განათლება,მთავარი,სიახლეები

რატომ ეშინიათ მოსწავლეებს მათემატიკის – ინტერვიუ პედაგოგთან

21.06.2023 • 4994
რატომ ეშინიათ მოსწავლეებს მათემატიკის – ინტერვიუ პედაგოგთან
ავტორი: ნინი თურაძე 
____________________

მალე ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტებს ყველაზე მეტად მათემატიკის გამოცდის ეშინიათ. მათემატიკის პედაგოგ, სულხან სოლომონიძეს ვესაუბრეთ თემაზე – რა უქმნის ბავშვებს, განსაკუთრებით კი აბიტურიენტებს, ბარიერს მათემატიკის სწავლის პროცესში. მას ასევე ვკითხეთ, რა ცვლილებებია საჭირო სკოლაში, რომ ბავშვებისთვის მათემატიკის გაკვეთილი უფრო საინტერესო, სწავლების პროცესი კი უფრო აქტიური გახდეს.

  • ბატონო სულხან, დადგენილი ფაქტია, რომ ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მეტი აბიტურიენტი იჭრება მათემატიკაში. რატომ ხდება ასე?

ჩემი დაკვირვებით, დღევანდელ რეალობაში, იმის მიუხედავად, რომ უფრო მეტი რესურსია იმისთვის, რომ ბავშვებმა მიიღონ ხარისხიანი და შედეგზე ორიენტირებული განათლება, აშკარად შესამჩნევია, რომ ბოლო წლებში ბავშვებს აქვთ არასათანადო დამოკიდებულება: მოსწავლეები, აბიტურიენტები [ყველას, რა თქმა უნდა, ერთ ასპექტში არ განვიხილავ], სამწუხაროდ,  ძირითადად იმაზე არიან ორიენტირებულნი, რომ გადალახონ ისედაც მინიმალური ბარიერი, რომელიც გვაქვს ეროვნულ გამოცდებზე და მოირგონ სტუდენტის სტატუსი.

წელს მათემატიკაში 51 ქულიდან ბარიერი 20%-ია, ანუ 10.2 ქულა და არის 37 ერთქულიანი ამოცანა ოთხი სავარაუდო პასუხით. ეს გარემოება აფიქრებინებს ბავშვებს, რომ „გარტყმით“ შემოხაზვის შემთხვევაშიც შეძლებენ უნივერსიტეტში მოხვედრას. შესაბამისად, სიღრმისეულ სწავლას დიდი ყურადღება აღარ ეთმობა და ასეთი დამოკიდებულების გამო ჩაჭრილთა რაოდენობაც იზრდება.

  • რას ფიქრობთ ეროვნულ გამოცდებზე – ეს ფორმატი რამდენად სწორად აფასებს ბავშვების ცოდნას?

ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ერთქულიან ამოცანათა რაოდენობა დაიკლებს ან საერთოდ ამოიღებენ და ბარიერსაც გაზრდიან დაახლოებით 60%-მდე. მათემატიკა არის კვლევასა და სიზუსტეზე დაფუძნებული მეცნიერება, სადაც არ უნდა ირჩევდნენ პასუხებს შემთხვევითობის პრინციპით. შემთხვევითობის პრინციპით აღებული ქულები შემდგომში იწვევს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა საქმისადმი არასათანადო დამოკიდებულება და არაპროფესიონალიზმი.

კარგი იქნება, თუ 51 ამოცანის მაგივრად იქნება დაახლოებით 10 ამოცანა, რომლებსაც არ ეხლება სავარაუდო პასუხები და თითოეული ამოცანა გააერთიანებს მათემატიკის 4-5 ქვედარგს მაინც (სტერეომეტრია, ტრიგონომეტრია, გეომეტრია და ასე შემდეგ).

ამ ამოცანების ამოხსნის პროცესში, სანამ ბავშვი საბოლოო შედეგამდე მივა, გამოჩნდება მისი მათემატიკური კომპეტენცია. მაგალითად, როგორ ასრულებს მათემატიკურ გარდაქმნებს, როგორ აგებს ნახაზს, რა ტიპის განტოლებებს ადგენს. ეს იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ბავშვის ცოდნა შეფასდეს სწორად. იმ ტიპის გამოცდით, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, ვერ ხერხდება სწორი შეფასება.

  • მათემატიკა არის ის საგანი, რომლის სწავლაც ყველას არ შეუძლია? – ეს მოსაზრება სტერეოტიპია, თუ ყველაფერი მიდგომაზეა დამოკიდებული?

რა თქმა უნდა, შესაძლებელია რაღაცების შესწავლა, რაღაც მექანიზმების შემუშავება, მაგრამ ამ ყველაფერს ხელს უნდა უწყობდეს ისიც, რომ ბუნებრივადაც დაგყვეს ნიჭი. თუმცა იმის თქმაც არ შეიძლება, რომ თუ მათემატიკური ნიჭიერება არ აქვს ვინმეს, ვერ განვითარდება და მისთვის მათემატიკური სარბიელი ჩაკეტილია. ასე არ არის.

მათემატიკის შესწავლა შესაძლებელია, მაგრამ ყოველთვის უფრო კარგია, როცა გსიამოვნებს ამოცანების ამოხსნის პროცესი და აღიქვამ ამ ყველაფერს, რაშიც ნიჭი დიდ როლს თამაშობს. მთავარია შემართება, მონდომება და დანარჩენი მუშაობის პროცესში მოვა.

  • თქვენი დაკვირვებით, რატომ ეშინიათ ბავშვებს ამ საგნის, რა განაპირობებს ამას?

ბავშვობიდან ვფიქრობ, რომ მათემატიკა ძალიან მარტივი და ამავე დროს ძალიან რთული მეცნიერებაა. მაგალითად, თუ ავიღებთ ისტორიიდან რომელიმე ორ მოვლენას, თუნდაც შამქორისა და ბასიანის ბრძოლებს, შეგვიძლია ორივე ბრძოლა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვისწავლოთ. პირველი მეორეს ცოდნის გარეშე და პირიქით.

დავუშვათ, ბავშვმა მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი ისწავლა, ეს ფაქტი მას ხელს არ შეუშლის, რომ ერთი კვირის შემდეგ რაიმე ახალი და სრულიად უცხო თემა ისწავლოს ისტორიაში.

ისტორიისგან განსხვავებით მათემატიკაში ასე არ ხდება. მათემატიკა ჯაჭვისებური პრინციპით უნდა ისწავლებოდეს. თუ, დავუშვათ, პირველი საფეხურიდან მე-6 საფეხურზე გვინდა ასვლა, მაგრამ მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 საფეხურები ჩამტვრეულია, ძალიან გაგვიჭირდება.

თუ პირველი სართულიდან მეექვსეზე გვინდა ასვლა, ერთბაშად ამის გაკეთებას ვერ შევძლებთ. ამისათვის, უნდა მოიტანო ლურსმანი, ჩაქუჩი, ხის მასალა, დაამუშაო და გამოჭედო ახალი საფეხური. მათემატიკაც ასეა.

თუ ბავშვმა რომელიმე საკითხი თავის დროზე გამოტოვა, ვთქვათ, ზოგი მე-6 კლასში, ზოგი მე-7 და ზოგიც მომდევნო კლასებში, სკოლის დასრულებისას დადგება იმ რეალობის წინაშე, რომ მის კიბეს ბევრი საფეხური აკლია. როცა მოსწავლე ამ ყველაფრის წინაშე დგება, მიიჩნევს, რომ ამ საკითხებს ვეღარ აითვისებს. ისედაც ბევრი გამოწვევის წინაშეა და აღარ იწუხებს თავს ზედმეტი შრომით.

ზუსტად ეს ფაქტი განაპირობებს იმ შიშს, რომელიც ახსენეთ.

  • რითაა ის ჩავარდნები გამოწვეული, რომლებიც თქვენ ახსენეთ? ხომ არ არის ამ შემთხვევაში მასწავლებლების ან სახელმძღვანელოების პრობლემა?

ვერ ვიტყვი, რომ ეს კონკრეტულად მასწავლებლების ბრალია. ვფიქრობ, აქ მეტწილად ბავშვის ასაკია მთავარი პრობლემა, თუნდაც გარდატეხის ასაკი, თინეიჯერობა. ბავშვებს აქვთ მომენტები, როცა სხვადასხვა მიზეზის გამო სწავლის დროს ეწყებათ ჩავარდნები.

არ აქვს მნიშვნელობა, ეს ჩავარდნები სამდღიანია თუ თვეები გრძელდება – როგორც ზემოთ ვახსენე, მათემატიკა იმდენად ჯაჭვურია, რომ ეს პატარ-პატარა ხარვეზები საბოლოოდ დიდი პრობლემების წინაშე აყენებს ბავშვს. აუცილებელია ამ ჩავარდნებს მოსწავლე დროზე მიუბრუნდეს და აღმოფხვრას.

  • რა არის მასწავლებლების როლი ბავშვების მათემატიკით დაინტერესების პროცესში?

მასწავლებლის როლი მის პროფესიულ კომპეტენციასთან ერთად არის ისიც, თუ როგორ შეუძლია ბავშვის დაინტერესება და მოტივაციის გაჩენა. რეალურად, მათემატიკის მასწავლებლის როლი განუსაზღვრელია. ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვებთან სწორი სახის ურთიერთობის დამყარებაა. აუცილებელია მასწავლებელი მასწავლებლობასთან ერთად ბავშვის მეგობარიც იყოს.

როგორ უნდა შეაყვაროს მასწავლებელმა ბავშვს მათემატიკა? – პირველ რიგში აუცილებელია, რომ ის გაერკვეს ბავშვის საკითხისადმი დამოკიდებულებაში და მის შესაძლებლობებში. მასწავლებლის სწორ მხარდაჭერას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.

  • თქვენი აზრით, შეიძლება მათემატიკის დამოუკიდებლად შესწავლა?

დღევანდელობა იმით არის გამორჩეულად კარგი, რომ ბავშვებს აქვთ წვდომა უამრავ ხარისხიან ინფორმაციაზე, მათ შორის მათემატიკის განხრითაც. ბევრი ვიდეოგაკვეთილი იტვირთება ინტერნეტში და არის ბევრი უფასო ონლაინგვერდი, სადაც შეიძლება ინფორმაციის მიღება.

ვერ ვიტყვი, რომ დამოუკიდებელი სწავლით ვერ მიაღწევ შედეგს, პირიქით. დამოუკიდებლად სწავლისას ბევრი საინტერესო ფაქტის აღმოჩენა შეიძლება. მე მივესალმები ასეთ მიდგომას, მაგრამ მათემატიკაში არის თემები, რომლებიც უმჯობესია უშუალოდ სხვა, მეტად გამოცდილი ადამიანების დახმარებით ისწავლო. ეს აუცილებელია, რადგან ეს ადამიანები ეხმარებიან ბავშვებს, სხვა რაკურსით შეხედონ ამა თუ იმ თემას. მათემატიკის სწორხაზოვნად სწავლა არ შეიძლება.

  • არის თუ არა მათემატიკაში რაიმე ისეთი საკითხი, რომელიც ბავშვების უმეტესობას უჭირს. თუ კი, რა არის ეს საკითხი/საკითხები?

 ჩემი დაკვირვებით, ბავშვებს ძირითადად უჭირთ ისეთი თემები, როგორიცაა პარამეტრმომცველი, მოდულმომცველი განტოლებები. ალბათ იმიტომ, რომ მათი ამოხსნის ბევრნაირი გზა არსებობს და არა რომელიმე ერთი დოგმატური. გამოცდებზეც ქულები ძირითადად ამ საკითხებზე იკარგება. ამის გამოსწორება ისევ და ისევ მეტი მუშაობით შეიძლება.

  • ხშირად მსმენია ბავშვებისგან, რომ მათემატიკაში ბევრი ისეთი საკითხია, რაც ცხოვრებაში არ გამოადგებათ და სვამენ კითხვას, რატომ უნდა ისწავლონ ეს საგანი, რა ბენეფიტები ახლავს მის სწავლას. თქვენ როგორ უპასუხებდით ამ კითხვას, რატომ უნდა ისწავლონ ბავშვებმა მათემატიკა?

პროფესიულ ასპარეზზე თითქმის ყოველთვისაა საჭირო მათემატიკის ცოდნა, მათ შორისაა: მედიცინა, არქიტექტურა და ასე შემდეგ. ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან: ავიღოთ ნებისმიერი კორპუსი, ის თავის თავში მოიცავს სტერეომეტრიას (სამი განზომილებაა), პლუს ტრიგონომეტრიას და ბევრ სხვა ასპექტს.

მათემატიკა ხელს გვიწყობს, ჩამოვყალიბდეთ კარგ პროფესიონალებად.

ყოველდღიურ ცხოვრებაში მათემატიკა ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას, დაკვირვების უნარის, პრობლემების გადაჭრის უნარისა და ბარიერების გადალახვის უნარის გაუმჯობესებას.

რაც მთავარია, ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გამკლავებაში გვეხმარება.

  • თქვენი აზრით, სახელმწიფომ რა პოლიტიკა უნდა გაატაროს, რომ მათემატიკისადმი ინტერესი გაიზარდოს ახალგაზრდებში?

ბოლო წლებში ამ მხრივ სიტუაცია შედარებით გაუმჯობესდა. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა დაიწყოს რეგიონებში და მაღალმთიან სოფლებში. ეს ცვლილებები, პირველ რიგში, დაკავშირებულია ფინანსურ მხარესთან.

კარგი იქნება, თუ მოხერხდება უფასო ტრენინგების ჩატარება რეგიონებში და ასევე უფასო რესურსების მიწოდება მაღალმთიან დასახლებებში, სადაც დიდია სურვილი, მაგრამ უამრავი პრობლემაა, მათ შორის გადაადგილების, ინტერნეტის და ასე შემდეგ.

________________

მასალა მომზადებულია „ბათუმელებისა“ და „ბათუმის ამერიკული კუთხის“ ერთობლივი პროექტის – „მედიასკოლის“ ფარგლებში. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: