ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის 15ა და 15გ-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც „ორბი ჯგუფის“ საკუთრებაშია, ქალაქის მერია გზებს აპროექტებს.
საპროექტო გზებისა და ქუჩების ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ასახვის მიზნით მერიამ საკრებულოს უკვე მიმართა.
საკრებულო საკითხს უახლოეს სხდომაზე განიხილავს, რომელიც 24 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

„ორბის“ სამშენებლო ღობის რამდენიმე მეტრით გადაწევის სამუშაოები დაწყებულია – ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აქ სავარაუდოდ გზა გაკეთდება / 18.10.2023
მიწის ნაკვეთებზე, სადაც გზები უნდა გაკეთონ, „ორბის“ მრავალსართულიანი შენობები დგას, თუმცა, კომპანია ამ ნაკვეთებს შორის [შ. ხიმშიაშვილის 15ბ-ში] მშენებლობასაც აგრძელებს [მშენებლობის გამო გადაღობილია ის ტერიტორიები, სადაც გზის გაყვანაა დაგეგმილი].
„ორბის“ ეს მშენებლობა არაერთხელ გააპროტესტა გვერდით კორპუსებში მცხოვრებლებმა.
ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მოსახლეობა ასახელებდა იმასაც, რომ „ორბის“ მშენებლობა, მათ შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის მხრიდან საკუთარ საცხოვრებელ კორპუსთან მისასვლელს უბლოკავდა.

ადგილი სადაც გზა უნდა გაკეთდეს / ხედები 9-სართულიანი კორპუსებიდან [მარცხნივ] და ხიმშიაშვილის ქუჩიდან [მარჯვნივ]/ 18.10.2023

ადგილი სადაც გზა უნდა გაკეთდეს / ხედები 9-სართულიანი კორპუსებიდან [მარცხნივ] და ხიმშიაშვილის ქუჩიდან [მარჯვნივ] / 18.10.2023

ბათუმში შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული შიდაკვარტალური გზების საპროექტო, საინჟინრო გზების რუკა / ზემოთ საპროექტო გზები დატანილია წითელი ხაზებით, ქვემოთ კი, რუკა – დადგენილების პროექტიდან / ეს რუკა ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს
„ბათუმელები“ დაუკავშირდა ქალაქის მერიას, თუ რის სანაცვლოდ დათმო საკუთარი ტერიტორია კომპანიამ გზებისთვის და არის თუ არა რაიმე შეთანხმება მერიასა და „ორბს“ შორის. ბათუმის მერიის პასუხს, მიღების შემთხვევაში, აქვე მოგაწვდით.
კომპანია „ორბში“ კი, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიწის ნაკვეთს არაფრის სანაცვლოდ თმობენ იმისთვის, რომ ხიმშიაშვილის ქუჩიდან იქვე 9-სართულიანი კორპუსების მცხოვრებლებს შესასვლელ-გასასვლელი ჰქონდეთ.
„კომპანიამ, ქალაქის მერიის შუამავლობით, გაითვალისწინა მოსახლეობის ინტერესები, თუმცა, მოსახლეობა ითხოვდა გარანტიასაც. ამიტომ, ჩვენვე შევთავაზეთ მერიას სქემა, რათა საკრებულოზე განიხილონ და შეიტანონ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში. ეს იქნება ხიმშიაშვილის ქუჩის მიმართულებით შესასვლელი [კობალაძის ქუჩის მხრიდან „ორბის“ პირველ შენობასთან] და გამოსასვლელი [მესამე შენობასთან]. ამ შესასვლელ-გამოსასვლელსაც ჩვენ მოვაწყობთ“ – გვითხრა გელა მახარაძემ, კომპანია „ორბი ჯგუფის“ ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

გზა „ორბის“ აპარტამენტებსა და 9-სართულიან კორპუსებს შორის შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის [NN15ა, 15ბ, 15გ] მიმდებარედ / 18.10.2023
„ორბმა“, რომელიც მშენებლობას ვადაგასული, 2014 წლის ნებართვით აწარმოებდა, თვითნებურად გაზარდა ე.წ. ფრთების სიმაღლე. მოსახლეობამ ეს გააპროტესტა და ბრძოლაც მოიგო – მერიამ კომპანიას ნებართვის ვადა გაუგრძელა, მაგრამ პროექტში ცვლილება არ შეიტანა.
მუნიციპალურმა ინსპექციამ კი კომპანიას დაავალა, ე.წ. ფრთების სიმაღლეები ადრე შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში მოეყვანა. ამის მიღწევას ბევრი საპროტესტო აქცია დასჭირდა… საბოლოოდ „ორბმა“ ნგრევა დაიწყო.
„ორბში“ დღეს გვითხრეს, რომ 2-3 სართულიანი „ფრთები“ აშენდება და სიმაღლე მაქსიმუმ 15 მეტრი იქნება, როგორც რენდერზეა გამოსახული.

„ფრთების“ მშენებლობა, ამ „ფრთების“ რენდერი და გაფრთხილება „ორბის“ სამშენებლო ღობეზე, რომ მიმდინარეობს დემონტაჟის სამუშაოებიც / 18.10.2023
ამ თემაზე ვრცლად:
ბრძოლა „ორბთან“ საცხოვრებელი გარემოსთვის, რომელშიც დაიბადე და გაიზარდე






