ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის გასწვრივ დამეწყრილი ადგილების გამაგრების სამუშაოები დაწყებულია. კომპანია „არალმა“, რომელთანაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ხელშეკრულება 15,2 მილიონ ლარზე აქვს გაფორმებული, ფერდსამაგრი სამუშაოები 8 ადგილზე უნდა ჩაატაროს. კომპანიას 1,5 მილიონი ლარი ავანსად ორი დღის წინ გადაურიცხეს.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასევე მუშაობს ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“, რომელთანაც ხელშეკრულება ჯამში 95,6 მილიონ ლარზეა გაფორმებული [ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის პროექტი].
„ბათუმელების“ ინფორმაციით, გზის გასწვრივ ცენტრალური გაზსადენიც გაჰყავთ.
დამეწყრილი ადგილებისა და აღნიშნული სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხულო-გოდერძის გზაზე გართულებულია.
„ფერდსამაგრ სამუშაოებთან დაკავშირებით კომპანია „არალზე“ წერილობითი დავალება გაცემულია. რამდენიმე ლოკაციაზე კომპანია უკვე მუშაობს, დანარჩენ ლოკაციებთან დაკავშირებით მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკის მობილიზება. ანუ, შეიძლება ვთქვათ, რომ სამუშაოები დაწყებულია“, – უთხრეს „ბათუმელებს“ გზების დეპარტამენტში.
მაგისტრალის გასწვრივ, ხულოს ტერიტორიაზე, ხულო-გოდერძის ცენტრალური გაზსადენის მილებიც გაჰყავთ.
ამ გაზსადენის მშენებლობა 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები თავის დროზე შეჩერდა. მიზეზად როგორც სამინისტროში, ასევე მშენებელ კომპანიაში მაშინ ხულო-გოდერძის ავტომაგისტრალის დაგეგმილი მშენებლობა დაგვისახელეს.
კომპანია „სინოჰიდრო“ ხულო-ზარზმის გზას ორ ლოტად აშენებს [ხულო-გოდერძის უღელტეხილი და უღელტეხილი-ზარზმა]. გზის კაპიტალურ რეკონსტრუქციაზე ორივე ლოტზე „სინოჰიდროსთან“ ხელშეკრულებები ჯამში 95,6 მილიონ ლარზეა გაფორმებული.
აღნიშნულ მონაკვეთზე 2018 წელს ტენდერში გამარჯვებულად გზების დეპარტამენტმა კომპანია „ტოდინი“ გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა და ტენდერები ხელახლა გამოაცხადა.
ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ხელახლა ტენდერებში გამოავლინეს გამარჯვებულად „სინოჰიდრო“.
სამუშაოები 2 ლოტად შემდეგნაირად ფინანსდება:
- პირველი: ხულო-გოდერძის უღელტეხილი – სახელშეკრულებო ღირებულებაა 57 177 829 ლარი. დაფინანსებულია არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის (KFAED) მიერ.
- მეორე: გოდერძის უღელტეხილი-ზარზმა – პროექტის ღირებულებაა 38 511 473 ლარი. აღნიშნული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ამ მონაკვეთებზე სამუშაოების დასრულება [დეპარტამენტის ინფორმაციით] დაგეგმილი იყო 2023 წელს, თუმცა ვერ დასრულდება.
გზის რეკონსტრუქციის სამუშაოების დაწყების პარალელურად განვითარდა რამდენიმე მეწყერი, გზების დეპარტამენტმა კი ფერდსამაგრი სამუშაოების ჩატარება ცალკე ტენდერის ფარგლებში გადაწყვიტა [ამ სამუშაოებს ატარებს სწორედ „არალი“, რომელსაც სამუშაოების დასასრულებლად ვადა დღეიდან 8 თვეზე მეტი აქვს.]
- ხულო-ზარზმის გზაზე, სოფელ ზარზმიდან გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით ასფალტის დაგება დაწყებულია.
გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, ყველა იმ უბანზე, სადაც ფერდი უნდა გაამაგრონ, „საშიში გეოდინამიკური პროცესებიდან გავრცელებულია ჩამოქცევითი, ჩამონაშალები და მეწყრული პროცესი, რომლებიც გამოწვეულია ადამიანის საქმიანობიდან გამომდინარე, კერძოდ, გზის გაფართოებასთან დაკავშირებული სამუშაოების შედეგია“.
„არალი“ ამჯერად ფერდს შემდეგ ადგილებში გაამაგრებს:
- სოფელ ჯვარიქეთის ტერიტორიაზე [დაზიანებული მონაკვეთის მთლიანი სიგრძე 55 მეტრი], სოფელ ტაბახმელას განაპირა ნაწილში [55 მეტრი და 70 მეტრი], სოფელ ტაბახმელაში [120 მეტრი], სოფელ შუასოფელში [150 მეტრი], სოფელ დანისპარაულში [60 მეტრი, 55 მეტრი და 80 მეტრი].
გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, გარდა ზემოთ აღნიშნული 8 ადგილისა, კიდევ არის 9 დამეწყრილი ადგილი, სადაც ფერდობის აღდგენა აუცილებელია.
როგორც დეპარტამენტში გვითხრეს, ამ ადგილების გამაგრებაზე ტენდერი ცალკე გამოცხადდება. ბუნებრივია, ამ სამუშაოებშიც დამატებითი თანხა დაიხარჯება ბიუჯეტიდან და შესრულებასაც რამდენიმე თვე დასჭირდება.
2023 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მეორე ტენდერი დანარჩენი ადგილების გამაგრებაზე, ჯერ გამოცხადებული არ აქვს.
პირველი ტენდერი გზების დეპარტამენტს 15 359 794 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.
ამ თემაზე ვრცლად:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/485367/