მთავარი,სიახლეები

„იაგოს ბავშვის ნათლია ვარ“ – რა თანამდებობა მისცა ნათლულის ბაბუას ხელვაჩაურის მერმა

21.06.2023 • 5434
„იაგოს ბავშვის ნათლია ვარ“ – რა თანამდებობა მისცა ნათლულის ბაბუას ხელვაჩაურის მერმა

„იაგოს ბავშვის ნათლია მე ვარ, მაგრამ სხვა ბევრი ნათლულიც მყავს,“ – გვიპასუხა ხელვაჩაურის მერმა, ზაზა დიასამიძემ, რომელსაც ვკითხეთ, არის თუ არა ნამდვილად ხელვაჩაურის პოლიციის უფროსის, იაგო დავითაძის შვილის ნათლია?

ხელვაჩაურის მერმა დაგვიდასტურა, რომ ნათლულის ბაბუაც დასაქმდა ხელვაჩაურის მერიაში. ზაზა დიასამიძეს ნეპოტიზმის სხვა შემთხვევებზეც ვკითხეთ. იგი ხელვაჩაურის პოლიციის ყოფილი უფროსია – მერიაში გადასვლის შემდეგ კი, თანამდებობებზე უკვე ყოფილი პოლიციელებიც გვხდებიან.

ხელვაჩაურის პოლიციის უფროსის – იაგო დავითაძის და მერის – ზაზა დიასამიძის ახლო კავშირსა და მინიმუმ არაჯანსაღი გარემოს შექმნას ორი საქმე აჩვენებს: მაგალითად, მოქალაქე თორნიკე ქავთარაძე ამბობს, რომ მერის გამოძალვაში მხილების შემდეგ, მას ხელვაჩაურის პოლიციის უფროსმა სცემა, ხელვაჩაურის მერიიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელის, გოჩა მჟავანაძის თქმით კი, გათავისუფლებამდე იგი დასაშინებლად დააკავეს, ხელბორკილდადებულს კი, ხელვაჩაურის პოლიციაში გადაუღეს ფოტოები და ზაზა დიასამიძეს გაუგზავნეს.

„ბათუმელებს“ ხელვაჩაურის მერიაში ნეპოტიზმის არაერთ შემთხვევაზე მიაწოდეს ინფორმაცია. ამჯერად რამდენიმე დადასტურებულ შემთხვევაზე მოგიყვებით:

ხელვაჩაურის მერის – ზაზა დიასამიძის მეგობარია მისი მოადგილე გიორგი ქარცივაძე

ზაზა დიასამიძის მეგობარია „ხელვაჩაურის სასაფლაოების“ დირექტორი – ირაკლი კარანაძე

ზაზა დიასამიძის კურსელია იურიდიული განყოფილების უფროსი – შორენა ავჯიშვილი 

ზაზა დიასამიძის მეგობრის – ხელვაჩაურის პოლიციის უფროსის, იაგო დავითაძის სიმამრი – გენადი მახარაძე „ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოს“ უფროსის მოადგილეა.

ზაზა დიასამიძის მეგობარია ყოფილი პოლიციელი ნუგზარ ძნელაძეც. იგი „გამწვანების, დასუფთავების და კომუნალური მომსახურების“ დირექტორი გახდა უკონკურსოდ მას შემდეგ, როცა ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე გახდა.

რაც შეეხება ნუგზარ ძნელაძის მოადგილეს – ნუგზარ თედორაძე მახინჯაურის პოლიციის მოქმედი უფროსის – მურმან თედორაძის ძმაა. ამ პოლიციელის რძალი – მაია ჭანიძე კი, კონკურსის წესით გახდა ხელვაჩაურის მერიის საბიუჯეტო განყოფილების უფროსი.

ამ პოზიციებზე მხოლოდ ორ პოზიციაზე ჩატარდა კონკურსი – იურიდიული განყოფილების და საბიუჯეტო განყოფილების უფროსები. კონკურსით რომ შეარჩიეს, ეს მოგვწერეს კიდევ მაია ჭანიძემ და შორენა ავჯიშვილმაც. სხვა კითხვებს ამ საჯარო მოხელეებმა არ უპასუხეს.

„ბათუმელი ვარ და ყველას ვიცნობ. არა მგონია, ნეპოტიზმთან გვქონდეს საქმე,“ – მოგვწერა ყოფილმა პოლიციელმა, ნუგზარ ძნელაძემ.

ნეპოტიზმს კატეგორიულად გამორიცხავს ხელვაჩაურის მერი, ზაზა დიასამიძე. მისი თქმით, ეს ადამიანები პროფესიონალები არიან და ამ ნიშნით მოხვდნენ თანამდებობებზე.

„ბათუმი პატარაა, აჭარა პატარაა და ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. ზოგთან სამსახურებრივი კვეთა მაკავშირებს, ზოგთან ნაცნობობა და ზოგთან – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი. ახალ კადრებს ხელვაჩაურში ვერ გავაჩენდი. რაც მნიშვნელოვანია, ყველა პროფესიონალიზმის ნიშნით არის შერჩეული და კონკურსის წესით,“ – ამბობს ზაზა დიასამიძე.

რატომ არ ჩატარდა კონკურსი, თუ ეს ადამიანები პროფესიონალები არიან და რატომ არ შექმნა კონკურენციის პირობა ყველასთვის? – ხელვაჩაურის მერი განმარტავს, რომ ყველა თანამდებობა არ ითვალისწინებს კონკურსის გამოცხადებას, მაგალითად, ააიპ-ების ხელმძღვანელი პოზიციები.

მარცხნიდან პირველი გენადი მახარაძე [ხელვაჩაურის პოლიციის უფროსის – იაგო დავითაძის სიმამრი], მანუჩარ მანველიძე, მერის მოადგილე კახა ფუტკარაძე [ის დღეს, 21 ივნისს გადადგა], ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე და საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე.

თუმცა ზაზა დიასამიძე გვეთანხმება იმაშიც, რომ კანონი არც კონკურსის ჩატარებას კრძალავს, თუ ხელმძღვანელი ამის საჭიროებას ხედავს და არ სურს, ეჭვები გაჩნდეს ნეპოტიზმზე.

„შეგიძლია ჩაატარო კონკურსი, მაგრამ მთავარია, მისი გამოცდილება და შესაბამისი კომპეტენცია განიხილო, რაც ყველა შემთხვევაში განვიხილეთ და გადაწყვეტილება ისე იქნა მიღებული.

ერთ კაცსაც ვერ დამისახელებთ, რომ ნეპოტიზმით მიმეყვანოს… ირაკლი კარანაძეს ვიცნობ ბავშვობიდან, 40 წელია მეგობრები ვართ, გიორგი ქარცივაძეს უამრავი გამოცდილება აქვს, უაღრესად განათლებული ადამიანია, ვიცნობდი მამამისს, როგორც პროფესიონალ კაცს. გენადი მახარაძე პროფესიონალი კაცია…“, – მერი დაახლოებით ერთი და იგივე აღწერით ჩამოუყვა ჩამონათვალს.

ხელვაჩაურის მერს, ზაზა დიასამიძეს ვკითხეთ იმაზეც, რომ კონკურსიც, მაგალითად, იურიდიული განყოფილების უფროსის პოზიციაზე, მისმა კურსელმა მოიგო.

„ჩვენ [ზაზა დიასამიძე და შორენა ავჯიშვილი] ერთ დროს ვსწავლობდით, მის წითელ დიპლომზეც ბევრჯერ მსმენია… ჩემი კურსელია ასე ნახევარი საქართველო, შეგიძლიათ გადაამოწმოთ,“ – აღნიშნა ზაზა დიასამიძემ „ბათუმელებთან“.

მთავარი ფოტო: იაგო დავითაძე და ზაზა დიასამიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: