მთავარი,სიახლეები

როგორ ცხოვრობს უკრაინელი ინა ბათუმში – კამუფლაჟების ქსოვის შემდეგ ევრომაიდანზე

20.10.2023 • 2081
როგორ ცხოვრობს უკრაინელი ინა ბათუმში – კამუფლაჟების ქსოვის შემდეგ ევრომაიდანზე

603 დღეა, რაც უკრაინა საკუთარ ქვეყანას იცავს რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმისგან. ზუსტად ამდენივე დღეა ბათუმში, ევროპის მოედანზე, ყოველდღე იკრიბებიან უკრაინის მოქალაქეები 6 საათის შემდეგ დროშებით, პოსტერებით, აპროტესტებენ რუსეთის აგრესიას და სოლიდარობას უცხადებენ უკრაინის მცველებს.

55 წლის ინა ნედოვიზიც თითქმის ყოველდღე აქ არის. ამბობს, რომ აქციაზე თანამოაზრეებთან ერთად დგას და ეს ძალას მატებს, ენერგიით ავსებს:

„ბათუმის ევრომაიდანი რომ არ ყოფილიყო, ალბათ დიდი ხნის წინ გავხდებოდი ცუდად. ვმკურნალობ ხოლმე, გულის დაავადება მაქვს, მივდივარ კვირაში ორჯერ პროცედურებზე, მოვძლიერდები და მერე აქ მოვდივარ.

ინა ნედოვიზი ლტოლვილია უკრაინიდან. ყოველდღე, საღამოს ექვსი საათის შემდეგ ბათუმში, ევროპის მოედანზე, დგას აქციაზე, უკრაინელი ჯარისკაცების სოლიდარობის ნიშნად

ხანდახან მარტოც ვმდგარვარ წვიმაში, ცუდ ამინდში ერთი დიდი პალმის ქვეშ ველოდებით ერთმანეთს და ვიკრიბებით, რომ დროშები გავშალოთ ქალაქის მთავარ მოედანზე. ბათუმში მყოფმა უკრაინელებმა საკუთარ თავს მივეცით პირობა, რომ წელიწადის ყველა დროს, ნებისმიერ ამინდში, უკრაინის დროშებით ხელში ვიდგებით ქუჩაში, ომის ბოლო დღემდე, მანამ, სანამ ჩვენი ჯარისკაცები უკრაინისთვის იბრძვიან და კვდებიან, მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ და გავთავისუფლდებით“, –  ამბობს ინა.

  • სკოლებიდან, ბაღებიდან, უკრაინულ ენაზე დაწერილი ყველა წიგნი გამოიტანეს და გაანადგურეს, ბავშვების ნახატებიც კი გადაყარეს უკრაინული წარწერებით

ინასთვის უკრაინის ომი ხერსონის საავადმყოფოდან დაიწყო. გულის დაავადების გამო გეგმურ სამედიცინო პროცედურებს უტარებდნენ ინას ხერსონის კლინიკაში 24 თებერვალს, ომის დაწყების დღეს, როცა დაბომბვები და თავდასხმა დაიწყეს რუსებმა. საავადმყოფოში დაჭრილების შემოყვანა რომ დაიწყეს, ინა მიხვდა, რომ ომი დაიწყო. ახლომახლო, ანტონოვკის ხიდთან იყო დიდი ბრძოლები, საავადმყოფოში სწორედ ამ ბრძოლას გადარჩენილი დაჭრილები შეჰყავდათ.

კლინიკიდან რომ გაწერეს, ინა ხერსონში შვილის ბინაში დარჩა. თავად ხერსონიდან 40 კილომეტრით დაშორებული სოფლიდანაა, სადაც მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.

„ხერსონი ჯერ კიდევ არ იყო ოკუპირებული, მძიმე ბრძოლა იყო ქალაქისთვის. რუსებით იყო სავსე ქალაქი. სარდაფში ვიმალებოდით და ვკანკალებდით. ქუჩაში გასვლას ვინ გაბედავდა, ვიცოდით, რომ გარეთ ქალებს აუპატიურებდნენ, კლავდნენ…

პირველ მარტს უკვე აიღეს ხერსონი. შვიდ მარტს წავედი ხერსონიდან ჩემი სოფლისკენ მანქანით, ჩემი სოფელი ყირიმისკენ მიმავალ გზაზეა, სულ რამდენიმე ათეული კილომეტრის მოშორებითაა ყირიმი. საჭესთან ვიჯექი და ვხედავდი, როგორ მიდიოდნენ გზაზე რუსების სამხედრო კოლონები კიევის ნიკოლაევისკენ.

ასეთი იყო ჩემთვის ომის პირველი დღეები“, – იხსენებს ინა. მისი სოფელი დნეპრის მარცხენა სანაპიროზეა. კახოვკის ჰესის აფეთქების მერე წყალმა მაღლობზე გაშენებული ეს სოფელი ვერ დაფარა, ამიტომ აქ მახლობელი, დატბორილი ადგილებიდან ბევრი ლტოლვილი გადავიდა:

„ოსტროვს ახლაც ბომბავენ, ალეშკას რეგიონი დაიტბორა, აქედან წამოსულმა ხალხმა ჩვენს სოფელს შეაფარა თავი. ჩემს სახლში ახლა ალეშკადან გამოქცეული ქალი ცხოვრობს. სახლის მფარველია ჩემთვის, ის რომ არა სახლს რუსები წამართმევდნენ, ოთხჯერ შესულან სახლში ოკუპანტები, მაგრამ რახან ეს ქალი ცხოვრობს, ვეღარ დაიკავეს.

სოფელში დარჩა ჩემი დაც. არც დედა მყავს, აღარც მამა, მხოლოდ ეს ერთი და დამრჩა იქ. ის მიყვება რა ხდება სოფელში. რუსები ყველაფერს იპარავენ, ტანკებით დადიან სოფელში. სკოლებიდან, ბაღებიდან თუ რამე წიგნი იყო უკრაინულ ენაზე, ყველაფერი გამოიტანეს და გაანადგურებს, ბავშვების ნახატებიც კი, უკრაინული წარწერებით. მოვედით, რომ გაგათავისუფლოთო, ამბობენ.

ახლა ჩემი სოფელიც სრულადაა ოკუპირებული რუსების მიერ. ყველას რუსული პასპორტების აღებას აიძულებენ. აიღებენ თუ არა კაცები ამ პასპორტებს, იძახებენ სამხედრო კომისარიატში და გზავნიან ომში რუსების მხარეს საბრძოლველად, საკუთარი ძმების, უკრაინელების წინააღმდეგ. ვინც შეძლო სოფლიდან გაიქცა, ბევრმა კოლაბორაციონიზმის გზა აირჩია და ოკუპანტებს აწვდიან ინფორმაციას, რომელი ოჯახიდან იბრძვის ჯარისკაცი უკრაინის დასაცავად და რომელი სახლია ცარიელი. რთულია ამ ყველაფრის ატანა“, – ამბობს ინა.

  • 540 დღეში შეგროვილი 90 ათასი დოლარი შეიარაღებულ ძალებს – რა გააკეთეს ბათუმის ევრომაიდნის წევრებმა უკრაინისთვის

ინა დილით სახლიდან პირდაპირ ფარნავაზ მეფის ქუჩის #46-ში მიდის. კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის გადაკვეთაზე აქ ძველი, ორსართულიანი ბათუმური სახლი დგას. სახლის სხვენში ყოველდღიური ფუსფუსია, იკრიბებიან ლუკაშენკოს რეჟიმს გამოქცეული ბელორუსები და ომსგამოქცეული უკრაინელები. ყოველდღე სამხედრო ტექნიკის შესანიღბ კამუფლაჟებს ქსოვენ ერთად.

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე სახლის სხვენში, უკრაინელები საბრძოლო ტექნიკის შესანიღბ კამუფლაჟს ქსოვენ

რბილი, მსუბუქი ქსოვილი ადვილად შრება და იდეალურად ნიღბავს საბრძოლო ტექნიკას, სანგრებს და ჯარისკაცებს ოკუპანტების თავდამსხმელი თვითმფრინავების, დრონებისგან:

„ღარიბი ობლებივით შეგვიფარა ამ ადგილმა, ლელოს ოფისია აქ, სხვენში კი ჩვენ ვქსოვთ ბადეებს. ხანდახან საავადმყოფოში მივდივარ პროცედურებზე და პირდაპირ აქ მოვდივარ, ვქსოვ, ვქსოვთ ექვს საათამდე და ექვსის მერე ბათუმის ევრომაიდანზე ვდგავართ. ასეთია ახლა ჩემი ყოველი დღე ბათუმში“, – ამბობს ინა.

მარტო აქ არასდროსაა, ყოველთვისაა ვინმე, ვინც მასთან ერთად ქსოვს კამუფლაჟს. ახლა სხვენში ინასთან ერთად საშა და ლიზა არიან. საშაც ომის მერე ჩამოვიდა საქართველოში მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად.

ინა ქსოვილის დიდ ნაჭრებს წვრილად ჭრის, საშა და ლიზა ბადეებს ქსოვენ. ლიზა ბელორუსიდანაა. ისიც ყოველდღე დადის ფარნავაზ მეფის ქუჩის სახლში ბადის მოსაქსოვად.

ინა ნედოვიზი ქსოვილს წვრილად ჭრის

ლიზას და მისი ოჯახის წევრებს პასპორტის მოქმედების ვადა რამდენიმე თვეში ეწურებათ, ახალი პასპორტის ასაღებად ისინი იძულებულნი არიან ბელორუსში დაბრუნდნენ. ეს მათთვის საფრთხისშემცველია, ამიტომ ოჯახი პოლონეთში გეგმავს წასვლას.

„სანამ საქართველოს დავტოვებთ, მინდა უკრაინელებს დავეხმარო და რამე გავაკეთო მათთვის, ეს საქმე ვუპოვე ახლა საკუთარ თავს. მშურს უკრაინელების, ისინი საკუთარი ქვეყნის გასათავისუფლებლად იბრძვიან, ჩვენ, ბელორუსები, ვერც ვიბრძვით. ვინც მზად იყო ბრძოლისთვის, დაიჭირეს ან ქვეყნიდან განდევნეს“, – ამბობს ლიზა.

ლიზა ბელორუსიდანაა, რამდენიმე თვეში საქართველო ოჯახთან ერთად უნდა დატოვოს. მანამდე კი უკრაინელებს კამუფლაჟის ქსოვაში ეხმარება

ერთი წლის განმავლობაში ფარნავაზ მეფის სახლის სხვენში 10 ათასი კვადრატული მეტრი კამუფლაჟი მოქსოვეს. ზამთრობით კამუფლაჟი თეთრი უნდა იყოს, წელიწადის დანარჩენ დროს – მწვანე. სპეციალურ, მომწვანო ნაჭერს ბათუმში მყოფი უკრაინელი ლტოლვილები უკრაინიდან იწერენ და თურქეთის გავლით საქართველოში შემოაქვთ, თეთრი კამუფლაჟი ბამბის ან მიტკლის თეთრი ქსოვილისგან მზადდება.

კამუფლაჟს ფარნავაზ მეფის ქუჩის სახლში ინას მსგავსად დღისით იგივე ხალხი ქსოვს, ვინც მერე საღამოს უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე დგას.

ბათუმის ევრომაიდნის წევრებმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 90 ათასი დოლარი შეაგროვეს 540 დღის განმავლობაში. ამ ფულით იყიდეს 6 ავტომობილი, 5 დრონი, 10 გენერატორი, 7 გადამცემი, 20 ჯავშანჟილეტი და სხვა საჭირო ნივთები ჯარისკაცებისთვის.

  • ბათუმში ყველგან უკრაინის დროშა ან სიმბოლოებია, ხალხი თანაგვიგრძნობს და მხარს გვიჭერს, ეს სასიცოცხლო ენერგიაა ჩვენთვის

ინა ამბობს, რომ ერთი წლის წინ ვერ წარმოიდგენდა, ბათუმში თუ აღმოჩნდებოდა, საკუთარი სახლისა და სოფლის დატოვებაზე არასდროს უფიქრია, მაგრამ უკრაინიდან წამოსვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სასწრაფოს ვეღარ იძახებდა:

„როცა გულის შეტევა მეწყება, სასწრაფოს გამოძახება მჭირდება, არცთუ იშვიათად ხდება ასე. ოკუპაციის შემდეგ კომენდანტის საათი გამოცხადდა დ სასწრაფოს როცა გინდა მაშინ ვერ გამოიძახებ, იყო შემთხვევები, როცა სასწრაფოს მანქანებსაც ბომბავდნენ. მივხვდი, რომ ასე ვერ გადავრჩებოდი. აღარც ის მედიკამენტები იყო ხერსონში, რაც ყოველდღიურად მჭირდება.

ჩემი მეუღლე და ორი შვილი მეზღვაურები არიან. მეუღლე მეხმარება ფინანსურად. მან მითხრა, რომ უზრუნველმყოფდა ყველაფრით, ოღონდ გავცლოდი უკრაინას და სადმე მშვიდ ადგილას მეცხოვრა, ჯანმრთელობისთვის მიმეხედა. როცა გემიდან ჩამოდის ბათუმში, ისიც ჩვენთან ერთად დგას ხოლმე აქციებზე. უსაფრთხოდ და მშვიდად ვგრძნობთ თავს აქ: ქალაქში ყველგან უკრაინის დროშა ან სიმბოლოებია, ხალხი გვესაუბრება, თანაგვიგრძნობს და მხარს გვიჭერს. ეს სასიცოცხლო ენერგიაა ჩვენთვის.

ბინას ვქირაობ ოჯახისგან, რომლის ყველა წევრს დავუმეგობრდი. „ინა, თუ გული შეგაწუხებს, ან რამე დაგჭირდება მოგვიკაკუნე!“ – ასე მეუბნებიან ხოლმე, სულ მზად არიან, დაგეხმარონ, თუ გჭირდება. მთელი ცხოვრება მემახსოვრება ეს დამოკიდებულება, ეს ხალხი“, – ამბობს ინა.

ომის სტრესმა ინას პანიკური შეტევები, შფოთვა დაუტოვა, რასაც დღემდე ებრძვის. გაურთულდა გულის დაავადება, გულისცემის რიტმი – წუთში 160 55 წლის ადამიანისთვის ძალიან ბევრია, შეტევად ითვლება და ამ დროს სასწრაფო დახმარება, წამლები სჭირდება.

ამბობს, რომ სულ ველიკი კოპანიზე ფიქრობს ბათუმშიც, დაბრუნების შესაძლებლობაზე, იმაზე, თუ როგორ იცხოვრებდა, ადგილზე რომ დარჩენილიყო.

გვიყვება, რომ მის სოფელში ხალხი სოფლის მეურნეობით ირჩენდა თავს, მოჰყავდათ ხილ-ბოსტნეული და კვირაობით ყიდდნენ დიდ ბაზარში. ბაზარი ახლა გაუქმებულია, ხალხის უმეტესობა სოფლიდან გაიქცა, მყიდველი არავინაა და სოფელი უსახსროდაა დარჩენილი.

„ხანდახან ზედიზედ 3 დღე სროლებია ჩემს სოფელში, ხალხის დასაშინებლად. მთვრალი რუსი ოკუპანტები ტანკებით დარბიან და სიგიჟეებს აკეთებენ. მე კი გამოვიქეცი, მაგრამ ჩემს დას ახლა იქ ამის ატანა უწევს“, – ამბობს ინა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: