნისის ღამეს, პარკინგის დაზიანების გამო ადგილზე გაჩერებული ავტომანქანა ნაწილობრივ ჩავარდა და საჭირო გახდა სპეციალური ტექნიკის გამოძახება, რომ მანქანა ამოეყვანათ. ადგილზე გამოიძახეს სამაშველო ჯგუფი.

დაზიანებული ეზო – აქ მცხოვრებლების თქმით დაზიანებულ ადგილზე დილით ქვიშა დაყარეს და შეავსეს

„ღამით გაგვაფრთხილეს აქ არ გააჩეროთ მანქანებიო. მას შემდეგ, რაც ეს მშენებლობა დაიწყო, ჩვენი კორპუსი დაიბზარა, შიდა ბზარებიც არის. ეზო დახეთქილია და თავს უსაფრთხოდ არ ვგრძნობთ, გვეშინია… მეათე სართულზე მცხოვრები ერთ-ერთი მეზობლის თქმით, მისი კედელი იმდენად დაწეულია, რომ კარის გაღება და დაკეტვა პრობლემაა. ზოგან კედლებიდან წყალი ჩამოდის. მუნიციპალურმა ინსპექციამ შეამოწმა ერთხელ და გვიპასუხეს, რომ აქვთ უფლება განახორციელონ სამუშაოები“, – ამბობს სალომე კვიჭიძე.

სალომეს თქმით, ინფორმაცია მუნიციპალური ინსპექციიდან ზეპირად მიიღეს და ექსპერტიზის დასკვნა არ უნახავთ, რომლითაც დასტურდება, რომ საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს სამშენებლო სამუშაოები მათ საცხოვრებელს მდგრადობის პრობლემას არ უქმნის.

„მშენებლობა გამოწეულია რამდენიმე მეტრში, ჩვენი კორპუსიდან 3-4 მეტრში მიმდინარეობს სამუშაოები. ჩაიტანა მიწა საპარკინგე ადგილზე“, – ამბობს ალექსანდრე სხულუხია, კიდევ ერთი მოქალაქე.

მამულაძის ქუჩის #4-ის მოპირდაპირე მხარეს [მამულაძის #25-ში] მრავალსართულიან კომპლექსს შპს „ბათუმი რიზორთი“ აშენებს [შპს „არქის“ დამფუძნებლის კომპანია]. კომპანიამ აქ ორი საკადასტრო ერთეული გააერთიანა და ჯამში 5005 კვ.მეტრს ფლობს.

მამულაშვილის #4-ში მდებარე კორპუსი და სამშენებლო მოედანი კორპუსის წინ
რენდერი
რენდერი

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, დავით მამულაძის ქუჩა N- 25-ში შპს „ბათუმი რიზორთი“ პროექტის შესაბამისად აშენებს. კერძოდ, აწყობს საძირკველს, რისთვისაც იყენებს დროებითი ფერდსამაგრ ლითონის კონსტრუქციებს. მიუხედავად ამისა, საძირკვლის მოწყობის დროს დაზიანდა მომიჯნავედ არსებული საცხოვრებელი კორპუსის ეზოს ნაწილი.

„დაზიანებული ეზოს ნაწილის აღდგენის სამუშაოს ვალდებულება ეკისრება შპს „ბათუმი რიზორთს“. კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს აღდგენითი სამუშაოების განხორციელებისთვის“, – განმარტეს ინსპექციაში.

მოგვიანებით დავაზუსტეთ ასევე, რომ კომპანიას აქვს ვალდებულება საძირკვლის მოწყობის სამუშაოების განახლებამდე კორპუსის ეზოს აღდგენითი სამუშაოები დაიწყოს და დაასრულოს.

შპს „ბათუმი რიზორთის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ეზოს მხარეს ფერდის გამაგრების მიზნით სპეციალური მოწყობილობა აქვთ დამონტაჟებული. მისი მტკიცებით პარკინგის ადგილის დაწევა გამოიწვია ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა:

„მიადგა თუ არა მოსახლეობას ზიანი ჩვენი სამუშაოების გამო, ამას ექსპერტს შევაფასებინებთ. რაც შეეხება ბზარებს, სამუშაოებს ვაწარმოებთ დაშვებული ნორმების მიხედვით და თუ კორპუსი ხარისხიანად არის აშენებული, ბზარები არ უნდა იყოს. ადრეც ამბობდნენ, რომ ბზარებია, ვიდრე ჩვენ დავიწყებდით მშენებლობას“.

შპს „ბათუმი რიზორთს“ 30-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა აქვს.

კომპანიის 75 პროცენტი შპს „ბათუმი კაპიტალს“ ეკუთვნის, 25 პროცენტი „ვექტორ ჯგუფის“ საკუთრებაა. ამ კომპანიის დირექტორი და 15 პროცენტის მფლობელი „არქის“ დამფუძნებელი, ყოფილი პარლამენტარი თენგიზ წულაიაა.

„ბათუმი კაპიტალის“ წილებს ფლობენ ასევე კომპანიები, რომლებიც საქართველოში ისრაელის მოქალაქეებმა დააფუძნეს.

[ დავით მამულაძის პირველ შესახვევში, # 4 – ყოფილი ინასარიძის პირველი ჩიხი]

აჭარაში, 140 კომპანიაში, რუსეთიდან პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა – 3 თვის მონაცემი 

აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2023 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთლიანობაში შემცირებულია, თუმცა გაზრდილია პირდაპირი ინვესტიციები რუსეთიდან.

აჭარაში მოქმედ კომპანიებში, 2023 წლის პირველ კვარტალში, 10,7 მილიონი აშშ დოლარის რუსული ინვესტიცია ჩაიდო, რაც 1 მილიონი დოლარით მეტია, 2022 წელთან შედარებით [შარშან აჭარაში რუსეთიდან პირდაპირმა ინვესტიციამ 9,7 მილიონი დოლარი შეადგინა].

2022 წელს რუსული ინვესტიცია აჭარაში 186 კომპანიაში [შპს-ში] განხორციელდა, 2023 წლის პირველ კვარტალში კი – 140 კომპანიაში. ეს კომპანიები საქართველოშია დაფუძნებული, ანუ რეზიდენტები არიან.

საქსტატიდან მოწოდებული კომპანიების ჩამონათვალში, სადაც რუსული პირდაპირი ინვესტიციები განხორციელდა, არის შპს-ები:

  1. „დრიმლენდ ოაზისი“
  2. „ორბი გინზა“
  3. „ამბასადორი ბათუმი“
  4. „დს გრუპი“
  5. „ალიანსი ფრივილიჯი“
  6. „ელიტ-მშენი“
  7. „ეიარ-მერიდიანსი“
  8. „ეიჩ გრუპ კონსტრაქშენი“
  9. „ანურია პანორამა“
  10. „ევროპეტროლი“
  11. „ჩაქვის ჩაი – 2007“
  12. „ისტანბულ სიმითი“
  13. „სავაჭრო ცენტრი ბაგრატიონზე“
  14. „ბელლა კოსტა“
  15. „სამი ლუდი“
  16. „პიაცა ჰოლდინგი“
  17. „სკოლა-ნიკე“
  18. „ბავშვთა ბაგა-ბაღი ირინა“
  19. „ბათუმი დენტალ კლინიკი“
  20. „მარი ჯგუფი“
  21.  „ევროპული ანალიტიკური ცენტრი“
  22. „ბათუმის ჩოგბურთის კლუბი“
  23. „საქართველოს კურორტები“
  24. „რუსეთის ნაოსნობის საზღვაო რეგისტრი საქართველოში“ და სხვა

ამავე ჩამონათვალშია ასევე შპს-ები:

„ბუ და ხარი“, „აჭარული ინდაური“, „თეთრი კატა“, „მიმინო ავტოგაქირავება“, „სორი ბებო“…

საქსტატის განმარტებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიცია წარმოადგენს გრძელვადიან კაპიტალდაბანდებას ფასიან ქაღალდებში, უძრავ ქონებასა და წარმოებაში, რომელსაც ახორციელებს არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორი [ჩვენს ამ კონკრეტულ შემთხვევაში არარეზიდენტი არის რუსული კომპანია, ან რუსეთის მოქალაქე].

საქსტატისავე ინფორმაციით, ზემოთ აღნიშნული კომპანიების, ანუ რეზიდენტი საწარმოების აბსოლუტურ უმრავლესობაში არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორი ფლობს აქციების ან საწესდებო კაპიტალის მინიმუმ 10 პროცენტს მაინც [პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ასევე ითვლება ინვესტიცია, რომელსაც ახორციელებს პირდაპირ ინვესტორთან იურიდიულად დაკავშირებული სუბიექტი].

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოიცავს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ ოპერაციას პირდაპირ ინვესტორსა და პირდაპირი ინვესტირების საწარმოს [შპს-ს] შორის. მათ შორისაა: ახალი კომპანიის დაფუძნება; მოქმედ კომპანიაში წილის შექმნა/გასხვისება; უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა; საწარმოს საქმიანობის შედეგად მიღებული მოგება-ზარალი; დივიდენდების გაცემა; სესხის გაცემა-გადახდა; საქონლისა და მომსახურების მიწოდება და ა.შ.

შესაბამისად, უცხოური პირდაპირი ინვესტიციები შედგება 3 ძირითადი კომპონენტისგან: სააქციო-საწესდებო კაპიტალი; რეინვესტიცია [მოგება/ზარალი, გაცემული დივიდენდები] და სავალო ვალდებულებები [სესხები + სავაჭრო კრედიტები].

2023 წლის პირველ კვარტალში აჭარაში რუსული ინვესტიციები ძირითადად სააქციო კაპიტალში განხორციელდა, 2022 წელს კი – რეინვესტიციაში.

რუსეთიდან აჭარაში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციები კომპონენტების მიხედვით:

რეინვესტიცია – სხვაობა მოგება-ზარალსა და დივიდენდებს შორის; სავალო ვალდებულებებში კი, აისახება ავანსები/კრედიტები და მიღებული/გაცემული სესხები / წყარო: საქსტატის წინასწარი მონაცემები

საქსტატის განმარტებით, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეიძლება მიიღოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მნიშვნელობა, რომლის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • სააქციო/საწესდებო კაპიტალის ზრდა ან შემცირება; საწარმოს მიერ მოგების ან ზარალის მიღება;
  • არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორისგან სესხის მიღება ან მისი დაფარვა;
  • არარეზიდენტი სუბიექტის მიერ რეზიდენტისგან საწარმოს წილის შეძენა ან პირიქით, რეზიდენტის მიერ არარეზიდენტისგან წილის გამოსყიდვა;
  • დივიდენდების გაცემა.

2022 წელს აჭარაში ყველაზე მეტი რუსული ინვესტიცია მშენებლობაში განხორციელდა;

2023 წლის პირველ კვარტალში კი, ისეთ სექტორებში, რომელიც მოიცავს: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობას, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდებას, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებს, თუმცა მონაცემებს თითოეული ამ სექტორისთვის საქტატი არ ავრცელებს.

რუსეთიდან აჭარაში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით:

დანარჩენი სექტორები მოიცავს კონფიდენციალურ სექტორებს: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობას, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდებას, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებს / წყარო: საქატატის წინასწარი მონაცემები

მთლიანობაში აჭარაში 2022 წლის პირველ კვარტალში 58,1 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, 2023 წლის პირველ კვარტალში კი – 27,6 მილიონი აშშ დოლარით ნაკლები – 30,4 მილიონი აშშ დოლარი.

2023 წლის პირველ კვარტალში ლიდერობს თურქეთი [16,8 მილიონი აშშ დოლარი], შემდეგ მოდის რუსეთი [10,7 მილიონი დოლარი] და ყაზახეთი [7,1 მილიონი აშშ დოლარი].

2022 წელს კი, აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნების მიხედვით ასე იყო გადანაწილებული: თურქეთი, ყაზახეთი, რუსეთი.

 

[toggle title=”აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სანახავად, ქვეყნების მიხედვით, დააწკაპუნეთ აქ”]

აჭარაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნების მიხედვით:

წყარო: საქსტატის წინასწარი მონაცემები

[/toggle]

2022 და 2023 წლის პირველი კვარტალის მიხედვით, გთავაზობთ ასევე იმ კომპანიების პირველ ათეულს, რომლებშიც ყველაზე მეტი უცხოური [სხვადასხვა ქვეყნიდან] ინვესტიცია განხორციელდა. ეს ინფორმაციაც საქსტატმა მოგვაწოდა, თუმცა კომპანიები ცხრილში არ არის დალაგებული ინვესტიციების ოდენობების მიხედვით.

კომპანიები აჭარაში, სადაც განხორციელდა ყველაზე მეტი მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები:

წყარო: საქსტატი /საქსტატის ინფორმაციით ეს კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის [ინვესტიციების მოცულობის] მიხედვით.
„ალიუდ იუნიტას ჯორჯიას“ 70 პროცენტ წილს ფლობს „პეფტერსონა ლიმითედი“ [კვიპროსი], ხოლო 30 პროცენტს – ილია ბულიჩევი [კვიპროსი]. საქსტატის მონაცემებით კი, ამ კომპანიაში 2023 წელს რუსული ინვესტიცია განხორციელდა.

რუსული პირდაპირი ინვესტიციები განხორციელდა ასევე „ეიარ-მერიდიანსში“ და „პონტუსსში“.

საქსტატის ინფორმაციით, „საქართველოში ახალრეგისტრირებული ყოველი მე-7 კომპანია არარეზიდენტის მონაწილეობით არის შექმნილი“.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ზოგი სექტორის მიხედვით

ამავე თემაზე:

აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები I კვარტალში $27,6 მილიონით შემცირდა – საქსტატი

ბუდანოვი არც დაჭრილია და არც მკვდარი – უკრაინამ რუსული მედიის „ფეიკი“ გააცამტვერა 

ბოლო დღეებია რუსულ მედიაში ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი მძიმედ დაიჭრა ან დაიღუპა რუსული სარაკეტო თავდასხმის დროს.

ბუდანოვი დღეს უკრაინული ტელევიზიის ეთერშიც გამოჩნდა, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, მასზე გავრცელებულ ყალბ ინფორმაციაზეც გააკეთა კომენტარი.

„სასაცილოდ მეჩვენება და იგივე რეაქცია მაქვს. მაგრამ ეს დაუმუშავებელი „ფეიკია“. ის ხალხი, ვინც ეს გააკეთა, ხვდებოდა, რომ კარგად ვიყავი, ნათლად ესმოდათ, რომ „ფეიკი“ გაცამტვერდებოდა და თავს სულელებად წარმოაჩენდნენ“, – თქვა ბუდანოვმა.

მან ასევე იხუმრა, რომ ახლა უკრაინაში „უკვდავი მეთაურების“ რაზმი იქმნება.

„ახლა უკრაინაში იქმნება უკვდავი მეთაურების სპეციალური რაზმი – ვალერი ზალუჟნი, მე, სტეპან ბანდერა, სიმონ პეტლიურა, ივან მაზეპა, ამიტომ რუსებს ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო ექნებათ ნერვულ, ისტერიულ გარემოში. უკვდავი რაზმი ღამით, სიზმრებში, კოშმარებში მივა რუსებთან, რომლებსაც სურდათ უკრაინის ხელში ჩაგდება“, – განაცხადა ბუდანოვმა 19 ივნისს „კიევი პოსტთან“.

სტეპან ბანდერა [1909 – 1959 წ.წ.], სიმონ პეტლიურა [1879 – 1926 წ.წ.] და ივან მაზეპა [1644-1709 წ.წ.] უკრაინის ისტორიაში ცნობილი ფიგურები არიან. სამივე მათგანს აერთიანებს ის, რომ იბრძოდნენ რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა ეპოქაში.

„ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, ბოლო 7 წლის განმავლობაში ბუდანოვის ლიკვიდაცია რუსეთმა 10-ჯერ მაინც სცადა. მისი მოკვლა პირველად 2016 წლის აგვისტოში სცადეს, როდესაც დროებით ოკუპირებულ ყირიმში ФСБ-ს პოლკოვნიკი მოკლეს.

ამავე თემაზე: 

ნაღმის ნამსხვრევი გულთან მომხვდა: ბუდანოვმა მძიმედ დაჭრაზე პირველად ისაუბრა

რამდენად უსაფრთხოა ზღვაში ბანაობა უკრაინაში კაშხლის აფეთქების შემდეგ? – ინტერვიუ ექსპერტთან

„ეკოციდი“ – ასე შეაფასა უკრაინის საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა ის შედეგები, რაც 6 ივნისს რუსეთის მიერ „ნოვა კახოვკის“ კაშხლის აფეთქებამ მოიტანა.

ეკოციდის შედეგი უპირველესად შავი ზღვის ოდესის სანაპიროს შეეხო.

უკრაინული მედიის თანახმად, ოდესის პლაჟები გადაიქცა „ნაგავსაყარად და ცხოველების სასაფლაოდ“.

ოდესის მუნიციპალიტეტის მერიამ კი ოდესის პლაჟები გამოაცხადა „ცურვისათვის შეუფერებლად წყლის ხარისხის გაუარესების გამო“. ასევე ოდესის მცხოვრებებს აუკრძალა თევზისა და ზღვის პროდუქტების გაყიდვა.

რა გავლენა ექნება „ნოვა კახოვკის“ დამბის აფეთქებას საქართველოს სანაპიროებსა და ეკოსისტემაზე? ამ თემაზე „ბათუმელების“ კითხვებს სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის“ წარმომადგენელი, კახა არცივაძე პასუხობს.

  • ბატონო კახა, „ნოვა კახოვკის“ კაშხლის აფეთქებიდან თითქმის ორი კვირა გავიდა. რა ხდება ახლა კატასტროფის რეგიონში, რა შედეგები მოჰყვა?

კაშხლის დაზიანებას ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვა ეკოლოგიური კუთხით. შედეგები შეიძლება პირობითად გავყოთ ორ ჯგუფად.

პირველი – წყალდიდობის გამო ადამიანები დაიღუპნენ, დაინგრა სახლები და დაიხრჩო ცხოველები. მეორე კი არის ის, რომ ნგრევის შედეგად წყალმა დატბორა და გამორეცხა ძალიან ბევრი ისეთი ობიექტი, რომლებსაც პოტენციურად შეუძლიათ ზიანის მიყენება ადამიანისთვის.

ეს არის, პირველ რიგში, ქიმიური ობიექტები, რომლებიც ბევრია ამ რეგიონში.

ეს შეიძლება იყოს ქიმიური საწარმოები, საწყობები, სადაც ინახებოდა ნავთობპროდუქტები და ზეთები. საუბარია, იმაზე, რომ დაახლოებით 150-170 ტონა ნავთობპროდუქტი მოხვდა ამ ტრაგედიის დროს წყალში და შემდეგ ჩავიდა ზღვაში.

კახა არცივაძე, სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის“ წარმომადგენელი

გარდა ამისა, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება, რომლებიც სოფლის მეურნეობაში გამოიყენება და ინახებოდა საწყობებში, პესტიციდები, სასუქები, მოხვდა წყალში.

კიდევ ერთი პრობლემაა სასაფლაოები, ასევე ცხოველთა სამარხები, სადაც სხვადასხვა დაავადების მქონე ცხოველები იყო დამარხული. შეიძლება წყლის მასამ ასეთი პათოგენები გამოიტანოს.

დაზიანდა ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორიც არის კანალიზაცია და წყალმომარაგების სისტემები. ამან შეიძლება გამოიწვიოს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმება. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის უფრო ლოკალური თემები, რომელიც ეხება ადგილზე არსებულ მდგომარეობას.

ამან შეიძლება დაამძიმოს ვითარება ადგილზე და შემდეგ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დამძიმდეს. მაგრამ შანსი, რომ ამ ყველაფერმა იმოქმედოს ევროპის სხვა ქვეყნებზე და მერე საქართველოზე, არის დაბალი.

  • როგორ შეგვეხება ეს შედეგები ჩვენ? რა გავლენას მოახდენს ჩვენს სანაპიროებზე?

ნულოვანი არა, მაგრამ ძალიან დაბალია ჩვენზე გავლენის მოხდენის შანსი. რა თქმა უნდა, გამორიცხვა არაფრის შეიძლება, მაგრამ უფრო უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან აქტუალური და პრობლემატური იქნება უკრაინის ამ კონკრეტული რეგიონისთვის. შეიძლება რუმინეთსაც შეეხოს ან ბულგარეთს და თურქეთისკენაც შეიძლება ჩამოიწიოს. მაგრამ საქართველომდე ჩამოსაღწევად ძალიან შორი მანძილია.

დინება ისეა მოწყობილი შავ ზღვაში, რომ ნაკადები, რომლებიც დნეპრიდან გამოდის, იქ ყურეა, ამ ყურეში ჩერდება და მერე წყლის დინება მიემართება შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ – რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი და მერე საქართველოსკენ.

ეს ძალიან დიდი მანძილია.

შავ ზღვაში ეს ყველაფერი განზავდება. ბევრი პათოგენი წყალში ვერ გადარჩება, ვერ გაძლებს. რა თქმა უნდა, ეს რისკი არაა ნულოვანი, მაგრამ იმის საშიშროება, რომ აქ ზღვაში არ ვიბანაოთ და წყალში არ ჩავიდეთ, ჯერჯერობით ვფიქრობ, რომ ასეთი საფრთხეები გადაჭარბებულია.

უბრალოდ საჭიროა მუდმივი მონიტორინგი.

ეს დაბინძურება ჩვენამდე მოვა თუ არა, საკითხავია.

ამ კატასტროფამ შეიძლება ძალიან დიდი გავლენა იქონიოს იქ არსებულ ბიომრავალფეროვნებაზე, სახეობებზე, თევზისა და ფრინველების პოპულაციაზე. ადამიანებზე.

უფრო დიდი რისკია ინფექციებით დაავადდნენ ის ადამიანები, ვინც კატასტროფის ადგილზე იყვნენ და მერე ამას ეპიდემიის სახე მიეცეს. ასეთი რისკები უფრო არის, ვიდრე ის, რომ ზღვით ეს ყველაფერი ჩვენამდე მოვიდეს.

სანამ ეს ყველაფერი ჩვენამდე მოვა, განზავდება. შავი ზღვის თავისი ბიოლოგიური გასუფთავების პროცესი არსად არ გამქრალა.

შეიძლება მდგომარეობა გაუარესდეს წყლის ხარისხის მხრივ. მაგრამ მეეჭვება ისეთ დონეზე გაუარესდეს, რომ საფრთხედ იქცეს ადამიანებისთვის.

ასე, რომ ნუ შევაშინებთ ჩვენ თანამოქალაქეებს, სტუმრებს. ვფიქრობ, ჯერჯერობით სამაგისო სიტუაცია არ არის. ზედმეტი დრამატიზაცია არ არის საჭირო.

კატასტროფის ადგილზე ძალიან დიდი პრობლემებია, მაგრამ ჩვენ სანაპიროს ჯერჯერობით ასეთი საფრთხეები, ჩემი აზრით, ნაკლებად ეხება.

ახლა მთავარია გარემოს მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ აწარმოოს წყლის ხარისხის პერმანენტული მონიტორინგი. თუ გაუარესდა წყლის მდგომარეობა, დროზე შეატყობინოს მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ ბანაობისგან.

ასეთ ვარიანტს მე არ გამოვრიცხავ, მაგრამ ამის რისკი ძალიან დაბალია.

  • დაბინძურებული ოდესის სანაპიროს ფოტოები გავრცელდა. რუკას თუ დავხედავთ, ოდესის ქვემოთ არის რუმინეთი და შემდეგ ბულგარეთი. სად რა მდგომარეობაა ამ ეტაპზე?

რუმინეთში რამდენიმე პლაჟია დაკეტილი ნაღმების საფრთხის გამო. მოგეხსენებათ, დნეპრის მთელი სანაპირო იყო დანაღმული, კახოვკის ზემოთაც და კახოვკის ქვემოთაც. ძალიან ბევრ ადგილას ნაღმები წყალმა წაიღო. არსებობს საშიშროება, რომ ეს ნაღმები გაირიყოს  სანაპიროზე და ადამიანური მსხვერპლი გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, გარკვეული ღონისძიებებია გატარებული, რომ ეს საფრთხეები თავიდან აიცილონ.

რამდენადაც ვიცი, ასევე ზღვის წყლის ხარისხის ინტენსიური მონიტორინგი მიმდინარეობს. მაგრამ ამ მხრივ ჯერჯერობით რუმინეთში პრობლემები არ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება ბულგარეთს, იქ არანაირი ღონისძიებები არაა ჯერ მიღებული, არც სანიტარული და არც სანაპიროები დაუკეტავთ.

  • თქვით, რომ წყალში აღმოჩნდა ნაღმები. 4 თვის წინ ბათუმში ზღვის სანაპიროზე აფეთქდა ნაღმი. ახლა რამდენადაა იმის საფრთხე, რომ ნაღმებმა ისევ მოაღწიოს ბათუმის სანაპირომდე?

მე მაგას ვერ გეტყვით, სამხედრო ექსპერტი არ ვარ. ასეთი შემთხვევები ხდება. ამის გამორიცხვა შეუძლებელია. მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნაღმები ამოდის ხოლმე ხანდახან ზღვის ზედაპირზე და დაცურავს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ შავ ზღვაში დინებების თავისებურებას, ცირკულარული დინებების ფორმა აქვს ბევრ ადგილას. აი, ეს ცირკულარული დინებები მეტყველებს იმაზე, რომ საფრთხის ქვეშ იქნება უფრო ყირიმის სანაპირო, რუმინეთის სანაპირო. ამასთან შედარებით უფრო ნაკლები საფრთხის ქვეშ არის აღმოსავლეთ სანაპირო.

—————————

2023 წლის 6 ივნისს, გამთენიისას, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა „ნოვა კახოვკას“ კაშხლები ააფეთქეს.

ოფიციალურად 45 ადამიანი დაიღუპა რუსების მიერ აფეთქებული კაშხლის ჩამონგრევის შედეგად წარმოქმნილი წყალდიდობისას. ათიათასობით ადამიანს შეუწყდა სუფთა წყლის მიწოდება, დაინგრა სოფლები და დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო მიწები.

„დირექტორთან კაბინეტში შემქონდა ფული“ – მოწმე ხელვაჩაურში 520 ათასი ლარის მითვისებაზე

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დღეს, 20 ივნისს, 3 მოწმის ჩვენება მოისმინა „ხელვაჩაურში ნახევარი მილიონი ლარის მითვისების საქმეზე“.

დღეს საქმის მთავარი მოწმე დაიკითხა – ის მოუყვა მოსამართლეს დეტალურად, რა სქემით იშოვა ფული თანამდებობის პირმა.

ვლადიმერ [დავით] მიქელაძეს გამოძიება ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით ფულის მითვისებას ედავება. იგი შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი უფროსია და პროკურატურა 520 920 ლარის მითვისებას ედავება.

პროკურატურის ვერსიით, „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი 2019-2021 წლებში მისი ნდობით აღჭურვილ პირებთან ყოველთვიურად აფორმებდა ფიქციურ შრომით ხელშეკრულებებს, რომელთა მიხედვითაც თითქოსდა აღნიშნული პირები ახორციელებდნენ წყალსადენების სათავე ნაგებობების მოვლა-გაწმენდით სამუშაოებს…“

პროკურატურამ გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის შემდეგ დაიწყო.

„ის მითვისებას არ ადასტურებს. ამბობს, რომ ჩარიცხული თანხა რეალურად საქმისთვის იხარჯებოდა, თუმცა არა იმ წესით, რა წესითაც უნდა დახარჯულიყო,“ – ამბობს ადვოკატი ადილარ წირღვავა. – „ბრალდებულის ვერსიით, ფიქციურად კი არ იყო დასაქმებული ეს ხალხი, არამედ რეალურად იყო გაფორმებული და ისინი საქმეს აკეთებდნენ… მას ჰყავდა თანამშრომლები, რომლებიც არ იყვნენ საკმარისი იმისთვის, რომ საქმე შესრულებულიყო, ამიტომ დაიქირავა სხვა პირები და მათაც უხდიდა თანხას, ამით არ გაზრდილა ხარჯები.

დღევანდელ სხდომაზე მოწმის სახით დაბარებულმა ნორა დიასამიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ რეალურად არ მუშაობდნენ ის ადამიანები, რომელიც ხელშეკრულებით აიყვანეს „ხელვაჩაურის წყალში“.

ნორა დიასამიძე მაშინ და ახლაც „ხელვაჩაურის წყლის“ ბუღალტერია.

„როგორ მოვყვე“, – თავიდან ხელები მოიფშვნიტა ქალმა და გისოსებს მიღმა მჯდომ ყოფილ უფროსს გახედა. შემდეგ მოწმის ტრიბუნას მიეყრდნო და დაიწყო:

„დამიბარა და მითხრა თავის კაბინეტში, რამდენიმე ახლობელია და ხელშეკრულებები უნდა გავუფორმოთო…

დეფექტური აქტი კეთდებოდა, ისე ირიცხებოდა თანხა. ისინი საერთოდ არ ცხადდებოდნენ სამსახურში“, – თქვა ქალმა.

„რატომ მონაწილეობდით თქვენ ამაში?“ – ჰკითხა პროკურორმა ბუღალტერს.

„ჩემს ასაკში სხვაგან სად ვნახავდი სამსახურს… არასწორი გავაკეთე, მეშინოდა, რომ გამიშვებდა სამსახურიდან“, – პაუზებით განაგრძო თხრობა მოწმემ და მერე დეტალურად გაიხსენა, როგორ საქმდებოდნენ ფიქციურად ადამიანები.

„ბანკშიც მე ვრიცხავდი თანხებს, დირექტორი ანაწილებდა ფულს და იმის მიხედვით… ჩემ ბიჭებს 100-100 ლარს უტოვებდნენ“, – თქვა მოწმემ.

„ვინ ბიჭებს, ვის გულისხმობთ?“, – მოწმეს აღარ მოეშვა პროკურორი.

„ხელშეკრულებით აყვანილ პირებს შორის იყო ჩემი მეუღლე, მაზლიშვილი და დისშვილიც…“ – სახელები და გვარებიც ჩამოთვალა ქალმა და შეკითხვა აღარ დასჭირდა, ისე გაშალა სქემა:

„ჩარიცხული ხელფასიდან 100-100 ლარს იტოვებდნენ ბიჭები, დანარჩენს მე ვაგროვებდი და ხელზე შემქონდა დირექტორთან, კაბინეტში, ამას ვერ უარყოფს.

ასე ხდებოდა 2019 წლიდან 2020-ში და 2021-შიც… ეს იყო საჩუქარი, ასე გამოდის“, – ბრალდებულზე თვალის არიდება სცადა მოწმემ.

ბუღალტერს ფარულ საგამოძიებო მოქმედებაშიც მიუღია მონაწილეობა: ვიდრე ვლადიმერ მიქელაძეს დააკავებდნენ, მას ფარული აუდიო მოწყობილობით ჩაუწერია უფროსი.

„ბიჭები დაიბარეს და რა ვქნათ ახლა, ბატონო ვლადიმერ-მეთქი. მართალი ხარ, დაღუპული ვართო…

იმდენი მოწმე იყო უკვე, არცერთი ობიექტზე არ იყო ნამყოფი“, – ის დღეც გაიხსენა მოწმემ, ფარულად დირექტორის ჩაწერა რომ დაავალეს.

„საქმის კურსში იყო მერი, ან რომელიმე სხვა თანამდებობის პირი“, – ესეც ჰკითხა პროკურორმა მოწმეს.

„ეს არ ვიცი“, – მოკლედ უპასუხა პროკურორს მოწმემ, თუმცა მალევე დასძინა: „ჩვენ პირველ სართულზე ვართ და მერია მესამეზე“.

„რამდენი ადამიანი იყო სულ ასე დასაქმებული?“ – ბუღალტერს ჰკითხა ადვოკატმა ადილარ წირღვავამ.

„იცვლებოდა ეს მონაცემები, 10-12 კაცი საქმდებოდა ასე 2019 წლიდან“, – თქვა მოწმემ და დააკონკრეტა, რომ ხელშეკრულებები ყოველთვიურად ფორმდება, შრომის კონკრეტული ანაზღაურება კი, ცვალებადი იყო.

„ამ ციფრებს დირექტორი წერდა“, – განაცხადა ბუღალტერმა.

„ხელვაჩაურის მერიაში არ გაუჩნდათ შეკითხვა, კი მაგრამ, რატომ დაგჭირდათ თანხის გაზრდა, როცა ადრე არ გჭირდებოდათო?“ – ის შეკითხვა დასვა ადვოკატმა, რასაც ამ დრომდე არ პასუხობს პროკურატურა.

ხელვაჩაურის მერი ამ დროს, როცა მერიაში ნახევარი მილიონი მიითვისეს, ჯუმბერ ვარდმანიძე იყო. ის ახლა აჭარის განათლების მინისტრის მრჩევლად მუშაობს.

„ეს ჩემთან არ განხილულა, არ ვიცი“, – აარიდა თავი უხერხულ შეკითხვას ბუღალტერმა.

„ამ დროს მერის მოადგილის შვილიც ხომ არ მუშაობდა თქვენთან?“ – მოწმეს მიუბრუნდა ისევ ადვოკატი.

„დიახ, თორნიკე ფუტკარაძეს ხელზე ერიცხებოდა 1040 ლარი“, – ჩუმად თქვა ბუღალტერმა და დასძინა თორნიკეს მამა, კახაბერ ფუტკარაძე ახლაც რომ ხელვაჩაურის მერის მოადგილეა.

კახაბერ ფუტკარაძე ხელვაჩაურის მერის მოადგილეა 2019 წლიდან დღემდე. მისი შვილი რომ სამსახურში ერთხელაც არ გამოჩენილა, ეგ კიდევ ერთმა მოწმემ დაადასტურა დღევანდელ სხდომაზე – ვახტანგ აბაშიძე 2015 წლიდან „ხელვაჩაურის წყლის“ უფროსის მოადგილეა და ამბობს, რომ არ იცოდა, თორნიკე ფუტკარაძეც თუ მისი თანამშრომელი იყო.

„პოლიციას რატომ არ მიმართეთ?… თქვენ როგორ ხართ ისევ ბუღალტერი?“ – აღარ მოეშვა ბუღალტერს ადვოკატი ადილარ წირღვავა.

„მე რაზე უნდა მიმემართა პოლიციისთვის?“ – თვალი აარიდა ადვოკატს მოწმემ და დაამატა: „ჩემი დანაშაულია ეს… პირველად, მეგონა, რეალურად იმუშავებდნენ, მაგრამ მერე ასე არ მოხდა“.

„და თქვენი პირადი სარგებელი რა იყო?“ – ადვოკატმა ეს კითხვაც დაუსვა მოწმეს.

„მე არაფერი საერთოდ“, – კატეგორიული აღმოჩნდა მოწმე, თუმცა მერე ყოფილ დირექტორს რომ შეხედა, თქვა:

„ჩემი შვილიც იყო დასაქმებული ზედამხედველად… მისგან დირექტორი „საჩუქარს“ არ ითხოვდა“, – თქვა მოწმემ.

„თქვენ საიდან იცით, რომ ეს დასაქმებულები რეალურად არ აკეთებდნენ საქმეს?“ – ფეხზე წამოდგა ბრალდებული და ბუღალტერს ეს ჰკითხა.

„4 კაცი მხოლოდ ჩემგან იყო და ვიცი ხომ სადაც დადიოდნენ“, – შეკითხვა გაიკვირვა მოწმემაც.

„არ ვიცი, მე რეალურად ასრულებდნენ თუ არა საქმეს, მე მათ არ ვიცნობდი… ვლადიმერ მიქელაძემ შექმნა ჯგუფი, მე რატომ უნდა შემეტანა ეჭვი?“- პროკურორს მიუბრუნდა „ხელვაჩაურის წყლის“ უფროსის მოადგილე, ვახტანგ აბაშიძე, რომელიც ასევე დღეს დაკითხეს.

„თქვენ ხომ გარეშე პირი არ იყავით?“ – გაოცება ვეღარ დაფარა პროკურორმა და მიანიშნა მოწმეს, რომ მისივე აღწერით, წინა წლებში „დამატებითი ბრიგადის“ შექმნა საჭირო არ გამხდარა.

„ეს დირექტორის პრეროგატივა იყო, მე რა უნდა გამეკეთებინა?“ – პასუხისმგებლობის არიდება სცადა ისევ თანამდებობის პირმა.

„სულ 18 საშტატო ერთეულია, 27 ხელშეკრულებით აყვანილი პირი და 90 ოპერატორ-დეზინფექტორი…

პრიმიტიული წესით ვქლორავთ, კასრებით“, – სამუშაოც აღწერა თანამდებობის პირმა და რამდენჯერმე შეაპარა პროკურორს, დირექტორს მე როგორ გადავამოწმებდი, ან კითხვას როგორ დავუსვამდიო.

„მე მაბარია მხოლოდ ოპერატორ-დეზინფექტორები, დავდივართ წყალსაცავებზე“, – მიმართა ადვოკატს მოწმემ.

„მერიიდან ვინ კურატორობდა წყალსადენებს?“ – ბრალდებულმა ამ მოწმესაც დაუსვა შეკითხვა.

„კახაბერ ფუტკარაძეს ებარა“, – მერის მოქმედი მოადგილე დაასახელა მოწმემ, თუმცა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი შვილის დასაქმებაზე მე არაფერი ვიციო.

„უხვი ნალექის დროს რამდენად ხშირად ხდება დამატებით ფუნქციების შესრულება?“ – დაინტერესდა მოსამართლე ლევან ყოლბაია.

„არასამუშაო დღეებში ვუწერდით დამატებით თანხას… საშუალოდ 4-5 ჯერ ხდება თვეში“, – დაასრულა მოწმემ.

შემდეგ სხდომაზე მოსამართლე ხელვაჩაურის ყოფილი მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის ჩვენებას მოისმენს.

უკრაინა ფრონტზე წინ მიიწევს ორი მიმართულებით – გენშტაბი

უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ წინსვლას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით და კონსოლიდაციას ახალ ადგილებში, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები არიან, არც ერთი პოზიცია არ იკარგება – წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ფეისბუქზე დღეს, 20 ივნისს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერის ანდრეი კოვალიოვის თქმით, შეტევითი ოპერაციები გრძელდება მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით. გასული დღის განმავლობაში ნოვოდაროვკა – პრიუტნოიეს, მაკაროვკა – რივნოპოლისა და ნოვოდანილოვკა- რობოტინოს მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა მიაღწიეს ნაწილობრივ წარმატებას, ისინი მაგრდებიან მიღწეულ ადგილებზე.

კოვალიოვის თქმით, რუსეთი ძირითად ძალისხმევას თავდაცვასა და უკრაინის ჯარების წინსვლის აღკვეთაზე მიმართავს და რეზერვების გამოყენებით ცდილობს დაკარგული პოზიციის აღდგენას.

ასევე, უკრაინის გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანსკის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინსკის მიმართულებებზე, სადაც მძიმე ბრძოლები გრძელდება და დღე-ღამეში 45 სამხედრო შეტაკება მოხდა.

_________________

ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რა არის და როგორ ვლინდება უშაქრო დიაბეტი | ექიმის რჩევები

უშაქრო დიაბეტი შედარებით იშვიათი დაავადებაა, რომელიც იწვევს ორგანიზმში არსებული სითხეების ბალანსის დარღვევას. ეს აიძულებს ორგანიზმს გამოიმუშაოს დიდი რაოდენობით შარდი, პაციენტს აწუხებს წყურვილის ძლიერი შეგრძნება.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგი თეონა გოგიტიძე ამბობს, რომ მიუხედავად სახელების მსგავსებისა, „უშაქრო დიაბეტს“ და „შაქრიან დიაბეტს“ ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ.

„სახელები მსგავსია, იმიტომ, რომ ამ ორი მდგომარეობის დროს კლინიკური სურათი ერთმანეთს ჰგავს – ორივე შემთხვევაში არის პირის სიმშრალე, წყლის დიდი რაოდენობით მიღება და ხშირი შარდვა. შაქრიანი დიაბეტი არის დაავადება, როდესაც არის ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა და სისხლში მატულობს გლუკოზის დონე; უშაქრო დიაბეტის დროს შაქარი ანუ გლუკოზის დონე არის აბსოლუტურად ნორმალური სისხლში, თუმცა სხვა მექანიზმების გამო ირღვევა წყლის რეაბსორბცია და გვაქვს იგივე კლინიკური სურათი, რაც შაქრიანი დიაბეტის დროს – წყლის დიდი რაოდენობით მიღება და ხშირი შარდვა“.

ექიმის განმარტებით, უშაქრო დიაბეტის მკურნალობა მიმართულია იმაზე, რომ შეამსუბუქოს სიმპტომები; ეს მოიცავს წყურვილის მოხსნას, ორგანიზმში გამომუშავებული შარდის რაოდენობის შემცირებას და დეჰიდრატაციის თავიდან აცილებას.

  • ქალბატონო თეონა, რა დაავადებაა უშაქრო დიაბეტი?

ეს არის ენდოკრინული დაავადება, როდესაც ორგანიზმში ირღვევა წყლისა და ელექტროლიტების ბალანსი იმის გამო, რომ არის ძირითადად ანტიდიურეზული ჰორმონის, ვაზოპრესინის ნაკლებობა ორგანიზმში.

უშაქრო დიაბეტის სხვადასხვა სახე არსებობს, თუმცა ძირითადად ეს დაავადება მოიაზრებს წყლისა და ელექტროლიტების დისბალანსს, ანტიდიურეზული ჰორმონის ნაკლებობის გამო.

  • რა შეიძლება გახდეს ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი?

ცენტრალური ტიპის უშაქრო დიაბეტის დროს გვაქვს შესაბამისი კლინიკური სურათი, ეს ძირითადად არის ანტიდიურეზული ჰორმონის ნაკლებობა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორით გამოწვეული და შეიძლება იყოს შეძენილი ხასიათის.

შეძენილი ხასიათისაა ძირითადად სიმსივნეები, მაგალითად, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, რომელიც ეხება ფაქტობრივად ჰიპოთალამუსსა და ჰიპოფიზს და ახდენს გავლენას ანტიდიურეზული ჰორმონის გამოყოფაზე; შეიძლება იყოს პოსტოპერაციული მდგომარეობა, მაგალითად, ნეიროქირურგიული ჩარევის შედეგად; შეიძლება იყოს ტრავმის შედეგად განვითარებული.

ასევე, ანტიდიურეზული ჰორმონის ნაკლებობა შეიძლება იყოს რაიმე ინფექციური დაავადებების, მაგალითად, ენცეფალიტის, სარკოიდოზის ან სხვა ინფექციური დაავადების დროს.

ეს არის ძირითადად ცენტრალური ტიპის უშაქრო დიაბეტის მიზეზები.

არის ნეფროგენული ტიპის უშაქრო დიაბეტიც, როდესაც ანტიდიურეზული ჰორმონი გამომუშავდება ნორმალური რაოდენობით სისხლში, მაგრამ იმის გამო, რომ თირკმლის აპარატში არსებული რეცეპტორები, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ვერ გრძნობენ მათ, აღიქმება, რომ სისხლში არის ამ ჰორმონის ნაკლებობა და ვიღებთ ისეთივე კლინიკურ სურათს, როგორც უშაქრო დიაბეტის დროს. ჩვეულებრივ, ჩვენი თირკმლის აპარატში არსებული რეცეპტორები, რომლებიც გრძნობენ ამ ანტიდიურეზულ ჰორმონს, ექვემდებარებიან მათ და ამის მიხედვით არეგულირებენ ნატრიუმისა და წყლის აბსორბციას სისხლში. მიზეზი, რის გამოც შეიძლება ქვეითდება ამ რეცეპტორების მგრძნობელობა, შეიძლება იყოს სხვადასხვა დაავადება, მათ შორის გენეტიკური.

არის კიდევ გესტაციური უშაქრო დიაბეტი, რომელიც ძირითადად ორსულებში ვითარდება. საკმაოდ იშვიათი ფორმაა, მაგრამ გვხვდება ესეც, როცა პლაცენტა გამოყოფს ჰორმონს, რომელიც ახდენს ამ ანტიდიურეზული ჰორმონის დესტრუქციას, შედეგად ეს ჰორმონი ნორმალურად არ ფუნქციონირებს.

არის სხვა იშვიათი ფორმებიც, მაგალითად, ბავშვებში, წლამდე ასაკში ფუნქციური უშაქრო დიაბეტი, როდესაც არ არის ჩამოყალიბებული კავშირი ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და პერიფერიას შორის, შესაბამისად წლის ასაკამდე გვაქვს უშაქრო დიაბეტის კლინიკური სურათი. რა თქმა უნდა, ამ სისტემის ჩამოყალიბების შემდეგ ყველაფერი ნორმალიზდება და ეს არ არის პათოლოგიური ფორმა, ეს არის ფუნქციური ფორმა.

  • რა სიმპტომატიკა ახასიათებს?

კლინიკური სურათი არის პოლიურია, ანუ შარდის გამოყოფის გაძლიერება, მომატება დღე-ღამის განმავლობაში (დაახლოებით 6-დან 20 ლიტრამდე დღის განმავლობაში), გააჩნია, რა თქმა უნდა, როგორი სიმძიმით მიმდინარეობს, როგორ პროგრესირებს ეს დაავადება. არის მნიშვნელოვნად გამოხატული პირის სიმშრალე და  წყურვილის შეგრძნება.

გამოხატულია ნიქტურია – ღამით შარდვა, რის გამოც ღამის განმავლობაში ხშირად დგებიან; დეჰიდრატაციის ფონზე არის ნერწყვის გამოყოფის შემცირება, ასევე მცირდება ოფლის გამოყოფა. ამის ნიადაგზე კანი არის მშრალი, პაციენტებს აქვთ მკვეთრად გამოხატული კანის სიმშრალე, ბუნებრივია, საერთო სისუსტე და არტერიული წნევის დაქვეითებაც.

  • რას აზიანებს უშაქრო დიაბეტის დაგვიანებული მკურნალობა?

თუ დროულად არ ვმართეთ ეს პაციენტები, ბუნებრივია პირველ რიგში გართულდება დეჰიდრატაცია, ანუ რახან წყალი ამ დროს დიდი რაოდენობით გამოიყოფა ორგანიზმიდან, ადამიანი წყალს კარგავს დიდი რაოდენობით. ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, რადგან წყალი არის მთავარი ელემენტი, რის ნიადაგზეც ნარჩუნდება ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირება.

შესაბამისად,  მნიშვნელოვანი გართულებაა დეჰიდრატაცია, არტერიული წნევის დაქვეითება – ჰიპოტონიაც; ასევე ელექტროლიტურ დისბალანსს შეუძლია გამოიწვიოს კარდიოვასკულარული სისტემის გართულებები, გულის პრობლემები იწყება, ერთვება სისხლძარღვთა სისტემა, ზარალდება შარდსასქესო სისტემაც, იმის გამო, რომ დიდი რაოდენობით გამოყოფს სითხეს და ვერ ასრულებს თავის ფუნქციას შესაბამისად; ასევე, თუ ეს რეპროდუქციული ასაკია, ბუნებრივია, რეპროდუქციულ ფუნქციაზეც ახდენს ნეგატიურ ზეგავლენას.

  • როგორია მკურნალობა?

მნიშვნელოვანია, რომ დროულად მივმართოთ ექიმს და დაისვას სწორი დიაგნოზი. უშაქრო დიაბეტის მართვა არის ძირითადად შენაცვლებითი თერაპია. ცენტრალური ტიპის უშაქრო დიაბეტის დროს ეს არის ანტიდიურეზული ჰორმონის მიწოდება, რომელიც საქართველოში ძირითადად არის წვეთების სახით, დოზა უნდა შეირჩეს იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის წყალს იღებს და რა რაოდენობის სითხეს გამოყოფს ორგანიზმი.

მკურნალობის ნაწილია სიმპტომატური თერაპია, იმის მიხედვით, თუ რა ჩივილები და გართულებები აქვს პაციენტს.

MayoClinic-ის რეკომენდაციით:

თავიდან აიცილეთ დეჰიდრატაცია – მანამ, სანამ იღებთ წამალს და გაქვთ წვდომა წყალზე, თქვენ შეძლებთ თავიდან აიცილოთ დეჰიდრატაციასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები. ამიტომ, სადაც არ უნდა წახვიდეთ, თან იქონიეთ წყალი. სახლიდან შორს ყოფნისას თან იქონიეთ მედიკამენტების მარაგი. ატარეთ სამედიცინო გაფრთხილების სამაჯური ან ამ დანიშნულების ბარათი – თუ დაგჭირდებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ასეთი გამაფრთხილებელი ბარათი ან სამაჯური სპეციალისტებს მიაწვდის ინფორმაციას, რომელიც საჭიროა შესაბამისი დახმარების აღმოსაჩენად.

სად შეწყდა წყალი ბათუმში და როდის განახლდება მიწოდება

კომპანია „ბათუმის წყლის“ ცნობით, სათავე ნაგებობიდან წყალმომარაგების შეზღუდვის გამო ბათუმში 21:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება შემდეგ დასახლებებსა და ქუჩებს:

  • თამარის დასახლებას
  • ბარცხანის დასახლებას
  • მახინჯაურის დასახლებას
  • სოფელ წინსვლას
  • სოფელ ჩაისუბანს
  • სოფელ განთიადს
  • აეროპორტის გზატკეცილს
  • ფრიდონ ხალვაშის გამზირს
  • ლეონიძის ქუჩას
  • აღმაშენებლის ქუჩას
  • რურუას ქუჩას

„ბათუმის წყალი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

დააკავეს პირი, რომელიც ბავშვებს იძულებით ამუშავებდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მ.ბ. ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვანი გერების – 2006 წელს დაბადებული რ.პ.-ს და 2007 წელს დაბადებული მ.პ.-ს შრომით ექსპლუატაციას სისტემატურად ახდენდა.

ბრალდებული მათ ნაგვის ურნებიდან სხვადასხვა ნივთის შეგროვებასა და ჩაბარებას აიძულებდა, გამომუშავებულ თანხას სრულად ისაკუთრებდა.

იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვნები არ დაემორჩილებოდნენ მ.ბ.-ს მოთხოვნებს, ბრალდებული მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.“

დანაშაული 14-დან 17-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

როდემდე იქნება ბათუმში წვიმიანი ამინდი | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 ივნისის 21 საათიდან 21 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, წვიმა – ზოგან ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან შესაძლებელია გაძლიერება – 17-22 მ/წმ-მდე.

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 14 – 19 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 11 – 16 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +20 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 22-23 ივნისს აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, ბათუმში შაბათს, 24 ივნისს გამოიდარებს.

გამოვლინდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეული 2023

გამოვლინდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული.

საუკეთესო ათეულის მასწავლებლები არიან:

ნესტან ხორხომელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი

ქამრან აფანდიევი, მარნეულის მუნიციპლაიტეტის სოფელ მოლაოღლისა და ცოფის საჯარო სკოლების ქართული როგორც მეორე ენა, მასწავლებელი

ნინო ნიპარიშვილი, კასპის მუნიციპლაიტეტიდან, შპს „ბესიკ ნიპარიშვილი“, სკოლა-გიმნაზიის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი

მანანა გოგატიშვილი, თბილისის 182 საჯარო სკოლის მე და საზაგადოების და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი

მარინე კვარაცხელია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ეგნატე ფიფიას სახელობის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრები

მანუშაკ მკრტჩიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ როდიონოვკის სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი

ლელა წურწუმია, გორის მე-12 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების, მოქალაქეობისა და ისტორიის მასწავლებელი

ინა იმედაშვილი, თბილისის UG სკოლის დაწყებითი საფეხურისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

თამარ ცანავა, თბილისის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის 178-ე საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელი

ნინო ფსუტური, გორის მე-8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი

2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრები

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეული სექტემბერში გამოვლინდება, 5 ოქტომბერს კი, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, გამოვლინდება ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი.

კონკურსი – „მასწავლებლის ეროვნული ჯოლდო“ მეშვიდე წელია ტარდება საქართველოში. ჯილდოს პირველი მფლობელი ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა იყო.

ეროვნული ჯილდოს მფლობელ მასწავლებელს ჯილდოს სახით 15 ათასი ლარი გადაეცემა, სხვა ფინალისტებს კი – 5-5 ათასი ლარი.

ეროვნული ჯილდოს კატეგორიაზე წარდგენილი მასწავლებელი უნდა გამოირჩეოდეს თავისი პროფესიული საქმიანობით, სწავლების ინოვაციური მეთოდით და ჰქონდეს ხელშესახები წარმატებები სწავლა-სწავლების პროცესში.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 20 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 221 460 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 010]
  • ტანკი – 3 997 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 7 750 ერთეული [+15]
  • საარტილერიო სისტემა – 3 888 ერთეული [+23]
  • MLRS – 614 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 372 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 314 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 306 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 393 ერთეული [+10]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 214 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 645 ერთეული [+32]
  • სპეცტექნიკა – 531 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 20 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 444 თვითმფრინავი
  • 240 ვერტმფრენი
  • 4 713 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 10 222 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 126 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 175 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 11 066 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

უკრაინა ფრონტზე წინ მიიწევს ორი მიმართულებით – გენშტაბი

სტუდენტები რომ არ ჩარეულიყვნენ პოლიტიკაში, დღეს რუსული იქნებოდა სახელმწიფო ენა – ჯანაშია

20-მდე პირი ფიზიკურად გაუსწორდა სტუდენტებს, რომლებმაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესტო პლაკატის გაშლა სცადეს. სტუდენტებს სცემეს, დააგორეს კიბეებზე, მოგვიანებით კი ერთ-ერთ დაშავებულ სტუდენტს შეიარაღებულმა პირმა საავადმყოფოშიც მიაკითხა.

დღეს, 19 ივნისს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თსუ-ში პოლიტიკური აქტიურობის ადგილი არ არის და არავის მისცემენ პოლიტიკური აქტიურობის შესაძლებლობას. არის თუ არა უნივერსიტეტებში პოლიტიკის ადგილი? – ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების სპეციალისტს სიმონ ჯანაშიას ესაუბრა.

  • ბატონო სიმონ, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „პოლიტიკის შეტანა სურთ თსუ-ში“, რომ ყველას შეუშლიან ხელს, ვინც პოლიტიკურ აქტიურობას შეეცდება. რამდენად შესაძლებელია უნივერსიტეტები დაიცალოს პოლიტიკისგან?

წარმოვიდგინოთ, რომ ახლა 1978 წელია და სახელმწიფო ამბობს, რომ უნივერსიტეტის სტუდენტები პოლიტიკისგან შორს უნდა იდგნენ და არ უნდა მონაწილეობდნენ პოლიტიკაში. ეს რომ ასე ყოფილიყო, დღევანდელი სახელმწიფო ენა შეიძლება ყოფილიყო რუსული.

მაშინ სწორედ ასეთმა სტუდენტურმა პროტესტებმა იმოქმედა სახელმწიფოს პოლიტიკაზე და ამის შედეგია ის, რომ რაღაცას მივაღწიეთ, რითაც ვამაყობთ დღეს.

უნივერსიტეტის გამიჯვნა პოლიტიკისგან დაახლოებით იგივეა, რომ უნივერსიტეტი გადავაკეთოთ სუპერმარკეტის მსგავს ორგანიზაციად, სადაც მიხვალ, რაღაცას იყიდი და წამოხვალ. არანაირი კავშირი საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმირებასთან ამ ორგანიზაციას არ ექნება.

უნივერსიტეტია სწორედ ის ადგილი, სადაც პოლიტიკური იდეები იბადება, სადაც მიმდინარეობს ინტელექტუალური მსჯელობა, როგორ უნდა იყოს მოწყობილი საზოგადოება. უნივერსიტეტის ფუნდამენტური როლი ახალგაზრდების მოქალაქეებად ჩამოყალიბებაა და მოქალაქედ ვერ ჩამოყალიბდები, თუ პოლიტიკისგან ხარ გამიჯნული, თუ უნივერსიტეტი არ არის ის სივრცე, სადაც პოლიტიკაზე მსჯელობენ აქტიურად. რა თქმა უნდა, გარკვეული წესების დაცვით.

მაგალითად, აშშ-ის საუკეთესო უნივერსიტეტებში, პოლიტიკური პარტიების კლუბებიც კი არსებობს, სადაც მოჰყავთ კანდიდატები და ძალიან ცხარე კამათი აქვთ ხოლმე.

ცხადია, უნივერსიტეტი არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესების გამტარებელი, მაგრამ პოლიტიკურად აქტიური თუ არ იქნება, მაშინ პოლიტიკურად აქტიურად ჩაითვლებიან მხოლოდ პარტიები და ის ანგაჟირებული ხალხი, რომლებიც პირდაპირ სარგებელს იღებს პოლიტიკაში მონაწილეობით და არა საზოგადოება, რომელიც საზოგადოებრივ სარგებელს უნდა იღებდეს.

ის, რასაც დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს, ეს არ არის მათი მოგონილი, გამოცდილი მოდელია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება გამოეთიშოს პოლიტიკას. ეს სწორედ იმისთვისაა, რომ ხელისუფლებამ შეძლოს აკონტროლოს საზოგადოება, რომ ინტელექტუალური ცენტრები არ მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მთავარი ასპარეზი დარჩეთ პოლიტიკოსებს.

  • თსუ-ში სტუდენტების ცემით რის დემონსტრირებას ცდილობს „ქართული ოცნება“?

ასეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ რადგან მარტის აქციების დროს ბევრი ახალგაზრდა იყო გამოსული მმართველი პარტიის პოლიტიკის წინააღმდეგ, პარტიამ გადაწყვიტა, როგორმე შეზღუდოს უნივერსიტეტებში ახალგაზრდების პოლიტიკური აქტივობა.

ცდილობს სტუდენტების დისკრედიტაციას, ადრე იყო ის, რომ, მაგალითად, თავს დაესხა „საქართველოს უნივერსიტეტს“, „ფრანკლინის კლუბს“, რომელიც ასევე დაკავშირებულია უნივერსიტეტთან, შემდეგ თავს დაესხა ილიას უნივერსიტეტის რექტორს. ახლა ცდილობს ფიზიკური ძალის გამოყენებით გააჩეროს სტუდენტების პროტესტი.

თსუ-ში ვნახეთ, რაც იყო – ჯერ უნივერსიტეტის შიგნით დაესხნენ თავს სტუდენტებს, შემდეგ კი უნივერსიტეტის გარეთ. საავადმყოფოში მივიდა შეიარაღებული პირი და იქაც ცდილობდა სტუდენტის დაშინებას. ცდილობენ პოლიტიკური კონტროლი დაამყარონ ყველა იმ ინსტიტუციაზე, რომლებიც ახალგაზრდებთან მუშაობენ.

ამის ნაწილია სკოლების კონტროლის სურვილიც. ვხედავთ, მაგალითად, ძალოვანი სტრუქტურების მონაწილეობას დირექტორების არჩევნებში, სადაც სუს-ი უკვე დიდი ხანია ერევა – ჯერ ბაინდერების შერჩევაში და შემდეგ მოქმედი დირექტორების მუშაობაშიც.

  • რას იტყვით სიძულვილის ენაზე, რომლითაც ისინი ახალგაზრდებზე საუბრობენ?

სტუდენტების დისკრედიტირებას იმისთვის ცდილობენ, რომ ახალგაზრდებისგან წამოსული ნებისმიერი პროტესტი აღქმული იყოს, როგორც ქვეყნის გარედან შემოსული. ჰომოფობიური განცხადებებით კი ცდილობენ ახალგაზრდების რაღაც ჯგუფს მიაწებონ იარლიყი, რომელიც არ არის პოპულარული საზოგადოებაში. ასე ცდილობენ კონტროლს.

ეს არ არის მხოლოდ ახალგაზრდების კონტროლის სურვილი, ზოგადად ყველა სფეროს კონტროლს ცდილობს ხელისუფლება, მათ შორის სახელოვნებო, სამეცნიერო, აკადემიური, სპორტული და ასე შემდეგ. აბსოლუტურად ყველაფრის.

  • თქვენ თქვით, რომ უნივერსიტეტების პოლიტიკისგან გამიჯვნის მცდელობა არ არის „ქართული ოცნების“ მოგონილი, გამოცდილი მეთოდიაო ამბობთ, სად იმუშავა ამ მეთოდმა, მაგალითად, რუსეთში?

ეს არ არის მხოლოდ რუსეთის მიდგომა, ყველგან მუშაობს, სადაც პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ საზოგადოება იყოს პასიური და მხოლოდ მათ მიეცეთ ფართო ასპარეზი იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაუმჭვირვალედ მართონ ქვეყანა თუ ორგანიზაციები.

უნივერსიტეტი უნდა იყოს ადგილი, სადაც რეალურად აფასებენ იმ პოლიტიკურ ნაბიჯს, რაც არა მხოლოდ ჩვენს საზოგადოებაში, არამედ სხვა საზოგადოებაშიც ხდება.

ცხადია, ჩვენი უნივერსიტეტები არ უნდა იყოს შეზღუდული ეროვნული პრობლემებით და იმის მცდელობა, რომ ისინი პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოშორდნენ დამახასიათებელია მემარჯვენე პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც ამტკიცებენ, რომ უნივერსიტეტებში ხდება ახალგაზრდების პოლიტიკური ინდოქტრინაცია. რეალურად ეს არის უნივერსიტეტის დისკრედიტაციის მცდელობა, რომ უნივერსიტეტი არ იყოს მიზიდულობის ადგილი საზოგადოებისთვის.

მაგალითად, როცა სახელმწიფომ  გელათის პრობლემა ვერ მოაგვარა, ამის მოგვარება გადაიბარა ეკლესიამ. თავისთავად პრობლემა კი არ არის, რომ ეს საპატრიარქომ გადაიბარა, შეიძლება ამასაც ჰქონდეს დადებითი ეფექტი, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ უნივერსიტეტების ადგილი არ ყოფილა ამ დისკუსიაში, როგორ უნდა მოხდეს, ვთქვათ, კონკრეტული ძეგლის რეაბილიტაცია. ეს არ ხდება შემთხვევით, რადგან ისეთი საგანმანათლებლო სისტემა გვაქვს, სადაც უნივერსიტეტები ყიდვა-გაყიდვის ადგილად მიიჩნევა.

  • კონსერვატორიზმს რომ იბრალებენ, ის ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები კობახიძის რიტორიკას იმეორებენ, რომ თურმე უნივერსიტეტებში ახალგაზრდებს რევოლუციისთვის ამზადებენ. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

ეს განცხადებები ერთი ჯაჭვია მოვლენების, როცა ხელისუფლების ყველა სატელიტი ებრძვის იმ ადამიანებს, რომლებსაც გავლენა აქვთ და მუშაობენ ახალგაზრდებთან.

ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმაც ამ ჯაჭვის ერთ-ერთი ნაწილია.

ფრანკლინის კლუბზე თავდასხმა, „გირჩის“ საზაფხულო ბანაკზე თავდასხმა და ასე შემდეგ. ამ თავდასხმებით უნდათ აჩვენონ, რომ ეს ხალხი საფრთხეა საზოგადოებისთვის. შესაძლოა მართლა სჯერა ზოგს ამ საფრთხის არსებობის. იმის, რომ პირდაპირ საზაფხულო ბანაკში, ან რაიმე სკოლაში, ან უნივერსიტეტში შეიძლება მოამზადო ახალგაზრდები რევოლუციისთვის ან რაღაც ძალადობრივი გადატრიალებისთვის.

რადგან კანონი იცავს გამოხატვის უფლებას და ამ პროცესებს ვერ უპირისპირებენ კანონიერ საშუალებებს, ვერც ისეთი კანონი მიიღეს, რომლითაც შეზღუდავდნენ მათ აქტივობას, ისეთი, რომლის მიღების მცდელობაც ჰქონდათ მარტში, ახლა გადავიდნენ ფიზიკური ძალის გამოყენებაზე.

  • თავის დროზე რუსეთშიც ასე დაიწყო არა რეჟიმის გაძლიერება? ჯერ სოციალური სივრცის კონტროლი დაიწყეს, შემდეგ სახელოვნებო წრეების, შეაღწიეს უნივერსიტეტებში და ბოლოს მიიღეს კანონი, რომელიც, ფაქტობრივად, კლავდა დემოკრატიას.

ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რატომ არ მოგვწონდა საბჭოთა კავშირი. იმიტომ კი არა, რომ წითელი დროშები ჰქონდათ ან ნამგალი და ურო იყო გამოსახული ამ დროშაზე, არამედ იმიტომ, რომ ყველა ინსტიტუციას, ყველა საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმას აკონტროლებდა სახელმწიფო. ის წყვეტდა, როგორი უნივერსიტეტი უნდა გვქონოდა, როგორი კინო უნდა გადაგვეღო, სახელმწიფო წყვეტდა მუზეუმში, უნივერსიტეტში რა უნდა ესწავლებინათ, როგორ მოიქცეოდა სტუდენტი, სახელმწიფო წყვეტდა სკოლაში რა შინაარსი უნდა ესწავლათ და ასე შემდეგ.

სახელმწიფო უზღუდავდა ადამიანებს დემოკრატიულად განვითარების შანსებს. იმისთვის, რომ ეს თავისუფლება შევინარჩუნოთ, მე მგონი პასუხი უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, თუ ის არადემოკრატიულ გზებს მიმართავს.

მაგალითად, მაშინ, როცა კობახიძე ამბობს სტუდენტების შეზღუდვასთან დაკავშირებით, ან კინოცენტრის პრიორიტეტების შესახებ. ეს ყველაფერი უნდა განვსაჯოთ დემოკრატიის პრიზმიდან.

თუ „ქართული ოცნება“ ანტიდემოკრატიულია, მაშინ ანტიდემოკრატიული ძალების შეზღუდვა უნდა მოხდეს იმ დემოკრატიული ჩარჩოებით, რაც გვაქვს – არჩევნებით, სახალხო პროტესტებით თუ სხვა მეთოდით.

  • რა ლოგიკით ითხოვს კობახიძე უნივერსიტეტის პოლიტიკისგან დაცლას, როცა თვითონ პოლიტიკოსია და თავად აქვს შეხება სტუდენტებთან?

მაგ ლოგიკით ის ამბობს, რომ უნივერსიტეტში როცა ვარ, მე არ ვარ პოლიტიკოსი, რაც შეუძლებელია. აქ მომექეცით როგორც პროფესორს და ქუჩაში რომ გავალ, მერე მომექეცით როგორც პოლიტიკოსს, ეს დაახლოებით იგივე მოთხოვნა იქნება, კობახიძემ რომ თქვას, პარლამენტში როცა ვარ, ცოდნას ნუ მთხოვთ, იმიტომ, რომ ცოდნა მე მხოლოდ უნივერსიტეტში ყოფნის დროს მომეთხოვებაო. ეს აბსურდია თავისთავად – გამიჯვნა საკუთარი ცხოვრებისა და საკუთარი როლის.

  • „პოლიტიკაში არ ვერევი“ – ამ მიდგომის დამკვიდრებას აქტიურად ცდილობენ სკოლებშიც. იქნებ განმარტოთ, რატომ არის ეს არასწორი პოზიცია და რატომ ეხება პოლიტიკა რეალურად ყველას?

ამას წინათ მქონდა ინტერვიუ განათლების ერთ-ერთ უცხოელ სპეციალისტთან, რომელიც ჰყვებოდა, რომ როცა მასწავლებლებს გვქონდა დაბალი ხელფასები, შევქმენით საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც ჩამოიარა სოფლებში და მასწავლებლებს მოუწოდა შესულიყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოებში იმისთვის, რომ გავლენა ჰქონოდათ სახელმწიფოზე, რომ მომატებოდათ ხელფასი და უკეთესი სამუშაო პირობები ჰქონოდათო.

ეს არის პოლიტიკის წარმოების სწორი გზა: როცა შენ რაღაც პრობლემა გაქვს და გინდა ეს პრობლემა გადაჭრა, ან შენს წარმომადგენელს პოულობ, რომელიც იბრძოლებს შენი იდეების მისაღწევად, ან შენ თვითონ შედიხარ ამ პროცესში.

უამრავი მაგალითი გვაქვს, როდესაც უნივერსიტეტის პროფესორები მონაწილეობდნენ პოლიტიკურ პროცესებში, პრეზიდენტებიც გახდნენ და პრემიერ-მინისტრებიც. ამით უარი არ უთქვამთ საკუთარ აკადემიურ წარსულზე, ეს ჩვეულებრივი ამბავია.

თუ სკოლას, უნივერსიტეტს უნდა, რომ უკეთესი განათლების პოლიტიკა იყოს ქვეყანაში, მაშინ უნდა ჩაერიოს პოლიტიკაში.

ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ბავშვებს მოუწოდოს რომელიმე პარტიის მხარდაჭერისკენ, არამედ იმსჯელოს იმ იდეებზე, რომლებიც აკლია ჩვენს პოლიტიკას და ადვოკატირება მოახდინოს იმ ცვლილებების, რომლებიც აუცილებელია ამ ქვეყანაში. ეს არის პოლიტიკაში ჩარევა.

მაგალითად, თუ გვინდა გვქონდეს უკეთესი სახელმძღვანელოები და ვმსჯელობთ რა პრობლემები აქვს დღევანდელ სახელმძღვანელოს, ეს არის პოლიტიკაში ჩარევა. ჩვენთან პოლიტიკაში ჩარევა რატომღაც ჰგონიათ ის, რომ ისხდნენ საარჩევნო შტაბში.

საზოგადოების კონტროლის ფორმაა, როცა უნდათ, რომ მოწყვიტონ ადამიანები პოლიტიკას და მოუწოდებენ სხვადასხვა ინსტიტუტს არ ჩაერიონ იმ ძირითად პროცესში, რომელიც არის განმსაზღვრელი საზოგადოების განვითარების.

დემოკრატია გულისხმობს საზოგადოების ფართო ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში. თუ შენ საზოგადოებას ეუბნები, თან იმ ნაწილს, ვინც ცოდნას ავრცელებს, ქმნის, იკვლევს, შეიმუშავებს და ორგანიზებას უწევს ამ ცოდნის გავრცელებას, რომ არ ჩაერიოს პოლიტიკაში, აბა, ვინ უნდა ჩაერიოს? მხოლოდ პარტიული მუშაკები?

  • რა რეაქცია უნდა ჰქონდეთ ამ ყველაფერზე უნივერსიტეტებს?

 როცა თსუ-ს რექტორმა თანამდებობა დატოვა, მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრმა. აი, რა შუაში იყო პრემიერ-მინისტრი უნივერსიტეტის რექტორთან?

მისი დანიშნული იყო, თუ დაფინანსებული? რა კავშირი ჰქონდა, მაგრამ ეს სტრუქტურულად პრემიერ-მინისტრსაც ასე ესმის და საუნივერსიტეტო საზოგადოებაც ვერ ხედავს პრობლემას, რომ ასეთ დაქვემდებარებაში იყოს. ელიან, რომ ამისგან რაღაც სარგებელს მიიღებენ. სინამდვილეში, სარგებლის ნაცვლად იღებენ კონტროლს, რითაც შემდეგ იზღუდება მათი არა მხოლოდ გამოხატვის თავისუფლება, არამედ კვლევის, მოქმედების თავისუფლება და სხვა.

დღეს პოლიტიკოსები წყვეტენ, რომელ მეცნიერს რომელ მუზეუმში შეუძლია იკვლიოს ის მემკვიდრეობა, რომელიც ამ მუზეუმებში ინახება, ეს არის დაუშვებელი. სუსტები არიან რექტორები.

სტუდენტებს კი ყოველთვის აქვთ ძალა და მათი გაკონტროლება შეუძლებელია, თუ მაინც და მაინც არ დააშინე. საბჭოთა რეჟიმებშიც კი შეეძლოთ სტუდენტებს პროტესტის გამოეთქვათ და ყოველთვის არსებობდა და იარსებებს ასეთი ხალხი.

როგორ ავირიდოთ ზაფხულში საკვებით მოწამვლა – ექიმის რჩევები

საკვებით მოწამვლის მაჩვენებელი ზაფხულის თვეებში იზრდება, რადგან თბილ ამინდში ბაქტერიები უფრო სწრაფად მრავლდებიან. საკვებით მოწამვლა ხდება ბაქტერიით, ვირუსებით, პარაზიტებით, ან ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღებით. როგორც წესი, დაბინძურება ვითარდება საკვების ან სასმელების არასათანადო მომზადების ან შენახვის მიზეზით. ბათუმის სამედიცინო ცენტრის გასტროენტეროლოგი თამარ გორგოშაძე „ბათუმელებთან“ საუბრობს, როგორ ავირიდოთ თავიდან ზაფხულში საკვებით მოწამვლის შემთხვევები.

  • რატომ იზრდება ზაფხულში კვებითი ინტოქსიკაციის შემთხვევები?

ყველა დაავადებას ახასიათებს  სეზონურობა, ზაფხულში  კი გავრცელებულ დაავადებად გვხვდება  კუჭ-ნაწლავის ინფექციები. ზაფხულობით საკვებისმიერი მოწამვლის შემთხვევების უმეტესობა ჰიგიენას, უფრო სწორად კი მის არ დაცვას უკავშირდება, მაგალითად თერმულად დაუმუშავებელი ხილის მიღება, ე.წ. „ფასთ ფუდი“ და ასე შემდეგ. 

საქმე ის არის, რომ კვებითი ინტოქსიკაციის გამომწვევებს [ბაქტერიებსა და ვირუსებს] ტემპერატურის ცვალებადობასთან ერთად  გამრავლების და  ცხოველქმედების პერიოდი უდგათ. ამ დაავადების გავრცელების მექანიზმი ფეკალურ-ორალურია და დაავადების გავრცელება ხდება არასრულფასოვნად დამუშავებული საკვების მიღების შემთხვევაში. 

ამიტომ არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში, ხელების ხშირი დაბანა და საკვების სათანადოდ დამუშავება.

  • როგორ გამოვლინდება მოწამვლა?  

გასტროინტესტინური სიმპტომებიდან აღსანიშნავია: გულისრევა, ღებინება, ტკივილი და დისკომფორტი, ფაღარათი 3-ჯერ და მეტჯერ დღის განმავლობაში წყლისებრი მასებით.   სხვა სიმპტომებიდან საყურადღებოა ტემპერატურული ცვლილებები; გაუწყლოების ნიშნები, როგორიცაა: პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, სისუსტე, მხედველობის დაქვეითება და კუნთების ტკივილი. 

ზოგადად, კვებითი ინტოქსიკაცია შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქი საშუალო და მძიმე ფორმებით, ხშირად, სიმპტომური მკურნალობის შემთხვევაში პროცესი განიცდის უკუგანვითარებას, ხშირ შემთხვევაში პროცესი შეიძლება  გართულდეს და საჭირო გახდეს სხვა სახის მკურნალობა.  

  • გაფუჭებული ან დაბინძურებული საკვების მიღებიდან რამდენ ხანში იგრძნობა სიმპტომები?

ეს ინდივიდუალურია, სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს საკვების მიღებიდან რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღის შემდეგ. ინტოქსიკაციის სიმძიმიდან გამომდინარე პროცესი შეიძლება გაგრძელდეს 1-დან 10 დღემდე.

  • რა საკვები უნდა მიიღოს ადამიანმა საკვებით მოწამვლის დროს?

ინტოქსიკაციის დროს უნდა მოხდეს სითხის ბალანსის შევსება, დიეტური საკვების მიღება, მოხარშულის სახით. კვებიდან უნდა გამოირიცხოს  მწარე, მჟავე, ცხიმიანი საკვები და სეზონისთვის გავრცელებული  ხილის მიღება, რეკომენდებულია მხოლოდ ბანანი და ვაშლი. 

  • რა არის პირველადი დახმარება საკვებისმიერი ინტოქსიკაციის დროს?

მსუბუქ შემთხვევაში უნდა მოხდეს კუჭის ამორეცხვა,  სითხის  ბალანსის შევსება,  და სიმპტომური მკურნალობა. თუ პროცესი გახანგრძლივდა და გართულდა, საჭიროა ლაბორატორიულ კვლევებთან კომბინაციაში, მედიკამენტების ჩართულობა. 

____________________________________

სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით:

  • ხილი და ბოსტნეული კარგად უნდა გაირეცხოს გამდინარე წყალში;
  • ხილისა და ბოსტნეულის გარეცხვამდე აუცილებლად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით;
  • ჯვარედინი დაბინძურების თავიდან ასარიდებლად გამოიყენეთ სხვადასხვა ფერის საჭრელი დაფები სხვადასხვა სურსათისთვის; გამოყენების შემდეგ დაფები გარეცხეთ და სუფთად შეინახეთ;
  • სურსათის შენახვისას აუცილებელია ტემპერატურული რეჟიმების სწორად დაცვა: ცხელი კერძების შეინახეთ მინიმუმ 60°C ტემპერატურაზე;  ცივი კერძები შეინახეთ მაქსიმუმ 5°C ტემპერატურაზე;
  • სურსათი კარგად დაამუშავეთ თერმულად;
  • განაცალკევეთ უმი ხორცი და თევზი თერმულად დამუშავებულისგან.

ამავე თემაზე:

როგორ დავეხმაროთ ადამიანს საკვებით მოწამვლის დროს – ექიმის რჩევები

 

 

ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია სრულად – 120 ათასი ლარით დაფინანსდება

საქართველოში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია სრულად (120 000 ლარით) დაფინანსდება. ფინანსდება როგორც დიაგნოსტიკის, ასევე ოპერაციის ხარჯები.

აქამდე მოქმედი სახელმწიფო პროგრამით, ღვიძლის ტრანსპლანტაცია დადგენილი ტარიფის ფარგლებში ფინანსდებოდა არა უმეტეს 70 000 ლარით, პაციენტის თანაგადახდის წილი კი 50 000 ლარს შეადგენდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამით, გასული წლიდან ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ადგილობრივ პაცენტებს 80 000 ლარით უფინანსდებოდა, დამატებით 30 000 ლარს მათთვის ბათუმის მერია გამოყოფდა, ხოლო აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის 110 000 ლარს მთლიანად აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გასცემდა.

ღვიძლის ტრანსპლანტაციის კომპონენტს თანაგადახდის წილი მთლიანად მოეხსნა და ჯანდაცვის სამინისტრო მომსახურებას ახლა სრულად – 120 000 ლარით დააფინანსებს.

სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი 1 პირის ნეშტს ოჯახს გადასცემენ

1937 წელს რეპრესირებული ერთი პირის ნეშტს, რომლის იდენტიფიცირებაც გასულ წელს მოხდა, ოჯახს გადასცემენ.

შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო. სპეციალურმა კომისიამ, კი რომელიც აჭარაში აღმოჩენილ რეპრესირებულ პირთა სამარხებთან დაკავშირებითაა შექმნილი, ნეშტის ოჯახისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა.

ამ კომისიამ დღეს, 19 ივნისს, მორიგი შეხვედრა გამართა.

კომისიის წევრები ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაეცნენ, რომელიც ერთ-ერთი რეპრესირებულის 1937 წლის 27 დეკემბერს გარდაცვლილად აღიარებას ეხება.

კომისიის გადაწყვეტილებით, დახვრეტილი კაცის ოჯახს უფლება აქვს, ნეშტი დაკრძალოს გარდაცვალების ცნობის მიღების შემდეგ.

სამარხი, რომელშიც აღმოჩენილი ნეშტებიდან 3 ადამიანის ვინაობა დადგინდა, 2021 წლის აგვისტოში გახსნეს, ხელვაჩაურში მდებარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე.

ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილთა მე-5 სამარხის შესწავლა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინიციატივით, „საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციის“ დახმარებითა და ამერიკელი ექსპერტების ჩართულობით მოხდა.

„ჩვენ კიდევ გვაქვს პირველი ოთხი სამარხიდან ამოსვენებული 150-მდე ნეშტი, რომლებიც გადასვენებულია ანთროპოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის ბაზაზე და მიმდინარეობს მათი ექსპერტიზა.

მეხუთე სამარხის 28 ნეშტიდან მხოლოდ ერთზე გვაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება. იდენტიფიცირებულია კიდევ ორი ნეშტი, პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და გადაწყვეტილება არ გვაქვს,“ – აღნიშნა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, კიდევ 150-მდე ნეშტია, რომლებიც გადასვენებულია ანთროპოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის ბაზაზე და იქ მიმდინარეობს მათი ექსპერტიზა.

,,ჩემი მეუღლე მთელი სიცოცხლის განმავლობაში მამის ნეშტს ეძებდა,“ – ამბობს ეთერ ბერიძე-კუზნეცოვა, რომელიც იდენტიფიცირებული რეპრესირებული კაცის, ხასან დიშლიოღლის რძალია, – „სამარხების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გაგვიჩნდა სურვილი, მომხდარიყო ნეშტის იდენტიფიცირება, ოჯახის წევრებს ჩაუტარდათ დნმ კვლევები და დადასტურების შემდგო, ვითხოვეთ ნეშტის ოჯახზე გადმოცემა. ჩემი მეუღლე ამას ვერ მოესწრო… ის მთელი ცხოვრება ეძებდა მამამისის ნეშტს“ – თქვა მან კომისიის სხდომაზე.

სამარხების საკითხზე მომუშავე კომისია

 

ამ თემაზე:

ბათუმში დახვრეტილთა სამარხში ნაპოვნი ნეშტებიდან 3 იდენტიფიცირებულია – რას ჰყვებიან ოჯახში

რატომ არის საშიში სესხის ხელშეკრულება, როცა ბინაში „ასტუპნოით“ შედიხარ – ინტერვიუ იურისტთან

იპოთეკურის ნაცვლად სესხის ხელშეკრულება – დაზარალებული მოქალაქეები ჰყვებიან, რომ ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულების მიუხედავად, თანხას უკან ვეღარ იბრუნებენ.

„შარშან ავიღე ბინა „ასტუპნოით“, იმდენს ვეძებდით ოჯახი და სანათესაო, ყველას გაგვიხარდა 4 ათას დოლარად რომ გამოჩნდა ბინა… ერთი წლით შევედი, თანხა მესაკუთრეს ნოტარიუსთან ჩავუთვალე. მალე აღმოჩნდა, რომ ეს ბინა მისი საკუთრება არ ყოფილა, უქირავებია, 5 თვე გვიხადა ქირის ფული და გაუჩინარდა. ახლა საერთოდ აღარ მპასუხობს,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ტარიელ მეგრელიძე. მასაც, ათეულობით სხვა დაზარალებულის მსგავსად, სესხის ხელშეკრულება გაუფორმებია.

იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი განმარტავს, რატომ უნდა ვთქვათ უარი ამ დროს სესხის ხელშეკრულებაზე.

„სესხის ხელშეკრულება მხარეებს ვერ შესთავაზებს ვერანაირ დაცვის გარანტიას იმის მიუხედავად, ეს ხელშეკრულება იქნება ნოტარიული წესით დადებული, თუ დარეგისტრირებული იქნება აღსრულების ეროვნულ ბიუროში, საუკეთესო ვარიანტი იპოთეკური ხელშეკრულებაა,“ – ამბობს ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილი.

„ბათუმელებმა“ იურისტ გიორგი ხიმშიაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო გიორგი, რა ქმნის თანხის დაბრუნების საფრთხეს, როცა ადამიანი შედის სხვის ბინაში საცხოვრებლად და მესაკუთრესთან აფორმებს იპოთეკურის ნაცვლად სესხის ხელშეკრულებას? 

პრაქტიკა აჩვენებს იმას, რომ მხარეები ცდილობენ, არსებულ საკანონმდებლო მოთხოვნებს გვერდი აუარონ და დადონ მარტივი გარიგება, მარტივად მოაწესრიგონ სამართლებრივი ურთიერთობები.

ე.წ. „ასტუპნოს“ შემთხვევაში მარტივი ფორმაა სესხის ხელშეკრულებაც. ასეთ დროს მხარეები დებენ ხელშეკრულებას, მაგრამ არ არსებობს სამართლებრივი დაცვის გარანტიები.

როცა საუბარია გარანტიებზე – იპოთეკა [უძრავი ქონების შემთხვევაში] და გირავნობა [მოძრავი ქონების შემთხვევაში], არის ყველაზე კარგი გარანტია, რომელსაც გვთავაზობს კანონმდებლობა.

სესხის ხელშეკრულებისგან განსხვავებით, იპოთეკური ხელშეკრულება მხარეს აძლევს გარკვეულ მექანიზმს და გარანტიას, რომ თუ მსესხებელი ვერ უზრუნველყოფს მის მიერ მიღებული თანხის, სესხის უკან დაბრუნებას, მაშინ  გამსესხებელს აქვს შესაძლებლობა, იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე მიაქციოს მოთხოვნა: გაიტანოს აუქციონზე, გაყიდოს, წაიღოს საკუთრებაში და ასე შემდეგ.

როდესაც ნოტარიულად ფორმდება იპოთეკის ხელშეკრულება, ნოტარიუსს აქვს უფლება – მხარეების მოთხოვნის საფუძველზე და ხელშეკრულებაში მითითების შემთხვევაში – გასცეს სააღსრულებო ფურცელი. ეს მხარეებს შესაძლებლობას აძლევს, რომ სასამართლო დავის გარეშე მიმართონ აღსრულების პროცედურას.

  • სესხის ხელშეკრულებაც ხომ გულისხმობს იმას, რომ მსესხებელმა უნდა დააბრუნოს ვალი, ხოლო თუ ფული არ აქვს, ვალდებულება შეეხება მის უძრავ, ან მოძრავ ქონებას? 

სესხის ხელშეკრულებას ადვოკატები ვეძახით „მარტივ ხელშეკრულებას“. რა თქმა უნდა, სესხის ხელშეკრულება არის მხარეებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობების იურიდიული ფიქსაცია. წერილობითი სესხის ხელშეკრულება არის სამართლებრივი შესაძლებლობა იმისთვის, რომ დადასტურდეს მხარეებს შორის თანხის სესხების ფაქტი. მაგრამ რაც შეეხება ვალდებულების შესრულებას – რა გარანტია აქვს ამ დროს თანხის გამსესხებელს? – ამ გარანტიას მარტივად გაფორმებული სესხის ხელშეკრულება ვერ გვთავაზობს.

სამართლებრივი დავის დროს, მხარე დამოკიდებულია მსესხებლის ქონებრივ და ფინანსურ შესაძლებლობებზე. არის შემთხვევები, როცა მსესხებელი ვერ ისტუმრებს სესხს და ამ დროს გამსესხებელი არის სამართლებრივ ჩიხში.

  • რა ქმნის ჩიხს ძირითადად? 

ჩიხს ქმნის რამდენიმე ფაქტი: პირველი – მსესხებელი არ ფლობს უძრავ, ან მოძრავ ქონებას, არანაირ აქტივს, არ მუშაობს… ფაქტობრივად, ქონებრივი აქტივი მსესხებელს არ აქვს. ამ დროს რჩება ერთადერთი გზა – გამსესხებელი დაელოდოს მსესხებლის ქონებრივ შესაძლებლობებს, რომ შეძლოს, თანხის ამოღება. ეს გრძელდება წლები და არის დაუსრულებელი პროცესი.

ამიტომაც, ყველაზე ოპტიმალურია, თანხის გასესხების დროს, პირველ რიგში, კონსულტაცია გაიარონ იურისტთან, ასევე, დაინტერესდნენ გამსესხებლები მსესხებლის ფინანსური მდგომარეობით, მისი ბიოგრაფიული და ქონებრივი მონაცემებით. არსებობს საჯარო ბაზები, სადაც ამ მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია. მნიშვნელოვანია, მხარეებმა სწორი სამართლებრივი ურთიერთობით დაიწყონ თანამშრომლობა.

ნებისმიერ სახელშეკრულებო ურთიერთობაში მხარეები უნდა ხელმძღვანელობდნენ კეთილსინდისიერების პრინციპით. როდესაც ერთი მხარე კეთილსინდისიერების პრინციპს არ იცავს, ცხადია, მეორე მხარე მიმართავს სამართლებრივი დაცვის ღონისძიებებს. ამ შემთხვევაში მიმართავს სასამართლოს და ამისთვის მას დასჭირდება ხარჯის გაღება: სასამართლოსთვის მიმართვის ხარჯი, ადვოკატის მომსახურება და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია – დრო, რომელიც სჭირდება საქმის განხილვას.

ჩვენ გვაქვს აღსრულების გამარტივებული მექანიზმიც, როცა აღსრულებას შეუძლია, სასამართლო დავის გარეშე, პირდაპირ დაიწყოს აღსრულება. უმრავლეს შემთხვევაში ეს პროცედურა არ გამოიყენება, რადგან მეორე მხარე არაა თანახმა.

აღსრულების ეროვნულ ბიუროს აქვს სერვისი, როდესაც ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით მხარეებს სთავაზობენ სესხის ხელშეკრულების რეგისტრაციას აღსრულების ბიუროში. ამ დროს გარკვეული ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლის გაწევის მექანიზმი აქვს აღსრულებას.

  • რა უპირატესობა აქვს ნოტარიუსთან შედარებით ხელშეკრულების რეგისტრაციას აღსრულების ბიუროში? 

ორივე მექანიზმი – ნოტარიუსი და აღსრულება – არის ეფექტური. სესხის ხელშეკრულების რეგისტრაცია შესაძლებელია აღსრულების ეროვნულ ბიუროში, რომელიც აწესებს კონტროლს ვალდებულებების შესრულებაზე. თუ ეს ვალდებულება დაირღვევა, აღსრულების ბიურო მყისიერად აამოქმედებს აღსრულების მექანიზმს.

რაც შეეხება ნოტარიუსს, ნოტარიუსსაც აქვს რესურსი, გასცეს სააღსრულებო ფურცელი და დაიწყოს პროცედურა. განსხვავება იმაშია, რომ  იპოთეკის ხელშეკრულება აუცილებლად უნდა დამოწმდეს ნოტარიულად, ხოლო როცა მხოლოდ სესხის ხელშეკრულებაა, შეგიძლია ნოტარიულად დაამოწმო, ან პირდაპირ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაარეგისტრირო.

  • ზოგიერთი დაზარალებული მიუთითებს იმაზე, რომ სესხის ხელშეკრულება გააფორმეს ნოტარიულად. ნოტარიული დამოწმება რას ცვლის? 

სესხის ხელშეკრულება მხარეებს ვერ შესთავაზებს ვერანაირ დაცვის გარანტიას იმის მიუხედავად, ეს ხელშეკრულება იქნება ნოტარიული წესით დადებული, თუ დარეგისტრირდება აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

იმისთვის, რომ მხარისთვის მიცემული თანხის უკან დაბრუნებას ჰქონდეს სამართლებრივი მექანიზმი, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ იპოთეკა, ან გირავნობა. არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი – თავდებობა, როცა კონკრეტული ფიზიკური პირი, ან კომპანია ხდება ამ სახელშეკრულებო პროცესის მონაწილე.

ნებისმიერი გარიგება, ნოტარიუსთან გაფორმდება ეს ხელშეკრულება, თუ აღსრულების ბიუროში, არცერთი პირი არ არის პასუხისმგებელი, მის მიერ გაცემული თანხის უკან დაბრუნებაზე. თანხის უკან დაბრუნების მექანიზმს გვთავაზობს კანონმდებლობა. ნოტარიუსი და აღსრულების ბიურო მხოლოდ თანხის სესხების ლეგიტიმაციის ფიქსაციას ახდენენ. ნებისმიერი თანხის გაცემას კი, წინ უნდა უძღოდეს მისი დაბრუნების უზრუნველყოფის გარანტია – უძრავი ქონება, მოძრავი, ან ნებისმიერი სხვა აქტივი, რაც შეიძლება იყოს გამოყენებული.

ნებისმიერი სხვა გარიგება, რომელსაც არ ახლავს უზრუნველყოფის გარანტიები, არის დამოკიდებული მხოლოდ მხარეთა კეთილსინდისიერებასა და ფინანსურ შესაძლებლობაზე.

  • როცა იპოთეკური ხელშეკრულება ფორმდება და ასხვისებს ბინას მესაკუთრე, ამ დროს რა ხდება?  

იპოთეკის რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, ან გირავნობის რეგისტრაცია მოძრავ ქონებაზე, ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი შემძენი არის ინფორმირებული ამ ვალდებულების შესახებ.

იპოთეკური ხელშეკრულება ავტომატურად რეგისტრირდება რეესტრში და იგი აისახება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

თიბისის ქეშბექების აქცია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად

თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად ქეშბექების აქციას იწყებს, რომლის პარტნიორებიც არიან: სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „ნოვა“, საყიდლების ციფრული პლატფორმა Veli.store, გარე რეკლამის კომპანია Pixel Outdoor და სარეკლამო კომპანია Allprint.

აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, თიბისი ბიზნეს ნაკრების გამომწერს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს განსაკუთრებული შეთავაზებით და ყოველი გადახდისას მომენტალურად დაიბრუნო თანხა შემდეგ სერვისებზე:

  • ნოვა: სამშენებლო და სარემონტო მასალები – 20%, მაქსიმუმ 200 ლარი
  • Pixel Outdoor: გარე რეკლამის განთავსება ბათუმში – 30%
  • Allprint: სარეკლამო კომპანია – 20%, მაქსიმუმ 200 ლარი
  • Veli.store: ონლაინ მაღაზია – 30%, მაქსიმუმ 200 ლარი

ქეშბექების აქცია ბიზნეს ნაკრების მფლობელებისათვის უკვე შედგა Veli.store-ისთან, რომელთან წარმატებულმა პარტნიორობამ აჩვენა, რომ მსგავსი ტიპის აქციების მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარეობს და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

შეგახსენებთ, რომ აქციებით სარგებლობისათვის, საჭიროა, თქვენ გახდეთ საბანკო პროდუქტების ნაკრების მფლობელი. გამოწერის სერვისი ბიზნეს საბანკო მომსახურების ინოვაციური მოდელია, რომელიც სამი განსხვავებული ნაკრებისგან შედგება. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს მისთვის სასურველი ნაკრები, გადაიხადოს ყოველთვიური ან ყოველწლიური ფიქსირებული ტარიფი და მიიღოს ნაკრებში შემავალი ყველა პროდუქტი და სერვისი ერთობლივად, დამატებითი დანახარჯების გარეშე.

მერმა ფული გამოგვძალა, პოლიციის უფროსმა კი გვცემა – ხელვაჩაურის მცხოვრებლები | VIDEO

„ხელვაჩაურის მერი, ზაზა დიასამიძე, არის კორუმპირებული – ამ სიტყვებისთვის ხელვაჩაურის პოლიციის უფროსმა დამაკავა, პოლიციაში გადაყვანის შემდეგ კი, ფეხები მირტყა თავისა და ტანის არეში“, – გვიყვება თორნიკე ქავთარაძე, ხელვაჩაურის მცხოვრები.

აქ ამბობენ, რომ კონფლიქტი მოქალაქეებსა და მერიას შორის ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ხელვაჩაურის მერიამ მოქალაქეებს აუწყა, რომ სასმელი წყლის ჭაბურღილებისთვის საჭირო ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადონ – თვეში 45 ლარი.

„ბათუმელებს“ ხელვაჩაურში მცხოვრებმა ათამდე მოქალაქემ უთხრა, რომ 45 ლარს ისე ახდევინებდნენ, რომ გადახდის ქვითარს არ გასცემდნენ. სწორედ ამიტომ გაუჩნდათ მოქალაქეებს ეჭვი, რომ მათი ფული „ვიღაცის ჯიბეში წავიდა“. მალევე სოფელში ხელმოწერებიც შეაგროვეს თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით.

მოქალაქეებმა თანხის დაბრუნებაში დახმარების თხოვნით მიმართეს ხელვაჩაურის საკრებულოსაც. ამბობენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ ირემაძემ, ისინი ცინიკურად მოიშორა: „ევროპაში თუ გინდათ, გადაიხადეთ გადასახადები“. მოქალაქეების აზრით, შეუძლებელია საკრებულოს თავმჯდომარემ არ იცოდეს, რომ ხელვაჩაურში არც ერთი ოჯახი არ არის აბონენტად დარეგისტრირებული და შესაბამისად თანხის ამოღებაც გამოძალვაა.

მერიაში მათ ფულის დაბრუნებაზე უარი უთხრეს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სულ 19 წყლის ჭაბურღილია. ერთი ჭაბურღილით დაახლოებით 100-110 ოჯახი სარგებლობს. მოქალაქეების გათვლებით, მერიამ მათ ჯიბიდან „დაახლოებით 70 ათასი ლარი ააცალა“.

თორნიკე ქავთარაძის თქმით, სწორედ მან მოახერხა მეზობლების დარწმუნება, რომ მერია უკანონოდ ითვისებდა მათ ფულს. „ეს არ მაპატიეს“ – დარწმუნებულია ახალგაზრდა კაცი.

„დაგვიბრუნოს მერმა ჩვენი ფული უკან“ - მოსახლეობა ხელვაჩაურიდან

[red_box]„პოლიციაში მცემეს, მაფურთხებდნენ და მაგინებდნენ“ – მოქალაქე[/red_box]

თორნიკე ქავთარაძის თქმით, ხელვაჩაურის პოლიციის უფროსმა ის 26 მაისის საზეიმო დღესასწაულზე, მერიასთან მოიხელთა. ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი იაგო დავითაძეა. ცოტა უფრო ადრე ამ თანამდებობაზე ხელვაჩაურის მოქმედი მერი, ზაზა დიასამიძე მუშაობდა.

თორნიკე ქავთარაძის თქმით, ხელვაჩაურის პოლიციაში მას წიხლებით სცემეს, აფურთხებდნენ და აგინებდნენ

„26 მაისის ღონისძიება იყო, გახარებული ვცეკვავდი. ამ დროს მოვიდა ჩემთან უცნობი ადამიანი და მითხრა, რომ დამეტოვებინა ტერიტორია. ფორმა არ ეცვა. მე ვუთხარი, პატივცემულო, როგორც შენ გაქვს აქ ყოფნის უფლება, ისე მაქვს მეც-მეთქი. მითხრა, ბიჭო, აქაურობა უნდა დატოვო, მე პოლიციის უფროსი, იაგო დავითაძე ვარო. მე კიდევ ერთხელ გავუმეორე, მერე რა, რომ პოლიციის უფროსი ხარ, შენც იგივე უფლებით სარგებლობ-მეთქი. ხელი ჰქონდა ჩემზე ჩაჭიდებული, გავაშვებინე და გავეცალე“.

თორნიკე ქავთარაძის თქმით, ამის შემდეგ „ბატონმა იაგომ სადღაც დარეკა“.

„ჩემთვის მოულოდნელად, მომვარდნენ პოლიციელები და მიმათრევდნენ გაურკვეველი მიმართულებით. მე ვეკითხებოდი, სად მივყავდი. მეუბნებოდნენ, ჩუმად იყავიო. ვთხოვე, ხელი გამიშვით, ისედაც წამოვალ-მეთქი. ხელი გამიშვეს, ორნი იყვნენ, იქეთ-აქეთ მედგნენ და პოლიციის ავტომობილთან მიმიყვანეს. შემდეგ თავად ბატონი იაგო მოვიდა და უბრძანა, რომ ავტომანქანაში შევეტენე“.

თორნიკესთან ერთად დააკავეს მისი მეგობარი რომან ფარტენაძეც. რომანის თქმით, პოლიციელებს არც კი მიახლოებია, ისე ეკითხებოდა, თუ სად მიჰყავდათ დაკავებული. „ესეც ბევრს ლაპარაკობს. დააკავეთ – თქვა ვიღაცამ და მეც ჩამსვეს მანქანაში“, – იხსენებს რომანი, რომელმაც შემდეგ შეიტყო, რომ მისი დაკავების ბრძანება პოლიციის უფროსის მოადგილეს გაუცია.

ხელვაჩაურის მერი, ზაზა დიასამიძე

თორნიკეს თქმით, მას ხელბორკილები პოლიციაში მისვლის შემდეგ დაადეს. „იაგო მოვარდა განყოფილებაში და დამიწყო ცემა, გინება. მიყვიროდა, აღარ მეთქვა, ზაზა დიასამიძე გამომძალველი და კრიმინალი რომაა“, – იხსენებს თორნიკე 26 მაისის ამბებს.

თორნიკეს შეფასებით, პოლიციის უფროსი „კიდევ უფრო გაღიზიანდა“, როცა ის ცემის მიუხედავად ერთსა და იმავეს ეკითხებოდა – „რატომ დამაკავეთ“:

„იაგომ დაუწყო ყვირილი პოლიციელებს, თუ რატომ არ მირტყამდნენ, რის შემდეგაც ყველა წიხლებით შემდგა. მაფურთხებდნენ და მაგინებდნენ, ჩემ დამცირებას ცდილობდნენ. რაუნდ-რაუნდ მირტყამდნენ. მე მაინც იმავეს ვეკითხებოდი, რატომ დამაკავეს და რატომ მირტყამდნენ“.

იაგო დავითაძე, ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი

მას შემდეგ, რაც თორნიკეს ცემისგან სხეულზე არაერთი ნიშანი დააჩნიეს, იაგომ კატეგორიულად გააფრთხილა, ხელვაჩაურის მერი რომ აღარ უნდა ახსენოს – ესეც თორნიკე ქავთარაძის მონათხრობია.

„ბოლოს მითხრა, ჩვენ ის გვაინტერესებს, რომელი პარტიის დაკვეთას ასრულებო. რეალურად არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ, არც მე და არც ჩემი ის მეზობლები, რომლებიც ამბობენ, რომ ხელვაჩაურის მერმა ფული გამოგვძალა“, – აცხადებს თორნიკე.

დაკავებულები ლანჩხუთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც, იაგოს თქმით, სასწრაფოს ექიმი მიხვდა, რომ იგი ნაცემი იყო და მოითხოვა მისი საავადმყოფოში გადაყვანა.

პოლიციის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, დაკავებულებს ორი მუხლის დარღვევას ედავებოდნენ: „წვრილმანი ხულიგნობა“ და „წინააღმდეგობის გაწევა“

„რომელი მოკრივეები ჩვენ ვართ, მაგათ წინააღმდეგობა გაუწიოთ, ან სულელები ხომ არ ვართ. წინააღმდეგობა რომ გაგვეწია, წარმოგიდგენიათ, რას მიზამდნენ? – მუხლებს დამიმატებდნენ“.

თორნიკეს და მისი მეგობრის თქმით, მოსამართლეს მათი მოსმენაც კი არ სურდა – უცვლელად გაიზიარა მოწმე პოლიციელების ჩვენებები.

„მაისური გავიხადე და ვაჩვენე მოსამართლეს, რომ უამრავი დალურჯება, დაზიანება და სისხლჩაქცევა მქონდა. მოვუყევი, როგორ გამისწორდნენ. სიტყვას გამუდმებით მაწყვეტინებდა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე. არც კი სურდა გამოკითხვა ეწარმოებინა ან პოლიციას რაიმე მტკიცებულება წარმოედგინა. ის ამბობდა – ყველაფერი გასაგებია და შეგვიძლია დასკვნით ნაწილზე გადავიდეთო“.

თორნიკე ქავთარაძის თქმით, მოწმეებად სასამართლოში ის ადამიანები გამოვიდნენ, ვინც მათ უსწორდებოდა „ფიზიკურად, ნარკოტიკის ჩადებით გვემუქრებოდა და შეურაცხყოფას გვაყენებდა“.

„საქმის ყველა მოწმე მუშაობს ხელვაჩაურის მერიაში, საკრებულოში ან პოლიციაში“, – აცხადებს თორნიკე ქავთარაძე, რომელიც სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა, მისი მეგობარი რომან ფარტენაძე კი, გააფრთხილა.

თორნიკე ქავთარაძის თქმით, მან უკვე მიმარტა სპეციალური საგამოძიებო სამსახურს.

„ბათუმელები“ ხელვაჩაურის პოლიციაში მივიდა, იაგო დავითაძისთვის რომ ეკითხა, მართლა სცემა თუ არა მოქალაქეს. აქ გვითხრეს, რომ პოლიციის უფროსი ადგილზე არ იმყოფებოდა.

[red_box]„ის ფული ვიღაცის ჯიბეში წავიდა“[/red_box]

„იმ ფულს მერიისგან ვითხოვ უკან. ჯერ წყალი არ მყავს შემოყვანილი და რატომ გადამახდევინეს“, – გვიყვება თორნიკეს პენსიონერი მეზობელი ავთანდილ ვერძაძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ „ის ფული ვიღაცის ჯიბეში წავიდა“:

„გადავიხადე 80 ლარი წყლის „სოჩიკის“, რამდენი თვის იყო, არ ვიცი. მოვითხოვე, მაგრამ არავითარი ქვითარი არ მოუციათ. ფულს რომ ვაბარებთ ბანკში, ერთ ქვითარს წერენ და წყალკანალში ვაბარებთო. სხვა ქვითარი არ იწერებაო“.

ავთანდილ ვერძაძე პენსიონერია. ის თავისი ფულის უკან დაბრუნებას ითხოვს

მეზობელთან გასაუბრებით გავარკვიეთ, რომ გასულ ზაფხულს ხელვაჩაურის მერის ინიციატივით, ისინი ზაზა დიასამიძეს შეხვდნენ. მათ მერმა აუხსნა, რომ „მიიღო კანონი და მოსახლეობამ უნდა გადაიხადოს წყლის ჭაბურღილების ელექტროენერგიის საფასური“.

„ჩვენც დავუჯერეთ“ – ამბობენ ხელვაჩაურში.

აქ მცხოვრებთა თქმით, თანხის შეგროვება დაავალეს მათსავე მეზობელს, რომელიც მაშინ „ხელვაჩაურის წყალში“ მუშაობდა – „ვინც წყალს კურირებდა ადგილობრივ დონეზე“.

ალოგიკური კი ის იყო, რომ თანხის აკრების მიუხედავად, მოსახლეობას წყლის მიწოდება უწყდებოდა.

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ დავრეკეთ და ვთხოვეთ ჭაბურღილზე დენის ჩართვა. აქ გვითხრეს, რომ მრიცხველი, რომელიც ხელვაჩაურის მერიის საკუთრებაა, გამორთულია გადაუხდელობის გამო და საჭიროა მერიიდან დაგვიკავშირდნენო“, – იხსენებენ „ბათუმელებთან“ შესახვედრად შეკრებილი მოქალაქეები.

იმ პირთა სია, ვინც თანხა გადაიხადა. სია შედგენილია შპს „ხელვაჩაურის წყლის“ თანამშრომლის მიერ. სიაში ბევრად მეტი ადამიანია, ვიდრე აქ არის წარმოდგენილი.

მამუკა ქორიძე აზუსტებს, რომ პირადად მას 45 ლარი გადაახდევინეს. „ფული მთელ სოფელს მოგვახეკიეს. ეს ფული ალბათ მთავრობამ აიღო, გადასახდელია მთავრობისო. თუ არაა საჭირო, რატომ უნდა გადავიხადო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითხოვთ ფულს უკან“, – კატეგორიულია მამუკაც.

გიორგი ვარშანიძის თქმით, სოფლის ახალგაზრდები აპირებენ თანხის უკან დასაბრუნებლად სამართლებრივადაც იბრძოლონ

ფულის დასაბრუნებლად სოფლის ახალგაზრდობა მზადაა მერის წინააღმდეგ სამართლებრივი დავაც წამოიწყოს, „დაბრუნებულ ფულს კი სოფლის სხვა საჭიროებას მოახმარენ“.

„ჩემი ოჯახიდან წყლის საქაჩი ჭაბურღილისთვის 90 ლარი გავიდა – მამაჩემმა გადაიხადა, ზურაბ ვარშანიძემ.

ოჯახის წევრებმა ითხოვეს, რახან ვიხდით თანხას, ქვითარი გვინდაო, მაგრამ იყო უარი – არანაირი ქვითარი არ მოსულა არავისთან.

ეს თანხა ტყუილად გადავიხადეთ. ალბათ წავიდა ვიღაცის ჯიბეში, არ ვიცი, სად როგორ მოიხმარეს, მაგრამ სრულ ტყუილზე დაფუძნებულად გადავიხადეთ ეგ თანხა.

სოფელი, ვინც გადავიხადეთ, ხელმოწერების შეგროვებით მივიდა მერთან და უთხრეს, რომ დაგვიბრუნოს ეს თანხა. უარი თქვა. ვითხოვთ კიდევ ერთხელ, რომ თანხა დაბრუნდეს ან მოხმარდეს იმას, რაც სოფელშია გასაკეთებელი“, – აცხადებს გიორგი ვარშანიძე.

მოქალაქეების თქმით, „ათასობით ლარი მიუტანეს შპს „ხელვაჩაურის წყლის“ უფროსს, პაატა ზაქარაძეს, რომელმაც თანხა აიღო კაბინეტში, „ნაღდი ფული“.

[red_box]როგორ ხსნიან ხელვაჩაურში „წყლის ჭაბურღილის“ გადასახადის შემოღებას[/red_box]

„ხელვაჩაურის წყალს“ ჯერჯერობით არ აქვს ლიცენზია, ანუ იმის უფლება, რომ წყალი გაყიდოს. ამას ორგანიზაციის ხელმძღვანელი პაატა ზაქარაძეც ადასტურებს, რომელიც თავდაპირველად დაგვპირდა, რომ ყველა კითხვაზე გვიპასუხებდა, სავარაუდოდ მერთან, ზაზა დიასამიძესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ კი განაცხადა, რომ მხოლოდ მოკლე კომენტარს გააკეთებს და სხვა ინფორმაციის მისაღებად „პიარს მივმართოთ“.

პაატა ზაქარაძეს ვკითხეთ მოსახლეობის ეჭვებზე. „ხელვაჩაურის წყლის“ ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ მოსახლეობის ამ პრეტენზიის შესახებ ჩვენგან შეიტყო:

„მე როგორც ვიცი, ხელვაჩაურის რაიონში მოქმედი ჭაბურღილების ელექტროენერგიის გადასახადს მოსახლეობა თვითონ იხდიდა, უზრუნველყოფდა. თვითონ მოსახლეობა კრებდა თანხას და იხდიდა ელექტროენერგიის გადასახადს. დანარჩენი დეტალები მე არ ვიცი.

ახლა პროგრამულად მუნიციპალიტეტი იხდის ჭაბურღილის გადასახადს, თუ არ ვცდები, ამ წლიდან. წინა წელს არ ვიხდიდით, ჩემი ხელმძღვანელობის დროს ეს არის – ერთი წელია, რაც დავინიშნე, 2021-ის ბოლოს.

მანამ, სანამ არ იქნა შემუშავებული პროგრამა, მოქალაქეების მიერ მოხმარებული ჭაბურღილის ელექტროენერგიის გადასახადს იხდიდნენ მოქალაქეები, მაგრამ ვერ უზრუნველყოფდნენ  თანხის სრულად გადახდას. შესაბამისად, ბიუჯეტიდან იხდებოდა დარჩენილი ნაწილი, რომ წყლის გარეშე არ დარჩენილიყო მოსახლეობა“.

პაატა ზაქარაძის თქმით, „ხელვაჩაურის წყალს“ 19 ჭაბურღილი აქვს. მან ასევე თქვა, რომ ზუსტად არ იცის, რა თანხა იხარჯება ბიუჯეტიდან ამ ჭაბურღილების მუშაობაზე.

პაატა ზაქარაძე აცხადებს, რომ მოქალაქეები თავად იხდიდნენ ჭაბურღილის მოსაკრებელს

ამ კომენტარის გაკეთებამდე სატელეფონო საუბარი გაიმართა პაატა ზაქარაძესა და, სავარაუდოდ, ზაზა დიასამიძეს შორის, სადაც ხელვაჩაურის მერმა მოსთხოვა მის დაქვემდებარებულ სამსახურის უფროს, რომ პიართან გადაგვამისამართოს.

საუბრის ჩანაწერი:

სატელეფონო საუბარი [სავარაუდოდ] ზაზა დიასამიძეს და პაატა ზაქარაძეს შორის

– გადაამისამართე პიართან და პროგრამულად რომ იხდი, ის მიეცი

– ჩვენი თუ აქეთ?

– პიარი, კაცო… შენთან არიან კაბინეტში?

– კი

– რა უნდებიენ შენთან?

– რა ვიცი

– ჰო, ასე არ ხდება… პროგრამულადაც…. ვინ არიან?

– ვებგაზეთი ბათუმელები

– ვააჰ. პიარი უთხარი 

– კი ბატონო.

[red_box]რა თქვა მერმა და რა – პიარმა?[/red_box]

თანხის გამოძალვისა და მოსახლეობის სხვა ბრალდებების შესახებ პასუხის მისაღებად „ბათუმელები“ 9 ივნისს იმყოფებოდა ხელვაჩაურის მერიაში. უწყების პრესცენტრმა გვითხრა, რომ ხელვაჩაურის მერი, ზაზა დიასამიძე, შეხვედრაზეა და ვერ შეგვხვდება. აქ გვირჩიეს კითხვებზე პასუხის მისაღებად წერილობით მიგვემართა. პრესცენტრმა ასევე გაგვაფრთხილა, რომ ამ საკითხზე კომენტარს ზაზა დიასამიძისგან ვერ მივიღებთ.

ხელვაჩაურის მერიიდან წერილობით შემდეგი გვაცნობეს:

ხელვაჩაურის მერიის მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაცია

 

პოლიციაში მირტყამდნენ ფეხებს და მაფურთხებდნენ - მოქალაქე ხელვაჩაურიდან

 

ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმაშია – გარემოს ეროვნული სააგენტო 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მათ მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია.

სააგენტოს ინფორმაციით, უწყება შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 9 სადგურზე ყოველთვიურად აწარმოებს, რითაც ისაზღვრება ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, წყალში გახსნილი ჟანგბადისა და ბიოგენური ელემენტების შემცველობა. იკვლევენ ზედაპირულ და ფსკერისპირა ფენას მძიმე მეტალებსა და ორგანულ დამაბინძურებლებზე.

„ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტო აუმჯობესებს მონიტორინგის სისტემებს. ამ ეტაპზე უკვე შეძენილია თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიული ხელსაწყოები, რომელთა საშუალებითაც მაღალი სიზუსტით განისაზღვრება სპეციფიკური დამაბინძურებლები“, – წერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო.

———————————————-

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო აჭარაში ზღვის წყლის ხარისხს გეგმურად ორ მაჩვენებელზე: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებსა და ლაქტოზადადებითი ნაწლავის ჩხირების არსებობაზე ამოწმებს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში სარფი-ჩოლოქის მონაკვეთზე 7 წერტილში (ბათუმის ცენტრალური პლაჟი, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია, კვარიათი, სარფი, ქობულეთის ცენტრალური პლაჟი, ბობოყვათის მიმდებარე ტერიტორია და მწვანე კონცხი) ზღვის წყლის ბაქტეოროლოგიური კვლევები ჩაატარა.

კვლევები ჩატარდა შემდეგ მაჩვენებლებზე: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, ლაქტოზადადებითი ნაწლავის ჩხირები, ენტეროკოკი, კოლიფაგები, სალმონელას ბაქტერიები.

სინჯებს მცურავი საშუალების გამოყენებით ნაპირიდან 50 მეტრის რადიუსში იღებენ.

წელს ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე 7-ვე წერტილში დასაშვები ნორმის ფარგლებშია, უფრო ზუსტად რომ განვმარტოთ – იმ წერტილებში, საიდანაც პერიოდულად სინჯებს იღებენ, წყალში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების კონცენტრაცია ზღვარს არ აღემატება. მთავრობის ცნობით,  ზღვის წყლის ხარისხი გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია.

მთავრობის ცნობით, „მიმდინარე წელსაც, როგორც ყოველთვის, ყველაზე უკეთესი მაჩვენებლები დაფიქსირდა სარფი-კვარიათისა და მახინჯაური-მწვანე კონცხის ტერიტორიებზე“.

თუმცა აჭარის სანაპიროზე არის წერტილები, სადაც ზღვის წყლის ბაქტეოროლოგიური მაჩვენებელი ზღვარს უახლოვდება. გასულ წლებში ასეთი წერტილი იყო ბარცხანა.

ბათუმში 8 ათასამდე აბონენტი გაზის გარეშეა

ბათუმში დღეს, 19 ივნისს, 8 ათასზე მეტ აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.

კომპანია „სოკარის“ ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიზეზი ავარიაა: „ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ მიწისქვეშა გაზსადენი მილი დააზიანა“.

„ამ დროისთვის [16:40 სთ] გაზის მიწოდების აღდგენა დაწყებულია. ჩართვა ეტაპობრივად მიმდინარეობს და დღის ბოლომდე ყველა აბონენტს აღუდგება გაზის მიწოდება. კონკრეტულ დროს ვერ გეტყვით. მიმდინარეობს მუშაობა“ – გვითხრეს კომპანიის ცხელ ხაზზე.

„სოკარი“ აფრთხილებს აბონენტებს, რომ „გაზის დანადგარები და ონკანები იქონიონ ჩაკეტილ მდგომარეობაში“.

განახლება: ზოგიერთ აბონენტს მიუვიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ გაზის მიწოდების აღდგენა არა 19 ივნისს, არამედ ეტაპობრივად დაიწყება 20 ივნისის დილის 9 საათიდან და 20 ივნისის დღის 12 საათამდე დასრულდება.

დღეს, 20 ივნისს კი, „სოკარის“ ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „აღდგენითი სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს და დღის ბოლომდე გაზს ყველა აბონენტს ჩაურთავენ“.

 

„ეს არაა“ – ბათუმში პოლიციელები აკავებდნენ კაცს, რომლის ვინაობაც არ იცოდნენ

ბათუმში პოლიციელები აკავებდნენ კაცს, რომლის ვინაობა არ იცოდნენ. შემთხვევის ამსახველ ვიდეოჩანაწერს ფეისბუქში ადვოკატი თემურ ქავშბაია ავრცელებს.

ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ პოლიციელები ვერ ასახელებენ იმ პირის ვინაობას, ვისაც აკავებენ. პოლიციელებმა ადვოკატს ვერც სასამართლოს განჩინება აჩვენეს. ადვოკატის თქმით, უკანონო დაკავებაში ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილების უფროსი ბორის [ბაჩო] ხაჟომიაც მონაწილეობდა, ვისი ხმაც ისმის ჩანაწერის ბოლოს: „ეს არაა მაგი“.

თემურ ქავშბაია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ის დაკავებას ქუჩაში შეესწრო 19 ივნისს, დაახლოებით ღამის 3 საათზე.

„პირი, ვინც დააკავეს, ფაქტობრივად და აღუკვეთეს სრულიად უკანონოდ თავისუფლება, იყო ჩემი კლიენტის თანმხლები. დაახლოებით ღამის 3-ზე გავიდნენ ჩემი საადვოკატო ოფისიდან, რომელიც ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთასთანაა.

ეს აჩვენებს იმას, რომ პოლიციელები არაკომპეტენტურები არიან. მეორეა ადვოკატის სრული უპატივცემულობა,“ – ამბობს თემურ ქავშბაია.

„ბათუმელები“ ამ ეტაპზე ვერ დაუკავშირდა პირს, რომლის დაკავებასაც პოლიციელები ცდილობდნენ.

ვიდეოჩანაწერში, რომელსაც ადვოკატი თემურ ქავშბაია ავრცელებს, ჩანს, რომ ღამით, ქუჩაში პოლიციელები მოქალაქეს აკავებენ ხელბორკილის გარეშე. ადვოკატი პოლიციელებს ეცნობა, რომ ის ადვოკატია და ითხოვს კითხვაზე პასუხს: „აკავებთ თუ რას აკეთებთ? ვის აკავებთ?“ – ადვოკატს პოლიციელები ვერ პასუხობენ.

„სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ნუ მიშლი ხელს“, – ისმის ჩანაწერში პოლიციელის ხმა, იგი მოქალაქეს ხელკავს უკეთებს და მიმართავს: „მობრძანდით, დაჯექი მანქანაში.“

ჩანაწერში ისმის ადვოკატის მოთხოვნა: „დადგენილება მომეცი დაკავების შესახებ“, ერთ-ერთი პოლიციელი კი, მიმართავს პირს, ვისაც აკავებენ: „სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული ხართ“.

„ვის აკავებთ განჩინების საფუძველზე?“ – კითხულობს ამჯერად ადვოკატი. პოლიციელებს განჩინება არ აქვთ.

„თქვენს პროვოკაციულ კითხვებზე პასუხს არ გაგცემთ,“ – ამბობს პოლიციელი და ისევ არ ეუბნება ადვოკატს, ვის აკავებს.

„რა დავაშავე, მითხარით, აგერაა ადვოკატი,“ – ამბობს პირი, რომელსაც პოლიციელები აკავებენ.

„გამომძიებელი მოვა და განჩინებას გაგაცნობთ,“ – ვიდეოჩანაწერში ისმის პოლიციელის ეს ვერსიაც.

„თქვენ იმყოფებით ნასვამ მდგომარეობაში და ძალიან გთხოვთ, დამშვიდდეთ,“ – ადვოკატის თავიდან მოშორებას ამ გზითაც ცდილობს პოლიციელი.

„რა იცით, რომ ნასვამი ვარ?“ – კითხულობს ადვოკატი.

„სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ნუ გვიშლით ხელს“, – იმეორებს პოლიციელი. ადვოკატს პოლიციელები ასევე სთხოვენ, შეწყვიტოს ვიდეოს გადაღება.

„გამითიშე, რად გინდა ბიჯო ლაივი“, – ამბობს პოლიციელი, რომელიც მოგვიანებით უერთდება დიალოგს და დანარჩენ პოლიციელებს მიმართავს: „ეს არაა მაგი“. ადვოკატ თემურ ქავშაბაიას თქმით, ეს პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსი, ბაჩო ხაჟომიაა.

ბაჩო ხაჟომია კანონის დარღვევაში 2022 წლის ბოლოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დაადანაშაულა: მაშინ აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქე ზურაბ ქარჩავას პოლიციელებმა კარავი ჩამოართვეს და კარვის გაშლისთვის დააკავეს. მაშინ „ბათუმელებმა“ გაავრცელა ვიდეოკადრი, სადაც ჩანს, რომ პოლიციის განყოფილების უფროსი, ბაჩო ხაჟომია მოქალაქეს საახალწლო ღონისძიებების მოტივით უკრძალავს კარვის გაშლას. პოლიციელი ვერ ასახელებს სამართლებრივ საფუძველს, რატომ უზღუდავს მოქალაქეს საჯარო სივრცეში პროტესტის გამოხატვას.

ამ ეტაპზე უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება ან წინასაგამოძიებო მოქმედებები სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.

„სთეიჯ-17“ – ახალი თაობის საკონცერტო სცენა და საღონისძიებო სივრცე ბათუმში

საკონცერტო სცენა და მულტიფუნქციური საღონისძიებო სივრცე – „სთეიჯ-17“ ბათუმში მდებარეობს და მასპინძლობს პოპმუსიკის, ჯაზის, კლასიკური თუ ელექტრონული მუსიკის შემსრულებლებს.

კავკასიის რეგიონში „სთეიჯ-17-ის“ უპირატესობა კონსიერჟული მომსახურება, უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული დაგეგმარება, ხმისა და განათების თანამედროვე სისტემებია. სივრცე თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო მარკებთან, როგორიცაა: Clair Brothers-ი, DiGiCo, SHURE-ის Axient Digital-ი, Sennheiser-ი. ხმის ინჟინერიისა და განათების საერთაშორისო გუნდი კი გამოცდილია ისეთი ვარსკვლავების შოუებზე, როგორიცაა: თინა ტერნერი, ელტონ ჯონი, სტინგი, ჯენიფერ ლოპესი, შაკირა, Pink Martini, ანტონი რემოსი, ეროს რამაზოტი და ა.შ.

სთეიჯ-17
სთეიჯ-17

„სთეიჯ-17“ ვიზიტორებს ცოცხალი წარმოდგენის შეგრძნების სრულიად ახალ გამოცდილებას ჰპირდება: ნაგებობის არქიტექტურა ყველანაირი ამინდისთვის შესაფერის „ჭკვიან“ სივრცეებს მოიცავს როგორც დასაჯდომ, ასევე – საცეკვაო კუთხეებს;

სთეიჯ-17
„სთეიჯ-17“

კონსტრუქციის მთლიანი იატაკი სასცენო პოდიუმის მასალითაა მოპირკეთებული, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს სცენასთან სიახლოვის შეგრძნებას. სადღესასწაულო განწყობის ამაღლებას კი ვიზუალური ეფექტების ინოვაციური აპარატურა უზრუნველყოფს – ლაზერული შოუებითა და უახლესი მონიტორების ბუნებრივი გამოსახულებებით.

სთეიჯ-17
სთეიჯ-17

2023 წლის საზაფხულო სეზონი 15 ივლისს, „თბილისი ოფენ ეარის“ გუნდთან თანამშრომლობით გაიხსნება, აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება და კვირაში ორი დღე უმასპინძლებს სტუმრებს. 28-30 ივლისს კი რიგით მე-16 შავი ზღვის ჯაზფესტივალის მასპინძელი იქნება.

Exit mobile version