მთავარი,სიახლეები

რა არის ცნობილი ხელვაჩაურის წყალკანალის ყოფილი უფროსის მიერ 520 920 ლარის მითვისებაზე

18.10.2022 • 4605
რა არის ცნობილი ხელვაჩაურის წყალკანალის ყოფილი უფროსის მიერ 520 920 ლარის მითვისებაზე

„ის ბრალს ნაწილობრივ ადასტურებს,“ – ამბობს ადვოკატი ადილარ წირღვავა, რომელიც ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით ფულის მითვისებაში ბრალდებულ ვლადიმერ [დავით] მიქელაძის ინტერესებს იცავს. ვლადიმერ მიქელაძე შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი უფროსია, მას პროკურატურა 520 920 ლარის მითვისებას და კიდევ რამდენიმე დანაშაულის ჩადენას ედავება.

პროკურატურის ვერსიით, „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი 2019-2021 წლებში მისი ნდობით აღჭურვილ პირებთან ყოველთვიურად აფორმებდა ფიქტიურ შრომით ხელშეკრულებებს, რომელთა მიხედვითაც თითქოსდა აღნიშნული პირები ახორციელებდნენ წყალსადენების სათავე ნაგებობების მოვლა-გაწმენდით სამუშაოებს…“

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე კოტე ჭილაიამ ვლადიმერ მიქელაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. ბრალდებული გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა 20 ათასი ლარის სანაცვლოდ, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ადვოკატი ადილარ წირღვავა ბრალდებულის ვერსიაზე გვესაუბრა:

„ის მითვისებას არ ადასტურებს. ამბობს, რომ ჩარიცხული თანხა რეალურად საქმისთვის იხარჯებოდა, თუმცა არა იმ წესით, რა წესითაც უნდა დახარჯულიყო…

მისი ვერსიით, ფიქტიურად კი არ იყო დასაქმებული ეს ხალხი, არამედ რეალურად იყო გაფორმებული და ისინი საქმეს აკეთებდნენ… მას ჰყავდა თანამშრომლები, რომლებიც არ იყვნენ საკმარისი იმისთვის, რომ საქმე შესრულებულიყო, ამიტომ დაიქირავა სხვა პირები და მათაც უხდიდა თანხას, ამით არ გაზრდილა ხარჯები,“ – გვითხრა ადილარ წირღვავამ.

საიდან უხდიდა ფულს დაქირავებულ თანამშრომლებს „ხელვაჩაურის წყალკანალი“, თუკი  ხარჯი არ გაზრდილა? – ადვოკატის თქმით, „ხარჯი არ გაზრდილა… გაყო თანხა დაახლოებით. ამბობს, რომ ეს ხდებოდა მისი ინიციატივით და ამ ნაწილში მიიჩნევს თავს დამნაშავედ“, – დასძინა ადვოკატმა და მეტად ვერ დაგვიკონკრეტა, რა ვერსია აქვს ბრალდებულს გამოძიების ვერსიის საპირისპიროდ.

ვლადიმერ მიქელაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს სხვა მუხლებით წარდგენილ ბრალში, როგორიცაა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი სიყალბე და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

რას ამბობს ვლადიმერ მიქელაძე სხვა პირების პასუხისმგებლობაზე, მაგალითად, ხელვაჩაურის წინა მერზე – ჯუმბერ ვარდმანიძეზე, რომლის პასუხისმგებლობაც დღევანდელ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მიშა ბოლქვაძემ დასვა და იკითხა: როგორ მიითვისებდა ნახევარ მილიონს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ უფროსი პირდაპირი ხელმძღვანელის – ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის გარეშე?

„მას [ვლადიმერ მიქელაძეს] სხვა პირების დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია გამოძიებისთვის არ მიუწოდებია“, – აღნიშნა ადვოკატმა „ბათუმელებთან“. თუმცა ადილარ წირღვავამ აქვე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ წინასასამართლო სხდომა 6 დეკემბერსაა ჩანიშნული და მანამდე გამოძიება ამ საქმეზე გრძელდება.

ადვოკატი ადილარ წირღვავა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გამოძიება დაახლოებით 11 თვის წინ დაიწყო, ხოლო ვლადიმერ მიქელაძე არ მიმალულა და გამოძიებას ჩვენებაც მისცა.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ვლადიმერ მიქელაძეს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

ვლადიმერ მიქელაძეს პროკურატურა 2007 წელს ედავებოდა „იმ გარემოების, ფაქტის ან მოვლენის შესახებ ინფორმაციის დამალვას, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს“. მაშინ ვლადიმერ მიქელაძე „ბათუმის წყალკანალის“ უფროსი იყო, ხოლო ბრალდების მტკიცებით, მან იცოდა წყლის დაბინძურების შესახებ და მოსახლეობას ინფორმაცია არ მიაწოდა, ანუ ადამიანების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო.

„ამ ფაქტზე მას ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს,“ – გვიპასუხა ადილარ წირღვავამ.

——————-

გამოძიების დაწყებამდე ხელვაჩაურის ბიუჯეტის უკანონო ხარჯვის ფაქტი დაადასტურა სახელმწიფო აუდიტმა, რომელმაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობა შეისწავლა. აუდიტის დასკვნის მიხედვით, შპს „ხელვაჩაურის წყალკანალმა“ 2019-2020 წლებში სათავე ნაგებობების გაწმენდისთვის 195 შემთხვევაში 19 ფიზიკურ პირთან ყოველთვიურად გააფორმა ერთჯერადი ხელშეკრულებები და ბიუჯეტიდან დამატებით გადაიხადა 369 985 ლარი. თუმცა წარმოდგენილი დოკუმენტებით მათ მიერ სამუშაოების ფაქტობრივად განხორციელება ვერ იქნა დადასტურებული.

აუდიტის ინფორმაციით, შპს „ხელვაჩაურის წყალკანალმა“ წყალსადენის სათავე ნაგებობების და რეზერვუარის მოვლა-ექსპლუატაციისთვის დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე შრომის ანაზღაურებისათვის ჯამში 800 985 ლარი დახარჯა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: