კვირას მოსალოდნელია წვიმა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 ივლისის 21 საათიდან 15 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ.

კვირას და ორშაბათს, 16-17 ივლისს, მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ჭექა-ქუხილი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი
  • ღამით: 16 – 21 გრადუსი

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია.

13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს პატიმრობა შეუფარდეს

წინასწარი პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელსაც პროკურატურა 13 წლის შვილის გაუპატიურებას ედავება.

აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი დღეს, 14 ივლისს, განიხილა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა 2023 წლის 11 ივლისს დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე’’ და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით [წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურება] წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როცა პრემიერი წინასწარ, გამოძიების დასრულებამდე დამნაშავედ გაცხადებს

„ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. მე გამოვედი და ვთქვი ჩემი პოზიცია – ამას არავის არ ვაპატიებთ… ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით.

21 წლის ლაზარე პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. როცა აპროტესტებდა „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის მიღებას და ათასობით სხვა მოქალაქესთან ერთად რუსთაველზე იდგა.

გამოძიება მას ედავება პოლიციელთა მიმართ ძალადობას და პოლიციის ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და სასამართლოს ლაზარე დამნაშავედ არ უცნია, ღარიბაშვილმა ის უკვე გამოაცხადა დამნაშავედ.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელი, ყოფილი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით არა მარტო არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას ლაზარესთან მიმართებაში, არამედ პირდაპირი ზეწოლაა სასამართლოზე.

„ღარიბაშვილის განცხადება პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირისგან, შეიძლება ითქვას, პირდაპირი ზეწოლაა სასამართლოზე, საგამოძიებო ორგანოებზე, რადგან სწორედ მათ უნდა მიიღონ ამ საქმეზე გადაწყვეტილება.

ღარიბაშვილმა წინასწარ დაარქვა ყველაფერს სახელი, მაშინ, როცა გამოძიება არ არის დასრულებული.

მეორეს, მხრივ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მაღალი თანამდებობის პირი უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს და ეს ზეწოლა მიემართება კონკრეტულ პირებს, კონკრეტულ სამოქალაქო ორგანიზაციებს, რათა ხელისუფლებამ პოლიტიკური სარგებელი ნახოს“, – ამბობს უჩა ნანუაშვილი.

როცა პრემიერი წინასწარ აცხადებს ლაზარეს დამნაშავედ და აანონსებს, რომ მას უმკაცრესად დასჯის, ასეთ პირობებში რა შანსი არსებობს, რომ სასამართლო არ მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და ობიექტურად იმსჯელებს საქმეზე? – ვკითხეთ უჩა ნანუაშვილს.

ნანუაშვილის თქმით, იმ ფონზე, როდესაც სისტემაში გვყავს სანქცირებული მოსამართლეები და სასამართლო, რომელიც პრაქტიკულად დამოკიდებულია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და სასამართლო დამოუკიდებლობის კუთხით სერიოზული პრობლემა არსებობს ქვეყანაში, ასეთ დროს რისკები კიდევ უფრო იზრდება.

„მე, პირადად, წინასწარ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ეს იქნება აბსოლუტურად პოლიტიკური გადაწყვეტილება და შესაბამისობაში იქნება სწორედ იმ განცხადებებთან, რომელიც პრემიერმა გააკეთა“, – ამბობს უჩა ნანუაშვილი.

მისი თქმით, ღარიბაშვილის და, ზოგადად „ქართულ ოცნების“ ლიდერების განცხადებების ამა თუ იმ რეზონანსულ საქმესთან მიმართებაში აჩვენებს, რომ ქვეყანაში სამართალი შერჩევითია.

მაგალითად, 5 ივლისის ძალადობის საქმეზე დაკავებული პირების მისამართით პრემიერ ღარიბაშვილს და თუნდაც ირაკლი კობახიძეს ვინმე კონკრეტულ პირთან დაკავშირებით არასდროს უთქვამთ, რომ ის დამნაშავეა.

ღარიბაშვილი და კობახიძეც ამ საქმესთან დაკავშირებულ კითხვებს მხოლოდ ორი სიტყვით პასუხობდნენ – „დაველოდოთ გამოძიებას“.

„ვხედავთ, რომ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლება პრაქტიკულად ინარჩუნებს სიმშვიდეს და არანაირ განცხადებას არ აკეთებს. მაშინ, როდესაც, იგივე ლაზარე წინასწარ დებს ბრალს და აცხადებს დამნაშავედ.

აქაც ძალიან ნათლად ჩანს შერჩევითი სამართლის ნიშნები, რადგან 5 ივლისის საქმეზე, როცა სახეზეა ორგანიზებული დანაშაულის ნიშნები, ამის ფონზეც კი, ხელისუფლება ცდილობს არ გააკრიტიკოს ეს ძალადობრივი, ექსტრემისტული ჯგუფები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ეს ჯგუფები ხელისუფლების მიერ არიან კონტროლირებადი და ფაქტობრივად ერთ მიზანს ემსახურებიან“, – ამბობს უჩა ნანუაშვილი.

მისი აზრით, „ქართული ოცნების“ და ამ ექსტრემისტული ჯგუფების რიტორიკა ხშირად თანხვედრაშია.

„შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება იყენებს ამ ექსტრემისტულ ძალებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და ამ შემთხვევაშიც ძალიან ნათლად ჩანს, როცა ხელისუფლება მაქსიმალურად ნეიტრალურია 5 ივლისის საქმის გამოძიებასთან მიმართებით და ცდილობს არ ჩაერიოს გამოძიებაში, მართლმსაჯულებაში და შეიკავოს თავი იგივე განცხადებებისგან, რაც ლაზარეს შემთხვევაში გააკეთა.

რა თქმა უნდა, ეს არის შერჩევითი მიდგომა. ეს ორი ძალა: „ქართული ოცნება“ და ეს ექსტრემისტული-ძალადობრივი ჯგუფები ავსებენ ერთმანეთს რაღაც საერთო მიზნის მიღწევაში“, – ამბობს უჩა ნანუაშვილი.

21 წლის ლაზარე გრიგორიადისი ჯერ ირაკლი კობახიძემ დააკავშირა „ბოლშევიკურ ტროიკას“ და „ორიენტაციაარეული“ უწოდა საჯაროდ.

შემდეგ ღარიბაშვილმა სატანისტები და ანარქისტები უწოდა იმ ახალგაზრდას, ვინც რუსულ კანონს აპროტესტებდა ქუჩაში.

რატომ ლაზარე, როცა რუსთაველზე ათასობით ახალგაზრდა იდგა? – ვკითხეთ უჩა ნანუაშვილს. მისი აზრით, ამ შემთხვევაში ლაზარე ერთგვარი სიმბოლოა ყველა იმ ახალგაზრდის, რომელიც შეეწინააღმდეგა მმართველი პარტიის პრორუსულ პოლიტიკას და მისი დასჯით ერთგვარ შურისძიებას ცდილობს ხელისუფლება.

„ამაზე მეტყველებს იგივე ლაზარეს მამის დაკავებაც, კარვის გაშლაზე ხელშეშლა, ეს აჩვენებს ხელისუფლების დამოკიდებულება, რომ ის პრაქტიკულად ებრძვის მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანს. მაშინ, როცა გამოძიებას არც კი გაუანალიზებია, რა გახდა მარტის მოვლენების მიზეზი და ვინ იყო რეალურად ამ პროცესებში მთავარი დამნაშავე.

რა თქმა უნდა, დამნაშავე ამ პროცესებში იყო საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია, პარლამენტი, რომელმაც ის გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც ქვეყანა გაიყვანა კონსტიტუციური, კანონიერი ჩარჩოებიდან.

სწორედ ამას მოჰყვა ხალხის პროტესტი და სანამ ამას არ აღიარებს ხელისუფლება, ნებისმიერ მსგავს საქმესთან დაკავშირებით ყოველთვის იქნება კითხვის ნიშნები“, – ამბობს ნანუაშვილი.

ბოლო სასამართლო პროცესზე ლაზარეს სიტყვის უფლებაც კი არ მისცეს. ამის საპასუხოდ მან ფურცელზე დაწერა – „თუ არ გვაძლევენ არჩევანს, ავიღებთ არადანს“.

„თუ ლაზარეს საქმეზე სასამართლო მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ეს საქმეც გასაჩივრდება.

ეს იქნება კიდევ ერთი ნიშანი იმის, რომ ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება არ არსებობს და მას ხელისუფლება პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებს იმ პირების, ჯგუფების წინააღმდეგ, ვინც მის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი.

თუმცა, ეს გადაწყვეტილება იქნება კიდევ ერთი მანიშნებელი, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით ქვეყანამ რასაც აქამდე მიაღწია, შესაძლოა დაკარგოს და გარკვეულწილად კიდევ დაშორდეს ევროპულ ორბიტას“, – ამბობს უჩა ნანუაშვილი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 14 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 236 590 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +550]
  • ტანკი – 4 097 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 8 008 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 4 449 ერთეული [+24]
  • MLRS – 680 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 423 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 310 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 783 ერთეული [+31]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 273 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 7 019 ერთეული [+24]
  • სპეცტექნიკა – 662 ერთეული [+10]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 14 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 455 თვითმფრინავი
  • 242 ვერტმფრენი
  • 5 009 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 10 700 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 138 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 453 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 11 664 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

„სხვისთვის შეიძლება და ჩემთვის არა?“ – ბათუმში უკანონოდ აგებული შენობის დემონტაჟი შეაჩერეს

„სხვისთვის შეიძლება და ჩემთვის არა?“ – ამ შეკითხვით მიმართა მინადორა დუმბაძემ დღეს, 13 ივლისს, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელებს, რომლებიც უკანონოდ აგებული შენობის დასანგრევად მივიდნენ ბათუმში, ახალსოფლის დასახლებაში, ავგიის ჩიხში.

მოსახლეობასთან შეკამათების შემდეგ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელებს დემონტაჟის შეჩერება მოუხდათ. ადგილობრივებმა მათ ჩაბეტონებული ქალაქის ფონზე, რაც უნებართვოდ აგებული ქოხიდან თვალსაჩინოდ ჩანს, ბათუმის ცენტრში მრავალი უკანონოდ აშენებული და უკანონოდ დასრულებული კორპუსები გაახსენეს.

მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა ეს ადგილი უკანონოდ აგებული შენობის დემონტაჟის გარეშე დატოვეს.

ავგიის ჩიხი
მუნიციპალური ინსპექცია უნებართვოდ აგებული შენობის დემონტაჟს აპირებდა. ბათუმი, ახალსოფელი

„არავითარი გაფრთხილების წერილი არ ჩაგვბარებია, ჩემი დედამთილ-მამამთილი აქ მუშაობდა, ნარგავებიც გვაქვს… უარი გვითხრეს გაფორმებაზე იმიტომ, რომ თურმე ახლოს წყლის ავზია, ჩემთვის თუ არ შეიძლება, სხვისთვის რატომ გაიცა ნებართვა?“ – მინადორა დუმბაძე მის მეზობლად ახალ მშენებლობებზეც მიუთითებს, რაზეც, მისივე თქმით, ნებართვა გაცემულია.

ავთანდილ მაკარაძე

„ახალსოფელში ვცხოვრობთ თავიდანვე, მაგრამ ბანკის პრობლემების გამო სახლი დავკარგე,“ – გვიყვება ავთანდილ მაკარაძე. ის განმარტავს, რომ წლების წინ იმ მიწის ნაკვეთზე ააშენა სახლი, რომელსაც მისი ოჯახი იყენებდა, ეს საკუთრების უფლების აღიარების კომისიასაც დაუდასტურა და მიწა დაირეგისტრირა.

„თუმცა ჩვენ სარგებლობაში გვქონდა 3 ათასი კვადრატული მეტრი, აქ გზა არ გადიოდა, გზა რომ გავიდა, ჩემი მიწის ერთი ნაწილი მეორე მხარეს დარჩა, რის გაფორმებაზეც უარი მითხრეს… ეს ქოხი 5 – 6 თვის წინ ჩავდგი აქ, რომ მიწა დაეკანონებინათ, მაგრამ უარი თქვეს.

კომისიის პასუხი არ მიმიღია, არაფერი ჩამბარებია. მე ინსპექციისგან გავიგე, რომ მიწის კომისიამ უარი მითხრა. ჯერ ხომ უნდა ავიღო კომისიის პასუხი? ეს არ ჩამბარებია. არც მუნიციპალურ ინსპექციას გავუფრთხილებივარ დემონტაჟზე,“ – გვითხრა ავთანდილ მაკარაძემ.

უნებართვოდ აშენებული ქოხი ბათუმში, ახალსოფელში

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრში გვითხრეს, რომ სახელმწიფო მიწაზე უნებართვოდ მოწყობილი ღობის დემონტაჟი მოხდა, შენობის დემონტაჟისთვის კი მოქალაქეს დრო მისცეს.

რაც შეეხება გაფრთხილებას, ინსპექციაში განმარტეს, რომ ავთანდილ მაკარაძე გააფრთხილეს, თუმცა ვერ გვაჩვენეს დოკუმენტი, რაც ამას დაადასტურებდა.

რა კავშირშია სიცხის აუტანლობა ენდოკრინულ პრობლემებთან

ზაფხულის სიცხე შეიძლება ზოგჯერ ძალიან შემაწუხებელი იყოს, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთათვისაც სიცხე პირდაპირი მნიშვნელობით აუტანელია. მათთვის შეიძლება შემაწუხებელი იყოს ჰაერის ის ტემპერატურა, რომელიც სხვა ადამიანებისთვის კომფორტულია. სიცხის აუტანლობა არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი სათანადოდ ვერ არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, ეს კი სითბური დაკვრის განვითარების რისკებს ზრდის, რაც შეიძლება ჯანმრთელობისთვის და ზოგჯერ სიცოცხლისთვისაც კი საშიში იყოს. 

საქმე ის არის, რომ ჯანმრთელობის ზოგიერთი მდგომარეობა აქვეითებს ორგანიზმის ტოლერანტობას სიცხის მიმართ და უფრო მგრძნობიარეს ხდის ადამიანს გადახურების მიმართ. ასეთ ადამიანებს ზაფხულში ან ცხელ გარემოში განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.

აშშ-ს მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკა: სიცხის აუტანლობა არის გადახურების განცდა, როდესაც თქვენს ირგვლივ ტემპერატურა იმატებს. ხშირად ის იწვევს ძლიერ ოფლიანობას. სიცხის აუტანლობა ჩვეულებრივ ნელა ვითარდება და გრძელდება ხანგრძლივად, მაგრამ ასევე, შეიძლება განვითარდეს სწრაფად და გამოწვეული იყოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემით. 

ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა, ადამიანის მგრძნობელობა სიცხის მიმართ შესაძლოა გაზარდოს ზოგიერთმა მედიკამენტმა, მაგალითად შარდმდენებმა; გარდა ამისა, ხანდაზმულები და მცირეწლოვანი ბავშვები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ სითბოს მიმართ, ვიდრე სხვები“ – ვკითხულობთ აშშ-ს მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე.

ისეთი ენდოკრინული დაავადებების გამო, როგორიცაა, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, შეიძლება ორგანიზმში დაირღვესთბორეგულაცია და მოხდეს სითბოსადმი მგრძნობელობის მომატება.

“ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის”  ენდოკრინოლოგი თეონა გოგიტიძე განმარტავს, რომ ენდოკრინული თვალსაზრისით, სიცხისადმი მგრძნობელობა მომატებულია იმ შემთხვევაში, თუ გააქტიურებულია ფარისებრი ჯირკვალი, ანუ არის ე.წ. თირეოტოქსიკოზი. მისივე თქმით, ასეთ დროს სიცხეში ყოფნამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ამ პროცესის მეტი პროვოცირება:

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები კალორიგენული ჰორმონებია, პაციენტს ისედაც აქვს სიცხის აუტანლობა და თუ ასეთ პაციენტები გადიან სიცხეში, მზეზე, თირეოტოქსიკოზი უფრო აქტიურდება და ბუნებრივია, უარყოფითად აისახება ადამიანის საერთო მდგომარეობაზე“ – ამბობს ენდოკრინოლოგი.

თეონა გოგიტიძე განმარტავს, რომ კიდევ ერთი მიზეზი, როდესაც სხეულში შეიძლება დაირღვეს თბორეგულაციის პროცესები, მენოპაუზის მდგომარეობაა: „ამის მიზეზია სხეულში ქალური ჰორმონების არასათანადო გამოყოფა/დეფიციტი; ამ დროს პაციენტს აქვს შეხურებების შეგრძნება“. 

გარდა ამისა, ზაფხულის სეზონზე, გაუწყლოების მომატებული რისკის გამო, საყურადღებოა კიდევ ერთი ენდოკრინული დაავადება – შაქრიანი დიაბეტი.

„დიაბეტის დროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა კარგად მოწესრიგებული არ არის შაქრის დონე სისხლში, პაციენტს აქვს მაღალი რისკი, რომ დაკარგოს ზედმეტი სითხე ორგანიზმიდან გახშირებული შარდვის გზით. შესაბამისად, პაციენტები, რომლებსაც ისედაც აქვთ სითხის ჭარბად დაკარგვის საშიშროება, არ უნდა გავიდნენ მცხუნვარე მზის გულზე, რადგან შეიძლება უფრო ადვილად განვითარდეს დეჰიდრატაცია, ანუ გაუწყლოება“ – ამბობს ენდოკრინოლოგი.

ექიმის თქმით, იმის გამო, რომ დიაბეტის შემთხვევაში სისხლში ყოველთვის მოწესრიგებული არ არის შაქრის დონე, შეიძლება კანისა და კანქვეშა ქსოვილების სითხით გაჯერება [ტურგორი] სათანადოდ არ ხდებოდეს, რის გამოც კანი უფრო მგრძნობიარეა მზის პირდაპირი სხივების მავნე ზემოქმედების მიმართ.

„ასეთ დროს კანი გამომშრალია, ამიტომ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედება არ შეიძლება.

თუ სხვა ადამიანებში დამცავი მექანიზმები უფრო კარგად მუშაობს კანსა და კანქვეშა ქსოვილებში, მზის საწინააღმდეგოდ, დიაბეტიან პაციენტებში ეს დამცავი ბარიერები არის ნაკლები, რადგან კანი გამომშრალია, არ არის კარგად გამოკვებილი. ასეთი პაციენტები არ უნდა გავიდნენ მცხუნვარე მზის ქვეშ, რომ მზის დარტყმა და მზის დამწვრობა არ მიიღონ უფრო იოლად“- განმარტავს ენდოკრინოლოგი.

ექიმის თქმით, ზოგიერთი პათოლოგიის [თირეოტოქსიკოზი, ავტოიმუნური თიროიდიტი და სხვა ავტოიმუნური პათოლოგიები] დროს, 12 საათიდან 17:00 საათამდე მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა შეიძლება არა მხოლოდ შემაწუხებელი, არამედ საზიანოც იყოს დაავადების გამწვავების თვალსაზრისით.

„თუ ადამიანს ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნები აქვს, დღის 12 საათიდან 17:00 საათამდე მზის სხივები უარყოფითად მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის ამ კვანძოვან ჩანართებზე. შეიძლება გამოიწვიოს სტიმულაცია და უფრო მეტად ზრდა, ანუ არასწორი პროლიფერაცია იმ კვანძოვანი ჩანართების, რომლებიც, წესით და რიგით, არ უნდა იყოს ფარისებრ ჯირკვალში. დღის ამ მონაკვეთში, მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებამ პაციენტებში, შეიძლება რაღაც პროცენტით შექმნას ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი ჩანართების ონკოლოგიური საშიშროებაც” – ამბობს ის.

ვის აინტერესებს და ვის არა ბათუმში დაგეგმილი ხელოვნური კუნძული – განხილვა მერიაში

ბათუმში კუნძულის მშენებლობის პროექტზე გავრცელებულ ინფორმაციას მოქალაქეები ფეისბუქზე ხშირად ე.წ. „სმაილებით“ ხვდებიან ან კომენტარებში გვიტოვებენ კითხვას: „თქვენც დაიჯერეთ?“ – როგორც ჩანს იგივე განწყობა აქვთ ბათუმის მერიასა და საკრებულოშიც.

პროექტთან დაკავშირებულ შეხვედრას, რომელიც ბათუმის მერიის დარბაზში დღეს, 13 ივლისს შედგა, მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა რამიშვილი მხოლოდ ნაწილობრივ დაესწრო. არადა მისი აზრი დამსწრეთა სრულ შემადგენლობას თუ არა, ნაწილს მაინც აინტერესებდა.

გასაკვირი ალბათ არ არის თუ ქალაქში, სადაც განაშენიანების სიმჭიდროვეზე, ტრანსპორტის ნაკადებზე, ხმაურის გადაჭარბებაზე, ატმოსფეროს დაბინძურებასა და საჯარო სივრცეების ტოტალურ მიტაცებაზე ჩივიან, აინტერესებთ მერიის მთავარი არქიტექტორის აზრი კუნძულის მშენებლობაზე.

მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული დაგეგმარების პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს „წესით“ ამ საკითხზე „სიტყვაც ეთქმის“ და ვალდებულიც არის, რომ თქვას. მისი მოსაზრება მნიშვნელოვანია, ყოველ შემთხვევაში თეორიულად ასეა, რადგან სწორედ მისი სამსახურია პასუხისმგებელი ქალაქის სწორ ურბანულ განვითარებაზე.

შეხვედრაზე რაიმე სახის მოსაზრება არც მერიის სხვა თანამშრომელს დაუფიქსირებია, არც კითხვა დაუსვამთ.

საკრებულოდან შეხვედრას არავინ დასწრებია.

კომპანიის წარმომადგენლებმა საზოგადოებას სკოპინგის ანგარიში წარუდგინეს.

ეს ანგარიში მოიცავს კვლევებს, სადაც მიმოხილულია პროექტის შესაძლო ზემოქმედება გარემოზე, ინფორმაცია პროექტის განხორციელებით გამოწვეულ შესაძლო რისკებისა და სარგებელზე, თუმცა ეს არ არის გარემოზე ზემოქმედების საბოლოო შეფასება, რომელსაც გარემოს დაცვის სააგენტო განიხილავს. სააგენტოს თანხმობა არის ერთგვარი მწვანე შუქი ნებართვის მისაღებად ისეთი მასშტაბის პროექტისთვის, როგორიც ხელოვნური კუნძულის მშენებლობაა.

კუნძულის სკოპინგის დოკუმენტი შპს „გამა კონსალტინგმა“ მოამზადა. 

შპს „გამა კონსალტინგის“ წარმომადგენელმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ კომპანიამ წინასაპროექტო კვლევებისთვის 20 მილიონ ლარზე მეტი უკვე დახარჯა.

აჭარის მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, შპს „ამბასადორ აილენდს“ 100 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს აღებული.

ხელოვნური კუნძულის პროექტის სკოპინგის ანგარიშის განხილვა ბათუმის მერიაში

კომპანია „გამა კონსალტინგის“ წარმომადგენელმა ზოგადად მიმოიხილა სკოპინგის ანგარიში, მან ყურადღება ძირითადად პროექტის მოსალოდნელ პოზიტიურ მხარეზე გაამახვილა. ისაუბრა ასევე იმ მოსალოდნელ ზიანზე, რომელიც შესაძლებელია მიადგეს გარემოს პროექტის განხორციელების შემთხვევაში.

„მნიშვნელოვანი ახალი ტერიტორია ემატება ქალაქს მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიიდან მოშორებით, გონივრულად დაგეგმილი შემარბილებელი ღონისძიებების პირობებში, ვფიქრობთ, რომ ზემოქმედება მინიმუმამდე შეიძლება იყოს შემცირებული და აუცილებელი იქნება საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელება“ – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

მან ასევე განმარტა:

„პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სანაპირო ზოლი ყოველწლიურად კარგავს სახმელეთო ნაწილს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ქალაქს დაემატება დაახლოებით 108 ჰექტარი ტერიტორია, მთლიანად ახალშექმნილი მიწის ფართობი, სადაც შესაძლებელი იქნება განაშენიანება. პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილია 144 ჰექტარი, რაც საპროექტო ტერიტორიაა, აქედან პროექტისთვის ათვისებული იქნება 108 ჰექტარი“.

შეხვედრას „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც თავიანთ გამოსვლებში ყურადღება გაამახვილეს სამუშაო შეხვედრისა და კვლევების ნაწილში ინფორმაციის გაცვლის მიზნით თანამშრომლობაზე „იმისთვის, რომ კუნძულთან დაკავშირებული ინფორმაცია რელევანტურად იყოს ასახული გენგეგმაში და კუნძულთან დაკავშირებული დოკუმენტები არ იყოს გენგეგმასთან აცდენილი.“

კომპანიის დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ აღნიშნა, რომ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს სჭირდება „რეალური ინფორმაცია და არა ყურით მოთრეული“, რადგან „კუნძული ვერ იარსებებს სხვა სამყაროში და გენგეგმა – სხვა სამყაროში“.

მამუკა სალუქვაძე

კომპანიის წარმომადგენელმა გოჩა კამკიამ „სითი ინსტიტუტთან“ თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვა და იქვე დასძინა:

„ერთი საკითხი მინდა რომ გაგანდოთ წმინდა იურიდიულად, რაზეც ალბათ დამეთანხმება კომპანიის წარმომადგენლობაც. აქ კაზუისტიკაა გარკვეული მიმართულებით.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საზღვრები დადგენილია ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით. ბათუმის ტერიტორია მოიცავს შესაბამის რუკას, რომლის ფარგლებშიც, თქვენ, როგორც კონკრეტული ორგანიზაცია, ვალდებული ხართ მოამზადოთ ის სიღრმისეული კვლევები, რასაც ამზადებთ. რაც შეეხება საინვესტიციო ტერიტორიას, რომელიც სახელმწიფომ გადმოგვცა შესაბამისი ვალდებულებებით, ეს ტერიტორია ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში იურიდიულად არ შედის, აქედან გამომდინარე, ეს ტერიტორია ორგანიზაციის პირდაპირ სახელშეკრულებო მიმართულებებში, სატენდერო დავალებაში, მოქცეული არ არის“.

გოჩა კამკიას თქმით, ჯერ კიდევ გადასაწყვეტია, პროექტს საქართველოს მთავრობა განიხილავს და დაამტკიცებს, თუ მუნიციპალურ დონეზე შეითანხმებენ და ადმინისტრაციული აქტით გაფართოვდება საზღვრები.

საბოლოოდ გოჩა კამკიამ მამუკა სალუქვაძეს უთხრა, სახელმწიფოს [ამ შემთხვევაში ბათუმის მერიას] თქვენთვის ამ სივრცის შემოტანა გენგეგმაში არ დაუვალებია და ამიტომაც პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით „წინააღმდეგობაში იყო“, „მაგრამ თუ თქვენი სურვილია, რომ ინფორმაციები გაიცვალოს, ჩვენ ამას მივესალმებით“ – დასძინა მან.

ერთი მხრივ შპს „ამბასადორი აილენდი“ საუბრობს იმაზე, რომ უცხოელი სპეციალისტები დაიქირავა სიღრმისეული კვლევების ჩასატარებლად, მომავალში პროექტის ეფექტურად და რისკების გარეშე განსახორციელებლად, რომ კვლევების ნაწილი ატვირთულია და ნაწილი მომავალში იქნება ღია და საჯარო, თუმცა კონფიდენციალურობის შესახებ ხელშეკრულება შესაძლო თანამშრომლობის შემთხვევაში გოჩა კამკიამ მაინც ახსენა. მან თქვა, რომ თუ თანამშრომლობაზე და ინფორმაციის გაცვლაზე „სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“ შეთანხმდებიან, გააფორმებენ კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ ხელშეკრულებას.

საბოლოდ მამუკა სალუქვაძემ დააზუსტა, რომ მისთვის ნაკლებად საინტერესოა პროექტი და მას აინტერესებს პროექტის ზეგავლენა ქალაქზე.

სკოპინგის დოკუმენტი მერიაში დღეს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინიციატივით წარადგინეს. გასულ თვეში სააგენტომ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ხელოვნური კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებული განცხადების განხილვა შეაჩერა და კომპანიას დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა მოსთხოვა.

„ამბასადორმა“ შენიშვნების გათვალისწინებით კორექტირებული სკოპინგის ანგარიში  სააგენტოს ხელახლა 21 ივნისს წარუდგინა.

რა უნდა გააკეთოთ, რომ არ დაგაჯარიმონ – როცა პარკირებისთვის გადაიხადეთ და ბაზაში არ ჩანს

ბათუმში პარკირების საფასურის გადახდა, რაც 2023 წლის 7 თებერვლიდან შეწყვეტილი იყო, პირველი ივლისიდან გახდა შესაძლებელი, თუმცა არასრული სერვისით. ანუ გადახდა მხოლოდ საბანკო ბარათით და მხოლოდ მუნიციპალური შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ახალი პორტალითაა შესაძლებელი.

თუმცა, ზოგიერთი მოქალაქის თქმით, პარკირების საფასურს ახალ პორტალზე ვერ იხდიან და ვერც ადრე შეძენილი პარკირების საშვის ვადის გადამოწმებას ახერხებენ.

ამის პარალელურად, ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ, როგორც აქ განაცხადეს, პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის დაჯარიმება დაიწყო [თებერვლიდან ივლისამდე არც გადაუხდელობისთვის აჯარიმებდნენ].

„მუნიციპალურ ინსპექციას აქვს წვდომა პარკირების საფასურის გადახდის ბაზასთან, სადაც ჩანს ავტოტრანსპორტის მფლობელს გადახდილი აქვს თუ არა საფასური; თუ არ აქვს, ამ შემთხვევაში ჯარიმდება სამართალდამრღვევი“, – მოგვწერეს ინსპექციიდან.

პორტალზე ხარვეზები უარყვეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“:

„ამ ეტაპზე არავითარი ხარვეზი არ ფიქსირდება, თუ კონკრეტულ შემთხვევებში მოქალაქეები ვერ ახერხებენ გადახდას, ან საშვის ვადის გადამოწმებას, შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ მითითებული ცხელი ხაზის ნომერზე: 577 57 17 74“.

აღნიშნულ ნომერზე კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „ბანკის ბარათის მართვა ყველამ შეიძლება არ იცოდეს, მაგრამ, რომ მიყვები სტრუქტურულად, გადახდა ძალიან იოლი პროცესია. თავიდან იყო ინტერნეტბანკინგით და ბარათით გადახდის ფანჯარა, მაგრამ უკვე ეს ხაზი გასწორებულია – ვინაიდან ინტერნეტბანკინგით ვერ ხერხდება ამ ეტაპზე გადახდა, ჩვენ მოვაშორეთ ის და დავტოვეთ მხოლოდ ბარათით გადახდა. ეს ყველაზე იოლი ფორმატი შევარჩიეთ გადახდის, ვინაიდან დაჯარიმება დაიწყო და დისკომფორტი რომ არ შექმნოდა მოქალაქეებს.“

„ავტოტრანსპორტის“ ცხელ ხაზზე ისიც გვითხრეს, რომ „რა თქმა უნდა, სრული კომფორტი ეს ვერ არის მოქალაქეებისთვის [როგორც ადრე – როცა  ჩართული იყო მთელი სტრუქტურა: ინტერნეტბანკინგი, მოლარე ოპერატორი, მობაილ ბანკი, გადახდის აპარატები], მაგრამ ახლა რადგან ახალი პორტალია, ახალი პროგრამაა, ეს ყველა სერვისი მას უნდა მოვარგოთ. ჩვენ მივაწოდეთ მონაცემები შესაბამის კომპანიებს, მაგრამ ასე უცებ ვერ ხდება, თავიანთი შინაგანაწესი და პროცედურები აქვთ.“

„ნებისმიერი საბანკო ბარათით, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული, შესაძლებელია საფასურის გადახდა ჩვენი პორტალიდან. თუ რაიმე ხარვეზი დაფიქსირდება, შესაძლოა ბანკის ან ინტერნეტის დროებითი პრობლემა იყოს [ქსელმა გაჭედოს მაგალითად]. სხვა სერვისების ჩართვაზეც მიდის მუშაობა, მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეროვნული ბანკის ჩართულობაც კი არის საჭირო“, – გვითხრეს „ავტოტრანსპორტში“. – „თუ არ ვცდები ჩოლოქში ბილბორდებზეც არის ეს ცხელი ხაზის ნომერი მითითებული, ბევრი რეკავს და ყველა, ვისაც ვუხსნით სტრუქტურულად როგორ არის, ძალიან იოლად იხდის“.

პარკირების საფასურის გადახდისთვის გადადით ამ ბმულზე

სერვერი ხუთი თვის წინ დაზიანდა, რატომ ვერ მოხერხდა ისე, რომ ამ პერიოდში ყველა სერვისი გამართულიყო და ახალი პორტალიც შემდეგ ამოქმედებულიყო? – ამ კითხვის პასუხად ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ „შესაბამისი ტექნიკა/სერვერი წაღებული იყო სამხარაულის საექსპერტო ბიუროში, დაკარგული ფაილების აღსადგენად – ბიუროს უნდა გამოერკვია, ის ფაილები მოიძებნებოდა, არ მოიძებნებოდა – ამას დიდი დრო დასჭირდა“.

რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებმაც პარკირების ერთწლიანი საშვი შეიძინეს 2022 წლის ივლისის შემდეგ და ბაზაში შესაბამის მონაცემებს ვერ პოულობენ – „ავტოტრანსპორტის“ ცხელ ხაზზე დაგვიდასტურეს, რომ დაზიანებული სერვერიდან ძველი ფაილების აღდგენა ვერ მოხერხდა:

„დაკარგული ფაილები, რაც ვერ აღდგა, ჩვენ და დეველოპერებიც, ვცდილობთ ბანკებიდან წამოვიღოთ ეს მასალა, თუ რაიმე არის. ამასაც თავისი პროცედურები აქვს და უცებ ვერ ხერხდება – ჩვენ გავაკეთეთ მოთხოვნა, რომ 2022 წლის ივლისის შემდეგ ვინც გადაიხადა 1 წლის საფასური, იქნებ მოგვაწოდონ სიები.

მუშა პროცესია – ზოგი მოგვაწოდეს, ზოგი ჩვენ გვქონდა შენახული, ზოგი… თვითონ მოქალაქეებს ვთხოვთ, იქნებ რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი აქვთ და მოგვიტანონ, ბანკებთან ვამოწმებთ და თუ დაადასტურებს, შეგვყავს ბაზაში, თუნდაც 1 თვე ჰქონდეს საშვს ვადა დარჩენილი. რაც მოხდა, არავის უნდოდა, მაგრამ ტექნიკაა… ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ დაზარალებულ მოქალაქეებს – ზოგს მოაქვს გადახდის ქვითარი, ზოგს ეტყობა არ უღირს ცოტა დრო აქვს დარჩენილი“, – ამბობენ „ავტოტრანსპორტის“ ცხელ ხაზზე.

„ბათუმელებმა“ შემთხვევითობის პრინციპით დღეს, 13 ივლისს, 40-მდე ავტომანქანის ნომერი [მათ შორის რუსული] გადაამოწმა პარკირების საშვზე, თუმცა მათგან მხოლოდ 2 ქართული ნომერი აღმოჩნდა, რომლებსაც გასულ წელს ჰქონდათ პარკირების საფასური გადახდილი [მთელი წლის], სხვა შემთხვევაში პორტალზე ძებნის შედეგის გრაფაში დაიწერა: „სამწუხაროდ, აქტიური საშვი ვერ მოიძებნა…“

როგორ უნდა გაარკვიოს მუნიციპალურმა ინსპექციამ ჩვენ მიერ გადამოწმებული იმ 38 ნომრის შემთხვევაში, ავტომანქანის მესაკუთრეს გადახდილი აქვს თუ არა საშვის საფასური, როცა სისტემა ვერ ეძებს? – ინსპექცია ამბობს, რომ მას წვდომა აქვს ბაზაზე, „ავტოტრანსპორტში“ კი გვითხრეს, რომ ამ ბაზის გადამოწმება მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ პორტალზეა შესაძლებელი.

„ინსპექციას არ ვიცი რა ბაზაზე აქვს წვდომა, მაგრამ პარკირების ბაზა, როგორც ასეთი, ვერ ექნება – ეს „ავტოტრანსპორტის“ პორტალზეა, რომელიც ჩვენთვისაც, თქვენთვისაც და ინსპექციისთვისაც ერთია. ჩვენი პორტალის საინფორმაციო გვერდზე ამოწმებს და თუ არ არის მონაცემები შეტანილი – ეს უკვე რთული პროცესია…

როგორც კი მოვიდა ინფორმაცია სერვერის დაზიანების შესახებ, იმ დროიდან ჩაერთო „ავტოტრანსპორტი“ შეექმნა ახალი პორტალი, ამიტომ დაიწყო ეს პროცესები. ამასთან, გვქონდა პოზიცია, რომ ვიდრე სრული კომფორტი არ ექნებოდა მოქალაქეს გადახდის კუთხით, არ დაჯარიმებულიყო პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის. ინსპექცია ცალკე ორგანიზაციაა, მაგრამ რაღაცას მოახერხებენ ალბათ ისეთი მოქალაქისთვის, ვისაც ჰქონდა გადახდილი პარკირების საფასური დაჯარიმების მომენტისთვის და არ ჩანდა ბაზაში და შემდეგ აისახა… რაღაც კანონმდებლობა ექნებათ, ან გაუუქმებენ იმ ჯარიმას“, – გვითხრეს „ავტოტრანსპორტის“ ცხელ ხაზზე.

რამდენი იზარალა ქალაქის ბიუჯეტმა ბოლო ხუთ თვეში პარკირების საფასურის გადაუხდელობით? – ეს, როგორც საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე აღინიშნა, ბათუმის მერიას დათვლილი არ აქვს. მერიამ პარკირების საფასურის გადახდის პრობლემასთან დაკავშირებით არც „ბათუმელების“ ოფიციალურ წერილს უპასუხა.

ამავე თემაზე:

რუსულნომრიან მანქანებს ვერც ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია აჯარიმებს

 

 

პატიმარმა, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა გაასამართლეს, საკონსტიტუციოს მიმართა

პატიმარი გიორგი ოქროპირიძე საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. პატიმარი იმ სამართლებრივ ნორმას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც მოსამართლეს შეუძლია ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული ვერდიქტი გააუქმოს, თუ ხედავს, რომ ვერდიქტი აშკარად უსაფუძვლოა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით: „სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია გააუქმოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამამტყუნებელი ვერდიქტი და დანიშნოს ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომის თარიღი, თუ აღნიშნული ვერდიქტი აშკარად ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობას, უსაფუძვლოა და გამამტყუნებელი ვერდიქტის გაუქმება სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულების ერთადერთი შესაძლებლობაა.“

გიორგი ოქროპირიძე მიიჩნევს, რომ მოსამართლე, ანუ ამ შემთხვევაში ნაფიც მსაჯულთა სხდომის თავმჯდომარე, „უფლებამოსილი“ კი არა, „ვალდებული“ უნდა იყოს, უსაფუძვლოდ მიღებული ვერდიქტი გააუქმოს, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს.

გიორგი ოქროპირიძე განზრახ მკვლელობის ბრალდებით ნაფიცმა მსაჯულებმა გაასამართლეს. ამ საქმეში არაერთი საეჭვო გარემოებაა. მსჯავრდებულმა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა.

ევროსასამართლომდე გიორგი ოქროპირიძეს მიუმართავს საერთო სასამართლოებისთვის ვერდიქტის გაუქმების შუამდგომლობით.

„…მოსამართლემ ეს შუამდგომლობა განუხილველი დატოვა და უარი თქვა კონსტიტუციით გარანტირებული უფლების გამოყენებაზე, რომ განაჩენი დაფუძნებულიყო უტყუარ მტკიცებულებებს და დაესაბუთებინა მოსამართლის გადაწყვეტილება თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე იქნა ის „დამნაშავედ“ ცნობილი,“ – ვკითხულობთ პატიმრის სარჩელში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ უნდა განიხილოს. – „უფლებამოსილია“ არ არის კონსტიტუციური, კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან და კანონთან მიმართებით, რადგან მოსამართლეს აძლევს შესაძლებლობას მხოლოდ მისი ნებით, თვითნებურად გამოიყენოს უფლებამოსილება, თუნდაც მიკერძოებით, როცა კანონი და კონსტიტუცია ავალდებულებს, რომ „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.

შესაბამისად მოსამართლე „ვალდებული“ უნდა იყოს აღასრულოს კონსტიტუციის დანაწესი და არა „უფლებამოსილი“.

ნორმის უმთავრესი ხარვეზი გამოიხატება იმაში, რომ აქ მოხსენიებული არ არის „უსაფუძვლოა“-ს კონსტიტუციური სტანდარტი. ასეთი მოცემულობა კი, უშვებს ნორმის არაერთგვაროვანი წაკითხვის ალბათობას . უნდა განიმარტოს, თუ რას გულისხმობს „უსაფუძვლო“.

სადავო ნორმატიული შინაარსი „უფლებამოსილია“ ეწინააღმდეგება უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის უფლებას, ვინაიდან საშუალებას იძლევა, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნეს იმგვარ ვერდიქტზე, როცა ვერდიქტი აშკარად ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობას და უსაფუძვლოა, ამ დროს გამამტყუნებელი ვერდიქტის გაუქმება სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულების ერთადერთი შესაძლებლობაა,“ – ვკითხულობთ გიორგი ოქროპირიძის სარჩელში.

ამავე სარჩელის მიხედვით, გიორგი ოქროპირიძის საქმეზე, საკასაციო სასამართლომ განაჩენის მხოლოდ ფორმალური კანონიერება შეამოწმა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ნაფიც მსაჯულთათვის მიცემული განმარტებები კანონს შეესაბამებოდა.

„საკასაციო სასამართლომ ზოგადად განაცხადა, რომ რაკი ბრალდებულმა აირჩია ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ვერდიქტის დაუსაბუთებლობა. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დაუსაბუთებელი ვერდიქტი არ იწვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას…

საკასაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა, თუ რამდენად იყო გამორიცხული ნაფიც მსაჯულთა თვითნებობა და იყო თუ არა ვერდიქტი საკმარისად ცხადი. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, სასამართლოს უნდა გაეუქმებინა ნაფიც მსაჯულთა განაჩენი, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებს პირდაპირი მოქმედების ძალა გააჩნია. ნაფიც მსაჯულთა სისტემის მქონე არაერთმა სახელმწიფომ, ტაქსკეს შემდგომ, თავისი ინიციატივით შეამოწმა შიდა კანონმდებლობის შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან.

მოგეხსენებათ, ნაფიცი მსაჯული არ ასაბუთებს თავის ვერდიქტს! არც არავინ არ მოვითხოვთ მსაჯულისგან რაიმეს დასაბუთებას, მაგრამ მოსამართლე არის ვალდებული პირველ ინსტანციაშიც სსსკ 271-ე მუხლის 7 ნაწილის თანახმად და შემდგომ საკასაციო ინსტანციაშიც სსსკ 266 მუხლის 2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად მოსამართლე უნდა იყოს კანონით ვალდებული იმსჯელოს და დაასაბუთოს თავისი ნებისმიერი გადაწყვეტილება, განჩინებაც, განაჩენიც და შუამდგომლობის გადაწყვეტაც მოსამართლის მიერ უნდა იყოს დასაბუთებული, და მხოლოდ ამ შემთხვევაშია კანონიერი სასამართლოს განაჩენი, რაც არის სწორედ სსსკ 259 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილის მოთხოვნაც (მუხლი 259. სასამართლოს განაჩენის კანონიერება, დასაბუთებულობა და სამართლიანობა,“ – წერს პატიმარი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს.

გიორგი ოქროპირიძე სარჩელში საკუთარ ისტორიას დეტალურად ჰყვება და საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ახსენებს, ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი რომ ვალდებულია, აცილების საფუძველი სასამართლოს აცნობოს.

„…თუმცა მათ დამალეს ეს ფაქტი. მოსამართლემ კი, კანონის დარღვევით შედგენილი ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა დაუშვა, ანუ უკანონო შემადგენლობის მიერ გამოტანილი ვერდიქტი არის უკანონო. მათ შერჩევის სხდომაზე დაგვიმალეს თავიანთი საქმიანობის შესახებ, თუმცა მოსამართლეს უნდა გადაემოწმებინა… მოსამართლე ამოწმებს ყველა გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს მსაჯულობის კანდიდატის აცილების [თვითაცილების] საფუძველი, რომელიც შემდგომ დაინიშნა მთავარ მსაჯულად ფორმალურად, თითქოს წილისყრა მოხდა და სწორედ ეს ნაფიცი მსაჯული, რომელიც იყო პოლიციელი, აღმოჩნდა უფროსს მსაჯულად!

შესაბამისად, ნაფიც მსაჯულთა უკანონო შემადგენლობა დაიშვა სასამართლოზე და მათ მიერ გამოტანილი ვერდიქტი სამართლებრივად არის უკანონო. შესაბამისად, შერჩევის სხდომაზე უკანონო შემადგენლობიდან რამდენიმე მსაჯულმა დაგვიმალა თავისი საქმიანობის შესახებ, რაც კანონით შეუთავსებლობაა და აკრძალულია მათი მონაწილეობის მიღება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესში, რაც არც მოსამართლემ შეამოწმა და უკანონო შემადგენლობას [პოლიციელი] დუმილით, ხოლო ამ შენიღბულმა აგენტებმა, უკანონო ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობამ 2015 წლის 25 დეკემბერს გამოიტანეს ვერდიქტი გ.ოქროპირიძის მიმართ და დამნაშავედ ცნეს განზრახ მკვლელობაში,“ – ვკითხულობთ სარჩელში.

გიორგი ოქროპირიძე გაამართლეს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის და ტარების ნაწილში.

„…თუ გ.ოქროპირიძე გამართლებულია ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარების ნაწილში მთლიანად, იგი წინააღმდეგობაში მოდის ბრალდების ფორმულირებასთან მკვლელობის ნაწილში მის გამტყუნებასთან. სასამართლო პროცესზე დამტკიცდა, რომ გ.ოქროპირიძეს არანაირი იარაღი არ ჰქონია! გამქრალია აბაშიძის ქუჩის გარე კამერების ვიდეო ჩანაწერებიც,“ – ვკითხულობთ სარჩელში.

გიორგი ოქროპირიძის საქმეზე ორჯერ ჩატარდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. პირველ შემთხვევაში მსაჯულებმა ვერდიქტი ვერ გამოიტანეს, მეორეზე კი, მოსარჩელის თქმით, უსაფუძვლო ვერდიქტი მიიღეს და მთავარი მსაჯული შსს თანამშრომელი იყო.

ამ თემაზე:

ოქროპირიძე საქართველოს წინააღმდეგ

ტირილი საკუთარ ქორწილში – რას გლოვობს მეხოშის „პატარძალი“

მეხოშის „პატარძალს“ თვალები ცრემლით აქვს სავსე, ყელზე კი რკინის მსხვილი ჯაჭვი უკეთია. პატარძლის ძირს დახრილ თვალებში სევდა და ტკივილია – სწორედ ასეთი სახე აქვს გოგონების ნაადრევ და იძულებით ქორწინებას.

ეს სახე არაერთხელ უნახავს 16 წლის მეხოშ გუსეინოვას თავის სოფელში. იცის, რას განიცდიან გოგონები, როცა მშობლები სკოლაში წასვლას უკრძალავენ და წიგნების ნაცვლად ოჯახის ტვირთს ჰკიდებენ. მძიმე და მათთვის უცხო ტვირთს.

„ჩემ გარშემო ბევრი გოგოა, ვისაც სწავლაზე ხელი არ მიუწვდება. ბევრი გოგო ჩამოშორდა სკოლას, რადგან დააქორწინეს.

ახლა მე-11 კლასში ვარ და სულ სამი გოგონა შემოვრჩით, ადრე 8-9 ვიყავით. ამ ორი-სამი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი გოგო წავიდა სკოლიდან.

ვიცი ისეთი გოგოები, რომლებიც მე-6, მე-7 კლასიდანაც კი გაიყვანეს და გაათხოვეს.

ჩემი ერთი კლასელი კი ისეთ კაცზე გაათხოვეს, რომელსაც ორი შვილი უკვე ჰყავდა და ამ პატარებზე 16 წლის გოგოს უნდა ეზრუნა. ჩემი მასწავლებლებიც კი შეწუხებულნი იყვნენ ამ ამბით“, – გვეუბნება მეხოში, რომელმაც წელს დაასრულა XI კლასი.

მეხოშ გუსეინოვა, სკოლის მოსწავლე

ის გვიყვება კიდევ ერთ გოგოზე, რომელიც ტიროდა საკუთარ ქორწილში, რადგან მშობელმა იძულებით გაათხოვა.

„ჩემზე ორი წლით პატარა იყო, როგორც ვიცი. მისი ქორწილის ვიდეოები როცა ვნახე „ტიკ-ტოკზე“, ტიროდა, რადგან არ უნდოდა ოჯახის შექმნა. კადრებშიც კი ჩანდა, რომ არ სურდა ქმრის გვერდით ფოტოს გადაღება და ტორტის გაჭრა.

მაშინ ვთქვი, „ნეტა, რაზე ფიქრობს მისი მშობელი, როცა ასე ატირებულ შვილს ხედავს მისსავე ქორწილში? არაფერს გრძნობს ამის გამო? ნუთუ არავინ არაფერი გააკეთა ამ ბავშვისთვის, რომ ეს ქორწილი არ შემდგარიყო.

ხშირად მშობლები ფიქრობენ, რომ თუ გოგოს მდიდარ კაცზე გაათხოვებენ, ის ბედნიერი იქნება, ბევრი ოქრო ექნება და კარგად იცხოვრებს. მაგრამ ასე არ არის, ბედნიერებას ვერ გაცვლი ოქროზე.

მით უმეტეს მაშინ, როცა ქორწილში ნაჩუქარი ოქროც კი ამ გოგოების საკუთრება არ არის რეალურად და არ შეუძლიათ მათი ისე გამოყენება, როგორც მათ სურთ.

არ აქვთ გაყიდვის უფლება, რომ, ვთქვათ, ეს ფული სწავლას მოახმარონ. ამ ოქროს ისევ ქმარი განკარგავს. რად უნდა გიღირდეს ეს ოქრო, როცა ხედავ, როგორ ტირის შენი შვილი ამდენი ხალხის წინაშე. ეს ძალიან ცუდია“, – ამბობს მეხოშ გუსეინოვა.

მისი თქმით, არის შემთხვევები, როცა გოგონები სწავლის შეწყვეტის ან ოჯახში განცდილი დისკომფორტის გამო ცდილობენ ქორწინებას.

„მეხუთე თუ მეექვსე კლასში ვიყავით, როცა აზერბაიჯანულ სექტორზე ერთი გოგო გადმოვიდა და მე-11 კლასამდე ჩემთან ერთად სწავლობდა. მშობლები არ ჰყავდა ამ გოგოს და ბიძამ აღარ მისცა სწავლის გაგრძელების უფლება. სახლში იყავი და ოჯახს მოუარეო, – ეუბნებოდნენ. სულ ტიროდა და ძალიან განიცდიდა.

იმდენად ცუდად გრძნობდა ამ სახლში თავს, ვიღაც სრულწლოვან კაცს გაჰყვა. ის კაციც წამალდამოკიდებული აღმოჩნდა მერე“, – გვეუბნება მეხოში.

მეხოშის ნახატმა შსს-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ნაადრევი ქორწინების თემაზე პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა

როგორ ფიქრობ, რატომ არ ესმით მშობლებს საკუთარი შვილების? – ვკითხეთ მას.

მეხოში ფიქრობს, რომ გარკვეულწილად ეს დაბალი ცნობიერების ბრალიცაა, რადგან მშობლები ხშირად ვერ იაზრებენ ნაადრევი ქორწინების ტვირთს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ არა მარტო გოგონებთან, მშობლებთანაც იმუშაოს ცნობიერების ამაღლებაზე. სკოლაში როცა მოდიან და ნაადრევი ქორწინების ნეგატიურ მხარეზე მე-6-7-კლასელ ბავშვებს ესაუბრებიან, ვფიქრობ, პატარა ბავშვები ამას ვერ გაიაზრებენ ბოლომდე, თუ მშობლებსაც არ ექნებათ ნაადრევ ქორწინებაზე იგივე შეხედულება.

სკოლის მასწავლებლებსაც აქვთ ხოლმე სურვილი ისაუბრონ ამ თემაზე მშობლებთან, მაგრამ სამწუხაროდ, მშობლების უმრავლესობამ არ იცის ქართული ენა და ვერ ახერხებენ ამ ინფორმაციის მიწოდებას. ამიტომ კარგი იქნება, რომ სახელმწიფო ენის შესწავლაშიც დაეხმარონ ადამიანებს“, – ამბობს მეხოში.

მეხოშის დედა საბავშვო ბაღში მუშაობს, მამა კი – თვითდასაქმებულია. მისი თქმით, ოჯახში ყველა აცნობიერებს განათლების, მათ შორის გოგონების განათლების მნიშვნელობას.

„მამას არ აქვს სკოლა ბოლომდე დასრულებული და ამას ძალიან განიცდიდა. თუმცა მამა, ბაბუაც და ბაბუის მამაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სწავლას.

მე და ჩემი და, ასევე ბიძაშვილებიც, ვსწავლობთ და ვაპირებთ, რომ უნივერსიტეტშიც გავაგრძელოთ სწავლა.

სკოლის გარდა კერძო გაკვეთილებზე დავდივარ და ვსწავლობ კოლეჯშიც. კარგად ვხატავ, ამიტომ მინდა სწავლა ამ მიმართულებით გავაგრძელო და მხატვარ-დიზაინერი გამოვიდე. ამაში ყველა ძალიან მიწყობს ხელს“, – გვეუბნება მეხოში.

მისი აზრით, განათლების გარეშე ვერ იქნება გოგონა ბედნიერი, მით უმეტეს, თუ მას იძულებით და ნაადრევად დააქორწინებენ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბევრმა გოგომ მიიღოს განათლება და აჩვენოს თანასოფლელებსაც, რამდენად საჭიროა ეს ქალებისთვის.

„იქნებ შევცვალოთ ბოლოს და ბოლოს ადამიანების აზრები და დამოკიდებულება, როცა ერთი ოჯახი იამაყებს თავისი გოგოს განათლებით და წარმატებით, სხვა ოჯახიც მიბაძავს და შეიცვლება დამოკიდებულება“, – ამბობს მეხოშ გუსეინოვა.

მეხოშის ნახატმა, რომელიც იძულებით ქორწინებას ასახავს, შსს-ს მიერ გამოცხადებულ ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში გამართულ კონკურსზე პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა.

„500-ლარიანი ვაუჩერი მაჩუქეს და მთლიანად სახატავი მასალები შევიძინე“, – ამბობს მეხოში.

მეხოში ფონიჭალაში, 218-ე საჯარო სკოლაში სწავლობს.

28-30 ივლისს ბათუმი რიგით მე-16 ჯაზფესტივალს უმასპინძლებს

შავი ზღვის ჯაზფესტივალის დღეების აღსანიშნავად 28 ივლისს თიბისი კონცეპტის, Visa-ს და საქართველოს რკინიგზის პარტნიორობის ფარგლებში, გთავაზობთ ჯაზმატარებლით მომსახურებას, რომელიც თბილისიდან ბათუმში გამოგზაურებთ.

ჯაზმატარებელი თბილისიდან 28 ივლისს, 10:50 საათზე დაიძრება.

მატარებელში მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებს SALIO.

მგზავრობისას გათვალისწინებულია:

  • ლანჩბოქსი და ტკბილეულობა
  • გამაგრილებელი სასმელი
  • სახალისო აქტივობები და საჩუქრები

ჯაზმატარებელზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: tkt.ge/JazzTrain

რეგისტრაციისთვის აუცილებელია ვალიდაციის გავლა თიბისი კონცეპტის ბარათითა და ფესტივალის ბილეთის უნიკალური კოდის მითითებით. ჯაზმატარებლით მგზავრობა უფასოა.

6 წლამდე ბავშვებისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის ჯაზფესტივალის ბილეთის უნიკალური კოდის მითითებით.

იჩქარეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

„ქერა“ და კიდევ 12 პირი ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დააკავეს – შსს

შსს-ს ცნობით, თბილისში, ქუთაისსა და სვანეთში 13 პირი დააკავეს.

„პოლიციამ 1965 წელს დაბადებული ი.კ., 1994 წელს დაბადებული ზ.ც., 1996 წელს დაბადებული ა.ფ., 1973 წელს დაბადებული გ.ფ., 1995 წელს დაბადებული მ.გ., 1989 წელს დაბადებული დ.კ., 1993 წელს დაბადებული ს.ბ., 1968 წელს დაბადებული გ.ა., 1990 წელს დაბადებული დ.ზ. მეტსახელად „ქერა“, 1985 წელს დაბადებული გ.ქ., 1973 წელს დაბადებული კ.ვ., 1977 წელს დაბადებული პ.ზ. და 2000 წელს დაბადებული ა.ზ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ბრალდებით დააკავა“ – წერს შსს.

დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულები ი.კ., ა.ფ., და ზ.ც., მოქალაქეებს შორის ფინანსური დავების, ასევე, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირებთან – დ.ზ.-სთან, მ.გ.-სთან, გ.ქ.-სთან, გ.ფ.-სთან, გ.ა.-სთან, ს.ბ.-სთან, დ.კ.-სთან და კ.ვ.-სთან ერთად სისტემატურად აწყობდნენ „ქურდულ გარჩევას“, აქტიურად ერთვებოდნენ სადაო საკითხების განხილვაში, ასევე, „ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად წყვეტდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას როგორც სიტყვიერად ისე, ძალის გამოყენებით აიძულებდნენ.

„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის ბრალდებული პირები, „ქურდული სამყაროს“ წევრებს საქმის გარემოებების შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციას, წარადგენდნენ საკუთარ მოსაზრებებს, აფასებდნენ და ხელს უწყობდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ მიმართვისთვის ბრალდებულებმა პ.ზ.-მ და ა.ზ.-მ მატერიალური სარგებლის და მატერიალური უპირატესობის მისაღებად, საბერძნეთში მყოფ „კანონიერ ქურდს“, ნ.ფ.-ს მეტსახელად „ბურდღუნიჩს“ მიმართეს“ – იუწყება შსს.

სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, ნივთმტკიცებად ამოიღეს.

„პოლიციის მიერ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“ – წერს შს სამინისტრო.

ზედიზედ მესამე ღამეა რუსეთი კიევს დრონებით ესხმის თავს

13 ივლისს, ღამით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ისევ შეუტიეს კიევს უპილოტო საფრენი აპარატებით.

კიევის საჰაერო სივრცეში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ათამდე ირანული დრონი ჩამოაგდეს, თუმცა ნამსხვრევები ჩამოცვივდა დედაქალაქის 4 რაიონში.

ერთ მისამართზე უკრაინელმა მაშველებმა 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულის აივანზე გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, ისინი დაკვამლიანების დროს მოიწამლნენ, თუმცა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადეს. გარდა ამისა, ამ მისამართიდან ერთი ადამიანი გადაიყვანეს.

ასევე, კიევში, 25-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში დრონის ნამსხვრევების შედეგად შენობის ფასადი დაზიანდა და ორი ადამიანი დაშავდა. ხანძარი გაჩნდა კიდევ ერთი კორპუსის სახურავზე.

ივლისში კიევზე დრონებით თავდასხმის სერია რუსეთმა 11 ივლისს დაიწყო. არსებული ინფორმაციით, რუსეთმა ამჯერადაც ირანული „შაჰედები“ გამოიყენა თავდასხმისთვის.

2023 წლის მაისში რუსეთი რეგულარულად ესხმოდა თავს კიევს. უკრაინული მედიის ცნობით, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების მიერ გაშვებული 250-ზე მეტი საჰაერო სამიზნე გაანადგურეს უკრაინის დედაქალაქის თავზე, თუმცა რუსეთის თავდასხმებს მაინც მოჰყვა მსხვერპლი და დანაკარგი.

__________

ფოტოზე: ხანძარი კიევში 13 ივლისს. ფოტო: ДСНС України/facebook

ჯულიარდის კონსერვატორიის ქართველი სტუდენტი აშშ-დან დანახულ საქართველოზე

23 წლის ელენე თაბაგარი ნიუ-იორკის ჯულიარდის სახელობის სკოლაში მუსიკის ავთენტური შესრულების ფაკულტეტზე სწავლობს, სამაგისტრო საფეხურზე, სრული დაფინანსებით. ჯულიარდში ამ ფაკულტეტზე სწავლა ყოველწლიურად 60 ათასი დოლარი ღირს.

ჯულიარდი ლინკოლნის ცენტრში მდებარე საშემსრულებლო ხელოვნების კონსერვატორიაა, სადაც ისეთმა დიდმა მუსიკოსებმა მიიღეს განათლება, როგორებიც არიან მაილს დევისი, ნინა სიმონე, ჩიკ კორეა, არეტა ფრანკლინი და სხვები.

ელენე კლავესინს და კლავიშებიან სხვა ისტორიულ ინსტრუმენტებს შეისწავლის. ეს ახალაღმოჩენილი მიმართულებაა მისთვის, რითაც ბაკალავრიატში დაინტერესდა ბაროკოს მუსიკის შესწავლისას.

ელენე თაბაგარი

ამერიკაში პირველად FLEX-ის გაცვლითი პროგრამით წავიდა. მე-12 კლასი ვაშინგტონში დაამთავრა. ამ შტატიდან დაიწყო მისთვის ამერიკული ცხოვრება.

„ვგეგმავ ჩავერთო ბაროკოს მუსიკის პოპულარიზაციაში და ვისწავლო ევროპაშიც კლავესინის პედაგოგებთან, რამდენიმე თვით. მინდა შევისწავლო სხვადასხვა ევროპული ქვეყნის სტილი ამ ჟანრში.

საკუთარ თავს საქართველოში დიდი ხნით ვერ ვხედავ. თავისუფალი აზრის გამოხატვისას აქ რადიკალური მოძალადე ჯგუფები გემუქრებიან, ხელისუფლებისთვის კი სამართალი მხოლოდ სიტყვებია და სხვა არაფერი“, – ამბობს ელენე.

ჰყავს ბევრი მეგობარი, ვინც სწავლის გაგრძელება მის მსგავსად ამერიკასა და ევროპაში არჩია. ელენეს დაკვირვებით მისმა მეგობრებმა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება რამდენიმე სხვადასხვა მიზეზით გადაწყვიტეს: დასავლეთში თვითრეალიზაციის მეტი შესაძლებლობის, შრომის დაფასების, აზროვნების თავისუფლებისა და საუკეთესო განათლების ხელმისაწვდომობის გამო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე განთავსებული ანგარიშის მიხედვით, ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, ამერიკის უნივერსიტეტებში საქართველოდან 2021-2022 სასწავლო წლებში 662 სტუდენტი სწავლობდა, რაც 2020-2021 წლის ამავე მონაცემთან შედარებით 13,6%-ით მეტია.

ამავე წლებში აშშ-ში გაერთიანებული სამეფოდან სწავლობდა ყველაზე მეტი, 10 292 სტუდენტი, გერმანიიდან 8 550, თურქეთიდან 8 467, ესპანეთიდან 8 165, საფრანგეთიდან კი 7 751 სტუდენტი.

2021-2022 სასწავლო წლებში აშშ-ში სწორედ ამ ხუთი ქვეყნიდან სწავლობდა ყველაზე მეტი სტუდენტი.

ელენე ამერიკული ცხოვრების რიტმს შეეჩვია. თუმცა ბევრი დაბრკოლება სდევს თან უცხოეთში მარტო ცხოვრებასა და ახალ ქვეყანასთან შეჩვევას.

„ნიუ იორკი ძალიან ძვირიანი ქალაქია და აქ რთულია თავის გატანა, ფლორიდასთან შედარებით, მაგალითად.

თავიდან რთული იყო ამერიკელ სტუდენტებთან, ან სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულებთან საერთო ენის გამონახვაც.

ქართველი სტუდენტების უმრავლესობას პირველი დღიდანვე მოგვიწია 18 წლის ასაკში ახალ ქვეყანაში სტუდენტური ვიზით დაშვებული სამსახურები გვეპოვნა.

ყველაზე რთული დროის განაწილებაა, რომ მოასწრო ლექციებზე დასწრება, გაატარო 4, 5 საათი ინსტრუმენტთან და თან შეინარჩუნო სამსახურიც.

დამოუკიდებლად ცხოვრება და სხვა ქვეყანაში ცხოვრება ერთდროულად დავიწყე, არ იყო მარტივი. ფინანსური პრობლემებიც სულ თან სდევს სტუდენტურ ცხოვრებას ამერიკაში, მაგრამ ჯანსაღი საკვები მაგალითად ბაკალავრიატში სწავლისას ყოველთვის იყო ხელმისაწვდომი ჩემთვის. სწავლის დაფინანსებაში შედიოდა სამჯერადი კვებაც უნივერსიტეტის კაფეტერიაში, სტუდენტებისთვის დიდი შეღავათი იყო, რომ გარეთ არ უწევდათ სწრაფი, არაჯანსაღი კვება. ბაკალავრებისგან განსხვავებით ჯულიანის სკოლაში მაგისტრანტებს ეს ფუფუნება აღარ გვაქვს“, – ამბობს ელენე.

სანამ ჯულიარდის სკოლის მაგისტრანტი გახდებოდა, სტეტსონის უნივერსიტეტში სწავლობდა 4 წელი ბაკალავრიატში, სამუსიკო-საშემსრულებლო ფაკულტეტზე.

სწავლის პარალელურად უფლება ჰქონდა უნივერსიტეტშივე ემუშავა და მუსიკის თეორიის რეპეტიტორი იყო სტეტსონის რეპეტიტორთა ცენტრში.

„ამერიკაში გატარებულმა წლებმა თვალი ამიხილა და დამანახა ის თემები, რაზეც ბავშვობაში მხოლოდ სიძულვილით საობრობდნენ. საკუთარი, მყარი პოზიციები ჩამომიყალიბდა ამ ქვეყანაში.

ამერიკული სკოლის მსგავსად, სტეტსონის უნივერსიტეტშიც გარემო იყო თანამედროვე მოთხოვნებს სრულად მორგებული, სამართლიანი და სტუდენტებზე ორიენტირებული. დისკრიმინაციის შემთხვევებში უნივერსიტეტს ნულოვანი ტოლერანტობა ჰქონდა“, – იხსენებს ელენე ბაკალავრიატში სწავლის წლებს.

სწორედ სტეტსონის უნივერსიტეტის შემდეგ ჩააბარა ელენემ მაგისტრატურაში, რისთვისაც დაუკრა და გასაუბრებები გაიარა ჯულიარდის, ჯონ ჰოპკინსისა და იელის უნივერსიტეტების კომისიასთან.

ქართველი სტუდენტის შეფასებით, ცხოვრების აქტიურ წესს და სხვადასხვაგვარი საჭიროების მქონე ადამიანებზე მორგებულ გარემოს, სკოლიდანვე ეჩვევიან ახალგაზრდები ამერიკაში.

გვიყვება, რომ სკოლაშივე თავისუფლად შეეძლო საგნები თავად აერჩია, შეეძლო ესწავლა მათემეტიკის, როგორც მხოლოდ მე-12 კლასის პროგრამა, ასევე უმაღლესი მათემატიკაც, ნებისმიერი საგნის საუნივერსიტეტო დონის კურსი შეეძლო გაევლო სკოლაშვე, რაც სამომავლოდ უნივერსიტეტის კრედიტებად ჩაეთვლებოდა.

უკრავდა სკოლის  ჯაზ-ორკესტრში, შეუერთდა სკოლის ჩოგბურთის გუნდსაც.

ასეთი იყო ელენეს პირველი წელი ამერიკაში.

საქართველო ოთხ თვეში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდება, რაც ქვეყნის სამომავლო კურსს და განვითარებას განსაზღვრავს.

ელენეს ვკითხეთ, რას ფიქრობს ამ სტატუსის მნიშვნელობაზე და როგორ აფასებს საქართველოს ახლანდელ მდგომარეობას, გარემოს, რომელშიც 18 წელი იცხოვრა და რომელთანაც მუდივად აქვს კავშირი.

„საქართველოში სიცოცხლის შენარჩუნებას, საკუთარი უფლებების დაცვასა და საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებას ხალხი თავად ცდილობს. სისტემისთვის არ არსებობს ის ხალხი, ვინც ამ სისტემის ნაწილი არაა.

ევროკავშირი იქნება გარანტია იმისა, რომ  საქართველოშიც იყოს უსაფრთხო გარემო, დემოკრატიული არჩევნები და თავისუფალი სასამართლო, მედია და ბიზნესი, აზრის გამოხატვის თავისუფლება, დაცული უმცირესობები, დაცული ტერიტორია, განათლებისა და ცხოვრების მაღალი ხარისხი, უკეთესი მომავალი შემდეგი თაობებისთვის. არსებობს რაიმე მიზეზი, რისთვისაც ეს ყველაფერი არ მენდომებოდა ჩემი ქვეყნისთვის? რა თქმა უნდა არა!“ – ამბობს ელენე თაბაგარი.

სანიტრების მინიმალური ხელფასი დაწესდება, თუმცა ცვლილება არ ეხება პირველად ჯანდაცვას

საქართველოში სანიტრის, უმცროსი ექიმის, ექთნის დამხმარისა და ექთნის თანაშემწის პოზიციაზე დასაქმებულებისთვის სავალდებულო მინიმალური ხელფასი დაწესდება, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილებების პაკეტი მხოლოდ სტაციონარზე ვრცელდება. შესაბამისად ამბულატორია – ანუ პირველადი ჯანდაცვის რგოლი [პოლიკლინიკა, სასწრაფო სამედიცინო დახმარება], ამ ეტაპზე სახელფასო ზრდის მიღმა დარჩა. 

ექთნებისა და ექიმების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება საქართველოში მიმდინარე წელს დაწესდა. ცვლილების თანახმად ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა. ოღონდ, ეს არ არის ე.წ. ხელზე ასაღები ხელფასი, მას აკლდება საშემოსავლო და საპენსიო გადასახადი. რეფორმა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ექთნებისა და მედპერსონალის პროფკავშირების „სოლიდარობის ქსელის“ მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად მიიღო, უმცროს და დამხმარე სამედიცინო პერსონალს არ შეხებია.

ჯანდაცვის სამინისტრო: რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ჩაიხსნება. 

ჯანდაცვის სამინისტრო ჯერ არ ასახელებს, რა იქნება უმცროსი და დამხმარე სამედიცინო პერსონალის სავალდებულო მინიმალური ხელფასის ზუსტი ოდენობა. ინიციატივა ჯერ კლინიკების ხელმძღვანელებს წარედგინათ, რომლებმაც საკუთარი მოსაზრებები და არგუმენტები ერთი კვირის განმავლობაში უნდა წარადგინონ.

 „სოლიდარობის ქსელის“ მონაცემებზე დაყრდნობით დღეს საქართველოში უშუალოდ სანიტრის ხელფასი საშუალოდ საათში 80 თეთრია.შეიძლება თვეში 135 ლარიდან 200 ლარამდე მერყეობდეს… [ექთნის] დამხმარეებს შესაძლოა ცოტა მეტიც ჰქონდეთ, გააჩნია კლინიკას“ – ამბობს „სოლიდარობის ქსელის“ გენერალური მდივანი რევაზ კარანაძე.

„სოლიდარობის ქსელში“ მიიჩნევენ, რომ მინიმალური საათობრივი ხელფასის განსაზღვრაზე ფიქრი სამინისტრომ 3.5 ლარიდან უნდა დაიწყოს.

„3.5 ლარი, ოღონდ ხელზე. ექთნების 4.4 ლარი იყო დარიცხული ხელფასი, ხელზე გამოსდით 3.52. პენსია და საგადასახადო უნდა გამოაკლდეს, რომ ნამდვილი ხელფასი დაინახოთ“ – ამბობს რევაზ კარანაძე.

პროფკავშირმა – „სოლიდარობის ქსელმა“ მიმდინარე წლის თებერვალში მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს, რათა საქართველოში დასაქმებული ყველა მედმუშაკისთვის დაედგინა სავალდებულო მინიმალური ხელფასი, როგორც ეს 2023 წლის იანვრიდან ექთნებისა და ექიმების შემთხვევაში მოხდა.

„სანიტრების შემთხვევაში გვაქვს ერთეულ კლინიკებში წინსვლა, მაგალითად, ლანჩხუთის „მედალფას“ კლინიკაში. თუმცა არსებული გადაწყვეტილება იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ყველა მედმუშაკისთვის მთელ ქვეყანაში“ – ამბობს რევაზ კარანაძე. 

„სოლიდარობის ქსელმა“ და ლანჩხუთის „მედალფას“ კლინიკის სანიტრებმა 2023 წლის აპრილში ხელფასების ზრდის მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს და კოლექტიური დავა დაიწყო.

„მედიაცია დაინიშნა, რომელიც, შეიძლება ითქვას, წარმატებით დასრულდა, დაკმაყოფილდა ჩვენი პირველადი მოთხოვნა. შედეგად, კლინიკაში 67 პროცენტით გაიზარდა სანიტრების ბაზისური ხელფასი“ – ამბობს რევაზ კარანაძე.

NEXT-ი ბათუმში მორიგი ინოვაციური პროექტით NEXT ADDRESS

ბათუმის ერთ-ერთ საუკეთესო ლოკაციაზე, გმირთა ხეივანში წარმოდგენილი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი „NEXT ADDRESS“ გამოირჩევა არქიტექტურითა და მაცხოვრებლების კომფორტზე მორგებული გადაწყვეტილებებით.

გმირთა ხეივანი არის ადგილი, რომელიც ბათუმში ყველაზე სწრაფი ტემპით ვითარდება. აქ ტურიზმი, ბიზნესი და ბათუმის ყოველდღიური ცხოვრება ერთმანეთს ერწყმის და ქმნის ქალაქის ახალ სიცოცხლეს.

ნაგებობა ელეგანტური დიზაინით და არასტანდარტული იერსახით გამოირჩევა, ქმნის ჰარმონიული ბალანსის შეგრძნებას ბათუმის ძველი და ახალი არქიტექტურისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ ფორმებთან და დეტალებთან.

შენობის არქიტექტურა ორ ნაწილად იყოფა – მწვანე პოდიუმი, სადაც განთავსებულია კომერციული ობიექტები და სამი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი. Პოდიუმზე ასევე განთავსებულია გამწვანებული ტერასა და საცურაო აუზი. შენობის ერთ-ერთ ყველაზე თვალშისაცემ და გამორჩეულ ელემენტს კი მისი მწვანე ფასადი წარმოადგენს.

პოდიუმი მთლიანად ბუნებრივი საფარით არის დაფარული, რაც ვიზუალურ და ეკოლოგიურ დატვირთვას ატარებს. მწვანე ფასადი შთანთქავს დიდი რაოდენობით CO2-ს და ამცირებს ენერგიის მოხმარებას. მის შესაქმნელად გამოყენებული სხვადასხვა სახეობის მცენარეები ქმნის ბიომრავალფეროვნებას და ხელს უწყობს გარემოს გაჯანსაღებას.

კომპლექსის ერთ-ერთი სახასიათო ელემენტია პანორამული ლიფტები ბათუმისა და ზღვის ხედებით. კომპლექსი 206 მეტრს აღწევს, ბოლო სართულზე კი პენტჰაუსებია განთავსებული.

Next-ის ინოვატორული კომპლექსის ლოკაცია ბათუმის გეოგრაფიული და ტურისტული ცენტრი, გმირთა ხეივანია, სადაც ქალაქის დინამიური ცხოვრება და საქმიანი აქტივობა მთელი წლის განმავლობაში არ წყდება. Next Address-იდან ზღვამდე მისასვლელ 500 მ სიგრძის „მწვანე დერეფნის“ ფუნქციას კი რეკრეაციული Პარკი შეითავსებს, რომელიც ხეივანში მოეწყობა.

კომპლექსიდან ფეხით სავალ მანძილზეა ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი: სავაჭრო ცენტრები, კაფეები, რესტორნები, სკოლები, იუსტიციის სახლი, ტბა მოცეკვავე შადრევნებით, ბათუმის მთავარი სტადიონი და სხვა.

 

Next Address-ის გაყიდვები დაწყებულია: მოქმედებს 4 წლიანი შიდა უპროცენტო განვადება და 10%-იანი პირველადი შენატანი . მეტი ინფორმაციის მისაღებად,  ეწვიეთ პროექტის გვერდს: nextgroup.ge.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 13 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 236 040 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +510]
  • ტანკი – 4 092 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 7 999 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 4 425 ერთეული [+23]
  • MLRS – 678 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 421 ერთეული [+61]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 310 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 752 ერთეული [+26]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 271 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 995 ერთეული [+17]
  • სპეცტექნიკა – 652 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 13 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 455 თვითმფრინავი
  • 242 ვერტმფრენი
  • 4 995 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 10 687 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 138 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 440 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 11 646 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]ზედიზედ მესამე ღამეა რუსეთი კიევს დრონებით ესხმის თავს[/yellow_box]

ამავე თემაზე:

უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი, რომელსაც 4 შვილი დარჩა

ტურისტებს ბათუმში ღამის გათევისთვის, შესაძლოა, დამატებით 1 ლარი გადაახდევინონ

ბათუმში შესაძლოა ტურიზმის მოსაკრებელი დაწესდეს, რაც ქალაქს დამატებით შემოსავალს მოუტანს. მოსაკრებლის დაწესების შემთხვევაში, ტურისტს დამატებით 1 ლარის გადახდა მოუწევს ქალაქში გაჩერებულ თითოეულ დღეზე.

ტურისტული მოსაკრებლის დაწესების შესახებ კერძო სექტორში კვლევა არასამთავრობო ორგანიზაცია „ტურიზმის ინსტიტუტმა“ ჩაატარა. „ბათუმელები“ ამ საკითხზე ორგანიზაციის ხელმძღვანელს მამუკა ბერძენიშვილს ესაუბრა.

მისი თქმით, ტურიზმის სფეროში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში ორი მნიშვნელოვანი პროცესია – ეს არის ტურიზმის კანონი და ტურიზმის მოსაკრებელი.

მამუკა ბერძენიშვილი

„ორივე რეფორმას სათავეში უდგას ამერიკის მთავრობა, USAID-ის პროგრამების საშუალებით. ამ შემთხვევაში USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ამ რეფორმის განხორციელება. შესაბამისად, კერძო სექტორს ეს საშუალებას აძლევს ჰქონდეს სახელმწიფოსთან ურთიერთობის პლატფორმა და შეძლოს საკუთარი აზრის დაფიქსირება“, – ამბობს მამუკა ბერძენიშვილი.

მისი თქმით, ტურიზმის კანონი, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიიღეს, მხარს უჭერს ტურიზმის დეცენტრალიზაციას, რომ რეგიონულ დონეზე წარიმართოს ტურისტული პოლიტიკა.

„დღეს ასეთი მართვის ორგანოები არსებობს კახეთში, იმერეთში, შესაბამისად, ეს უკვე განისაზღვრა, დარეგულირდა კანონით, რაც საშუალებას აძლევს რეგიონებს და მუნიციპალიტეტებს, რომ თავად წარმართონ პოლიტიკა საჭიროებებისამებრ. ამის წინაპირობაა ტურიზმის მოსაკრებელიც, რაც ადგილობრივ ბიუჯეტში დამატებით შემოსავალს გააჩენს“, – ამბობს მამუკა ბერძენიშვილი.

მისი თქმით, ტურიზმის მოსაკრებელს იხდის ტურისტი და არა ვთქვათ სასტუმროს მფლობელი. შესაბამისად, ტურისტს ამ თანხის გადახდა შეუძლია მაშინ, როცა ის იხდის სასტუმროში ღამის თევის საფასურს.

ტურისტები ბათუმში

„მაგალითად, როცა ტურისტი იხდის სასტუმროს ფულს, დამატებით მას ართმევენ ზედმეტ 1 ლარს. თუ ვთქვათ სასტუმრო ღირს 100 ლარი, ტურისტი გადაიხდის 101 ლარს და ეს 1 ლარი პირდაპირ მიდის თვითმმართველობის ბიუჯეტში.

ეს არის მუნიციპალური გადასახადი, რომელსაც აწესებს კონკრეტული ქალაქი, იქნება ეს ბათუმი, ქობულეთი თუ სხვა და არა რეგიონი“, – ამბობს ბერძენიშვილი.

კონკრეტული ქალაქი თვითონ საზღვრავს რამდენი იქნება ეს გადასახადი 1 ლარი, თუ უფრო მეტი.

„ბოლო მონაცემებით, მაგალითად, ბათუმის შემთხვევაში 4,2 ღამეა საშუალო გაჩერება. შესაბამისად, 4,20 ლარით გაუძვირდება ტურისტს ბათუმში გაჩერება.

რამდენ სასტუმროშიც გაჩერდება ტურისტი, იმდენი 1 ლარი უნდა გადაიხადოს ერთ საწოლზე, ერთ ადამიანზე, ერთ ღამეზე.

ეს მოსაკრებელი არსებობს იმისთვის, რომ კონკრეტულმა ქალაქმა შეძლოს დამატებით სახსრების მობილიზება იმისთვის, რომ ტურისტის მიერ ქალაქზე მიყენებული „ცვეთა“ დააკომპენსიროს“, – ამბობს მამუკა ბერძენიშვილი.

მისი თქმით, კერძო სექტორი მომხრეა, რომ ტურისტული მოსაკრებელი არ იყოს 1 ლარზე მეტი.

„ჩვენ ვიკვლიეთ ამ საკითხზე კერძო სექტორის აზრი: 52% პროცენტი ამბობს, რომ თანახმაა დაწესდეს ტურიზმის მოსაკრებელი. შესაბამისად, ახლა უკვე დარჩენილია სახელმწიფოს ნება და გარკვეული პროცედურები, რომ საგადასახადო კოდექსში ამ მიმართულებით შევიდეს ცვლილება, რომ შემდეგ ამის საფუძველზე მუნიციპალიტეტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დააწესონ ტურიზმის მოსაკრებელი.

ეს კანონი უფრო ადრე რომ გვქონოდა, 2023 წელს მინიმუმ 4 მლნ ლარს მიიღებდა ამ გადასახადებიდან ბათუმი“, – გვეუბნება მამუკა ბერძენიშვილი.

მისი თქმით, კვლევის მიხედვით, კერძო სექტორი მომხრეა, რომ ტურიზმის მოსაკრებელი დაიხარჯოს ტურიზმის საკეთილდღეოდ და არა სხვა მიმართულებაზე.

„მაგალითად, ვიცით, რომ პრობლემები გვაქვს პარკინგის სივრცეებში, მის ინფრასტრუქტურაში, პრობლემები გვაქვს ტურისტულ მანიშნებლებში. შესაბამისად, ეს თანხა შესაძლოა დაიხარჯოს ამ მიმართულებით.

ჩვენ ვსწავლობდით სლოვენიის პრაქტიკას და წლის ბოლოს ვაპირებთ ჩამოვიყვანოთ სლოვენიის ტურიზმის მინისტრი ამ საკითხების განსახილველად.

იქ პირდაპირ კანონი განსაზღვრავს, რაში უნდა დაიხარჯოს ტურიზმის მოსაკრებლიდან შემოსული თანხა – წერია, რომ დაიხარჯება ტურისტული მარკეტინგის და გარემოს დაცვით ღონისძიებებში.

ჩვენთან ჯერ არ არის ასეთი დაზუსტება მიღებული და ამას განსაზღვრავს კონკრეტული მუნიციპალიტეტი.

კერძო სექტორი ასევე მოითხოვს, რომ შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო მათი მონაწილეობით, რომ მერიასთან ერთად ჩართული იყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, – ამბობს ბერძენიშვილი.

მისი თქმით, ტურიზმის მოსაკრებელი ასევე კარგი შესაძლებლობაა მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებისთვის, რომ გაზარდონ მწირი ბიუჯეტი.

„მოსაკრებელთა დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული პრაქტიკა აქვს. მოსაკრებლის ოდენობა შესაძლოა იწყებოდეს 50 ცენტიდან და ადიოდეს 20 ევრომდეც, გააჩნია ქალაქს და ქვეყანას. თუმცა ჩვენთან კერძო სექტორი მხარს უჭერს უფრო ნაკლები თანხის დაწესებას. ყველაზე მწირი თანხით შეიძლება დავიწყოთ და მერე შეიძლება ნელ-ნელა გავზარდოთ ეს თანხა. ვნახოთ, როგორ აისახება ეს ტურიზმზე.

მთავარია, რომ  ტურისტული მოსაკრებლის დაწესების სამართლებრივი და ეკონომიკური ფაქტორი უკვე გაზომილია და ორივე ფაქტორი ამბობს, რომ მოსაკრებელს დადებითი გავლენა ექნება ქართულ ეკონომიკასა და ტურიზმის მდგრად განვითარებაზე“, – ამბობს მამუკა ბერძენიშვილი.

მისი თქმით, მოსაკრებელთან დაკავშირებული კვლევის სრული ანალიზი თვის ბოლოს გამოქვეყნდება.

ერდოღანის შემობრუნება ევროპისკენ – „თურქეთი თამაშობს და ცდილობს სარგებელი მიიღოს“

„თურქეთისთვის მთავარია მრავალვექტორული პოლიტიკა. თურქეთი დიდი, რეგიონული ძალაა და ყველას ეუბნება, რომ მხოლოდ ერთი მიმართულებით ვერ წავა,“ – ამბობს თურქოლოგი ქამრან ოსმანლი. ის განმარტავს, რატომ არჩია ერდოღანმა რადიკალურად დასავლეთისკენ შეტრიალება და რას ელის ამჯერად დასავლეთი თურქეთისგან. სწორედ ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ თურქოლოგ ქამრან ოსმანლის.

  • ბატონო ქამრან, ხელახლა გაპრეზიდენტების შემდეგ ერდოღანი აქტიურად ცდილობს დასავლეთთან დაახლოებას: უმასპინძლა ზელენსკისა და სტოლტენბერგს, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი გაააქტიურა, შვედეთისა და უკრაინის ნატოში მიღებას მხარი დაუჭირა… რა იცვლება? 

არჩევნებამდე არამხოლოდ დასავლეთში იყო ასეთი დამოკიდებულება, რომ თურქეთში ოპოზიცია არის პროდასავლური, ხოლო ერდოღანი იქნებოდა ძველი პოლიტიკის გამგრძელებელი, თუმცა ჩანს, რომ ერდოღანი სხვანაირად მოიქცა.

მან კაბინეტიც ისეთი დანიშნა, ვინც დასავლეთისთვის მისაღებია – დაინიშნნენ ადამიანები, რომლებიც ბოლო 10-15 წელი დასავლურ სივრცესთან იყვნენ ინტეგრირებულნი, ვინც ბრიუსელში ან ვაშინგტონში სწავლობდა, ან მუშაობდა. კაბინეტის ამ წევრებს ნულიდან არ მოუწევთ დასავლეთთან თანამშრომლობის დაწყება.

თურქეთისთვის აქამდე და ახლაც მთავარია მრავალვექტორული პოლიტიკა. თურქეთი დიდი, რეგიონული ძალაა და ყველას ეუბნება, რომ მხოლოდ ერთი მიმართულებით ვერ წავა, მისი საგარეო პოლიტიკა მრავალვექტორული და მრავალგანზომილებიანია. ევროკავშირთან აქამდე თურქეთს ბევრი უთანხმოება ჰქონდა, თუმცა ევროკავშირის ინსტიტუციების გარეშე ვერ წარმომიდგენია თურქეთი, იმდენად დიდია ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება.

ეს ერდოღანის პრეზიდენტობის ბოლო ვადაა და იგი ცდილობს, მაქსიმუმი გააკეთოს, რაც გეგმაში ჰქონდა. 2 თვის წინ თურქეთში ევროკავშირზე საერთოდ ლაპარაკი არ იყო. ახლა დღის წესრიგში დაბრუნდა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.

  • რა გათვლა აქვს ერდღანს, დასავლეთისკენ შეტრიალებით რა შეიძლება  მიიღოს თურქეთმა და რა – დასავლეთმა? 

დღეს და ხვალ თურქეთი ვერ გახდება ევროკავშირის სრულყოფილი წევრი, თუმცა ის მიიღებს სხვა ბენეფიტებს: ვიზალიბერალიზაცია, ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და ასე შემდეგ. თავის მხრივ, თურქეთმა შეიძლება გადადგას ის ნაბიჯები, რაც ევროკავშირისთვის იქნება საინტერესო, ეს იქნება მიგრანტების საკითხი, უკრაინის მიმართ დამოკიდებულება – ისედაც თურქეთი უკრაინასთან დაბალანსებულ და კარგ საგარეო პოლიტიკას ატარებს.

მას შემდეგ, რაც გაირკვა შვედეთზე თანხმობის საკითხი, გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ კანადამ მოუხსნა თურქეთს ემბარგო შეიარაღებისთვის საჭირო ნაწილების მიყიდვის კუთხით. ეს სანქციები კანადამ თურქეთს 2020 წელს დაუწესა, როცა ყარაბაღის ომი დაიწყო და თურქეთმა ოფიციალურად აზერბაიჯანს დაუჭირა მხარი. „ბაირახტარზე“ არის ერთი ნაწილი, რაც არის კანადური წარმოების. მაშინ კანადამ შესაბამისი ნაწილების მიყიდვა აკრძალა თურქეთისთვის. ეს ახალი გადაწყვეტილებაც ბენეფიტია თურქეთისთვის.

ქამრან ოსმანლი
  • დასავლეთთან თურქეთის გააქტიურება არის უფრო თურქეთის შიდა აუდიტორიისკენ მიმართული გზავნილი, თუ იზრდება თურქეთის, როგორც რეგიონული ლიდერის როლი? 

ეს მუშაობს თურქეთის შიდა აუდიტორიისთვის. ფრაზაც, რაც ხშირად გვხდება თურქეთის მედიაში, რომ „შვედეთს ნატო და ჩვენ – ევროკავშირი“ არის შიდა ბაზრისთვის, რადგან 2024 წელს თურქეთში ადგილობრივი არჩევნებია და ერდოღანმა უკვე დაიწყო ამ არჩევნების სამზადისი.

ერდოღანი მაქსიმალურად ცდილობს წარმოჩნდეს, როგორც კარგი ლიდერი გლობალურად და ქვეყნის შიგნით. თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი გერმანიაშია, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მიდიან სამუშაოდ, არსებობს ვიზების პრობლემები. შესაბამისად, ვიზალიბერალიზაციის მიღება ძალიან დიდი საჩუქარი იქნება თურქეთის მოსახლეობისთვის.

  • რას აჩვენებს კვლევები ამ კუთხით, რამდენად სურს თურქეთის მოსახლეობას ევროინტეგრაცია? 

საინტერესოა ამ კუთხით ჩატარებული კვლევები. თურქეთში ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აშშ-სა და ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოს მიიჩნევს თურქეთისთვის ნომერ პირველ საფრთხედ, ამავე დროს, გამოკითხულთა 60 %-ზე მეტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ნატო-ში დარჩენა და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება.

რეალურად თურქეთის მოსახლეობა კარგად იაზრებს, რომ ევროკავშირის ინსტიტუციები მათ სჭირდებათ, რომ გაიმარტივონ ცხოვრება. წლებია ქვეყანაში მუშაობს ანტიდასავლური პროპაგანდაც. ამის შედეგია ის, რომ განსაკუთრებით ისლამურ ოჯახებში აშშ არის ნომერ პირველ საფრთხედ მიჩნეული.

  • ამ ჯგუფებს ამჯერად არ გაანაწყენებს ერდოღანი?

ვფიქრობ, ერდოღანს ყველა ნაბიჯი გათვლილი აქვს. სამთავრობო მედიაში ყველგან ეწერა არა ის, რომ შეთანხმება შედგა და თურქეთი ამერიკასთან დალაგდა, არამედ მთავარი გზავნილია, თურქეთმა როგორ გადაწყვიტა ნატოში შვედეთის გაწევრიანების ბედი, რომ აი, თურქეთის სიტყვა აღმოჩნდა საბოლოო. მედიაში წარმოჩენილი იყო ძირითადად ის, რომ თურქეთი არის ის სახელმწიფო, რომლის სიტყვაც არის გადამწყვეტი იგივე ჩრდილოეთ ატლანტიკურ ალიანსში.

ჩვენ არ ვიცით ჯერ, კიდევ რას მოიმოქმედებს ერდოღანი, მაგრამ თურქეთი ბოლომდე დასავლეთისკენაც ვერ გადაიხრება: თურქეთში ეკონომიკური კრიზისია და დასავლეთიდან ფინანსები არ შედის თურქეთში. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი და ეროვნული ბანკის ახალი ხელმძღვანელი საუდის არაბეთში მიდიან, ემირატებში, კატარში, რომ დაარწმუნონ ემირები და სულთნები, მილიარდერები, ნავთობის ფული ჩადონ თურქეთის ეკონომიკაში. თურქეთის ხელისუფლების მთავარი გამოწვევაა, თურქეთის ეკონომიკას ამოსუნთქვის საშუალება მისცენ.

  • რამდენად ძლიერდება და იცვლება თურქეთის, როგორც რეგიონული მოთამაშის როლი? 

თურქეთი რომ რეგიონული მოთამაშეა, ეს გამოჩნდა მკაფიოდ 2020 წელს, როცა ყარაბაღის ომში აზერბაიჯანს დაუჭირა მხარი და ვერცერთმა სხვა სახელმწიფომ ხმა ვერ ამოიღო. მანამდე ყარაბაღის ომში 30 წელი მთავარი აქტორი რუსეთი იყო. მაშინ თურქეთმა აჩვენა რუსეთსა და დასავლეთს, აქ მეც ვარ და ჩემთან საჭიროა საუბარიო.

გარდა ამისა, თურქეთი არის ლიბიაში, სირიაში, კატარშიც აქვს სამხედრო ბაზა და საუდის არაბეთისგან იცავდა. თურქეთი არის ცენტრალურ აზიაშიც აქტიურად და იქ ბევრი საერთო პროექტი აქვს სახელმწიფოებთან. თურქეთი მაქსიმალურად ცდილობს, თავი წარმოაჩინოს, როგორც რეგიონულმა ლიდერმა. უკრაინის შემთხვევაში კი, თურქეთი ნეიტრალიტეტს იცავს, არავის უპირისპირდება, თუმცა ამავე დროს უკრაინას აწვდის შეიარაღებას. ჩვენ ვიცით მარტო „ბაირახტრების“ მიწოდების შესახებ, თუმცა, როგორც ვიცი, ძალიან ბევრ შეიარაღებას აწვდის – ჯავშანტექნიკას, რაკეტებს, რაც მედიაში არ ჟღერდება.

დასავლეთში ვერ ხვდებოდნენ, ან არ სურდათ თურქეთის ამ როლის გააზრება. ამბობდნენ, რომ ჩვენ ერდოღანთან არ დავსხდებით, შეიცვალოს ხელისუფლება და დავიწყებთ თანამშრომლობასო. რეალურად, ეს იყო სისულელე. ერდოღანმა აჩვენა დასავლეთს, რომ არსად მიდის და ლაპარაკი თუ სურთ, უნდა ელაპარაკონ მას. როცა გლობალური ომი მიმდინარეობს, მსოფლიოს სჭირდება მნიშვნელოვანი აქტორი რეგიონში, რომლის სიტყვასაც აქვს წონა.

  • როცა ნატომ გადაწყვიტა 40 ერთეული F16 გადაეცა თურქეთისთვის, ეს გზავნილია რუსეთისთვის, რომ თურქეთი სამხედრო კუთხით ძლიერდება ამ რეგიონში? 

ეს აღჭურვილობა უნდა გადაეცათ თურქეთისთვის ჯერ კიდევ 3 წლის წინ, თანხაც იყო გადახდილი ამაში, თუმცა არსებობდა დიპლომატიური კრიზისი თურქეთსა და აშშ-ს შორის, რის გამოც F16-ებზე უარი უთხრეს თურქეთს – კონგრესი ბლოკავდა ამას. რეალურად იყვნენ ადამიანები, სხვადასხვა ინტერესჯგუფი, მაგალითად, ისრაელის ლობი, სომხეთთან დაახლოებული ჯგუფი – ეს ლობები ბლოკავდნენ თურქეთისთვის აღჭურვილობის გადაცემას. ახლა, როგორც ჩანს, გაიაზრეს, რომ გადამწყვეტ დროს არ შეიძლება თურქეთთან დაპირისპირება.

თურქეთს უძლიერესი სახმელეთო არმია ჰყავს – ნატოში მეორე ძალაა, მაგრამ პრობლემა აქვს ჰაერში: არ აქვს კარგი მოიერიშეები საკმარისი რაოდენობით. როცა თურქეთმა ვერ მიიღო წლების წინ F16-ები, წავიდა და რუსეთისგან შეიძინა F400-ები. რუსეთმაც სიხარულით მიაწოდა თურქეთს F400-ები, რადგან რეალურად თვითონ აკონტროლებდა სიტუაციას: თურქეთი ბოლო 70 წელია ნატოს სტანდარტით მუშაობს, უცებ რაღაც ახალი, რუსული ტექნოლოგია შემოდის – თურქეთს დასჭირდა შესაბამისი წვრთნა რუსებისგან. რუსეთმა ამით ფული იშოვა და თურქეთი თავისკენ წაიყვანა – ასე ეგონათ, მაგრამ თურქეთი არ არის ასეთი პატარა სახელმწიფო, ან ცენტრალური აზიის სახელმწიფო, ასე მარტივად გადაიხაროს ერთ ფლანგზე.

თურქეთი თამაშობს და ცდილობს, თავისი სარგებელი მიიღოს.

  • საქართველოსთვის რა იცვლება ამ კონტექსტში? 

ჩვენ მაქსიმალურად გვაწყობს, თურქეთი იყოს ძლიერი და პროდასავლური სახელმწიფო. ჩვენ გვაქვს ნატოს საზღვარი თურქეთის სახით და თურქეთი თუ ევროკავშირში გაწევრიანდა, ან სხვა ბენეფიტი მიიღო, ეს ჩვენთვისაც კარგია: ისეთი მეზობელი გვეყოლება, რომელიც ინტეგრირებულია დასავლეთის სივრცეში, შესაბამისად, ჩვენთვისაც გამარტივდება რაღაცები.

გარდა ამისა, თურქეთი არის სახელმწიფო, რომელიც ნატოს ყოველ სამიტზე ამბობს ღიად, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს ალიანსის წევრი.

ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ვითანამშრომლოთ თურქეთთან, თანაც, კარგი ფორმატები გვაქვს: „საქართველო – თურქეთი – აზერბაიჯანი“, „ბაქო – თბილისი – ჯეიჰანი“, „ბაქო – თბილისი – ყარსი“ – ეს მაგისტრალები და ნავთობსადენი, რაც საქართველოში გადის, საქართველოს დამაკავშირებელი ხიდის როლს ზრდის.

ცენტრალური აზიიდან რაც წამოვა ტვირთები: ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან და ჩინეთიდან, გავა საქართველოზე და ჩვენ უნდა ვეცადოთ, ჩვენი ინფრასტრუქტურა გავაუმჯობესოთ, მათ შორის, გავამარტივოთ საბაჟო რეგულაციები. საქართველო გახდება უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო რეგიონში, თუმცა შესაბამისი მცდელობები არ ჩანს, რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს. საჭიროა, პირველ რიგში, კარგი გზები, რაც ჩვენ არ გვაქვს. აუცილებელია რკინიგზა და რკინიგზაზეც ჩვენ დიდი პრობლემები გვაქვს.

ყველაზე მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რადგან ბათუმისა და ფოთის პორტები ვერ გაუმკლავდებიან იმ რაოდენობას, რაც წამოვა ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან.

„ბანანს“ აღარ ვაქირავებთ“ – ვინ ამოწმებს კატერებს, სკუტერებს, პარაშუტებს?

„ბანანს“ აღარ ვაქირავებთ“ – ბათუმის სანაპიროზე საცურაო „ბანანის“ გაქირავებას 16 წლის ლუკას ტრაგედიის შემდეგ ერიდებიან. აქ საცურაო „ბანანს“ იშვიათად, ან კუთხეში გადანახულს თუ იპოვით და პირდაპირ შემოგთავაზებენ, რაც ღირს კატარღით გასეირნება: ერთი საათით გნებავთ, თუ ნახევარი საათით?

იქ, სადაც კატერებს აქირავებენ – სანაპიროს მისადგომთან და იახტკლუბში, არ სურთ ისაუბრონ პრობლემებზე, რაც 16 წლის ბიჭის დაღუპვის შემდეგ მწვავედ გამოჩნდა: ვინ ამოწმებს, რა ფორმით და პერიოდულობით კატარღების, სკუტერების, ან პარაშუტის უსაფრთხოებას?

ლუკას ტრაგედიამდე 2 თვით ადრე, 2023 წლის 22 მაისს იახტკლუბიდან გასულ ერთ-ერთ კატარღაზე, ღია ზღვაში ხანძარი გაჩნდა, 2023 წლის 12 მარტს კი, ბათუმის ბულვარში ბატუტზე 9 წლის ბავშვი დაიღუპა.

საქართველოს მთავრობას კი, არც ამჯერად აქვს პასუხი: რატომ არ ცდილობს ხელისუფლება ამ კუთხით საჭირო რეგულაციების შექმნას, ან არსებული წესების დაცვას, როცა ბავშვები იღუპებიან?

უფუნქციოდ დარჩენილი „ბანანი“ სანაპიროზე

„ჩვენ ვრეკავთ სანაპირო დაცვაში ზღვაში ნებისმიერი გასვლის წინ. იქიდან გვეუბნებიან, შეიძლება თუ არა ზღვაში გასვლა,“ – გვიყვება რამაზ გორაძე. ის გამონაკლისია, ვინც „ბათუმელებს“ ესაუბრა ამ თემაზე: როგორ მოწმდება უსაფრთხოება, ვიდრე ზღვაში კატერით სამუშაოდ გახვალთ?

რამაზ გორაძეს კატარღა აქვს და იმავდროულად პარაშუტზე მუშაობს – კატარღიდან დამონტაჟებული ტექნიკური მოწყობილობით პირდაპირ არის შესაძლებელი აფრენაო, გვიხსნის იგი და გვიმარტავს, საფრთხის შემცველი უფრო ის შემთხვევაა, როცა პლაჟზე გარბენაა საჭირო, პარაშუტით აფრენა რომ შეძლო.

„სანაპირო დაცვა ამოწმებს ჩვენ უსაფრთხოებას, უნდა გვქონდეს ჟილეტები, რაცია თავისი სათადარიგო ბატარეით, ცეცხლმაქრობი, მაშხალა. სულ ესაა,“ – ხელის თითებზე ითვლის რამაზი, რას სთხოვენ უსაფრთხოების კუთხით და განაგრძობს:

„ასევე, გვაკონტროლებს საზღვრის პოლიცია, უკვე ვიცით, სად შეიძლება გადაადგილება და სად – არა. ზღვაში ტივტივას შიგნით შესვლა სანაპიროსკენ არ შეგვიძლია. ჩვენ, იახტკლუბიდან  აგვყავს ყოველთვის მგზავრები და ისევ აქ ვაბრუნებთ, პლაჟთან გასვლა არ გვიწევს,“ – ამბობს რამაზ გორაძე.

იახტკლუბში ირწმუნებიან, რომ ის კატერი, რომლითაც 16 წლის ლუკა ზღვაში გადააგდეს, იახტკლუბში არ ჩერდებოდა და თევზის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან გამოდიოდა.

რა პერიოდულობით მოწმდება კატარღის ტექნიკური უსაფრთხოება და რა ფორმით? – „ამას ჩვენ არ გვეუბნებიან, შესაძლოა, თვეში ორჯერად შეგვამოწმონ“, – ამბობს რამაზ გორაძე. მისი თქმით, კატერებს და სხვა მცურავ სანაპირო დაცვა რეგულარულად ამოწმებს.

თუმცა ამ ინფორმაციას სანაპირო დაცვაში კატეგორიულად უარყოფენ – შსს-ს ამ უწყების პრესცენტრში განმარტეს, რომ მცურავი საშუალებების ტექნიკურ შემოწმებას, ან უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობას ისინი არ ამოწმებენ.

„ჩვენ გვატყობინებენ, როცა გადიან ზღვაში. ეს საჭიროა იმისთვის, რომ შესაძლოა, იყოს შტორმი. სანაპირო დაცვის ნებართვა საჭიროა იმისთვის, რომ ზღვაში გავიდნენ. სანაპირო დაცვას ასევე აქვს დახმარების ფუნქცია, თუ შტორმულ, ან სხვა სირთულის დროს დახმარება დასჭირდებათ,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ შსს-ს სანაპირო დაცვის პრესცენტრში.

ბათუმის იახტკლუბი„საზღვაო სივრცის გამოყენება არ არის რეგულირებადი, განსხვავებით სახმელეთო სივრცისგან,“ – ამბობს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი. იურისტი განმარტავს, რომ სანაპირო ზოლში რეგულირების მხოლოდ ორი მექანიზმი გვაქვს: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კატარღების რეგისტრაციის დროს ამოწმებს მის ტექნიკურ გამართულობას, ასევე უსაფრთხოების ზომების დაცვას.

„ასევე კატარღის მფლობელი არის ვალდებული, დაიცვას საზღვაო გზის რუკა, რომელსაც ადგენს სასაზღვრო პოლიცია. ეს ორი სამართლებრივი მექანიზმი გაქვს.

ღია სივრცე არ არის რეგულირებადი, ეს არის საზღვაო სივრცის გამოყენება, განსხვავებით სახმელეთო გამოყენებისგან, ჩვენ რაიმე ტიპის რეგულაცია დადგენილი არ გვაქვს. რაც შეეხება ზღვაში ტურისტულ საქმიანობას, არანაირი წესი დადგენილი არ არის. ზოგადად, უსაფრთხოების წესები უნდა დაიცავს ყველამ, მაგრამ არ არსებობს ზედამხედველი სუბიექტი, რომელიც შეამოწმებს უსაფრთხოების წესების დაცვას,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

„დარეგისტრირებული მცურავი საშუალების რეგისტრაციის განახლება ხორციელდება ყოველწლიურად. ნაოსნობის შემთხვევაში მცურავი საშუალება გადის სააგენტოს მიერ აღიარებული ორგანიზაციის მხრიდან ტექნიკურ დათვალიერებას – ე.წ მცურავი საშუალების ზღვაოსნობაუნარიანობის შემოწმებას,“ – მოგვწერეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პრესცენტრიდან.

როგორც ირკვევა, კატერების და სხვა მცურავი საშუალებებს მხოლოდ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამოწმებს, თუმცა ეს ეხება მხოლოდ ტექნიკურ გამართულობას და, მაგალითად, ჟილეტების, ან სხვა აღჭურვილობას ქონას კატარღაზე.

ეს უწყება და არც რომელიმე სხვა უწყება არ აკონტროლებს ღია ზღვაში გასული კატერის, სკუტერის, პარაშუტიანი კატერის მუშაობას – რამდენად იცავენ ისინი უსაფრთხოების წესებს?

„მხოლოდ ერთხელ მოვიდა აქ პოლიცია და გაგვაჩერეს რამდენიმე დღით, როცა პარაპლანის ტრაგედია მოხდა გუდაურში,“ – უთხრა „ბათუმელებს“ რამაზ გორაძემ.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ასევე განმარტეს, რომ ტექნიკური რეგლამენტის – „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე მცურავი საშუალების ტექნიკური დათვალიერება დელეგირებულია სააგენტოს მიერ აღიარებულ ორგანიზაციებზე.

„აღნიშნული ორგანიზაციები მცურავ საშუალებას ამოწმებენ დადგენილი კანონმდებლობისა და მათი ტექნიკური დათვალიერების წესების შესაბამისად.

ტექნიკური დათვალიერების გავლის საფუძველზე გაიცემა ე.წ. ზღვაოსნობაუნარიანობის დამადასტურებელი შესაბამისი მოწმობა.

მცურავი საშუალების დარეგისტრირებამდე გემთმფლობელმა უნდა მიმართოს სააგენტოს მიერ აღიარებულ ორგანიზაციას, რომელიც აფასებს მცურავ საშუალებას ტექნიკურ გამართულობას და გასცემს ზღვაოსნობაუნარიანობის დოკუმენტს. აღნიშნული ფუნქცია დელეგირებულია სააგენტოს მიერ აღიარებულ საკლასიფიკაციო საზოგადოებებზე. საკლასიფიკაციო საზოგადოების მიერ გაცემულ ზომამცირე გემის უსაფრთხოების სერტიფიკატში აღწერილია ნაოსნობის პირობები და მითითებულია უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნები [სამაშველო აღჭურვილობა – სამაშველო ჟილეტები, გასაბერი ტივი ან სხვა, და რადიოკავშირის საშუალებები].

კანონმდებლობის თანახმად ზომამცირე გემის – 7 მეტრზე ნაკლები სიგრძის გემზე [რომლის ნაოსნობის რაიონი შემოიფარგლება შიდა ნაოსნობით] ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობა განისაზღვრება 1 (ერთი) პირით, რომლისთვისაც არ არის სავალდებულო, ფლობდეს საზღვაო კომპეტენციას ან კვალიფიკაციას, თუმცა უნდა შეეძლოს მცურავი საშუალების მართვა და მანევრირება,“ – მოგვწერეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პრესცენტრიდან.

____

რა ხდება ბატუტის შემთხვევაში და რა შეიცვალა ბატუტზე 9 წლის ბიჭის დაღუპვის შემდეგ?   – „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციის პრესცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ბატუტი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, აღარ ფუნქციონირებს.

ამ ეტაპზე ბათუმის ბულვარში ორ ბატუტზეა გაცემული ნებართვა. „ბათუმის ბულვარის სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე განლაგებულ ატრაქციონებზე, აუქციონის პირობების შესაბამისად, ვითხოვთ ინსპექტირების დოკუმენტს, რაც ამავდროულად ატრაქციონის მფლობელებისთვის სავალდებულოა,“ – მოგვწერეს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის პრესცენტრიდან.

ბათუმში, ანბანის კოშკის წინ, ასო-ბგერებს ამონტაჟებენ

ბულვარში, ანბანის კოშკის წინ, ანბანის ასოებს ცალ-ცალკე ამონტაჟებენ.

ახალი ინსტალაცია ანბანის კოშკის მიმდებარედ, ველობილიკის გასწვრივ დამონტაჟდება.

რამდენიმე ასო-ბგერა უკვე დამონტაჟებულია, ასო-ბგერების ნაწილი კი ველობილიკის გასწვრივ არის განთავსებული.

ბულვარში, ანბანის კოშკის წინ, ასო-ბგერებს ამონტაჟებენ. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

როგორც ბათუმის ბულვარში „ბათუმელებს“უთხრეს, ინსტალაცია დროებითია და ის ფესტივალის ფარგლებში დამონტაჟდა.

„ტ“ და „უ“ – ინსტალაცია უკვე დამონტაჟებულია კოშკის წინ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტშიგვიდასტურებენ ამ ინფორმაციას და ამბობენ, რომ ინსტალაციები Batumi Festival-ის ფარგლებში მონტაჟდება და ფესტივალის განმავლობაში იქნება განთავსებული კოშკის წინ.

ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ფესტივალის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თათული ჯანჯღავას და ვკითხეთ, ვინ არის ინსტალაციის ავტორი, რა მიზანი აქვს კოშკის წინ ანბანის განთავსებას და რა რაოდენობის თანხა დაიხარჯა მის დამზადება-დამონტაჟებაში.

მისი თქმით, ინსტალაციის ავტორის ვინაობა და ბიუჯეტი კონფიდენციალურია. თუმცა დასძენს, რომ ფესტივალის ბიუჯეტი მთლიანად კერძო პირისგან ფინანსდება და საბიუჯეტო სახსრები გამოყოფილი არ არის.

დასამონტაჟებელი ასო-ბგერები

„ჩვენ გვინდა ქართული ანბანის პოპულარიზაცია ამით, ანბანის თემატიკას გავყევით და ასე გადაწყდა ამ ასოების ჩამწკრივება. ჩვენი სურვილია, უცხოელები, რომლებიც ფესტივალის ტერიტორიაზე მოვლენ, ფოტოები გადაიღონ და ამით მოხდეს ანბანის და ქართული ენის პოპულარიზაცია“, – ამბობს თათული ჯანჯღავა.

ანბანის კოშკის წინ დამონტაჟებული ასო-ბგერები ღამით განათდება, ამიტომ ფესტივალის წარმომადგენელს ვკითხეთ, დენის რომელ წყაროს მიუერთეს ინსტალაცია და ვინ გადაიხდის ელექტროენერგიის საფასურს – მერია თუ ფესტივალის ორგანიზატორი.

თათული ჯანჯღავას თქმით, ინსტალაციების გასანათებლად „ენერგო პრო-ჯორჯიამ“ ცალკე ხაზი შეიყვანა ბულვარში:

„ეს ასო-ბგერებიც და ყველა ინსტალაცია, რაც ფესტივალის ფარგლებში განთავსდება, ყველაფერი შეთანხმებული იყო რენდერზე მერიასთან.

ფესტივალი რამდენიმეკომპონენტიანია, ჯამში გვაქვს ექვსი ზონა, ერთია კვების ზონა, სადაც არის როგორც აზიური, ასევე ქართული პროდუქცია წარმოდგენილი, ხელნაკეთი ნივთების 36 კომპანია მონაწილეობს ასევე ფესტივალში, გვაქვს ბავშვთა გასართობი ზონა და დაგეგმილია ვორქშოპები ანიმატორებთან ერთად. გვაქვს ასევე კინოზონაც.“

ჯანჯღავას თქმით, ფესტივალში რამდენიმე მილიონის ინვესტიციაა ჩადებული და ბათუმში პირველად იმართება. ფესტივალი ჩინეთში დაარსდა და ძირითადად ჩინურ ქალაქებში იმართებოდა ამ დრომდე.

ფესტივალი 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

თიბისი დაზღვევა HR hub 2023-ის მთავარი წარმდგენია

HR hub-ის ორგანიზებით 14 ივლისს წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2023 გაიმართება. ღონისძიების მთავარი წარმდგენი თიბისი დაზღვევაა.

HR ბიზნეს სამიტი უკვე 6 წელია ტარდება. წელს ძირითადი თემა გუნდურობა იქნება. სპიკერები განიხილავენ, რამდენად მნიშვნელოვანია გუნდურობა, როგორც ინდივიდუალური თანამშრომლისთვის, ისე მთლიანად კომპანიისთვის, რა მიზნებამდე შეიძლება მიგვიყვანოს გუნდურმა სულისკვეთებამ, როგორ ჩამოვაყალიბოთ თიმი სწორად.. სწორედ ამ თემის გარშემოა დაგეგმილი დღის მთავარი აქტივობებიც.

ღონისძიება დაიწყება ვორქშოპებით, შემდეგ კი მთავარ სცენაზე ისაუბრებენ სპიკერები. სამიტის მონაწილეებს საშუალება ექნებათ თავად აარჩიონ სასურველი თემა და ფასილიტატორი ონლაინ ხმის მიცემით. ასევე შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი სურვილისამებრ გადაწყვიტონ, რომელ ვორქშოპსა თუ ნეთვორქინგ აქტივობაში მიიღებენ მონაწილეობას.

თიბისი დაზღვევის ადამიანების მენეჯმენტის განყოფილების უფროსი, თეა მახარაძე წარდგება თემით „ალმოდებული ლამბორგინი“, რომელიც ეხება გუნდში ინდივიდის მნიშვნელობას. თიბისი დაზღვევა რამდენიმე წელია HR სამიტის მონაწილეა. კომპანიის მთავარი მიზანი ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა, რისი ხელშესახები მაგალითიც მათი ჯანმრთელობის დაზღვევაა: გამარტივებული სამედიცინო სერვისები, ციფრული მომსახურება და სწრაფი ანაზღაურება.

„აჭარისწყალი ჯორჯია“ ქალთა გაძლიერების პროექტებს აფინანსებს 

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით, აფინანსებს პროგრამას „სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებისთვის“.

პროგრამის მიზანია ქალთა თანაბარი უფლებების უზრუნველყოფა და ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა; ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერების ხელშეწყობა, მათ შორის სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა.

პრიორიტეტული მიმართულებებია: ტურიზმი, ტურისტული სერვისები, ტურიზმთან დაკავშირებული წარმოება, ნებისმიერი სახის მომსახურება; ინოვაციური იდეები, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტში აგრო და ეკოტურიზმის განვითარებას; სოციალური/საგანმანათლებლო საკითხები და სოფლის მეურნეობის მეორადი პროდუქტების წარმოება.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 18 წელს მიღწეულ მოქალაქეს, ფიზიკურ პირს – ქალს ან ქალთა საინიციატივო ჯგუფს.

ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და კომპანიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც პროექტში ფინანსურ თანამონაწილეობას ითვალისწინებს. ჯამურად „აჭარისწყალი ჯორჯიას“ თანამონაწილეობა 50 000 ლარს შეადგენს.

„ადგილობრივი ქალების მხარდაჭერა და მათი ეკონომიკური გაძლიერება კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენ შუახევიჰესის მშენებლობის საწყისი ეტაპიდან მხარს ვუჭერთ რეგიონის გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას, ჩვენ მიერ განხორციელებული ასობით სოციალური პროექტით. შუახევიჰესის არეალში მცხოვრები თემების მხარდაჭერას ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ“ – განაცხადა კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სოციალური გუნდის წარმომადგენელმა, ინგული დავითაძემ.

  • შუახევის მუნიციპალიტეტში პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
  • ხულოს მუნიციპალიტეტში პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

თაუერ ჯგუფი: „პანორამამ“ International Property Awards-ზე ხუთ ვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო

თაუერ ჯგუფის პროექტმა „პანორამა“ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებაზე, International Property Awards-ზე, საუკეთესო დეველოპერული პროექტის ნომინაციაში გაიმარჯვა და 5 ვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო. კომპანია „International Property Awards“ ბრიტანული კომპანიაა, რომელიც სამშენებლო და დეველოპმენტის დარგში წარმატებულ პროექტებს შეარჩევს მსოფლიო მასშტაბით. ნომინაციებში გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის არქიტექტურის, დიზაინისა და დეველოპმენტის დარგში სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალებს და ექსპერტებს.

Tower Group
Tower Group

International Property Awards-ის მიერ აღიარებული „პანორამა“ გამორჩეული პროექტია ბათუმის სანაპირო ზოლში, რომელიც 5 ვარსკვლავიან სასტუმროსა და 40 სართულიან ბიზნეს კლასის საინვესტიციო აპარტამენტებს აერთიანებს. „პანორამა“ მულტიფუნქციური კომპლექსია რომელიც აერთიანებს სასტუმროს, აპარტამენტებს, მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგს, ღია საცურაო აუზს, სპასა და ფიტნესს, რესტორნებსა და ბარებს, კაზინოსა და სხვა გასართობ სივრცეებს.

კომპლექსის სავიზიტო ბარათია საფეხმავლო ხიდი, რომელიც მთლიანი კონსტრუქციის ნაწილია და შენობას ზღვასთან აკავშირებს.

Tower Group
Tower Group

პროექტის მშენებლობა საწყის ეტაპზეა, თუმცა უკვე მიიპყრო ინვესტორების ყურადღება მთელი მსოფლიოდან. კონკურსზე ჩვენი წარმატება ადასტურებს თაუერ ჯგუფის დამოკიდებულებას ინოვაციების მიმართ, მაღალი სტანდარტებისა და ცხოვრების თანამედროვე სტილის შექმნისკენ. ჩვენი მთელი კონცეფცია აგებულია დახვეწილი დიზაინის, გამორჩეული ხედებისა და მსოფლიო დონის ინფრასტრუქურის შეთავაზებაზე, უნიკალური და შეუდარებელი საინვესტიციო სივრცის შექმნაზე..

ჩვენი სლოგანიც ამ ყველაფრის ანარეკლია – „ინვესტიცია თქვენს მომავალში“.

რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინაში 494 ბავშვი დაიღუპა – პროკურატურა

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 1052 ბავშვი დაიჭრა, 494 დაიღუპა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა აქვეყნებს.

ეს რიცხვები საბოლოო არ არის, ინფორმაცია დარუპულებისა და დაშავებულების შესახებ ჯერ ისევ ზუსტდება, რადგან უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ასევე, ამ მონაცემებში არ შედის ქალაქ მარიუპოლში დაღუპული და დაშავებული ბავშვების სტატისტიკა, რადგან ქალაქი ოკუპირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ. 

პროკურატურის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსული არმიის მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად რვა წლის გოგონა დაშავდა.

831 ბავშვი დაკარგულად მიიჩნევა, გარდა ამისა, უკრაინის შეფასებით, რუსებმა თითქმის 19 500 ბავშვი გაიყვანეს უკრაინიდან.

რუსეთ-უკრაინის ომი 2022 წლის 24 თებერვალს, კიევის დროით დილის 5 საათზე დაიწყო. რუსეთის შეიარაღებული ძალები სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით დაესხნენ თავს უკრაინას.

____________

ფოტოზე: უკრაინელი აქტივისტების აქცია ბრიუსელში, გაეროს შტაბ-ბინასთან. ფოტო: EPA-EFE/OLIVIER HOSLET

ბათუმში 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს

13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. შემთხვევა ბათუმში მოხდა. ინფორმაცია შემთხვევის შესახებ TV25-მა გაავრცელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ადასტურებენ, რომ გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს.

შს სამინისტროს ცნობით, არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული კაცი გუშინ, 11 ივლისს დააკავეს. ამ საქმეზე აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჯერ არ გამართულა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 12 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 235 530 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +510]
  • ტანკი – 4 090 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 7 990 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 4 402 ერთეული [+17]
  • MLRS – 674 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 415 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 310 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 726 ერთეული [+33]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 271 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 978 ერთეული [+12]
  • სპეცტექნიკა – 647 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 12 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 455 თვითმფრინავი
  • 242 ვერტმფრენი
  • 4 981 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 10 668 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 137 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 421 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 11 626 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

საფრანგეთი უკრაინას გადასცემს Scalp-ის შორი მანძილის რაკეტებს

რამდენი საათით შეწყდება ხვალ გაზი ბათუმში ენვერ ხაბაძის ქუჩაზე

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 12 ივლისის 15:00 საათიდან ბათუმის მუნიციპალიტეტში, ენვერ ხაბაძის ქუჩაზე, გაზმომარაგება შეწყდება.

„სოკარის“ ცნობით, გაზის მიწოდება დაიწყება 17:00 სთ-დან და სრულად აღდგება 12 ივლისის დღის ბოლომდე.

გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

რა ხდება ბარებში, რომლებიც მობილიზაციას გამოქცეულმა რუსებმა გახსნეს ბათუმში – VIDEO

„Говорит Москва!“ – ამ ორი სიტყვით გამოეხმაურა 2023 წლის მაისის ბოლოს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ტვიტერში საქართველოს პრემიერს, რომელმაც უკრაინაში ომის „ერთ-ერთ მიზეზად“ ნატოს გაფართოება დაასახელა.

„არ მესმის, რატომ ავრცელებს რუსულ ნარატივს“ – ეს ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა – მიჰაელ როტი პრემიერ ღარიბაშვილზე. პირდაპირ თუ ირიბად ნათელი ხდება, რომ საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა კრემლისას ემთხვევა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსული პროპაგანდის მოკავშირე საქართველოში არამხოლოდ პრორუსული პარტიები და ჯგუფები არიან, არამედ უშუალოდ ხელისუფლებაც.

საქართველოში, სადაც ნებისმიერი გამოკითხვით მთავარ საფრთხედ რუსეთს აღიქვამენ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მმართველი პარტიის ლიდერები ყველაზე ხშირად ასე აშინებენ მოსახლეობას – „აბა, ომი გინდათ?“

ირაკლი ღარიბაშვილი

ამ სტატიაში აღვწერთ: რატომ და რა ფორმით იქცა საქართველოს მთავრობა კრემლის რუპორად? უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რა მუშაობს რუსული პროპაგანდის გზავნილებიდან საქართველოში და სად „ჩავარდა“ კრემლის პროპაგანდა?

  • „ჩვენ არ ვსაუბრობთ ქართულად“ – რა ხდება ბარებში, რომლებიც მობილიზაციას გამოქცეულმა რუსებმა გახსნეს ბათუმში 

„მხოლოდ რუსული ან ინგლისური, ქართულად ვერ დაგელაპარაკებით“, – მოგვმართა რუსულენოვანმა ბარმენმა ინგლისურად, რომელსაც ძველ ბათუმში, ერთ-ერთი ბარის შესასვლელში შევხვდით და ქართულად ვკითხეთ: „საუბრობთ ქართულად?“

ბარები ბათუმში, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაიხსნა

„რატომ არ გაქვთ ქართულენოვანი სერვისი? ეს კანონით სავალდებულოა“, – ამჯერად ინგლისურად ვეკითხებით მასპინძელს, რომელიც კიბეებს ჩაუყვა და ნახევრად მიწისქვეშა ბარის შუა ნაწილში გაჩერდა – საღამოა, თუმცა ბარში ადამიანები ჯერ არ შეკრებილან. ბარის წინ ტროტუარზე განლაგებულ მაგიდასთან რამდენიმე სტუმარი შეექცევა კოქტეილს.

„იმიტომ, რომ არ ვარ ქართველი,“ – გაღიზიანება ეტყობა ხმაში მასპინძელს.

„ქართულენოვანი სერვისი უნდა გქონდეთ, ეს კანონის მოთხოვნაა“, – სამართალდარღვევის შესახებ განმარტებას ვცდილობთ.

„ჩვენი სტუმრები არიან რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, სხვა ქვეყნებიდან, ევროპიდან,“ – ისე გვიპასუხა მასპინძელმა, თითქოს მყარი არგუმენტია იმის საპირწონედ, რატომ შეიძლება არ გქონდეს საქართველოში, საჯარო სივრცეში ქართულენოვანი სერვისი, როცა ეს კანონით სავალდებულოა.

„მენიუ გაქვთ ქართულად?“ – ბარის მაგიდაზე ერთად დაწყობილი მენიუებისკენ ვანიშნებთ მასპინძელს. პაუზის შემდეგ მასპინძელი თავს აქნევს იმის ნიშნად, რომ არც მენიუ აქვთ ქართულად და მარტივ გადაწყვეტილებასაც იღებს – კამერას ხელს აფარებს.

„არ მინდა გიპასუხოთ, საიდან ვარ“, – კატეგორიულია მასპინძელი. ის გასასვლელისკენ გვანიშნებს.

„სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვსსაქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე“. ასევე „სახელმწიფო ენის არცოდნა არ შეიძლება მომსახურების გაწევაზე უარის თქმის მოტივი იყოს“, ანუ მოქალაქის უფლებაა, საქართველოში სერვისი მიიღოს ქართულ ენაზე.

ამავე კანონის 35-ე მუხლის მიხედვით კი, სახელმწიფო ენის დაცვის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ: პარლამენტი, საქართველოს მთავრობა, მუნიციპალიტეტის ორგანოები და სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.

კიდევ ერთი კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ მენიუს ეხება. ამ კანონში წერია: „მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს უტყუარი და სრული ინფორმაცია.“

რა ხდება ბარებში, რომლებიც მობილიზაციას გამოქცეულმა რუსებმა გახსნეს ბათუმში

მიუხედავად იმისა, რომ კანონი მუნიციპალიტეტს პირდაპირ ავალდებულებს სახელმწიფო – ქართული ენის დაცვას, ბათუმის მერიასა და საკრებულოში კანონის დასაცავად არ მოქმედებენ. აქ კომენტარსაც არ აკეთებენ კითხვაზე: რატომ არ იცავენ სახელმწიფო ენას, მაგალითად, რუსულ ბარებში?

არადა, მარტო ძველი ბათუმის ერთ კვარტალში ჩვენ 9 ისეთი ბარი ვნახეთ, სადაც ქართულად შეკვეთას ვერ მისცემთ. ეს ბარები უკვე წელიწადზე მეტია არავის დაუჯარიმებია იმის გამო, რომ ქართულენოვანი სერვისი არ აქვთ. 

„ბათუმელები“ რუსულენოვან ბარებზე 2022 წლის ზაფხულშიც წერდა. აღმოჩნდა, რომ ბარებში, სადაც საქართველოს სახელმწიფო ენაზე ვერ დაგელაპარაკებიან, არაფერი შეცვლილა. პირიქით, ასეთი ბარების რაოდენობა ყოველ დღე იზრდება.

ბათუმი. კაფე მაზნიაშვილის ქუჩაზე, სადაც ქართულ ენაზე სერვისს ვერ მიიღებთ

საღამოობით, ძველი ბათუმის პატარა ქუჩებში, მობილიზაციას გამოქცეული რუსების მიერ გახსნილ ბარებთან მუსიკაში ირევა ხმამაღალი საუბრები რუსულად. აქ ტროტუარებზეც აქვთ მოწყობილი გასართობი სივრცეები. იშვიათობაა იპოვო ბარი, სადაც ქართულად შეძლებ შეუკვეთო რამე.

რუსული კაფე-ბარების მენეჯერებმა იციან, რომ არღვევენ საქართველოს კანონს, მაგრამ დასძენენ, რომ ეს მათგან „დამოუკიდებლად ხდება“. ირწმუნებიან, რომ გაუჭირდათ საქართველოს მოქალაქის პოვნა, ვისაც „სურვილი აქვს, იმუშაოს რუსულ თემთან“ და „იცის უცხო ენები“.

ძველ ბათუმში რუსებმა რამდენიმე ბარი გახსნეს
ნიკალა მოსკოვიდანაა, ომის შემდეგ ის საქართველოში ჩამოვიდა და ბარმენად მუშაობს.

„ჩვეულებრივ ბარებში საუბრობენ ინგლისურად, რუსულად ან უკრაინულად,“ – გვიპასუხას ნიკალამ, რომელიც მოსკოვიდანაა და ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში. ის ბარმენია ბათუმის ერთ-ერთ ბარში.

გქონიათ პრობლემა რომელიმე უწყებასთან იმის გამო, რომ ქართულენოვანი სერვისი ბარში არ არის? ამ კითხვაზე ნიკალას პასუხი სხვა ბარებში მოსმენილის იდენტურია – „არა“.

გამონაკლისია ბარი „Hore“, სადაც რამდენიმე თვის წინ მუნიციპალურმა ინსპექციამ მოსთხოვა, აბრაზე წარწერა ქართულადაც იყოს, ინგლისურთან ერთად.

ამ ბარში გვითხრეს, რომ ისინიც რუსეთიდან არიან, ერთ წელზე მეტია მუშაობენ ბათუმში და ქართულენოვანი პერსონალი არც არასდროს ჰყოლიათ. აქ ინგლისურად საუბარიც უჭირთ.

„ჩემი მეგობრები არიან და ხშირად ვეხმარები,“ – გვითხრა დავით ბარაბაძემ გვერდით მდებარე ბარიდან და აგვიხსნა, როცა ადგილზე არ ვარ, ჟესტური ენის გამოყენებით იღებენ შეკვეთებსო. მანვე დასძინა, რომ  ქართველები ისედაც იშვიათად არიან ბარის სტუმრები.

დავით ბარაბაძე მიიჩნევს, რომ „კანონის გადამოწმება არ ხდება“ და ეს ცუდია, რადგან „რუსეთი რეალური საფრთხეა“.

„რუსეთი ჩვენი მეზობელია და რეალური საფრთხე. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს მცირე პრობლემაა, მაგრამ ასეთი მცირე პრობლემებიდან იქმნება გლობალური პრობლემები. ლარსის საბაჟოდან უნდა დავიწყოთ ამ პრობლემების მოგვარება“, – ამბობს დავით ბარაბაძე.

რუსული ბარები ბათუმში აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება დახუჭოს თვალი ხელისუფლებამ კანონის დარღვევაზე, როცა საქმე რუსეთს ეხება და რუსებისთვის საქართველოში კომფორტული გარემო შექმნას.

  • როგორ მკვიდრდებიან რუსები საქართველოში და სად არის „შავი ხვრელი“?

საჯარო რეესტრის მიერ მოწოდებული ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა 18 661 ინდმეწარმე და 1357 იურიდიული პირი დააფუძნეს საქართველოში. ჯანდაცვის სამინისტრო კი ირწმუნება, რომ საქართველოში რუსეთის მხოლოდ 2029 მოქალაქეა დასაქმებული.

 

რუსები საქართველოში ინტენსიურად ყიდულობენ უძრავ ქონებას – ბინებს და მიწის ნაკვეთებს. ასე, მაგალითად, საჯარო რეესტრის მიერ მოწოდებული ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის პირველი მარტიდან 2023 წლის 26 აპრილამდე პერიოდში, მობილიზაციას გამოქცეულმა რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 7 709 ბინა და ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი მიწა იყიდეს.

საჯარო რეესტრის მიერ მოწოდებული მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეებმა ზუსტად 7 709 ბინა, მთლიანობაში 424 449 კვადრატული მეტრი უძრავი ქონება შეიძინეს საქართველოში. მათვე იყიდეს 474 649 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი: 265 049 კვ. მეტრი შენობა-ნაგებობის გარეშე [457 პირი, 604 მიწის ნაკვეთი], 209 600 კვ. მ. – შენობა-ნაგებობასთან ერთად [1028 პირი, 1074 მიწის ნაკვეთი]

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ კორძაია გვესაუბრება, რას აჩვენებს ოფიციალური სტატისტიკა:

„ვფიქრობ, სტატისტიკა ზუსტია იურიდიულ პირებთან და ინდმეწარმეებთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა საქმიანობას ეწევიან ეს ბიზნესსუბიექტები, ვაჭრობენ თუ არა აკრძალული საქონლით – შეიძლება ეს იყოს „შავი ხვრელი“.

პარლამენტის წევრსაც არ აქვს შესაძლებლობა გაარკვიოს, რამდენად საფრთხის შემცველია რუსეთის მოქალაქეების საქმიანობა საქართველოში.

სხვა საკითხია, რომ 3.5-მილიონიან ქვეყანაში ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი მიწა საკუთრებაში აქვთ რუსეთის მოქალაქეებს…“

დეპუტატი კორძაია შემოსავლების სამსახურიდან ითხოვდა საჯარო ინფორმაციას რუსეთის მოქალაქეების საქმიანობის შესახებ საქართველოში, მაგრამ – „საგადასახადო საიდუმლოების დაცვის მოტივით“ ინფორმაცია არ მიაწოდეს.

„არ ვითხოვდით ინფორმაციას, თუ რა მოგებას ნახულობენ რუსეთის მოქალაქეები. ვთხოვეთ სასაქონლე კოდები – ვინ რით ვაჭრობს და რა მომსახურებას ეწევიან?

ჩვენი პარტნიორები ამბობენ, რომ ფინანსურ გადარიცხვებში საქართველოს არ აქვს პრობლემები, მაგრამ შეიმჩნევა სანქცირებული, აკრძალული პროდუქციის გადატანა-გადმოტანა. დასტურდება, რომ სანქცირებული, აკრძალული პროდუქცია შედის საქართველოდან. ამ მომსახურებას ეს იურიდიული პირები ახორციელებენ თუ არა, ამის გადამოწმების საშუალება ჩვენ არ გვაქვს,“ – ამბობს თამარ კორძაია „ბათუმელებთან“.

აფხაზეთიდან დევნილი დეპუტატი კორძაია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პარლამენტს, როგორც მაკონტროლებელს, ხელისუფლება განზრახ ასუსტებს.

„მაკონტროლებელი იმას ნიშნავს, რომ უნდა დაარწმუნო მაკონტროლებელი, რომ შენ იცავ კანონს. მომცენ ეს ინფორმაცია, მაგალითად, იმ პირობით, რომ ჟურნალისტებს არ გავუზიარებ დეტალებს, მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ,“ – დასძინა თამარ კორძაიამ.

თამარ კორძაია

დეპუტატს ვესაუბრეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაზეც – ეს უწყება ითვლის, რამდენი რუსი შემოდის საქართველოში და უკან ბრუნდება.

ოფიციალური სტატისტიკით, წელს, მხოლოდ პირველ კვარტალში, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში 298 285 საზღვრის კვეთა დაფიქსირდა. საქართველოდან რუსეთში კი, გავიდა 320 236 ადამიანი.

2023 წლის პირველ თებერვალს საქართველოს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში განაცხადა, რომ 2022 წელს რუსეთიდან საქართველოში 869 874 ადამიანი შემოვიდა, 809 873 კი – გავიდა. შესაბამისად, გამოდის, რომ საქართველოში თებერვლისთვის რუსეთის მხოლოდ 60 ათასამდე მოქალაქე იმყოფებოდა.

მას შემდეგ ხელისუფლებას აღარ გაუვრცელებია ინფორმაცია, რუსეთის რამდენი მოქალაქეა საქართველოში.

„შსს-ს მონაცემებს ვერ დავეყრდნობით, რადგან გადამოწმების მექანიზმი არ არსებობს,“ – ამბობს თამარ კორძაია. მისი აზრით, რუსეთის მოქალაქეებს უნდა ასახავდეს დიდი ალბათობით საქართველოს მეზობელი სომხეთიდანაც საზღვრის კვეთის მაჩვენებლის რეკორდული ზრდა – 2023 წლის პირველ კვარტალში სომხეთიდან საქართველოში საზღვრის 224 342 კვეთა დაფიქსირდა, მაშინ, როცა, მაგალითად, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს რიცხვი იყო 78 869, ხოლო 2021 წლის პირველ კვარტალში – 17 970.

„პირდაპირი ფრენები ამ დროს არ იყოს საქართველოსთან, იყო სომხეთში და შესაძლოა, ერევნიდან შემოდიოდნენ საქართველოში სახმელეთო საზღვრით,“ – დასძინა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.

  • „2 კვირაში დავიწყეთ საქართველოში ბიზნესი“ – ბიზნესმენი რუსეთიდან

კონფიდენციალური წყაროს მიერ ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტების თანახმად, მხოლოდ რამდენიმე კომპანიაში, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებმა დააფუძნეს საქართველოში, ბევრად მეტი რუსია დასაქმებული, ვიდრე ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემია – სულ 2029 დასაქმებული.

„ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით, მაგალითად, რუსეთის მოქალაქის – დავიდ სლონიმსკის მიერ საქართველოში დაფუძნებულ კომპანია „ჯეთი კლაუდში“ უცხო ქვეყნის 783 მოქალაქეა დასაქმებული. წყაროს მიერ მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით, ამ და ასევე სხვა კომპანიებში დასაქმებული პირების ანაზღაურება მინიმუმ 3500, მაქსიმუმ 8 ათასი ევროა. ეს კომპანია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ არის დაფუძნებული.

„რუსეთში ყველგან ბეჭედი და ხელმოწერაა საჭირო, ასე მარტივი არაა ბიზნესის კეთება. დაახლოებით ორ კვირაში დავიწყეთ ბიზნესი საქართველოში, ეს იყო 2022 წლის მარტში, როცა ომი დაიწყო უკრაინაში და ჩვენ წამოვედით,“- გვიყვება რუსეთის მოქალაქე ელენა მორინა, კიდევ ერთი კომპანიის – „რავენაჟის“ ხელმძღვანელი. ეს კომპანია ვიდეოთამაშების მომზადებასა და მის გამოქვეყნებაზე მუშაობს.

„რავენაჟის“ ბათუმის ოფისში სულ 87 თანამშრომელია, მათ შორის რუსეთის მოქალაქე – 75, საქართველოს მოქალაქე – 7.

ეს კომპანია ნათელი მაგალითია იმის, რომ მთავრობის სტატისტიკა რეალობას არ ასახავს – კომპანია „რავენაჟში“ გვითხრეს, რომ არ იცოდნენ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში დასაქმებისთვის თუ სახელმწიფოსგან ნებართვა სჭირდებათ.

ელენა მორინა

ელენა მორინა ამბობს, რომ ის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს იხდის და ამის დამადასტურებელ დოკუმენტებსაც გვაჩვენებს.

სამუშაო გარემოს დათვალიერებისას ელენა დასძენს, რომ ბინადრობის მიღება სურს საქართველოში. „თუ ბინადრობას მივიღებთ, გავაგრძელებთ ბიზნესსაქმიანობას,“ – ამბობს ის.

კომპანია „რავენაჟს“ ბათუმში ხუთსართულიანი ოფისი აქვს.

„ეს სტატისტიკა, რა თქმა უნდა, არ არის რეალური,“ – მობილიზაციას გამოქცეული რუსების საქართველოში დასაქმების ოფიციალურ მონაცემებს ასე აფასებს თამარ კორძაია, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი. მისი განმარტებით, ამ დრომდე კანონმდებლობა იძლეოდა შესაძლებლობას, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ დარეგისტრირებულიყვნენ და ისე ემუშავათ.

„პარლამენტმა მიიღო კანონი იმ კუთხით, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმების შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია დაარეგისტრიროს ეს მონაცემები პირდაპირ ჯანდაცვის სამინისტროში. დაახლოებით ალბათ ორ თვეში გვექნება ზუსტი მონაცემები,“ – განმარტავს თამარ კორძაია.

  • „აბა, ომი გინდათ?“ – რა (ვერ)მუშაობს რუსული პროპაგანდიდან საქართველოში და რატომ?

„საქართველოს ხელისუფლების ტაქტიკა არის იგივე, რასაც კრემლი იყენებს საქართველოში – ომის განახლების შიში,“ – გვიყვება თამარ კინწურაშვილი, „მედიის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია აკვირდება, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდისტული მანქანა საქართველოში და როგორ ჩაება ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლება მას აქეთ, როცა გამოჩნდა, რომ პრორუსულმა ჯგუფებმა გავლენა ვერ მოიპოვეს.

2023 წლის 23 მარტი – კრემლის პროპაგანდისტი სალავიოვი სატანისტებად მოიხსენიებს ქალაქ ეკატერინბურგის მოსახლეობას. მას ამ ქალაქთან ბევრი პრეტენზია აქვს, რადგან მიიჩნევს, რომ ის სათანადოდ არ უჭერს მხარს კრემლს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე სატანისტებად მოიხსენიებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მოაწყვეს 2023 წლის მარტში. კრემლის პროპაგანდა ხშირად იყენებს ასეთ იარლიყებს სხვადასხვა ჯგუფის დისკრედიტაციისთვის.

თამარ კინწურაშვილთან საუბარს ამ კითხვით ვიწყებთ: რა მუშაობს რუსული პროპაგანდის გზავნილებიდან ყველაზე ეფექტურად საქართველოში, განსაკუთრებით კი 7-8 მარტის თბილისის ცნობილი მოვლენების შემდეგ, როცა საპროტესტო ტალღამ ხელისუფლება აიძულა, „რუსული კანონი“ უკან წაეღო?

თამარ კინწურაშვილის დაკვირვებით, მარტის მოვლენებმა ყველაზე მკაფიოდ აჩვენა, რამდენად ვერ მუშაობს ანტიდასავლური გზავნილები საქართველოში, თუმცა მეტ-ნაკლებად მუშაობს ომის შიში.

თამარ კინწურაშვილი

„პირველ რიგში, ეს არის ომის შიშების ინსტრუმენტალიზება: თუ საქართველო დაიცავს თავის სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ეს ითარგმნება ხშირად, როგორც რუსეთის მხრიდან ინტერვენციის საფრთხე,“ – გვიყვება თამარ კინწურაშვილი, „მედიის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი. – „ძირითადად ომის შიშით ცდილობს ხელისუფლება საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდირებას.

ბუნებრივია, ადამიანები, რომლებსაც ევროპული არჩევანი აქვთ, მოწყვლადები ხდებიან, თუ მათ ხელისუფლება ყოველდღიურად უმეორებს, რომ ჩვენთან შეიძლება მოხდეს ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება. ხელისუფლებას, რომელსაც ბევრი ინსტრუმენტი აქვს საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის, იყენებს ამ საერთაშორისო ვითარებას, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება,“ – ამბობს თამარ კინწურაშვილი.

რატომ შეიძლება ეს არ იყოს სიფრთხილე: იქნებ საქართველოს ხელისუფლება მართლა ცდილობს ომის საფრთხისგან ქვეყნის დაზღვევას? – ვკითხეთ მას.

„პრობლემა ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლება პრობლემას ხედავს არა რუსეთში, არამედ დემოკრატიულ ინსტიტუტებში. ის ყველა რესურსს იყენებს იმისთვის, რომ გაილაშქროს და მოახდინოს დისკრედიტაცია დემოკრატიული ინსტიტუტების. საუბარია მედიაზე, არასამთავრობო სექტორზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე,“ – ამბობს თამარ კინწურაშვილი და ყურადღებას ამახვილებს დასავლეთის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა უწყებაში შექმნილ სტრატკომებზე – სტრატკომები რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ უნდა მუშაობდეს, თუმცა ბოლო წლებია ის მხოლოდ საქართველოს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მუშაობს.

თამარ კინწურაშვილს ის ამბავი ახსენდება, როცა ფეისბუქმა საქართველოს მთავრობის სტრატკომთან დაკავშირებული ანგარიშები წაშალა.

„საქართველოს ხელისუფლება ემთხვევა რუსული პროპაგანდის მუშაობას მეთოდებითაც – აქ პეტერბურგის ტროლების მსგავსი ინფრასტრუქტურა შექმნეს – ადამიანები, რომლებიც არიან დასაქმებული საჯარო სამსახურებში, იმავდროულად აზიარებენ მთავრობის სტრატკომის პოსტებს. ისინი იპარავდნენ სხვის იდენტობას და რუსი მოქალაქეების ფოტოებით ინტერვიუებსაც კი აძლევდნენ სამთავრობო, პროპაგანდისტულ მედიას,“ – ამბობს თამარ კინწურაშვილი და ტროლების კამპანიას იხსენებს ერთ-ერთი ქართველი ოპოზიციონერის წინააღმდეგ.

„მის წინააღმდეგ ხელოვნური ინტელექტით გენერირებული გვერდი გიორგი აღაპაშვილი აქვეყნებდა პოსტებს და შემდეგ სახელისუფლებო მედია ციტირებდა, როგორც რეალურ ადამიანს – არარსებული ადამიანი იძლეოდა ინტერვიუებს მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ,“ – ეცინება თამარ კინწურაშვილს.

„მითების დეტექტორის“ ინფორმაციით, ფეისბუქგვერდი„გიორგი აღაპიშვილის ბლოგი“, რომელიც  ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი აქტივისტებისა თუ პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ მადისკრედიტებელ პოსტებს ავრცელებს, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ფოტოს იყენებს. ფოტო: „მითების დეტექტორი“

„ეს ტროლები, რომლებიც მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ კამპანიაში იყვნენ ჩართულნი, იმავდროულად აზიარებდნენ გარემოს დაცვის სამინისტროს პოსტებს. ეს აჩენდა ეჭვს, რომ ეს ადამიანი იყო დასაქმებული სამინისტროში. ამის დადასტურება რთულია, რადგან ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ ღია წყაროებზე, მაგრამ ფეისბუქმა წაშალა ეს ანგარიშები.

ფეისბუქმა დაადასტურა, რომ საქართველოში საჯარო მოხელეებსა და ადმინისტრაციულ რესურსს იყენებენ საზოგადოებრივი აზრის შექმნისთვის.

პრორუსმა აქტორებმა ისწავლეს, როგორ მოერგონ იგივე ფეისბუქს – წლების წინ თუ 20 ფეისბუქგვერდი ერთი და იმავე შინაარსის მასალას აზიარებდა, ახლა ძირითადად ეს გვერდები დაქსაქსულია, მაგალითად, ერთი გვერდი მუშაობს იმის წარმოჩენაზე, როგორი გარყვნილია დასავლეთი, მეორე კი იმაზე, თუ რამდენად კარგი ადამიანები მუშაობენ მთავრობაში, ოჯახის ერთგულები არიან და ტრადიციულები.

ამჯერად ისინი ცდილობენ ყველა მთავარი ღირებულების დევალვაციას – მაგალითად, შექმნეს თითქოს ფაქტების გადამოწმების პარტიული ვებგვერდი.

ამ გზით ცდილობენ გააჩინონ განცდა, რომ არ უნდა ვენდოთ მედიას. მათი სამიზნეა არამხოლოდ პოლიტიკურად აფილირებული მედია, არამედ ნეიტრალური პლატფორმებიც, როგორიცაა „ნეტგაზეთი და „რადიო თავისუფლება“.

„მითების დეტექტორის“ მიერ მომზადებული ფოტო იმაზე, თუ როგორ მუშაობენ სახელისუფლებო ტროლები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ. ნიკა გვარამია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორია და ის ახლახან შეიწყალა პრეზიდენტმა. არაერთი სამოქალაქო ორგანიზაციის და სახალხო დამცველის შეფასებით, „ნიკა გვარამიას საქმე“ პოლიტიკურად მოტივირებულია.

ხელისუფლება მუდმივად სწავლობს საზოგადოებრივ აზრს და იყენებს მოწყვლადობას ცეცხლზე ნავთის დასამატებლად და არა პირიქით – ჩასაქრობად,“ – კატეგორიულია თამარ კინწურაშვილის დასკვნები.

თამარ კინწურაშვილის დაკვირვებით, პროპაგანდისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ინსტრუმენტია რელიგიაც. ამ კონცეფციაში რუსეთის წარმოჩენა ხდება, როგორც მესამე რომის, რომელიც გვიცავს დასავლეთის გარყვნილებისგან და შეუძლია შეაჩეროს რეგიონში თურქეთის ექსპანსიონიზმი, რომელსაც ოსმალთა იმპერიის აღდგენა სურს.  

„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს გზავნილიც გაჩნდა, რომ თუ რუსეთი დამარცხდება და უკრაინა გაიმარჯვებს, ეს არ არის საქართველოს ხელსაყრელი, ვინაიდან თურქეთის შეკავების ძალა მხოლოდ რუსეთს აქვს“, – გვითხრა თამარ კინწურაშვილმა.

  • რუსებს კანონის დაცვას სახელმწიფო არ სთხოვს“ – იურისტი 

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, საქართველოს დიდ ქალაქებში, კაფე-ბარების გარდა იხსნება სილამაზის სალონები, კინოთეატრები თუ სხვა კომერციული დაწესებულებები, სადაც ძირითადად რუსეთის მოქალაქეების არიან დასაქმებულნი. მაგალითად, ბათუმში 10 რუსულენოვანი მინიკინოთეატრია, როცა ბათუმს მხოლოდ ერთი კინოთეატრი აქვს.

 

სილამაზის სალონი ბათუმში, რომელიც რუსებმა გახსნეს

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ათეულობით რუსული სკოლაც გაიხსნა, სადაც სწავლა განსაკუთრებით ძვირია. ამ სკოლებს ავტორიზაცია რუსეთის ფედერაციაში აქვთ გავლილი და რუსეთის მოქალაქეები აფუძნებენ.

რუსული სკოლა „პროექტორი“ თბილისში – სქრინები სკოლის ინტერნეტგვერდიდან

„რუსები არ გამოირჩევიან კანონის პატივისცემით და აქვთ შეხედულება, რომ რეგულაციების დაცვას დიდად არ სთხოვენ და ეს არც სჭირდებათ,“ – ეს შთაბეჭდილება აქვს ადვოკატ გიორგი ხიმშიაშვილს, რომელიც რუსული ბიზნესის გააქტიურებას აკვირდება საქართველოში.

რამდენად ხშირად მიმართავენ რუსები იურისტებს საქართველოში იმისთვის, რომ გაიგონ, რა სამართლებრივი რეგულაციებია აქ და შესაბამისად მოემზადონ, როცა კომპანიას ხსნიან?

„ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, რუსები იშვიათად ცდილობენ გაარკვიონ, რა არის სამართლებრივი რეგულაცია. სხვა უცხოელები აქტიურად გამოირჩევიან კანონის მიმართ პატივისცემით, ვიდრე რუსები“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი და გვიყვება იმაზეც, რომ რუსები ძირითადად საგადასახადო ვალდებულებებით ინტერესდებიან, ამიტომაც მხოლოდ ქართულენოვან ბუღალტრებს ასაქმებენ.

„არკვევენ, რა არის თავის დაცვის მექანიზმი“, – დასძენს იურისტი და შენიშნავს, რომ რთულია გაიგო, იხდის თუ არა გადასახადს რუსი დამსაქმებელი, თუ სახელმწიფო ინსტიტუტები პროაქტიულად არ იმუშავებენ.

გიორგი ხიმშიაშვილი

იურისტის დაკვირვებით, რუსეთის მოქალაქეებს სასათბურე პირობებს უქმნის სახელმწიფო  საქართველოში და ეს უპირველესად ჩანს სახელმწიფო ენის მიმართ უპატივცემულობაში – სახელმწიფო უწყებებშიც კი, მაგალითად, შემოსავლების სამსახურში, თუ იუსტიციის სახლში რუსებს რუსულად ესაუბრებიან.

„პირველ რიგში, მათ არ აქვთ ენის ბარიერი, მეორეა სამართლებრივი ჩარჩო და რეგულაციები, რომლის დაცვასა და აღსრულებაზე სახელმწიფო ეფექტურ რეაგირებას არ ახდენს,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

რატომ ფიქრობთ, რომ არ მუშაობს ამ კუთხით ეფექტურად სახელმწიფო? – ვკითხეთ იურისტს.

„ეფექტური რომ ყოფილიყო, არსებული ლიბერალური საკანონმდებლო რეგულირების პირობებშიც კი, ასე სწრაფად ვერ დააფუძნებდნენ ამდენ კომპანიას.

წარმოიდგინეთ, როცა არარეზიდენტს ასაქმებ, უნდა ითხოვო ნებართვა, ამ ყველაფერს სჭირდება პროცედურები, დრო. ეჭვის საფუძველია ეს ციფრები – რამდენი კომპანია დააფუძნეს რუსებმა და რუსეთის რამდენი მოქალაქეა დასაქმებული? რუსები სარგებლობენ იმით, რის შესაძლებლობასაც მათ სახელმწიფო აძლევს“.

  • პოლიტოლოგი: ომს აგებ, მაგრამ საქართველოში იმარჯვებ – რუსეთს სჭირდება წარმატებული ქეისი“  

„რუსეთს სჭირდება წარმატებული ქეისი, რადგან უკრაინაში ომს ვერ იგებს. ამ დროს თუ მოახერხებს საქართველოში გამარჯვებას, ამით „დასჯის“ დასავლეთს, რომ „აი, საქართველო მოვიგე და აქ გავლენას შეგეცილები,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი, „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, კორნელი კაკაჩია. მას ვკითხეთ: საქართველოს ხელისუფლება რამდენად იქცა კრემლის იდეების გამხმოვანებლად?

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას დაკვირვებით, ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებისა და კრემლის ამოცანები ძალიან დაუახლოვდა ერთმანეთს

„თუ რუსეთს სურს წარმოაჩინოს, რომ საქართველო „გონს მოეგო“, საქართველოს ხელისუფლებას კი, ძალაუფლების შენარჩუნება – როცა ძლიერდება ავტორიტარიზმი, ბუნებრივად ქვეყანა უახლოვდება რუსულ ორბიტას.

საქართველოს მაგალითს რუსეთი აჩვენებს უკრაინასაც, რომ ხომ ხედავთ, ომი საქართველოსთანაც მქონდა, მაგრამ ისინი გონს მოვიდნენ წლების შემდეგ, ჩვენთან მოხოხდნენ სათანამშრომლოდო. რუსული პროპაგანდა ამჯერად ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ რუსეთთან თანამშრომლობა უფრო სასარგებლოა საქართველოსთვის, ვიდრე ევროკავშირთან. რუსეთი ცდილობს, პრორუსული ჯგუფების გაძლიერებას, რომ ოდნავ მაინც შეირყეს ნდობა, რომელიც ევროკავშირის მიმართ არსებობს,“ – გვიყვება პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.

პოლიტოლოგი ბოლო სოციოლოგიურ კვლევებს გვახსენებს, სადაც ჩანს, რომ მოსახლეობის 90% კონსოლიდირდა ევროპული იდეის გარშემო. თუმცა, მეორე მხრივ, საზოგადოებაზე ასევე მუშაობს ხელისუფლების აქცენტი ომის საფრთხეზე.

„რთულია, როცა ხელისუფლება ყოველდღე გეკითხება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გინდა თუ ევროკავშირში შესვლა? ან ომში რომ აღმოვჩნდეთ ჩართული?“ – იმ კითხვებს ახმოვანებს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, რაც საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერებისგან ხშირად გვესმის და დასძენს:

„ხელისუფლება ხედავს, რომ ომის შიშმა იმუშავა და ამჯერად მშვიდობის სპეკულაციებით ცდილობს, ხალხი უკან მოიხმოს. რომ აი, ხელისუფლება შეიძლება ცუდია, მაგრამ მშვიდობა მაინც გვაქვს“.

  • რა აჩვენა მარტის მოვლენებმა საქართველოში?

„გაგვიმართლა იმაში, რომ საქართველოში ძლიერია სამოქალაქო საზოგადოება და განსაკუთრებით ძლიერია დამოუკიდებელი მედია, ახალგაზრდები ასევე. ამის გამოა, რომ ამ დრომდე უჭირს რუსულ პროპაგანდას საქართველოში, მიუხედავად ძლიერი დაფინანსებისა. ამ მოცემულობაში სრულად ამოძირკვა ვერ ხერხდება, მაგრამ გამოჩნდა, რომ სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვნად ასუსტებს რუსულ პროპაგანდას,“ – ასკვნის კორნელი კაკაჩია.

საპროტესტო აქცია თბილისში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ – მარტი, 2023

„გარკვეულ ბრძოლას საზოგადოება იგებს, მაგალითად, რუსულ კანონთან დაკავშირებით, თუმცა მშვიდად არ უნდა ვიყოთ,“ – მიიჩნევს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია. მასაც ვკითხეთ მარტის მოვლენებმა რა აჩვენა მისთვის რუსული პროპაგანდის გავლენის კუთხით.

„მშვიდად ვერ უნდა ვიყოთ, რადგან ეს პროტესტი თუ არ კონვერტირდა საარჩევნო უბნებში ბიულეტენებზე, შესაძლოა, აღმოვჩნდეთ რუსეთში… „ოცნება“ ძირითადად ეჭიდება იმას, რომ ადამიანები არ გააქტიურდებიან, მათ შორის, ამ პროპაგანდის შედეგად და თუ არ იქნება აქტიურობა, გამოვა, რომ ამ პროპაგანდამ იმუშავა. 2024 წლის არჩევნები საქართველოში იქნება მხოლოდ ეს: რუსეთი ან ევროპა, სხვა არაფერი,“ – ამბობს თამარ კორძაია.

__________________

[red_box]„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა MediaBridge-ის მხარდაჭერით[/red_box]

„ბათუმის ზონდერი მერი“ – ამ წარწერისთვის დაჯარიმებული კაცი სააპელაციომ გაამართლა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა ვაჟა თავართქილაძე – ეს ის კაცია, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 1000 ლარით დააჯარიმა. ის კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის უფლებით სარგებლობისთვის დააჯარიმეს.

სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა და ბათილად მიიჩნია მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოცემული ოქმი, რომლითაც მოქალაქე საკუთარი საშაურმის ვიტრინაზე გამოკრული განცხადებისთვის დააჯარიმეს.

სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, ის ვეღარ გასაჩივრდება.

მოქალაქე ვაჟა თავართქილაძე საკუთარი საშაურმის ვიტრინაზე გამოკრული დროებითი განცხადებისთვის – ბათუმის ზონდერი მერი ხალხის მტერი 1000 ლარით 28 აპრილს დააჯარიმეს. ბათუმის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ მოქალაქემ ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, იმავე საშაურმის ვიტრინაზე იმავე ზომისა და ფორმის განცხადება გამოაკრა, ამჯერად სხვა შინაარსით: ვაკანსია მეშაურმის პოზიციაზე.

მუნიციპალურმა ინსპექციამ ეს განცხადება არ შეიმჩნია.

ვაჟა თავართქილაძის ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავს.

ამ თემაზე:

„ბათუმის ზონდერი მერი, ხალხის მტერი“ – ამ წარწერისთვის კაცი 1000 ლარით დააჯარიმეს

 

 

ავტოავარია გორგილაძის ქუჩაზე – დაშავდა ორი ადამიანი

დღეს, 11 ივლისს, საღამოს, ავარია მოხდა ბათუმში, გორგილაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში.

პირველადი ინფორმაციით, ერთმანეთს ავტომანქანა და მოტოციკლი შეეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ორი დაშავებული გადაიყვანა კლინიკაში ავტოავარიის ადგილიდან.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებულებს შორისაა „გლოვოს“ კურიერი.

ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“

ქობულეთში სოციალური სახლების აშენებაა დაგეგმილი – 23 მილიონი 2 კორპუსისთვის

ქობულეთში, პოპოვის ქუჩა N12-ში მრავალბინიანი სოციალური სახლების მშენებლობაზე მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა.

ორი მრავალსართულიანი კორპუსის ასაშენებლად 23 484 000 ლარია გათვალისწინებული.

ქობულეთის მერიის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სოციალური სახლები იმ ეკომიგრანტი ოჯახებისთვის აშენდება, რომლებიც დღეს მუნიციპალიტეტს ქირით ჰყავს გაყვანილი სტიქიის ზონიდან.

„დღევანდელი მდგომარეობით 200-მდე ეკომიგრანტი ოჯახი გვყავს ქირით გაყვანილი“, – გვითხრეს ქობულეთის მერიაში.

ქობულეთის სოციალური სახლების ვიზუალიზაცია პროექტიდან

პროექტის მიხედვით:

  • „თითო ასაშენებელი შენობის გეგმა მართკუთხა მოხაზულობისაა; შენობის მაქსიმალური სიმაღლე შეადგენს 35,38 მეტრს. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი შედგება 10 მიწისზედა სართულისაგან.
  • შენობაში მოწყობილია 2 კიბის უჯრედი და 2 ლიფტი. შენობის მზიდი ჩონჩხები წარმოადგენს რკინაბეტონის სივრცით კარკასს და შედგება რკინაბეტონის ფილისგან, რკინაბეტონის სვეტების, რიგელებისა და ფილებისგან. კედლებად გამოყენებულია წვრილი სამშენებლო ბლოკი. გამოყენებულია ლითონის კარები და ჭიშკრები.
  • პარკინგის იატაკების ნაწილი მოეწყობა სხმული საწარმოო იატაკის მასალით, ტექნოლოგიური ნაკერების მოწყობით, ხოლო საცხოვრებელი სართულების საერთო სივრცეები – კერამოგრანიტით.
  • სახურავს გააჩნია მცირექანობი, მოწყობილია დათბუნება და ჰიდროსაიზოლაციო ფენები. გარეთ მოწყობილია მოაჯირები, საფეხურებზე და ბაქნებზე დაგებულია კერამოგრანიტის ფილები. გარე კარები და ფანჯრები მოწყობილია ანოდირებული ალუმინის პროფილებით.
  • სამშენებლო მოცულობა [ორთავე კორპუსის საერთო ფართობი ჯამში] 23 638,42 კვადრატული მეტრი იქნება“.

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 6 აგვისტოს დაიწყება და 11 აგვისტოს დასრულდება.

სამუშაოების შესრულების ვადა კი, გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადების მომდევნო დღიდან 900 დღეა [დაახლოებით ორი წელი და 6 თვე].

პირობის მიხედვით, „2023 წლისათვის ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს არაუმეტეს 3 000 000 ლარის ფარგლებში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ 2023 წელს გაიზრდება ღონისძიების დაფინანსებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნება, ხოლო დარჩენილი თანხის ანაზღაურება განხორციელდება 2024-2025 წელს“.

სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ ქობულეთში სოციალური სახლების მშენებლობა მთლიანად აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ქობულეთში სოციალურ სახლებს რკინიგზის სადგურის მოპირდაპირედ ააშენებენ / სიტუაციური გეგმა პროექტიდან

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებმა სხვადასხვა მოთხოვნასთან ერთად უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი მთავარი პირობები:

  • „ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2017 წლის 1-ელი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს სამოქალაქო ან საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ის მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის ან/და რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების გამოცდილება ჯამურად არანაკლებ 45 000 000 ლარის ღირებულებით, მათ შორის ერთი ობიექტი/პროექტი ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს საცხოვრებელი სახლის მშენებლობა სრულად გარემონტებული ე.წ. „გასაღებ ქვეშ“ (გარდა საყოფაცხოვრებო ავეჯისა), რომელიც მიღებულია ექსპლუატაციაში საერთო ღირებულებით არანაკლებ 12 000 000 ლარის ოდენობით;
  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2017 წლის 1-ელი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს სამოქალაქო ან საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ის მშენებლობის გამოცდილება, რომელთა ჯამური სამშენებლო ფართობი შეადგენს არანაკლებ 27 000 კვ.მ.-ს და ერთი ობიექტი/პროექტი ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს საცხოვრებელი სახლის მშენებლობა სრულად გარემონტებული ე.წ. „გასაღებ ქვეშ“ (გარდა საყოფაცხოვრებო ავეჯისა), რომელიც მიღებულია ექსპლუატაციაში საერთო სამშენებლო ფართობით არანაკლებ 7 000 კვ.მ;
  • ამ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გამოცდილების დამადასტურებელი სამუშაო სავალდებულოდ მიწოდებული/განხორციელებული უნდა იყოს საქართველოს, ევროკავშირის (EU) ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე“.

ქუჩები გადათხარეს და სეზონზეც კი არ მოაწესრიგეს – მოქალაქე გონიოდან მერიას მიმართავს

„დაგვპირდნენ, რომ ზღვის სეზონის დაწყებამდე მაინც მოაწესრიგებდნენ გზას, მაგრამ არავინ გამოჩნდა“, – ამბობს გონიოში მცხოვრები გიორგი ქოქოლაძე.

ამ მოქალაქის თქმით, „ბათუმის წყალმა“ წყლის ახალი სისტემის მოსაწყობად გონიოს დასახლებაში ქუჩები რამდენიმე თვის წინ გადათხარა, თხრილში მილები ჩააწყო და წყალიც ჩაირთო, თუმცა რამდენიმე ქუჩა მოუწესრიგებელი დატოვეს, მაგალითად, მატათა მოციქულის ქუჩა და სიმონ კანანელის პირველი შესახვევი, ასევე, ანდრია პირველწოდებულის შესახვევი.

გიორგი ქოქოლაძის თქმით, მიწით დაფარული თხრილი ზოგიერთ ქუჩაზე ისევ ასფალტის ახალი საფარით გადაფარეს, ნაწილი კი, დატოვეს. მოქალაქე გვიყვება, რომ განსაკუთრებით პრობლემაა ჩამოჭრილი ასფალტი, რომელიც დისკომფორტის გარდა, ფეხით ან ავტომანქანით გადაადგილების დროს საფრთხის შემცველია:

„მილს მიწაც მიაყარეს, მაგრამ ასფალტის საფარი დაზიანებული დატოვეს. ასფალტის კიდეები ზოგიერთ ადგილზე ისეთი ბასრია, ფეხი რომ ჩაგივარდეს, შეიძლება კოჭი წაგაცალოს.

ხშირია მანქანის საბურავების დაზიანების შემთხვევა. ადგილობრივები ვინც ვართ, კარგად ვიცით, როგორ ვიაროთ ავტომანქანით, მაგრამ უცხო ადამიანისთვის უცხოა ეს გარემო, თანაც ზოგჯერ ღამის განათება არ მუშაობს.

ზღვისპირას ვართ, ბევრი ტურისტი მოდის. ხშირია შემთხვევა, როცა აქ მოსული ტურისტები გზის გამო უკან მიდიან.

წყლის ახალი სისტემა მოეწყო და მადლობელი ვართ, მაგრამ სამუშაო ხომ უნდა მიიყვანო ბოლომდე?“ – კითხულობს გიორგი ქოქოლაძე.

„ბათუმელებს“ ბათუმის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოში ამ დრომდე ვერ უთხრეს, რატომ დატოვეს გონიოში კონკრეტული ქუჩები ტურისტულ სეზონზე გადათხრილი?

სარფის საბაჟოზე მოქალაქეებს სხეულით ოქროს ნაკეთობები შემოჰქონდათ – შემოსავლები

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ კანონდარღვევის 3 ფაქტი აღკვეთეს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქეების: ნ.დ.-ს, ი.კ.-სა და რ.ი.-ს, ეჭვის საფუძველზე, სხეულის რენტგენოსკანერით დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს [საერთო ჯამი: 1 384 გრამი] საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

საქონლის საბაჟო ღირებულებამ ჯამში 131 120,39 ლარი შეადგინა. სამივე კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

საფრანგეთი უკრაინას გადასცემს Scalp-ის შორი მანძილის რაკეტებს

საფრანგეთმა გადაწყვიტა უკრაინას შორი დისტანციის რაკეტები გადასცეს – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დღეს, 11 ივლისს, ვილნიუსში მიმდინარე ნატოს სამიტზე.

Scalp-ის რაკეტები, რომელთა გადატანა უკრაინაში იგეგმება, ბრიტანული Storm Shadow რაკეტის ფრანგული ვარიანტია. ბრიტანეთი ამ რაკეტების მიწოდებას კიევს მაისში დაჰპირდა და, როგორც ჩანს, უკრაინა ამჟამად იყენებს ამ ტიპის რაკეტებს..

„ბიბისის“ ცნობით, Storm Shadow-ი  ერთობლივად შეიქმნა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ. რაკეტის სროლის დიაპაზონი 250 კმ-ზე მეტია. ეს არის მაღალი სიზუსტის რაკეტა, რომელიც გათვლილია ისეთ მსხვილ შენობა-ნაგებობებზე თავდასხმისთვის, როგორიცაა: პორტის ინფრასტრუქტურა, ბუნკერები, აეროდრომები და ხიდები.

Storm Shadow-ი მონტაჟდება თვითმფრინავზე, თუმცა ფრანგული Scalp-ის გაშვება შესაძლებელია გემებიდან და წყალქვეშა ნავებიდანაც.

რა ქრონიკული დაავადებები მწვავდება ზაფხულის ცხელ ამინდში – ექიმის რჩევები

ზაფხულის ექსტრემალურმა სიცხემ საფრთხე შეიძლება ჯანმრთელ ადამიანსაც შეუქმნას, მაგრამ ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი მატება განსაკუთრებით საფრთხისშემცველია ზოგიერთი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის [CDC] ცნობით, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები ექსტრემალური სიცხის მიმართ უფრო დაუცველები შეიძლება იყვნენ სხვადასხვა მიზეზის გამო. მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფსიქიკური დაავადებები, სისხლის ცუდი მიმოქცევა და სიმსუქნე შეიძლება გახდეს მზის დაკვრის რისკფაქტორები. 

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის თერაპევტი ნაირა ხახუტაიშვილი ამბობს, რომ ზაფხულში ხშირად მიმართავენ ფილტვების ობსტრუქციული დაავადებისა [სასუნთქი გზების შევიწროებით მიმდინარე დაავადება, იწვევს სასუნთქ გზებზე ან/და ალვეოლებზე გარემოდან შესუნთქული მავნე ნაწილაკებისა და აირების ზემოქმედება] და ასთმის მქონე პაციენტები, რომელთა მდგომარეობის გამწვავებაც  ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობასთან არის დაკავშირებული.

ექიმის განმარტებით, მის პრაქტიკაში, ფონი მეტწილად ძლიერდება კონდიციონერის გამო, რადგან ძველი ფილტრის შემთხვევაში კონდიციონერი შეიძლება  იყოს ალერგიული ფონის შემქმნელი.

სწორედ ამიტომ, აშშ-ს ასთმისა და ალერგიის ქსელის რეკომენდაციით, ასთმის მქონე პაციენტებისთვის აუცილებელია მხოლოდ სუფთა ფილტრების მქონე კონდიციონერის გამოყენება და უმჯობესია გამოიყენოთ მაღალი ეფექტურობის ნაწილაკების ჰაერის ფილტრი.

გარდა ამისა, აშშ-ს ასთმისა და ალერგიის ქსელი წერს, რომ ზაფხულში ასთმის სიმპტომები შეიძლება უშუალოდ ცხელი ჰაერის ჩასუნთქვამაც გაამწვავოს და შესაძლოა გამოიწვიოს სასუნთქი გზების  შევიწროება, სუნთქვის გართულება: „ნოტიო ჰაერი ტენიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უფრო მძიმეა და ზოგჯერ სავსეა ალერგენებითა და გამღიზიანებლებით. ეს ყოველივე ჰაერის ხარისხს აუარესებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ასთმის სიმპტომების გამწვავება“.

ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა ასევე შესაძლოა ნეგატიურად მოქმედებდეს მაღალი წნევისა და გულის დაავადებების მქონე პაციენტების მდგომარეობაზე.

თერაპევტი განმარტავს, რომ სიცხემ და ოფლიანობამ შეიძლება შეამციროს ორგანიზმში სითხის რაოდენობა და გამოიწვიოს გაუწყლოება.  ყოველივე ამან კი შეიძლება ხელი შეუშალოს სხეულის გაგრილების უნარს და გამოიწვიოს გულის დატვირთვა.

„როცა ჰაერის ტემპერატურა მატულობს, ადამიანებმა უნდა მიიღონ სითხის ადეკვატური რაოდენობა – მინიმუმ 1.5 ლიტრი, განსაკუთრებით ჰიპერტონიკებმა; ეს იმიტომ, რომ სიცხეში თავისთავად კარგავს ორგანიზმი სითხეს, მაგალითად, ოფლის სახით.“ – ამბობს ნაირა ხახუტაიშვილი. 

სწორედ ამიტომ, ექიმის თქმით, ადამიანებმა, მაღალი არტერიული წნევით ანამნეზში, უნდა აკონტროლონ არტერიული წნევა სითბური ტალღების დროს. მათ ასევე უნდა მიიღონ ბევრი სითხე, მოერიდონ შუადღის სიცხეს და აკონტროლონ ექიმის მიერ დანიშნული, წნევის მარეგულირებელი მედიკამენტების მიღება.

გაუწყლოება არანაკლებ პრობლემურია დიაბეტის მქონე პაციენტებისთვისაც. „საკმარისი სითხის მიუღებლობამ შეიძლება გაზარდოს სისხლში შაქრის დონე, ხოლო სისხლში შაქრის მატებამ შეიძლება გამოიწვიოს მეტი შარდვა, რაც იწვევს გაუწყლოებას“ – წერს CDC-ი.

CDC: გარდა ამისა, დიაბეტის ზოგიერთმა გართულებამ, როგორიცაა სისხლძარღვების დაზიანება, შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს საოფლე ჯირკვლებზე, ასე, რომ თქვენი სხეული ვერ გაცივდება ეფექტურად, ამან კი შეიძლება გამოიწვიოს სითბური დაღლილობა და სითბური დაკვრა, რასაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდება.

კიდევ ერთი ქრონიკული მდგომარეობა, რომლის სიმპტომებიც ზაფხულის ცხელ ამინდში შეიძლება გამწვავდეს, ვენების ვარიკოზული დაავადებაა.

ბათუმის სამედიცინო ცენტრის ანგიოლოგი კონსტანტინე კეკელია ამბობს, რომ ცხელი პერიოდი ვარიკოზული ვენების ჩივილების ინტენსივობის მატების პერიოდია.

„ცხელ პერიოდში ვენის სანათურები ფართოვდება, ამ გაფართოებას მოჰყვება მერე სისხლის ისევ შეგუბება – უფრო მეტად, ვიდრე გრილ პერიოდებში. შესაბამისად, ჩივილების ინტენსივობა მატულობს; მაგალითად, თუ პაციენტს ვენები აწუხებდა დღის ბოლოს, სიცხეში შეიძლება შუადღესაც შეაწუხოს, მაგრამ მდგომარეობა რომ სისხლდენით ან თრომბოზით გართულდეს, ასე არ არის” – ამბობს კონსტანტინე კეკელია. 

ანგიოლოგის რეკომენდაციით, პაციენტები ვარიკოზული ვენებით უნდა მოერიდონ მზის პირდაპირ სხივებს, გარუჯვას, რეკომენდებულია ფეხით სიარული და გრილი აბაზანები.

„ცხელი აბაზანის შემდეგ ცივი წყალი, ანუ კონტრასტული შხაპი ეხმარება გაგანიერებულ სისხლძარღვს შევიწროებაში, სისხლძარღვის შევიწროება კი ის ეფექტია, რისთვისაც დეტრალექსს სვამს პაციენტი“ – ამბობს ექიმი.

Exit mobile version