„აჭარის პოლიციის უფროსი, გრიგოლ ბესელია თავის სამუშაო კაბინეტში ჯერ არდაბადებული ბავშვით დამემუქრა, ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ კი, პისტოლეტი მომიშვირა… ამ შეხვედრას ესწრებოდა დათო რიჟვაძეც, თორნიკე რიჟვაძის მამა,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები კახა გურგენაძე.
მოქალაქე პოლიციის მაღალჩინოსნებს პოლიციის შენობაში კრიმინალის ჩადენაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, 5 სექტემბერს ბათუმში, აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში, პოლიციის მაღალჩინოსნებმა მას აგინეს, კონკრეტულად ირაკლი დგებუაძემ კი, ცეცხლსასროლი იარაღი დაუმიზნა.
კახა გურგენაძის მტკიცებით, წლებია მას შსს-ს მაღალჩინოსნები დევნიან და ქვეყნის დატოვებას აიძულებენ. პოლიციის სამმართველოს უფროსის კაბინეტში იარაღით დამიზნების შემდეგ კი, მოქალაქეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მიუმართავს. ამ უწყებამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით 12 სექტემბერს დაიწყო. სხვა დეტალებზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური არ საუბრობს.
შსს-ს პრესცენტრშიც დუმილი არჩიეს.
„…თითქოს მეზობელს დავემუქრე და ამის გამო გადამიყვანეს პოლიციაში,“ – ამბობს კახა გურგენაძე და დეტალურად გვიყვება, რა მოხდა 2023 წლის 5 სექტემბერს, ვიდრე მას აჭარის პოლიციის უფროსის კაბინეტში აიყვანდნენ: – „მეზობლებს შორის კონფლიქტი გამოიყენეს იმისთვის, რომ მე გადავეყვანე პოლიციაში, არაფერ შუაში ვიყავი, ფაქტია და არც არაფერს მედავებიან ამ ამბავზე.
თუმცა მაშინ მითხრეს, რომ გადამიყვანდნენ პოლიციის მე-3 განყოფილებაში, მიმიყვანეს პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში, მეორე თუ მესამე სართულზე ამიყვანეს გრიგოლ ბესელიასთან. მან მითხრა, პირობას რატომ არ ასრულებო,“ – ამბობს კახა გურგენაძე.
იგი აღწერს, რომ გრიგოლ ბესელიას – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, დავით რიჟვაძეს – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების [ოპერატიული] სამმართველოს უფროსს [აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამა] და ჯემალ ჭყონიას – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსის მოადგილეს, 2023 წლის 14 თებერვალსაც შეხვდა ისევ გრიგოლ ბესელიას კაბინეტში.
„…მაშინაც იმავე კაბინეტში იყო შეხვედრა იმავე შემადგენლობით, ოღონდ მაშინ ირაკლი დგებუაძე [აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსი] არ იყო, რომელმაც ახლა პისტოლეტი მომიშვირა და გრიგოლ ბესელიამ ძლივს გამოართვა ხელიდან იარაღი,“ – განაგრძობს კახა გურგენაძე. – „მაშინ შემომითვალეს, რომ უნდა მივსულიყავი სამმართველოში. იმ დღეს არაფერი არ უკადრიათ, არც დამმუქრებიან, მითხრეს, რომ უნდა დამეტოვებინა ქვეყანა.
ახლა კი, 5 სექტემბერს, გრიგოლ ბესელია თავის თანამშრომელს უყურებდა, რომელსაც არ ვიცნობ და რეალურად მე მეკითხებოდა, შვილი ორი გყავთ ხომ? მესამეს ელოდებითო? ბავშვებს საერთოდ რატომ ეხებით-მეთქი, ავნერვიულდი. მე არ შემომხედა, მერე ისე განაგრძო ცინიკურად ბესელიამ: „ისე, იქნებ ავარია მოხდეს სადმეო“… მაგინებდა გრიგოლ ბესელია, სიტყვას რატომ არ ასრულებო, მკიდია ადვოკატები და ჟურნალისტებიო… ვითხოვდი აეხსნათ, რატომ უნდა დამეტოვებინა ქვეყანა, ვერ მეუბნებოდნენ ვერაფერს.
ამ დროს ირაკლი დგებუაძე მაგიდის კიდეზე დებს პისტოლეტს ჩემკენ მოშვერილს, შავი იყო ვერცხლისფერი კანტით, ინსტინქტურად წამოვხტი ფეხზე, ირაკლი დგებუაძემ მომიშვირა პისტოლეტი, ბესელია მაშინვე შეახტა და ააწევინა ხელი ზემოთ, ძლივს გამოართვა ხელიდან. ამ დროს ირაკლი დგებუაძეც მაგინებდა.
შემდეგ ჩამომიყვანეს პირველ სართულზე, სადაც დამელაპარაკა ჯემალ ჭყონია, მას ბავშვობიდან ვიცნობ და მას ასაუბრებენ ხშირად ჩემთან. ჯემალმა მითხრა, რომ უნდა დავტოვო ქვეყანა, ბესელიას ესეც არ უხსენებია, რომ ქვეყნის დატოვებას მთხოვდა, მეზობლის მიმართ მუქარის კუთხით კი, ყველაფერი გაირკვა, აღარ გიჩივლებენო.
ჯემალ ჭყონიამ მითხრა, ამ საქმეზე აღარ გედავებიან, მაგრამ თუ არ დატოვებ ქვეყანას, იმდენ წამალს ჩაგიდებ, 20 წელი შენს შვილებს ვეღარ ნახავო,“ – ამბობს კახა გურგენაძე.
ადვოკატი ტურფა ნიკურაძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში იგი 5 სექტემბერს მხოლოდ კახა გურგენაძის გამოკითხვის პროცესს შეესწრო.
„როცა მივედი, მოიყვანეს კახა, გამოჰკითხეს წესის დაცვით და შედგა გამოკითხვის ოქმი მუქარის შესაძლო ფაქტზე, სხვა ფაქტის შემსწრე მე არ ვარ სამმართველოში,“ – გვითხრა ტურფა ნიკურაძემ.
ხომ არ არის დაკავშირებული კახა გურგენაძე ქურდულ სამყაროსთან რაიმე ფორმით? – „რა ქურდულ სამყაროზეა ლაპარაკი? მე გამოვრიცხავ რამეს მაგ მიზეზის გამო. თუ ქურდული ტრადიციებია და დამნაშავე ვარ რამეში, რატომ შემომიშვეს მაშინ ქვეყანაში, როცა გასული ვიყავი საზღვარგარეთ?“ – კითხულობს კახა გურგენაძე.
კახა გურგენაძეს წინა წლებში რამდენჯერმე დაუტოვებია საქართველო ისევ შსს-ს მოთხოვნით. იგი 2008 წელს გაუსამართლებიათ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით. კახა გურგენაძე ამბობს, რომ უდანაშაულოა.
„კაცი, რომელიც ბათუმში, თავის სახლთან, 2008 წლის აგვისტოში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, დიმიტრი დარბაისელის [სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი] სიმამრი იყო – მერაბ მეფარიშვილი. მე არაფერ შუაში ვიყავი, მაგრამ დამაკავეს მკვლელობის მცდელობის ბრალდებით იმიტომ, რომ მანამდე ძარცვის ბრალდებით ვიყავი გასამართლებული და რეალური დამნაშავე ვერ ნახეს… ციხეში დიმიტრი დარბაისელმა მაწამა და მითხრა, შეიძლება აქედან ცოცხალი ვეღარ გახვიდეო. არ ვიცი, რამდენად უკავშირდება ამ ამბავს ეს დევნა, ის მიშა მეფარიშვილი გადარჩა მაშინ და წლების შემდეგ გარდაცვლილა სიმსივნით, მე მასთან და არც დიმიტრი დარბაისელთან არანაირი შეხება არ მქონია.
როცა 2008 წელს დამაკავეს, მაშინ ნარკოტიკი იმ მეზობლის გამომძიებელმა ძმისშვილმა ჩამიდო, ვისთანაც თითქოს ახლა კონფლიქტი მქონდა, 5 სექტემბერს. მე ვერ გავარკვიე, რატომ შეიძლება მდევნიდეს თუნდაც ეს ოჯახი, არ მესმის არაფერი, მაგრამ დატოვება მინდა ამ ქვეყნის, სადაც პოლიციის უფროსი იარაღს მადებს შუბლზე,“ – ამბობს კახა გურგენაძე „ბათუმელებთან“.
კახა გურგენაძეს 2008 წელს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა სასჯელის შემსუბუქებისა და ამნისტიის შემდეგ, მსჯავრდებულს ვადაზე ადრე, 2019 წელს დაუტოვებია საპატიმრო დაწესებულება:
„…ვიდრე გამოვიდოდი ციხიდან, თანამშრომელმა მითხრა, შენთვის უმჯობესია, თუ დატოვებ ქვეყანასო, გარეთ ოჯახი გელოდება, ინახულე და გვერდით შავი მანქანა რომ დგას, იმაში ჩაჯდები და გაჰყვებიო.
მე იმ შავ მანქანაში არ ჩავჯექი მაშინ,“ – გვიყვება კახა გურგენაძე, თუმცა ციხის დატოვებიდან მეორე დღეს ყოფილი პატიმარი თურქეთში წასულა. მისი თქმით, 2019 წელს არ დაინტერესებულა დეტალებით: რატომ აიძულეს ქვეყნის დატოვება.
ყოფილი პატიმარი სასჯელის მოხდის შემდეგ ცხოვრობდა თურქეთსა და უკრაინაში, 2021 წელს კი, საქართველოში შეზღუდვის გარეშე დაბრუნდა. 2023 წლის 14 თებერვალს, აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შემდეგ, კახა გურგენაძემ ისევ დატოვა ქვეყანა: ჯერ სომხეთში წავიდა, შემდეგ – ისევ თურქეთში.
„18 აპრილს წავედი ერევანში, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს, იქ არაფერი იყო ხელმისაწვდომი და მეორე დღესვე უკან დავბრუნდი. საბაჟოზე მაჩერებენ და მოდის ვიღაც შავმაისურიანი და ტელეფონს მაწვდის, აჭარას ლაპარაკი უნდა შენთანო, გამოვართვი ტელეფონი და მესმის ხმა: კახა, რა ხდება, რატომ დაბრუნდი? დათო, შენა ხარ-მეთქი? ვიცანი დავით რიჟვაძის ხმა, არ უნდოდა ტელეფონში ამის დადასტურება. გავუმეორე შეკითხვა, მიპასუხა, მე ვარო.
დათოს [დავით რიჟვაძე] დავპირდი, რომ შემოვიდოდი თუ არა, თურქეთში წავიდოდი, ბესელიამ გამოართვა ტელეფონი და იმან გაღიზიანებული ლაპარაკი დაიწყო, სიაში ხარ შეყვანილი და სიტყვა არ უნდა გატეხოო. მართლაც შემომიშვეს თუ არა, თურქეთში წავედი.
თურქეთში ვცხოვრობდი შემდეგ, მაგრამ არ მინდოდა დეპორტი ჩაერტყათ, ამიტომაც დავბრუნდი უკან… 13 აგვისტოს სარფის საბაჟოზე 6 საათი მალოდინეს და შემდეგ შემომიშვეს.
გეუბნებით, საერთოდ კრიმინალი და ქურდული სამყარო ხსენებაში არ არის. ეს არის ვიღაცის ახირება, ვიღაცას მე არ მოვწონვარ საქართველოში. მანამდე მე ვიყავი დიმიტრი დარბაისლის პირადი პატიმარი. ახლა არ ვიცი, რა ხდება, სტალინიზმი დაბრუნდა ალბათ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კახა გურგენაძემ.






