შუახევში, სოფელ დაბაძველში, დათვი ორ ქალსა და ერთ მცირეწლოვან ბავშვს თავს დაესხა. დაშავდა 6 წლის ბავშვი, რომელსაც რამდენიმე ნაკერი დაადეს.
74 წლის ვერიკო ზოიძე შვილიშვილთან და რძალთან ერთად ჭალაში იმყოფებოდა, რა დროსაც დათვის ბელებს გადაეყარნენ, შემდეგ კი მათ დედა დათვი დაესხა თავს.
„გზაზე ორი ქალი ვიყავით და ერთი ბავშვი, რომელიც ხელში მყავდა, მაგრამ მაინც ჩამოჰკრა ტორი და მეც გამათრია ბავშვთან ერთად.
ბავშვს ყურთან მიაყენა დაზიანებები.
12 ნაკერი დაადეს ბავშვს, მაგრამ ახლა კარგად არის, როგორც ექიმმა გვითხრა. მეც დავზიანდი, ისე მათრია, რომ ძალა აღარ მაქვს, ხვალ მეც უნდა მივიდე ექიმთან.
ჩვენ ჩვენი ვიბრძოლეთ, დათვებმა – მათი. ვიგერიებდით ჯოხით და მერე ბელები რომ მივიდნენ მასთან, დათვიც ადგა და წავიდა ტყისკენ. ასე გადავრჩით“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ვერიკო ზოიძე.
მისი თქმით, წელს ძალიან ბევრი დათვია სოფელში და მის შემოგარენში. დათვები საცხოვრებელ სახლებთანაც მიდიან ახლოს.
„სადაც ფეხს გადაადგამ, ყველგან არიან. გორავენ და ყვირიან. იმ ჭალაშიც თხილი გვაქვს დარგული და თხილზე იყო მოსული.
ჩვენ პირუტყვი გავდენეთ იმ დღეს და ერთმანეთს შევეფეთეთ. ჩვენ რომ დავეგლიჯეთ, არაფერია და დათვი რომ მოვკლათ, ჯარიმაა. კანონი საქართველოში გავრცელებულ მურა დათვს იცავს, რადგან აღნიშნული ჯიში წითელ წიგნშია შეტანილი. როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, არ ვიცი.
ტყეში თუ წახვალ და „ბომბაჩკები“ რომ არის პატარა, იმას თუ გაიქნევ და დააფრთხობ დათვს, ეს არის, სხვა გამოსავალი არ გვაქვს“, – ამბობს ვერიკო ზოიძე.
ვერიკოს მეუღლე გივი ზოიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე მერთან არ უსაუბრია, თუმცა პოლიციის უფროსს შეხვდა შუახევში.
„თავდასხმის შემთხვევაში შეიძლება დათვის ლიკვიდაციაო, ერთი გამოსავალი ეს არის და სხვა არ ვიცი. აქ არც რეინჯერები არიან, რომ, ვთქვათ, უსაფრთხოების ზომები მიიღონ.
სიმინდის აღების პერიოდში სახლთან ახლოსაც მოდის და თუ ასე გაგრძელდა, მაშინ იარაღის გარდა მოგერიების სხვა გზა არ არსებობს. ძალიან ბევრი არიან, ყოველ დღე ვიღაცას გადაეყრებიან ხოლმე გზაზე“, – ამბობს გივი ზოიძე.
ვერიკოსთან ერთად იმ დღეს ჭალაში ტარიელ ზოიძის მეუღლეც იმყოფებოდა. მას მცირე ნაკაწრები ბელებმა მიაყენეს, სხვა სერიოზული დაზიანება არ აღენიშნება.
„წინა დღესაც ყოფილა შემთხვევა, ბავშვი გაუქნევია დათვს. ძალიან მომრავლდნენ დათვები და არ ვიცით რა ვქნათ. ვერც დღისით და ვერც საღამოს ვერ გამოხვალ გარეთ მარტო“, – გვითხრა ტარიელ ზოიძემ.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა გარემოს ეროვნული დაცვის სააგენტოს. უწყებაში ვკითხეთ, არსებობს თუ არა რაიმე რეკომენდაციები მოსახლეობისთვის, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი მსგავს შემთხვევებში და რას აპირებს სახელმწიფო ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
უწყებაში კითხვებს არ უპასუხეს.
„ბათუმელები“ შუახევის მერიასაც დაუკავშირდა და ჰკითხა, ხომ არ მუშაობს მერია ამ საკითხზე და როგორ შეიძლება დაიცვას მოსახლეობამ თავი დათვებისგან ისე, რომ არ მოხდეს ცხოველების ლიკვიდაცია და არც საფრთხე შეექმნას ადამიანების სიცოცხლეს.
ჩვენს კითხვებს არც მერიაში უპასუხეს.
რამდენიმე წლის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაკრესმა“ პროექტის ფარგლებში მაჭახელას დაცულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას ე.წ. ელექტროღობეების მოწყობა შესთავაზა გარეული მხეცების მოსაგერიებლად.
ამ ღობეებში გარდაქმნილი დენი გადის, რომელიც უსაფრთხოა როგორც ცხოველის, ისე ადამიანისთვის. როდესაც მტაცებელი ღობეს ეხება, ცხოველი იღებს დიდ დარტყმას და ის მეტი აღარ ეკარება ამ ყანის პერიმეტრს, რომელსაც ელექტროღობე აქვს შემორტყმული.
ელექტროღობეების მოწყობა ფინანსებთან არის დაკავშირებული, თუმცა უსაფრთხოა და წლების განმავლობაში დაცულია სასოფლო-სამეურნეო მიწები.
_______________________
მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი