მთავარი,სიახლეები

„არქის“ 30-სართულიანი კორპუსი და პრობლემები სამეზობლო მიჯნაზე

20.06.2023 • 2871
„არქის“ 30-სართულიანი კორპუსი და პრობლემები სამეზობლო მიჯნაზე

ბათუმში, დავით მამულაძის ქუჩის #4-ში მდებარე 17-სართულიან კორპუსში მცხოვრებლები ჩივიან, რომ მათი კორპუსის წინ მიმდინარე მშენებლობების გამო პრობლემები შეექმნათ. ჩავარდა მათი ეზოს ნაწილი და დაიბზარა კორპუსის კედლები.

 დავით მამულაძის პირველი შესახვევი, # 4 – ყოფილი ინასარიძის პირველი ჩიხი

 

ბზარი შესასვლელ კიბის საფეხურსა და ფასადის კედელს შორის

აქ ამბობენ, რომ გუშინ, 19 ივნისის ღამეს, პარკინგის დაზიანების გამო ადგილზე გაჩერებული ავტომანქანა ნაწილობრივ ჩავარდა და საჭირო გახდა სპეციალური ტექნიკის გამოძახება, რომ მანქანა ამოეყვანათ. ადგილზე გამოიძახეს სამაშველო ჯგუფი.

დაზიანებული ეზო – აქ მცხოვრებლების თქმით დაზიანებულ ადგილზე დილით ქვიშა დაყარეს და შეავსეს

„ღამით გაგვაფრთხილეს აქ არ გააჩეროთ მანქანებიო. მას შემდეგ, რაც ეს მშენებლობა დაიწყო, ჩვენი კორპუსი დაიბზარა, შიდა ბზარებიც არის. ეზო დახეთქილია და თავს უსაფრთხოდ არ ვგრძნობთ, გვეშინია… მეათე სართულზე მცხოვრები ერთ-ერთი მეზობლის თქმით, მისი კედელი იმდენად დაწეულია, რომ კარის გაღება და დაკეტვა პრობლემაა. ზოგან კედლებიდან წყალი ჩამოდის. მუნიციპალურმა ინსპექციამ შეამოწმა ერთხელ და გვიპასუხეს, რომ აქვთ უფლება განახორციელონ სამუშაოები“, – ამბობს სალომე კვიჭიძე.

სალომეს თქმით, ინფორმაცია მუნიციპალური ინსპექციიდან ზეპირად მიიღეს და ექსპერტიზის დასკვნა არ უნახავთ, რომლითაც დასტურდება, რომ საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს სამშენებლო სამუშაოები მათ საცხოვრებელს მდგრადობის პრობლემას არ უქმნის.

„მშენებლობა გამოწეულია რამდენიმე მეტრში, ჩვენი კორპუსიდან 3-4 მეტრში მიმდინარეობს სამუშაოები. ჩაიტანა მიწა საპარკინგე ადგილზე“, – ამბობს ალექსანდრე სხულუხია, კიდევ ერთი მოქალაქე.

მამულაძის ქუჩის #4-ის მოპირდაპირე მხარეს [მამულაძის #25-ში] მრავალსართულიან კომპლექსს შპს „ბათუმი რიზორთი“ აშენებს [შპს „არქის“ დამფუძნებლის კომპანია]. კომპანიამ აქ ორი საკადასტრო ერთეული გააერთიანა და ჯამში 5005 კვ.მეტრს ფლობს.

მამულაშვილის #4-ში მდებარე კორპუსი და სამშენებლო მოედანი კორპუსის წინ

რენდერი

რენდერი

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, დავით მამულაძის ქუჩა N- 25-ში შპს „ბათუმი რიზორთი“ პროექტის შესაბამისად აშენებს. კერძოდ, აწყობს საძირკველს, რისთვისაც იყენებს დროებითი ფერდსამაგრ ლითონის კონსტრუქციებს. მიუხედავად ამისა, საძირკვლის მოწყობის დროს დაზიანდა მომიჯნავედ არსებული საცხოვრებელი კორპუსის ეზოს ნაწილი.

„დაზიანებული ეზოს ნაწილის აღდგენის სამუშაოს ვალდებულება ეკისრება შპს „ბათუმი რიზორთს“. კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს აღდგენითი სამუშაოების განხორციელებისთვის“, – განმარტეს ინსპექციაში.

მოგვიანებით დავაზუსტეთ ასევე, რომ კომპანიას აქვს ვალდებულება საძირკვლის მოწყობის სამუშაოების განახლებამდე კორპუსის ეზოს აღდგენითი სამუშაოები დაიწყოს და დაასრულოს.

შპს „ბათუმი რიზორთის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ეზოს მხარეს ფერდის გამაგრების მიზნით სპეციალური მოწყობილობა აქვთ დამონტაჟებული. მისი მტკიცებით პარკინგის ადგილის დაწევა გამოიწვია ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა:

„მიადგა თუ არა მოსახლეობას ზიანი ჩვენი სამუშაოების გამო, ამას ექსპერტს შევაფასებინებთ. რაც შეეხება ბზარებს, სამუშაოებს ვაწარმოებთ დაშვებული ნორმების მიხედვით და თუ კორპუსი ხარისხიანად არის აშენებული, ბზარები არ უნდა იყოს. ადრეც ამბობდნენ, რომ ბზარებია, ვიდრე ჩვენ დავიწყებდით მშენებლობას“.

შპს „ბათუმი რიზორთს“ 30-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა აქვს.

კომპანიის 75 პროცენტი შპს „ბათუმი კაპიტალს“ ეკუთვნის, 25 პროცენტი „ვექტორ ჯგუფის“ საკუთრებაა. ამ კომპანიის დირექტორი და 15 პროცენტის მფლობელი „არქის“ დამფუძნებელი, ყოფილი პარლამენტარი თენგიზ წულაიაა.

„ბათუმი კაპიტალის“ წილებს ფლობენ ასევე კომპანიები, რომლებიც საქართველოში ისრაელის მოქალაქეებმა დააფუძნეს.

[ დავით მამულაძის პირველ შესახვევში, # 4 – ყოფილი ინასარიძის პირველი ჩიხი]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: