მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა არის და როგორ ვლინდება უშაქრო დიაბეტი | ექიმის რჩევები

20.06.2023 • 2382
რა არის და როგორ ვლინდება უშაქრო დიაბეტი | ექიმის რჩევები

უშაქრო დიაბეტი შედარებით იშვიათი დაავადებაა, რომელიც იწვევს ორგანიზმში არსებული სითხეების ბალანსის დარღვევას. ეს აიძულებს ორგანიზმს გამოიმუშაოს დიდი რაოდენობით შარდი, პაციენტს აწუხებს წყურვილის ძლიერი შეგრძნება.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგი თეონა გოგიტიძე ამბობს, რომ მიუხედავად სახელების მსგავსებისა, „უშაქრო დიაბეტს“ და „შაქრიან დიაბეტს“ ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ.

„სახელები მსგავსია, იმიტომ, რომ ამ ორი მდგომარეობის დროს კლინიკური სურათი ერთმანეთს ჰგავს – ორივე შემთხვევაში არის პირის სიმშრალე, წყლის დიდი რაოდენობით მიღება და ხშირი შარდვა. შაქრიანი დიაბეტი არის დაავადება, როდესაც არის ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა და სისხლში მატულობს გლუკოზის დონე; უშაქრო დიაბეტის დროს შაქარი ანუ გლუკოზის დონე არის აბსოლუტურად ნორმალური სისხლში, თუმცა სხვა მექანიზმების გამო ირღვევა წყლის რეაბსორბცია და გვაქვს იგივე კლინიკური სურათი, რაც შაქრიანი დიაბეტის დროს – წყლის დიდი რაოდენობით მიღება და ხშირი შარდვა“.

ექიმის განმარტებით, უშაქრო დიაბეტის მკურნალობა მიმართულია იმაზე, რომ შეამსუბუქოს სიმპტომები; ეს მოიცავს წყურვილის მოხსნას, ორგანიზმში გამომუშავებული შარდის რაოდენობის შემცირებას და დეჰიდრატაციის თავიდან აცილებას.

  • ქალბატონო თეონა, რა დაავადებაა უშაქრო დიაბეტი?

ეს არის ენდოკრინული დაავადება, როდესაც ორგანიზმში ირღვევა წყლისა და ელექტროლიტების ბალანსი იმის გამო, რომ არის ძირითადად ანტიდიურეზული ჰორმონის, ვაზოპრესინის ნაკლებობა ორგანიზმში.

უშაქრო დიაბეტის სხვადასხვა სახე არსებობს, თუმცა ძირითადად ეს დაავადება მოიაზრებს წყლისა და ელექტროლიტების დისბალანსს, ანტიდიურეზული ჰორმონის ნაკლებობის გამო.

  • რა შეიძლება გახდეს ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი?

ცენტრალური ტიპის უშაქრო დიაბეტის დროს გვაქვს შესაბამისი კლინიკური სურათი, ეს ძირითადად არის ანტიდიურეზული ჰორმონის ნაკლებობა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორით გამოწვეული და შეიძლება იყოს შეძენილი ხასიათის.

შეძენილი ხასიათისაა ძირითადად სიმსივნეები, მაგალითად, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, რომელიც ეხება ფაქტობრივად ჰიპოთალამუსსა და ჰიპოფიზს და ახდენს გავლენას ანტიდიურეზული ჰორმონის გამოყოფაზე; შეიძლება იყოს პოსტოპერაციული მდგომარეობა, მაგალითად, ნეიროქირურგიული ჩარევის შედეგად; შეიძლება იყოს ტრავმის შედეგად განვითარებული.

ასევე, ანტიდიურეზული ჰორმონის ნაკლებობა შეიძლება იყოს რაიმე ინფექციური დაავადებების, მაგალითად, ენცეფალიტის, სარკოიდოზის ან სხვა ინფექციური დაავადების დროს.

ეს არის ძირითადად ცენტრალური ტიპის უშაქრო დიაბეტის მიზეზები.

არის ნეფროგენული ტიპის უშაქრო დიაბეტიც, როდესაც ანტიდიურეზული ჰორმონი გამომუშავდება ნორმალური რაოდენობით სისხლში, მაგრამ იმის გამო, რომ თირკმლის აპარატში არსებული რეცეპტორები, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ვერ გრძნობენ მათ, აღიქმება, რომ სისხლში არის ამ ჰორმონის ნაკლებობა და ვიღებთ ისეთივე კლინიკურ სურათს, როგორც უშაქრო დიაბეტის დროს. ჩვეულებრივ, ჩვენი თირკმლის აპარატში არსებული რეცეპტორები, რომლებიც გრძნობენ ამ ანტიდიურეზულ ჰორმონს, ექვემდებარებიან მათ და ამის მიხედვით არეგულირებენ ნატრიუმისა და წყლის აბსორბციას სისხლში. მიზეზი, რის გამოც შეიძლება ქვეითდება ამ რეცეპტორების მგრძნობელობა, შეიძლება იყოს სხვადასხვა დაავადება, მათ შორის გენეტიკური.

არის კიდევ გესტაციური უშაქრო დიაბეტი, რომელიც ძირითადად ორსულებში ვითარდება. საკმაოდ იშვიათი ფორმაა, მაგრამ გვხვდება ესეც, როცა პლაცენტა გამოყოფს ჰორმონს, რომელიც ახდენს ამ ანტიდიურეზული ჰორმონის დესტრუქციას, შედეგად ეს ჰორმონი ნორმალურად არ ფუნქციონირებს.

არის სხვა იშვიათი ფორმებიც, მაგალითად, ბავშვებში, წლამდე ასაკში ფუნქციური უშაქრო დიაბეტი, როდესაც არ არის ჩამოყალიბებული კავშირი ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და პერიფერიას შორის, შესაბამისად წლის ასაკამდე გვაქვს უშაქრო დიაბეტის კლინიკური სურათი. რა თქმა უნდა, ამ სისტემის ჩამოყალიბების შემდეგ ყველაფერი ნორმალიზდება და ეს არ არის პათოლოგიური ფორმა, ეს არის ფუნქციური ფორმა.

  • რა სიმპტომატიკა ახასიათებს?

კლინიკური სურათი არის პოლიურია, ანუ შარდის გამოყოფის გაძლიერება, მომატება დღე-ღამის განმავლობაში (დაახლოებით 6-დან 20 ლიტრამდე დღის განმავლობაში), გააჩნია, რა თქმა უნდა, როგორი სიმძიმით მიმდინარეობს, როგორ პროგრესირებს ეს დაავადება. არის მნიშვნელოვნად გამოხატული პირის სიმშრალე და  წყურვილის შეგრძნება.

გამოხატულია ნიქტურია – ღამით შარდვა, რის გამოც ღამის განმავლობაში ხშირად დგებიან; დეჰიდრატაციის ფონზე არის ნერწყვის გამოყოფის შემცირება, ასევე მცირდება ოფლის გამოყოფა. ამის ნიადაგზე კანი არის მშრალი, პაციენტებს აქვთ მკვეთრად გამოხატული კანის სიმშრალე, ბუნებრივია, საერთო სისუსტე და არტერიული წნევის დაქვეითებაც.

  • რას აზიანებს უშაქრო დიაბეტის დაგვიანებული მკურნალობა?

თუ დროულად არ ვმართეთ ეს პაციენტები, ბუნებრივია პირველ რიგში გართულდება დეჰიდრატაცია, ანუ რახან წყალი ამ დროს დიდი რაოდენობით გამოიყოფა ორგანიზმიდან, ადამიანი წყალს კარგავს დიდი რაოდენობით. ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, რადგან წყალი არის მთავარი ელემენტი, რის ნიადაგზეც ნარჩუნდება ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირება.

შესაბამისად,  მნიშვნელოვანი გართულებაა დეჰიდრატაცია, არტერიული წნევის დაქვეითება – ჰიპოტონიაც; ასევე ელექტროლიტურ დისბალანსს შეუძლია გამოიწვიოს კარდიოვასკულარული სისტემის გართულებები, გულის პრობლემები იწყება, ერთვება სისხლძარღვთა სისტემა, ზარალდება შარდსასქესო სისტემაც, იმის გამო, რომ დიდი რაოდენობით გამოყოფს სითხეს და ვერ ასრულებს თავის ფუნქციას შესაბამისად; ასევე, თუ ეს რეპროდუქციული ასაკია, ბუნებრივია, რეპროდუქციულ ფუნქციაზეც ახდენს ნეგატიურ ზეგავლენას.

  • როგორია მკურნალობა?

მნიშვნელოვანია, რომ დროულად მივმართოთ ექიმს და დაისვას სწორი დიაგნოზი. უშაქრო დიაბეტის მართვა არის ძირითადად შენაცვლებითი თერაპია. ცენტრალური ტიპის უშაქრო დიაბეტის დროს ეს არის ანტიდიურეზული ჰორმონის მიწოდება, რომელიც საქართველოში ძირითადად არის წვეთების სახით, დოზა უნდა შეირჩეს იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის წყალს იღებს და რა რაოდენობის სითხეს გამოყოფს ორგანიზმი.

მკურნალობის ნაწილია სიმპტომატური თერაპია, იმის მიხედვით, თუ რა ჩივილები და გართულებები აქვს პაციენტს.

MayoClinic-ის რეკომენდაციით:

თავიდან აიცილეთ დეჰიდრატაცია – მანამ, სანამ იღებთ წამალს და გაქვთ წვდომა წყალზე, თქვენ შეძლებთ თავიდან აიცილოთ დეჰიდრატაციასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები. ამიტომ, სადაც არ უნდა წახვიდეთ, თან იქონიეთ წყალი. სახლიდან შორს ყოფნისას თან იქონიეთ მედიკამენტების მარაგი. ატარეთ სამედიცინო გაფრთხილების სამაჯური ან ამ დანიშნულების ბარათი – თუ დაგჭირდებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ასეთი გამაფრთხილებელი ბარათი ან სამაჯური სპეციალისტებს მიაწვდის ინფორმაციას, რომელიც საჭიროა შესაბამისი დახმარების აღმოსაჩენად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: