მთავარი,სიახლეები

დათვმა ბოსლიდან ძროხა გაიტაცა – კაცი შუახევიდან

20.10.2023 •
დათვმა ბოსლიდან ძროხა გაიტაცა – კაცი შუახევიდან

შუახევში მცხოვრები ტარიელ დიასამიძე ამბობს, რომ დათვმა მისი ბოსლიდან ძროხა გაიტაცა.

შემთხვევა წელს, სექტემბერში მოხდა, თეთრობის მთაზე მდებარე იალაღზე, სადაც ტარიელის ოჯახი 5 სულ საქონელს უვლიდა.

„იმ ღამეს წამოსული ვიყავით, ღამე დამირეკეს მეზობლებმა, ასეაო… ავედი და ვნახე, კარები გატეხილი იყო, ძროხა გამოეყვანა და წაეყვანა. ყველაზე კარგი და დიდი რომელიც იყო, ის წაიყვანა. მეზობლებმა დაინახეს, ატეხეს ყვირილი, მაგრამ მაინც წაიყვანა. დათვის კვალიცაა ადგილზე, ეტყობა კარს და შეჭმული საქონელიც ვნახეთ დაახლოებით 70 მეტრში“.

ფაქტის დამადასტურებელი ფოტომასალა ტარიელ დიასამიძეს ახლაც აქვს. ფოტოებზე ჩანს გატეხილი კარი, ნაკაწრები და მინდორში დაფლეთილი საქონელი.

ბოსლის კარი

ნაკვალევი

ტარიელი ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დათვს ბოსლიდან მიჰყავს საქონელი. მან გვითხრა, რომ იგივე მოხდა გასულ წელსაც, მეზობლად მდებარე იალაღზე. ნაჩადრევის მთაზე – „იქაც ასე გატეხა, შევიდა, ერთი სული აარჩია და წაიყვანა“.

იგი ამბობს, რომ ასე ხშირად მსგავსი შემთხვევები წარსულში არ ხდებოდა. მან გვითხრა, რომ ჯერჯერობით მუნიციპალიტეტისთვის არ მიუმართავს. „მიმართეს მაშინ, ნაჩადრევის მთაზე რომ გატეხეს, მაგრამ არ ყოფილა რეაგირება“, – გვითხრა მან.

ტარიელ დიასამიძე ამბობს, რომ დათვები არა მხოლოდ იალაღზე, არამედ სოფელშიც ჩნდებიან ხშირად და მოსავალს, ძირითადად სიმინდს, ანადგურებენ.

„წელს მოსავალი დათვმა აიღო, მე არ ამიღია. დავთესე, დავთოხნე სიმინდი, შევიდა დათვი, შეჭამა და ჩალა რომ ჩალაა, ისიც ისეთი გაფუჭებული იყო, აღარ წამოიღება. 70 პროცენტი ყანების დათვმა აიღო სოფელში. არც ერიდება, ახლა რომ გახვიდე, შეიძლება თავზე დაადგე. ერთი და ორი კი არ არის, ბევრია. მეზობელ სოფლებშიც ასეა. თან ბელებით დადის უკვე“, – გვითხრა მან.

წელს შუახევში, სოფელ დაბაძველში, დათვი, რომელიც ბელებით იყო, ორ ქალსა და ერთ მცირეწლოვან ბავშვს დაესხა თავს. მაშინ „ბათუმელები“ შუახევის მერიას დაუკავშირდა და ჰკითხა, ხომ არ მუშაობს მერია ამ საკითხზე და როგორ შეიძლება დაიცვას მოსახლეობამ თავი დათვებისგან ისე, რომ არ მოხდეს ცხოველების ლიკვიდაცია და არც საფრთხე შეექმნას ადამიანების სიცოცხლეს, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.

რამდენიმე წლის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაკრესმა“ პროექტის ფარგლებში მაჭახელას დაცულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას ე.წ. ელექტროღობეების მოწყობა შესთავაზა გარეული მხეცების მოსაგერიებლად.

ამ ღობეებში გარდაქმნილი დენი გადის, რომელიც უსაფრთხოა როგორც ცხოველის, ისე ადამიანისთვის. როდესაც მტაცებელი ღობეს ეხება, ცხოველი იღებს დიდ დარტყმას და ის მეტი აღარ ეკარება ამ ყანის პერიმეტრს, რომელსაც ელექტროღობე აქვს შემორტყმული.

ელექტროღობეების მოწყობა ფინანსებთან არის დაკავშირებული, თუმცა უსაფრთხოა და წლების განმავლობაში დაცულია სასოფლო-სამეურნეო მიწები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: