დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური დღეს, 20 ოქტომბერს, X-ზე [ყოფილი ტვიტერი] წერს, რომ 17 ოქტომბერს, უკრაინის ძალებმა, სავარაუდოდ, 9 რუსული სამხედრო ვერტმფრენი გაანადგურეს ბერდიანსკში და 5 – ლუგანსკში.
უკრაინა აცხადებს, რომ მან დარტყმისთვის პირველად გამოიყენა აშშ-ს მიერ მიწოდებული, შორ მანძილზე მოქმედი ATACMS -ის რაკეტები.
ბერდიანსკი გამოიყენებოდა როგორც მთავარი ოპერატიული ბაზა სამხრეთის მიმართულებაზე, რომელიც უზრუნველყოფდა როგორც ლოჯისტიკურ, ასევე შეტევით და თავდაცვით შესაძლებლობებს.
დადასტურების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ეს დანაკარგები სამხრეთის მიმართულებაზე გავლენას მოახდენს რუსეთის თავდაცვისა და შემდგომი შეტევის შესაძლებლობის განხორციელებაზე – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.
უწყება მიიჩნევს, რომ რუსული სამხედრო წარმოების ამჟამინდელი დატვირთულობის გათვალისწინებით, ნებისმიერი საჰაერო დანაკარგი რუსეთისთვის რთული იქნება მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში.
დაზვერვა მიიჩნევს, რომ ეს დანაკარგი ასევე გამოიწვევს დამატებით ზეწოლას რუსულ მფრინავებსა და საჰაერო ხომალდებზე, რომლებსაც ისედაც აქვთ ტექნიკური პრობლემები.
„არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ეს დარტყმა აიძულებს რუსეთს კიდევ ერთხელ გადაიტანოს თავისი ბაზები და სამეთაურო-საკონტროლო კვანძები ფრონტის ხაზებიდან უფრო შორს, რაც გაზრდის ტვირთს ლოგისტიკურ ჯაჭვზე“ – მიიჩნევს ბრიტანეთის დაზვერვა.
___________
ფოტოზე: ATACMS/ვიკიპედია






